შარის შიშმა აბურთავათ?

   გიგა დვალი 1937 წლის გაზაფხულზე დაესწრო სასწავლო შეკრებას, მაგრამ რეპრესიებმა რომ შეიწირა საკავშირო რჱგბის ხელმძღვანელობა, შინ მობრუნებულ სტუდენტს აღარ შეუქმნია გუნდი, რომელსაც მოსკოვში საბურთაოდ ჩაიყვანდა. გამოხდა აქედან ორ-ნახევარი წელი და რჱგბი მაინც მოეწყო თბილისში, ოღონდაც, როგორც თავად დარწმუნდებით, ისევ და ისევ შარის შიშით.

რჱგბი      >>>    
1934-35   >>>     ტფილისში სკოლა მოეწყობაო
1936-37   >>>     მობრუნებულმა იფრთხილა

1938 წლის მარტში სტალინი ბოლო თანა-მოსანგრეს, ნიკოლაი ბუხარინსაც გაუსწორდა. მაშინვე გააქრეს გენრიხ იაგოდა, ნოემბრიდან კი ამისი მომსპობის, ნიკოლაი იეჟოვის ნაცვლად ლავრენტი ბერიას რომ ჩააბარეს "ენკავედე, კვალის წასაშლელად დაიწყო ტერორის მესამე (!) წრე და ზოგნი კიდეც გაამართლეს.

"კრასნი სპორტი" კვლავ დღე-გამოშვებით გამოიცემოდა, მაგრამ ქვეყანაში შიშს რომ დაესადგურებინა, რაგბის სტატიები უავტოროა. მათ ვეღარ დაწერდა სპორტ-კომიტეტის რეფერენტი, ჯერაც 26 წლის მარკ პოლიაკი, რადგან მარტში, "ჯაშუშობისთვის" დააპატიმრეს და ივნისში დახვრიტეს. რაც შეეხება აქაურ "ფიზკულტურელს, მის მკვლევართა თანახმად, გაზეთში რჱგბი ნახსენებიც აღარაა.

"სპორტმა" 11 მაისს რიტორიკულად იკითხა, რჱგბისტები სეზონს რად არა ხსნიანო. სტატიაში წერია, რომ თამაში შარშან პოპულარული გახდა, მაგრამ თითქმის თვეა, ოვალური ბურთის მიმდევრები კაბინეტთა კარდაკარ დადიან და ვერაფრით მიუღიათ ნებართვა, რათა დიდ სტადიონზე, ხალხის თვალწინ ითამაშონ; ერთი სიტყვით, აშკარაა მავანთა გულგრილობა უდაოდ საჭირო და მარგი სპორტისადმიო.

ე’თი და შექცეულითაც

შინ რომ რჱგბი ასეთ დღეში იყო, გაზეთი მესამე წელია, უცხოურ შეჯიბრებებს (ბრიტანული ოთხი ერი, ლიგის ჩელენჯ ქაფი, ფირა-ული გერმანია - საფრანგეთი - იტალია - რუმინეთი) კანტიკუნტად მაინც არჩევდა. "კოგიზ-მა წესებიც გამოსცა, 3 ივნისს კი გამოქვეყნდა ცნობა, გაჩაღდა მოსკოვის პირველობა, რომელშიც დინამო, სპარტაკი, ლოკომოტივი, ბურევესტნიკი, ვციკის (სამხედრო) სკოლა და ბოლშევო (ყოფილი იაგოდას შრომითი კომუნა) ორ-ორი გუნდით გამოდიანო.

მცოდნე მწერალი რომ დაილია, გაზეთი წარსულში გადაიჭრა: რჱგბს ხან ჩვეულებრივი ე’თი წერდა და ხანაც შექცეულით (აბაროტნოე. შუა ივლისში "დინამომ" მოიგო გაზაფხულის წრე, მეორე ადგილზე კი "სპარტაკმა" დააფინიშა. აგვისტოში ზედიზედ გაჩაღდა არმიის, ფლოტის, დინამოსა და მეხანძრეთა "საიუბილეო სპარტაკიადები" და რჱგბის საკავშირო პირველობის შესარჩევებიც.

