ჰოლანდია "13 ქართველს" ელის

  19/04/2005  "ქართულ რაგბილიგას" ბოლო ხანს საქმე უკეთ წაუვიდა. ის იყო, შეპირებული ევროპული გრანტის მიუღებლობის გამო "13 ქართველს" ნათლობის ტესტი ეშლებოდა, რომ ჩვენში 13-კაცა ბურთაობის დანერგვის თაოსნები ჯარასავით დატრიალდნენ და საჭირო თანხა მისხალ-მისხალ მოაგროვეს. ჰოდა, დღესდღეობით წყალი არ გაუვა იმას, რომ საქართველო ჰოლანდიას იქეთა პარასკევს, 29 აპრილს, ჩვენებურად ღამის ათის ნახევარზე, ჰუკ-ფან-ჰოლანდში ელიგავება.

ლიგა (იგივე რაგბი-ლიგა) ჩვენში აქამდე არნახული, დედა-რაგბიდან ჯერ კიდევ XIX საუკუნეში გამოყოფილი, 13-კაცა თამაშია. "ქართული რაგბილიგა" შარშან ჩამოყალიბდა და რეგისტრაციაშიც გატარდა, ლიგის პირველი ქართული გუნდი კი, რომელიც იმავდროულად ეროვნული ნაკრებია, მორაგბეთაგან შეიკრიბა ახალი წლის წინ და მას აქეთ სამოელი მოძღვრის, რიჩარდ ალის ზედამხედველობით მონდომებით ვარჯიშობს.

ქართველ ლიგელთა ნაკრებს "13 ქართველი" ჰქვია. გუნდს აქვს ლოგო, ვებ-საითი, მატჩის წინა საომარი სალამ-ქადილი, სახელად "ფერხული", დღე-დღეზე კი სათამაშო ფორმაც ექნება და მასში გამოწყობილი სურათს გადაიღებს. სამშაბათს ლიგის ნაკრებმა ჰოლანდიის საელჩოში განაცხადი წარადგინა და იმედია, ვიზებს უპრობლემოდ მიიღებს, რადგან თამაში საქართველოს პირველი ლედის მშობლიურ ქვეყანაში გაქანებით მეორე დღესასწაულზე, დედოფლის ღამეს (კონინხინე-ნახტ) იმართება.

ტესტი ჰააგიდან და როტერდამიდან 25 კილომეტრით დაშორებულ სანაპირო დაბა ჰუკში, "ჰუკსე ბოიზის" ფეხბურთის კლუბში გაიმართება. რაკი მთელს ქვეყანაში ზეიმია, სტადიონი პირამდე აივსება შეზარხოშებული პუბლიკით. მატჩამდე ჰოლანდიური რაგბილიგის ჭირისუფლები მოედანზე ღია გაკვეთილს ჩაუტარებენ ას მოზარდს და 13-კაცა თამაშის ანბანს აზიარებენ, საერთაშორისო თამაშს კი ადგილობრივი, სამხრეთი ჰოლანდის ტელევიზია გააშუქებს.

საქართველოსი არ იყოს, ლიგა ტიტების ქვეყანაშიც ახალი ხილია. ამ თამაშის მმართველი ორგანო, "ბონდი" (ნნრლბ) 2003 წელსღა დააარსა ბრიტმა იენ თომპსონმა, ვინც მეგობარია ჰოლანდიაში ნაცხოვრები "ბორჯღალოსნის", ნონო ანდღულაძისა, დღესდღეობით "ქართული რაგბილიგის" მთავარი მოხელე და "13 ქართველის" წევრიც რომაა.

ჩვენი ქვეყნის დარად, ჰოლანდიაშიც ერთადერთი გუნდი, ეროვნული ნაკრები "ორანიე" (ნარინჯისფრები) ჰყავთ. შინაური პირველობა ჯერჯერობით არც იქ გამართულა, მაგრამ გლობალიზაციას მოუტანია სპორტის სახეობის დანერგვის ახლებური ხერხები და ჰოლანდიელი ლიგელებიც აქცენტს აკეთებენ საერთაშორისო "როტერდამის 9-კაცაზე", რომელიც წელს აგვისტოში იმართება.

"ორანიე" ხელწამოსაკრავი მეტოქე როდია. ნაღდ, 13-კაცა ტესტში ჰოლანდიამ შარშან სერბეთი ძლია, შოტლანდიის მეორე ნაკრებთან კი ერთი ლელოთი დამარცხდა. გუნდს იმ ხანიდან ბრიტი ქის დევისი წვრთნის. მის მიერ შერჩეული 20 კაციდან 18 ჰოლანდიაშია დაბადებული.

ქართველებთან საპაექროდ ამათ დაემეტებიან ძირით ჰოლანდიელი ბრიტები: ქის ფოქსონი, ჯეიმზ ბარქლი და არონ დეიაგერი. ესენი კუნძულზე სამოყვარულო ლიგებში თამაშობენ, "ორანიეს" დანარჩენი წევრები კი ჩვენებსავით რაგბის წიაღში გაზრდილან.

ბრიტ მწვრთნელსა და მსაჯს გვახვედრებენ

  ქართველთა მასწავლებელი "რიჩი" გაეროს აქაურ მისიაში, დაცვის უფროსად მუშაობს. სამსახურის გამო იგი "13 ქართველს" ევროპაში ვერ წაყვება. გუნდი ბოლო ხანს სოფელ დიღმის სტადიონზე ვარჯიშობს და იქვე, ტატამზე ამუღამებს ბოჭვას. ქართველი ლიგელები იქეთა სამშაბათს, 26 აპრილს, დაღამებულზე მიფრინავენ და შინ სააღდგომოდ დაბრუნდებიან, წასვლამდე კი აუცილებლად გამართავენ პრეს-კონფერენციას.

