"პირველების" წარდგენის დროა

  21/01/2005  ქართული სპორტული ოჯახის უახლესი წევრის, ლიგური (13-კაცა) რაგბის ეროვნული ნაკრების სია დამდეგი კვირის დასაწყისში გამოქვეყნდება. შუა თებერვალში საქართველოს ლიგური რაგბის ეროვნული ფედერაციის (სლრეფ) დელეგაცია ლონდონში დაესწრება ევროპული ფედერაციის (რლეფ) სხდომას, თვის ბოლოს კი ნაკრები საწვრთნელადა და სათამაშოდ საფრანგეთში გაემგზავრება.

სლრეფ შარშან, 1 ივნისს გატარდა რეგისტრაციაში. 1 ოქტომბერს საქართველო რლეფ-ის მეთვალყურე წევრად მიიღეს. 7 დეკემბერს მოეწყო "ქართული რაგბილიგის" მედიისთვის წარდგენა, 27 დეკემბრიდან კი ახალი თამაშის შეთვისებით დაინტერესებული მორაგბეები სისტემატურ ვარჯიშს შეუდგნენ.

მსურველი თავიდან 60 იყო. ისინი ოთხ თბილისურ კლუბს: რაინდები (ლიგური ლოკომოტივი), უნივერსიტეტი, ხულიგანა და ლელო წარმოადგენენ. სპორტის აკადემიის იავარქმნილ მოედანზე ბიჭებს საქართველოში გაეროს მისიის დაცვის სამსახურის უფროსი, წარმოშობით სამოელი რიჩარდ ალი ავარჯიშებდათ. მისი რეკომენდაციით გამოცდილთაგან უკვე შეირჩა ის 25 უკეთესი, ვინც პირველ ეროვნულ ნაკრებს, "პირველებს" შეადგენს.

ბიჭები ავდარს არ ეპუებოდნენ. მათ 31 დეკემბერსაც კი ივარჯიშეს და მხოლოდ ახალ სტილურ ახალ წელსა და ძველებურ შობაზე შეისვენეს. ბატონმა ალიმ, ვინც საქმეს ალალად და ფრიად სერიოზულად მოეკიდა, ქართველ ახალბედებს ლიგის ძირეული ილეთი, ბოჭვაზე ბურთის გამოგორება ხომ ასწავლა და უამრავი საზრიანი სავარჯიშოთი ლიგური რაგბის თამაშის რიტმსაც მიაჩვია. ამით ბიჭები დარწმუნდნენ, რომ 13-კაცა ნაღდ ათლეტთა თამაშია.

როცა მასწავლებელ "რიჩის" სამსახურის გამო არ ეცალა, მის მიერვე შედგენილი გეგმით გუნდს სლრეფ-ის მთავარი მოხელე, თავადაც მოთამაშე ნონო ანდღულაძე ავარჯიშებდა. ამჟამად ალი სამოაზე, ოჯახის ჩამოსაყვანადაა წასული. სამაგიეროდ, სამშობლოში დაბრუნდა სლრეფ-ის პრეზიდენტი და ჩვენში 13-კაცა თამაშის დანერგვის მოთავე, საფრანგეთში მოღვაწე "ცოცხალი შოუს" მენეჯერი პაატა ცინცაძე და ლიგის აქტივს ოდნავ ჩასწორებული სამოქმედო გეგმა გააცნო.

უქმეებზე ლიგელებმა შეისვენეს, პრეზიდენტმა და მთავარმა მოხელემ კი გეზი დასავლეთ საქართველოსკენ აიღეს, რათა იქ ვითარება დაზვერონ და ნაკრებისთვის სამომავლო ბაზაც დაიგულონ. ქვეყნის პირველი ჩემპიონატი მარტის ბოლოს გაჩაღდება. ჰოდა, ლიგელებს სურთ, რომ მარაქაში ბათუმიც გაერიოს, მით უფრო, თუ "დათვების" ვეტერანს, კახა "ჩიჩმი" მაჩიტიძეს ლიგის შვიდკაცა ჯერ კიდევ 1994 წელს უთამაშია სიდნეის "ფუთბოლ სტედიუმზე".

ბიჭებს საფრანგეთში გამგზავრებამდე საფუძვლიან სამედიცინო შემოწმებას ჩაუტარებს "ქართული რაგბილიგის" პარტნიორი კლინიკა. ამავდროულად ლიგელები აქაურ საბურთაო თემში ცნობილ გურუსთან, ლექსო ბურნაძესთან გაივლიან სიჩაუქისა და ამტანობის კურსს. რაც შეეხება დაზღვევას, იგი და "კლასიკ სპორტსის" მიერ შეკერილი კვართებიც "პირველებს" საფრანგეთში დახვდებათ.

საფრანგეთში ქართველები დაბანაკდებიან ლიგის ბუდეში, კატალანის მხარის მთავარ ქალაქ პერპინიანში. პრეზიდენტ ცინცაძის მარიფათისა და რლეფ-ის მამათა შეწევნით, ლიგურ რჯულზე ახლად მიქცეულებთან მამლეთში მოღვაწე ავსტრალიელები, მიკ ელდოუსი და ტრენტ რობერტსონი იმუშავებენ. ორი კვირის განმავლობაში დაგეგმილია სამი მატჩი, მერე კი, თუ საქმე აეწყო, ქართველებმა შეიძლება ჰოლანდიაშიც შეიარონ.

თვის მთავარი მოვლენა მაინც 18 თებერვალს, ლონდონში დანიშნული რლეფ-ის სხდომაა. მასზე ერთი რომ განვითარებად ქვეყნებს გრანტები უნდა ჩამოურიგდეთ და მეორეც, წლის ბოლომდე გასამართი შეჯიბრებები დაიგეგმოს. შემოდგომაზე გასამართ ევროპის "ერთა თასზე" ორგზისა და უცვლელ ჩემპიონს, ინგლისს მონაწილეობა აღარ სურს და მისი ადგილი შეიძლება საქართველომ დაიჭიროს.

თუ ჩვენები "ერთა თასზე" არ გამოვლენ, მაშინ ოქტომბერში ნაღდად იასპარეზებენ "ხმელთაშუა ზღვის თასზე", რომელსაც ტრადიციულად ლიბანი უმასპინძლებს. სხვაფრივ, მაისში საქართველო წარდგება მოსკოვში "გამარჯვების თასის" ნაცვლად დანიშნულ "მსოფლიო შვიდკაცაზე", სექტემბერში კი ჩამოგვაკითხავს ავსტრალიის უნივერსიტეტების ნაკრები და ტყუპი მატჩით ლიგის უმარგეს გაკვეთილს ჩაგვიტარებს.

 

26 მობურთალი ოთხი კლუბიდან
ლიგურმა რაგბმა ნაკრები შეადგინა

  27/01/2005  პირველი სისხლსავსე ვარჯიშიდან ერთი თვის თავზე ქართული სპორტული ოჯახის უახლესმა წევრმა, ლიგის (გინდაც ლიგურმა, 13-კაცა) რაგბმა შეადგინა ეროვნული ნაკრები, რომელიც იმავდროულად პირველი ქართული ლიგური გუნდია. "პირველები" ერთი თვის შემდეგ კატალანს (სამხრეთი საფრანგეთი) გაემგზავრებიან და იქ ნაწრთობნი ჰოლანდიაში გამართავენ ნათლობის ტესტს.

ჩვენში ლიგის რაგბს "ქართული რაგბილიგა" (სლრეფ) განაგებს. იგი რეგისტრაციაში შარშან, ივნისში გატარდა. ოქტომბერში საქართველო ევროპული ამქრის (რლეფ) მეთვალყურე წევრად მიიღეს. მორაგბე ბიჭები ლიგაში სერიოზულ ვარჯიშს 27 დეკემბერს, სამოელი რიჩარდ ალის ხელმძღვანელობით შეუდგნენ. გამოიცადა ახალი ხილის დაგემოვნების ბარემ 60 მსურველი და გურუ "რიჩის" რეკომენდაციით შეირჩა 26, ანუ ორი სრული გუნდი.

რჩეულნი "ქართული რაგბილიგის" მოთავემ და სლრეფ-ის პრეზიდენტმა, პაატა ცინცაძემ და ფედერაციის მთავარმა მოხელემ, თავადვე მობურთალმა ნონო ანდღულაძემ მედიას ნინოობაზე სპორტის დეპარტამენტის სააქტო დარბაზში წარუდგინეს. პრეზენტაციაზე 16 ჟურნალისტი მიბრძანდა. წარმოდგენილი იყო ერთი რადიო და ოთხი ტელე-არხი. ღონისძიებას რაგბის კავშირის (სრკ) ორი ცნობისმოყვარე თანამშრომელიც დაესწრო.

