გულები გადაუშალეს

   შაბათს რომ იწყება ევროპული რაგბის მშვენება, 2000 წლიდან "ექვს ერად" წოდებული ერთ-წრიანი ტურნირი, იმისი პრეზენტაცია წინა კვირაში, ლონდონში, ჰერლინგემის კლუბში მოეწყო. ჰოდა, მონაწილეთა კაპიტნებმა თასიანად ტრადიციულად გადაიღეს ფოტო, ხოლო მწურთნელებმა მედიას გულები გადაუშალეს.

<<<     ექვსი ერი 2010

შარშან შეჯიბრმა პირველი ათწლეული მოილია. ოთხჯერ საფრანგეთი გახდა ჩემპიონი, სამჯერ ინგლისი, ორჯერ უელსი და ერთხელაც ირლანდია, ვინც მანამდე სამჯერ იმადღა ვერ შეწვდა ტიტულს, რომ კონკურენტზე უარესი სხვაობა აღმოაჩნდა.

ათ სეზონში ექვსჯერ (!) აღინუსხა სლემი, ანუ ჩემპიონმა ყველა მეტოქე ძლია. მაჩანჩალამაც ექვსჯერ წააგო ხუთივე მატჩი. იტალია და შოტლანდია არც წლეულს არიან სათვალავში ჩასაგდები. ინგლისი საჩემპიონო გუნდი ვერაა.

საფრანგეთი მასა და ირლანდიასაც მასპინძლობს, რის გამოც ფავორიტია, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება უელსი, ვისაც ყველაფრის არევა ხელეწიფება, ისე კი, ბობოლა საითის, "პლანეტ რაგბის" ვარაუდით, მონაწილენი ამ რიგით დააფინიშებენ:

    1 საფრანგეთი, 2 ირლანდია, 3 უელსი, 4 ინგლისი, 5 იტალია, 6 შოტლანდია

მეტად მოწყურებიათ

ჩემპიონის პირველ რიგში მოკითხვა ზრდილობის ამბავია და ნურც ჩვენ გადავუხვევთ წესს, მით უფრო, თუ ირლანდიის 31 წლის კაპიტანი ბრაიან ოდრისქოლი, ვინც "სამყურებს" ლაშქრობაში მერვედ (!) გაუძღვება, ამტკიცებს, მე და ჩემი ტოლები საწადელს სიბერეშიღა რომ ვეწიეთ, ახალი წარმატება მეტად გვწყურია და ჯეელებიც ძაან მაგრები წამოგვესწრნენო.

"ბოდი" ბრძანებს, ჩემპიონობა კი არ უნდა დაიცვა, არამედ ხელახლა მოიპოვოო. ოსტატი არითმეტიკაში იჭრება და ანაც თვალთმაქცობს, როცა ამბობს, ოთხ-ხუთ (!) გუნდს რომ აქვს პირველობის შანსი, მაგითაა "ექვსი ერი" უნიკალურიო, მაგრამ იმას კი ალალად აღიარებს, რომ საფრანგეთში მოგება ძნელი იქნება.

გალებს სიქა ძვრებათ

"ლე ბლეს" გურუ მარკ ლივრმონს მარადი პრობლემა აწუხებს: ბრიტებისგან განსხვავებით, გალები ნაკრების თამაშთა წინა ვიქენდზე კი არ უქმობენ, არამედ "ტოპ 14"-ში იჩეხებიან. მეტისმეტად ხშირი რაგბობით ბიჭებს სიქაც ძვრებათ, რისი გადამკიდეც მოგებას წაგებას უნაცვლებენ. აკი ნოემბერში ძალით ძლიეს აფრიკის "ბოკე, მაგრამ ზელანდიის "ოლ ბლექსთან" მოისრნენ.

ინგლისს საკმაოდ დაუბრუნდნენ ტრავმებ-მორჩენილები, მედია კი ხშირად ეკითხება გურუ მარტინ ჯონსონს, კაპიტან სთივ ბორსვიქს ნაკრებში რა ესაქმებაო. ამაზე მწურთნელი პასუხობს, ნამუსიანი ბიჭია და ყველა ფრიად პატივსაც სცემს, ისე კი, ჯონი ვილქინსონი იქეთ იყოს და კიდევ ხუთი კაცი მეგულება, გაგანია თამაშში რომ შეუძლია გუნდის გაძღოლაო.

ჯერ ვერ მიგიღებთო

უელსის კივ მოძღვარს, ვორენ გელთენდს კარტი არ გაუხსნია და იმაზე გადაატარა მედია, რომ მოკეთდა ბურჯი ადამ ჯოუნზი, ვინც თურმე დიდი ძალაა. შოტლანდიის ინგლისელი გადია ენდი რობინსონი თავს იტყუებს, გაუვალი დაცვით ავსტრალიის ჯობნამ ერი და ბერი აღანთოო, იტალიის აფრიკელი მასწავლებელი, ნიკ მალითი კი მთელი მსოფლიოდან შეკრებილი გუნდის შედუღაბებას ენით აპირებს.

დიახ, პოლიგლოტი მწურთნელის მოთხოვნით, ამ "აძურში" ვარჯიში, გარჩევა და თამაშიც მხოლოდ იტალიურად მიმდინარეობს! ვისი ძლევაც შეუძლია გუნდს, ნიკი მათთან მოგებას გეგმავს; ძაან ბობოლებთან მიზანთა მიზანი ცოტათი, 20 ქულის ფარგალში წაგებაა, სხვაფრივ კი კელტებმა ქოში უკუ უყარეს ლათინებს, ამ შემოდგომაზე თქვენი ორი გუნდის ჩვენს "მაგნერზის" ლიგაში მიღება ადრეაო.

<<<     ექვსი ერი 2010

<<< >>>