კვირას ლიგას ვიხილავთ!

  18/07/2005  კვირა საღამოს, ეროვნულზე, ჩვენს ფანობას ჯერარნახული სეირი ელის: სულ სხვანაირი, 13-კაცა, ძაან ჩქარი, სასტიკი და გაშლილი რაგბის, ანუ ლიგის, ქართველი პიონერები სერბეთს "ერთა თასზე" მოსახვედრად ებურთავებიან, თამაშამდე კი მეტოქეს ილიკო სუხიშვილისეული "ფერხულით" მოიკითხავენ. ამით ჩვენში ნაახალწლევსღა დანერგილი თამაში საზოგადოების სამსჯავროზე გამოვა და იმედია, ქომაგსა და მიმდევარს მრავლად გაიჩენს.

24 ივლისს მატჩი საღამოს ცხრის ნახევარზე (20.30) დაიწყება და პროჟექტორების შუქზე ჩაივლის. ბურთაობამდე, რვაზე, მოედანზევე გაჩაღდება ორიგინალური, რიტმული შოუ. ღამის სრულ სეირზე დასაწრები ბილეთი ორად ორი ლარი ღირს. ეროვნული ნაკრების, "13 ქართველის" საშინაო დებიუტი ცოცხლად გადაიცემა საზოგადოებრივი ტელევიზიის პირველი არხით, რაც იმის გარანტიაა, რომ რაგბილიგის მადლი სრულიად საქართველოს მიწვდება.

ჩვენს ლიგელებს აქამდე ერთადერთი მატჩი გაუმართავთ, ორი ქართული გუნდი კი ლიგაში ერთმანეთს ჯერაც არ შებმია. სერბეთთან თამაშით სამი მონაწილის ერთწრიანი, შესარჩევი ტურნირი სრულდება. მის სტარტზე საქართველომ წითელ პარასკევს, ჰუკში 34:14 ძლია ჰოლანდია, ივნისში "ორანიემ" ბელგრადში ჩააკითხა სერბეთს და 26:10 მოუგო, სამ გუნდში უკეთესი კი შემოდგომაზე, "ერთა თასის" 6-ქვეყნიან ამქარში შეენაცვლება ორგზის ჩემპიონ ინგლისს, ვინც მესამედაც იოლად პირველობას გაცლა და ბურთ-მოედნის სხვათათვის დათმობა ამჯობინა.

მართლმადიდებელი იუგოსლავები, მსაჯები და ევროპის ფედერაციის (რლეფ) მოხელეები თბილისში პარასკევ ღამით ჩამოვლენ, "13 ქართველის" ინგლისელი გურუ, ვინი ვები კი უკვე აქაა და ორშაბათს, "ოლიმპის" ფეხბურთის სკოლაში, პირველი მეცადინეობა ჩაატარა. ჩვენები სერბებს ახალ, თეთრ, წითელ-ჯვრიან ფორმაში გამოწყობილები ელიგავებიან. ნაკრებს სავარაუდოდ კიდევ დაემატებიან მორაგბე "ბორჯღალოსნები". ამ და სხვა თემებზე საფიხვნოდ "ქართული რაგბილიგის" აქტივი ხუთშაბათს, 21 ივლისს, მარჯანიშვილის თეატრთან გახსნილ "ჩაის სახლში" მედიას ხვდება.

რაკი ლიგა საქართველოში ახალი ხილია, მისი წარმოშობის მიზეზებისა და რაგბთან დამოკიდებულების მოთხრობა უპრიანად გვიჩანს. სარაგბო პროპაგანდას 13-კაცა ბურთაობა უწინ "რაგბის ძე-ცდომილად" და "მუშურ თამაშად" ხშირად მოუხსენიებია, მაგრამ სადაც სამართალია, იქა მოვლენათა ლიგისეული შეფასებაც უნდა იცოდეს სპორტის ისტორიით დაინტერესებულმა ფანობამ.

