ლიგა საქართველოშიც შემოდის

23/09/2004 ქართულ სპორტულ ოჯახში მატებაა. ჩვენში ინერგება რაგბილიგა, რომელიც აქამდე ქართულ სპორტულ პრესაში უბრალოდ "ლიგად" იყო ცნობილი და 13-კაცა, მუშურ, დისიდენტურ, ალტერნატიულ, მარტოკაცთა ბურთაობად, რაგბის ძე ცდომილად მოიხსენიებოდა ხოლმე.

საქართველოს რაგბილიგის ფედერაცია სპორტის დეპარტამენტმა ივნისში შეიწყნარა. ვიდრე ამას იზამდა, ირაკლი მეძმარიაშვილის უწყებამ რჩევა რაგბის კავშირს ჰკითხა და პასუხად მიიღო, ეგ 13-კაცა სხვა სპორტია და ამდენად ჩვენ მაგის აკრძალვის უფლება არა გვაქვს, მაგრამ არა გვგონია, მისმა დანერგვამ გვარგოსო.

რაგბის ჭირისუფალთა დარდები იქეთ იყოს და 1 ოქტომბერს საქართველოს ევროპის რაგბილიგის ამქარში მიიღებენ. ამ ახალი სახეობის ქართველი თაოსნები შემდეგღა გამართავენ პრეზენტაციას. მასზე გაცხადდება ქართველ ლიგელთა საამდღეო და სამომავლო ამოცანები, დაფინასების წყაროები და რაგბის თემის იმ პირთა და კლუბთა ვინაობა, რომლებიც 13-კაცას მოჰკიდებენ ხელს.

ლიგა რაგბს 1895 წელს, ინგლისში განუდგა. განხეთქილების მიზეზი ალალად სოციალური იყო. მუშებს რაგბის თამაშისთვის ფულის აღება სურდათ, არისტოკრატია კი ამას ეწინააღმდეგებოდა. ბობოლებმა ამ საჭირბოროტო საკითხის გადაწყვეტისას ხმების დათვლა რომ გააყალბეს, მუშებმა შექმნეს თავიანთი რაგბი, რომელსაც 1922 წელს ლიგა ეწოდა.

ლიგა ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში 1908 წელს დაინერგა და უკეთეს მორაგბეთა მეტი წილი გადაიბირა. 1933 წელს მეამბოხეთა ამქარს შეუერთდა საფრანგეთი, რომელიც ამპარტავანმა ბრიტებმა პროფესიონალიზმის დაბრალებით "ხუთი ერიდან" გარიცხეს.

1954 წელს, რაგბზე 33 წლით ადრე, ფრანგთა ინიციატივით გაიმართა პირველი მსოფლიო თასი. დღესდღეობით ლიგას მსოფლიოს 25 ქვეყანაში თამაშობენ. ავსტრალია მთელი თავით მაღლა დგას ახალ ზელანდიასა და ინგლისზე. მერე მოდიან კელტები, პაპუასეთი, მულღაზანზარი, საფრანგეთი და ლიბანი (!), ხოლო მაჩანჩალა სერბიაა.

ავსტრალიაში მოქმედებს კალათბურთის ნბა-ის ბადალი ნრლ. ჩრდილო ინგლისის ელიტა "სუპერ ლიგას" თამაშობს. საერთაშორისო სეზონის თვალი ოზთა, კივთა და ბრიტთა ტესტებია, ხოლო შემდეგი მსოფლიო თასი 2008 წელს, ავსტრალიაში, იქაური ლიგის საუკუნოვან იუბილეზეა დანიშნული.

რაგბიდან კი იშვა, მაგრამ თანამდეროვე ლიგა სულ სხვა თამაშია. დერეფანი ჯერ კიდევ XIX საუკუნეში გაუქმდა. 1906 წლიდან გუნდში 13 კაცია. მაშინვე აიკრძალა ფეხით ბურთის აუტში გადაგდება და ბურთისთვის ჯგუფურად ძიძგილაობა. ამან ხელდახელ ბურთაობა იმ დონემდე განავითარა, რომ 1960-იან წლებში ზედიზედ შეტევის რაოდენობა წესებით შეიზღუდა.

დღესდღეობით გუნდს ლელოს (4 ქულა) ან გოლის (2 ან 1 ქულა) გასატანად ექვსი შეტევა ეძლევა. პირველი ხუთი ბოჭვის შემდეგ ბურთი შემტევს უნარჩუნდება, მეექვსეს შემდეგ კი ჩამოერთმევა. მობურთალნი მოედნის მთელს სიგანეზე არიან გაშლილი და გლადიატორთა დარად, ეულად ცდილობენ ერთბაშად სამი მბოჭავის ხერხით გაცურებასა და ღონით გაბითურებას.

 

"ჟილეტი" და "ერთა თასიც"

26/10/2004 ლიგა (იგივე რაგბილიგა, ანუ 13-კაცა ბურთაობა) გავრცელების არეალს იფართოებს. შარშანღა ჩამოყალიბებული ევროპული ფედერაცია (რლეფ) მეორედ მართავს "ერთა თასს", საერთაშორისო ფედერაცია (რლიფ) კი, ვიდრე 2008 წელს ავსტრალიაში XIII მსოფლიო თასს მოაწყობდეს, ყოველ შემოდგომაზე ზე-ელიტარული "ჟილეტის სამი ერით" აპირებს ფანობის დაპურებას.

რლეფ-მა საქართველოს "რაგბილიგის ფედერაცია" (პრეზიდენტი პაატა ცინცაძე, მთავარი მოხელე ნონო ანდღულაძე) 1 ოქტომბერს დამკვირვებლად მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენები ამთავითვე ერევიან მარაქაში. ეროვნული ნაკრების, "13 ქართველის" (თიკუნი პირობითია!) დებიუტი სავარაუდოდ გაისადვე შედგება ჯერ ჰოლანდიის წინააღმდეგ, მერე კი მოსკოვში, II მსოფლიო ომის დასრულების 60 წლისთავისადმი მიძღვნილ "გამარჯვების თასზე".

ლიგის საერთაშორისო ამქარი, ისტორიულ მიზეზთა გამო, ჯერჯერობით რაგბისაზე მცირერიცხოვანია. 13-კაცა ახლაღა დაადგა გლობალიზაციის კურსს და მიზნის მისაღწევად სახსარსა და ძალას არ იშურებს. ამიტომაა, რომ ქართველებს ლიგას მალე თვით ამ თამაშის გრანდები, ავსტრალიელები დაამუღამებინებენ, ხოლო ინგლისი "ერთა თასსაც" არ უკადრისობს და მასზე მეორე ნაკრებით ასპარეზობს. ამის საპირისპიროდ, რაგბში ჩვენ-ნაირი გუნდები მსოფლიო თასს ოთხი წელი უნდა ელოდონ, რათა ბობოლებთან გაჯიბრების კინკილა შანსი მიეცეთ, რაღაი ბუმბერაზებს სხვა დროს არა სცალიათ!

ოქტომბერში მოსკოვის "ლუჟნიკებს" ერთი კვირის შუალედით საფრანგეთი და ინგლისი ეწვივნენ და ხელოვნურ საფარზე ძაან დიდი ანგარიშებით გაიმარჯვეს, რაც გასაკვირი არაა, რადგან რუსები ლიგას 15 წლის წინღა ეზიარნენ. მანამდე საფრანგეთმა, ოღონდაც სხვა გუნდით, ტრიპოლში იბურთავა 4-გუნდა "ხმელთაშუა ზღვის თასზე" და ფინალი 14:42 წააგო მასპინძელ ლიბანთან, ვინც ჩემპიონი მესამედ გახდა და ვისი ნაკრებიც ერთიანად ოზი არაბებისგან შედგება.