შეჯიბრში რვა გუნდი ჩაება: ხუთი "სტალიცის" (მეხუთე ვციკი იყო თუ ბოლშევო, ვერ დგინდება) და სამიც პერიფერიის. 25 აგვისტოს ბაქოდან იწერება ია.არონოვიჩი, ბურევესტნიკმა (იმხანად კოოპერატორები) ვერ გაუძლო მასპინძელთა სხარტ შეტევებსო. რომ გამოვლინდა ოთხი მონაწილე, ფინალი დაინიშნა მოსკოვში, მაგრამ ვადა რომ ბევრჯერ შეიცვალა, ბაქოს (მატარებლით) ჩასვლა დაუგვიანდა და გახსნის დღეს ლოკოს ერთ ტაიმსღა ესპარინგა.

გაზეთი ითარსებოდა

"სპორტი" ბრძანებს, შეჯიბრი ერთობ უხეიროდაა (იზ რუკ ვონ პლოხო) ორგანიზებულიო: ოქმები არ მოემზადებინათ და რაზმებს ქაღალდის ნაკუწებზე წერდნენ; გარსებში ფეხბურთის მრგვალი (!) კამერები ჩაედოთ; მოედანი ყოვლად უვარგისი (სკვერნეიშეე) იყო, კომიტეტის ინსპექტორი ვლადიმიროვი კი "ნორჩი რჱგბის" ცქერის ნაცვლად როსტოვს წასულიყო კალათბურთზე დასასწრებად.

სპარტაკმა სტარტზე ვერ შეკრიბა გუნდი, დინამოს ერთ ტაიმსღა გაუძალიანდა (3:3) და 33 ქულით მოისრა. "საბჭოთა რჱგბის პიონერებს" ვერაფერი დააკლო "ყველაზე უხეშმა" ლოკომოტივმაც, "ნეფტიანიკმა" კი სპარტაკს პირველი ტაიმი ფრედ (3:3) დაუმთავრა.

"შესწი დნევკის" უქმეზე, 12 რიცხვში, მოეწყო გადადებული შეხვედრა, რომელიც ლოკომ (იმხანად 4-ქულიანი) არეკნით მოუგო ბაქოს, გაზეთმა კი, თითქო ითარსებოდა, სტატიას "რაგბის ბოლო(ჯერ) თამაში" (პასლედნი მატჩ რჱგბი) უწოდა. მეტიც, წერილს ერთვოდა ე.კნორეს ტენდენციური კარიკატურა: ბურთი სადღაც გდია, მთელ მოედანზე კი მუშტი-კრივია გამართული.

>>>     1938

პირველობა

<<    შესარჩევები @ პერიფერიები

2x/08 სტალინაბადი   3:39 სპარტაკი
  ბაქო (18:6) 15:6 ბურევესტნიკი
  იჟევსკი   0:V დინა?ლოკო
  ვციკ?ბოლშევო   0:V ლოკო?დინა

<<    ფინალი @ მოსკოვი, ბურევესტნიკი

  6/09 დინამო

36:3

სპარტაკი

  8/09

დინამო

19:0

ბაქო

  სპარტაკი

10:5

ლოკომოტივი

10/09

დინამო

15:0

ლოკომოტივი

  სპარტაკი

  9:3

ბაქო

12/09

ლოკომოტივი

  7:3

ბაქო

ერთი წრე

მ-წ

გატ:გაშ

დინამო 3-0 70:03
სპარტაკი 2-1 22:44
ლოკომოტივი 1-2 12:28
ნეფტიანიკი (ბაქო) 0-3 06:35

სეზონური ტრაბახი

ტურნირის შეჯამებაში აღნიშნულია, რომ მობურთალთა ტექნიკაა დაბალი, რაღაი ვარჯიში პრიმიტიულად ტარდება - ფიტულებზე (!) ინდივიდუალურად მუშაობის ნაცვლად ბიჭები ბურთის დარტყმაზე (!) ცდებიანო.