მაშ ასე, რაგბილიგა დღესდღეობით თუმც დამოუკიდებელი სპორტია, მაგრამ პირველქმნილი რაგბის ჩამომავალი კია. სხვა ოვალურ-ბურთა თამაშებთან (ავსტრალიური, ამერიკული, კანადური ბურთაობა) შედარებით, ლიგა რაგბს ყველაზე გვიან გამოეყო და თუმც საუკუნეზე მეტია, ცალკე ვითარდება, დედა თამაშს მაინც სხვებზე მეტად ჰგავს. ლიგის თემს ეამაყება თავისი წარმომავლობა და რაგბთან წილნაყარობა, მაგრამ არც იმის შენიშვნა ავიწყდება, თუ როგორ წარმოიშვა 13-კაცა თამაში და ორიგინალს რითა სჯობს.

უდოგმებოდ, სასეიროდ

  რად გაჩნდა ლიგური რაგბი? რადა და სოციალურ წინააღმდეგობათა გამო. XIX საუკუნის დამლევს ინგლისურ რაგბში სამწერველო ჩრდილოეთის ღონიერმა, მუშურმა გუნდებმა იძალეს. ეს არ ეამა ნებიერა, სამხრეთელ არისტოკრატიას და დაკარგული პოზიციის დაბრუნება უკეთური ხერხით სცადა, რისთვისაც საბაბი იოლად იპოვა.

იმხანად შაბათი უქმე მხოლოდ საღამოს იყო, თამაშები კი დღისით იმართებოდა. ჩრდილოელებმა მოკრძალებულად ითხოვეს, ეგებ სამუშაოზე გაუსვლელობის გამო დაქვითული ჯამაგირის კომპენსაცია შემოგვეღოო. თხოვნა სამხრეთელებმა სახალხო სკოლებში შობილი ბურთაობის სულის შებღალვად გაასაღეს, ჩრდილოელებს უმალ შარი მოსდეს, რაგბის კეთილშობილი ძირის დასამტკიცებლად ვილიამ ვებ ელისის მითი შეთხზეს და მას აქამდე ფარისევლურად ერთგულობენ.

ჩრდილოეთმა კომპენსაციის საკითხი კენჭისყრაზე დააყენა. სამხრეთმა ხმები ხელოვნურად მოიმატა და წინადადება უარყო. მაშინ ჩრდილოეთი განუდგა რაგბის კავშირს და 1895 წლის 29 აგვისტოს, ქალაქ ჰადერსფილდის "ჯორჯ ჰოტელში" (სურათზე) დამფუძნებელი კრება მოიწვია. ასე შეიქმნა "ჩრდილოეთის კავშირი" (1922 წლიდან "რაგბის ლიგა"), რომელიც ინგლისის რაგბის კავშირმა თავიდანვე განკვეთა და მასთან ყოველგვარი ურთიერთობა აკრძალა.

ლიგამ პროფესიონალობა მალე შემოიღო. რაგბმა მის გზას საუკუნის (!) დაგვიანებით მისდია. 1907 წელს ლიგამ გუნდში მოთამაშეთა რიცხვი 13-მდე შეამცირა და ბურთისთვის ჯაჯგურის ნაცვლად მისი ფეხით გამოგორება დააწესა. აიკრძალა ოვალის აუტში უპრაგონოდ გადაგდება და დერეფანიც გაუქმდა. ასე რომ, თამაში კავშირის მიერ დაწესებული დოგმებიდან თავისუფლად განვითარდა, სანახაობრიობას გამოეკიდა და თანდათან დაშორდა ორიგინალს.

ლიგა ჩრდილო ინგლისიდან ჯერ მუშურ სამხრეთ უელსში გავრცელდა, მერე კი, 1908 წლიდან, ახალ ზელანდიაში და ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპიროზეც. ამ ადგილებში 13-კაცა თამაშს ნოყიერი ნიადაგი დახვდა, რაკი XX საუკუნის დამდეგს ცხოვრება ჯერაც ჭირდა. ამად მორაგბე მუშები ვითომც სამოყვარულო რაგბიდან ღიად პროფესიულ ლიგაში გადასვლას ამჯობინებდნენ და საკუთარ საბურთაო კულტურას ქმნიდნენ.

