ლომთა ლომი რაინდია!

   ღვაწლმოსილ "ლომს, 63 წლის სქოთ იენ მაკგიქანს საახალწლოდ რაინდობა მიენიჭა; 86 წლისა აღესრულა "რაგბის ხმა, სქოთივე კომენტატორი ბილ მაკლარენი; მეტოქის თვალის ხელ-ყოფისთვის 70 კვირით განიკვეთა რაგბიდან 30 წლის პარიზელი ბურჯი დავიდ ატუბი, ელიტარული "ექვსი ერის" ქვეყნებმა კი რაზმები გამოაქვეყნეს.

"ლომები" სრულიად ბრიტანეთის ნაკრებია, მაკგიქანი კი ამ უნიკალური გუნდის შვიდ (!) ლაშქრობაში მონაწილეობდა: ორჯერ მოთამაშედ და ხუთჯერაც მწურთნელად. ლიდსელ სქოთს, შოტლანდიის მიერ "დიდი სლემის" გახერხების გამო, 1990 წელს უკვე მინიჭებოდა "ოუ ბი ი"-ობა, ამჯერად კი, "ლომების" შარშანდელი აფრიკული ტურნეს გათვალისწინებითაც, დედოფალმა "გიქი" რაინდად აკურთხა, ანუ გურუ ამიერიდან "სერ იენ მაკგიქანად" უნდა მოვიხსენიოთ.

განსვენებულმა მაკლარენმა არასრული 50 წელი იღვაწა "ბი ბი სი"-ში: ჯერ რადიოში, 1959 წლიდან კი ტელევიზიაში. ბილს 1992 წელს ერგო "ემ ბი ი, 1995 წელს "ოუ ბი ი, 2003 წელს "სი ბი ი, 2001 წელს კი "რაგბის ხმა" შეიქნა პირველი უკეპო მორაგბე, ვინც კელტური საძმოს მიერ მართულ "დიდების დარბაზში" აირჩიეს. ბილის რეპოტრაჟებზე ბრიტ მორაგბეთა და ფანთა თაობები გაიზარდნენ და ოსტატსაც ძალა არ დაუშურებია, რათა ლიანგს თამაში შეყვარებოდა.

მიუკერძოებლობის ეტალონი

მაკლარენი სამხრეთში, ინგლისის მოსაზღვრე მხარის (ბორდერზი) დაბა ჰოიქში დაიბადა და სიკვდილამდე იქვე ცხოვრობდა. II მსოფლიო ომში არტილერისტად მონაწილეობდა, 1947 წელს კი სქოთთა ნაკრების შესარჩევ სპარინგშიც ითამაშა, მაგრამ მალე ჭლექით დაავადდა და ახალი წამლის, სტრეპტო-მიცინის გამოცდამღა გადაარჩინა. კომენტატორობა ჰოსპიტალშივე დაიწყო - პინგ პონგის შეხვედრებს ახმოვანებდა, მის პირველ რადიო-რეპორტაჟში კი შოტლანდია უელსმა ძლია.

ბილის სქოთურ აქცენტსა და თხრობის მანერას მთელ რაგბეთში ცნობდნენ. გამოირჩეოდა იშვიათი იუმორითა და მიუკერძოებლობით; ყოველი მატჩისთვის გულდაგულ ემზადებოდა და გუნდებს ვარჯიშზეც კი აკითხავდა; წერდა გაზეთებშიც; ჰოიქის სკოლაში ფიზკულტურის მასწავლებლად მუშაობდა და ნაკრებს სამი კაცი აღუზარდა; ცოლს ყოველ დღე ეთამაშებოდა გოლფს და შინ ყოფნაც ისე უყვარდა, რომ "პაესტკების" ყოველი დღე ფუჭად გატარებულად მიაჩნდა.

სამხილი შეკოწიწებულიაო

12 დეკემბერს, "ჰაინეკენის" მესამე რაუნდში, ბელფასთის "ალსთერმა" 23:13 რომ ძლია პარიზის "სტადი, სინბინში მიაბრძანეს სტუმართა 9 ნომერი ჟიულიან დიუპიუი და სათადარიგო ბურჯები, ბრაიან იანგი (ალს) და დავიდ ატუბი (სტდ. ჰავბეკის საქმე მალევე გაირჩა და სასჯელად 24 კვირა რომ მიეცა, ცხადი შეიქნა, რომ საფრანგეთს "ექვსი ერისთვის" სხვა დირიჟორი უნდა ეძებნა.