ლიგელებმა მედიას თავიდანვე უთხრეს, რომ ნაკრებს "13 ქართველი" ერქმება საუკეთესო ფრანგული გუნდის, "კატალან ტღეზის" (13 კატალანელი) ანალოგიით, ხოლო თუ ჟურნალისტები უკეთეს ვარიანტს შესთავაზებენ 13-კაცას მესვეურებს, მაშინ ლიგა მის დაკანონებაზე იფიქრებს. ნაკრების შექმნით დასრულდა საქართველოში ლიგის რაგბის დანერგვის პირველი ეტაპი. მოძღვარ ალის შეფასებით, გუნდი ბარაქიანი გამოვიდა და 2008 წლის მსოფლიო თასზე მოხვედრა ხელეწიფება.

ნაკრებში ლიგით დაინტერესებული თბილისის ოთხივე რაგბის კლუბია წარმოდგენილი. 26 რჩეულიდან ზუსტად ნახევარი, 13 მობურთალი "რაინდებიდანაა", რაიც ლიგის მოთამაშე "ლოკომოტივია". ნაკრების ხუთი წევრი "ხულიგანადანაა", ოთხ-ოთხი კი "ლელოდან" და "უნივერსიტეტიდან".

"პირველებიდან" ოთხი ხელდასხმული "ბორჯღალოსანია", კიდევ ცხრას კი რაგბის ჭაბუკთა ნაკრების დარჯაკი გამოუვლია. გუნდის ბირთვი ახალგაზრდაა, მაგრამ გვყავს ვეტერანებიც: კახა კობახიძე, კახა ალანია და გიო ასათიანი, ვინც იმავდროულად გუნდის მენეჯერია.

ნაკრები კატალანის ცენტრ პერპინიანში 28 თებერვალს გაემგზავრება. დელეგაციაში ოდენ 20 მობურთალი იქნება. ქართველები თავიდან მეორე დივიზიონის მავან კლუბს ეთამაშებიან, მერე ელიტის წევრ "ლეზინიანს" ებურთავებიან, სულ ბოლოს კი "კატალან 13-ის" მეორე შემადგენლობასთან შეიმოწმებენ ოსტატობას. ამ სუპერ-კლუბს გაისად "პერპინიანი" დაერქმება და ბრიტანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელის, ავსტრალიელი დევიდ ვეითის სარდლობით ინგლისის 12-გუნდა "სუპერ ლიგაში" ჩაირიცხება.

პერპინიანში ლიგის ახალბედა ქართველებს საფრანგეთში მოღვაწე ოზები, გალთა ეროვნული ნაკრების შეფი მიკ ელდოუსი და "ტულუზის" მოთამაშე-მწვრთნელი, ტრენტ რობერტსონი ავარჯიშებენ. ბატონ ელდოუსს კონტრაქტი აპრილში უთავდება და თუ სლრეფ-ს სახსარი ეყო, ბიჭების გასაწვრთნელადა და ლიგურ მეცნიერებაში ქართველთა გასარკვევად ეგებ თბილისშიც ჩამოიყვანოს.

ჰოლანდიას საქართველო შაბათს, 2 აპრილს, როტერდამში ელიგავება. 13-კაცა თამაშის ათვისებაში "ტიტები" იმავე სტადიაზე არიან, რაზეც ქართველები, მაგრამ ჩვენების ნიჭი, ჯანი, სიმარდე და შემართება მაინც სულ სხვაა. მერე, 18-19 მაისს, ბიჭები მოიხილავენ მოსკოვს, სადაც "გამარჯვების თასის" მაგივრად წელს გაიმართება "მსოფლიოს შვიდკაცა", რომლის მუდმივი ბინაც აქამდე სიდნეი ყოფილა.

როტერდამში ჩვენები აგვისტოშიც შეიძლება ჩავიდნენ, ქალაქის თასზე ჰოლანდიასთან, სერბიასა და იტალიასთან გასაჯიბრებლად. ოქტომბრიდან საქართველო შეიძლება ჩაებას მესამე "ერთა თასშიც". ესა და 2008 წლის მსოფლიო თასის შესარჩევთა სტრუქტურა სავარაუდოდ დადგინდება 18 თებერვალს, ლონდონში, რლეფ-ის თავყრილობაზე. იქვე გადაწყდება, თუ შარშანდელი "ჟილეტის სამი ერის" მიერ მოტანილი სარფი გრანტებად როგორ გაუნაწილდებათ განვითარებად სალიგო ქვეყნებს.

წარდგენაზე მისულმა მედიამ ლიგელ მასპინძლებს კითხვები დააყარა. მათზე გაცემულ პასუხთაგან ყველაზე საგულისხმო ის იყო, რომ რაგბილიგა შინ დარჩენილ (საფრანგეთში წაუსვლელ) პერსპექტიულ ბიჭებს აწრთობს, საერთაშორისო ასპარეზზე თავის გამოჩენის საშუალებას აძლევს და სხვაფრივაც ძაან მაგარი ბურთაობაა.

"ქართული რაგბილიგის პირველები"
ანუ ორჯერ "13 ქართველი"

(
! ბორჯღალოსანი, " ჯეელი ბორჯღალოსანი)

კახა ალანია*! კაპ (რაინდები, 32 წლისა), ნონო ანდღულაძე*! (რაინ 27), გიორგი ასათიანი (რაინ 31), ვახტანგ ახვლედიანი* (ხულიგანა 23), რეზო გიგაური* (რაინ 23), სანდრო გილაური (რაინ 24), კახა კობახიძე! ვიცე-კაპ (რაინ 35), გიორგი კობერიძე (უნივერსიტეტი 24), დავით კობეშავიძე* (ლელო 22), ზურაბ მოგელაძე (რაინ 27), ნიკა მხეიძე* (რაინ 23), ლადო ნიკურაძე (ხულიგ 21), გრიგოლ ნიშნიანიძე (უნივ 22)

დავით ჟამუტაშვილი (ხულიგ 23), ბექა სარდანაშვილი
*! (ლელო 22), შოთა სპანდერაშვილი (რაინ 24), გიორგი ტრაპაიძე* (რაინ 24), ფრიდონ უდესიანი (რაინ 23), ბესიკ ქარაბაკი (რაინ 24), თემურ ქობელაშვილი* (ლელო 22), ირაკლი ქორიძე (უნივ 21), ირაკლი ღვინჯილია (უნივ 22), არჩილ ჭიჭინაძე (ხულიგ 21), ლუკა ხაჩირაშვილი* (რაინ 22), გიორგი ხოსიტაშვილი* (ხულიგ 22), ედიშერ ჯამრულიძე* (ლელო 22)

 

აბა, რაგბი ლიგურად!

ევროპელმა სტუმარმა დონე მოგვიწონა

  8/02/2005  ამ დღეებში სამი საგულისხმო მოვლენა მოხდა "ქართულ რაგბილიგაში": 13-კაცა ბურთაობას ნაზიარები ჩვენი ბიჭები პირადად გასინჯა ევროპის ლიგური რაგბის ფედერაციის (რლეფ) მთავარმა მოხელემ, შოტლანდიელმა კევინ რადმა; სპორტის დეპარტამენტმა საქართველოს ლიგური რაგბის ეროვნულ ფედერაციას (სლრეფ) საოფისე ფართი გამოუძებნა, თავად ლიგელებმა კი თამაშის წესები და ორი საპრომოციო ბუკლეტი გამოსცეს.

რლეფ-მა სლრეფ მეთვალყურე წევრად შარშან, 1 ოქტომბერს მიიღო. 18 თებერვალს რლეფ ლონდონში შეიკრიბება. სხდომაზე სლრეფ-ს პრეზიდენტი პაატა ცინცაძე და მთავარი მოხელე ნონო ანდღულაძე წარადგენენ. ამასობაში ლიგის ეროვნული ნაკრების, "13 ქართველის" მენეჯერი, ნონოსებრ მოთამაშე გიო ასათიანი გუნდის პირველი უცხოური, ფრანგულ-ჰოლანდიური ვოიაჟის ორგანიზაციული საკითხების მოგვარებითაა დაკავებული.

