"ტულონმა" ოსტატები აიმატა

   სამხრეთის "სამ ერზე" ორი კვირის შემდეგ, შუა აგვისტოში უქმე შაბათი რომაა, მაგ ვიქენდზე საფრანგეთში გაჩაღდება სრულიად რაგბეთში უმდიდრესი და უგრძესი ტოპ 14.

წინა სეზონი ევროპის სამივე პროფ-ლიგაში ერთდროულად, მაისის ბოლო შაბათს დასრულდა. ინგლისის მორიგი პირველობა 4 სექტემბერს იწყება, ფრანგებს კი ელიტაში ორით მეტი გუნდი რომ ჰყავთ, კალენდარში ოთხი ტური ემატებათ. ჰოდა, ჩქარობენ და პირველ რაუნდს პარასკევს, 13 აგვისტოსვე მართავენ.

ტოპ 14-ის დასი არა მარტო სპორტული პრინციპით, არამედ ფინანსური ფაქტორებითაც დგინდება. გუნდების გაკოტრება და დარღვევებში მხილება ნორმაა. აი წელსაც, "მონტობანი" ორი დონით, ფედერალ 1-მდე დააქვეითეს, რითაც "ბეიონი" გავარდნას გადაურჩა. მერე სათანადო უწყებამ "ბურგუენსაც" მოსდო შარი და ამით მაჩანჩალა "ალბი" ხარობდა, მაგრამ შერისხულმა კლუბმა იჩივლა და ფინანსურ გარანტიად 900 ათასი ევროც წარადგინა.

ელიტაში პრო დ2-დან ავიდნენ "ლაროშელი" და "აჟენი. წინა ორი წლის დარად, სხვებზე სახელიანი ოსტატები "ტულონმა" აიმატა: "ბრამბიზიდან" ავსტრალიელი მღლეტელი ჯორჯ სმითი, ინგლისის "ნიუკასლიდან" - ზელანდიელი ბურჯი კარლ ჰეიმანი, ლონდონის "ვოსფსიდან" კი - ზანგი ფრთა პოლ საქი.

თაუთაუ გაუჩინარდა

არგენტინელი 10 ნომერი ხუან-მარტინ ერნანდესი პარიზის "რასინგში" მოეწყო, ზელანდიის "ჩიფსის" მარბიელი სიონე ლაუაკი - "კლერმონში, აჟენმა კი თუმც შვებულება ორი კვირით გაუგრძელა ფიჯელ რუპენი თაუთაუს, 30 წლის კოლორიტი კლუბს მაინც უგზო-უკვლოდ დაეკარგა. არადა, ივნისში ბრამბიზს აწონებდა თავს, რათა როგორმე ზე-რაგბში დაბრუნებულიყო.

სიახლე საკმაოდაა პრემიერშიპშიც. შეჯიბრს შეეცვალა მოსახელე სპონსორი: ლუდ "გინესის" მაგივრად პირველობას უპატრონებს მზღვეველი "ავივა" და სანაცვლოდ 12-გუნდა ამქარს ოთხ წელში 20 მილიონ გირვანქას მოახმარს. ტურნირის 43 მატჩს უცხოეთში კვლავაც "ი-ეს-პი-ენ" გადასცემს, ბოლო ხანს დამკვიდრებული ტრადიციით კი სტარტზე თვიქნემში შეიბმება ორი ლონდონური წყვილი: სარასენსი - აირიში და ვოსფსი - ჰარლიქვინზი.

ინგლისის კაპიტანი, მეორე ხაზელი სთივ ბორსვიქი 32 რჩეულშიც რომ ვერ მოხვდა, ახალ ყოჩად დასახელდა ბებერი ფლანკერი ლუის მუდი, ვინც "ლესთერიდან" "ბასში" გადავიდა. ამ გამოჩენილ კლუბში იდეოლოგად მივიდა სქოთი გურუ, სერ იენ მაკგიქანი, ვინც ბრიტანეთის "ლომების" ოთხ ტურნეზეა ნამყოფი მთავარ მწურთნელად.

