პირველად, ტექნიკუმში

   ასე ხშირად მომსვლია - ერთი რამ მიძებნია და სულ სხვას გადავწყდომივარ. აგერ, ზაფხულში, 1935 წლის საკავშირო პირველობაზე ტფილელ ფეხ-ბურთელთა თავ-გადასავალს რომ ვიკვლევდი, საჯარო ბიბლიოთეკის კინძულებში პირველ ქართულ სარაგბო სტატიას, პირველი თბილისური მატჩის თარიღსა და ვინძლო უძველეს ფოტოსაც მივაგენი.

რჱგბი      >>>    
1936-37
   >>>     მობრუნებულმა იფრთხილა
1938-40
   >>>     შარის შიშმა აბურთავათ?
1940           >>>     უცხონი, თავ-გადახოტრილნი

ცოტა შორიდან დავიწყებ. ნოემბრის დამდეგს ფორუმის ამქარმა ჩვენებურად, მოკრძალებულად, დინჯი, ოღონდაც გამალებული პოსტვით აღვნიშნეთ ქალაქური ფუთ-ბოლის 100 წლის თავი. მაშინვე მაგ იუბილეს ერთი, კინკილა, მაგრამ საფუძვლიანი სტატია რომ მიეძღვნა, იმაში ვაქეთ ამირან ცამციშვილის ნახევარი საუკუნის წინდელი ნაშრომი, რომლის 38-ე გვერდზეც დასკვნად წერია,

"ფეხბურთის ისტორია საქართველოში იწყება 1894 წლიდან - იმ დროიდან, როცა ბათუმელ ლელო-ბურთელებს ინგლისელი მეზღვაურები ჩაერივნენ და ფეხბურთ-ლელობურთი გაჩაღდაო"

ქესტუმ, ბატონო ამირან! თქვენ რომ წიგნი ასაწყობად ჩააბარეთ
1960 წლის 15 ოქტომბერს, რესპუბლიკაში რჱგბის აღორძინების დაწყებიდან სრული ერთი წელი იყო გასული, მაგრამ ეგ ამბავი მასებს ჯერ ვერ შეეტყოთ, რაღაი "ლელომ" ერთი თვის შემდეგღა ახარათ.

სხფაფრივ, ბათუმური ნაზავი, გინდაც ჰიბრიდი თუ აჯაფსანდალი, ფეხბურთზე მეტად რაგბი რომ იქნებოდა, მაგას, გინდ თქვენი ეპოქის და გინდაც ამჟამინდელი გადმოსახედიდან, წყალი არ გაუვა, მაგრამ ამ საახალწლოდ არ გავკადნიერდები და იმის მტკიცებას აღარ მოვყვები, რომ ქართული რაგბი სათავეს 1894 წლიდან იღებს.

მაშინაც ზელანდია

ამჯერად 1935 წელში ჩაყურყუმელავება ვიკმაროთ. შარშანდლიდან გამოიცემოდა ორ-ენოვანი გაზეთი "საქართველოს ფიზკულტურელი / ფიზკულტურნიკ გრუზიი" (რედაქტორი შ.ქაჯაია) მასში 22 აპრილს, რუბრიკით "საბჭოთა კავშირში, ქართულად დაიბეჭდა უსურათო,
9-აბზაცა, ხელ-მოუწერელი სტატია, სათაურად "რჱგბი მოსკოვში"

ავტორი იმ დროს დადგენილ ყაიდაზე წერს, რჱგბი ახალი სახეა, საბჭოეთში ჯერ არ განვითარებულა, მაგრამ ორგანიზაციებში იკითხება ლექციები, იმართება თათბირები (!) და ზოგან გუნდი რომ ჩამოყალიბდა, ვარჯიშიც მიმდინარეობს, ხოლო უანნომ (კორექტურაა: უნდა იყოს "ჟან ნო) მოსკოვის საბჭოში სექციაც შექმნაო.

უცხოეთში უკეთ ყოფილა საქმე. თამაში ინგლისის ქალაქ რჱგბაში ჩასახულა 1850 წელს და ბოლო ათ-წლეულში თურმე ფეხბურთზე პოპულარულიც (?!) გამხდარა; "სპორტის მოწინავე ქვეყნებში" ეწყობოდა ჩემპიონატები - არადა, საფრანგეთის მეტგან არსად; უძლიერეს გუნდად კი თურმე მაშინაც ახალი ზელანდია ითვლებოდა!

ბოლოსკენ მწერალი შენიშნავს, რჱგბი "მოითხოვს კარგად მომზადებულ, მარდ, მოხერხებულ, გულად და ღონიერ მოთამაშესო" და მოუწოდებს "საბჭოთა საქართველოს" ფიზკულტურულ ორგანიზაციებს, რომ მათაც განავითარონ სპორტის ეს სახე.