ამასობაში ზეპური ლიგის დედაბოძებში, ავსტრალიასა დაინგლისში ზედიზედ დასრულდა საკლუბო პირველობები. ოზურ ნრლ-ში 15გუნდია. მათგან ერთი მეზობელი ზელანდიისაა, თითო მელბურნის, კანბერისა და ნიუკასლის, ორი ქვინზლენდის, დანარჩენები კისიდნეის. დიდ ფინალში, რომელსაც სიდნეის "ტელსტრა სტედიუმზე" 82 127 კაცი დაესწრო, ქალაქის ერთმა ბობოლა კლუბმა, "ბულდოგებმა" 16:13 ძლია მისდარი მეორე, "მამლაყინწები".

თამაშის მშობელ ინგლისში ლიგა ბარემ ათი წელია, ზაფხულის სპორტია. იქაურ "სუპერ ლიგაში" 12 კლუბია. ფინალი მანჩესტერის "ოლდ ტრაფორდზე" გაიმართა და 67 ათასი მოსეირე მიიზიდა. მატჩი იორკშირული დარბი იყო. ლიდსის "მარტორქებმა" 16:8 ძლიეს ბრედფორდის "ხარები" და 32-წლიანი უტიტულო ნავსი გატეხეს.

მერე "ჟილეტის" ჯერიც მოვიდა. ზელანდიას, ვისი ნაკრებიც მთლიანად ნრლ-ში მოთამაშეთაგან შედგება, აპრილში ავსტრალიაში "კენგურუებთან" 10:37 წაეგო. კივებმა ამჯერად შინ იმამაძაღლეს: მოედანი 7 მეტრით დაავიწროეს და ლელოც ორით დაამოკლეს, რათა ოზთათვის თამაშის გაშლისა და ლელოში ბურთის შეგორების შანსები შეემცირებინათ, და ამით ავდარში ფრეს გამორჩნენ.

ბოლო წუთებზე მეტოქეებმა ოთხჯერ სცადეს არეკნი, მაგრამ გამარჯვების ფილდგოლს ვერავინ გამორჩა. გაისმა სირენა. ბიჭები ოვერტაიმისთვის გაემზადნენ, მაგრამ მერე გაირკვა, რომ სანაკრებო მატჩებში არ მოქმედებს ნრლ-ის მიერ ამერიკული ბურთაობის (ნფლ) წაბაძვით შემოღებული "ოქროს ქულის" პრინციპი.

სამხრეთელები "სამი ერის" დანარჩენი მატჩების სათამაშოდ ბრიტანეთს ჩაფრინდნენ და კოკისპირული წვიმის მიუხედავად, ლიგის ხამ ლონდონში მაინც ბარაქიან პუბლიკას მოუყარეს თავი. კივებმა პირველი ტაიმი მოიგეს, მაგრამ მეორეში ოზებმა აიშვეს, ოთხჯერ დაალელოვეს მეტოქე (ორჯერ ბურთის შეცურებით!) და "სამ ერში" დაწინაურდნენ. ახლა ჯერი ბრიტანეთზეა, ვისაც ზედიზედ ოთხ შაბათს ელის სამხრეთული ტესტი.

დაბოლოს, ორი სიტყვით ლიგის წესების გამო. 13-კაცაში ლელო ოთხ ქულად ფასობს, გოლი (ჯარიმა ან გარდასახვა) ორად, ფილდგოლი (გაგანია თამაშიდან გატანილი არეკნი) კი ერთად. შებოჭილს ბურთი უნარჩუნდება, ხოლო მეტოქე 10 მეტრით უკან იხევს. გუნდს ზედიზედ ექვსი იერიშის (თამაში ბოჭვიდან ბოჭვამდე) უფლება აქვს და თუ ბურთი ვერ გაიტანა, ოვალი მეტოქეს უნდა გადააბაროს.

"ჟილეტის" სამი ერი

ზელანდია 16 (12) (3ლ: ვ.ანდერსონი, ლ.ანდერსონი, მელი; 2გ: ვები) - ავსტრალია 16 (3ლ: რუნი 2, მინიჩელო; 2გ: ლოქიარი). ოლბანი, ნორს ჰარბორი (19 118)

ავსტრალია 32 (8) (5ლ: რუნი, ლოქიარი, ტონგა, ბერიგანი, სივონისევა; 6გ: ფითსგიბონსი 5, ბერიგანი) - ზელანდია 12 (12) (3ლ: ვები, ვაინიკოლო, ვ.ანდერსონი). ლონდონი, ლოფტუს როუდი (16 750)

30/10 ბრიტანეთი - ავსტრალია (მანჩესტერი), 6/11 ბრიტანეთი - ზელანდია (ჰადერსფილდი), 13/11 ბრიტანეთი - ავსტრალია (ვიგანი), 20/11 ბრიტანეთი - ზელანდია (ჰალი); 27/11 ფინალი (ლიდსი)

ევროპის ერთა თასი

16-17/10. რუსეთი - საფრანგეთი 10:58, უელსი - ირლანდია 12:25;

24/10. რუსეთი - ინგლისი 4:98, შოტლანდია - უელსი 30:22;

29-30/10. ირლანდია - შოტლანდია (ნეივანი), საფრანგეთი - ინგლისი (ავინიონი);

7/11 ფინალი (ვორინგტონი)

არაოფიციალური რეიტინგი

1. ავსტრალია (კენგურუები), 2. ახალი ზელანდია (კივები), 3.ინგლისი (ლომები), 4. უელსი (ურჩხულები), 5. პაპუასეთი (ქუმულზ), 6. ირლანდია, 7. შოტლანდია, 8. საფრანგეთი (მამლაყინწები), 9. ფიჯი (ბატიზ), 10. ტონგა, 11. ლიბანი (კედარები), 12. სამოა, 13. რუსეთი (დათვები), 14. აშშ (ტომაჰოქები), 15. იტალია, 16. სამხრეთი აფრიკა (მარტორქები), 17. ახალი კალედონია, 18. ქუქეთი, 19. მაროკო, 20. იაპონია, 21. სერბია, 22. ამერიკის სამოა, 23. კანადა (და კიდევ: ვესტ ინდოეთი, საბერძნეთი, არგენტინა, მალტა, ჰოლანდია, საქართველო)

 

ოთხი კლუბი ლიგაზე ყაბულსაა


9
/11/2004 ლიგა საქართველოში მეთოდურად ინერგება. 13-კაცა ბურთაობის მესვეურები რაგბის სეზონის დასრულებას ელიან, რათა პრეზენტაცია გამართონ და თავიანთი შეჯიბრებაც გააჩაღონ. ამასობაში შარშან ჩამოყალიბებულმა ევროპულმა ფედერაციამ (რლეფ) მეორე "ერთა თასი" მოაყომარა, 1948 წლიდან მოქმედი საერთაშორისო ფედერაცია (რლიფ) კი ფანობას ზე-ელიტარული "ჟილეტის სამი ერით" უტკბობს მზერას.

