ფას-დაუდებელი კადრები

   ქართული რაგბის ნახევარ-საუკუნოვანი იუბილისადმი მიძღვნილ ფილმში 1947 წლის, თბილისის ტურნირის ამსახველი, უნიკალური კადრებიც მოხვდა, მაქედან ორი წლის თავზე კი მსგავსი შეჯიბრი კიევშიც, უჩვენოდ მოეწყო და ოვალური ბურთი, იდუმალ მიზეზთა გამო, ბარემ ათი წლით გაუჩინარდა საბჭოთა სტადიონებიდან.

რჱგბი      >>>    
1934-35   >>>     ტფილისში სკოლა მოეწყობაო
1936-37   >>>     მობრუნებულმა იფრთხილა
1938-40   >>>     შარის შიშმა აბურთავათ?
1947 +       >>>     რაც რომ "სპორტიდან" შევიტყვეთ

31-წუთა დოკუმენტური სურათი, "ოვალური ბურთი" გოგი თორაძის ნახელავია. მისი პრემიერა წლეულს, მარტის ბოლოს შედგა კინოს სახლში და იმავე ღამით ტელევიზიითაც გადაიცა. წარდგენაზე ითქვა, რომ ვიზუალური მასალა არქივებში თავად რეჟისორმა მოიძია. ჰოდა, ერთი, 73-წამიანი ნაკვეთი ფას-დაუდებელი საბუთია.

ეპიზოდი კინო-ჟურნალ "საბჭოთა საქართველოს" სიუჟეტი უნდა იყოს, რის გამოც ქართველ მორაგბეთა უფროს თაობას ჯეელობაში ნაღდად ენახება კინო-თეატრებში, მთავარი სურათის წინ, მაგრამ ეტყობა, არ დახსომებია. შავ-თეთრ გამოსახულებას თან ახლავს ჯაზის ტიპის მუსიკა, (ჩვენი თაობისთვის უცნობი) მთხრობელი კი ყვება, რომ

წელს, 15 სექტემბერს, პირველად ჩატარდა რჱგბის თამაში თბილისში. ერთმანეთს შეხვდნენ მოსკოვის დინამოს რჱგბელები და თბილისის ნაკრები გუნდი.

რჱგბი სარისკო და ტემპერამენტიანი თამაშია. რჱგბის მოთამაშეს უნდა ახასიათებდეს ინიციატივა, სიმარდე და გამძლეობა.

რჱგბის თამაში საყურადღებოა იმით, რომ ბურთი სწრაფად გადადის ხელიდან ხელში. ბურთის ადგილზე მიტანისათვის მოთამაშე ყოველგვარ საშუალებას მიმართავს:

თავისუფლად თამაშობს, არ ერიდება არც სარმას, არც ხელის კვრას, მოპირდაპირის წაქცევასაც კი - ოღონდ ბურთი მოწინააღმდეგის ხაზს გარეთ მიიტანოს და მას ზედ გულ-მკერდით დაემხოს

იოლად დადგინდებოდა

სიუჟეტი უძველესი წყაროა, რაგბის ქართულად აღწერასა და დახასიათებას რომ შეიცავს; ფეხბურთელის ანალოგიით მოგონილია მოთამაშის აღმნიშვნელი სიტყვაც, რჱგბელი; ცხადად ჩანან მსაჯები, მობურთალნი და ძველთათვის კარგად ნაცნობი "დინამოს" გარემოც, მაგრამ კადრები იმავე შეჯიბრის ფოტო-მასალას რომ შევადარეთ, მივხვდით, რომ სინამდვილეში გადაღებულია ორი დღის შემდეგ გამართული მატჩი, რომელიც ბურევესტნიკმა 45:0 მოგვიგო.

დიახ, გამოცდილი მოსკოველები ძაან ჯობდნენ თბილისის ფიზკულტურის ტექნიკუმის სტუდენტებს, რაგბს სახელდახელოდ რომ აზიარა ჩამოსულმა მწურთნელმა, და მეტად აღარც უთამაშიათ. ეს ყველაფერი ჯერ კიდევ 1980-იან წლებში წვრილად აღწერა გაბრიელ ბარჯაძემ. ფირი მაშინ რომ აღმოჩენილიყო, "რჱგბელთა" ვინაობა იოლად დადგინდებოდა, მაგრამ საქმე ბოლომდე წამხდარი არაა მეოთხედი საუკუნით გვიანაც - შვილებმა მამები უნდა იცნონ!

