უცხონი, თავ-გადახოტრილნი

   დეკემბერ-იანვარი ზედ-გამოჭრილია ისტორიის საკვლევად: რომ უქმობენ ბორჯღალოსნები, აქეთ ექვსი და იქეთ სამი ერი, ზე 15, ნრლ და სუპერ-ლიგაც, ჩავუჯექით საჯარო ბიბლიოთეკის კინძულებს და დედა-ქალაქის პირველი ჩემპიონის, "დინამოს" ერთიანად სლავური შემადგენლობაც კი დავადგინეთ.

 

რჱგბი      >>>    
1936-37
   >>>     მობრუნებულმა იფრთხილა
1938-40
   >>>     შარის შიშმა აბურთავათ?
გიგა დვალის, თედო სხიტლაძისა და იოსებ სტალინის ხანას ამჯერად "კომუნისტით" (რედაქტორი ვ.ხატიაშვილი) და "ახალგაზრდა კომუნისტით" (დ.მჭედლიშვილი, გ.ფირცხალავა) ჩავუღრმავდით, რაღაი ჩვენში აღარ გამოიცემოდა "ფიზკულტურელი. არადა, მსგავსი სახელის გაზეთი ომის დაწყების მერეც კი გამოდიოდა მოძმე აზერბაიჯანში.

"ამხანაგი დვალის" შესახებ წაგვეკითხა გაბრიელ ბარჯაძის წიგნში (1989) და იქ მოტანილი ვერსია სარწმუნოდ გვეცნო: ფიზკულტურელში მართლაც წერია მოსკოვის სასწავლო შეკრებაზე ტექნიკუმის სტუდენტის მივლინების ამბავი; "ზარია ვასტოკაში, ფეხბურთის აფიშებზე - რჱგბის ანონსი; და 1940 წლის "კრასნი სპორტში" ნიუზი, რომ თბილისში 1 დეკემბერს შემდგარა რჱგბი.

მწურთნელად დაინიშნა

დვალი ბარჯაძესა და რაგბის აქტივს 1987 წელს ორი ფოტოთი ხელ-დამშვენებული რომ წარუდგა, ხან-დაზმულობისა და ეგებ სხვა მიზეზთა გამოც, თავს გადამხდარს მთლად ზუსტად ვერ იხსენებდა, მაგრამ რუსულ წყაროთა ანალიზით დავასკვენით, რომ 1937 წელს ნასემინარევმა პიონერმა გუნდები შინ სამი წლის თავზეღა შექმნა:

რჱგბის უფროსობა რეპრესიებს რომ ემსხვერპლა და გაბუქული, მაგრამ ჩაშლილი თასის ნაცვლად უბადრუკი "ქალაქთა მატჩიღა" რომ ჩატარდა, ნორჩი გიგა გაირინდა, სიბერეში კი დიდ, დინამოვურ, პაიჭაძე - დოროხოვულ ფეხბურთს გადააბრალა თავისი პასიურობა, ესაო და მაგათი გადამკიდე საკავშირო შეჯიბრზე არ მიგვავლინესო.

მერე იყო და 1940 წელს უეცრად გამოქვეყნდა მუქარა-ნარევი ბრძანება, არიქა, ვინც სემინარზე გაგანათლეთ, სადა ხართ, რას საქმიანობთ, "ადგილებზე" რად არ ნერგავთ რჱგბსო. ჰოდა, გიგას ოდინდელი შეფის, საქართველოს სპორტის თავკაცის, სხირტლაძის ხელდასხმით ამხ.დვალი დაინიშნა გუნდების მწურთნელად და ინსტრუქტორთა მოსამზადებელი, მოკლე-ვადიანი სემინარიც გამართა.

კარგად მომზადებულანო

ეს ბოლო ამბავი ლაკონურად წერია 16 აგვისტოს კომკავშირული გაზეთის მეოთხე გვერდზე, "თბილისის" თემატურ ბლოკში, და ეგეცაა ნათქვამი, რომ "რჱგბი საქართველოსათვის (სსრ-ის გარეშე!) სპორტის სრულიად ახალი სახეა; 1 დეკემბერს კი პარტიული ორგანო, "კომუნისტი" ოსტატთა ფეხბურთზე უფრო დეტალურადაც (!?) არჩევს თბილისის პირველობის პირველ მატჩს.

გაზეთი წერს, რომ დინამო კარგადაა მომზადებული და გამოდის შემდეგი შემადგენლობით (იხ.ცხრილთან) მისი გაცნობისას სპორტული ექსპერტი, ინჟინერი ალეკო ქურდობაძე დაგვეთანხმა ვარაუდში, რომ დვალს "დინამოს" აბრით გამოუყვანია მავანი უცხო, მოახლოებული ომის გამო კავკასიაში გადმოყვანილი სამხედროები, რაკი იმ ინტერ- ნაციონალიზმის ხანაშიც კი, ძნელად რომ თბილისის გუნდის უკლებლივ ყველა (!) წევრი ალალი რუსი ყოფილიყო რაგინდარა (!) სპორტში.

ამას დვალი სიბერეში არც უარყოფდა. აკი უთქვამს ბიოგრაფიულ ცნობართა ავტორ დავით თაქთაქიშვილისთვის, რჱგბს ჩვენებურებზე მეტად რუსები ეტანებოდნენო, და "ქართული რაგბის მატიანეშიც" დაგვიწერია, რომ დინამოს ფოტოდან შემოგვცქერიან უცხო ჯილაგის, მეტწილად თავ-გადახოტრილი ჯეელები, რომლებიც აქ უთუოდ "ენ-კა-ვე-დეს" ხაზით იქნებოდნენ დისლოცირებულნი.