არა-ინგლისური ფეხბურთი

და მართლაც, ერთი თვის შემდეგ, 31 მაისს, პირველ გვერდზე, ტიტულის მარჯვნივ, 5-აბზაცა, რუსული ნიუზია, სათაურად "რჱგბის პირველი მატჩი. მის თანახმად, 24 მაისს (შესწი-დნევკის უქმე დღეს) ტფილისში, ლენინის სტადიონზე (ახლანდელ ოქროს უბანში) ამიერ-კავკასიაში პირველად (!) უთამაშიათ რჱგბი, ანუ ამერიკული ფეხბურთი (ამერიკანსკი ფუთბოლ)

აქ აუცილებლად უნდა განვმარტოთ სახელთა აღრევა. ეგ იანკური თამაში ტფილისში, ეტყობა, ადრევე ენახათ უცხოურ კინო-სურათებში; რაც კი რამ იმ დროს რაგბზე დაწერილა ჩვენში ან მოსკოვში, ყველაში თქმულა, რომ "ევროპული რჱგბი დიდად განსხვავდება ამერიკულისგან, რომელიც იმდენად მკაცრია, რომ ხშირად მოთამაშენი ცოცხალ-მკვდარი, საკაცურებით გააქვთ მინდვრიდან" - მაგრამ ლიანგს სიახლე ინგლისურ ფეხბურთში რომ არ არეოდა, რჱგბი მაინც ამერიკულად მიასაღეს!

ნიუზში წერია, რჱგბი ბევრი რამით ჰგავს ქართულ ლელოსო და ეგეც ხაზ-გასმულია, რომ ბურთის წინ გაგზავნა მხოლოდ ფეხით შეიძლება, მატჩის მონაწილეებად კი დასახელებული არიან ლენინის სტადიონზევე 1933 წლიდან, მიხეილ ანთიმოზის ძე გორგაძის მიერ დაარსებული "ფიზკულტურის ტექნიკუმის" გუნდები: გაუმარჯვნია მეორეს, ოღონდაც გაზეთს ანგარიში არ დაუწერია.

გამოგორების დარი

მაგავე პერიოდში ტფილისშივე რუსულად, გრაფიკის ჩამორჩენით გამოიცემოდა ფერად-ყდიანი ჟურნალი "ფიზკულტურნიკ ზაკავკაზია. სასტამბო მონაცემებიდან ირკვევა, რომ აპრილ-მაისის ნომერი თვე-ნახევარი იწყობოდა და შუა ივლისშიღა გამოვიდა, 7-8 გვერდებზე კი ჟურნალიდან "ზა რუბეჟომ" გადმოღებლია ნ.სევიჯის ნაკვევი "რჱგბი"

ახლანდელი საზომით ამ ნაწერის ფასეულობა ნულია. მოტანილია ვებ ელისის მითი. ამერიკულის გარდა, გათათხულია ფრანგული რაგბიც, ილუსტრაციად კი, ძალოსნობისა და ავია-სპორტის გარდა, სტატიას ახლავს ტექნიკუმელთა რაგბობის ფოტოც. მინაწერის თანახმად, ეგაა "მომენტ იგრი; იერით ეპიზოდი უფრო ვარჯიშსა ჰგავს, ეგ კი ნაღდია, რომ სურათი 28 მაისამდე, ანუ სტამბაში "ჩაშვებამდეა" გადაღებული.

პურისტებს ეწყინებათ და მომენტი 13-კაცური გამოგორების დარია - მაშინდელ ინფორმაციულ ვაკუუმში ჩვენებს შეიძლება მართლა ლიგის წესები ეშოვნათ და რაგბისა ჰგონებოდათ - იგივე მოხდა დიდი ხნის შემდეგ იუგოსლავიაში. ძველები (და არა მარტო ფიზკულტურელები) უეჭველად ამოიცნობდნენ ფოტოზე აღბეჭდილებს, იმის შანსი კი, რომ ოდესმე წარწერიანი დედანიც გამოჩნდეს, ვაი, რომ იოტის ოდენია.

პირადი პირველობაცო

ამ ამბებიდან ბარემ ორი წელი რომ გავიდა, მერეღა მიავლინა ტექნიკუმის ახალმა დირექტორმა, თედო სხირტლაძემ (ალბათ ახალი) სტუდენტი გიგა დვალი მოსკოვს, საკავშირო სემინარზე, 1935 წლის
28 ოქტომბრის "ფიზკულტურელში" კი ქართულადვე ორი რაგბული მასალაა - ტფილისისა და მოსკოვის შესახებ.

პირველის თანახმად, საბჭოეთის "ფიზკულტურის უმაღლეს საბჭოს (ფკუს) დაუდგენია, რომ 1936 წლის აპრილში, ტფილისში გამართულიყო "რჱგბის მოკლე-ვადიანი საკავშირო სკოლა" და მაგავე წელს "საბჭოთა რჱგბისტები" ფრანგ მუშებს შებმოდნენ. ამ წამოწყებათაგან, ჩვენი მონაცემებით, არა გამოვიდა რა, ტფილისის სკოლის ამბავმა კი უცხოეთშიც გააღწია და ლატვიურ "სპორტა პასაულეში" მოხვდა.

მოსკოვის გამო ქართულ გაზეთში წერია, რომ შემოდგომის "გათამაშებაც" "დინამომ" მოიგო; რომ გაიზარდა საბჭოთა რჱგბისტების კლასი; რომ ზოგიერთმა მიაღწია "სრულ ყოფილ ოსტატობას" და რომ "სპეციალისტების დასკვნით, მოსკოვის ნაკრები არ ჩამოუვარდება დასავლეთის პროფესიონალურ (!?) გუნდებს"

არადა, იმ-დროინდელ საბჭოეთში ისე ღრმად ესმოდათ ეგ რჱგბი, რომ 15 დეკემბერს გამოქვეყნებული კალენდრით, გაისად გუნდურის გარდა, პირადი (!!) პირველობაც უნდა გაემართათ (მოსკოვი 23-24/09)

ზელიმ-ხან მობურთალთ-ბეგი
ძველებურ მუღამთა განთქმული ტრფიალი