21 სექტემბერს გახარებული წერს მავანი, "დადებითად უნდა გადაწყვეტილიყო (!) დინამოსა და სპარტაკის კიევსა და ხარკოვში მივლინების საკითხი, რათა რჱგბი, იქაურთა მიწვევით, უკრაინაშიც დაინერგოსო; 12 ოქტომბერს კი, ფიზკულტურელთა ზეიმზე, დინამოს 19:8 რომ უძლევია სპარტაკი, ეტყობა, მოსკოვის საშემოდგომო პირველობაც მოუგია (გაზეთში ამ მატჩისა ფოტოა)

ნოემბრის ბოლოს დაიბეჭდა (ჟან ნოს სტილში გამომცხვარი) სეზონური ტრაბახი, რჱგბისა 100 მატჩი ჩავატარეთო. მერე დადგა 1939 წელი და საბჭოეთი მომჭირნეობაზე გადავიდა: მარტიდან დაიხურა "ფიზკულტურელი" და "მუშა" (1958 წელსღა აღდგა "თბილისად) "კრასნი სპორტი" კი "პირველ დღესღა" (თვის 1 7 13 19 25 რიცხვები, დამატებით 28) გამოდიოდა და ოცის ნაცვლად 30 კაპიკი ღირდა.

ყველა შედეგი

გაზეთის გაიშვიათებამ რჱგბის გაშუქებასაც ავნო - ცნობები მწირია და დაგვიანებული. მოსკოვში სეზონი 12 მაისს გაიხსნა (დინამო 0:0 სპარტაკი. ლენინგრადში (!) ამხ.ბოგოიავლენსკის თავკაცობით შეიქმნა გუნდი. ბაქომ ივნისში შინ 20:3 ძლია ლოკო, რაც მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო, რაკი "ნეფტიანიკს" თვით "დინამოს" მოთამაშე გურუ, ანატოლი ტიმოშენკო ავარჯიშებდა.

საკავშირო პირველობა აგვისტოში გაჩაღდა და ერთ წრედ, მიმოსვლით მოეწყო. ნომ და გაზეთმა ყველა შედეგი შემოგვინახეს. "სპორტი" გრაფიკს მიყვებოდა და მატჩებს შეძლების და გვარად დეტალურად - ლელოთა და გოლთა გამტანებისა და გაძევებულთა ხსენებით არჩევდა, მაგრამ სექტემბრის დამდეგს საბჭოეთი - გერმანიის გარიგება რომ მოხდა და ორმა ურჩხულმა პოლონეთი ერთ თვეში გაინაწილა, გამოუქვეყნებელი სპორტული მასალა დაგროვდა.

გაზეთმა ვალი ერთბაშად, რიგ-გარეშე ნომერში გაისტუმრა. ტომოშენკომ 72-ე წუთზე რომ გაიტანა ლელო, გარდასახვა კარს აცდა. ამით დინამომ ორით წააგო სპარტაკთან, მაგრამ ფინიშზე ძლია ბურევესტნიკი, ვისაც სტარტზე დაემარცხებინა სპარტაკი. ლოგიკით სამ გუნდს ქულა თანაბრად უნდა დაგროვებოდა, მაგრამ საქმეში ჩაერია ლოკო, ვინც შნეიდერის წყალობით აჯობა კოოპერატორებს.

>>>     1939

პირველობა @ მიმოსვლით

  6/08 ბურევესტნიკი 12:6 სპარტაკი
10/08 ბაქო   0:12 დინამო
18/08 ბაქო   8:9 სპარტაკი

24/08

დინამო

39:0

ლოკომოტივი

27/08 ლოკომოტივი 13:0 ბურევესტნიკი
28/08 სპარტაკი 13:11 დინამო

30/08

სპარტაკი

15:0

ლოკომოტივი

  2/09 ბურევესტნიკი   6:0 ბაქო
  5/09 ლოკომოტივი   0:6 ბაქო

  9/09

დინამო

11:5

ბურევესტნიკი

ერთი წრე

მ-წ

გატ:გაშ

დინამო 3-1 73:18
სპარტაკი 3-1 43:31
ბურევესტნიკი 2-2 23:30
ნეფტიანიკი (ბაქო) 1-3 14:27
ლოკომოტივი 1-3 13:60

50 ათასი მოსეირე

იმ ეპოქაში ქულათა ტოლობისას გატანილ-გაშვებულის სხვაობას ადრიდნენ. რაკი დინამოს რკინიგზა "ასტრონომიული ანგარიშით" (მაშინვე სცოდნიათ ეგ მეტაფორა) დაენგრია, ჩემპიონობაც მას ერგო. ოქტომბერშიც, მოსკოვის პირველობაზე, დინამო - სპარტაკი ისევ ფრედ (3:3) დასრულდა და შინ-სახ-კომმა კვლავ სხვაობით იპირველა.

