ფრეები და არეკნები

   კვირას ვაკეში ამერი და იმერი ორ ასაკში შეიბნენ გია რაფავას თასზე, ქართულმა შვიდკაცამ კი კვიპროსში, კახა ალანიას სარდლობით, უპრობლემოდ დაიჭირა მესამე ადგილი და მოსკოვში დანიშნულ, 12-გუნდა ევრო-ფინალში ტრადიციულად გავიდა.

რაფავა ის კაცია, 1998 წლის 20 მაისს, ეროვნულზე, რუსეთთან კოკისპირულ წვიმაში რომ გვიკაპიტნა. 41 წლის ვაჟკაცს გარდამავალ პერიოდში რომ მოუხდა რაგბობა, ოდენ 13 ბორჯღალი (კეპი) მოუგროვდა და ლელოც ორიღა (თითო ოთხ და ხუთ-ქულიანი) უწერია სანაკრებო მონაგარში, მაგრამ თემში რომ გაიკითხოთ, მოგიგებენ, რომ მისი ბადალი მეორე-ხაზელი თითო-ოროლა თუ გვყოლია ქართული რაგბის 50 წლიან მატიანეში.

"რაფო" ბოლო ათი წელი ინგლისში ცხოვრობდა, შინ მობრუნებულმა კი ბევრი სასიკეთო რამ ჩაიფიქრა. ერთია ამერ - იმერის შერკინება, რომელიც ჯერ კიდევ 1992-93 წლებში უნდა გამართულიყო, მაგრამ ომმა და გაჭირვებამ ჩაშალა. გიამ მოკრიბა თავისი ტოლები და ორ-ნაწილიანი შოუს პირველ მოქმედებაში მეგობრულად აბურთავა ბებრული წესებით, მერე კი რაფავას თასზე სერიოზულად შეიბნენ 19 წლის ჭაბუკები, რომელთაგან საოქტომბროდ ნაკრები უნდა შეირჩეს.

ალანიამ შეგვატყობინა

ვეტერანთა თამაში, ჟანრის კანონის მიხედვით, ფრედ დასრულდა. გამარჯვებული ვერ გამოავლინა ვერც ჭაბუკთა რკენამ, რომელშიც ჯარიმები კარში არ ირტყმებოდა და ამდენად, ირბ-ული რაგბის კანონიკური რიტმი დარღვეული იყო. ფრედ 10:10 დასრულდა ორი ოვერტაიმიც, მაგრამ თასი რომ გასათამაშებელი იყო, მოეწყო 5-რაუნდა შუთაუთი. მასში ამერმა ორი არეკნი შეაგდო 22 მეტრიდან, იმერს კი მეოთხე დარტყმაც რომ გაუცუდდა, ექსპერიმენტი დასრულდა.

კვიპროსი ევროპა კია და სამოთხის სახელიც დაუგდია, მაგრამ იქაური რაგბის აქტივი ინტერნეთთან რომ მწყრალადაა, შვიდკაცაზე მომხდარი ჩვენს ქომაგებს დროულად ალანიამღა შეატყობინა "თბილისის ფორუმით, აქედან კი მთელ კიბერ-სივრცეში გავრცელდა. არიფები დიდი სხვაობით გავაპამპულავეთ და მესამე ადგილს რომც ვერ შევწვდომოდით, უკეთესი სხვაობით მაინც მოვხვდებოდით ცხრილის მოწინავე დუჟინში, მაგრამ ჩვენი კონკურენტი გერმანია ისრაელმა დაძირა და ამოცანა გაგვიადვილა.

>>>    ევროპის შვიდკაცა

ბოლო, VI ეტაპი. 12-13/06 პაფოსი (კვპ)

საქართველო - პულში) ხორვატია 38:0, მალტა 56:0, პორტუგალია 26:35, სერბეთი 64:0 * იქეთა პულში) გერმანია 14:17 ისრაელი

ნახ*ფინ (თასი) საქართველო 5:24 საფრანგეთი, პორტუგალია 47:0 ისრაელი; სინი) გერმანია 61:5 სერბეთი, კვიპროსი 29:5 ხორვატია

ფინალი (I თასი) პორტუგალია 31:7 საფრანგეთი, III) საქართველო 33:7 ისრაელი; V სინი) კვიპროსი 19:7 გერმანია, VII) სერბეთი 12:5 ხორვატია; IX ფიალა) საბერძნეთი 40:0 მალტა

ქართული შვიდკაცა: ბესიკ ხამაშურიძე, ირაკლი გეგენავა, ლექსო გუგავა, ვახო კავთიძე, შავლეგ მახარაშვილი, გიორგი შკინინი, სანდრო ნიჟარაძე, გიორგი კალმახელიძე, დავით ჩიტიძე, რატი ხუციშვილი ^ მწ) კახა ალანია

<<    ქულა (ორ-ორი ტურნირის ჯამი)

36 ესპანეთი პორტუგალია, 32 რუსეთი საფრანგეთი იტალია, 28 მოლდოვა რუმინეთი ჰოლანდია, 26 საქართველო უკრაინა, 24 ლიტვა პოლონეთი - 22 გერმანია, 18 კვიპროსი ჩეხეთი ანდორა ისრაელი, 16 დანია, 14 ბელგია შვეიცარია, 12 ხორვატია, 10 სერბეთი, 8 ლატვია, 6 საბერძნეთი, 4 უნგრეთი ნორვეგია, 2 ბოსნია ლუქსემბურგი ბულგარეთი, 0 მალტა

<<    12-გუნდა ფინალის სავარაუდო პულები

10-11/07    მოსკოვი (რუს)

ესპანეთი საფრანგეთი იტალია ჰოლანდია საქართველო პოლონეთი

პორტუგალია რუსეთი მოლდოვა რუმინეთი უკრაინა ლიტვა

<<< >>> 

www.000webhost.com