იანვრის ბოლოს შერჩეული 26 მობურთალიდან ნაკრებში ოციღა დარჩა. ახლახანს გუნდს დაემატა სამი "ბორჯღალოსანი". მათ შორისაა აკადემიელი უკანა ბეკი ირაკლი მაჩხანელი, ვინც რაგბში დიდი და შვიდკაცა ნაკრებების უცვლელი წევრია, მაგრამ მისი კლუბი ცდომილ, 13-კაცა თამაშს აქამდე ამრეზით უყურებდა.

ჰოლანდიაში ჩასულ "13 ქართველს" თბილისში ნამყოფი ევროპული ფედერაციის (რლეფ) განვითარების მენეჯერი, სქოთი კევინ რადი დაახვედრებს ბრიტ მწვრთნელს, ვისაც უცნობ შეგირდებთან სამუშაოდ ორ-დღე-ნახევარი ექნება. დაუზუსტებელი ცნობით, მსაჯიც ბრიტი იქნება.

ჩვენი დელეგაციის ძირითად ნაწილი ოდენ სამატჩო, 17-კაცა რაზმი და ექიმი დავით დოთუაშვილი იქნებიან, თანმხლებ ჯგუფს კი შეადგენენ "ქართული რაგბილიგის" აღმასკომის წევრები, გეგა კვაჭაძე და დავით კილასონია, ქართული სპორტის მესაჭე დავით ნამგალაური და პარლამენტარები, დავით კირკიტაძე და ძველი მორაგბე ვალერი გიორგობიანი.

ქართველ ლიგელთა საერთაშორისო დებიუტზე სისტემატურად წერს რლეფ-ის საითი. ამ ორგანიზაციის სრულუფლებიან წევრად საქართველო წელს, თებერვალში მიიღეს. სხვაფრივ, ჰოლანდიასთან გაჯიბრებით ჩვენში ლიგის დანერგვის ოდენ პირველი ეტაპი სრულდება, თამაშის გასავრცელებლად კი დიდი შრომაა გასაწევი.

პირველ ყოვლისა, უნდა მომზადდნენ მსაჯები და მოინახოს ასპარეზი, სადაც ლიგის შემოსვლის მომხრე ოთხი-ხუთი კლუბი სისტემატურად ითამაშებს და პირველ ეროვნულ პირველობასაც გამართავს. და კიდევ, 13-კაცა თამაში ან მისი ელემენტები იმავე კლუბებმა უნდა შეათვისებინონ თავიანთ ბავშვთა გუნდებსაც, რაც ორივე ბურთაობას არგებს.

13 ქართველი
 
(
! ბორჯღალოსანი, * ჯეელი ბორჯღალოსანი)

  კახა ალანია*! კაპ (რაინდები, 32 წლისა), ნონო ანდღულაძე*! (რაინ 27), გიორგი ასათიანი (რაინ 31), ვახტანგ ახვლედიანი* (ხულიგანა 23), სანდრო გილაური (რაინ 24), ლექსო გუგავა*! (რაინ 23), კახა კობახიძე! იცე-კაპ (რაინ 35), გიორგი კობერიძე (უნივერსიტეტი 24), ირაკლი მაჩხანელი*! (აკადემია 24), ნიკა მხეიძე* (რაინ 23), გრიგოლ ნიშნიანიძე (უნივ 22)

  დავით ჟამუტაშვილი (ხულიგ 23), შოთა სპანდერაშვილი (რაინ 24), გიორგი ტრაპაიძე
* (რაინ 24), ფრიდონ უდესიანი (რაინ 23), ბესიკ ქარაბაკი (რაინ 24), თემურ ქობელაშვილი* (ლელო 22), ირაკლი ქორიძე (უნივ 21), ირაკლი ღვინჯილია (უნივ 22), ლუკა ხაჩირაშვილი*! (რაინ 22), გოჩა ხონელიძე! (ბათუმი 29), გიორგი ხოსიტაშვილი* (ხულიგ 22), ედიშერ ჯამრულიძე* (ლელო 22)

 

ნიჭის და ალღოს იმედად

  26/04/2005  მოახლოვდა "13 ქართველის" საერთაშორისო ნათლობა. "ქართული რაგბილიგის" ნაკრები ოთხშაბათს, გამთენიისას გაფრინდებოდა ჰოლანდიას, სადაც როტერდამის პორტში, სხვაგვარად ჰუკ-ფან-ჰოლანდი რომ ჰქვია, ფეხბურთის კლუბის სტადიონზე პარასკევს, 29 აპრილს, ჩვენებურად ღამის ცხრა საათზე ებურთავება მასპინძელ "ორანიეს".

ტრადიციულისგან ერთობ განსხვავებული, 13-კაცა რაგბი, ანუ ლიგა, ჰოლანდიაში შარშანწინღა დაინერგა, საქართველოში კი შარშან. ახალბედების გაჯიბრება აზრად 2003 წელსვე დაარსებულ ევროპულ ფედერაციას (რლეფ) მოუვიდა.

საქმე ისაა, რომ ეს ორგანო სრულიად ევროპაში და ასე განსაჯეთ, ბარაქიანი ლიგის უმეცარ დანარჩენ მსოფლიოშიც თამაშის გასავრცელებლად ძაან მუშაკობს, მინიმუმ ერთი გუნდის შექმნას რაგბის მიმდევარ ყოველ ქვეყანაში ეშურება და მათთვის ექსპრომტად იგონებს შეჯიბრებებს.