ეგ შეჯიბრი სამ (!) ჯგუფად ჩატარდა და 17 გუნდი (მათ შორის, ელიტაში მოასპარეზე "ისკუსტვო" ანუ ხელოვნება) მიიზიდა, სპარტაკი - ლოკომოტივის საკავშირო მატჩს კი, აგვისტოს ბოლოს, თუკი გაზეთს დაეჯერება, "დინამოზე" 50 ათასი მოსეირე დაესწრო, რაც მხოლოდ იმით შეიძლება აიხსნას, რომ რჱგბის კვალად, იქვე "ა" კლასის ფეხბურთი უნდა გამართულიყო.

1940 წელს, როგორც უფროსი თაობა იხსენებდა, მოსავალი უხვი მოვიწიეთ და ცხოვრებასაც უკვე არა უშავდა რა, მაგრამ საბჭოეთი ზაფხულში რომ დაუბრუნდა ქრისტიანულ, 7-დღიან კვირას, "სპორტი" აგვისტოდან სამშაბათობითღა, თვეში ოთხჯერ გამოიცემოდა. ამით რჱგბი მთლად ჩრდილში მოექცა, მით უფრო, თუ ფინურ, რუმინულ და ბალტიურ მიწათა ანექსიის შემდეგ საბჭოთა პროპაგანდას "გათავისუფლებული ხალხებისთვისაც" უნდა მოექონა თავი.

უბედური შემთხვევები

სეზონის გახსნაზე, მაისის ბოლოს, "დინამომ" "სტალინეცზე" (ჩერკიზოვო) 7:3 დაამარცხა მოსკოვის ნაკრები, რასაც "სტალიცის" პირველობა ტრადიციულად მოყვა. შეჯიბრი "სპორტში" ბოლოჯერ 12 ივლისსაა ნახსენები. ანონიმ ავტორს აშკარად გული წყდება იმაზე, რომ თუმც რჱგბი "სასარგებლო და დინამიური სპორტია, პირველობა ისე არა-ორგანიზებულად ტარდება, რომ თამაშს სახელი უტყდებაო.

სტატიის თანახმად, მატჩები იშლებოდა (ახალი გუნდების) "კრილია სოვეტოვის, "კრასნოე ზნამიას, ცდკა-ს გამოუცხადებლობის გამო; საკმაოდ ხდებოდა უბედური შემთხვევა (ნესჩასტნი სლუჩაი, ალბათ ტრავმა; შეინიშნებოდა ურჯუკობა და იზრდებოდა უმსგავსო (ნებლაგოვიდნი) საქციელის გამო გაძევებულთა რიცხვიც (ჩამოთვლილია ოთხი გუნდის შვიდი წევრი)

იმ დროში სახეობის ასე დახასიათებას ალბათ მისი აკრძალვა უნდა მოყოლოდა. არადა, სულ ცოტა ხნის ადრე, 1940 წლისავე 1 ივნისს, გაზეთში დიდი ამბით ეწერა, რომ უნდა "შეიქმნას რჱგბის გუნდები და გაჩაღდეს სწავლება; რომ მოსკოვისთვის 17 გუნდი ძაან ცოტაა, ხოლო სხვაგან უარესადაა საქმე; რომ რჱგბი ვერ გავრცელდა საბჭოეთში და ლამის უჩინარ სპორტად რჩება მაშინ, როცა სასარგებლო თამაშია და დანერგილია დასავლეთის არმიებში!

რას საქმიანობენო

სტატიაში ჯიქურ წერია, მავანთ უნდა უარყონ მცდარი აზრები რაგბის შესახებო. ნახსენებია ბრძანებაც, რომელიც რჱგბის ბედის გამო "პირად პასუხისმგებლობას" აკისრებდა ლენინგრადის, კიევის, მინსკის, როსტოვის, ბაქოს, სტალინაბადის, იჟევსკის, თბილისის (!) გორკის, ტაშკენტისა და ხარკოვის სპორტის თავკაცებს. სექტემბერში იგეგმებოდა მწურთნელთა და მსაჯთა შეკრება, მომარაგების მხრივ კი 300 გარსისა და ათასი კამერის გამოშვება.