ლიგას შემდეგი საფრანგეთი ეზიარა. ბრიტი რაგბის მამების სხვა პლეადამ გალებსაც პროფესიონალობა დასწამა და "ხუთი ერიდან" გააძევა. მაშინ ლიგელებმა პარიზში, ახალ წელს შოუ გამართეს. თამაშმა ფრანგები ისე მოხიბლა, რომ 1934 წლიდან რაგბის ნაღები სრულად გადავიდა ლიგაში. ჰოდა, ბრიტთაგან ასე გამეტებული ფრანგული რაგბი ფეხზე 1950-იანი წლების ბოლოსღა დადგა.

უწინ და ახლა

  საუკუნის მანძილზე ორი მონათესავე თამაში ერთმანეთს დაუფარავად მტრობდა. რაგბი ლიგის გლობალურ გავრცელებას ზღუდავდა, ლიგა კი რაგბს ვარსკვლავებს სტაცებდა.

რაგბმა ლიგა კარგა ხანს არ გააჭაჭანა ბრიტანეთის ჯარსა და ფლოტში. მეორე მსოფლიო ომის დროს კოლაბორაციონისტმა გენერალმა პეტენმა, რაგბის ჭირისუფალთა წაქეზებით, ფრანგული ლიგა დახურა და კლუბებს ქონება ჩამოართვა. რაგბთან წილნაყარმა რასისტულმა რეჟიმმაც სამხრეთ აფრიკაში არ ახარა ლიგა. რაგბის ლობიმ ამავეს მიაღწია იტალიაში, რუსეთში კი, ლიგური ლეგენდის თანახმად, 13-კაცა თამაში ბოლშევიკებმა აკრძალეს.

ლიგამ რაგბს წაჰგვარა უელსელი და ავსტრალიელი ვარსკვლავების თაობები. მიზეზი აქაც რაგბის კანონთა სიმკაცრე იყო: საკმარისი იყო, "მოყვარულ მორაგბეს" "პროფესიული ლიგის" გუნდში არათუ ეთამაშა, არამედ ოდენ ევარჯიშა, რომ სამუდამო დისკვალიფიკაცია ეძლეოდა. არადა, იმავდროულად მორაგბეს არ ეკრძალებოდა ფულზე კრივი ანაც ფეხბურთის თამაში. ერთი სიტყვით, ლიგის დისკრიმინაცია აშკარა იყო.

რაგბის გაპროფესიულების კვალად, ბოლო ათი წელია, ურთიერთობა მოწესრიგდა, გამთიშველი ჯებირები დაინგრა, რაგბმა ლიგიდან იქეთ გადაიბირა მწვრთნელები და ვარსკვლავები, შეითვისა უამრავი იდეა, განვითარდა, გაჩქარდა, გამოძრავდა, გასასტიკდა და ბებერი პურისტების გულის გასახეთქად, თავადაც ლიგას დაემსგავსა, რის გამოც 13-კაცელი ცინიკოსები "ლიგბად" მოიხსენიებენ ხოლმე.

დაახლოების მიუხედავად, 15-კაცა რაგბი და 13-კაცა ლიგა არ გაერთიანებულან და ალბათ კიდევ კარგა ხანს ცალ-ცალკე სპორტებად დარჩებიან, რაღაი ამ თამაშთა მიმდევარი თემები საკუთარ ტრადიციას აგრე იოლად ვერ შეელევიან და სანახაობათა ბაზარზეც ორივენაირ რაგბს თავისი ადგილი აქვს, ორივე მომგებიანია და კონკურენციაც ორივესთვის ზრდის სტიმულია.

განვითარებულ, კულტურულ ქვეყნებში ლიგა და რაგბი უკვე ნაყოფიერად თანამშრომლობენ. ერთობლივი ვარჯიშისა და ერთურთის ასპარეზების გამოყენების გარდა, გაჩნდნენ კლუბები და ბიზნეს-ჯგუფები, რომელთაც ორივე სახეობის გუნდები ჰყავთ და სეზონებიც ისეა დაგეგმილი, რომ სტადიონები არ მოცდეს და ოვალური ბურთის თამაშის ხილვის მსურველს სეირი მთელი წელი არ მოაკლდეს.