აი ახლაც, ჭორად დადის, რომ ჰუკის ტესტი შესარჩევი ტურნირის პირველი მატჩია. მერე საქართველომ თურმე უნდა უმასპინძლოს სერბეთს, ამან კი ჰოლანდიას. სამ გუნდში საუკეთესო წელსვე, შემოდგომაზე, შეიძლება ჩაებას "ერთა თასის" მესამე გათამაშებაში, რომელში ასპარეზობაც აღარა სურთ ბობოლებს, ინგლისსა და საფრანგეთს, სხვა მონაწილენი კი აქამდე ირლანდია, უელსი, შოტლანდია და რუსეთი ყოფილან.

ქართველ ლიგელთა მასწავლებელი და მწვრთნელი გაეროს აქაურ მისიაში მოღვაწე კეთილშობილი სამოელი, რიჩარდ ალია. "რიჩი" ახალი თამაშის შეთვისების მსურველ ბიჭებს ოთხი თვეა, უსასყიდლოდ ავარჯიშებს. გურუმ ორშაბათს საშურ საქმეს დაადგა თავი და გამოაცხადა ის 17 ჩვენებური, ვინც ჰოლანდიაში სამშობლოს სპორტულ ღირსებას უმისოდ დაიცავს, რაღაი "რიჩი" სამსახურს ვერ გააცდენს.

"13 ქართველში" წარმომადგენელი ხუთ კლუბსა ჰყავს, რაც მისასალმებელია. 17 რჩეულიდან ხუთი "ბორჯღალოსანია", რაგბის ჭაბუკთა ნაკრების სკოლა კი ცხრას გამოუვლია. გუნდს ყოჩობენ ბებერი "რაინდები" (სალიგო "ლოკომოტივი"): ბეკი კახა ალანია და ფორვარდი კახა კობახიძე, ჰუკერი კი თავად "ქართული რაგბილიგის" მთავარი მოხელე, ნონო ანდღულაძეა.

რაც რლეფ-მა საქართველოში ლიგის შემომტანს, პაატა ცინცაძეს აზრუმანი უყო და გრანტი აღარ გამოყო, "13 ქართველის" ევროპული ვოიაჟი სათუო შეიქნა. მერე და მერე ლიგელები მიდგნენ, მოდგნენ და ჰოლანდიაში 17 მობურთალის წასაყვანი ფული მაინც შეაგროვეს. ჰოდა, სამშაბათს გამართულ პრეს-კონფერენციაზე კედელზე გაკრული იყო ბანერი, რომელსაც 13-კაცა თამაშის მხსნელების: "ანაბეჭდის", "ცენტრ პოინტის", "თელიანი ველის", "ბორჯომის", "ყაზბეგისა" და "მატერიის" ლოგოები ამკობდა.

ლიგელებს სამოსი "სარომ" შეუკერა. ახლებური, წითელი კვართის დიზაინი ეკუთვნის კობახიძის 13 წლის ვაჟს, ბახვას. მამამისი თამაშის წინ ქართულ ჰაკას, "ფერხულს" გაუძღვება და ამით ბიჭები საომრად გახელდებიან, გამგზავრებამდე კი მთელი გუნდი მამა სერაფიმეს ეახლა მირიან და ნანა მეფე-დედოფლისა და ილია მართლის ტაძარში, რათა დიდი გამოცდის წინ სულიერად გამხნევებულიყო.

გუნდმა კვართები სამშაბათსღა ჩაიბარა და ამად სურათის გადაღება ვერ მოასწრო. ბიჭებს "ქართული რაგბილიგის" შეფთა უფროსი თაობიდან ხელმოკლეობის გამო ვერავინ დაემგზავრა. სამაგიეროდ, "საქართველოს რადიომ" (ეფ-ემ 102.4) თამაშზე მიავლინა კორესპონდენტი, ვინც პარასკევ ღამით, "ესტაფეტაში" ჰუკიდან ჩაერთვება და ცხელი ამბებით დაგვაპურებს.

"13 ქართველს" ლიგა აქამდე არასოდეს უთამაშია. პრეს- კონფერენციაზე ეგეც ითქვა, რომ ორი აქაური გუნდის პირველი საჩვენებელი მატჩი ივნისშიღა მოეწყობა. ჰოლანდიაში ჩვენს გუნდს დახვდება რლეფ-ის დესპანი, ინგლისელი ვინი ვები და ლიგის ახალბედებთან ორ დღეს წაიმუშავებს. იმსაჯებს სხვა ბრიტი, რაც ჩვენთვის დიდი ვერაფერი ნუგეშია, რადგან იგი უთუოდ მეტი სიმპათიით იქნება გამსჭვალული მეზობლის მიმართ, ვისი რაზმის ბარემ ნახევარიც ინგლისის სამოყვარულო ლიგაში თამაშობს.

ჩვენ ტრადიციულად ქართული ნიჭის, ალღოს, ჯანისა და შემართების იმედად ვართ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ დღესდღეობით 13-კაცა ლიგა და 15-კაცა ლიგბი (რომელსაც ოფიციალურად "რაგბი" ჰქვია) შინაარსით ერთი და იგივე თამაშებია, თუმცკი წესები საკმაოდ განსხვავებული აქვთ. ჰოდა, საქართველო მეორეში რომ ძაან ჯობს ჰოლანდიას (ბოლოჯერ, 2002 წელს, 88:0 მოვუგეთ), ამად იგი პირველშიც, სტუმრადაც კი უნდა ძლიოს.