საქართველოს "რაგბილიგის ფედერაცია" (სრლფ) რეგისტრაციაში წელს, ივნისში გატარდა. რლეფ-მა სრლფ 1 ოქტომბერს "მეთვალყურე წევრად" მიიღო. ფედერაციის გეგმით, გაისადვე, მაისში, ჩვენი ეროვნული ნაკრები, რომელსაც ალბათ "13 ქართველი" ერქმება, ჯერ შინ ეთამაშება ლიგას ასევე ახლახანს ნაზიარებ ჰოლანდიას, მერე კი მოსკოვში, II მსოფლიო ომის დასრულების 60 წლისთავისადმი მიძღვნილ "გამარჯვების თასზეც" იასპარეზებს.

სრლფ-ის პრეზიდენტი მთაწმინდასა და ვერაზე გაზრდილი აღმოსავლეთმცოდნე (არაბულის განხრით), აწ კი საფრანგეთში მოღვაწე თეატრალური მენეჯერი და ბურთაობათა ლიცენზირებული აგენტი, 44 წლის პაატა ცინცაძეა. მთავარი მოხელეა 26 წლის "ბორჯღალოსანი" ნონო ანდღულაძე, ვინც რაგბს აქამდეც თამაშობს "ლოკომოტივში" და გუნდელთა დარად 13-კაცას დამუღამებას აპირებს.

სრლფ-ს ჰყავს ჩინებულად დაკომპლექტებული გამგეობა, თავისი ვექილითა და კომპიუტერის სპეციალისტით. ეს ხალხი ყველაფერს ნაბიჯ-ნაბიჯ, წესდების დაცვით აკეთებს. დაიხატა "ქართული რაგბილიგის" ფერადი ლოგო, ინგლისურიდან ქართულად ითარგმნა და 52-გვერდა წიგნად ჩამოიქნა თამაშის საერთაშორისო წესები, ამუშავდა ორ-ენოვანი ვებ-საითი, მოიძებნა სპონსორი და სამომავლოდ მოედნის მოსაწყობი ადგილი, ამუშავდა ოფისი და ნონომაც იმდენი იხერხა, რომ რაგბის თემში ბევრმა ინდომა ლიგის წევრობაც (ორი კვირის წინ თამაშის მსურველი უკვე 47 იყო!)

სრლფ-მა საბურთაო ასპექტის გაძღოლა ქართული რაგბის ბერმუხას, 53 წლის დავით კილასონიას დააკისრა. ბატონ პაატას ჩანაფიქრით, 13-კაცა ამთავითვე უნდა დაინერგოს კაცებში, სტუდენტებში, ჭაბუკებში და სკოლის მოწაფეებში. პირველი შეჯიბრი, "ამა და ამ ბანკის ლიგა" (მეოხის სახელი ჯერჯერობით საიდუმლოა) სავარაუდოდ იანვარში გაჩაღდება, რაც რაგბს ხელს ოდნავაც არ შეუშლის, რადგან მიზეზთა გამო ჩვენში საშინაო სეზონი ბოლო ხანს სანაკრებო მატჩების მოლევის შემდეგღა, მაისში იწყება.

კაცთა რაგბის გუნდებიდან ლიგის შეთვისება ზოგმა შორს დაიჭირა, რაკი 13-კაცა თამაშში "კლასიკური რაგბის" (რუსული სარაგბო ჩეთიდან გადმოღებული ტერმინია!) კონკურენტი დაინახა. მიუხედავად ამისა, მაინც მოგროვდა თბილისის ოთხი კლუბი (ლოკომოტივი, უნივერსიტეტი, ხულიგანა და არმაზი), რომლებიც სპონსორი ბანკის შემწეობით შეიმოსებიან, ერთ წრედ ითამაშებენ, ჩემპიონს ალალ-ლიგურად, "დიდ ფინალში" გამოავლენენ და ბარემ ათას ლარიან საპრიზო ფონდსაც დაინაწილებენ.

პრეზიდენტი ცინცაძე სამშობლოში ჩამოსვლას თვის ბოლოს აპირებს. მაშინვე პრესტიჟულ ადგილას სრლფ-ის წარდგენა მოეწყობა. ბატონ პაატას საქმიანი კავშირი გაუბამს ლიგის ოზ ქურუმებთან. მათგან უპირველესს, რლიფ-ისა და ავსტრალიური არლ-ის თავკაც კოლინ ლავს სრლფ-ის სულისჩამდგმელი ტულუზში შეხვდება იქეთა კვირას, 21 ნოემბერს, საფრანგეთი - ავსტრალიის ტესტზე და ოზი ოღრაშის თანადგომის იმედი აქვს.

ჰარისი 13-კაცაში დაბრუნდა

  ფრანგულმა ლიგამ (ღიუგბი ა ტღეზ) საუკუნეთა მიჯნაზე კრიზისი დაძლია. წელს შეიცვალა ფედერაციის ხელმძღვანელობა. გამსხვილდნენ კლუბებიც, მაგრამ ძველი დიდების აღდგენამდე ჯერაც შორია. მიუხედავად ამისა, "ერთა თასის" ფინალს მიღმა დარჩენილ "მამლაყინწებს" ბობოლები თავს კვლავაც უყადრებენ. ჰოდა, "კენგურუზთან" შებმამდე საფრანგეთი ჯერ ამ ხუთშაბათს, კარკასონში უმასპინძლებს ახალი ზელანდიის "კივიზს".

ოზები და კივები ბრიტანეთში, "ჟილეტის სამი ერზე" საასპარეზოდ ჩასულან. ტურნირი ორ წრედ იმართება. იგი დაბოლოვდება "დიდი ფინალით", რომელიც ლიდსის "ელანდ როუდზეა" დანიშნული. სტუმრებმა პირველი ტესტი ეკვატორს ქვემოთ გამართეს, მეორედ ლონდონში შეებნენ ერთმანეთს, ახლა კი, ზედიზედ ოთხ შაბათ საღამოს, ბრიტანეთის "ლომებს" ორ-ორჯერ უსინჯავენ კბილს.

"ლომები" ახალი გუნდის შენების პროცესში არიან. შარშან მათ შინ, ავსტრალიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასის დროს, მძლეთამძლე "კენგურუზთან" სამჯერვე წააგეს, ოღონდაც ფიცხელ ბრძოლებში (18:22, 20:23 და 12:18).

ტრადიცია არც წელს დაირღვა. მანჩესტერის ახალ, თანამეგობრობის თამაშებისთვის აშენებულ სტადიონზე ბრიტები 8:0 უგებდნენ ოზებს და თამაშის ბოლოსაც ფრე, 8:8 იყო, მაგრამ სირენამდე 35 წამით ადრე, როცა ყველა მორიგ არეკნს ელოდა, გაქნილმა ავსტრალიელმა ბრეტ ქიმორლიმ ხელდახელ გაათამაშა ბურთი და შუამარბმა ვილი ტონგამ (!) კუთხეში შეაფრინა გარემარბი ლუკ რუნი.

ბრიტებმა ჯავრი კივებზე იყარეს. ზელანდიამ პირველი ტაიმი 10 ქულით მოიგო, მაგრამ მეორეში აირია. ბრიტმა სტიაურტ რიორდონმა ორი წუთის შუალედით გაიტანა ლელოები, მერე კი მასპინძლებმა სამი ჯარიმაც დაკრეს. ბოლო ორი გოლი შეაგდო უელსელმა იესტინ ჰარისმა, ვინც ამ ზაფხულს რაგბიდან მშობელ 13-კაცას მიუბრუნდა.