 

ლიგელ "ჯოიზე" მოთქვამენ

  19/07/2005  კვირას, ეროვნულზე, რაგბილიგის აქაურ მესვეურთა ნაკრები, "13 ქართველი" "ერთა თასზე" მოსახვედრად სერბეთს მასპინძლობს. თამაში ღამის ცხრის ნახევარზე იწყება და პირველი არხით პირდაპირ გადაიცემა. თავად "ერთა თასი" 13-კაცა ბურთაობაში ახალი ხილია და რაგბელი სეხნიისა არ იყოს, ჯერაც ბევრი უკლია ელიტურობამდე.

ლიგა დასაბამს 1895 წლიდან იღებს. საერთაშორისო ფედერაცია (რლიფ) 1948 წელს დაარსდა, ევროპული რლეფ-ი კი შარშანწინ. "ერთა თასი" წელს მესამედ თამაშდება. ფორმულა ჯერაც დასადგენია. სავარაუდოდ, ტურნირი შარშანდელივით ორ პულად მოეწყობა. ერთში სამი კელტი მეზობელი (ირლანდია, უელსი, შოტლანდია) ერთ წრედ ილიგავებს, მეორეში კი, გამოკლებული ინგლისის ნაცვლად, საფრანგეთსა და რუსეთს საქართველო - ჰოლანდია - სერბეთის შესარჩევში გამარჯვებული შეუამხანაგდება.

საქართველომ სტუმრად 34:14 ძლია ჰოლანდია, ვინც ასევე სტუმრად 26:10 დაამარცხა სერბეთი. ამის გათვალისწინებით "13 ქართველს" შემოდგომაზე უდაო დაწინაურება და უკეთეს მეტოქეებთან გაჯიბრება ელის. ჩვენების უფრო შორეული მიზანი XIII მსოფლიო თასზე მოხვედრაა. ამ 10-გუნდა ტურნირს 2008 წელს ავსტრალია უმასპინძლებს. სარწმუნო წყაროთა თანახმად, პირველად 13-კაცა ბურთაობის ისტორიაში, მზარდი საერთაშორისო ამქრის უკლებლივ ყველა წევრს მიეცემა შესარჩევში მონაწილეობის შანსი.

რაგბილიგის მსოფლიო თასი შორეულ 1954 წელს, ფრანგთა თაოსნობით დაწესდა. აქამდე გამართულ 12 ტურნირში ცხრაჯერ ავსტრალიამ გაიმარჯვა (1957, 1968, 1970, 1975, 1977, 1988, 1992, 1995, 2000 წლებში), სამჯერ კი ბრიტანეთმა (1954, 1960, 1972). ბოლო ორი ტურნირი ბრიტანეთში მოეწყო და მასში ინგლისი და კელტები უკვე ცალ-ცალკე ასპარეზობდნენ. 2000 წლის შეჯიბრს თავს სასწაული ავდარი დაატყდა და არც მარკეტინგი უვარგოდა. ამის გამო რლიფ-მა 700 ათასი გირვანქა იზარალა და 8-წლიანი მორატორიუმი გამოაცხადა.

სანაკრებო ლიგის კრიზისი შარშან დასრულდა. საფრანგეთმა ტოლი არ დაუდო ზელანდიასა და ავსტრალიას, ამერიკა მაგრად დაუხვდა მძლეთამძლე ოზებს, ევროპაში მეორედ გათამაშდა "ერთა თასი", ლიბანში კი მესამედ "ხმელთაშუა ზღვის თასი". სეზონი დააგვირგვინა უელიტარულესმა "სამმა ერმა", რომელიც "ჟილეტმა" დაასპონსორა. ინგლისში გამართულ ექვს მატჩზე 163 195 ფანი მივიდა და პირველად XXI საუკუნეში, რლიფ-მა მოგება ნახა.