მაგრამ გვახსოვდეს კასტრიკუმიც! მაგ დაბაში ცხრა წლის წინ, პარასკევს საღამოსვე, ვერაგმა მასპინძლებმა 55:3 ძლიეს ლოთობით გათანგული "ბორჯღალოსნები", რომელთაც თამაშის ბოლო საათში მოედანზე ჩაეძინათ.

ახლა ვითარება სხვაგვარია. მართალია, ლიგის ტესტის ღამე ჰოლანდიაში დედოფალს ეძღვნება, ყველა მას ადღეგრძელებს და არც ჩვენს ბიჭებს ახლავთ ასაკოვანი ზედამხედველი, მაგრამ "ორანიესთან" გასაჯიბრებლად იმდენი ოფლი უღვრიათ, რომ შეუძლებელია, წმინდა მიზნის მიღწევას მოლხენა ამჯობინონ.

  ჰოლანდია: 1 ჯოელ ბარეტი (იფსვიჩ რაინოზი ინგ), 2 ქის ფოქსტონი (ნოთინგემ აუთლოზი ინგ), 3 არონ დეიეხერი (რობერტსონ სპადიზი ინგ), 4 ჯეიმზ ბარკელი (ბონდაი იუნაიტედი ინგ), 5 ტიმ ვირმანი (ჰუკ ფან ჰოლანდი); 6 იორიკ მორი (ესექს ილზი ინგ), 7 სირილ ბრეინბერხი (როზენდალი) /

  8 რუდი სტენფორდ-სმეითი (როტერდამი), 9 ალექს სმიცი (ლონდონ სქოლარზი ინგ), 10 ბევ ვილიამსონი (ესექს ილზი ინგ); 11 რეიმონდ დენენხლესმანი (ჰუკ ფან ჰოლანდი), 12 მარტეინ იონკერსი (სენტ-ჰელენს ვაინი ინგ), 13 რონალდ ფანდერბრუკი (როტერდამი) -

  (მ) 14 დან კლოპენბერხი (ჰუკ ფან ჰოლანდი), 15 დანკან ფანდამი (როტერდამი), 16 ჟულიენ ტრო (როტერდამი), 17 ჯონი ნქუა (როტერდამი)

 

რვა ლელო ჰუკ-ფან-ჰოლანდში!

  30/04/2005  გამარჯვებით გავიდა საერთაშორისო ასპარეზზე "ქართული რაგბილიგის" ნაკრები "13 ქართველი". ძაან სხვაგვარი, 13-კაცა რაგბის ქართველმა პიონერებმა პარასკევს როტერდამის პორტში, დაბა ჰუკში, 150 მოსეირის თვალწინ 34:14 ძლიეს ჰოლანდიის "ორანიე".

"13 ქართველი" ოთხი თვის წინ შეიქმნა. მიზეზთა გამო, გუნდმა თამაშზე წასასვლელად თანხა გაჭირვებით მოაგროვა. ამავე მიზეზით ქართული მედიიდან მატჩს მხოლოდ "საქართველოს რადიოს" კორესპონდენტი, დავით ფრანგიშვილი დაესწრო. "ესტაფეტაში" მისი ჩართვა რომ არა, ჩვენი საზოგადოება ისტორიული შეხვედრის დეტალებს ოპერატიულად ვერ შეიტყობდა.

"13 ქართველს" ევროპაში გამგზავრებამდე ლიგა საერთოდ არ ეთამაშა. ბიჭებმა დიდი შრომა გაწიეს და გარჯა კიდეც დაუფასდათ: თავად ხომ გაიხარეს და სტადიონზე მისულ, ჰოლანდიაში მოსახლე ქართველობასაც გულზე მალამო მოცხეს.

ჩვენებმა პირველი ტაიმი 14:6 მოიგეს, სულ კი მეტოქე 8-ჯერ (!) დაალელოვეს. თავი ოთხჯერ ისახელა უნივერსიტეტელმა კობერიძემ და ორჯერაც აკადემიელმა მაჩხანელმა, ვინც რაგბის მოქმედი "ბორჯღალოსანიცაა".

ჰოლანდიას შარშან, აგვისტოში, შინ 24:14 ეძლია სერბეთი. რაგბილიგის ევროპული გაერთიანების (რლეფ) ცნობით, საქართველო ამ გუნდებს შეუამხანაგდება, რის შედეგადაც ივლისამდე გაიმართება ერთწრიანი ტურნირი, რომლის გამარჯვებულიც შეიძლება შემოდგომაზე დანიშნულ "ერთა თასზე" დაუშვან.

"ერთა თასი" აქამდე ორჯერ გათამაშდა და ორჯერვე ინგლისმა მოიგო. მას აქეთ პომებმა შეჯიბრი მიატოვეს. რლეფ-მა სამი ახალბედის შეჯიბრი მათი შემცვლელის გამოსავლენად ჩაიფიქრა. "ერთა თასის" სხვა მონაწილენი საფრანგეთი, ირლანდია, უელსი, შოტლანდია და რუსეთი არიან.

საქართველო მალე უმასპინძლებს სერბეთს, ვინც თავის მხრივ ჰოლანდიას დაუხვდება. რლეფ-ი იტოვებს უფლებას, რომ გამარჯვებული "ერთა თასში" მაინც არ მიიღოს, თუკი მისი თამაშის დონე ან ინფრა-სტრუქტურა არ მოეწონა, მაგრამ საეჭვოა, რომ "13 ქართველს" ეს ემუქრებოდეს.