დასასრულ, მოკლედ მოვყვეთ ლიგის ძირითადი წესები. 13-კაცაში ლელო ოთხ ქულად ფასობს, გოლი (ჯარიმა ან გარდასახვა) ორად, ფილდგოლი (გაგანია თამაშიდან გატანილი არეკნი) კი ერთად. შებოჭილს ბურთი უნარჩუნდება, ხოლო მეტოქე 10 მეტრით უკან იხევს. გუნდს ზედიზედ ექვსი იერიშის (თამაში ბოჭვიდან ბოჭვამდე) უფლება აქვს და თუ ბურთი ვერ გაიტანა, ოვალი მეტოქეს უნდა გადასცეს.

 
"ჟილეტის" სამი ერი

ბრიტანეთი 8 (8) (2ლ: გლისონი, ქერნი) - ავსტრალია 12 (4)(3ლ: მეისონი, რუნი 2) (30/10 მანჩესტერი, 38 572)
 
ბრიტანეთი 22 (2) (3ლ: ნიუტონი, რიორდონი 2; 5გ: ფარელი 2,სქალსორფი, ჰარისი 2) - ზელანდია 12 (12) (2ლ: ლაუტიტი, ვილიამსი; 2გ: ვები) (6/11 ჰადერსფილდი, 20 372)

ადრე გამართული: ზელანდია - ავსტრალია 16:16 (16/10 ოლბანი,19 118); ავსტრალია - ზელანდია 32:12 (23/10 ლონდონი, ლოფტუს როუდი, 16 750)
 
კიბე: ავსტრალია 5 ქულა (3 თამაშში), ბრიტანეთი 2(2), ზელანდია 1(3)
 
გასამართი: 13/11 ბრიტანეთი - ავსტრალია (ვიგანი), 20/11 ბრიტანეთი - ზელანდია (ჰალი); 27/11 დიდი ფინალი (ლიდსი)
 
ევროპის ერთა თასი

ფინალი. ინგლისი 36 (24) (6ლ: რაილი 2, ბეროუ, ქოლდერვუდი, პარკერი, სკრატონი; 6გ: ბეროუ) - ირლანდია 12 (0) (2ლ: მაკდერმოტი, ბეითსი; 2გ: ვისნერი) (7/11 ვორინგტონი)

პულური სტადია: 16-17/10. რუსეთი - საფრანგეთი 10:58, უელსი - ირლანდია 12:25; 24/10. რუსეთი - ინგლისი 4:98, შოტლანდია - უელსი 30:22; 29-30/10. ირლანდია - შოტლანდია 43:10, საფრანგეთი - ინგლისი 4:42

ა პული: ირლანდია 2 მოგება, შოტლანდია 1, უელსი 0
ბ პული: ინგლისი 2, საფრანგეთი 1, რუსეთი 0
 

ჰოლანდია, ტრენინგი
და ცოცხლად "ჟილეტიც"

23/11/2004  საქართველოში ლიგის დანერგვა-განვითარებისთვის კიდევ რამდენიმე სერიოზული ნაბიჯი გადაიდგა. 13-კაცა ბურთაობის მესვეური პაატა ცინცაძე კვირას ტულუზში შეხვდა მსოფლიო რაგბილიგის მამებს და ვიდრე პარასკევს სამშობლოში დაბრუნდებოდეს, მათთან კიდევ ექნება საქმიანი კონტაქტები.

ამასობაში ზე-ელიტარულ "ჟილეტის სამ ერზე" გამოვლინდნენ ფინალისტები და საქმესაც ისეთი პირი გამოუჩნდა, რომ ამ გამორჩეული მატჩის ცოცხლად (ლაივში) ყურება ქართულ ტელე- აუდიტორიას მავან აქაურ პრესტიჟულ არხზე შეეძლება.

ბატონ პაატას თაოსნობით საქართველოს "რაგბილიგის ფედერაცია" (სრლფ) რეგისტრაციაში წელს, ივნისში გატარდა, 1 ოქტომბერს კი ჩვენები ლიგის შარშანღა შექმნილმა ევროპულმა ამქარმა (რლეფ) "მეთვალყურე წევრად" მიიღო.

ამ მოვლენების პარალელურად სრლფ-ის მთავარმა მოხელემ, ნონო ანდღულაძემ მოლაპარაკება გამართა ლიგასთან ჩვენსავით ახლახანს ნაზიარებ ჰოლანდიასთან, რის შედეგადაც გადაწყდა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები, რომელსაც ალბათ "13 ქართველი" ერქმება, "ტიტებს" თბილისში 7 მაისს დაუხვდება ნათლობის ტესტში.

ბატონი ნონო სერბიასა და კანადასაც შეეხმიანა. ეგეც გადაწყვეტილი ამბავია, რომ საქართველო მაისშივე მოსკოვში გასამართ "გამარჯვების თასზეც" იასპარეზებს. მანამდე, ახალი წლიდან, ლიგის თამაშის მსურველ მორაგბეებს განსწავლიან (ტრენინგს ჩაუტარებენ) უცხოელი სპეციალისტები (სავარაუდოდ, ამ თამაშის გრანდი ავსტრალიელები), მერე პირველი ნაკრები შეკრებაზე ბრიტანეთს წავა, მარტში კი საქართველოს პირველობაც გაიმართება.

ამ შეჯიბრში მონაწილეობა, წინასწარი მონაცემებით, სურთ "ლოკომოტივს", "უნივერსიტეტს", "ხულიგანასა" და "არმაზს", სხვა, ლიგის უარმყოფელი კლუბების დაინტერესებული წევრები კი შეიძლება გაერთიანდნენ მეხუთე გუნდში, რომელსაც სახელად "ვარსკვლავებიც" შეეფერება და "და სხვაც". ამ კოლექტივისა და უკლებლივ ყველა ლიგელის სტატუსიც განისაზღვრება იურიდიული დოკუმენტებით, რომლებიც სრლფ-ის ვექილმა, სანდრო ბარამიძემ შეადგინა.

პრეზიდენტ ცინცაძის თბილისში ჩამოსვლის შემდეგ შედგება სრლფ-ის გამგეობის სხდომა. დეკემბრის დამდეგს დანიშნულია "ქართული რაგბილიგის" პრეზენტაცია. ამ ორ მოვლენას წინ უსწრებს ტელევიზიით "ჟილეტის" ფინალის ჩვენება, რაც ვერ მოხერხდებოდა, ბატონ პაატას საოცარი ფხა რომ არ გამოეჩინა და რლეფ-ის მახვშიც, ბრიტი რიჩარდ ლუისი ალალი ყარაჩოხელი რომ არ ბრძანდებოდეს.

მოხდა წარმოუდგენელი რამ: მატჩი, რომლის ტელე-რეპორტაჟის უფლებაც რუპერტ მერდოქის "სქაის" ეკუთვნის, ლუისმა მუქთად (!) უბოძა იმ ქართულ ტელე-არხს, რომელსაც სრლფ პარტნიორად აირჩევს. ბატონ პაატას თავიდანვე ოთხი ალტერნატივა გააჩნდა და ვიდრე შინ დაბრუნდებოდეს, თამამი გადაწყვეტილება უკვე მიღებული უნდა ჰქონდეს, რაღაი დიდი ფინალი შაბათს, ჩვენებურად ღამის ათის 15 წუთზე იწყება და ვაგლახ, რომ ევროპულ ფეხბურთს ემთხვევა.

