ღონითა და დაცვით

   ბორჯღალოსნებმა სამოასთან გამართულად ირაგბეს და გაიმარჯვეს - მობურთალი მეტოქე ღონით დაჯაბნეს და დაწინაურდნენ, ბოლო მეოთხედში კი ლელოც მედგრად დაიცვეს 

ხალხმა ამ შემოდგომაზე სანაკრებო რაგბს გემო გაუგო! ვაკეში ისევ ანშლაგი იყო იმის მიუხედავად: რომ ციოდა; რომ სტადიონზე მისვლა, შიგ შესვლა და შინ წამოსვლაც ჭირს; და რომ მშრომელთა ნაწილსაც შაბათობით თამაშის ადრე დაწყება ხელს არ აძლევს

ბორჯღალოსანთა ბანაკმა, ეტყობა, გააანალიზა იაპონიასთან წაგება. შერკინება იგივე დარჩა, ხაზი ტრავმების გამო გადალაგდა, მარქაფა კი განახლდა.  ტელევიზიამ ისევ მოაწყო შესავალი შოუ და სტატისტიკაც ითვალა, რაც ფრიად დასაფასებელია, რაღაი ბობოლა "ოპტა" ამჯერად სასტიკად ჩაიჭრა:  ეგონა (!), საქართველო იაპონიას მეორედაც ხვდება პარასკევსო, და სამოასთან შაბათის რკენა სულ გადაავიწყდა

მსაჯი წყვეტდა

აურიეს სტუმრებმაც: მათ მენეჯერს ხელმოწერილი სია სასტუმროში დარჩა, სივატაუს ცეკვა კი იმ დროისთვის დაგეგმა, მოთელილი გუნდები გასახდელში რომ შებრუნდებოდნენ.  მსაჯმა თქვა, მეოქმის საათი რად მინდა, თავად გავზომავ დროსო, და ჩვენდა გასახარად, მატჩი ერთი წუთით ადრე დაასრულა, ხოლო "ტვინშერყეულის შეცვლის წესი" შესვენებაზეღა დაზუსტდა:

ტესტრაგბის ამ, მეორე დონეზე შერყეული უმალ და უპირობოდ უნდა გამოცვალო. სამოას კი ჰგონებია, 13 ნომერს გავიყვან, გავსინჯავ და თუ არაფერი სჭირს, 10 წუთში დავაბრუნებო.  პისი შესვენებაზე მართლაც მოკეთდა და მეორე ტაიმში ბევრიც გვიტია, რაღაი ვაკეში დაბლინმა არც ამჯერად მოავლინა კომისარი და ყველაფერს მსაჯი წყვეტდა "რაგბის უნიკალური სულისკვეთების შესაბამისად" 

ჭაპანი თანაბრად

ვირაგბეთ პრაგმატულად:  მორკინალებმა ჭაპანი თანაბრად სწიეს - ბურთით უკლებლივ ყველა ეძალებოდა, რამაც ფანობა ერთობ ამხიარულა;  შერკინებაში ტრადიციულად დავჯაბნეთ ჩვენი დონის მეტოქე და კრიტიკულ მომენტში დერეფანიც მოვუგეთ

ფაზურ იერიშში, მიყოლასა და პასაობაშიც არა გვიშავდა რა, ბექებით კი მეორე წუთის შემდეგ აღარც შეგვიტევია.  ფეხით კარგად ურტყეს მალაღურაძემ, კვირიკაშვილმა და ბეგაძემ, მაგრამ გული ცოტა იმაზე გვეთანაღრება, რომ ბოლო მეოთხედში, როცა სამოა სულ გვიტევდა, ბურთს უმალ ვიგერიებდით და მეტოქე ისევ ზვავივით მოდიოდა

არ აუცილებიათ

სამივე ლელო პირველ ტაიმში დაიდო:  ბორჯღალოსნებმა ორივე 5-მეტრა შერკინებიდან შეიტანეს, და იმათაც ახლოდან, ჯარიმის უცებ გათამაშებით.  ქიქერებს კარისთვის ერთი დარტყმაც არ აუცილებიათ, და ორი წაკინკლავების მიუხედავად, სინბინშიც არავინ მჯდარა: 