1947 წლის "ქალაქთა მატჩს" 336-გვერდა "ქართული რაგბის მატიანეში" რიგ-გარეშე თავი ეძღვნება. ნათხრობი დეტალებით გამდიდრდა იანვრის "ოლიმპურ" გაგრძელებაში, მაგრამ ნანახი რომ ჯობს მოყოლილს, 63 წლის წინდელ კლიპში გვემცხეთა ის, რომ ჩვენებს უბადრუკი ფორმები აცვიათ და არც ნომრები აწერიათ; შერკინებაში სტიქიურად დგება 6-7 კაცი და თავზე ხელს იფარებს, იმათი მოწოლის შემდეგ კი ჩვენი მწყობრი სულაც უმწეოდ იქცევა.

ლელო ჯობსო

საჯაროს ფონდებში დაცული "სავეცკი სპორტის" კინძულათა თანახმად, მოსკოვმა რჱგბი "5-წლიანი შესვენების" შემდეგღა, 1946 წლის 9 ივნისს იხილა და დინამომ 5:3 ძლია ბურევესტნიკი. მაშინვე და 1948 წელსაც წიგნაკებად, (რუსულად) გამოიცა 28-პარაგრაფიანი წესები (ტირაჟი 5 და 12 ათასი, ფასი 25 და 30 კაპიკი)

1947 წელს, თბილისში გამართულ "ქალაქთა მატჩამდე, ზაფხულში მოეწყო მოსკოვის 4-გუნდა, ორ-წრიანი პირველობა და თასი. ორივე ტურნირი მოიგო დინამომ, სპარტაკი და ლოკომოტივი კი ისე სუსტები იყვნენ, რომ 3-ქულიანი ლელოს ხანაში 0:92, 0:71, 0:69 აგებდნენ ჩემპიონთან და ბურევესტნიკთან.

1948 წელს "სპორტში" რჱგბი ნახსენებია სულ ორჯერ: აგვისტოში, სამხრეთ-აფრიკელი რასისტების მორიგ ოინთა გამო და მაისში, ნიკ.ტარასოვის ვრცელ წერილში, რომელიც ქართულ ეროვნულ სახეობებს ეძღვნება. ჰოდა, წერს თბილისელი კორესპონდენტი, ლელო-ბურთი რჱგბზე უფრო მარტივი, ცოცხალი, მიმზიდველია და მას ტაქტიკა-ტექნიკითაც ჯობსო!

1949 წლის აპრილში რომ გამოქვეყნდა სეზონის კალენდარი, მის თანახმად რჱგბის "ქალაქთა მატჩი" სექტემბრის მეორე ნახევარში, კიევში უნდა გამართულიყო. შეჯიბრი მართლაც მოეწყო ოქტომბრის დამდეგს და კვირაში სამჯერ გამომავალმა გაზეთმაც შეძლების და გვარად სრულად გაარჩია. თამაშებს თურმე 12-15 ათასი მოსეირე ესწრებოდა, ჩემპიონი კი გახდა მასპინძელთა გუნდი, რომელიც დამსახურებულმა ოსტატმა, ევგენი ივახინმა ხელბურთელებით (!) დააკომპლექტა.

>>>     1949 @ ქალაქთა მატჩი

4-9/10    კიევი, დინამოს სტადიონი

ბურევესტნიკი 9:6 ბაქო
კიევი 14:12 დინამო

დინამო

8:0

ბურევესტნიკი

ბაქო 11:6 რიაზანი

კიევი

17:0

რიაზანი

დინამო V:0 ბაქო

კიევი

6:0

ბაქო

ბურევესტნიკი V:0 რიაზანი

დინამო

93:0

რიაზანი

კიევი 12:0 ბურევესტნიკი

ქალაქთა 1949

მ-წ

გატ:გაშ

ფიზკ.ინსტ (კიევი) 4-0   49:12
დინამო (მოსკოვი) 3-1 (113:14)
ბურევესტნიკი (მ) 2-2     (9:26)
ნეფტიანიკი (ბაქო) 1-3   (17:21)
ბოლშევიკი (რიაზანი) 0-4       (6:121)

არსად წერია

1950 წლის კალენდარში არც რჱგბია და აღარც ხელბურთი, სანაცვლოდ კი შეტანილია სპინინგი - ანკესის შორსა და მიზანში ტყორცნა. ჟურნალ "ფიზკულტურა ი სპორტის" მაგავე და შემდეგი წლის თითო ნომერში, ფოტოზე და კარიკატურაზე, რჱგბი სასტიკ სპორტადაა წარმოჩენილი, ოღონდაც არსად წერია, მავნეა და მაგად აიკრძალაო.

