ათ წუთში სამჯერ, ბექებით!

   შემოდგომის ტესტების ფინიშზე მზარდმა ინგლისმა ეშხიანად გააბურთავა მსოფლიოს ჩემპიონი ზელანდია, ავსტრალიამ კი ბოლო შეტევაშიღა დაალელოვა უელსი და 3 დეკემბერს დანიშნული, 2015 წლის მსოფლიო თასის წილისყრის მესამე ფიალამდე დააქვეითა.

ზელანდიას შარშანდელი "სამი ერის" აქეთ დაუმარცხებლივ ზედიზედ 20 ტესტი ეთამაშა. კივებს ევროპულ ტურნეზე ბოლოჯერ ათი წლის წინ (2002) ინგლისთანვე წაეგოთ, მას აქეთ კი მიჯრით 26-ჯერ ეძლიათ 6ერელი მასპინძელი. "ოლ ბლექსს" მიყოლებით 9-ჯერ დაემარცხებინა "ვარდები, მაგრამ შუა კვირაში ფაღარათი შეეყარა და დაძაბუნდა.

ინგლისმა 1905 წლიდან მოყოლებული, 35 შეყრაზე ოდენ მეშვიდედ ძლია ზელანდია და არნახული სხვაობითაც, 17 ქულით! პირველი ტაიმი ჭიდილში გაილია, მეორეში კი ბურთაობა გაჩაღდა და ექვსი ლელო დაიდო. კივებმა ბრიტებს უცებ გაუბათილეს 15-ქულიანი ფორა, მაგრამ მასპინძლებიც გალაღდნენ და სამოელი მანუ ტუილანგის წყალობით, ათ წუთში ბექებით სამჯერ დაალელოვეს შავები.

ბურთი დაუძვირეს

დენ ქართერს 0:0-სა და 0:3-ზე გაუცუდდა ჯარიმები. მანვე სამჯერ გაატარა მეტოქე, რიჩი მაკქოუს, ქიარან რიდს, მა ნონუსა და არონ სმითს კი ორ-ორჯერ გაექცათ ბურთიანი. მასპინძელთა ნორჩმა მგეზავმა, ოუენ ფარელმა ზედიზედ შეაგდო ხუთი გოლი, ინგლისმა კი ისე დაუძვირა ბურთი მეტოქეს, რომ შესვენების წინა 10-წუთა მონაკვეთში პროცენტულად 83-17 აჯობა.

0:15-ზე ზელანდია გამწარდა და ბურთაობა ააწყო. ბრიტებს ფარელის ორი შეცდომა წყვილ ლელოდ დაუჯდათ: ჯერ ჯულიან სავეამ იფრინა ოთხი მბოჭავი, მერე კი იზრაელ დეგმა გამოაქცუნა კიდეზე მოუგერიებელი და ბექებმა რიდი ლელოში შეაბრძანეს * 14:15. ასეთი მარცხი რაგინდარა გუნდს გატეხდა, მაგრამ არ დაიბნა ინგლისი, ვისაც 23-კაცა რაზმში ერთი 50-კეპოსანიც კი არა ჰყავდა.

გააბითურა, მიიზიდა, შეაფრინა

უმალ აიწყვიტეს ბექებმა: აფრიკელმა ბრედლი ბარითმა ხაზი გაჭრა და ტუილანგთან წაიპასავა. მერე მანუმ გააბითურა თვით ქართერი, მიიზიდა დეგი და ქრის ეშთონი ლელოში შეაფრინა, ბოლოს კი სამოელმა რიდს ჩაუჭრა პასი და არხეინად გაიქცა * 32:14

ამ დროს ბითუმი შეცვლები გაკეთდა. ინგლისმა კიდევ ორი ჯარიმა შეაგდო, სავეამ კი თუმც ლელო დადო, ბოლო წუთებზე წითელ ზოლში დაუვარდათ ოვალი სემ ვაითლოქსა და ვიქთორ ვიტოს, ჩარლი ფაუმუინამ კი ძალით შეტანილი ვეღარ დაამიწა.

შეცურებულთან მიასწრო

ზელანდია სთივ ჰანსენის ხელქვეით 14 მატჩში პირველად დამარცხდა. 15-ტესტიანი მარათონი დაასრულა ავსტრალიამ - უელსი ბოლო 13 თვეში მეექვსედაც (!) ძლია, "ექვსი ერის" სლემით მომგებმა კელტებმა კი მილენიუმზე შემოდგომის ოთხივე ტესტი წააგეს (არგ სამ ზელ)

79 წუთი ულელოოდ გაილია. ქერთლი ბილმა ხუთი ჯარიმიდან შეაგდო სამი, ლი ჰაფპენიმ - ოთხი, მაიქ ჰარისმა ააცილა 9:12-ზე, ბერიქ ბარნსს კი 9:6-ზე არეკნი გაუცუდდა. მანვე შებოჭა ალექს ქასბერთი 0:0-ზე, როცა უელსმა თავისი ლელოდან თამამად შეუტია, 6:3-ზე კი ჰაფპენის მიერ შეცურებულთან ვაიქლიფ პალუმ მიასწრო სემ ვორბერთონსა და თობი ფალეტაუს.

ორის გამოტოვებით

უელსს მალევე დაემტვრა მეორე-ხაზელი ლუქ ჩართერისი, ხოლო ოზებს - მარბიელი სქოთ ჰიგინბოთამი. კვანძი ბოლო წუთზე გაიხსნა: მასპინძლები 12:9 იგებდნენ, ბარნსმა თავის ნახევარზე, ორი კაცის გამოტოვებით რომ გააქცუნა ჰარისი, ამან კი დეივ დენისი, ვინც შიგნით დაუბრუნა ბილს და ლტოლვილს ვეღარ დაეწია ქასბერთი.