ლონდონში წლევანდელი ევროპული შეჯიბრებების პროგრამა უნდა დაისახოს. გადაწყდება, შემოდგომაზე საქართველო ლიბანში ილიგავებს "ხმელთაშუა ზღვის თასზე" თუ ევროპის "ერთა თასზე" მოსინჯავს ძალას. სწორედ ამ ძალის შესამოწმებლად ჩამოვიდა ბატონი რადი დათვოლილ თბილისში, აქ სამი დღე დაჰყო, გაიცნო "ქართული რაგბილიგის" აქტივი, ჩვენი პიონერები მანეჟში ათამაშა, მათი უნარით ფრიად კმაყოფილი დარჩა და აქაურ სპორტულ მედიას დასკვნა მოახსენა.

არა-ფორმალური შეხვედრა ჭავჭავაძის გამზირზე, ბარ "ლა ბიგაში" გაიმართა. ეს ქართველ ლიგელთა მესამე თავშეყრის ადგილია (მანამდე კრებებს ოტელი "ძველი მეტეხი" და აბაშიძის ქუჩაზე მოქმედი კაფე "კანაპე" მასპინძლობდნენ). ბატონი რადი პაემანზე სპორტულად ჩაცმული მოვიდა და დამხვდურნი პიროვნული უშუალობით მოხიბლა.

სტუმარმა თქვა, რომ რლეფ-ის შემწეობით ქართველ ლიგელებს საერთაშორისო ასპარეზზე თავის გამოჩენის შესაძლებლობა მიეცემათ; რომ "13 ქართველისთვის" დიდი საცდური უნდა იყოს 2008 წელს, ავსტრალიაში დანიშნულ მსოფლიო თასზე მოხვედრა; რომ ბიჭებს ჯანი, სიმარდე და ნიჭი არ აკლიათ და რაგბის ცოდნაც ფრიად გამოადგებათ, რადგან ლიგასა და რაგბს ბურთი ერთნაირი აქვთ; რომ წარმატებისთვის საზოგადოება და მეწარმენი მხარში უნდა დაუდგნენ ახალ სპორტს და რომ საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობის პარალელურად შიდა პირველობის გამართვაც საშურია.

ნაკრები საფრანგეთში თებერვლის ბოლოს მიემგზავრება. "პირველებს" პირველთ დაურიგდათ ლიგური ლიტერატურა, რომელიც "ქართული რაგბილიგის" მეოხმა, სააქციო საზოგადოება "კეგელმა" დაბეჭდა. პროდუქცია მთლად ფერადია და ხარისხითაც ჩინებულია. ინგლისური დედნიდან გადმოქართულებული წესების წიგნი 60-გვერდაა და იმ ზომისაა, რომ ყოველმა ლიგელმა უბით ატაროს და ანაც ავტოს "ბარდაჩოკში" მიუჩინოს საკადრისი ადგილი.

წესების დასაწყისშივე ოთხი გვერდი ეთმობა ქართულ-ინგლისურ ლექსიკონს, რომელიც ლიგელთა გარდა, მორაგბეებს, მსაჯებსა და ჟურნალისტებსაც გამოადგებათ. ბუკლეტებიდან ერთი მედიაზეა გათვლილი, მეორე კი დამწყებ მოთამაშეზე. შემდგენელს გაუთვალისწინებია ქართველ ლიგელთა საბურთაო წარმომავლობა, ლიგის მუღამი ბიჭებისთვის ნაცნობი რაგბის მოშველიებით აუხსნია და არც 13-კაცა თამაშის ღირსებების მოტანა დავიწყნია.

თუ მოკლედ მოვჭრით, ბუკლეტი "აბა, რაგბი ლიგურად!" 13-კაცა თამაშის ერთგვარი მანიფესტია. მასში დაინტერესებული მკითხველი შემდეგ საგულისხმო მოსაზრებებს ამოიკითხავს:

"ლიგა მშრომელი ხალხის, მუშური თამაშია. იოლად გასაგები, გემრიელად საყურებელი და ლაღად საბურთაო, ოღონდ ძაან ხისტი. მაგად წესებიც ეგეთი პირდაპირი, ვაჟკაცური და მარტივი აქვს.

ლიგის წესები თანამედროვე და ლოგიკურია. კოდექსი XIX საუკუნის გადმონაშთებსა და ვირეშმაკობებს არ შეიცავს. ლიგელები წესებს თავიდანვე თამამად ცვლიდნენ. რაგბმა ლიგიდან ბევრი რამ გადაიღო, ოღონდ დიდი დაგვიანებით. ბოლო ჟამს ამგვარმა სესხობამ თამაშის ხერხები და ტაქტიკაც მოიცვა.

ლიგის მსაჯი ჩრდილში დგას და სტვენით არ აყრუებს არე-მარეს. მას წესებში მხოლოდ ბოლო თავები ეთმობა. ლიგაში ჯარიმები იშვიათობაა. მატჩის ბედს წყვეტს ლელოები და არა სათუო ჯარიმებიდან გატანილი გოლები. ლიგაში მეტოქენი ლამის უმსაჯოდ თამაშობენ. ლიგის შედეგზე უკეთური მსაჯის გავლენა მინიმალურია.

თანამედროვე ლიგა 100 წლის მანძილზე გაშალაშინებული რაგბია. ლიგის მიზანი თავიდანვე თვალსასეირო შოუს მოწყობა იყო: მუშა მობურთალებს ჯამაგირი რომ ჰქონოდათ, მაყურებელი უნდა მიეზიდათ!

ამიტომ წესები თანდათან ისე შეიცვალა, რომ ჩვენს დროში ბურთისთვის ჯგუფად ბრძოლაზე ჯანი სულ არ იხარჯება და მთელი ენერგია ბურთაობასა და ბოჭვას ხმარდება. ამით გვრჩება ღია, გაშლილი, ხელდახელ ბურთაობა და ამის საწინააღმდეგოდ, ბოჭვა.

ბოლო ათი წელია, რაგბი აჩქარებულად იმეორებს ლიგის მიერ გავლილ გზას, რამაც მავან ექსპერტს ათქმევინა, თანამედროვე ზეპური რაგბი იგივე ლიგაა, ოღონდ დაცვის ხაზი 10 მეტრის მაგივრად სამ მეტრშია გამწკრივებული, შემტევს კი ექვსი იერიშის ნაცვლად უსასრულოდ შეუძლია მეტოქის მწყობრში ბზარის ძებნაო".

უაქტუალურესი საკითხი

  მეორე ბუკლეტში ახსნილია, თუ რად გაჩნდა, სად და როგორ გავრცელდა ლიგური რაგბი. მასში ვკითხულობთ, რომ "ლიგის არსებობა გაჩენის დღიდან რაგბის წინააღმდეგ წარმოებული, ალაგ-ალაგ ფრიად უთანასწორო ომი იყო. ამ ბრძოლაში ლიგა გადარჩა, ცალკე თამაშად ჩამოყალიბდა, სანახაობრივ ბაზარზე და ბურთაობათა ოჯახში დაიმკვიდრა ადგილი და მოქიშპე რაგბსაც ფრიად არგო".

იქვე განხილულია უაქტუალურესი საკითხი ორი მონათესავე თამაშის ურთიერთობისა უწინ და ახლა. ამან, ჩვენი აზრით, თავიდან უნდა აგვაცილოს ბევრი გაუგებრობა, რაც 13-კაცა თამაშის საქართველოში შემოსვლას მოყვება, და საერთო ძირის მქონე ორი, ოვალურ-ბურთა სპორტი სათანამშრომლოდ უნდა შეაგულიანოს.

ბუკლეტის თანახმად, "საუკუნის მანძილზე ორი თამაში ერთმანეთს ღიად მტრობდა. რაგბი ლიგის გლობალურ გავრცელებას ზღუდავდა, ლიგა კი რაგბს ვარსკვლავებს სტაცებდა.

რაგბმა ლიგა კარგა ხანს არ გააჭაჭანებინა ბრიტანეთის შეიარაღებულ ძალებში. მეორე მსოფლიო ომის დროს მორაგბე გენერალმა პეტენმა ფრანგული ლიგა დახურა და კლუბებს ქონება ჩამოართვა. რაგბთან წილნაყარმა რასისტულმა რეჟიმმა სამხრეთ აფრიკაში არ ახარა ლიგა. რაგბის ლობიმ იმავეს მიაღწია იტალიასა და ტიტოს იუგოსლავიაში, რუსეთში კი ლიგა ბოლშევიკებმა მოსპეს.

