მობრუნებულმა იფრთხილა

    რჱგბის დანერგვას შეჭიდებულმა სტრუქტურებმა ტფილისს "სტალიციდან" რამდენჯერმე მოუთითეს, პასიურობთო და ამიერ-კავკასიის ფედერაციის დედაქალაქში 1935 წლის ბოლოს საკავშირო სკოლის გახსნაც ჩაიფიქრეს, მაგრამ საქმე მაქედან წელიწად-ნახევრის შემდეგღა დაიძრა და მალევე მინავლდა.

რჱგბი    >>>    
1934-35   >>>     ტფილისში სკოლა მოეწყობაო

1936 წელი საბჭოთა სპორტში სანიშანსვეტო იყო. იანვარში "დიდი სტალინის თანამოსანგრემ, ლაზარ მოისევიჩ კაგანოვიჩმა შექმნა რკინიგზელთა საზოგადოება "ლოკომოტივი. აპრილში ჩამოყალიბდა "ნეფტიანიკი (მენავთობე, მაისში კი, ფრანგული გამოცდილების გათვალისწინებით, ფეხბურთის პირველობა ქალაქთა ნაკრებების ნაცვლად კლუბებმა (სანიმუშო გუნდებმა) გაითამაშეს.

ივნისში ცენტრალურ აღმას-კომიტეტთან არსებული "ფიზ-კულტურის უმაღლესი საბჭო" სახ-კომ (მინისტრთა) საბჭოს წიაღში გადავიდა და კომიტეტი ეწოდა, თავკაცად კი ამხ.მანცევის ხელ-ქვეითი, ხარჩენკო დაწინაურდა. ამას მოადგილეებად ორი კაცი და ერთიც კომკავშირელი ქალი დაუნიშნეს, მაგრამ ქვეყანაში რომ იძალა "გორელი სოსოს" შიზოიდურმა ტერორმა, ყველა ეს სპორტ-მუშაკი რეპრესირებულ იქნა.

"ისტორიული როლის შესრულების შემდეგ" დაიშალა "ზესეფესერი" (ამიერ-კავკასია) და დეკემბერში მიღებული ახალი, ნიკ.ბუხარინის დაწერილი "სტალინური კონსტიტუციით" საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად შევიდა კავშირში, მანამდე კი, აგვისტოში, ზინოვიევ - კამენევის საჩვენებელი პროცესი მოეწყო და მშრომელმა მასებმაც მოიწონეს "ხალხის მტრების" განადგურება. და კიდევ, ტფილის/ტიფლისს კალმის ერთი მოსმით თბილისი/ტბილისი დაერქვა.

ენთუზიასტს ავიწროებდნენ

კაგანოვიჩი თავიდანვე ჯიბრში ჩაუდგა "დინამოს" შეფს, გენრიხ გერშონოვიჩ იაგოდას. რკინიგზამ რჱგბის გუნდს მოძღვრად ფრანგი მუშა, ჟან ნო დაუყენა, ამან კი ლიდერებად მოსკოვის შარშანდელ პირველობაზე თავ-გამოჩენილები, 22 წლის ანატოლი მიხაილოვიჩ ტიმოშენკო (მეტრო) და ნიკოლაი დიუგუჯიევი აიყვანა. ფიზკულტურელებმა სრული (!) ერთი თვე ხოსტაში, შეკრებაზე გაატარეს და გახურდნენ მოსკოვის პირველობისთვის, რომელიც 18 მაისს უნდა დაწყებულიყო.

"კრასნი სპორტმა" სეზონის მონახაზი მარტში გამოაქვეყნა. საზაფხულოდ დაიგეგმა წითელი არმიის ჩემპიონატი. აპრილში გაზეთი წერდა, რჱგბი ტაშკენტის (უზბეკეთი) "სპარტაკშიც" დაინერგაო. დინამოსა და ლოკომოტივს 15 ივნისს უნდა ეთამაშათ, მაგრამ რაღაც მანქანებით ამ შეხვედრის ნაცვლად "ნორჩ (?!) პიონერთა" სტადიონზე მოეწყო მოსკოვის ორი ნაკრების რკენა და პირველმა 12:6 იმარჯვა.

გაზეთის თანახმად, დედაქალაქის პირველობაზე შვიდი გუნდი რაგბობდა, პერიფერიაში კი რიგიანი კოლექტივი და თანაც 1933 (!?) წლიდან, მხოლოდ მინსკის (ბელარუსი) ფიზკულტურის ტექნიკუმში ჰყავდათ. იქ ენთუზიასტს, გვარად პოლიტს, ავიწროებდნენ ხელმძღვანელი მუშაკები, სოკოლჩიკი და პესტრიკოვი, ესაოდა ეგ რჱგბი ველურობააო (კასტალომ) და არ აძლევდნენ 40 რუბლს, რათა ამას ფოსტიდან გამოეხსნა მოსკოვიდან გამოწერილი ბურთები.