ფრანგებს ოზი მოუხდათ

  ფინალში ბრიტანეთი და ავსტრალია შეიბმებიან. პირველგან ლიგა 1895 წელს განუდგა დედა თამაშს, მეორეგან კი 1908 წელს და ჯერაც ჯობნის. ბოლო მსოფლიო თასი 2000 წელს ბრიტანეთში გათამაშდა, შემდეგი კი 2008 წელს ავსტრალიაშია. ვიდრე მაქამდე მივატანდეთ, ელიტა გაისად და გაისის გაისადაც შეგვაქცევს "სამი ერით" (მესამე მონაწილე ზელანდიაა), რომელიც მალე საფრანგეთის ჩართვით შეიძლება "ოთხ ერად" იქცეს.

რაგბისგან ლამის წალეკილი ფრანგული ლიგა კრიზისს თავს თანდათან აღწევს. "მამლაყინწებს" ზელანდია ბოლოჯერ 1980 წელს, ავსტრალია კი 1978 წელს უძლევიათ. ამ ზაფხულს გალეთში უსისხლო რევოლუცია მოხდა. ახალმა უფროსობამ ოზი მიკ ალდუზი დანიშნა ნაკრების მწვრთნელად და მასვე მთელი სისტემის რეფორმაც დაავალა.

ალდუზის ხელი უმალ შეეტყოთ შეგირდებს. ისინი ბოლო ხუთ წუთამდე უგებდნენ "კივებს" და მხოლოდ მერეღა გაუშვეს ლელო. განსაკუთრებით მაგრად ითამაშეს კაპიტანმა ჟიულიენ რინალდიმ და მისმა მეწყვილემ მაგზიმ გრეზეკმა, ვინც ოთხი დარტყმით ოთხი გოლი გაიტანა, ლელოც დადო და ორჯერ "ორმოციდან ოცში" დაჰკრა, ანუ გუნდს მოუპოვა მოედნის მეტოქის მეოთხედიდან ზედიზედ ექვსი შეტევის უფლება.

ალდუზმა ნახევრად-პროფესიონალი ბიჭები ავსტრალიელ გრანდებთან საომრადაც აღანთო. გალები თავიდან 10 ქულით დაწინაურდნენ, 67-ე წუთზე კი მხოლოდ 30:34 აგებდნენ. აქ მათ ჯეელ ფორვარდს, ჟამალ ფაქირს ბურთი გაუვარდა და "კენგურუებმა" გასაცდელს თავი დააღწიეს. ოზთა გამარჯვება განაპირობა კაპიტანმა დარენ ლოქიარმა, ვინც ზელანდიასთან თამაშში ნეკნი იტკინა და მას აქეთ უქმობდა, მაგრამ "ჟილეტის" ფინალში კი უსიკვდილოდ ითამაშებს.

ავსტრალიას ქვინზლენდელი ლოქიარი ძაან ჭირდება, რადგან უმისოდ მასპინძელ "ლომებს" პირველად ბოლო წამებზეღა მოუგო, მეორედ კი მასთან უსიტყვოდ დამარცხდა. ამით ბრიტებმა 6-მატჩა ნავსი გატეხეს, მერე ზელანდიაც დაამარცხეს, ორი წრე პირველ ადგილზე დაასრულეს და ახლა იმის იმედად არიან, რომ საჩემპიონო შებმაშიც ივარგებენ და "კენგურუების" ჰეგემონიას დაარღვევენ.

ჩემპიონი პრიზად 270 ათას დოლარს მიიღებს. ბრიტანეთს ავსტრალიასთან ტესტ-სერია 1970 წლის აქეთ ვერ მოუგია. "ელანდ როუდზე" 39 ათასივე ბილეთი მატჩამდე ათი დღით ადრე გასაღდა. ოზები უკმაყოფილონი არიან მათ ნრლ-სა და ბრიტანეთის "სუპერ ლიგაში" გამოუცდელი ზელანდიელის, გლენ ბლექის მსაჯობით და ითხოვენ, ფინალი ინგლისელ რასელ სმითს მივანდოთო.

იორკშირის მთავარ ქალაქ ლიდსში ლიგის ნაღდი კვირეულია. გუშინ იქ შეკრებილ მსოფლიო ფედერაციას (რლიფ) "სამი ერის" მომავაზე უნდა ემსჯელა. მანამდე გაიმართა წელს თავგამოჩენილთა დაჯილდოება. მსოფლიოს საუკეთესო ლიგელად ცნეს ბრიტანეთისა და "ვიგან ვორიორზის" კაპიტანი ენდი ფარელი, საუკეთესო მწვრთნელად ბრიტანეთისა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონის, "ბრედფორდ ბულზის" გურუ ბრაიან ნოუბლი, საუკეთესო ახალბედად კი ზელანდიის 13 ნომერი (შერკინების შემკვრელი) სონი-ბილ ვილიამსი.

ერთი კია, თუ "ჟილეტზე" მაინც ავსტრალია იპირველებს, ბრიტებს ჯილოდები არამად დაურჩებათ.

    "ჟილეტის" სამი ერი

ბრიტანეთი 24 (18) (4ლ: ნიუტონი, რიორდონი, ფილდენი, სინიორი; 4გ: ფარელი) - ავსტრალია 12 (6) (2ლ: რუნი, ომილი; 2გ: ფითსგიბონსი, ქიმორლი); 13/11 ვიგანი (25 004)

ბრიტანეთი 26 (4) (5ლ: ქერნი 2, ჯონსონი, ფარელი, სინიორი; 3გ: ფარელი) - ზელანდია 24 (12) (4ლ: ჰაპე, ვანგანა, ვ.ანდერსონი, ჩენი; 4გ: ვები); 20/11 ჰალი (23 377)

ადრე გამართული: ზელანდია - ავსტრალია 16:16 (16/10 ოლბანი, 19 118); ავსტრალია - ზელანდია 32:12 (23/10 ლონდონი 16 750); ბრიტანეთი - ავსტრალია 8:12 (30/10 მანჩესტერი, 38 572); ბრიტანეთი - ზელანდია 22:12 (6/11 ჰადერსფილდი, 20 372)

საბოლოო კიბე: ბრიტანეთი 6 ქულა (80:60), ავსტრალია 5 (72:60), ზელანდია 1 (64:96)

დიდი ფინალი: (შაბ) 27/11. ბრიტანეთი - ავსტრალია (ლიდსის ელანდ როუდზე, ჩვენებურად 21.15)

ტესტები

საფრანგეთი 20 (12) (3ლ: გრეზეკი, სირვანი, ზიტერი; 4გ: გრეზეკი) - ზელანდია 24 (8) (5ლ: ტოოპი 2, ჰაპე, ვიკი, ლაუტიტი; 2გ: რ.პოლი); 11/11 კარკასონი (8 ათასი)

საფრანგეთი 30 (16) (6ლ: ზიტერი 2, ფელუზი, ფაქირი, გრეზეკი, კუტიურიე; 3გ: გრეზეკი) - ავსტრალია 52 (28) (9ლ: ფითსგიბონსი 2, რაილზი, კუპერი, ტეიტი, ლოქიარი, ქეროლი, სივონისევა, კენედი; 8გ: ლოქიარი 4, ფითსგიბონსი 4); 21/11 ტულუზი

 

 ლიგის მადლი ვერ მოწვდათ

2/12/2004  13-კაცა ლიგის უპირობო გრანდის, ავსტრალიის "კენგურუზის" გამარჯვებით დასრულდა "ჟილეტის სამი ერი". ბრიტანეთში მასპინძელთა მომსრველმა ოზებმა ნაშეჯიბრევს ამერიკაშიც შეიარეს და იქაურ "ტომაჰოქებს" რის ვაი-ნაჩრობით მოუგეს. ამასობაში სამშობლოში დაბრუნდა "ქართული რაგბილიგის" მოთავე პაატა ცინცაძე და სამშაბათს მავან პრესტიჟულ ადგილას პრეს-კონფერენციას გამართავს.