ლიგამ რაგბს წაგვარა უელსელი და ავსტრალიელი სუპერ- ვარსკვლავების მთელი პლეადა. მიზეზი რაგბის კანონთა სიმკაცრე იყო: საკმარისი იყო, მორაგბეს ლიგის გუნდთან ევარჯიშა, რომ სამუდამო დისკვალიფიკაცია ეძლეოდა. ჰოდა, ვისაც რაგბის თამაშში ფულის ღიად აღება სურდა, ლიგაში გადადიოდა.

რაგბის გაპროფესიულების კვალად, ბოლო ათი წელია, ურთიერთობა მოწესრიგდა, გამთიშველი ჯებირები დაინგრა, რაგბმა ლიგიდან გადაიბირა მწვრთნელები და ვარსკვლავები, შეითვისა უამრავი იდეა, განვითარდა და თავად ლიგას დაემსგავსა.

მიუხედავად ამისა, ორი სპორტი არ გაერთიანებულა და ალბათ მალე არც გაერთიანდება, რაღაი ტრადიციაზე რომ არაფერი ვთქვათ, ბაზარზე ორივეს თავისი ადგილი აქვს, ორივე მომგებიანია და ჯანსაღი კონკურენციაც ორივესთვის ზრდის სტიმულია.

ბევრ ქვეყანაში ლიგა და რაგბი ნაყოფიერად თანამშრომლობენ. ერთობლივი ვარჯიშისა და ერთურთის ასპარეზების გამოყენების გარდა, გაჩნდნენ კლუბები და ბიზნეს-ჯგუფები, რომელთაც ორივე სახეობის გუნდები ჰყავთ. მერე სეზონებიც ისეა დაგეგმილი, რომ სტადიონები არ მოცდეს და ოვალური ბურთის თამაშის ხილვის მსურველს სეირი მთელი წელი არ მოაკლდეს".

დასასრულ, ოფისის გამოც. "ქართული რაგბილიგა" შესახლდა "რაგბის მხარდამჭერთა ლიგის" მიერ გამოთავისუფლებულ ორ ოთახში, რითაც საბოლოოდ გასწორდა ტერმინოლოგიური კაზუსი: ორგანიზაცია, რომელსაც დასახელებაში "ლიგა" ურევია, მიხედავს თამაშს, რომელსაც სხარტად "ლიგა" ეწოდება.

 

13 ქართველი ფერხულს ამუღამებს

  15/02/2005  სპორტის აქაურ ფანობას ზელანდიელ მორაგბეთა "ჰაკას" დავიწყება მალე მოუწევს, რაღაი ქართველ რაგბილიგელთა "ფერხულთან" შედარებით ეგ განთქმული წინასამატჩო რიტუალი ბაგა-ბაღის ბავშვთა იწილო-ბიწილოდ გვიჩანს.

რაგბილიგა (მოკლედ "ლიგა") ჩვეულებრივისგან ძაან განსხვავებული, 13-კაცა რაგბია. იგი საქართველოში შარშანღა დაინერგა. წლების შესაყარზე ოთხი კლუბის მორაგბეებისგან შეიქმნა ლიგელთა პირველი გუნდი, "13 ქართველი". იგი 7 მარტს საფრანგეთში, საწვრთნელ შეკრებაზე მიფრინავს.

პერპინიანში ჩვენებს 13-კაცა ბურთაობის გრანდები, ავსტრალიელები ავარჯიშებენ. მოეწყობა სამი სპარინგიც. მერე "13 ქართველი" როტერდამში გადავა და შაბათს, 2 აპრილს ჰოლანდიასთან გამართავს ნათლობის ტესტს. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს "საქართველოს რადიო" (ეფ-ემ 102.4) გეგმავს.

ნაკრებს გაეროს აქაური მისიის დაცვის შეფი, სამოელი რიჩარდ ალი წვრთნის. მისი თანამემამულეები ყოველგვარ რაგბს ეტანებიან და მაგრადაც ბურთაობენ. მათ თამაშს შნოს ისიც მატებს, რომ მულღაზანზრის სხვა ქვეყნების შვილთა დარად, მატჩის წინ სამოელებიც ასრულებენ ორიგინალურ მისალმებას, რომელიც ზელანდიის "ოლ ბლექსის" ლეგენდარული "ჰაკას" ალი-კვალია.

გურუ "რიჩის" რჩევით, "13 ქართველის" წევრებმა ნონო ანდღულაძემ (იმავდროულად "ქართული რაგბილიგის" მთავარმა მოხელემ) და გიო ასათიანმა (ნაკრების მენეჯერმა) ჩვენებური "ჰაკას" შექმნაზე დაიწყეს ფიქრი.

ლიგის აქტივისტები ყოფილი მორაგბის, მათივე ტოლი სანდრო ჩხენკელის მეშვეობით დაუკავშირდნენ ილიკო სუხიშვილ-უმცროსს, ვისაც ჯერ კიდევ წელიწად-ნახევრის წინ შეუთავაზებია სამოტივაციო ცეკვის დადგმა რაგბის კავშირისთვის, მაგრამ უარი მიუღია.

"ოლიმპის" ანგარიშით, იმ დროს მორაგბე "ბორჯღალოსნები" ავსტრალიაში, მსოფლიო თასზე საასპარეზოდ ემზადებოდნენ. კავშირი დიდ გაწამაწიაში იყო და ალბათ თავი ვერ დაადგა საქმეს, ან იქნებ "ჰაკას" ქართული ვერსიის მნიშვნელობა ვერ გაიაზრა. ასეა თუ ისე, ერთი რამ უდაოა: საქართველომ თავის გამოჩენის, საკუთარი კულტურის მსოფლიოსთვის ჩვენების დიდებული შანსი გაუშვა ხელიდან!

რაც ვერ შეიშნო რაგბმა, ის ლიგამ მყის აიტაცა. ბატონმა ილიკომ, როგორც პროფესიონალსა და ნოვატორს შეშვენის, რამდენიმე ვარიანტი მოიფიქრა. მათგან "ქართულმა რაგბილიგამ" აირჩია ერთი და ლექსი რატი ამაღლობელს დააწერინა.

ჰოდა, აგერ უკვე მეორე კვირაა, "13 ქართველს" ყოველდღე საათიანი რეპეტიცია აქვს და ბატონ ილიკოსა და სუხიშვილების ანსამბლის ცნობილი წევრის, ჯემალ ხუნდაძის ხელმძღვანელობით ამუღამებს "სარაგბო (გინდაც სალიგაო) ფერხულს".

"ფერხული" დოლის (ელიბო იმერლიშვილი) თანხლებით სრულდება. 10-წამიან შესავალს მოყვება 25-წამიანი ცეკვა, რომელშიც რიგითი, არა-ხელოვნებათმცოდნე მოკვდავი ექვს ნაწილს გამოარჩევს. საწყის ოთხში ლიგელი ბიჭები ლექსის პირველ სტროფს აგუგუნებენ, ბოლო ორში კი მეორეს.

ლიგელები თავიდანვე წრეს კრავენ და ერთმანეთს მკლავებს გადააჭდობენ. შუაგულში დგება დამწყები. პირველ ნაწილში იგი ყვირის:
"ცამეტი ქართველი მებრძოლი დღეს / გიწვევთ ბრძოლაში, ბრძოლაში გიწვევთ!" ამ დროს მოფერხულენი შეწყობილად ტორტმანებენ.

მეორეში მოფერხულენი ღრიალში დამწყებს ყვებიან და ფეხებს აბრახუნებენ. მესამეში იგივე მეორდება, ოღონდაც წრე ჯერ აქეთ და მერე იქეთ ტრიალებს. მეოთხეში მოფერხულენი იჩოქებენ. მეხუთეში წრე იშლება, ბიჭები დგებიან და მეტოქისკენ ბრუნდებიან, მეექვსეში კი მისკენვე ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევენ და მხრებს ისე ამოძრავებენ, თითქოს დამხვდურს ეჯახებიანო.