თასის პროჟექტი

მინსკი შინ და გარეთ თითოჯერ მაინც ეთამაშა ლოკომოტივს და წინა წლის დარად, ორჯერვე ნულზე წააგო, ტიმოშენკომ კი, გაზეთის მიხედვით, გასვლაზე (იმხანად) 4-ქულიანი არეკნი გაიტანა. სხვა, მემუარული, 1970-იანი წლების წყარო პირველი საბჭოური არეკნის ავტორად მაინც დიუგუჯიევს ასახელებს, "სპორტში" კი თვის შუალედით ორჯერ რომ დაიწერა, დავიდოვიჩი მსაჯობისას უხეშად ცდებაო, ეგ, ეპოქის სპეციფიკის გათვალისწინებით, დასმენა იქნებოდა.

ივნისის ბოლოს გამოქვეყნდა 25 ივლისს დასაწყები თასის პროჟექტი, რომელშიც უნდა ჩაბმულიყო 12 გუნდი: მოსკოვის დინამო, ლოკომოტივი, ბურევესტნიკი (კოოპერაცია) და იაგოდას სახელობის შრომითი კომუნა; მინსკის ფიზკულტურის ტექნიკუმი და დინამო; და კიდევ ლენინგრადი, კიევი, ხარკოვი, გორკი, ოდესა და ტაშკენტი, მაგრამ ეგ შეჯიბრი ერთი თვის დაგვიანებითღა დაიწყო და ოთხი გუნდი ძლივს შეკრიბა.

მანამდე, თვეთა შესაყარზე, მოსკოვის (ზაფხულის) პირველობაზე "საბჭოეთის საუკეთესო კოლექტივმა, ლოკომოტივმა" ჯერ 10:3 ძლია ვციკი (ელიტარული საოფიცრო სასწავლებელი, მერე კი მასთანვე 4:11 დამარცხდა, რადგან გუნდის ბირთვი ლენინგრადს მიავლინეს კალათბურთის (!) სათამაშოდ, რაც მაშინ ჩვეულებრივი ამბავი იყო. ამის კვალად ლოკომოტივი რჱგბის თასში აღარ ჩაება, "ტიმოშენკო და საძმო" კი (ნაღდად) გადავიდა დინამოში.

ფლანკერის არეკნით

შემორჩენილი ცნობებით, თასზე დავიდოვიჩს აღარ უმსაჯია - რეფები იყვნენ ტიმოშენკო, ნო, ეროხინი და მიხაილ მაკსიმოვი. შინ წაგებული მინსკი მოსკოვში არ გამოცხადდა, გორკის (ნიჟნი ნოვგოროდი) გუნდს კი "დინამო" ერქვა.

ამავე პერიოდში შეიქმნა "სპარტაკი" და იაგოდას კომუნასთან 0:3 წააგო. საზოგადოების ფეხბურთის გუნდმა შემოდგომაზე "დინამოს" ჩამოართვა პირველობა და დროშაც (!) გადაიბარა, ჯალათი გენრიხი კი უშიშროებიდან სულაც კავშირ-გაბმულობაში ჩააქვეითეს.

თასის გადამწყვეტი რკენა "დინამოზე" მოეწყო. მსაჯობდა მაკსიმოვი. წვიმდა. 37-ე წუთზე ფლანკერმა ბ.ტიტოვმა არეკნით გაიტანა მატჩის ერთადერთი გოლი. მერე, ოქტომბერში რომ გაჩაღდა მოსკოვის საშემოდგომო პირველობა, აღდგა ლოკომოტივი და დინამო 4:3 ძლია. სპარტაკი არ გამოცხადდა ბურევესტნიკთან, დინამოსთან კი ბურთი (!) არ ჰქონდა და როგორც მასპინძელს, წაგება მიესაჯა.

>>>     1936

<<    საქალაქთაშორისო

  6/06 მინსკი 0:12 ლოკომოტ
  8/07 ლოკომოტ 15:0 მინსკი

<<    თასი (პირველობა) @ მიმოსვლით

21/08 მინსკი 0:18 ვციკ

 

გორკი

0:23

დინამო

28/08 დინამო X:0 მინსკი

 

ვციკ

28:0

გორკი

30/08 მინსკი ?:? გორკი
  2/09 დინამო 4:0 ვციკ

1#დინამო 3-0, 2#ვციკ 2-1 / გორკი მინსკი 0-2

უნდა განვავითაროთო

ლოკომოტივის შექმნის წლისთავზე რომ გამოცხვა პატაკი, მასში რჱგბის გუნდი მოსკოვის ჩემპიონადაა მოხსენიებული, დინამო და ვციკი კი 15 ნოემბერს შეკრიბეს კომიტეტში. თავმჯდომარის მოადგილემ, ბორის კალპუსმა დინამოს "პირველობის გარდამავალი თასი" გადასცა და "ხაზიც გაუსვა ახალი თამაშის პოპულარიზაციის აუცილებლობას, კერძოდ კი ბრძანა, ფიზკულტურის ინსტიტუტებში სემინარები უნდა მოვაწყოთო.