ამ ეპიზოდში ჰაფპენიმ კისერი იტკინა და საკაცით გასაყვანი შეიქნა, რის გამოც ნეითან შარპი რვა (!) წუთი ემზადა გარდასახვისთვის. ბებერმა ფორვარდმა ბურთი სწორად დაგეზა, მაგრამ კარს ვერ უწია და მაინც ბედნიერმა დაასრულა 116-ტესტიანი კარიერა, უელსი კი ირბ-ის რეიტინგის მოწინავე რვეულში არგენტინამ შეცვალა.

ოსკარები ჩამორიგდება

მსოფლიო თასის წილისყრა ორშაბათს, 3 დეკემბერს, ლონდონში, ჩვენებურად 19 საათზე დაიწყება და მსოფლიო თასის საითზე დაისთრიმება.

შოუს პროგრამაში ირბ-ის ოსკართა ჩამორიგებაცაა. 2012 წლის საუკეთესო მორაგბეობაზე წარდგენილნი არიან:

რიჩი მაკქოუ (ზელ, დენ ქართერ (ზელ, ფრედი მიშალაკ (სფრ) და ოუენ ფარელ (ინგ) 

ფანობამ კი წლის ლელოდ სცნო ის, რომელიც 15 სექტემბერს, ზელანდიას, დანიდინში დაუდო აფრიკელმა ბრაიან ჰაბანამ.

 

2012 ჩრდილოური ტესტები  >>>

ჩაროზი (მეოთხე ვიქენდი)

<<   ინგლისი 38:21 ზელანდია

ინგ: გუდ ეშთონ ტუილანგი (ჯოზეფ 68) ბარით ბრაუნ <10-9> ფარელ (ბერნს 65) ბ.იანგს (ქეა 69) / კორბისიერო (ვუნიპოლა 68 სბ 74) თ.იანგს (პეის 73) ქოულ (ვილსონ 73) ლონჩბრი (ლოზ 68) პარლინგ; ვუდ (ქოულ 79) რობშოუ^კაპ მორგან (ჰესქელ 58) - 3ლ: ბარით ეშთონ ტუილანგი; გ ა: ფარელ; 6ჯ: ფარელ 4, ბერნს 2

ზელ: დეგ (ბ.სმით 71) ჯეინ ქ.სმით ნონუ სავეა <10-9> ქართერ (ქრუდენ 65) ა.სმით (ვიპუ 65) / ვუდქოქ (ქროქეთ 68) მეალამუ (ქოულზ 63) ო.ფრენქს (ფაუმუინა 54) რეთალიქ (რომანო 50) ვაითლოქ; მესამ (ვიტო 63) მაკქოუ^კაპ რიდ - 3ლ: სავეა (1 3) რიდ; 3გ: ქართერ 2, ქრუდენ

რეფ ქლენზი (ირლ) 1/12 @ ლონდონი, თვიქნემ (82 ათასი)   ვიდეო

3:0(26) 6:0(33) 9:0(38) 12:0(40+) / 15:0(43) 15:7(49) 15:14(53) 20:14(54) 25:14(59) 32:14(63) 35:14(67) 38:14(73) სბ(74ი) 38:21(76)

<<   უელსი 12:14 ავსტრალია

უელ: ჰაფპენი ქასბერთ ჯ.დევის რობერთს ლმ.ვილიამს <10-9> პრისთლენდ ფილიპს / ჯენქინს რის (ოუენს 66) ენდრიუზ; რიდ ჩართერის (რ.ჯოუნზ 4-7, 41) შინგლერ ვორბერთონ^კაპ ფალეტაუ (თიპურიქ 66) - 4ჯ: ჰაფპენი

ავს: ბარნს ქამინს (იოანე 49) ეშლი-ქუპერ ტაპუაი (ჰარის 59) მიჩელ <10-9> ბილ ფიპს / რობინსონ (სლიპერ 62) პოლოტა-ნაუ (მურ 41) ელიგზანდერ (კეპუ 69) დაგლას (ჰუპერ 53) შარპ^კაპ; ჰიგინბოთამ (დენის 16) პოქოქ პალუ - ლ 3ჯ: ბილ

რეფ ბარნს (ინგ) 1/12 @ კარდიფი, მილენიუმ (58 ათასი)   ვიდეო

0:3(16) 3:3(19) 6:3(24) 6:6(28) 6:9(37) ნახ(40+2) /
9:9(56) 12:9(61) 12:14(80) ბოლო(80+8)

ირბ-ის რეიტინგი (3/12) და
2015 წლის მსოფლიო თასის წილისყრის ფიალები

I) 1 ზელანდია 9008, 2 აფრიკა 8694, 3 ავსტრალია 8687,
4 საფრანგეთი 8507

II) 5 ინგლისი 8390, 6 ირლანდია 8022, 7 სამოა 7871, 8 არგენტინა 7871

III) 9 უელსი 7839, 10 იტალია 7624, 11 ტონგა 7610, 12 შოტლანდია 7583

+/-: ინგ 283 ზელ, ავს 56 უელ

IV) ზღვისრეთი#1 (ფიჯი, ევროპა#1 (საქართველო, აზია#1 (იაპონია, ამერიკა#1 (კანადა)

V) აფრიკა#1 (ზიმბაბვე, ევროპა#2 (რუმინეთი, ამერიკა#2 (შტატები, რეპეშაჟი (ევროპა#3 - აფრიკა#2 // ამერიკა#3 - აზია#2)

www.000webhost.com