საბჭოეთში რაგბის აღორძინება 1957 წელს, მოსკოვში გამართული "ახალგაზრდობის მსოფლიო ფესტივალის" შემდეგ დაიწყო. იმ ხანის ავტორიტეტმა, ანატოლი საროკინმა 1963 და 1968 წლებში რომ გამოსცა სახელმძღვანელოები, 1940-იანი წლების გამო შენიშნა, რჱგბმა მაშინ "ნამდვილი აღიარება ვერა ჰპოვაო"

1970-იან წლებში გამართული, "სოც ინდუსტრიის" საერთაშორისო ტურნირების პროგრამათა თანახმად, (მეორე მსოფლიო) ომის მომდევნო წლებში "რჱგბი ჩვენში თითქმის არ უთამაშიათ, მაგავე პერიოდის 100-გვერდა წელიწდეულებში კი ბრძანებენ იგორ ზორინი და დმიტრი როტოტაევი, 1950 წელს რჱგბის მატჩები შეწყდაო (პრეკრაწილის)

გენერალი ეაჯაო

სტალინიზმის განქიქებას კომ-პარტიამ 1956-61 წლები ამყოფინა, ალეკსეი ტალიზინმა კი პირველად "პერესტროიკის" დაისზეღა, 1989 წელს დაიჩივლა წიგნში, რჱგბი 1949 წელს, გაგანია ჩემპიონატში (!) "დახურეს კოსმოპოლიტიზმთან და დასავლეთის წინაშე ქედის-მხრელებთან ბრძოლის" საბაბითო.

იგივე აზრი, ოღონდაც უფრო დელიკატურად, გაიმეორა ევგენი საცკოვმა შარშანწინ გამოქვეყნებულ ნაშრომში, ესაო და რჱგბი 1949 წელს უჩუმრად (ნეგლასნო) იმად აკრძალეს, რომ "ბურჟუაზიულ, საბჭოთა ახალგაზრდობის სულისთვის შეუფერებელ სპორტად" მიიჩნიესო.

და ბოლოს, ქალაქში ცნობილმა პიროვნებამ და ქართული რაგბის ერთ-ერთმა პიონერმა, გოგი ყუფარაძემ გვითხრა, საროკინისა და მის ტოლთაგან ჯერ კიდევ 1960-იან წლებში მსმენია, რომ მავანი გენერალი ეაჯა სტალინს, რჱგბი მაგარი სპორტია და განვავითაროთო, მაგრამ ბელადი იმ ხანად თურმე ჩერჩილზე ყოფილა ნაწყენი და "არაფერი ინგლისურის გაგონება აღარა სურდა"

სულ სხვა დონისა

მოკლედ, ყველა ვერსიას, პირდაპირა თუ შემოვლით, მაინც სოსომდე მივყავართ. თავიდანვე შევნიშნავთ, რომ მისი ფან-კლუბის წევრად არ ვირიცხებით, მაგრამ კაცს თავისი ცოდვები ეყოფა და მოდით, სხვებისას ნუ ავკიდებთ, მით უფრო, თუ ბესარიონოვიჩი არ ყოფილა იმ დონის მოღვაწე, რომ ფიზკულტურაზე, სპორტზე და მით უფრო, "რაღაც რჱგბზე" დახურდავებულიყო.

დიახ, ბელადს დღე-ღამეში სულ რამდენიმე საათი ეძინა და 500 გვერდს კითხულობდა, მაგრამ სპორტთან მის წილ-ნაყარობაზე ისღა გაგვიგია, რომ უთამაშია ჭადრაკი და გარადკი; გაუჯორავს ციგურაობის შეფები, უცხოელები როგორ გჯობიანო; საძულველ იუგოსლავიასთან ჰელსინკის ოლიმპიადაზე წაგების გამო დაუშლია ფეხბურთის "ცედესა" და "ხალხთა მამის" რანგში ფიზკულტურელთა აღლუმებსაც ესწრებოდა.

სტალინმა პარტიაში გაამეფა ბიუროკრატია; გამოხშირა და დათრგუნა საზოგადოების მოაზროვნე სექტორი; შიმშილით გაწყვიტა უკრაინა; აყარა და მოუსავლეთში გადაასახლა მთის ხალხები; შეავიწროვა ებრაელობა; შექმნა გულაგები; გააწითლა ნახევარი ევროპა და პოლონეთი რუკაზე მარცხნივ გადაწია; აღვირი ამოდო მეცნიერებას, მწერლობასა და ხელოვნებას - ააკრძალვინა გენეტიკა, კიბერნეტიკა, ჯაზი და მოდერნისტული მხატვრობა, მაგრამ განა შეედრება ამათი იდეოლოგიური დატვირთვა ერთი, უჩინარი სპორტისას?

