რაგბის აკიდო # 05

გამოდის კვირაში 6-ჯერ;
რაგბი სრული გვერდია;
ღირს 60 თეთრი!

*   "ვიცოდი, დღეს რაღაც გამეხარდებოდა" და სანზარმა საგაისო (2015) ზერაგბის განრიგი გამოაქვეყნა - თან ისე კოხტა ფორმით, რომ პრინტერზე, რა ზომაზეც გაწყობს, ისე ამობეჭდავ. მსოფლიო თასის გამო ივნისში სამხრეთის ტესტები რომ გაუქმდა, ბოლო, მე-20 "ზე 15" უწყვეტად, ზედიზედ 21 კვირას გასტანს: 13 თებერვალს დაიწყება და 4 ივლისს, ფინალით დაგვირგვინდება. ამით ცხრილი ყოველ რაუნდში სწორი იქნება, ვორათაზი კი ქრუსეიდერზს 23 მაისს მიიღებს.

*   "მუხლჩაუხრელად შრომობს" ირბ-ის სტატანალიზის სამსახური და  ფასდაუდებელი დასკვნებით გვაპურებს. ივნისში, ავჭალაში რომ გავმართეთ 4-გუნდა ტურნირი და მეორე ადგილზე დავაფინიშეთ, ჩვენი 8 ლელოდან 5 მორკინალებს გაუტანიათ; 4 ლელო უპასებოდ (!) დაგვიდია; ბურთი ყველა მატჩში მეტოქეზე მეტი გვქონია; დერეფანში ყველა დაგვიჯაბნია და იმათ მოწოდებაზეც კი ვხტებოდით; და თურმე სხვებზე ხშირადაც ვჯარიმდებოდით, მათ შორის - შერკინებაშიც.

*   რაგბეთი აღტაცებულია "ოლ ბლექ" მაჰა ნონუს ვაჟკაცობით: კაცს პირველი ტაიმის ბოლო მკლავ-მოტეხილს უთამაშნია, შესვენებაზე კი ტკივილს არ შეპუებია, კვართი გაუძვრია და სუვენირად გაუგზავნია აფრიკელი ვიზავის, ჟან დევილიერსისთვის, მაისურათა გაცვლა წესია, მე კი ჰოსპიტალში მივყავარ საოპერაციოდ და ბანკეტზე ალბათ ვეღარ გნახავო. დევილიერსმა იმ დღეს მეასე კეპი მიითვალა, რის გამოც რიჩი მაკქოუმ ვეება შამპანური მიუძღვნა. დიახ, რაგბული ძმობა სულ სხვაა!

*   "შარო, საიდან მოდიხარო" და ინგლისის ახალმა, თეთრმა და მეწამულმა, ვარდის შუაში მქონე, "ქენთებრის" კვართებმა აღაშფოთა "ვიქთორიას ჯვრის" საზოგადოება, ჩვენს უკითხავად ნაწარმს გულისპირზე როგორ დააკარით ციცქნა, ჯვრის ფორმის რეზინებით აგებული ბადეო. კვართი 91 გირვანქა ღირს; "ვიქთორია ქროს" ბრიტანულ ჯარში ყველაზე საპატიო მედალია, რაგბული ქველ მოქმედებით კი სამხედრო ფონდებს აქამდე 2 მილიონი მისვლიათ.

*   ბობოქრობს საფრანგეთისა და სრულიად ევროპის ფალავნის, ტულონის პატრონი მურად ბუჯელალი, ჩემი ფული უელსის, არგენტინისა და სამხრეთი აფრიკის ნაკრებთა წარმატებას რად უნდა ხმარდებოდესო. შეფი ეჭვობს, რომ უელსელი ლი ჰაფპენი კლუბში საზარდულმტკივანი ჩავიდა, თავს ზოგავს და მაგად უქმობს, და ითხოვს, "ოთხ ერზე" პაუზა რომაა, ბოკე ბრაიან ჰაბანა და პუმა ხუან-მარტინ ფერნანდესი მომეშველონ, თორემ ხელფასს დავუქვითავო.

*   "ო, რიო, რიო!"  2016 ოლიმპიადის მასპინძელი ქალაქი მაგნიტივით იზიდავს და თავგზასაც უბნევს მორაგბეებს. აგერ, 30 წლის ინგლისელი ქალი, მარბიელი მეგი ალფონსი ნაკრებს შეეშვა მას შემდეგ, რაც მსოფლიო თასი მესამე ცდით შემართა, 74 კეპი მოაგროვა და "ექვსი ერიც" ზედიზედ 7-ჯერ მოიგო სლემით, მაგრამ ბრაზილიაში 7-ქალას სათამაშოდ კი არა, მძლეოსნად აპირებს ჩასვლას, ესაო და ბადროს ტყორცნასა და ბირთვის კვრაში აქამდე მე ვარ რეკორდსგერლიო.

www.000webhost.com