გაფრთხილებული სამოა ერთი ხანობა აღარ აქცევდა შერკინებას, რაკი თამაში არ ფერხდებოდა და ჯარიმას აუტი მოჰყვებოდა, და მეორე ტაიმის ეპიზოდში არც ნემსაძეს უურჯუკია ისე, რომ მეტოქეს ჯარიმაზე მეტი რგებოდა

იმათ თავიდანვე დაემტვრათ გამოცდილი პაულო, თავისუფალის ნაცვლად კი შერკინება მოითხოვეს (?!) და ჩაწვნენ.  მალაღურაძის გადაკიდებულიდან კაპიტან ლემს "უნებური თამაშგარე" შეემთხვა და შერკინებამ 5 მეტრიდან ყოჩაღად გამოიმუშავა საჯარიმო ლელო * 7:0

შარიქაძემ გვიხსნა

ნარიაშვილის ორი ჯარიმა 10 ქულად დაგვიჯდა - ლელოზე ბიწაძე აცდა ლი-ლოს * 7:10  ამ დროს ჯარიმათა სათვალავი 6-1 იყო სტუმართა სასარგებლოდ, მაგრამ ჩვენსავე ნახევარზე იძალა შერკინებამ და მალაღურაძემ იმათი ლელოდან 15 მეტრზე გადაიტანა თამაში

დერეფანში ავაგორეთ მოლი, გავაჩაღეთ "აიღე და მიეძალე".  ერთხელ შეტანილი ვერ დავდეთ, მაგრამ 5-მეტრადან ივარგა ბიწაძემ და მეექვსე სანაკრებო ლელო მიითვალა * 14:10

ზედ შესვენებაზე ბურთის ფლობით 58-42% ვჯობდით სამოას.  კიდევ ერთი მოლი დაგვეშალა; კვირიკაშვილმა 30 მეტრიდან გაიტანა მიწოლით მოპოვებული ჯარიმა * 17:10, ბოლო წუთზე კი სტუმრებმა დავარდნილ ბურთზე ფეხი მიგვიკრეს, მისდიეს და ლელოსგან შარიქაძემ გვიხსნა

ოთხი შტურმი

მესამე მეოთხედი ბურთაობითა და ორმხრივი თერნოვერებით დაიწყო. დაბრუნებული პისი სამმა ჩვენიანმა გადადენა კიდეზე.  ერთხელ 50 მეტრით წავიწიეთ წინ, მაგრამ ისევ ზურგში გადაგვიკიდეს.  ხაზი გაგვიჭრა ლი-ლომ, კვირიკაშვილი ალყაში მოექცა და ფაჰაპალემ ორივე ჯარიმა შეაგდო * 17:16

ანგარიში ბოლოჯერ საათის თავზე შეიცვალა - სამოა თავის შერკინებაში ვერ დაგვიდგა, მოედანი გადაიჩიჩქნა და მეკომ 35 მეტრიდან დაჰკრა * 20:16

სტუმრები გახელდნენ და უკეთ აბურთავდნენ.  ფრთაზე გაჭრილი ლემი დიდებულად შებოჭა შარიქაძემ.  სამოამ 13 ფაზა აკინძა და ჯარიმა კიდეზე გადაიტანა, მაგრამ თხილაიშვილმა და ლობჟანიძემ გაახერხეს თერნოვერი

დაცვაში სოლიდურად ითამაშა ბეგაძემ, ვინაც 50-ე კეპი მოიხვეჭა.  სამოამ ოთხი (!) შტურმი კიდევ მოასწრო.  გაჭირვების ჟამს შედგა ალხაზაშვილის დებიუტი.  ორჯერ გაწევ-გამოწევაც ატყდა.  ბურთი უკვე სულ სტუმრებს ჰქონდათ 65-35%, მაგრამ ბოლო დერეფანი მოვუგეთ, ბეგაძემ კიდეზე მოიგერია და რეფმაც ნაადრევად დაუსტვინა