მოწოდებას გამოეხმაურა ჩვენში რუსულ-ქართულად გამომავალი "ფიზკულტურელი" (ქართულ სპორტს მაშინ ბერიას ხელ-ქვეითი, მე-11 არმიაში 1925 წელს ჩანერგილი, ვილნოელი (ვილნიუსი) სოლომონ რაფაილოვიჩ მილშტეინი განაგებდა და უთარგმნელად უნდა გაეგო, თუ დაქვემდებარებული გაზეთი რას წერდა)

ჰოდა, მძლეოსნობის აქაურმა მწურთნელმა, ელიზაროვმა 1936 წლის მიწურულს, ზედიზედ ორ ნომერში (15/12 18/12) გამოაქვეყნა ვრცელი სტატია, რითაც საზოგადოებას წვრილად გააცნო რჱგბი და დაასკვნა, ეს ვაჟკაცური თამაში ჩვენი ფიზკულტურელების მონაცემებს შეეფერება და ამიტომ უნდა განვავითაროთო.

მოსკოვში გამოიძახეს

მერე დადგა სისხლის წვიმებიანი 1937. ფრიადი გასავალი მიეცა ბეზღობას. იანვარში შეაჩვენეს პიატაკოვი, ივნისში კი უცხოეთის ჯაშუშად გამოაცხადეს მარშალი ტუხაჩევსკი და მთელი სამხედრო ელიტაც. "სპორტმა" სამი რედაქტორი გამოიცვალა, მთავარი სპორტული მოვლენა კი რესპუბლიკური ესპანეთისთვის ჭონაზე მოარულ ბასკ ფეხბურთელთა საბჭოეთში სტუმრობა იყო.

განმანათლებელი ნო ერთი წლის წინ წერდა, რაგბი 15-კაცა ვითამაშოთ თუ 13-კაცაო. მერე იყო და დეკემბრის პარიზულ რეპორტაჟში უბირ თემს ლიგა მიასაღა კანონიკურ თამაშად, ახალი სეზონის გახსნამდე კი, აპრილში, ისევ მისდგა არმიას, ასე მარგ სპორტს რად არ ნერგავსო, და შვიდ ჩამორჩენილში თბილისი და ბაქოც ახსენა.

ნოსვე ძალისხმევით, 25 აპრილიდან 10 მაისამდე, მოსკოვში, ამხ.ლებედევის ხელმძღვანელობით, მოეწყო სასწავლო შეკრება, რომელზეც გამოიძახეს უკრაინის, ბელარუსის, საქართველოსა და უზბეკეთის წარმომადგენლები. "ფიზკულტურელის" ცნობით (15/04) ტექნიკუმის სტუდენტი, ამხ.დვალი მივლინებულ იქნა სემინარზე, რათა შინ მობრუნებულს გუნდები შეექმნა.

ცამდე მართალი

გიგა დვალი ცნობილი, დაღუპული მთამსვლელის, პიმენის ვაჟი იყო. 1980-იან წლებში იგი "დოსააფში" რომ მუშაობდა, დაუახლოვდა გაბრიელ ბარჯაძეს, ვინც სამხედრო-გამოყენებით სპორტებს აშუქებდა და წიგნიც - "მიწაზე, წყალზე, ჰაერში" დაწერა. ჟურნალისტმა ქართული რაგბის აქტივს წარუდგინა ვეტერანი, მაგრამ მისი მონათხრობი "ფედერაციას" სარწმუნოდ ვერ ეჩვენა.

არადა, დვალი ცამდე მართალი იყო. ბერიკაცმა ორი ფოტოც გამოაჩინა, მაგრამ ხნოვანების გამო ზუსტად ვერ აუხსნა სკეპტიკოსებს, თუ სურათებზე რა მოვლენები ან ვინ იყვნენ აღბეჭდილნი. ახლა, საჯაროში მოძიებული მასალების ანალიზით ცხადია, რომ ერთ, აქ მოტანილ ფოტოზე, მოსკოვის სემინარის მსმენელები სხედან და გიგაც ბურთიანად წინა წევს, ხოლო მეორე ფოტოს გამო შემდეგ სტატიაში იყოს.