ღლაპებთან წააგეს

დღეს რაა რუსეთში რაგბი და ადვილი წარმოსადგენია, მაშინ რა იქნებოდა. ვინც ამ სერიალს კითხულობს, მოეხსენება, რომ რჱგბს ეტანებოდა მოსკოვის უნივერსალ ფიზკულტურელთა აქტივი. ეს ხალხი ბევრ სხვა სახეობაშიც ასპარეზობდა და ალალად ცდილობდა ოვალური ბურთის პერიფერიებში გავრცელებას, მაგრამ ცალკე რჱგბის სპეციფიკის (ბოლო ბოლო, რთული და ხიფათიანი თამაშია) და ცალკეც ბიუროკრატიულ წინაღობათა გამო, ხელ-შესახებს ვერაფერს მიაღწია.

თავად განსაჯეთ: დასრულდა ომი. ხალხს მოწყურდა ხალისი და სეირი. "სავეცკი სპორტი" სავსეა სიახლეებით მთელი საბჭოეთიდან, "სახალხო დემოკრატიის ქვეყნებიდან" და კაპიტალისტური უცხოეთიდანაც, "სტალიცაში" კი რჱგბის ორად-ორი ნორმალური გუნდია და ორიც წყალ-წაღებული. ამ ორმა ნორმალურმა თბილისში ჩამოსვლის შემდეგ 25 თვე (!) იუქმა და შემდეგს კიევს მიაშურა, მაგრამ ვერაფერი დააკლო ოვალურ ბურთს ცოტა ხნით ადრე ნაზიარებ ღლაპებს.

არადა, ქვეყანაში სპორტის ბუმია. ახლოვდება ოლიმპიური დებიუტი, რჱგბი და ხელბურთი კი ამ მხრივ უპერსპექტივონი არიან. ინერგება კანადური (!) ჰოკეი და მალე მთელი რუსეთის საყვარელ თამაშადაც იქცევა, ანუ რჱგბს უცხოურობის გამო არ აკრძალავდნენ. დაყადაღების საბაბი ვერ იქნებოდა სიხისტეც, რადგან კრივი და ჭიდაობანი ფრიად პატივში იყვნენ, და რჱგბელთა ნაწილის ებრაელობაც (კურმანი ლინდე იოგანსონი) არაფერ შუაში იყო, რაღაი მაშინ უნდა დაეხურათ ჭადრაკი (ბოტვინიკი ბრონშტეინი ლევენფიში)

მონავარდე კლანი

ნელი კვდომის მიზეზი, ეტყობა, თავად რჱგბის წიაღში იყო. "კრასნი/სავეცკი სპორტი" მეტ-ნაკლებად სრულად 12 წლისა (1934-40 1946-50) გავარჩიეთ და სტატიებში თითქმის არ (!) შეგვხვედრია უცხო-ქალაქელი (ბაქო თბილისი კიევი რიაზანი; მოსკოვური აქტივი (ნო ტიმოშენკო მიტროფანოვი მაკსიმოვი ციგანოვი) მათ არ ცნობდა და ოდენ "დავესკებად" აღიქვამდა, ანუ "სახეზეა" კლანი.

ამ კლანს რეპრესიებმა გამოაკლო ყოჩები (ჩერნიაკი პოლიაკი ლებეძევი. ტიმოშენკოს თანახმად, ომიდანაც ვერ დაბრუნდა ყველა. თანაც ბიჭები მობერდნენ - ტიმოშენკო რჱგბის დახურვისას 35 წლისა იყო. ამათ შინ, მოსკოვში ვერ დაედგათ საქმისთვის თავი და მაინც, პერიფერიაში განავარდებას ეშურებოდნენ მისიონერული მიზნებით.

ხსენებულ 25 თვეში ორი ასეთი "პაესტკა" მართლაც გაიჩარხა. კიევში, 1949 წელს, თვით საკავშირო ფიზ-კულტ-სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ამხ.ვერესკოვმა "ჩაიბარა" მონაწილეთა აღლუმი; გამარჯვებულ მასპინძლებს გარდამავალი (!) პრიზიც გადაეცათ, მაგრამ რომ დგებოდა 1950 წლის კალენდარი, ეტყობა, მავანმა მომჭირნე ბუღალტერმა კლანს მიუგო, გეყოთ ანცობაო.

ჰოდა, ამათ თავიანთი უვარგისობა ათი წლის შემდეგ ბელადს გადააბრალეს და თავზე მოწამეთა გვირგვინიც მოირგეს!

<<< >>>