საქვეყნოდ ცნობილი "ჟილეტი" ლიგას ახლახანს დაუმეგობრდა და ინვესტიციის უკუგებით ფრიად კმაყოფილი დარჩა. 13-კაცას ადგილის დედის, ჩრდილო ინგლისის დაბა-ქალაქებში ტურნირმა დიდი ინტერესი გამოიწვია. ჯამურმა დასწრებამ 182 313 კაცი შეადგინა, სარფმა კი ორი მილიონი გირვანქა.

რაც მთავარია, ახალი იმპულსი შეიძინა სანაკრებო ლიგამ, თორემ ავსტრალია ბოლო ხანს ყველას რომ ანადგურებდა, 13-კაცას გლობალური თემი ცოტა არ იყოს, გულგატეხილი ბრძანდეობდა და მსოფლიო თასის გამართვის მიზან-შეწონილებაშიც კი შეეჭვებულიყო. 

ნაშეჯიბრალს "ასოშიეითიდ პრესმა" (აპ) შენიშნა, რაგბილიგის საერთაშორისო ფედერაციამ (რლიფ) XXI საუკუნეში პირველად ნახა ხეირი, რაც საამო ცნობა უნდა იყოს იმ ქვეყნებისთვის, სადაც 13-კაცა ბურთაობა ვითარდება ან ახლაღა იდგამს ფეხსო. პირველ კატეგორიაში სააგენტო სამოას, ტონგასა და პაპუასეთს ასახელებს, ხოლო მეორეში რუსეთს, ჰოლანდიასა და საქართველოს.

მეტიც, აპ-ს ეგეც შეუტყვია, რომ საქართველოში "ჟილეტის" ფინალი ტელევიზიით გადაიცა, 2005 წელს კი კავკასიელები შეიძლება ევროპის "ერთა თასზეც" ვიხილოთ. ეს ტურნირი წელს ოდენ მეორედ ჩატარდა და კვლავ ინგლისმა მოიგო.

ჩემპიონი ქვეყნის გარდა 2003 წლის იანვარში დაარსებული ევროპული ფედერაციის (რლეფ) სრულუფლებიანი წევრები არიან საფრანგეთი და რუსეთი. შოტლანდია, უელსი, ირლანდია, ჰოლანდია, იტალია, სერბია, მაროკო და ლიბანი რლეფ-ის მოკავშირე წევრებად ირიცხებიან, ხოლო საქართველო ჯერაც დამკვირვებელია, მაგრამ გაისად ნაღდად მიიღებს უკეთეს სტატუსს.

პრეზიდენტ ცინცაძის მარიფათისა და რლეფ-ის მახვშის, ბრიტი რიჩარდ ლუისის სიქველის გამოისობით რუპერტ მერდოქის "სქაიმ" "ტელე იმედს" "ჟილეტის" ფინალის "ლაივი" მუქთად უბოძა, მაგრამ მაქედან ჩვენს მომავალ ლიგელებს რა ხეირი: ქართულმა არხმა მატჩის ანონსი ხომ არ გააჭაჭანა ეთერში და მეორე დღეს, ლამის პარტიზანულად, მოკვეცილი ჩანაწერიღა გაუშვა.

ამას დაერთო ის, რომ "იმედის" ყოვლის მცოდნე კომენტატორთა ამქრის წარმომადგენლები რაგბილიგის განხრით ტყემლის მთლად კენწეროში სხედან და ცოდვაც გამხელილი სჯობს, რაგბის მეტისმეტი სიყვარულით 13-კაცას, ცოტა არ იყოს, ამრეზით უყურებენ. ამისა გამო პოტენციურ ტელე-აუდიტორიას ვერ მისწვდა ლიგის მადლი, ანუ ხალხმა ვერ შეიმეცნა, თუ მაინც რით განსხვავდება 13-კაცა ჩვეულებრივი რაგბისგან და მას რითი სჯობს.

89 პროცენტი!

  ფინალი ტურნირის ანტი-კულმინაცია გამოვიდა და წრიული ეტაპით გულმიცემულ ბრიტებს ნირი წაუხდინა. "ლომებს", რომელთაც ავსტრალიასთან ტესტ-სერია 1970 წლის აქეთ ვერ მოეგოთ და XXI საუკუნეში ოზებთან ზედიზედ 6 ტესტიც წაეგოთ, თავიდანვე ფათერაკი შეემთხვათ, რაღაი კვაჭი ტერი ნიუტონი შებოჭილი მეტოქის შეფერხებისთვის დაჯარიმდა, უმალ რეფერისაც შეეკამათა და "კენგურუთა" კაპიტანმა დარენ ლოქიარმა არამი 2 ქულა მიითვალა.

მერე შეცდა მშობელ ლიგაში რაგბიდან დაბრუნებული უელსელი იესტინ ჰარისი. ამან კონტაქტში რისკიანად გააკეთა პასი, ოზებმა რიგ-გარეშედ შეუტიეს, ენთონი მინიჩელომ აბორიგენ მეტ სინგს ზუსტად დაურტყა და მასპინძლები 8 ქულით ჩამორჩნენ.

მეორე ლელოზე მინიჩელომ და ლოქიარმა ერთ შეტევაში სამ-სამჯერ წაიბურთავეს, ბებერმა ბურჯმა შეინ ვებკემ და კვაჭმა დანი ბუდერუსმაც ლიგელთათვის ნიშანდობლივი ტექნიკა გვიჩვენეს, შემდეგ იერიშში კი მინიჩელომ ლოქიარს ხაზი გააჭრევინა.

მესამე ლელოზე ისევ გაიბრწყინა "ბრისბენ ბრონკოუზის" 27 წლის სუპერ-ვარსკვლავმა, ვინც შარშან მსოფლიოს საუკეთესო ლიგელად სცნეს: დარენმა, ვინც უწინ ფულბეკი (პირველი ნომერი) იყო, წელს კი 6 ნომრად დაწინაურდა და ბეკებს ბურთს უნაწილებს, აბრაგანი აუწია ვილი ტონგას, ვისაც ბრიტთა უჩიავესი მოთამაშის, ბრაიან ქერნის ჰაერში გაბითურება არ გაჭირვებია.

ლოქიარმა ლელო თავადაც გაიტანა, როცა ნეითან ჰაინდმარშის პასიდან 50 მეტრი ეულად ინავარდა. ოზებმა ნახევარი მატჩი 38 ქულით მოიგეს და ბრიტები მეორე ნახევრის დაწყებისთანავე დაალელოვეს. მერე ჰარისის ნაცვლად ბრძოლაში ჩაბმულმა დენი მაკგვაიერმა ცოტათი გამოაცოცხლა მასპინძლები. ამათ ერთი ლელო დადეს, მეორე კი ნიუტონს ვიდეო-რეფერიმ არ ჩაუთვალა.