"სამი ერი" წელსაც გაიმართება, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ავსტრალია და ზელანდია ორჯერვე ეკვატორს ქვემოთ შეერკინებიან ერთმანეთს. მეზობლებმა წელს ერთი, ტრადიციული ტესტი უკვე გამართეს საზიარო ეროვნულ დღესასწაულზე, "ანზაკის დღეს" და საშინაო სეზონის დასრულების კვალად ბრიტანეთს ეწვევიან. კივთა დასახვედრად ინგლისი დატოვებს მშობლიურ, ჩრდილოურ ასპარეზებს და ახალ ათასწლეულში პირველად ილიგავებს ლონდონში (საფეხბურთო "ლოფტუს როუდზე"), დიდ ფინალს კი, შარშანდლის დარად, კიდევ ერთი საფეხბურთო არენა, ლიდსის "ელანდ როუდი" უმასპინძლებს.

  *  ანზაკის ტესტი

 
ავსტრალია 32 (22) (6ლ: სინგი, ბერიგანი, ქეროლი, ლოქიარი, ტონგა, მინიჩელო; 4გ: ფითსგიბონსი) -
 
ზელანდია 16 (10) (3ლ: როპატი 2, უტაი; 2გ: ლოლესი)
  მსაჯი სმითი [ინგ]; 22/04, ბრისბენი, სანკორპი
(40 317)

 
**  "ჟილეტის" სამი ერი

  15/10 ავსტრალია - ზელანდია (სიდნეი), 22/10 ზელანდია - ავსტრალია (ოკლენდი); 29/10 ბრიტანეთი - ზელანდია (ლონდონი), 5/11 ბრიტანეთი - ავსტრალია (ვიგანი); 12/11 ბრიტანეთი - ზელანდია (ჰადერსფილდი), 19/11 ბრიტანეთი - ავსტრალია (ჰალი)

  26/11
დიდი ფინალი (ლიდსი 21.15 საქ)

ზამთარში აღარ ლიგაობენ

  საკლუბო დონეზე რაგბილიგის დედაბოძები ავსტრალია და ინგლისი არიან. პირველგან 15-გუნდიანი ეროვნული ლიგაა (ნრლ), მეორეგან კი 12-გუნდა სუპერ-ლიგა (სლ). ამათი სეზონები თითქმის ემთხვევა ერთმანეთს, რაღაი მარჩენალი ტელევიზიის კარნახით, ბრიტებმა 1996 წლიდან ზამთარში თამაშზე ხელი აიღეს და ფეხი ოზებს აუწყვეს. ინგლისში თამაშდება ჯერ კიდევ 1896 დაწესებული თასიც, რომლის ფინალიც, ვიდრე ლონდონის "უემბლი" აშენდებოდეს, მანჩესტერის "ოლდ ტრაფორდსა" და კარდიფის "მილენიუმზე" იმართება.

ბრიტანულ და ფრანგულ ლიგებზე ავსტრალიის გავლენა ფრიადია. ოზი მოთამაშეები და გურუები ლამის ყველა კლუბსა ჰყავს. 2000 წელს აღდგა მეტროპოლიისა და ყოფილი კოლონიის ჯილათა წლიური ნუღლიც "მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონობაზე". დიდგულა ოზები ინგლისში თამაშზე ყაბულს არიან. ჰოდა, XXI საუკუნეში გამართული ექვსი რკენიდან ოთხი ინგლისელებმა მოიგეს (ორჯერ ბრედფორდმა, თითოჯერ სენთ-ჰელენსმა და ლიდსმა), ნრლ-ს ძალა კი მხოლოდ მელბურნმა და "რუსთერზმა" წარმოაჩინეს ღირსეულად.