დიუპიუიმ იჩივლა, მაგრამ იმასღა მიაღწია, რომ დისკვალიფიკაცია ერთი (!) კვირით შეუმცირეს, ატუბის საქმე კი გაიწელა. ბურჯმა თავი დამნაშვედ არა ცნო და ეგეცა ბრძანა, ფოტო სამხილი შეკოწიწებულიაო, რის გამოც დაუნდობლობით უკვე სახელ-გატეხილმა მსაჯულმა, ჯეფ ბლექითმა 70 კვირა (!) შეუფარდა, ესაოდა შევატყვე, რომ დაკითხვისას ცრუობდა და რაღაცას მალავდაო.

მატიოს ტყუილი აპატიეს

ატუბს ალსთერელი სთივენ ფერისის თვალის თით-ყოფა ბრალდება. ბიჭი ამტკიცებს, იანგს წაქცეული ვეჩხუბებოდი და წარმოდგენა არა მაქვს, თუ ფერისსაც შევეხეო. მსაჯული ამტკიცებს, ამგვარ ურჯუკობას პირველად გადავაწყდიო, მაგრამ ფრანგულ კლუბთა ათვალწუნებში კია უკვე შემჩნეული. ისე, ირბ-მაც გაამკაცრა თვალის ხელ-მყოფთა წინააღმდეგ ბრძოლა, მაგრამ ამავე დანაშაულისთვის "ბოკე" სხალკ ბერგერს რვა კვირაზე მეტი ვერ აკადრა სასჯელად!

ფრანგებმა დიუპიუის ნაცვლად 32 წლის ტულუზელი ჟან-ბაპტისტ ელისალდი იხმეს. ეშხიანი ბურთაობის დამფასებლებს გაახარებთ "ლე ბლეს" 15 ნომრად კლემონ პუატრანოს დაბრუნებაც, 21 წლის ზანგ ხვადაგს, მატიო ბასტაროს კი უფროსობამ მიუტევა ცრუ-პენტელობა: ზელანდიურ ტურნეზე ჯეელი ისე დათვრა, რომ საწოლიდან გადმოვარდა და დაიმტვრა, მაგრამ კარგა ხანს ცილს წამებდა სტუმართ-მოყვარე ველინგთონელებს, ღამით ხუთნი თავს დამესხნენ და მცემესო.

ორი ახალი ლიგელი

"ექვსი ერისთვის" ყველაზე ბარაქიანი, 44-კაცა რაზმი შეიგულა ჩემპიონმა ირლანდიამ, ვისაც არავინ აკლია, რაღაი მოკეთდნენ კვაჭი რორი ბესთი (კისერი) და ბურჯი მარკუს ჰორანი (თავი. უელსის 35 რჩეულში 14 ოსფრიზიდანაა და 13 კარდიფიდან; "ლომების" 9 ნომერი მაიკ ფილიპსი უკეთეს შემთხვევაში მეოთხე რაუნდში ითამაშებს, მაგრამ უკვე მწყობრშია დიდი ძალა, ფულბეკი ლი ბერნი.

შოტლანდიამ 10 ნომრად ისევ იხმო დენ პარკსი; ინგლისს შეემატა მომჯობინებული მარბიელი ნიკ ისთერი, მაგრამ "ჰაინეკენზე" დაიმტვრა ფლანკერი თომ კროფთი, "ვარდების" ბანაკის მთავარი სიახლე კი ორი 13-კაცელი ბეკის დაწინაურებაა: სუპერ ლიგის "ვიგანიდან" "ნორსჰემპთონში" გადმოსული გარემარბი კრის ეშთონი "გინესის" პირველობის საუკეთესო მელელოვეა, "ბასის" 28 წლის შუამარბ შონთეინ ჰაპეს კი 14-ჯერ ულიგავია მშობლიური ზელანდიის "კივიზში, მაგრამ ახლა პომობაზე დებს თავს.

>>>    "ექვსი ერის" პირველი რაუნდი

შაბ 6/02 ირლანდია - იტალია 18.30, ინგლისი - უელსი 21.00 * კვი 7/02 შოტლანდია - საფრანგეთი 19.00 (საქ დროით)

<<< >>>