შევხედოთ ახალ თასებს

   ევროპაში ამ უქმეებზე ჯერაც სამივე ბობოლა ლიგის რაუნდებია, მერე კი ინგლისის, კელტეთისა და საფრანგეთის 38 კლუბი მინიმუმ ორი კვირით სხვა შეჯიბრზე გადაერთვება - ახალი, "ჩემპიონთა" და "ჩელენჯ" თასებისთვის ბრძოლაში ებმება.

გამოდის კვირაში 6-ჯერ;
რაგბი სრული გვერდია;
ღირს 60 თეთრი!

რომ მოახლოვდა სტარტი, დაფაცურდა "ეპკრ" - ორგანო, რომელმაც "ერკ" შეცვალა და შერჩევაში სამართლიანობაც დაამკვიდრა, მაგრამ ჯერაც ვერ მოიზიდა შეპირებული ხუთი სპონსორი.

მეტიც, ყოფილი მოსახელე მეოხი, ლუდი "ჰაინეკენი" ახალ ტურნირთა "დამფუძნებელი პარტნიორია", რაზეც მედიამ იანგლა, თასი ისევ ჰაინეკენისაა, ოღონდაც სახელად ეგრე აღარ ჰქვიაო.

ეპკრ-მა უკვე ორი პრეზენტაცია გამართა და დღე-დღეზე მესამესაც მოაწყობს, რაღაი შვიდ-შვიდი კელტური და ინგლისური კლუბის შემდეგ, საზოგადოებას ექვსი ფრანგი მონაწილეც უნდა წარუდგეს და წაეტრაბახოს.

ყველას ერთბაშად

გამოქვეყნდა ახალ ჯილდოთა უხარისხო ფოტოები და აღწერილობაც.

"ჩემპიონთა თასი" სიმაღლით 70 სანტიმეტრია, ჩელენჯი კი - ათით დაბალი. ორივე წმინდა ვერცხლისგანაა დამზადებული. მთავარი პრიზი 13-ნახევარ კილოს იწონის, ხოლო მნიშვნელობით მეორე - ზუსტად ათს.

ჩემპიონთა თასს ხუთი მოოქროვილი სახელური აქვს. ისინი შემკულია 19-19 ვარსკვლავით, რაც ევრო-რაგბის მაგდენივე-წლიან, სახელოვან წარსულს განასახიერებს, მეოცე ვარსკვლავი კი ოქროთივე დაფარულ ფუძეს ახატია და ყველა მომავალ ჩემპიონს ერთბაშად ეძღვნება.

20 ვარსკვლავს სხვა დატვირთვაც აქვს - ელიტაში გუნდების რაოდენობას უთითებს. დიახ, ჰაინეკენს თუ 24 მონაწილე ჰყავდა, ევროპის ფალავნობისთვის ამიერიდან ოთხით ნაკლები კლუბი იბრძოლებს, რითაც შეჯიბრის დონეც აიწევს, რაღაი მაჩანჩალებმა - შოტლანდიამ და იტალიამ თითო ადგილი მოისაკლისეს.

იუთუბი და გუგლი

ცოდვა გამხელილი სჯობს და წლი-ნახევრიანი რაგბული ომი სწორედ ამისთვის გაჩაღდა: ინგლისმა და საფრანგეთმა დაიჟინეს, კელტებს ადგილი დაბევებული რომ აქვთ ჰაინეკენზე, თავიანთ ლიგაში თავსა ზოგავენ, ჩვენ კი, შინ რაგბობით გათანგულებს, გაორმაგებული ჟინით გვეთამაშებიანო.

ორივე ჯილდო ლონდონური საოქრომჭედლო ფირმის, "თომას ლაითის" ნახელავია. ჩემპიონთა თასზე ამოტვიფრულია ჰაინეკენის ათივე ამღების სახელი, ჩელენჯს კი ბურთი ადგას. ლუდი ჰაინეკენი ყაბულსაა, ამ შეჯიბრსაც ოთხი სეზონით უსპონსოროს.

მსაჯებს ქენთებრი შემოსავს, ბურთი კი გილბერთისა იქნება. საფრანგეთში ბოლო ტელე-კონფლიქტიც მოგვარდა და რაუნდის ყველა თამაში პირველად გადაიცემა ცოცხლად, ეპკრ-ის დირექტორი, პოლ მაკნოთონი კი იმედოვნებს, რომ დანარჩენ ოთხ მეოხს საგაისოდ ნაღდად მოჩანგლავს, ხოლო ჯერჯერობით იმით ათირებს რაგბეთს, იუთუბი და გუგლი "მეორედ პარტნიორებად" შევიპირეო.

 

2014-15 წლების ევროსეზონი

<<  ჩემპიონთა თასის პულები

1

სარასენს (ინგ)

მანსთერ (ირლ)

კლერმონ (სფრ)

სეილ (ინგ)

2

ლენსთერ (ირლ)

კასტრ (სფრ)

ჰარლიქვინზ (ინგ)

ვოსპს (ინგ)

3

ტულონ (სფრ)

ლესთერ (ინგ)

ალსთერ (ირლ)

ჰლანეჰლი (უელ)

4

გლაზგო (შტლ)

მონპელიე (სფრ)

ბას (ინგ)

ტულუზ (სფრ)

5

ნორსჰემპთონ (ინგ)

რასინგ (სფრ)

ოსპრეიზ (უელ)

ტრევიზო (იტა)

<<  ჩელენჯ თასის პულები

1

კარდიფ (უელ)

ლონდაირიშ (ინგ)

გრენობლ (სფრ)

როვიგო (იტა)

2

ექსეთერ (ინგ)

ბეიონ (სფრ)

ქონოთ (ირლ)

ლაროშელ (სფრ)

3

ლესტად (სფრ)

დრეგონზ (უელ)

ნიუქასლ (ინგ)

ვულვზ (რუმ)

4

ედინბურგ (შტლ)

ბორდო (სფრ)

ლონდველშ (ინგ)

ლიონ (სფრ)

5

გლოსთერ (ინგ)

ბრივ (სფრ)

ძებრე (იტა)

უაიონაკს (სფრ)

<<  განრიგი

პულები: 16-19 და 23-26/10,  4-7 და 11-14/12,  15-18 და 22-25/01

მეოთხედფინალები 2-5/04,  ნახევარფინალები 17-19/04

ფინალები @ ლონდონი (საქართველოს დროით)

ჩლჯ:  პარ 1/05 თვიქნემ სთუპ @ 22.45
ჩმპ:  შაბ 2/05 თვიქნემ სთედიუმ @ 20.00

www.000webhost.com