  საქართველო: (ბეკები) 1 სანდრო გილაური (ლ), 2 დავით ჟამუტაშვილი, 3 ლუკა ხაჩირაშვილი, 4 გიორგი კობერიძე (4ლ გ), 5 ირაკლი მაჩხანელი (2ლ); 6 კახა ალანია კაპ, 7 ირაკლი ღვინჯილია /

  (ფორვარდები) 8 გიორგი ხოსიტაშვილი
(ლ), 9 ნონო ანდღულაძე, 10 თემურ ქობელაშვილი; 11 ვახტანგ ახვლედიანი, 12 გიორგი ტრაპაიძე, 13 კახა კობახიძე -

  (მარქაფა) 14 გიორგი ასათიანი, 15 ბესიკ ქარაბაკი, 16 გრიგოლ ნიშნიანიძე, 17 ედიშერ ჯამრულიძე

 
4:0 10:0 10:6 14:6 / 18:6 22:6 22:10 26:10 26:14 30:14 34:14

 

ჩვენი ჯიგარი ევროპულს ჯობს
 
"ცამეტმა ქართველმა" გამარჯვებით დაიწყო

  4/05/2005   წითელ პარასკევს ქართული რაგბილიგის მატიანეში სასახელო ფურცელი ჩაიწერა. ალისფლად შემოსილმა და ჯვრით მკერდ- დამშვენებულმა "ცამეტმა ქართველმა" პირველად ითამაშა ჩვენთვის აქამდე უცნობი სპორტი და შორეულ ჰოლანდიაში დამაჯერებლად გაიმარჯვა, რითაც 13-კაცა რაგბს შინ ნათელი მომავალი დაუბევა.
 
საქართველო 34
ჰოლანდია 14

რაგბილიგა (იგივე "ლიგა") ჩვენში ახალი ხილია იმის და მიუხედავად, რომ 1895 წელს იშვა. საქართველოს რაგბილიგის ეროვნული ფედერაცია (სრლეფ) შარშანღა დაარსდა, პირველი გუნდი კი, "ცამეტი ქართველი" წელს შეიქმნა.

ახალ ასპარეზზე ძალთა გამოცდის მსურველმა მორაგბე ბიჭებმა ოთხი თვე თავგამოდებით ივარჯიშეს, გაეროს აქაური მისიის თანამშრომლის, სამოელი რიჩარდ ალისგან ბურთაობის ანბანი შეითვისეს, ცოდნა ავსტრალიური კასეტებით გაიღრმავეს, ქომაგთა შემწეობით შეაგროვეს საჭირო თანხა და ევროპის "ერთა თასის" შესარჩევი მატჩის სათამაშოდ ჰოლანდიას გაფრინდნენ.

ეგ "ერთა თასი" ამ შემოდგომაზე ოდენ მესამედ იმართება. წინა ორი გათამაშება უბობოლესმა ინგლისმა მოიგო და შეჯიბრს თავი მიანება. ვაკანსიის შესავსებად 2003 წლის იანვარშიღა დაარსებულმა ევროპულმა ფედერაციამ (რლეფ) ახალბედათა დამოყვრება და ერთ წრედ გაჯიბრება გადაწყვიტა.

ჰოლანდია - საქართველო ამ ტურნირის პირველი მატჩი იყო. ახლა, ივლისამდე, ჰოლანდია სერბეთს უნდა ეახლოს, სერბეთი კი საქართველოში ჩამოვიდეს. მერე რლეფ-ი აწონ-დაწონის ვითარებას და თუ გამარჯვებულს "ერთა თასზე" მონაწილეობის ღირსად ცნობს, მას პულში სავარაუდოდ შეუამხანაგებს საფრანგეთსა და რუსეთს, რაღაი სხვა პული კელტურია და ირლანდიას, უელსსა და შოტლანდიას აერთიანებს.

გურუ ალი სამსახურის გადამკიდე შეგირდებს ევროპაში ვერ გაყვა, მაგრამ იყოჩაღა რლეფ-მა და ქართველებს ლიგის დასამუღამებლად გამოუგზავნა ინგლისელი ვინი ვები, ვინც ჩვენს ბიჭებზე ფრიად კარგი შთაბეჭდილება მოახდინა და თავადაც აღტაცებული დარჩა ახალბედების შემართებითა და ნიჭით.

ჰოლანდიის რაგბის ლიგამ (ნნრლბ), ვისაც სქოთი იენ თომპსონი თავკაცობს და ვისაც ვებ-საითი გაუქმებული აქვს, სტუმრები ბრძოლის ადგილამდე, როტერდამის პორტის დაბა ჰუკამდე მიაცილა და თამაშამდე მეტად აღარ დანახვებია ჩვენს ბიჭებს.

სამაგიეროდ, მოძღვარმა ვებმა ველურ ბუნებაში, გარეული იხვების გარემოცვაში, სამ დღეში სამ-სამი ვარჯიში უტარა ცოდნას დაწაფებულ უცხოებს, ცოტა ქართულიც ისწავლა, გუნდი დაალაგა, ჩვენებს კომბინაციები დაასწავლა, სტრატეგია და ტაქტიკა დაუსახა, მეტოქის გამო ინფორმაციაც მიაწოდა და შეაგულიანა, მიდით, დაცხეთ მაგ უჯიგროებსო.

ბატონმა თომპსონმა ჩინებული შოუ დადგა. თამაში "ოშეიზის" ლუდის ბარმა დაასპონსორა, გარდამავალი თასიც დააწესა და მონაწილეთათვის სამახსოვრო მედლებიც დაამზადებინა. საერთაშორისო მატჩამდე მოედანზევე გაიმართა ბავშვთა ვარჯიში და ლიგასთან ზიარება. მერე დაიგუგუნეს რეპროდუქტორებმა, ასპარეზზე მაშხალები გავარდა და არე-მარე კვამლში გაეხვია.