საბოლოოდ ავსტრალიამ 40 ქულით გაიმარჯვა. მეტით (12:50) შინ ბრიტანეთი ავსტრალიასთან 1963 წელს დამარცხდა. "კენგურუებმა" სერია ბოლოჯერ 1978 წელს, საფრანგეთთან წააგეს. მას აქეთ "ჟილეტის" ფინალამდე 9884 დღე გავიდა. ამ ხნის განმავლობაში ავსტრალიამ გამართა 197 ტესტი და მათი 89 პროცენტი მოიგო.

ამერიკაში ლიგა ჯერჯერობით რაგბივით გავრცელებული ვერაა. იანკები ოზებს ფილადელფიაში, "ფრანკლინ ფილდის" ხელოვნურ ბალახზე შეებნენ. თამაში ოთხ, 20-წუთა პერიოდად გაიმართა. 25-ე წუთზე მსოფლიოს არა-ოფიციალურ რეიტინგში მე-12 ადგილზე მყოფი "ტომაჰოქები" 18:0 იგებდნენ. ავსტრალია პირველად 64-ე წუთზეღა დაწინაურდა, როცა ელიტარული ეროვნული ლიგის (ნრლ) ჩემპიონის, სიდნეის "ბულდოგების" სახემ, ვილი მეისონმა სამი მბოჭავი ათრია და ლელოს ასე უწია.

"ჟილეტის" სამი ერი

ზელანდია - ავსტრალია 16:16 (16/10 ოლბანი, 19 118)
ავსტრალია - ზელანდია 32:12 (23/10 ლონდონი, 16 750)
ბრიტანეთი - ავსტრალია 8:12 (30/10 მანჩესტერი, 38 572)
ბრიტანეთი - ზელანდია 22:12 (6/11 ჰადერსფილდი, 20 372)
ბრიტანეთი - ავსტრალია 24:12 (13/11 ვიგანი, 25 004)
ბრიტანეთი - ზელანდია 26:24 (20/11 ჰალი, 23 377)

ბრიტანეთი  6 (80:60)
ავსტრალია   5 (72:60)
ზელანდია    1 (64:96)

ფინალი. ბრიტანეთი - ავსტრალია 4:44

ლომები: (1-13) ველენსი, ქერნი, გლისონი, სინიორი, რიორდონი; ჰარისი, ლონგი / ფილდენი, ნიუტონი, მორლი; ფიქოქი, ფარელი კაპ, სქალსორპი; (მ) ელისი, მაკგვაიერი / ბეილი, ოლაფლინი - ლ: რიორდონი

კენგურუები: მინიჩელო, რუნი, ტონგა, ბერიგანი, სინგი; ლოქიარი კაპ, ქიმორლი / ვებკე, ბუდერუსი, სივონისევა; ჰაინდმარში, რაიანი, ქეროლი; (მ) ვინგი, ფითსგიბონსი / მეისონი, ომილი - 7ლ: სინგი, მინიჩელო ორი (2 5), ტონგა ორი (3 6), ლოქიარი, მეისონი; 8გ: ლოქიარი 6, ფითსგიბონსი 2

რეფერი სმითი (ბრიტ); ლიდსი, ელანდ როუდი (39 120)

0:2(4) 0:8(9) 0:14(13) 0:20(18) 0:26(24) 0:32(27) 0:38(36) / 0:44(42) 4:44(43)

"თავისუფლების ზარი"

აშშ 24 (24) (4ლ: პიტერსენი, სმითი, ქელი, კოსტინი; 4გ: სმითი 3, კოსტინი) - ავსტრალია 36 (6) (6ლ: ბოუენი 3, ბერიგანი, კუპერი, მეისონი; 6გ: ლოქიარი 5, ქიმორლი) ფილადელფიაში (4 500)

 

ლიგისრაგბული პაემანი
"ძველ მეტეხში"

7/12/2004  დაფუძნებიდან ნახევარი წლის შემდეგ სამზეოზე გამოვიდა  "ქართული რაგბილიგა". ესაა სპორტული ფედერაცია, რომელიც  საქართველოში 13-კაცა, ლიგურ (გინდ ლიგის) რაგბს ნერგავს, ავრცელებს, ავითარებს და განკარგავს.

პრეზენტაცია, უფრო კი მედიასთან არა-ფორმალური შეხვედრა, ოტელ "ძველი მეტეხის" საკონფერენციო დარბაზში მოეწყო. ქართული სპორტული ოჯახის ახალ წევრთან გასაცნობად რამდენიმე ტელევიზია და გაზეთი მივიდა. "ქართული რაგბილიგის" მედია-ატაშემ, გიორგი ხაჩიძემ ჟურნალისტებს წარუდგინა წამოწყების მოთავე და ლიგის პრეზიდენტი პაატა ცინცაძე, მთავარი აღმასრულებელი ნოდარ ანდღულაძე და საბურთაო საქმეთა შეფი დავით კილასონია.

სტუმრებს დაურიგდათ საპრომოციო ბუკლეტი. პრეზიდენტმა ცინცაძემ თავიდანვე განმარტა, რომ "რაგბილიგა" რაგბის ორიდან ერთ-ერთი, 13-კაცა სახესხვაობაა და რომ ჩვენში აქამდე დანერგილ 15-კაცა თამაშთან საერთო მხოლოდ ძირი და ოვალური ბურთი აქვს, თორემ სხვაფრივ დამოუკიდებელი სპორტია. ბატონმა პაატამ ეგეც შენიშნა, რომ ახალ, რევოლუციის შემდგომ საქართველოში ლიგური რაგბის შემოსვლა სიმბოლურია და რომ უცხო თამაში ახალგაზრდობის გაკაჟებასა და დასაქმებაში საკადრის წვლილს შეიტანს.

პრეზიდენტმა, ვინც სხვათა შორის ევროპაში ლიცენზირებული სპორტული აგენტი და "ცოცხალი სპექტაკლის" მენეჯერიცაა, განმარტა, რომ ლიგურ რაგბს თავისი პროფესიული საქმიანობის წყალობით ეზიარა. რაღაი ქართველებს საერთაშორისო რაგბში ძალუმი სიტყვა ეთქმით და ოვალურ ბურთაობაშიც 45-წლოვანი ტრადიცია აქვთ, ამდენად ისინი მონათესავე თამაშსაც ჩინებულად აითვისებენ.

ბატონი პაატა მერე წვრილად მოყვა "ქართული რაგბილიგის"  პირველი სეზონის განრიგს. ითქვა, რომ სიახლის შეთვისებაზე უკვე  60 მორაგბეა ყაბულს. მათ იანვრის მეორე ნახევარში საქართველოში  ჩაუტარდებათ კასტინგი (შერჩევა) და რჩეულთაგან შეიქმნება  ეროვნული ნაკრები.

20 უკეთესს უცხოელი მწვრთნელი შეარჩევს. ამ თანამდებობაზე პრეზიდენტ ცინცაძეს სამი ექსპერტი შეუგულებია. მათგან ყველაზე ნაღდი კანდიდატია საფრანგეთის "ტულუზის" მოთამაშე მწვრთნელი, ავსტრალიელი ტრენტ რობერტსონი. ამ საკითხზე "ქართული რაგბილიგა" გადაწყვეტილებას წლის ბოლომდე მიიღებს.

ეროვნული ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იორკშირში (ჩრდილო  ინგლისი) გამართავს და თებერვალში შინ დაბრუნდება. მაშინვე,  დავითობაზე ჩაფიქრებულია გუნდის საბრძოლო ნათლობა: ქართველები  ბრიტანელ მოყვარულებს უმასპინძლებენ. სამომავლოდ ეს მატჩი  ტრადიციად იქცევა.