ბოლო ორ ნაწილში რაზმი ყვირის:
"ჩვენ ვდგავართ ერთად და ვამბობთ ერთს / გულები ბრძოლის წყურვილით გვიცემს". როგორც კრიტიკოსები წერენ ხოლმე მსგავს შემთხვევებში, ხმამაღალი სიტყვა მოძრაობაში ნივთდება და ძლიერ ინდივიდებს მიზანსწრაფვა აერთიანებთ, ხოლო თუ უბრალო ხალხის ენაზე მოვჭრით, ასე გავეშებული, ძალუმად მომავალი ვაჟკაცების დანახვაზე არათუ მსაჯები, მეტოქენიც კი ადგილზე ჩაისველებენ.

უკეთეს მობურთალებს ვზრდითო

  ქართველი ლიგელები და შოუს დამდგმელები "ფერხულს" დღითი დღე სრულყოფენ. ძირითადი დამწყები გუნდის უხუცესი წევრი კახა კობახიძეა. მის გარდა ამ ამპლუაში ძალას, უფრო სწორად კი, სახმო სიმებს, სხვებიც ცდიან. მათგან "ოლიმპის" დამკვირვებელს ყველაზე მეტად ლუკა ხაჩირაშვილი მოეწონა. აკი ბატონმა ჯემალმაც მიულოცა "რაინდების" (სალიგო "ლოკომოტივი") ბეკს ჩინებული შესრულება.

ქართული რაგბის ყოფილ ხელისუფალთაგან განსხვავებით, ალღო არ ღალატობთ მათ ახლანდელ ინგლისელ კოლეგებს, რომელთაც თვალი დაადგეს ინგლისისვე ლიგის ნაკრების 29 წლის კაპიტანს, ბობოლა "ვიგან ვორიორზის" ფორვარდ ენდი ფარელს და რაგბში გადასვლას სთავაზობენ, რათა 2007 წელს, საფრანგეთში დანიშნულ მსოფლიო თასზე ათამაშონ.

ფარელი 13 ნომერია (რაგბულად 8). იგი ტანად 194 სანტიმეტრია და 109 კილოს იწონის. ნაკრებში 1993 წლიდან ზედიზედ 34 ტესტი უთამაშია, 1996 წლიდან კი გუნდისთვის 29-ჯერ უკაპიტნია. რაც ინგლისში ლიგა საზაფხულო სპორტი გახდა და რუპერტ მერდოქის "სუპერ ლიგა" გაფორმდა (წლევანდელი სეზონი საიუბილეო, მეათეა!), სასწაულ მობურთალსა და ჩუბინ კიკერს ამქარში ყველაზე მეტი, 2228 ქულა მოუხვეჭია.

ლიგაზე მწერალთა ასოციაცაიმ ფარელი 2004 წელს მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშედ ცნო, დედოფალმა ელისაბედმა კი ახალ წელს, რაგინდარა ყაიდაზე მორაგბეთაგან მხოლოდ მას უბოძა "ოუ ბი ი" (ბრიტანეთის იმპერიის ორდენი). ლიგურ კარიერაში ვიგანელ (ლანკაშირი) ვაჟკაცს, მსოფლიო თასის აღების გარდა, უკვე ყველაფრისთვის მიუღწევია და რაგბში გადასვლაზე მაგიტომ ფიქრობს.

რაგბის კავშირმა იცის, რასაც აკეთებს. რაც მარტინ ჯონსონი და ლოურენს დალალიო ნაკრებიდან წავიდნენ, პომებმა ავტორიტეტიანი ყოჩი და ბურთის ძალუმად გამქცუნებელი ფორვარდი ვეღარ იშოვეს. ორი მონათესავე თამაშის ექსპერტთა აზრით, ფარელი ამ ორივე როლს იტვირთებს.

ერთი ეგაა მხოლოდ, რომ ზოგიერთ მენცარს აეჭვებს ის, თუ ლიგელი ფორვარდი რამდენად შეითვისებს რაგბის სპეციფიკურ ტექნიკას (რაქი და დერეფანი), თორემ 13-კაცაში ჭიპმოჭრილი ბეკები (ინგლისელი ჯეისონ რობინსონი, ავსტრალიელები ლოტე ტუნქირი და მეტ როჯერსი) 15-კაცა თამაშშიც რომ ძაან ვარგიან, ეგ სადაო აღარაა.

ნალიგარი რობინსონი დღესდღეობით ინგლისის საუკეთესო ბეკი და კაპიტანია. ლიგის ქომაგი მედია ვარაუდობს, რომ 2007 წლისთვის ფარელი რაგბის ნაკრების საუკეთესო ფორვარდი იქნება. ჰოდა, ამის მერე იმაზე დავა, თუ რომელი თამაში უფრო მაგარია და თუ რომელი ზრდის უკეთეს მობურთალებს, უსაგნო იქნებაო, ნიშნის მოგებით ამბობენ ლიგელები, მაგრამ იმასაც აღიარებენ, რომ რაგბს საერთაშორისო ასპარეზი უფრო ფართო აქვს და საუკეთესო ლიგელიც სწორად მაგიტომ გადადის 15-კაცა თამაშში.

 

13 ქართველი და ევროპელი!
 

  21/02/2005  "ქართული რაგბილიგა" ევროპული რლეფ-ის სრულუფლებიან წევრად მიიღეს. ჩვენში 13-კაცა ბურთაობის დანერგვის თვალსაზრისით ეს სანიშანსვეტო მოვლენა 18 თებერვალს, ლონდონში მოხდა. იქვე გადაწყდა, რომ ევროპის "ერთა თასი" წელსაც აუცილებლად გაიმართოს, ოღონდ მონაწილეთა ნუსხა და შეჯიბრის ფორმატი დაუზუსტებელი დარჩა.

რაგბილიგა (იგივე "ლიგა") ჩვეულებრივისგან საგრძნობლად განსხვავებული, ალტერნატიული, 13-კაცა რაგბია. იგი საქართველოში 2004 წლის ბოლოს დაინერგა. უკვე შეიქმნა ქართველ ლიგელთა პირველი გუნდი, რომელიც ეროვნული ნაკრების მაგივრობას წევს და "13 ქართველი" ჰქვია.

ნაკრები ორშაბათს, 7 მარტს, საფრანგეთში შეკრებაზე მიფრინავს. მამლეთში საშოვარზე ჩასული ლიგის გრანდების, ავსტრალიელების მიერ დამოძღვრილი და სამ სპარინგში გამოცდილი გუნდი შაბათს, 2 აპრილს, როტერდამში ჰოლანდიას ებურთავება.

ეს აქამდელი ინფორმაციით "13 ქართველის" ნათლობის ტესტი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ლონდონის თავყრილობაზე იმის შესაძლებლობა გამოჩნდა, რომ საქართველო მარტშივე საფრანგეთში ეთამაშოს მაროკოს, რომელიც ერთიანად ევროპაში გადასული მაღრიბელებითაა დაკომპლექტებული.

რლეფ (რაგბი ლიგ იუროპიან ფედერეიშენ, ე "ი"-დ ითქმის) ორი წლის წინღა შეიქმნა, მაგრამ აქტიურად კი მუშაობს და "ძველ სამყაროში" 13-კაცა თამაშს თანდათან ავრცელებს. ლონდონში დესპანი თერთმეტმა ქვეყანამ (ინგლისი, საფრანგეთი, ირლანდია, შოტლანდია, უელსი, გერმანია, ჰოლანდია, სერბია, საქართველო, ლიბანი და მაროკო) მიავლინა.

ამათ გარდა "გაფართოებულ ევროპაში" ლიგას ეტანებიან იტალია, საბერძნეთი, მალტა, ესპანეთი და რუსეთი, მაგრამ ჩვენს უფროს ძმად-ყოფილში, რომელიც რლეფ-ის ერთ-ერთი დამფუძნებელიც კი იყო, ახალ წელს შინაომი ატყდა. ჭორად ეგეც დაირხა, რუსეთის რაგბილიგის პრეზიდენტი, მამა და მარჩენალი, ძირით ყაზანელი თათარი ახმეთ ქამალდინოვი რაგბში გადადისო.

ამეების გამო რუსთაგან ლონდონში არავინ ჩასულა, უმათოდ კი "ერთა თასი" ჰაერში გამოეკიდა. ამას დაემატა ის, რომ ორგზის ჩემპიონ ინგლისს, ვინც ტურნირზე ისედაც მეორე შემადგენლობით ასპარეზობდა, იოლი გამარჯვებები მოწყინდა და განზე გადგომა მოინდომა.

