დახიეთო და ქესტუმ!

   წინა კვირაში რაგბის წესებს ჯერ მძლეთამძლე "ოლ ბლექსის" გურუმ, სთივ ჰანსენმა გაჰკრა კბილი, მერე კი გაცხადდა, რომ 2016 წლიდან სამხრეთი ნახევარსფერო სულაც "ქესტუმის" შემოღებას ფიქრობს.

გამოდის კვირაში 6-ჯერ;
რაგბი სრული გვერდია;
ღირს 60 თეთრი!

ჰანსენის გუნდი ზედიზედ იმარჯვებს, მოძღვარს კი მაინც არ მოსწონს მსაჯობა. კივი სპეციალისტის თანახმად, რაგბი ძნელი განსასჯელია, რადგან წესი აქვს ერთობ ბევრი და ისეც დაწერილი, რომ ინგლისურად მოსაუბრესვე უჭირს მათი გააზრება, ხოლო შედეგს ის განაპირობებს, თუ მსაჯი რას შეამჩნევს და მომხდარს როგორ შეაფასებს.

ჰანსენი იქადნება, ჩემი ნება რომ იყოს, არსებულ წესების წიგნს დავხევდი და რაც აუცილებელია, ახალში იმასღა შევიტანდიო, მაგრამ ის კი ავიწყდება, რომ დროდადრო ირბ-ელი მოაზროვნეებიც მაგასვე წამოიწყებენ ხოლმე და მაინც არაფერი გამოსდით, რისი ბოლო მაგალითიცაა 2008 წლის პროექტის, "საცდელ წესთა" ჩაფლავება.

პრობლემა ყოფილა ისიც, რომ მსაჯებს ერთბაშად რამდენიმე ბატონი ჰყავთ. მაგალითად, ზელანდიელი საერთაშორისო რეფი ანგარიშ-ვალდებულია საკუთარი კავშირის, სამხრეთის "სანზარ" ალიანსისა და ირბ-ის დუბლინის ოფისის წინაშე და დიდ თამაშს რომ გაუძღვება, ერთბაშად სამი უფროსისგან მოსდის მეტწილად რადიკალურად განსხვავებული შეფასება, რაც თავგზას უბნევს.

მერე კიდევ, ჰანსენის აზრით, უნდა შეიქმნას ბრიგადები, რათა რეფი და ორიც თანა-მსაჯი შეხმატკბილდნენ. ბრიგადამ ერთი და იმავე შემადგენლობით ბევრი უნდა იმსაჯობს და ნიშანიც საერთო დაეწეროს, ანუ უნდა შეფასდეს მისი ერთობლივი ქმედება, და არა თითოეული წევრისა ცალ-ცალკე.

დაგმართებს? გაუპროტესტებ!

"ქესტუმ" ნარდიდან ვიცით, მეტოქეს რომ გაგორებულზე დაუფარებ და დასმულს არ ათამაშებინებ, სანზარის გეგმით კი, მსაჯი რომ მოგდგება და რამეს დაგმართებს, განაჩენს გაუპროტესტებ და საქმეს ტელირეფი გაარჩევს. თუ ამან რეფერი გაამტყუნა, უსწორო განაჩენი გაუქმდება, თუ არა და შარიანობის გამო, აქეთ დაისჯები.

სანზარს ამაზე ოფიციალურად ჯერ არსად დაუწერია, მაგრამ სიდნის გაზეთებს რა დაემალებათ და ინფოც განგებ გაჟონილი ჩანს, რათა რაგბეთი სიახლისთვის შეამზადონ და ირბ-ის რეაქციაც შეამოწმონ. ყოველმხრივ მოწინავე სანზარს დუბლინში ბევრი მოშურნე ჰყავს და 2015 წლის მსოფლიო თასის ჩათვლით, ვერც ვერაფერს შეცვლის, მერე კი შეუძლია მოითხოვოს, მარგი იდეაა და შინ გამასინჯვინეთო.

სააგენტოთა და ბობოლა საითთა თანახმად, მსგავსი სისტემა უკვე მოქმედებს კრიკეტსა და ჩოგბურთში, "პლანეტ რაგბის" ყოფილმა რედაქტორმა, დანი სთივენსმა კი პირდაპირ დაწერა, ეგ სპორტები რაგბთან რა მოსატანია; ჩვენ უფრო ის გვაინტერესებს, ქესტუმი როგორ ხორციელდება მონათესავე ამერიკულ ბურთაობაშიო.

იანკებთან ამ პროცედურას "ჩელენჯ" ჰქვია. ვიდრე თამაში დაუნით განახლდება, მწვრთნელი ჯიბიდან ამოიღებს წითელ ალამს (რედ ფლეგ) და კიდეზე დააგდებს. გურუს ამის გაკეთება მატჩში ორჯერ შეუძლია, ხოლო თუ ორივეჯერ მართალი აღმოჩნდა - მესამედაც! სამაგიეროდ, თუ გამტყუნდა, ტაიმაუტს ვეღარ მოითხოვს, რაც ამ სტრატეგიულ სპორტში ფრიადი დანაკლისია.

იხსნის და ირყვნება

სთივენსი ამერიკულ სისტემას რაგბს უსადაგებს და ფიქრობს, რომ გუნდს მატჩში ხუთი ქესტუმი სავსებით ეყოფა. მისი მოთხოვნა კაპიტანს უნდა დაეკისროს, სხვა ექსპერტთა აზრით კი - ტექნიკურ ზონაში მყოფ მოკარნახეს, ვისაც მონიტორებთან მოკალათებული უფროსობა ზემოდან უკეთ დააკვალიანებს.

თუ ტელირეფმა დაადგინა, რომ მსაჯი მართალია, დამატებით უნდა დაჯარიმდე. საერთო აზრით, სამომავლოდ ტელირეფის ფუნქცია სწორედ რომ ქესტუმის გარჩევით უნდა შემოიფარგლოს, რაღაი ბოლო ხანს შეინიშნება მავნე ტენდენცია, რომ მსაჯი გადაწყვეტილების მიღებას თავს არიდებს და ყველა სათუო მომენტს "ზემოთ" (აპსთეარზ) აგზავნის გასახილველად.

ამით ზეპური რაგბი ბუნებრივობას კარგავს, მსაჯი პასუხისმგებლობას იხსნის და ირყვნება, მაყურებელი ზედმეტ პაუზაზე ბრაზობს და ტელევიზიასაც სეირის გაჯანჯლების გამო განრიგი ერევა. ერთი კია, როგორც ყოველი სიახლე, ქესტუმიც უამრავ ახალ პრობლემას მოიტანს და კითხვასაც გააჩენს.

ასე მაგალითად, ქესტუმი მარტო ლელოს შეეხება, თუ ბინძურად თამაშსაც, ან სათუოდ დანიშნულ, გასატან ჯარიმასაც? ანაც გუნდმა ქესტუმის შიშით უმალ რომ გაათამაშოს ჯარიმა, მეტოქემ რაღა ჰქნას - მოითხოვოს, მომხდარი გავაბათილოთ და დროის მანქანით ამდენი და ამდენი წუთის წინ დავბრუნდეთო?

დასკვნა: იდეა კარგია, მაგრამ დასახვეწი, რისთვისაც სანზარს წელიწადზე მეტი აქვს.

www.000webhost.com