მარტ-აპრილში ეროვნული პირველობა გაიმართება. მასში სავარაუდოდ ოთხი გუნდი გამოვა (მით უფრო, თუ ასეთია ევროპული რლეფ-ის მოთხოვნა, თუკი ქვეყანას მისი ალალი წევრობა სურს). ერთი მონაწილე ნაღდად იქნება დავით კილასონიას "უნივერსიტეტი", რომლის 23 მორაგბეც "ქართულ რაგბილიგაში" წევრად ჩაეწერა.

მეორე გუნდია "თბილისელი რაინდები". ესაა ახალი, პირწმინდად ლიგური რაგბის კლუბი. მისი შექმნის თაოსანია "ბორჯღალოსანი" ნოდარ ანდღულაძე, ვისაც რაგბის ოჯახში უფრო "ნონოდ" იცნობენ, ხოლო ბირთვს "ლოკომოტივის" ბიჭები შეადგენენ.

მაისის მეორე დეკადაში ნაკრები მოსკოვში, "გამარჯვების  თასზე" იასპარეზებს. ტურნირი მეორე მსოფლიო ომში ანტი-ფაშისტური  კოალიციის გამარჯვების მე-60 წლისთავს ეძღვნება და რუსეთის  ხელისუფლება მეოხობს. საქართველო ორგანიზატორებმა ამერიკის  ნაცვლად მიიწვიეს, მაგრამ არც ეგაა გამორიცხული, რომ მონაწილეთა  რაოდენობა ექვსიდან რვამდე გაზარდონ.

"ქართული რაგბილიგის" ერთ-ერთი პრიორიტეტი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში თამაშის დანერგვაა. ამიტომ დაიგეგმა ივნისში რეგიონთა თასი, რომელიც შესაძლოა ავსტრალიური "სთეით ოვ ორიჯინის" (სადაც ვშობილვარ, გავზრდილვარ, ჩემი გუნდიც ის არი!)  პრინციპით გაიმართოს.

რაგბთან მშვიდობა!

  სექტემბრის ბოლო დეკადაში გვეწვევა ძალზედ ძლიერი მეტოქე, ავსტრალიის უნივერსიტეტების ნაკრები და ჩვენს ლიგელებს მარგ  გაკვეთილს ჩაუტარებს. ქართველთა შემდეგი ნაბიჯი იმ დრომდე  ნაჩვენებ შედეგებზე იქნება დამოკიდებული. თუ ნაკრები  ანგარიშგასაწევი ძალა გახდა, მაშინ ოქტომბრიდან ეგებ ჩაებას  რლეფ-ის "ერთა თასზე", თუ არა და ლიბანში დანიშნულ "ხმელთაშუა  ზღვის თასზე" იასპარეზებს.

"ქართული რაგბილიგა" 13-კაცა თამაშში სპორტული თემის  ნებისმიერი სუბიექტის ჩაბმას მიესალმება. ამ მიზნით  ორგანიზაციის იურიდიულ დოკუმენტთა პაკეტი დაეგზავნება ყველა  ქართულ კლუბს. დიდი ყურადღება მიექცევა კადრების განსწავლასა და  დახელოვნებას. შუა თებერვალში მომავალ მწვრთნელებსა და მსაჯებს  სემინარს ჩაუტარებენ 13-კაცას უდაო გრანდის, ავსტრალიის ლიგური  რაგბის აკადემიიდან მოწვეული მოძღვრები.

"ქართული რაგბილიგა" სპონსორების მოსაზიდად დაუღალავად  მუშაკობს. უკვე ცნობილია, რომ ეროვნულ ნაკრებსა და მსაჯებს  "კლასიკ სპორტსი" შემოსავს. მოვა გრანტი, რისი წინაპირობაც  ისაა, რომ "საქართველოში ლიგური რაგბის განვითარების სტრატეგიულ  ჯგუფში" პრეზიდენტ ცინცაძის გარდა შედიან უელსელი მაიკლ ნიკოლსი, ავსტრალიელი ტეს ბეტიერი და რლეფ-ის მთავარი მოხელე,  ინგლისელი კევინ რადი.

ბატონ პაატას თქმით, "ქართულმა რაგბილიგამ" აქამდე უცხოეთში  მეტს მიაღწია, ვიდრე საქართველოში. ორგანიზაცია ყოველ სფეროში  (დაზღვევა, ავია გადაყვანა, ტელევიზია, პრესა) თითო მძლავრი,  საიმედო, შინაური პარტნიორის გაჩენას აპირებს.

პროპაგანდის განხრით, ლიგურ რაგბს უკვე აქვს ქართული საითი. საგაისო "სთეით ოვ ორიჯინის" სამივე მატჩის პირდაპირი  რეპორტაჟის გარდა, ფედერაციას უკვე დაუბევებია ინგლისის "სუპერ  ლიგის" მთელი სეზონის ჩვენების უფლებაც. მეტიც, "ქართული  რაგბილიგა" 13-კაცა თამაშის წარმოსაჩინებლად აქაურ  ტოტალიზატორებთანაც აპირებს თანამშრომლობას.

მედიამ ლიგური რაგბის მოთავეებს რაგბის კავშირთან მომავალი  ურთიერთობის გამოც ჰკითხა. ამაზე პრეზიდენტმა ცინცაძემ  დელიკატურად თქვა, რომ ლიგა კავშირთან მშვიდობის მომხრეა,  თანამშრომლობის ლამის ერთადერთ სფეროდ კი ასპარეზის (სტადიონი,  ბაზა) ერთად მოწყობა და მისი საზიაროდ გამოყენება ესახება.

მანამდე ორი თამაშის ურთიერთმიმართებაზე დავით კილასონიამაც  ისაუბრა. მისი თქმით, 1995 წლის აქეთ რაგბის სამყარომ უარყო  დრაკონული კანონი, რომელიც 15-კაცა თამაშს 13-კაცა განაყოფისგან  მიჯნავდა. მას აქეთ ერთი სპორტიდან მეორეში გადასვლა ან სულაც  ორივეში ერთდროულად მონაწილეობა ჩვეულებრივი ამბავია და ამ  მხრივ არც ჩვენში უნდა შეექმნას ვინმეს დაბრკოლება.

კილასონიას თქმით, "უნივერსიტეტს" იმდენი მოთამაშე ჰყავს,  რომ ორივე სახეობას თავისუფლად აუვა. თავიდან კლუბის წევრთა  უმეტესობა ალბათ ორივე თამაშს გაუსინჯავს გემოს, მერე კი  არჩევანს გააკეთებს. მავანნი რაგბში ივარგებენ და მას  გაყვებიან, სხვანი კი ლიგას უფრო დაამუღამებენ და 13-კაცა ასპარეზზე თავის გამოჩენის შანსი მიეცემათ, რაც ერის სიმრთელეს კარგის მეტს არაფერს მოუტანს.

დამშვიდობებისას პრეზიდენტმა ცინცაძემ შენიშნა, რომ  "ქართული რაგბილიგა" მედიას რეგულარულად შეხვდება "ძველ  მეტეხში". მეტიც, ბატონ პაატას ჩანაფიქრით, ოტელი ლიგური რაგბის  ქომაგთა თავშეყრის ადგილად უნდა იქცეს. შემდეგი პაემანი  სავარაუდოდ იანვრის ბოლოს, საქართველოს ნაკრების წარდგენისას  გაიმართება.