ამის გაგონებაზე ატყდა საფრანგეთიც, ვინც ხანგრძლივ კრიზისს თავი დააღწია, შარშან ზელანდიასა და ავსტრალიას მაგრად დაუდგა, წელს ოზეთში აპირებს ტურნეზე ჩასვლას და 2006 წლიდან ინგლისის "სუპერ ლიგაში" "პერპინიანად" გადარქმეული უბობოლესი კლუბი, "იუნიონ ტღეზისტ კატალანი" შეყავს.

"ქართული რაგბილიგა" ლონდონში ჩვენში 13-კაცა თამაშის დანერგვის თაოსანმა და ეროვნული ფედერაციის (სლრეფ) პრეზიდენტმა, პაატა ცინცაძემ წარადგინა და შედეგით ფრიად კმაყოფილი დარჩა. რლეფ-მა ნაყრილობევს გამოსცა პრეს-რელიზი, რომელიც მრავალმა ლიგურმა საითმა გადაიღო.

იგი იწყება იმით, რომ "ერთა თასი" ამ შემოდგომაზეც, ანუ ზედიზედ მესამედ გაიმართება; რომ ფინალი 5-6 ნოემბრისთვისაა დანიშნული; რომ რლეფ-ი "ევროპის თანამეგობრობას" თხოვს გრანტის გამოყოფას, რათა მწვრთნელთა და მსაჯების სწავლება ფართოდ გაშალოს და ადგილობრივ თემებში ლიგური რაგბის დანერგვის პროგრამასაც ხორცი შეასხას.

რლეფ-ის თავკაცი ინგლისის რფლ-ის მთავარი მოხელე, რიჩარდ ლუისია, მოადგილე კი ფრანგული ლიგის ახალი და ნოვატორი შეფი, ნიკოლა ლარა. ბრიტმა მოღვაწემ მედიის გასაგონად ბრძანა, რომ ევროპაში ლიგის გავრცელების მხრივ წინსვლა თვალსაჩინოა; რომ ყრილობამ ნაყოფიერად იმუშავა;

რომ რაგბილიგაში ჩაბმული ევროპული ქვეყნების რიცხვმა იმატა; რომ ამ სახელმწიფოებში 13-კაცა რაგბი სათანადო ორგანოების მიერ ცალკე, სრულუფლებიან სპორტადაა აღიარებული; რომ რლეფ-ს არა-ერთი სიახლე ჩაუფიქებია და რომ მათ დეტალებს საზოგადოება მალე შეიტყობს.

ქართველთა სტილი ზედგამოჭრილიაო

  რლეფ-ის პროპაგანდა რიგიანად მუშაობს. ამქარს აქვს საითიც, რომელიც მინიმალურ, მშრალ ინფორმაციას დროულად აქვეყნებს. იგი მოიკითხა პატივცემულმა "ბი ბი სიმ" და ლონდონის თავყრილობის წინ გამოაცხო სტატია, რომელსაც სათაურად ჰქონდა, საქართველოს ლიგის ელიტაში შესვლა სწადიაო.

"ბი ბი სის" აზრით, საქართველოს რაგბილიგის სამყაროში დიდი ძვრების გამოწვევა შეუძლია. საითის ვარაუდი ემყარება რლეფ-ის განვითარების მენეჯერის, შოტლანდიელი კევინ რადის თბილისური ვიზიტის შთაბეჭდილებებს.

ბრიტმა ექსპერტმა საკუთარი თვალით იხილა ჩვენი ლიგელების ვარჯიში. სტუმარი შეხვდა "ქართული რაგბილიგის" აქტივს, საზოგადოებრივი ტელევიზიის წარმომადგენლებს, თვით სპორტის დეპარტამენტის ახალ თავმჯდომარეს, დავით ნამგალაურს და დაასკვნა, რომ ქართველთა საბურთაო სტილი ლიგური რაგბის სათამაშოდ ზედგამოჭრილია.

უფალი რადი მოუხიბლავს ლიგას ნაზიარებ ქართველ მორაგბეთა გაწაფულობას. სქოთი სპეციალისტის თქმით, კავკასიელები ზორბა, ჯანიანი, უშიშარი და ჩაუქი ბიჭები არიან. კევინი იმ დროს შენატრის, როცა საქართველო რუსეთს შეებმება ლიგის წესებით, რაღაი ორივე გუნდის წევრები გაჭირვებაში არიან გაზრდილი და ერთმანეთს არაფერს დაუთმობენ.

რადზე დაყრდნობით "ბი ბი სი" წერს, რომ ქართული რაგბის თემი აქამდე მხოლოდ ფრანგულთან იყო დამოყვრებული. 60 კავკასიელი ახლაც სამამლეთში თამაშობს და იქ მოიპოვებს სარჩო-საბადებელს. რაც შეეხება რაგბილიგას, "13 ქართველი" ჯერჯერობით მეტოქეთა ძებნაშია. თუ ჩვენებს ევროპელი მასპინძლები უკვე გამოუჩნდნენ, აქეთ, ამ სიშორეზე ჩამოსვლის სურვილს ცოტა ვინმე თუ ამჟღავნებს.

არადა, საერთაშორისო თამაშის თვალდათვალ უხილავად აქაურმა ფანობამ ძნელად რომ რაგბილიგა გულთან ახლოს მიიტანოს. ჰოდა, წლევანდელ "ერთა თასზე" საქართველოს ასპარეზობა ქვეყანაში ლიგური რაგბის განვითარება-გავრცელებისთვის ამიტომაა არსებითი.

 

"ქართული რაგბილიგა"
უკან არ დაიხევს!


კვართი და ფერხული კი, მაგრამ გრანტი ჯერ ვერა

  16/03/2005  2 აპრილს "13 ქართველის" ნათლობა ნამდვილად შედგება. "ქართული რაგბილიგის" ნაკრები როტერდამში ებურთავება ჰოლანდიას, ვინც საქართველოში გავრცელებული რაგბისგან ძაან განსხვავებულ, 13-კაცა თამაშს ჩვენსავით ახლახანს ეზიარა, მაგრამ ბრიტანეთთან სიახლოვის გამო ლიგური რაგბის სამყაროში ჩვენზე უკეთ იცნობენ.

ლიგური რაგბი ძველის ძველი, 1895 წელს გაჩენილი თამაში კია, მაგრამ საქართველოში შარშანღა დანერგა პაატა ცინცაძემ, ვინც საამისოდ ევროპის ფედერაციამ (რლეფ) წააქეზა. "ქართული რაგბილიგა" ევროპულმა ამქარმა 1 ოქტომბერს მეთვალყურედ მიიღო, წლეულს, 18 თებერვალს სრულუფლებიან წევრადაც აღაზევა, მაგრამ ფულად შემწეობაზე რომ მიდგა საქმე, ევროპელებმა პირი შეირცხვინეს: ჩვენს ფედერაციას შეპირებული გრანტი ჯერაც არ მიუღია.

ამის გამო ნაკრებს ნათლობის ტესტისთვის მზადების გეგმა აერია. პირვანდელი ჩანაფიქრით, ბიჭები ახლა საფრანგეთში უნდა იყვნენ და ლიგას იქ მოღვაწე ავსტრალიელი გურუების ხელმძღვანელობით ამუღამებდნენ, მაგრამ ჯერაც ვაკეში ვარჯიშობენ და იმის იმედად არიან, რომ "ქართული რაგბილიგა" რამენაირად მოუყრის თავს ნაკლულ თანხას და გუნდი, როტერდამში ჩასვლამდე, საფრანგეთში გამართავს რამდენიმე სპარინგს.

"ქართულმა რაგბილიგამ" წუხელ დირექტორთა საბჭო შეკრიბა, დღეს კი, ხუთშაბათს, დღის პირველ საათზე, სპორტის დეპარტამენტში პრეს-კონფერენციას მართავს. მასზე 13-კაცას მესვეურები იტყვიან თავიანთ სატკივარს და გააჟღერებენ გუნდის წევრთა მტკიცე გადაწყვეტილებას, რომ რადაც უნდა დაუჯდეთ, ევროპულ ასპარეზზე მაინც ღირსეულად წარადგინონ ქვეყანა და "13 ქართველის" მატიანე გამარჯვებით გახსნან.

ეს მთლად იოლი საქმე ვერ იქნება, მაგრამ ლიგელებს ოპტიმიზმის საფუძველი ნამდვილად აქვთ. თავდადებაზე რომ არაფერი ვთქვათ, ქართველებს ღონე, სიმარდე და ბურთაობის ნიჭი არასოდეს გვაკლდა. ამის წყალობით, უმოედნობისა და ყველანაირი გაჭირვების მიუხედავად, სასწაულად ვვარგივართ რაგბში და უეჭველია, ვივარგებთ ლიგაშიც.