მთლად უარესიც: ავტორი ითხოვდა, უნდა დადგინდეს, თუ სად ბრძანდებიან და რას საქმიანობენ "შარშან" (ზარავდათ 1937 წლის ხსენება!) გამართული სასწავლო შეკრების მონაწილენიო. ამის წაკითხვაზე, ბუნებრივია, ელდა ეცემოდათ ჩვენშიც. ჰოდა, სამი წლით ადრე ტექნიკუმის დირექტორი, აწ კი რესპუბლიკის სპორტის მთლად თავკაცი თედო სხირტლაძე მოიკითხავდა ნასტუდენტარ დვალს, რჱგბის საქმე როგორა გვაქვსო.

ბატონი გიგა სიბერეში იხსენებდა, ჩავატარე სემინარი და რაგბს ვაზიარეო ცნობილი ათლეტები: ბორის კვინიხიძე, ლევან ღუდუშაური, ლევან გიორგაძე და სხვები. ვვარჯიშობდით ვაკის პარკის ადგილზე მდებარე სპორტულ მოედნებზე (რომლებსაც ბერიას უწყების ოფისი დაყურებდა) ქალაქის პირველობა კი "დინამოს" სტადიონზე მოვაწყვეთ და ჩემმა "დინამომ" გაიმარჯვაო.

ერთი დახედვით

სწორედ ამ გუნდის, სტადიონის ეზოში გადაღებული ფოტო მიუტანა გიგამ რაგბის აქტივს 1987 წელს, მაგრამ ბოლომდე ვერ დაუჯერეს. სურათზე სულ 17 კაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ დვალის გარდა, სხვა 16 ოჯახშიც შეიძლება ინახებოდეს და ეგებ მოთამაშეთა ვინაობაც ეწეროს, ერთი რამის თქმა კი ახლავე შეიძლება: მარჯვნივ, კიდეზე, მოკრივე კვინიხიძე ზის - ჩვენ "სპორტის ენციკლოპედიიდან" ვიცანით, შვილიშვილმა ბობამ კი - პირდაპირ, ერთი დახედვით!

დვალის თანახმად, 1940 წელს გვყოლია გუნდები - დინამო, ფიზკულტურის ტექნიკუმი, სამედიცინო ინსტიტუტი. "კრასნი სპორტი" ივლისიდან რაგბზე კი დადუმდა, მაგრამ 59(886) ნომრის პირველ გვერდზე დაწერა, რომ კვირას, 1 დეკემბერს, თბილისში 35 გრადუსი სიცხე იყო და ჩქეფდა სპორტული ცხოვრება: დინამოზე ფეხბურთი მოეწყო, ხოლო ლენინის სტადიონზე (უახლესი ბაზარია დღეს!) ქალაქში პირველად (!) - რჱგბის მატჩ-ებ-იო.

აფიშებში წერია

დოკუმენტურად დასტურდება დვალის სხვა მტკიცებაც, "ფინალი" დინამოზე გავმართეთო. აქაური რუსული ოფიციოზის, "ზარია ვასკოტას" ბოლო გვერდებზე ფეხბურთის აფიშებში ორჯერ წერია, რომ ხუთშაბათს, 5 დეკემბერს, "სტალინური კონსტიტუციის" მატჩის წინ მოეწყობა რჱგბი.

ამ, მინიმუმ მესამე თბილისური მატჩის ერთი მონაწილე რომ დინამო იქნებოდა, ცხადია, სხვაფრივ კი, 1960 წელს რომ მისულა გოგი ყუფარაძე აწ უკვე სასოფლოს კათედრის გამგე სხირტლაძესთან გუნდის შესაქმნელად, ამას ყოველმხრივ შეუწყვია ხელი, მაგრამ რჱგბთან თავისი 20 წლის წინდელი წილნაყარობა არ (!) გაუმხელია.

დასასრული იქნება  [ორ კვირაში]

<<< >>>