დუბლინშიც "ავივა"

მოურჩენელი მუხლის გადამკიდე თამაშს თავი ანება ლესთერისვე 9 ნომერმა ჰარი ელისმა; ვოსფსიდან მელბურნის "რებელზს" (ავსტრალია) მიაკითხა მზარდმა მგეზავმა დენი სიპრიანმა; აირიშიდან საშოვარზე იაპონიაში წავიდა ოზი პიტერ ჰიუეთი; ჰარლიქვინზიდან პარიზის "სტადს" მიაშურა არგენტინელმა ბეკმა, გონსალო ტიესმა, იტალიელი მეორე ხაზელი მარკო ბორტოლამი კი "გლოსთერიდან" შინ, საევროპოდ შექმნილ ფრანჩაიზში, "აირონში" მიბრუნდა.

ეს კლუბი და ტრევიზოს "ბენეტონიც" კელტეთის ათ გუნდს "მაგნერზის" ლიგაში შეუამხანაგდება. ამ კომპანიაში საგულისხმო შენაძენი აქვს ბელფასტის "ალსთერს: შარქსის უნივერსალი ბეკი, "ბოკე" რუან პინარი და "ბულზის" მარბიელი პედრი ვანენბერგი. დასრულდა დუბლინის "ლენზდაუნ როუდის" შენებაც. ჰოდა, ასპარეზის კურთხევა 6 ნოემბერს, ირლანდია - აფრიკის ტესტით დაითქვა და სახელ-დებაში აქაც "ავივამ" აჯობა კონკურენტებს.

გვიანი შემოდგომის ტესტებამდე ევროპაში საკლუბო ტურნირები - უფროსი "ჰაინეკენი" და უმცროსი "ემლინი" გაჩაღდება. ამათი პულები ივნისის დასაწყისში შედგა, თამაშთა განრიგები კი ახლაღა გამოქვეყნდა. არა-ოფიციალური არხებით გაცხადდა ლომების მორიგი, 2013 წლის ტურნეს არსებითი დეტალებიც: ოთხი ქვეყნის ნაკრებთა ნაკრები 10-მატჩა პროგრამას ჰონკონგში, "ბარბაროსებთან" შებმით გახსნის და ამით 5 მილიონს იშოვის, ავსტრალიაში კი თითო ტესტს გამართავს სამივე საბურთაო ცენტრში.

>>>     XVI "ჰაინეკენის თასი"

<<    პულები

1    კარდიფი (უელ, კასტრი (სფრ, ედინბურგი (შტლ, ნორსჰემპთონი (ინგ)
2    კლერმონი (სფრ, ლენსთერი (ირლ, რასინგი (სფრ, სარასენსი (ინგ)
3    აირიში (ინგ, მანსთერი (ირლ, ოსფრიზი (უელ, ტულონი (სფრ)
4    აირონი (იტა, ბასი (ინგ, ბიარიცი (სფრ, ალსთერი (ირლ)
5    ტრევიზო (იტა, ლესთერი (ინგ, პერპინიანი (სფრ, ჰლანეჰლი (უელ)
6    გლაზგო (შტლ, ვოსფსი (ინგ, დრეგონზი (უელ, ტულუზი (სფრ)

<<    რაუნდები:  8-10, 15-17/10;  10-12, 17-19/12;  14-16, 21-23/01

<<    პლეი-ოფი:  მეოთხედ-ფინალი 8-10/04,  ნახევარ-ფინალი 30/04-1/05,  ფინალი 21-22/05 (კარდიფი)

>>>     XV "ემლინ ჩელენჯ ქაფი"

1    ბეიონი (სფრ, კავალიერი (იტა, ქონოთი (ირლ, ჰარლიქვინზი (ინგ)
2    ბრივი (სფრ, სეტრანსა (ესპ, პადოვა (იტა, სეილი (ინგ)
3    ბურგუენი (სფრ, იგზეთერი (ინგ, მონპელიე (სფრ, ნიუკასლი (ინგ)
4    სტეჟარი (რუმ, კროჩატი (იტა, ლიდსი (ინგ, სტადი (სფრ)
5    აჟენი (სფრ, გლოსთერი (ინგ, ლაროშელი (სფრ, როვიგო (იტა)

>>>     "ლომები" ავსტრალიაში

2013   1/06 ბარბაროსები (ჰონკონგი)
   სამი ტესტი: 22/06 ბრისბენი, 29/06 მელბურნი, 6/07 სიდნეი

<<< >>>