რიოში, უკარებოდ!

   ვივარაუდეთ შუა დეკემბერში, ჯორჯის ეტაპის მიმოხილვისას და ირბ-მაც, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (სოკ) დაჟინებით, შვიდკაცის წესთა შესაცვლელად დაიწყო ფიქრი, რაღაი რიოს 2016 წლის კარნავალისთვის შეგულვებულ რაგბის სახალისო ვერსიას იმდენად ქარაფშუტული იერი დაკრავს, რომ ბრაზილიური მსუბუქი ყოფა-ქცევისა და გაგების ფარგალშიც კი ვერა ჯდება.

[ყაფლან-ნიუზი]   ვწერდით, შვიდკაცაში მოედანი განიერია, ანგარიშები გაბუქული, დროის აღრიცხვა კურიოზული, ხოლო შერკინება და დერეფანი იშვიათი და უადგილოო.

თუ ამათ ნაცვლად ირბ თეფს (უცებ გათამაშება) შემოიღებს, მარგად გატარებული დროის წილიც მოიმატებს და რაგბის პირველ-საწყისი, ბურთაობა და ბოჭვა დაგვრჩება საოლიმპიადოდო, მაგრამ ახლა შევიტყვეთ, რომ ირბ-ზე უფრო ოღრაში სოკ მთლად ვაჟა ზაზაევიჩის ჭკუაზე დამდგარა და ესაო და ბოსი ვარო, პირობათა კარნახიც დაუწყია "გინესით" მარად-მთვრალი კანტორისთვის.

გაორებული მიზანი?

"ცისფერი მთების" გმირს ორი სათაური არ მოწონდა, უფალ ჟაკ როგის მასონთა ლოჟას კი - რაგბის ორი მიზანი, ანუ ლელო და გოლი. თუ სხვა სახეობებს გადავხედავთ, ოლიმპიურ ოჯახში რაგბი მართლაც რომ თეთრ ყვავად მოგვეჩვენება, რადგან ფეხ-ხელ-წყალ-ბურთებში ბურთი კარში უნდა შეაგდო; კალათ-ბურთში ბადიან რგოლში, ხოლო ფრენ-და-ჩოგ-ბურთებში მეტოქის მოედანში ჩააგდო; ფარიკაობაში მეტოქეს უნდა უჩხვლიტო, კრივში კი სულაც ღრანჭში მოდო და ა.შ.

ამ ტრადიციულ, ოღონდაც არა-კეთილ-შობილ სპორტთაგან განსხვავებით, კლასიკური რაგბი იმითიცაა უნიკალური, რომ მიზანი გაორებული აქვს, ანუ თუ შენ ბადალ მეტოქეს ხელდახელ ბურთაობით ლელოს ვერ უდებ, მსაჯის მიერ ლატარიის პრინციპით ბოძებული ჯარიმების უმეკარეო კარში ფეხით გატანით მაინც მოკრებ ქულებს.

შვიდკაცაში ცოტა სხვანაირადაა საქმე. სიხალვათის გამო, მანდ ლელოები პანტა-პუნტით გადის, ჯარიმა კი ავსტრალიამ 1981 წელს რომ დაარტყა ჰონკონგში, იქაურებმა დაუხსომეს და აქამდე ქოქოლას აყრიან. რაც შეეხება გარდასახვას, იგი დროის დასაზოგად არეკნით სრულდება, მაგრამ სულო ცოდვილო, ზედმეტობად და დედოფალ ვიქტორიის ხანის გადმონაშთად კი უდაოდა ჩანს.

ოვალური დარჩება

შეუძლებელი იყო, ეს ყველაფერი სოკ-ის მახვილ მზერას გამოპარვოდა. ეგეც ცნობილია მოცარტის დროიდან, რომ მავანნი მიზნის გაორებას ვერა ჰგუობენ! ოლიმპიზმის მახვშებს არჩევანი ირბ-თვის რომ მიენდოთ, ეჭვი არაა, მამები ლელოს გაწირავდნენ და გოლს დაიტოვებდნენ, მაგრამ სრულიად რაგბეთის გასახარად, სა-რიო-ო გადაწყვეტილებებს ლოზანაში იღებენ და არა დუბლინში.

ჰოდა, სოკ-ს მიუწერია ირბ-თვის, შვიდკაცა ამიერიდან უკაროდ უნდა ითამაშოთ და ლელოც ერთ ქულად ჩათვალოთ, რათა ლიანგს თვლა გაუადვილდეს; ხოლო უნიკალურობის დასტურად ისიც გეყოფათ, რომ ოვალით ბურთაობთ - გპირდებით, მაგ წმიდათა-წმიდა საგნის დამრგვალებას თვალ-საწიერ მომავალში (ფორსიებლ ფიუჩა) არ მოგთხოვთო!

<<< >>> 

www.000webhost.com