ტფილისში სკოლა მოეწყობაო

   ჩვენს დროში აგრეა: საგულისხმო რამეები ჯერ ფორუმებზე ირჩევა და მერეღა იწერება გაზეთებში. ჰოდა, თბილისისაზე რომ დაიპოსტა, მინიმუმ სამი თამაში 1940 წლის 1-5 დეკემბერს გაიმართა ქალაქშიო, რაგბის თემმა შეიცხადა, აბა, რისი ნახევარ-საუკუნოვანი იუბილე ვიზეიმეთ შარშან, შემოდგომაზეო.

ტფილისი    >>>     გვერდის ძირში
რჱგბი    >>>    

რისი და ნება-ყოფლობითი, არა-კამპანიური, უწყვეტი და არა-დროებითი, საკუთარი სურვილითა და სხვათაგან დაუვალებლად რაგბობისა. ეს მოძრაობა 1959 წლის 15 ოქტომბერს რომ დაიწყო, აქამდე ცოცხლობს და ბევრი გამარჯვება და სიხარულიც მოგვიტანა.

დიახ, ის ბარემ ოთხი ათასი ქართველი კაცი და მოზარდი, შინ მთელი კვირა რომ ბურთაობს, ხოლო უცხოეთში უქმეებზე, აწ უკვე 51 წლის წინ ფესვ-ჩაყრილსა და თაობათა მიერ ჩვენამდე მოტანილ საქმეს აგრძელებს, და სწორედ ეს აღვნიშნეთ შარშან.

სხვა ამბავია, რომ ჩვენში რაგბის დანერგვის მცდელობა ადრეც ყოფილა და თითო-ოროლა თამაშიც გამართულა. ორი ასეთი ეპიზოდის არსებობა კარგა ხნის წინათაც ვიცოდით და გაბრიელ ბარჯაძესაც აღუნუსხავს წიგნში, საჯაროში ბოლო ხანს მოძიებულმა მასალებმა კი ვითარებას მეტად მოჰფინა ნათელი და დეტალებითაც გაამდიდრა.

არმიისთვის ზედ-გამოჭრილი

ორივე ეპიზოდი სტალინის ხანისაა. ქრონოლოგიას მივყვებით და ჯერ პირველს, გიგა დვალის ამბავს გავარჩევთ, ოღონდაც გარემო რომ უკეთ დაგიხატოთ და დედუქციური დასკვნებიც სარწმუნოდ ცნოთ, მაგად თხრობის გვარიანი წილი შეეხება რუსეთსა და მეტადრე მოსკოვს, სადაც ჩაისახა საბჭოთა რჱგბი და მერე პერიფერიებშიც გავრცელდა.

რუსებს პირველი საჩვენებელი მატჩი 1923 წლის სექტემბერში გაუმართავთ, მეორე კი ათი წლის შემდეგღა - 1933 წლის ივლისში, "სანიმუშო სპორტ-საზოგადოება დინამოს" 10 წლის თავზე. ამ ჯერზე იბურთავეს იუბილარმა და ფიზკულტურის ინსტიტუტმა, 1934 წელს კი, სტიქიურად გამომავალ, 20-კაპიკა გაზეთ "კრასნი სპორტში, სამჯერ დაიბეჭდა პრომო-სტატიები დევიზით, "რჱგბი გვჭირდებაო"

მათი ავტორები იყვნენ ი.ხაიდინი, ა.სიომკინი და ფრანგი მუშა ფიზკულტურელი ჟან ნო, ვინც საბჭოეთის ზედ-სიძე კი იყო, მაგრამ სამშობლოშიც წაესვლებოდა. საზრიანმა ხაიდინმა ხაზი გაუსვა რაგბის აღმზრდელობით ღირსებებს და დაასკვნა, თამაში ზედ-გამოჭრილია "მუშურ-გლეხურ წითელ არმიაში" გასაწვევი ჭაბუკებისთვისო. მანვე შენიშნა, რომ რაგბი "ამერიკული ფეხბურთი" არაა და რომ შარშან, მოსკოველთა 30 ვარჯიშსა და სპარინგში, არავინ დაშავებულა.

დასანერგთა სიაში

სიომკინმა ბრძანა, რჱგბი მარტო მოსკოვის კი არა, სრულიად საბჭოეთის წილ-ხვედრი უნდა გახდესო, და დასანერგ ქალაქთა სიაში ტფილისიც (!) ახსენა. ნოს თანახმად, 1934 წლის აპრილში, ფიზკულტურის უმაღლესი საბჭოს მსაჯთა კომისიამ დაამტკიცა რჱგბის დროებითი, "ფეხბურთის მსგავსი" წესები, მაგრამ მის გამოცემასა და ოვალური ბურთის წარმოების დაწყებასაც საშველი ვერ დაადგა.