ეს ორი სპორტი ერთურთის უახლოესი ნათესავია და უკლებლივ ყველა ჩვენი ლიგელიც მორაგბეა. ასე რომ, არ ცდებიან "13 ქართველის" წევრები, როცა პრობლემებს არ უფრთხიან და საბურთაოდ იწევენ. მათ დღესდღეობით არა ჰყავთ ლიგის სპეციალისტი უცხოელი მოძღვარი, მაგრამ გაეროს აქაურ მისიაში მომუშავე სამოელის, რიჩი ალისგან კი უსწავლიათ 13-კაცას ანბანი და იმდენიც უცქერიათ ოზური "სთეით ოვ ორიჯინის" კასეტებისთვის, რომ ჰოლანდიელებზე უკეთ იციან, თუ ნაღდი ლიგა როგორ ითამაშება.

"13 ქართველი" რუდუნების შედეგად შეიქმნა. გაისინჯა 60 მსურველი და შეირჩა 20. ბიჭებმა სამედიცინო შემოწმება და ფიზმომზადების საფუძვლიანი კურსი გაიარეს. ისინი არ ეპუებოდნენ ავდარს და შობა - ახალი წლის არდადეგებზეც ვარჯიშობდნენ. მათ ერთი სული აქვთ, ნაკრების კვართი მოირგონ და ლიგურ ყამირზე პირველი ხნული გაავლონ.

კვართი საქართველოს სპორტული ნაწარმის ფირმამ, "აძურიმ" შეუკერა. იგი არა-ტრადიციულია იმით, რომ "ქართული რაგბილიგის" ლოგოს შესაბამისად, ლურჯი და ცისფერი ზოლები თარაზულად დაყვება, გულისპირზე კი ალისფერი ჯვარი ახატია. "აძურის" "13 ქართველის" შემოსვის ექსკლუზიური უფლება აქვს და მზადაა, 40 ბურთი უფეშქაშოს ლიგური რაგბის ამქრის ახალ წევრს.

"13 ქართველი" პიონერია იმაშიც, რომ ჩვენს სპორტულ გუნდებს შორის პირველმა შემოიღო და დაისწავლა საგანგებო მისალმება, "ფერხული", რომელიც სხვა არაფერია, თუ არა ზელანდიური "ჰაკას" ჩვენებური, ძირის ძირამდე ქართული ვერსია და "ოლიმპის" აზრით, ეშხიანობით მაორთა საბრძოლო ცეკვას სჯობს. "ლიგის ფერხული" უმცროსმა ილიკო სუხიშვილმა დადგა და მისი პრემიერა როტერდამშივე, ჰოლანდიასთან გაჯიბრების წინ შედგება.

თუ სხვა სპორტების ეროვნული ფედერაციები ახალი დროების მოთხოვნების ახლაღა და თან ფრიად ზანტად უწყობენ ფეხს, "ქართულმა რაგბილიგამ" თავიდანვე სწორი ნაბიჯები გადადგა. ორგანიზაცია, გამართული წესდების წყალობით, უპრობლემოდ გატარდა რეგისტრაციაში, გაიხსნა საბანკო ანგარიში, დაიხატა ლოგო, აიმოქმედა ოფისი და ორ-ენოვანი ვებ-საითი, მედიასთან აქტიური თანამშრომლობა გააჩაღა, დედნიდან თარგმნა და დაბეჭდა თამაშის წესები და ორი ორიგინალური, საპრომოციო ბუკლეტიც გამოსცა.

"13 ქართველი" ოთხი კლუბიდან შეიკრიბა. ეროვნული ნაკრები იმავდროულად პირველი ქართული სალიგო გუნდია. ჩვენში 13-კაცა თამაშის დანერგვა-განვითარების თვალსაზრისით შემდეგი საშური ნაბიჯი საშინაო ასპარეზის მოწყობა, შეჯიბრებების რეგულარულად გამართვა და მსაჯების მომზადებაა, ეს კი გარედან დახმარების გარეშე ძნელად მოხერხდება.

13-კაცას საერთაშორისო ამქარი თვალნათლივ ხედავს ქართველთა პოტენციალს და ამიტომ მარაქაში ჩვენი გარევა სერიოზულად განუზრახავს. ამისთვის რლეფ-მა საქართველოში რაგბილიგის განვითარების ხელმშემწყობი ჯგუფი ჩამოაყალიბა და განვითარების მენეჯერი, კევინ რადი ვითარების გასაცნობად მოავლინა.

მზირის დასკვნა ჩვენთვის სასიკეთო იყო. ამაზე სტატია გამოქვეყნდა "ბი ბი სის" ვებსაითზე, საიდანაც სიახლე სრულიად ლიგურმა მედიამ აიტაცა. ამეების შემდეგ "ქართული რაგბილიგისგან" უკანდახევა არ ეგების და იმის და მიუხედავად, რომ რლეფ-ის შემწეობა არსადა ჩანს, "13 ქართველი" უსიკვდილოდ ელიგავება ჰოლანდიას, რათა ერის მხნეობისთვის ფრიად მარგმა სახეობამ ჩვენიც გაიდგას ფეხი და იხაროს.

 

"13 ქართველის" ახალი გეგმა
 
ნაგროვი ფულით დედოფლის ღამეზე

  30/03/2005  "13 ქართველის" საბურთაო ნათლობა თვის ბოლოსთვის გადაიდო. "ქართული რაგბილიგის" ნაკრები ამ შაბათს, 2 აპრილს, როტერდამში უნდა შეხვედროდა ჰოლანდიას, მაგრამ ბოლო მონაცემებით თამაში დაბა სასენჰეიმში, პარასკევს, 29 აპრილს, ჩვენებურად ღამის ათის ნახევარზე დაიწყება და ჰოლანდიელთათვის მნიშვნელობით მეორე დღესასწაულს, დედოფლის ღამეს (კონინხინე-ნახტ) დაემთხვევა.

ლიგა 13-კაცა, საქართველოში აქამდე ცნობილი თამაშისგან ძლიერ განსხვავებული რაგბია. "ქართული რაგბილიგა" შარშან, ივნისში შეიქმნა, ლიგის პირველი ქართული გუნდი კი რაგბის მოთამაშეთაგან ზედ ახალი წლის წინ შეიკრიბა. თებერვალში საქართველო ევროპის ფედერაციის (რლეფ) წევრად მიიღეს, მაგრამ აქამდე არ კი უბოძეს შეპირებული გრანტი, რომელიც ეროვნული ნაკრების საერთაშორისო ნათლობას უნდა მოხმარებოდა.

ამან "13 ქართველის" ჰოლანდიაში გამგზავრება სათუო გახადა. ჩვენი ლიგელების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ საქმეზე გული არ აიყარეს და სამოელი რიჩი ალის მეთაურობით უწინდელი მონდომებით განაგრძობენ ვარჯიშს. ამასობაში პირველი ევროპული ვოიაჟის ორგ-კომიტეტი (გეგა კვაჭაძე, ნონო ანდღულაძე, დავით კილასონია, კახა ალანია) ცდას არ აკლებს, რათა ჩაფიქრებული მისიის გასახორციელებლად საჭირო 25 ათასს მისხალ-მისხალ მოუყაროს თავი და "ქართულ რაგბილიგას" ქველი იმიჯი შეუნარჩუნოს.

თანხა ძნელად გროვდება. საქართველოში ჯერაც არ მოქმედებს კანონი, რომელიც სპონსორს შემოსავლის დაბეგვრაში შეღავათს მისცემს. ეს პირდაპირ მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლებას სპორტი და კულტურა არად უღირს. ამ ვითარებაში ჩვენში კარგად ფეხგადგმულ სახეობებს ტრადიციული კავშირებით ასე თუ ისე კიდევ გააქვთ თავი, რაგბილიგისა და მისი დარი ახალი ხილების მდგომარეობა კი გაუსაძლისია.

სამწუხარო რეალობაა ისიც, რომ ჩვენში რაგბილიგა თავიდანვე საგარეოდ იყო ორიენტირებული, ანუ ჯერ რამდენიმე ქართული გუნდის ჩამოყალიბებისა და შინაური შეჯიბრების გამართვის ნაცვლად, 13-კაცა თამაშის დანერგვის მოთავეები სხვა სახეობიდან გადმობირებულ ბიჭებს განსასწავლად და საბურთაოდ პირდაპირ უცხოეთში წაყვანას შეპირდნენ.

