წიგნი ანტი-ზუ-ური

ახალი წესები ბარბარიზმთა დასათრგუნად

ქართულ რაგბში საშვილიშვილო საქმეს დაედგა თავი: მსოფლიო თასისკენ ბორჯღალოსნების წინსვლის კვალად, წიგნად გამოიცა თამაშის წესები, რომელიც ცოდნას მოწყურებული თემის განსწავლას ხომ ფრიად წაადგება და ოვალური ბურთის მიმდევრებსაც ალბათ ბოლოსდაბოლოს დაავიწყებს
ზუ-ურ ჟარგონს, რომლის დედა-სიტყვებიც ზ-ანოსი, ზ-ახვატი, ზ-აჩოტკა, ზ-ამენა და ზ-აბროსია.

რაგბის წესების დადგენა დუბლინში მოკალათებული ირბ-ის პრეროგატივაა. ამჟამად მოქმედი კოდექსი 2008 წლამდე აღარ შეიცვლება, რის გამოც წიგნის დაბეჭდვა დროულია, მით უფრო, თუ წინა, ოთხი წლის წინდელი გამოცემა თემში სანთლითაც ვეღარ იპოებოდა და წეს-კანონის მეტისმეტად მოყვარულმა ხალხმა აღარ იცოდა, სად ჩაეკრა შესწორებათა ის ათამდე გვერდი, კავშირის აწ-უკვე უმოქმედო საითზე რომ იყო გამოქვეყნებული.

ახლა ამ პრობლემას მოევლო. სტამბის ცნობით, წიგნი ათას ცალად დაიბეჭდა, მაშინ როცა "ოლიმპის" შეფასებით ამ შემოდგომაზე ოდენ 825 ჩვენებური რაგბობს კაცთა უმაღლესსა და პირველ და ჭაბუკთა "ა" (18 წლისანი) და "ბ" (16) ლიგებში. დავუმატოთ ამათ მსაჯები, ვეტერანები, რეკრეაციული რაგბის მიმდევარი დევები, სპორტის რაგინდარა სახეობის საკადრისად დამფასებელი ინტელიგენტი მკითხველი და ცხადია, რომ თუ კავშირის აპარატი წიგნის განაწილებას ჩვეული პროფესიონალიზმით მოეკიდა, რაგბის ბიბლია ყველა დაინტერესებულს ერგება.

გამარტივებული ფრაზები

ირბ წესებს ინგლისურად აქვეყნებს და ხშირადაც ცვლის, მაგრამ სხვა ენაზე მეტყველ კავშირებს მათ სათარგმენლად და გამოსაცემად გრანტს არ უყოფს. მიუხედავად ამისა, წესები ქართულად უკვე მეხუთედ გამოიცა: ჯერ კიდევ 1960-იან წლებში საბჭოთა წესები ბობა კვინიხიძის დიდედამ, ქეთევანმა თარგმნა, ხოლო დამოუკიდებლობის ხანაში ძველი, 28-თავიანი ვერსია 1992 და 1995 წლებში დაიბეჭდა და ახალი, 22-თავიანი და ნახატებიანი, 2002 და 2006 წლებში.

წეს-კანონის გაგება და ზედმიწევნით გააზრება მოკვდავთა უმეტესობას არ ეადვილება, რის გამოც მათი გადმოცემის ფორმის შერჩევა არსებითია. ახალ წიგნში ფრაზები წინა თარგმანებთან შედარებით კიდევ უფრო გამარტივებულია და სალაპარაკო ენასთანაა დაახლოებული. ახლა ჯერი რაგბის თემზეა, რადგან სირცხვილია, რომ საზოგადოება ოვალურ-ბურთა თამაშის შესახებ გამართულად საუბრობდეს, თავად მობურთალები და მწურთნელები კი საბჭოთა ხანის ბარბარიზმებს ვერ ელეოდნენ.

მერე რა, თუ ყდა ძვრება

მაგალითები გნებავთ? ინებეთ: რასაც ქომაგი ლელოს ეძახის, ეგ შინაურულად ზანოსია, ხოლო ბოჭვა ზახვატია. უკვე ბარემ 15 წელია, რაც რაგბზე ბარაქიან ქართულად წერს და საუბრობს მედია; მსაჯი ქართულად ყვირის და წესებიც ქართული გვაქვს, ხოლო საბჭოური მეთოდ-ლიტერატურა არავის უნახავს. და მაინც, რაგბის კავშირისგან ხელ-დასხმული, ჯეელი მწურთნელები ჯერაც უგონჯესი ზუურით წამლავენ მოზარდ თაობას, რომლის პერსპექტიულ ნაწილსაც, თუკი მატრაკვეცობაა, ზანოსის მაგივრად უკვე თრაი და ესე უნდა ასწავლო, ხოლო ზახვატის ნაცვლად, თექლი და პლაკაჟი.

ქართულ - ინგლისური სარაგბო ლექსიკონი წიგნში ბოლოსაა ჩართული. რაკი ბორჯღალოსანთა მეტი წილი საფრანგეთში რაგბობს და ჯეელობასაც გეზი იქეთვე უჭირავს, უპრიანი იქნება, თუ შემდეგ, 2009 წლის გამოცემაში, ბორჯღალოსანთა პოლიგლოტი კაპიტანი ილია ზედგინიძე ფრანგულ ლექსიკონსაც ჩაურთავს წიგნს. სხვაფრივ, ცოდვა გამხელილი ჯობს და ტირაჟი პოლიგრაფიული ხალტურაა: შიგანის ნაწილი ბაცია და ნაბეჭდი ალაგ-ალაგ თითის გადასმით უჩინარდება, ფერადი ყდა კი პირველივე თვალიერებისას ძვრება წიგნს.

ისე, თქმულა, ნაჩუქარ ცხენს კბილი არ გაესინჯებაო. ჰოდა, რაგბის თემს მადლობის მეტი რა ეთქმის უერთგულესი მეოხის, მარჩენალისა და მეპიარის, დეველოპერული კომპანია მეშვიდე ცისთვის.

რაგბის თემი

შინაურ შეჯიბრებებში მონაწილეთა რიცხვი (ოდენ სამ უფროს ასაკში; მათ გარდა, 14, 12 და 10 წლის ბიჭთათვის ფესტივალები და მასტერ-კლასები იმართება)

ლელო და ყოჩები 100 (სამ-სამი ასაკი); ქუთაისი 95(3), უნივერსიტეტი 85(3), აკადემია 70(2), არმაზი 60(2), ბათუმი 50(2), ჯიქები 40; დინამო, ლოკომოტივი, ხულიგანა, რუსთავი და ფოთი 35; ბორჯომი და ივერია 25 * სულ 825

:::