1933 წლის მსგავსად, 1934 წლის შემოდგომაზეც დაგეგმილა (ძაან სპეციფიკურ თამაშთან ახლად ნაზიარები გუნდებით) მოსკოვის პირველობის გამართვა, მაგრამ პროჟექტი ჩაშლილა. სამაგიეროდ, 1935 წელს, "მდიდარი უცხოური გამოცდილების შესათვისებლად" 10 500 ცალად დაიბეჭდა დოქტორ ა.სოკოლოვისა და ა.ბუწიაგინის 80-გვერდა სახელმძღვანელო (ფასი 1 რუბლი) რომლის დედნადაც ფრანგი ჟაკ დედეს 1922 წლისეული ნაშრომი ჩანს.

1934 წელს "რჱგბის თათბირს" დაესწრნენ "ხიმიკი (ქიმიკოსები; "კოოპერაციული და სახელმწიფო ვაჭრობა" (მომავალი "ბურევესტნიკი; და ელიტარული, კრემლთან დაახლოებული სამხედრო სასწავლებელი "შკოლა ვციკ" (ცაკის, ცენტრალური აღმას-კომიტეტის, სკოლა. 1935 წლის აპრილში სემინარზე ამათ დაემატა "სტალინის სახელობის პკიო - კულტურისა და დასვენების პარკი" (იზმაილოვო)

საკავშირო ზეიმი

მაშინვე წერას შეუდგა 23 წლის დვინსკელი (დაუგავპილსი, ლატვია) მარკ ვასილევიჩ პოლიაკი, ვინც ფიზკულტურის კომიტეტში რეფერენტად მუშაობდა, და პირველსავე სტატიაში მისდგა "ადგილებზე მოღვაწე უბირ და უგულო" მოხელეებს, ესაო და ჩვენი დადგენილება მაუდის ქვეშ ამოდეს, რაგბის მომავლისა არა სჯერათ და ოდენ ლიანგის საყვარელ ფეხბურთზე ზრუნავენო.

პოლიაკის თანახმად, "სპარტაკს" რჱგბის გაგონებაც არ სურდა და თამაშის პიონერი "დინამოც" პასიურობდა. არადა, გუნდები თავისით აღმოცენებულიყო როსტოვში, ერევანში (!) და ვლადივასტოკშიც (!!) გამოცემულიყო წესები და იყიდებოდა; ლაბორატორიას (!) შეექმნა საბჭოთა ბურთი; გაჩაღებულიყო უსაყელო, ოღონდაც ბამბის სამხრეებიანი კვართების წარმოება; ხოლო იზმაილოვოსა და ცენტრალურ, გორკის პარკსაც, სარაგბოდ მოედნები გამოეყოთ.

პოლიაკის ჩანაფიქრით, 1935 წლის 25 ივლისი "რჱგბის საკავშირო ზეიმად" უნდა ქცეულიყო. მოსკოველებმა სეზონი მაისობაზე, სიცივეში გახსნეს ოთხ-გუნდა ბლიცით, რომელიც ფიზკულტურის ინსტიტუტმა მოიგო, 15 მაისს კი ამავე სასწავლებლის დირექტორის, სიმიონ მიხაილოვიჩ ფრუმინის თანაშემწე, სტაჟიანი ბოლშევიკი, ფეხბურთელი, მძლეოსანი და მოკრივე, ევსეი ისაკოვიჩ ჩერნიაკი "რჱგბის საკავშირო სექციის" პირველ თავკაცად დაინიშნა.

შეთანხმებათა კვალად

"კრასნი სპორტი" აგვისტოდან კენტ რიცხვებში, თვეში 15-ჯერ გამოიცემოდა, საჯაროში დაცულ მანამდელ ნომრებში კი იმის კვალიც არაა, რომ ჩაფიქრებული ზეიმი შედგა. მოსკოვის პირველობაც 6 მაისს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ თვის ბოლოს წერდა სპორტული ჟურნალისტიკის მომავალი მეტრი, გეორგი (იური) ვანიატი, შეჯიბრი "შეპირებათა და შეთანხმებათა კვალად" ახლაღა გაჩაღდაო.

იმხანად (1940 წლის ივლისამდე) საბჭოეთში, როგორც "მშრომელთა ქვეყანას" შეეფერებოდა, საყოველთაოს ნაცვლად 6-დღიანი სამუშაო კვირა (შესწი დნევკა) ჰქონდათ, ანუ ხალხი ხუთი დღე შრომობდა, ყოველი თვის 6, 12, 18, 24 და 30 რიცხვები კი უქმე იყო; 30 თებერვლობას 1 მარტი სწევდა, (თარსი) 31 კი მუდამ "დამატებითი" სამუშაო დღე გამოდიოდა.