 

შემოდგომის ტესტები * 2016

მეორე შაბათი

<<  საქართველო 20:16 სამოა

  23კაცა რაზმი    ბალანსი    გუნდები+მსაჯები 

საქ: კვირიკაშვილი მჭედლიძე კოშაძე (აფციაური 66) შარიქაძე თოდუა <10-9> მალაღურაძე ლობჟანიძე (ბეგაძე 68) / ნარიაშვილი (ასიეშვილი 52) ბრეგვაძე (ალხაზაშვილი 73) ჩილაჩავა (ქუბრიაშვილი 57) მიქაუტაძე (სუთიაშვილი 61) ნემსაძე; კოლელიშვილი (თხილაიშვილი 57) გორგოძე^კაპ ბიწაძე - 2ლ: [საჯ^ბიწაძე] ბიწაძე; 2გ 2ჯ: კვირიკაშვილი

სამ: ნიკორო პერეს ჯ.პისი (ლეუილა 33-/) ლი-ლო ლემი^კაპ <10-9> ფაჰაპალე (ლეუილა 66) ფოტუალიჰი / მულიპოლა ლეიატაუა (ელია 33) პერენისე (სასანგი 52) ლეპა პაულო (ალაფიპო 4) ლემ ფოუ ფაჰოსილივა (მამეა-ლემალუ 66) - ლ: პისი; გ 3ჯ: ფაჰაპალე

რეფ რუის (სფრ) 19/11_2016 @ თბილისი, ვაკე (22 ათასი  ვიდეო

7:0(10) 7:3(12) 7:10(22) 14:10(32) 17:10(39) ნახ(40+2) /
17:13(51) 17:16(56) 20:16(60) ბოლო(80-1)

* შემდეგ შაბათს 26/11 @ 18.30 საქ: შოტლანდია @ ქილმარნოქ

28 წლის (1989-2016) მონაგარი

194 თამაში (79 შინ, 75 გარეთ, 40 ნეიტრ)
118 მოგება - 69 წაგება * 7 ფრე
ქულა
4472:3527 (+945)
ლელო
530/358 (+172)

>>  სამოასთან (2003-2016)

4თ (2შ 1გ 1ნ)  2-1*1    64:96   ლ 4/10

>>  241 ბორჯღალოსანი [#240 გიორგი კოშაძე,  #241 ბადრი ალხაზაშვილი]

97 ბექი, 135 ფორვარდი და 9 უნივერსალი;
ბექებმა გაიტანეს 254, ხოლო ფორვარდებმა
276 ლელო

>>  ბორჯღალი (კეპი)

97 კვირიკაშვილი; 96 კაჭარავა; 94 ჩხაიძე; 85 აბუსერიძე;
77 ზიბზიბაძე; 75 დათუნაშვილი; 73 მაჩხანელი;
72 მალაღურაძე; 70 ურჯუკაშვილი; 68 გორგოძე; 67 ლაბაძე; 66 ზედგინიძე; 64 ა.გიორგაძე შველიძე ნემსაძე; 61 ხამაშურიძე სამხარაძე სუთიაშვილი

>>  ქულა (მარტო დამრტყმელები)

760 კვირიკაშვილი, 325 ურჯუკაშვილი, 320 ჯიმშელაძე,
180 მალაღურაძე, 105 ნ.ძაგნიძე, 93 წიკლაური

>>  ლელო

26 გორგოძე; 24 მაჩხანელი; 21 ზიბზიბაძე; 20 კაჭარავა;
18 ურჯუკაშვილი;
15 ზედგინიძე ხამაშურიძე;
14 უდესიანი კვირიკაშვილი; 12 ლაბაძე ნემსაძე;
11 ა.გიორგაძე
; 10 ქავთარაშვილი ცაბაძე ჩხაიძე