ჰიმნები გარმონზე დაუკრეს და ქართველებმა მთლად ხმა-შეწყობილად ვერ იმღერეს, მაგრამ მერე გააჩაღეს უმცროსი ილიკო სუხიშვილის მიერ დადგმული "ფერხული", რაზეც მავანმა ინგლისელმა თვითმხილველმა ბობოლა საითის, "ტოტალ რაგბი ლიგის" საფიხვნოზე დაწერა, განთქმული ზელანდიური ჰაკა კავკასიელთა რიტუალთან შედარებით ჩაიზე მიპატიჟებად ჩანსო.

დაიწყო თამაში და მასპინძელი "ორანიე", ვინც მეტოქის დასაშინებულად მატჩამდე მის გასახდელზე ხელები აბრახუნა, შეტევაზე გადმოვიდა. ჰოლანდიელებს 17-კაცა რაზმში შვიდი ინგლისელი და ერთიც ავსტრალიელი ჰყავდათ. ყველანი ზორბანი იყვნენ და ჭიპიც ლიგაზე ჰქონდათ მოჭრილი, მაგრამ რა ხეირი? - ცამეტი ქართველი მომხვდურებს მაგრად დაუდგა, გიორგი კობერიძემ კი პასი ჩაჭრა და ლამის თავისი ლელოდან იმათამდე ირბინა.

ქართველთა კაპიტნის, კახა ალანიას აღიარებით, პირველ მეოთხედში ბიჭებმა ცხადად იგრძნეს, თუ ლიგა რამდენად მძიმე და დამღლელი თამაშია. მერე და მერე "ცამეტ ქართველს" სუნთქვა გაეხსნა. ჩვენები ლიგის რიტმს მოერგნენ, რაგბობა კი მათ ჰოლანდიელებზე ბევრად უკეთ იციან. ჰოდა, ქართულმა ჯიგარმა და სიჩაუქემ თქვა სათქმელი.

იმათ ცხვირ-პირი ჩამოსტიროდათ

   ბრძოლა მაინც სულ ბოლომდე იყო. მეორე ტაიმის დასაწყისში "ორანიე" ოთხ ქულამდე წამოგვეწია. რლეფ-ის საითზე გამოქვეყნებული რეპორტაჟის თანახმად, აქ გიორგი ხოსიტაშვილმა გაიტანა გარდამტეხი ლელო. კობერიძეს სულ სამი მოუგროვდა, მოქმედ "ბორჯღალოსანს", ირაკლი მაჩხანელს კი, ვინც ლიგის ნაკრებს წასვლამდე ცოტა ხნით ადრეღა დაემატა, ორი.

ზურგიდან ბურთის ამომტან "მანჩხოზე" "ტოტალ რლ" წერს, მოედანზე პარპაშებდა და ლამის ყველა ლელოც შეამზადაო. პომთა აზრით, ამ ბიჭს ინგლისის ეროვნულ ლიგაში (12-გუნდა ზე-ლიგის მომდევნო პროფესიული ამქარი) თამაში ახლავე ხელეწიფება. იგივე წყარო იმასაც შენიშნავს, ქართველებზე ვერც ორი ათას მილზე ფრენამ იმოქმედა, რაღაი მაგათ რაგბის თამაში მაგრად იციანო.

მაჩხანელი სპონსორმა თასით დააჯილდოვა. "ერთა თასის" ბრიტმა დირექტორმა, გრემ თომპსონმა ბრძანა, სასწაული ბურთაობა ვიხილეთ, გუნდებმა თავი არ დაზოგეს და ტექნიკაც რიგიანი ჰქონდათო. კაპიტან ალანიას თქმით, ლიგისადმი მიუჩვევლობის გამო ბევრჯერ დავჯარიმდით (მეტადრე ბოჭვაზე, როცა ყარაულები ერთურთის უკან არ დგებოდნენ) და ჩვენს ფორვარდებსაც ავიწყდებოდათ, რომ მოედნის მთელს სიგანეზე გაშლილიყვნენ, რაც ბეკებს დაცვაში საქმეს ურთულებდა.

უცხოთაგან მწარედ ძლეულსა და გეგმებ-ჩაშლილ ჰოლანდიელებს ნამატჩევს ცხვირ-პირი ჩამოსტიროდათ. მათ ოღრაშს, იენ თომპსონს რაღა დარჩენოდა და შაბათს, როცა მთელი ქვეყანა დედოფალ ბეატრიქსს "ჰაინეკენით" ადღეგრძელებდა, ისევ ჰუკში ჩავიდა და რაგბის კარები მოხსნა, რათა ფეხბურთელებს ხელი არ შეშლოდათ.

სხვაფრივ, ამ წუწურაქმა და შურიანმა ევროპელმა სამჯერ უტეხა პირი "ოლიმპში" რაგბზე მწერალ "ქართული რაგბილიგის" ვებ-მასტერს და ერთი კვირის დაგვიანებითღა უმეილა გუნდის ფოტო, რომელზეც ოდენ 11 ქართველია. ბედად, თამაშს დაესწრო მავანი ჩვენებური, ვინც აქ მოტანილი სურათი გადაიღო და "ქართულ ფორუმზე" "მგზავრის" ფსევდონიმით გამოაქვეყნა, რისთვისაც ლიგელთა მადლობა ალალად დაიმსახურა.