შეკრებას, ლებედევისა და ნოს გარდა, სტეპან სპანდარიანი და მარკ პოლიაკიც უძღვებოდნენ. "სპორტმა" სემინარიდან რამდენიმე, მხატვრული, ძალის ძალად დადგმული ფოტო გამოაქვეყნა, რჱგბის დაუფლების მსურველები კი მოსკოვში უდმურტეთიდან, აზერბაიჯანიდან, არხანგელსკიდან, ტაჯიკეთიდანაც ჩავიდნენ და სრული თეორიულ-პრაქტიკული კურსი გაიარეს.

სტრიქონებს შორის

ნასემინარევს მოსკოვში ტრადიციულად გაჩაღდა საკავშირო თასის შესარჩევად ჩაფიქრებული "ქალაქის პირველობა. 19 ივნისს, სტალინ-აბადში (დოშანბე) "ზარიამ" 23:9 ძლია "სტარტი, ივლისში კი ექვსი (!) ტაჯიკური გუნდის ტურნირი "დინამომ" მოიგო და თასზე გავიდა. მერე რა მოხდა, მთლად ცხადი ვერაა, მაგრამ სექტემბერში, თასის ნაცვლად სახელდახელოდ გამართული "ქალაქთა მატჩის" მიმოხილვის სტრიქონებს შორის მაინც ამოვიკითხეთ, რომ რჱგბი უპატრონოდ დარჩა.

და მართლაც, სტალინიზმის მსხვეპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ საითთა მოჩხრეკით დგინდება, რომ რჱგბის სექციის თავკაცი, ევსეი ისაკოვიჩ ჩერნიაკი 7 დეკემბერს შეიტანეს დასახვრეტთა სიაში, ანუ მას ადრევე დაიჭერდნენ, მით უფრო, თუ ფიზკულტურის ინსტიტუტში მისივე უფროსი, დირექტორი სიმიონ მიხაილოვიჩ ფრუმინი უკვე კარგა ხნის მხილებული იყო "მავნებლობაში" (ვრეძიწელ’სტვო)

საფიქრებელია, რომ თასი ამ მოვლენათა გადამკიდე ჩაიშალა. მოსკოვში ასეთი ამბები რომ დატრიალდა, ბუნებრივია, რომ თბილისში დაბრუნებული ნორჩი დვალი იფრთხილებდა. მოხუცი გიგა იხსენებდა, მაშინ უფროსობა მხოლოდ ფეხბურთზე ზრუნავდა და მოსკოვს მაგად არ მიგვავლინესო, მაგრამ რამდენად გულწრფელი იყო და ან რომელ წელსა და შეჯიბრს გულისხმობდა, ახლა მაგაზე მარჩიელობაღა შეგვიძლია.

რა მოეთხოვებოდათ

როგორც პოლიაკმა დაწერა "სპორტში, ადგილებზე რჱგბისადმი დამოკიდებულება ნელ-თბილი რჩებოდა. ამის გამო დაშლილა მინსკისა და გორკის გუნდები. თასის გაუქმების (ატმენილი) შემდეგ აქტივს დეპეშები დაუგზავნია აქეთ-იქით, "ქალაქთა მატჩს" მაინც ვატარებთო, მაგრამ სტალინაბადი აღარ ჩამოსულა, ხოლო იჟევსკის (უდმურტეთი) "ზენიტი" თურმე აღარ ვარჯიშობდა.

მატჩამდე, აგვისტოში, ნალჩიკში ტრაგიკულად დაიღუპა დიუგუჯიევი (ეტყობა ალპინისტობდა. თამაშები მოსკოვში, "დინამოზე" მოეწყო ერთ წრედ. სტარტზე გამოცდილმა მასპინძლებმა გაანადგურეს ბაქოს "ნეფტიანიკი. ამაზე ევგენი ხალფინმა დაწერა, "უნიციატივო სტუმრების ერთადერთი სტრატეგია ფეხებში უმწეოდ ჩავარდნა და კარიდან ბურთის შორს მოგერიება იყოო"

არადა, ახალბედებს მეტი რა მოეთხოვებოდათ? მერე დინამომ უარესად მოსრა ზენიტი, რომლის კაპიტანმა მ.გალანოვმა მაინც დაიქადნა, წაგებამ ბევრი რამ შეგვძინა და გაისად უკეთესი შედეგის იმედად ჩამოვალთო, ბაქოსა და იჟევსკის დუნე, უხეში ცოდვილობა (გრუბაია ტოლკოტნია) კი ჩვენმა მეზობლებმა მოიგეს.

>>>     1937

<<    ქალაქთა მატჩი @ მოსკოვი, დინამო

16/09 დინამო 53:0 ბაქო
18/09 დინამო 78:0 იჟევსკი
20/09 ბაქო 12:0 იჟევსკი

1#დინამო 2-0, 2#ბაქო 1-1, 3#იჟევსკი 0-2

გაგრძელებანი იქნება [კვირაში თითო]

<<< >>>