ამ საცდურმა ხიბლი ეგებ მართლა შემატა ლიგას და პერსპექტიული ბიჭებიც მიაზიდვინა, მაგრამ ეგეც ფაქტია, რომ ვიდრე "13 ქართველის" ევროპაში გამგზავრება უფულობით რამდენჯერმე გადაიდო, რაგბის სამი, სულ სხვადასხვა ნაკრები (ანუ ერთბაშად 75 ქართველი!) მსოფლიოს სამ სხვადასხვა ბოლოში (ჰონგკონგი, ფლანდრია, კვაზულუ-ნატალი) დროულად გაფრინდა, რამაც შეუძლებელია, რომ ლიგის პიონერები თავიანთი თამამი არჩევანის სისწორეში არ შეაეჭვოს.

და მაინც, დაწყებული საქმისთვის თავის მინებება არ ეგების. ლიგა დიდებული, ეშხიანი, ჩქარი, ხისტი, ვაჟკაცური და ფრიად ღრმა-აზრიანი თამაშია. მომავლის რაგბი სწორედ იგია (უფრო სწორად, 15-კაცა ლიგა!) და არა ახლანდელი ირბ-ული ჯაჯგური, წიხლაობა და გაუთავებელი ბათქა-ბუთქი.

საქართველოში ლიგას ნამდვილად აქვს პერსპექტივა. 13-კაცა ბურთაობა ქართულ ხასიათსა და ანთროპომეტრულ მონაცემებს ტრადიციულ რაგბზე უკეთ ერგება. ასე რომ, ერის ფიზიკური მხნეობისთვის ლიგის ჩვენში დანერგვა და განვითარება მარგ საქმედ გვიჩანს.

მერე კიდევ, განუვითარებელსა და უმეცარ ქვეყნებში ფეხ-მოკიდებული შეხედულების საპირისპიროდ, ლიგა რაგბის არც მტერია და არც კონკურენტი. სწორედ რომ პირიქით. საუკუნის განმავლობაში დაუბრებული თამაშები თანამედროვე სპორტულ ბაზარზე უკვე უპრობლემოდ თანა-არსებობენ, თანა-მშრომლობენ, ერთად მეტ სეირსა და სამუშაო ადგილს ქმნიან და ზიარად უძალიანდებიან ფეხბურთის გლობალურ მოძალებას.

ალალ ევროპელებსაც უჭირთ

  "ქართული რაგბილიგის" გასაჭირი ევროპის მასშტაბით უნიკალური როდია. ლამის ჩვენ-ნაირ დღეში არიან ჰოლანდია, გერმანია, მალტა, იტალია, საბერძნეთი, სერბეთი და ესტონეთი. დაფინანსების წყაროსა და მეტოქეს ყველა სანთლით დაეძებს, და რაკი საშინაო მეურნეობა ვერ აუწყვია და მოთამაშე კონტინგენტიც ფრიად შეზღუდული ჰყავს, პირდაპირ საერთაშორისო მატჩის გამართვას ეშურება, რაკი ამით საზოგადოებას საკუთარი არსებობა გააგებინოს.

საერთო ლიგური პრობლემების მიზეზი ისაა, რომ 13-კაცა თამაშმა კონტინენტზე გავრცელება ბოლო ხანსღა დაიწყო და 2003 წლის დამდეგს შემქნილი რლეფ-ი ფაქტობრივად უფულოა. ამისმა მთავარმა მოხელემ, თებერვალში თბილისში ნამყოფმა შოტლანდიელმა კევინ რადმა ახლახანს ბრიტანული საითის, "ტოტალ რაგბი ლიგის" ფორუმზე კითხვა-პასუხის სესია გაუმართა ფანობას და ბევრი საგულისხმო რამ უთხრა.

კერძოდ, ბატონ რადის თანახმად, საერთაშორისო ფედერაციის (რლიფ) მიერ შარშანდელი "სამი ერიდან" მიღებული სარფიდან თამაშის გავრცელებისთვის წილის გამოყოფა თურმე ჯერაც განხილვის სტადიაშია. იგივე ითქმის ევროპულ ფონდებზეც და ეს პროცესები საკმაოდ ხანგრძლივია. რლეფ-ის მიზანთა მიზანი ამ მიმართებით თურმე ისაა, რომ ყოველი ქვეყნის ლიგურმა ამქარმა თავი თავად ირჩინოს და რომ ყოველ თოთო ლიგაში ახლავე გამოინახოს ის ხალხი, ვინც 13-კაცა თამაშს დიდი ხნით უერთგულებს.

მოხელე რადი ფანობამ მაგრად შეახურა იმაზე, რომ რლეფ-ის არსებობა თვით ბრიტანეთშიც კი ცოტა ვინმემ თუ იცის და რომ მის მიერ გამართული "ერთა თასი" ტელევიზიით თითქმის არ გადაიცემა; რომ ფედერაციის ვებ-საითი პასიურია და ევროპული ქვეყნების არა-ოფიციალურ რეიტინგსაც კი ვერ აქვეყნებს; რომ ჯერაც დაუდგენელია 2008 წლის მსოფლიო თასის შესარჩევთა სტრუქტურა და რომ ჩრდილო ინგლისში მრავლად არიან ბეცი კონსერვატორები, რომელთაც რაგბილიგის მთელს ევროპაში გავრცელება გულზე არ ეხატებათ.

ამათ ჯინაზე, თამაში სულ სხვადასხვა ადგილას მაინც იკიდებს ფეხს. ლიბანში და მალტაზე ძირით მაქაურმა ავსტრალიელებმა დანერგეს ლიგა. ლიბანში უკვე ხუთ-გუნდა პირველობაც კი იმართება. სერბეთში გაიხსენეს, რომ 1953 წელს ლიგით დაიწყეს და რუმინელთა რჩევით რაგბზე მერეღა გადავიდნენ. ჰოდა, გამოჩნდა ხალხი, ვინც ავსტრალიასა და ზელანდიაში დაუწყო ძებნა ძირით იუგოსლავ ლიგელებს, ადგილზე კი უკვე ოთხმა კლუბმა დაიწყო 13-კაცას თამაში.

ირლანდიასა და შოტლანდიაში ორგანიზებულ ლიგას უკვე 10-წლოვანი ისტორია აქვს. ზურმუხტოვან კუნძულზე, რაგბის კავშირის წინააღმდეგობის მიუხედავად, სამი მხარის 13 კლუბი 13-კაცა თამაშსაც ეტანება, ივლის-აგვისტოში კი ნაკრებთა დონეზე ბრიტანული "ოთხი ერის" გამართვაა დაგეგმილი.

ჰოლანდია გერმანიას განვითარებაში ერთი წლით უსწრებს და მეზობლისგან განსხვავებით, ეროვნული ნაკრები უკვე უთამაშებია. ლიგა ორივეგან ბრიტების შეტანილია, ოღონდაც XXI საუკუნეში! გიორგობაზე, 23 აპრილს, ჰოლანდიელი მარტეინ იონკერსი ინგლისური რაგბის ერთ-ერთ ციტადელში, სენთ-ჰელენსში წვეულებას და სალიგო ძველმანების აუქციონს მართავს, რათა თავის თემს ქართველთა, გერმანელთა და სერბთა დასახვედრი თანხა უშოვოს.

სულ პირვანდელი გეგმით, ჰოლანდია თბილისში, 7 მაისს უნდა გვწვეოდა და ამ ლაშქრობის ხარჯის ნაწილი როტერდამის "ოშეიზ ბარს" გაეღო. მერე "ტიტათა" თავკაცმა, იენ თომპსონმა ჭკუა იხმარა, თავად ფული დაზოგა და სამხრეთ საფრანგეთში საწვრთნელად მიმავალი "13 ქართველი" ჩრდილოეთში გადაიპატიჟა.

სამაგიეროდ, გაგანია ზაფხულში, ზედიზედ უქმეებზე ჯერ მიუნხენი, მერე კი როტერდამიც უმასპინძლებს ლიგის საერთაშორისო 9-კაცას, რაღაი რაგბის შვიდკაცასი არ იყოს, ცხრაკაცა, ანუ სახალისო ლიგა, მოსალხენად უკეთესია, ვიდრე ნაღდი, 13-კაცა ომი.