თრაბზონისკენ ჰერი, ჰერი

   "ბორჯღალოსანთა" ავან-ჩავანი ინტერნეთული "თბილისის ფორუმის" უპირველესი რაგბული თემაა. აი ახლაც, სხვისი აზრის შემწყნარებლობითა და ზრდილობით პოლარულად განსხვავებულ განყოფილებებში, სპორტსა და პოლიტიკაში, ირჩევა ამბავი თრაბზონში გალაშქრებისა, რომლამდეც ჯერაც ორ თვეზე მეტია.

რაგბის თემ-გარეშე ლიანგს ოვალურ-ბურთა თამაში მაშინღა ახსენდება, "ერთა თასზე" რუსეთს რომ უნდა შევერკინოთ. ბოლო ჯახი შარშან მარტში, მარიუპოლში გვქონდა, შემდეგი კი მარტშივე გვიწევს აჭარის მეზობლად, თრაბზონში. რაგბის კავშირი მატჩზე დასწრების დეტალებს თვის ბოლოს გამოაქვეყნებს, ფორუმელები კი ახლავე იჭერენ თადარიგს და მცოდნეებთან საჭირბოროტო საკითხებს (მანძილი, ჯვრიან დროშათა ფრიალი, ღამის თევა) აზუსტებენ.

ფეხბურთის გადამკიდე, რაგბი თურქეთში მომცრო სტადიონზეა. რეფერიდ დანიშნულია ფრანგი ჟერომ გარსეზი. გალებივე, პეშამბერი და მატე განსჯიან თებერვალში ჩვენს საშინაო მატჩებს გერმანიასა და ესპანეთთან, ევროპული ფირა აერ-ის საითი კი პორტუგალიასა და რუმინეთში გასვლათა გამო დუმს. ერთი კია, ფორუმზე დაიწერა, რომ "ლობუშთან" ინგლისელი გვიმსაჯებს, რაც სარწმუნო ჩანს.

სამი არ კმარა

იქვე ზედ ახალი წლის წინ მათემატიკურად დამტკიცდა, რომ მცდარია გავრცელებული მოსაზრება, თითქო სამი მოგება მსოფლიო თასზე გასასვლელად გვყოფნის. არა, ბატონო! თუ პორტუგალია შინ მოგვიგებს და მერე რუმინეთშიც წავაგებთ, ხოლო "ლობუში" მხოლოდ სტარტზე დამარცხდება რუსეთში და ჩვენს შემდეგ სამ მეტოქესაც (რუმინეთს შინ) ძლევს, შარშანდელი ფრის წყალობით მესამე ადგილზე ჩამოგვსვამს და სამ-რაუნდა, 5-მატჩა რეპეშაჟში გაგვამწესებს.

იმედია, საქმე მაქამდე არ მივა, ისე კი, მესამე ადგილოსნის შესაძლო მეტოქენი არიან უკრაინა, ლიტვა, კორეა, ჰონკონგი და ყაზახეთი, ხოლო ცნობილნი - ტუნისი და ურუგვაი. მათგან ჰონკონგმა დეკემბერში, ისტორიაში პირველად, იმოგზაურა ევროპაში და თოვლსა და ყინვაში სამჯერვე წააგო (გერმანია 14:24, ჩეხეთი 5:17, ჰოლანდია 10:25) უკრაინამ კი მეორე ჯგუფში პირველობა დაიბევა, მაგრამ ფირა-მ 2011 წელს "ერთა თასზე" ამოსვლა კინაღამ სათუოდ გაუხადა.

სიბეცე და უსამართლობა

დიახ, მამებს გასაგდებად ვერც გერმანია რომ ვერ ემეტებათ და მით უფრო, ვერც ესპანეთი, ორ-წლიანი ციკლის სამი მეოთხედის მოლევის შემდეგღა მოაფიქრდათ პლეი-ოფი, რაზეც უკრაინამ უარი ტკიცა და სინიც ჩაიბარა. და მაინც, ორ ფრონტზე შემოტევის მოგერიება რომ ძნელია, ხახოლები აღარ წერიან "შავი ზღვის თასის" პირველი გათამაშების მონაწილეებში, რაც სიბეცე და უსამართლობაა.

ეს შეჯიბრი, ირბ-ის შეწევნით, აგვისტოში საქართველოში უნდა ჩატარდეს. ორ-ორ გუნდს (რეგიონს ან კლუბს) გავიყვანთ ჩვენა და რუმინეთი, უკრაინის წილი კი რუსეთს ერგო. ამით პარტნიორებზე რაგბულად არაფრით მეტი ქვეყანა ერთბაშად ოთხ (!) გუნდს მოავლენს მეზობელთან, ვისთანაც ჯერ მიმოსვლაც არ აღუდგენია, დარღვეული პარიტეტის ხელახლა მიღწევა კი გაჭირდება. აკი ავსტრალიას 15 წელი დაჭირდა საიმისოდ, რომ ზე-რაგბში წილით ზელანდიას გატოლებოდა!

წლეულსაც უფაროდ

რუსეთი "ერთა თასისთვის" ტრადიციულად ემზადება აფრიკის ზეგანზე, ზაფხულის პაპანაქებაში, იქედან კი შავი ზღვის პირად, ზამთარში აპირებს დაბრუნებას, რაც რაგინდარა ცოცხალ არსებას დაცდის. "დათვები" მეტოქეებს კრასნოდარის ნაცვლად დაუხვდებიან სოჭში, სადაც ჯერ კიდევ 33 წლის წინ უნდა მიეღო საბჭოეთს ჰოლანდია, მაგრამ ევროპელებს გზა ეშორათ და რომ აღარ ჩამობრძანდნენ, დისკვალიფიკაცია მიეცათ.

რაც რაგბი გაოლიმპიურდა, შვიდკაცას ფასი დაედო. მისი ხართით, განდგომიდან 20 წლის შემდეგ ბრუნდებიან დედა-რაგბში 13-კაცა რაგბი-ლიგის გრანდები, ლოკომოტივი და ყაზანი, ევრო სერიის ტურნირი კი პირველად მოიხელთა რუმინეთმა. სამაგიეროდ, შარშანდლისა არ იყოს, ვაკეში აღარც წელს გაიმართება "თბილისის ფარი, რომელიც 2003 წელს დაწესდა, ომის შემდეგ კი ჩამოგვერთვა.

>>>    ევროპის "ერთა თასი" 2010

I წრე: საქართველო 9, რუსეთი 8 - პორტუგალია 7 / რუმინეთი 4, ესპანეთი 2 - გერმანია 0

საქართველო - 6/02 გერ (შ, 13/02 პორ (გ, 27/02 ესპ (შ, 13/03 რუმ (გ, 20/03 რუს (ნ თრაბზონი)

>>>    ევროპის შვიდკაცა 2010

15-16/05 სოპოტი (პოლ; 22-23/05 ოდენსე (დან, ბუქარესტი (რუმ; 29-30/05 ოდესა (უკრ; 5-6/06 სპლიტი (ხორ; 12-13/06 პაფოსი (კვპ) * ფინალი 10-11/07 მოსკოვი (რუს)

<<< >>> 

www.000webhost.com