   საქართველო: (ბეკები) 1 ირაკლი მაჩხანელი, 2 დავით ჟამუტაშვილი, 3 გიორგი კობერიძე, 4 ლუკა ხაჩირაშვილი, 5 სანდრო გილაური; 6 კახა ალანია კაპ, 7 ირაკლი ღვინჯილია /
   (ფორვარდები) 8 გიორგი ხოსიტაშვილი, 9 ნონო ანდღულაძე, 10 თემურ ქობელაშვილი; 11 გიორგი ტრაპაიძე, 12 ვახტანგ ახვლედიანი, 13 კახა კობახიძე;
   (მარქაფა) 14 გიორგი ასათიანი, 15 ბესიკ ქარაბაკი, 16 გრიგოლ ნიშნიანიძე, 17 ედიშერ ჯამრულიძე -
 
 7ლ: კობერიძე სამი (1 5 7), მაჩხანელი ორი (2 6), გილაური, ხოსიტაშვილი; 3გ: კობახიძე

   ჰოლანდია:
(ბ) 1 სეირილ ბრეინბერხი, 2 ქის ფოქსტონი, 3 ჯოელ ბარეტი, 4 ჯეიმზ ბარკელი, 5 იულიენ ტრო; 6 იორიკ მორი კაპ, 7 არონ დეიეხერი /
   (ფ) 8 ალექს სმიცი, 9 ბევ ვილიამსონი, 10 რაინერ ბრეინბერხი; 11 რონალდ ფანდერბრუკი, 12 მარტეინ იონკერსი, 13 რუდი სტენფორდ-სმეითი;
   (მ) 14 ჯონი ნქუა, 15 რეიმონდ დენენხლესმანი, 16 დან კლოპენბერხი, 17 დანკან ფანდამი -
  
3ლ: ვილიამსონი, ს.ბრეინბერხი, ბარეტი; გ: დეიეხერი

   რეფერი
რობერტ ჰიქსი; კიდეებზე: ფილ სმითი და გერი თავი (ინგლისი)

  საუკეთესონი:
მაჩხანელი და ბარეტი
  ანგარიში
(ჯერ ჩვენი) - 4:0 10:0 10:6 14:6 / 14:10 20:10 24:10 28:10 28:14 34:14
  პარასკევი, 29 აპრილი. ჰუკ-ფან-ჰოლანდი
(327 მოსეირე)

 

"ერთა თასი":
რაგბის კი არა,  ლიგისა!

  19/06/2005   თავიანთი "ერთა თასი" აქვთ ძაან სხვანაირი, 13-კაცა, ლიგური რაგბის (მოკლედ "ლიგა") მიმდევრებსაც. ეს ვაჟკაცური თამაშობა ჩვენში წელსღა დაინერგა და თუმც ორი ქართული გუნდი ერთურთს ჯერ არ შებმია, ეროვნულმა ნაკრებმა, "ცამეტმა ქართველმა" კი მოასწრო ჰოლანდიაში ჩასვლა და იქაურთა 34:14 გაბითურება.

აპრილის ბოლოს გამართული ეს მატჩი "ერთა თასის" შესარჩევი იყო. საქმე ისაა, რომ ორგზის ჩემპიონმა ინგლისმა წელს ტურნირს უგანა და 6-გუნდა დასში ერთი ადგილი გამოთავისუფლდა. ლიგის ევროპული ფედერაციის, რლეფ-ის გადაწყვეტილებით, ვაკანსიის დასაკავებლად 13-კაცა თამაშს ახლად ნაზიარევი სამი ქვეყანა, საქართველო, ჰოლანდია და სერბეთი ერთ წრედ ეჯიბრება ერთმანეთს.

შესარჩევის მეორე მატჩში შაბათს, ბელგრადში იყო. ჰოლანდიის სანახავად "რადნიჩკიზე" 300 მოსეირე შეიკრიბა. სერბები ლიგას 1954 წლიდან თამაშობდნენ, მაგრამ 1963 წელს რაგბზე გადაერთნენ, რადგან სოც-ბანაკში პარტნიორი არა ჰყავდათ. ლიგა ქვეყანაში 2002 წელს აღორძინდა. რაგბის კლუბების უმეტესობა დღესდღეობით ორივე სპორტს მისდევს. დედაქალაქის "დორჩოლი" ქვეყნის სამგზის ჩემპიონია. იმართება "ქალაქელებისა" და "სოფლელების" ტრადიციული მატჩიც.

ჰოლანდიას ამჯერად აკლდა ჩვენებთან ნათამაშევი ექვსი კაცი, მაგრამ ხუთი ლელო და სამი გოლი კი გაიტანა და 26:10 მოიგო. ტურნირის ბოლო, მესამე მატჩში საქართველო სერბეთს უმასპინძლებს. ბურთაობა კვირას, 24 ივლისსაა დანიშნული. "ქართული რაგბილიგა" სამხრეთელ სლავთა მიღებას ეროვნულ სტადიონზე აპირებს. თამაში გვიან, 20 ან 21 საათზე დაიწყება და პროჟექტორის შუქზე გაიმართება.

ლიგელები ახალ ფორმას იკერავენ. იგი ხუთჯვრიანი დროშის ალი-კვალი იქნება. თამაშის წინ უსიკვდილოდ შესრულდება ქართული ჰაკა, ილიკო სუხიშვილის მიერ დადგმული "ფერხული". რაც შეეხება სამზადისს, რაგბის შინაურ თასში მონაწილეობის გამო ბიჭები ლიგაში სავარჯიშოდ აქამდე ვერ იცლიდნენ, მაგრამ რაც მათი სამოელი გურუ, რიჩი ალი სამშობლოდან ისევ საქართველოში მობრუნდა, საქმე ძველებურად აეწყობა.