რჱგბი სადაგ დღეებში, საღამოს შვიდზე რომ ეწყობოდა (ფეხბურთისგან) თავისუფალ მოედნებზე, კალენდრით დაგეგმილი ბევრი თამაში იდებოდა, გამართულებს კი თითქმის არავინ ესწრებოდა, რადგან მონაწილეთა გარდა ვერავინ უწყოდა მათი ამბავი. ვანიატი თავიდან მაინც ცდილობდა ტურნირის მიმოხილვას და ანგარიშთა მოტანის გარდა, ცხრილსაც მოყვებოდა სიტყვიერად, მაგრამ მერე, ეტყობა, გაუნელდა პირვანდელი გზნება.

კომიტეტში მორიგეობდა

გაზაფხულის პირველობაში რვა გუნდი ჩაეწერა, მაგრამ შუა ივლისამდე ცვეტ-მეტ-ზოლოტო (ფერადი ლითონები და ოქრო) და "სტალინის პარკი" შეჯიბრს შეეშვნენ. დინამომ ქარნახა "კაუჩუკი" 20:0 დაამარცხა, "ვციკის სკოლა" 13:3, კოოპერატორებსაც 22:6 მოუგო და ჩემპიონი წაუგებლად გახდა, შემოდგომაზე კი, კანტი-კუნტი ცნობებით, 6:0 ძლია "მეტრო" და 12:0 ვციკი.

"ამხანაგი ნო" 1934 წლის აგვისტოში წერდა, ორ (!) წელში საბჭოეთი მსოფლიო რაგბში საუკეთესო გახდებაო. იგი მავან ტუნდუბინთან და კიდევ ექვს თვისტომთან ერთად გარეულიყო მოსკოველთა მარაქაში. ფრანგი ენთუზიასტი წლის ბოლომდე 50 გუნდის შექმნას ისახავდა მიზნად; მსურველთა დასაკვალიანებლად ფიზკულტურის კომიტეტში შუა დღეზე, თითო საათით მორიგეობდა და თუ ნაწერსაც სწორად ჩავწვდით, წესთა წიგნს იქვე ჰყიდდა.

ჟანმავე "სპორტში" 11 აგვისტოს, როგორც ჩანს, საბჭოეთში პირველმა გამოაქვეყნა ვილიამ ვებ ელისის 1823 წლისეული ლეგენდა, რაღაი რაგბის წარმოშობის ამ (ფრიად სათუო) ვერსიაზე სოკოლოვ - ბუწიაგინის წიგნი უბრალოდ დუმს. გაზეთში ალაგ-ალაგ ს.კრასნიცკის ფოტოებიცაა. ირკვევა, რომ თამაში მძიმე მრეწველობაში დასაქმებულ "უცხოელ სპეცებს" შარშან (1934) დაენერგათ ურალ-მაშსა და პეტროზავოცკშიც (კარელია) 1 ნოემბერს კი ნომ შეფ(ებ)ს უპატაკა:

"30 კამანდ პა რჱგბი"

წლის შეჯამება ჩინოვნიკურადაა გაბუქული. მოსკოვში თურმე ჯერ ოთხი გუნდი არსებულა, მერე ხუთი, ბოლოს კი 12. დინამოს მოუგია ორივე პირველობა, მეორე ჯგუფში კი უმარჯვნია "ნომერ პირველ შრომით კომუნას" (ბოლშევო, მოსკოვის ოლქი; მანდაა გადაღებული პირველი საბჭოთა მთლად-ხმოვანი ფილმი "ცხოვრების საგზური" - პუწიოვკა ვ ჟიზნ; მარელი ივან კირლა მუსტაფა ფერტის როლში)

ნოს თანახმად, რვა გუნდი არსებულა (იმხანად ციცქნა) ბელარუსშიც - ოთხი მინსკში (2010 წელს ორი, ახალბედა გუნდიღა ჰყავთ) და ორ-ორიც ვიტებსკსა და დაბა კრიჩევში. ტულაშიც ჰყოლიათ თურმე ოთხი კოლექტივი, პერმშიც ... და რჱგბისადმი "ინტერესი გაზრდილა" ბარემ შვიდ ადგილას, მათ შორის - ტფილისშიც (!)

24 ოქტომბერს, პირველ "სა-ქალაქთა-შორისო მატჩში" (იმხანად "სტალიცელები" ასე მოიხსენიებდნენ გარეშეებთან გაჯიბრებას) მოსკოვს სტუმრად 12:0 უძლევია მინსკი; ნოემბრის ბოლოს, საგაისო (1936) კალენდარში ივლისშია ჩასმული საკავშირო პირველობა (ფინალი მოსკოვში; 21 ნოემბერს კი "სპორტის" ბოლო გვერდზე, მოკლე ნიუზად წერია, ტფილისში უნდა მოეწყოს "საკავშირო სკოლა, სადაც რჱგბს მოსკოველები და ლენინგრადელებიც ისწავლიანო.

გაგრძელებანი იქნება [კვირაში თითო]

<<< >>>