ჩემპიონის სახელწოდება

შეჯიბრზე "კომუნისტმა" ოთხჯერ დაწერა ოპერატიულად და "ახ-კომმაც" მზა მასალა ორჯერ გადაამღერა. ამდენად, ბეჯითი უცნობი "კორესპონდენტისა" მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის.

მისი წყალობით დღეს ვიცით ოთხივე (!) მონაწილის ვინაობა (დვალმა ვერ გაიხსენა "კავშირგაბმულობის ტექნიკუმი; ოთხი მატჩის გამართვის თარიღი, ადგილი და ასე განსაჯეთ, ანგარიშიც; ზოგის დაწყების დროც, და ისიც, რომ ტურნირი უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ ვვარაუდობთ, რომ დინამოსგან მოსრული სამედიცინო აღარ ეთამაშებოდა "სვიაზისტებსა" და ფიზკულტურის ტექნიკუმს.

ორივე კომუნისტის ბოლო სტატიებში წერია, მოიგო რა ყველა შეხვედრა, დინამოს გუნდმა მოიპოვა თბილისის ჩემპიონის სახელწოდება (!) რჱგბ(ი)შიო.

იქვეა ვლ.გინზბურგის გადაღებული, მკრთალი ფოტო, რომელზეც დინამოს სამოსი და იერიც ემთხვევა დვალის მიერ მოტანილი, უკვე ბევრგან გამოქვეყნებული სურათისას, გუნდის ჩამონათვალი კი ალბათ მიყვება იმ-დროინდელ მსოფლიო წესებს: 1941 წელს გამოცემულ რუსულ ბროშურაში ფულბეკი 1 ნომერია, ჰავბეკი 7, მორკინალებს კი ნომრებად 8-დან 15-მდე რიცხვები ერგებათ.

კარელიელი მფრინავი?

ჩემპიონები უცხო-ტომელები რომ იყვნენ, არ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ მოვლენა ქართული რაგბის ისტორიაში არ ჩავთვალოთ, რაღაი პირველობა თბილისისა (!) იყო და სხვა, ძლეული გუნდების მოთამაშენიც უდაოდ ჩვენებურები იქნებოდნენ. დინამოელთაგან არავისი გვარი არ შეგვხვედრია იმავე ორი გაზეთის ნახევარ-წლიან კინძულათა სპორტულ ცნობებში, კაპიტანი ბოჩინი კი შეიძლება ყოფილიყო მომავალი "საბჭოეთის გმირი, კარელიელი მფრინავი პჲოტრ ანტონოვიჩი.

დინამოელთა არა-აქაურობის ვერსიას "კრასნი სპორტის" მასალებიც ამაგრებს. შემდეგ, 1941 წელს რჱგბი ღონისძიებათა კალენდარში აღარაა, 27 მაისს კი, რვა წელში ბარემ მეოთხედ (!) წერია, რომ რჱგბი მარგი სპორტია; რომ ავითარებს თვისებებს, რომლებიც აუცილებელია ომში; რომ ფიზკულტურულ ორგანიზაციებსა და მსხვილ ქარხნებს ევალებათ გუნდების ყოლა, მაგრამ ვაგლახ, რომ მოსკოვში შეუწყნარებლად ცოტა, ხუთი (!) გუნდიღა დარჩა.

სტატია 28 აპრილის "პრავდის" მოწინავესაც იმოწმებს და სათაურად "ავაღორძინოთ რჱგბი" აქვს. ანონიმი ავტორი შენიშნავს, რომ დაუშლიათ გუნდები სპარტაკს, კრილია სავეტოვს (!) მეტალურგს, სტალინეცს, კაუჩუკს, ისკუსტვოს ... ჩვენი მხრივ დავამატებთ, რომ მაგ დროსვე გაუჩინარდნენ "დინამო(ბოლშევო" და "შკოლა ვციკ"

ამათგან მინიმუმ სამი შეიძლებოდა გამხდარიყო "დინამო (ტბილისი, სხვაფრივ კი მოსკოვის პირველობა 1941 წლის 18 ივნისს, ომის დაწყებამდე ოთხი დღით ადრე, გაჩაღებულა და მოქმედი ჩემპიონი "ბურევესტნიკი" (კოოპერატორები) 11:3 უძლევია "დინამოს"

 

>>>    თბილისის პირველობა

ლენინისა და ლ.პ.ბერიას$ სახ.სტადიონები

28/11 დინამო   9:3 კავშირ.ტექ

  1/12

დინამო

35:0

სამედიც.ინს

  ფიზკ.ტექ   3:0 კავშირ.ტექ

  5/12

დინამო $

24:5

ფიზკ.ტექ

  8/12

ფიზკ/კავშ

 X:0

სამედიც.ინს

ქალაქი 1940

მ-წ

გატ:გაშ

დინამო (ტბილისი) 3-0 68:8
ფიზკულტურული 1-1 8:24
კავშირგაბმულობა 0-2 3:12
სამედიცინო 0-1 0:35

დინამო: ბოჩინი^კაპ ვორონცოვი მეშჩერიაკოვი დერკოვი მამონტოვი <6-7> კონონოვი როდინი / ტარასოვი დიომინი კოზლოვი; პოდნებესნი ლიტვინენკო; ანკუდინოვი ლიხობაბა ვოლკოვი * მრქ) სემიონოვი ^ მწ) გიგა დვალი

მსაჯი ი.ვოლობუევი