 

"13 ქართველი"
ქუთათურებს იმატებს

  28/06/2005   ლამის ორთვიანი დუმილის შემდეგ კვლავ ახმიანდა "ქართული რაგბილიგა". 13-კაცა ბურთაობის აქტივი სამშაბათს, სპორტის დეპარტამენტის საკონფერენციო დარბაზში მედიას შეხვდა და ამცნო, თუ როგორ ემზადება "13 ქართველი" 24 ივლისს, თბილისში გასამართი "ერთა თასის" შესარჩევი მატჩისთვის, რომელშიც ჩვენი მეტოქე სერბეთი იქნება.

რაგბილიგა (იგივე "ლიგა") ჩვენში აქამდე გავრცელებული რაგბისგან ერთობ განსხვავებული, 13-კაცა თამაშია. საქართველოში მისი დანერგვა ერთი წლის წინ დაიწყო. სიახლემ ბარემ 60 მორაგბე დააინტერესა. მათგან საუკეთესონი მოხვდნენ ეროვნულ ნაკრებში, რომელსაც "13 ქართველი" ჰქვია. გუნდმა აპრილის დამლევს, ჰოლანდიაში, იქაურ "ორანიესთან" გამართა ნათლობის მატჩი და უსიტყვოდ, 34:14 გაიმარჯვა.

ამ თამაშით წლევანდელი "ერთა თასის" შესარჩევი ტურნირი გაიხსნა. მერე ჩვენგან ძლეული ჰოლანდია ბელგრადში ეწვია სერბეთს და 26:10 მოუგო. ახლა საქართველოში სერბთა ჩამოსვლის ჯერია. "ქართული რაგბილიგის" გადაწყვეტილებით, თამაში ეროვნულ სტადიონზე, საღამოს, პროჟექტორების შუქზე გაიმართება, რათა ფანობამ სრულად შეიგრძნოს, თუ რარიგ ჩინებული შოუა ლიგა.

დეპარტამენტში მედიას "ქართული რაგბილიგის" მესვეურები, პაატა ცინცაძე და ნოდარ ანდღულაძე წარუდგნენ. მათ ჟურნალისტებს გააცნეს ირაკლი კეკელიძე, ვინც ამიერიდან "13 ქართველის" მწვრთნელი იქნება. "რაშში", "ხულიგანასა" და "აკადემიაში" ნამუშევარ მორაგბეს შეძლებისდაგვარად დაეხმარებიან სამოელი რიჩარდ ალე და ინგლისელი ვინი ვები, ვინც ევროპულმა ფედერაციამ (რლეფ) ჩვენებს ჰოლანდიაში მიუჩინა გადიად და სერბეთთან ბურთაობის წინაც მოავლენს საქართველოში.

შესარჩევ მატჩს უკვე გამოუჩნდა ორი მძლავრი სპონსორი: "პრო კრედიტ ბანკი" და "ყაზბეგი". ქართული სპორტული ოჯახის ახალ წევრს ზრუნვას არ აკლებენ თბილისის მერიის სპორტის სამსახური (გიორგი უდესიანი, მერაბ ჩიქობავა) და სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტი (დავით ნამგალაური). "ქართული რაგბილიგა" რლეფ-დანაც მალე მიიღებს შეპირებულ გრანტს, რაც იმის წინაპირობაა, რომ ლიგის საშინაო შეჯიბრება წელსვე გაიმართება.

"ქართული რაგბილიგა" საკუთარ კალენდარს რაგბის კავშირის განრიგს უსადაგებს, რათა ორივე თამაშის მიმდევრებს არაფერი გაუცდეთ. შემოდგომაზე განზრახულია გამართვა "აჩიკოს თასისა", რომელიც განსვენებული მორაგბის, ლიგის თამაშს ვერ ნაღირსები არჩილ კობახიძის ხსოვნას მიეძღვნება. შეჯიბრში სავარაუდოდ ოთხი გუნდი ჩაებმება. ისინი ერთ წრედ ილიგავებენ, მერე კი პლეი-ოფში გამოავლენენ ჩემპიონს.

მედიასთან შეხვედრაზე კიდევ ის ითქვა, რომ ლიგა საქართველოში სპონტანურად ვრცელდება. 13-კაცას თამაში ბათუმელებს თავისით დაუწყიათ და ქუთათურებსაც თურმე ერთი სული აქვთ, ლიგას ეზიარონ და ამით სარაგბო თვალსაწიერი გაიფართოონ. სერბეთთან შეხვედრაშივე "13 ქართველში" ვიხილავთ ორ რიონისპირელს, ღვაწლმოსილ "ბორჯღალოსან" ბესიკ ხამაშურიძეს და ჭაბუკთა ნაკრებში ნათამაშევ ბექა ყურაშვილს.

ლიგაში მოსინჯავს ძალას ბოჭვის ოსტატი ილია მაისურაძეც, საფრანგეთში გადასული ირაკლი მაჩხანელის ნაცვლად კი უკანა ხაზში ლექსო გუგავა და ზვიად კობერიძე დაემატებიან "13 ქართველს". მოედანზე გუნდები დოლის ბრაგუნისა და პეტარდების ფეთქების თანხლებით გამოცვივდებიან, მერე კი ჩვენები შეასრულებენ უმცროსი ილიკო სუხიშვილის მიერ დადგმულ "ფერხულს", რომელთანაც ზელანდიური "ჰაკა" სეირად ახლოს ვერ მივა.

ერთი სიტყვით, ფანობას 24 ივლისს, ეროვნულზე, მაგარი ლიგური შოუ ელის!