  * მსოფლიოს საკლუბო ნუღლი

  ლიდს რაიონზი [ინგ] 39 (26) (7ლ: ვოქერი, კოლდერვუდი, მაკგვაიერი, პოჩინგი, ბაროუ, მეიზერსი, ჯოუნზ-ბიუქენენი; 5გ, ა: სინფილდი) -
 
სიდნი ბულდოგზი [ავს] 32 (6) (6ლ: ელმასრი 2, პეტენი, ლოლესი 2, გრიმალდი; 4გ: ელმასრი)
  მსაჯი ჰემპსტედი [ავს]; 4/02, ლიდსი, ელანდ როუდი
(37 028)

  **  ავსტრალიის ნრლ

  (19 რაუნდის შემდეგ / სულ 26) ბრისბენ ბრონკოუზი 32 ქულა, პარამატა ილზი 26, კრონალა შარქსი 24; მელბურნ სტორმი, ნორს-ქვინზლენდ ქავბოიზი, სენთ-ჯორჯ-ილავარა დრეგონზი, ვესთს თაიგერზი, მენლი სი-იგლზი, კანბერა რეიდერზი 22; ბულდოგზი 21, სიდნი-სითი რუსთერზი 20, ნიუ-ზილენდ ვორიორზი ზელ 18, პენრით პანთერსი 14, საუს-სიდნი რებითოზი 13, ნიუკასლ ნაითსი 8
 
(დიდი ფინალი) 2/10 სიდნეი

  ***  ინგლისის სლ

  (21 რაუნდი / სულ 28) ლიდს რაიონზი 36 ქულა, სენთ-ჰელენს სეინთსი 35, ვორინგტონ ვულვზი 28, ჰალ ფკ 26, ბრედფორდ ბულზი 23, ლონდონ ბრონკოუზი 20; ვიგან ვორიორზი, ჰადერსფილდ ჯაიანთსი 18; სოლფორდ რედსი, ვეიკფილდ-ტრინიტი ვაილდკეტსი 16; ვიდნეს ვაიკინგზი 11; ლი სენჩურიონზი 5
 
(დიდი ფინალი) 15/10

"ორიჯინი", ლიგის თვალი

  ნაკრებები და კლუბები იქეთ იყვნენ და ისეთია ავსტრალიური ლიგის დონე, რომ ამისი წლიური, სამ-მატჩა "ოლ სტარი", რომელსაც "სთეით ოვ ორიჯინი" (სადაც ვშობილვარ, გავზრდილვარ!) ჰქვია, კარგა ხნია, წლის უმთავრეს ლიგურ მოვლენად ქცეულა და მთელ მსოფლიოშიც გაუჩენია ტელე-მაყურებელი, რაღაი მასში ყველა უკეთესი ოზი ლიგელი მშობლიური შტატის, "ცისფერი" (ბლუ) ახალი სამხრეთი უელსის (ასუ) ან "შინდისფერი" (მორუნ) ქვინზლენდის (ქლდ) ღირსებას იცავს.

წელს "ორიჯინი" 25 წლისა მოიყარა. სერიის დაწყებამდე მეტოქეებს 35-35 თამაში მოეგოთ, ორჯერ კი ფრე ყოფილა. ახალ სამხრეთ უელსს (სიდნეი) გარდამავალი ფარი 11-ჯერ შეემართა, ხოლო ქვინზლენდს (ბრისბენი) 12-ჯერ, რადგან სერია ორჯერ ფრედ დასრულებულა და "მორუნზს" ჯილდო მფლობელის უფლებით დარჩენოდა. ასე ბოლოჯერ 2002 წელს მოხდა, რის შემდეგაც ფრე გამოირიცხა და ოვერტაიმის "ოქროს ქულამდე" თამაში დაწესდა.

აქამდე საქმე წლევანდელი სერიის პირველსავე მატჩში მივიდა. საწყის 50 წუთში ქვინზლენდმა 19 უპასუხო ქულა მიითვალა, მეორე ოთხი ლელო გაუშვა და თამაშის ბოლოს, არეკნითღა (ლიგაში ერთი, კინკილა ქულა ღირს) გაათანაბრა ანგარიში, დამატებით დროში კი მეტ ბოუენმა ბრეტ ქიმორლის პასი ჩაუჭრა, გაიჯეჯილა და "მორუნზი" 1-0 დაწინაურდა.

მეორე მატჩში "ბლუზმა" მშველელად იხმო ნიუკასლელი ჰავბეკი ენდრიუ ჯონსი (სურათზე შუაში), ვისაც წელს ჯერ მუხლი ტკენოდა, მერე კი ყბაც გაეტეხა და მწყობრში ჩადგომის შემდეგ ნრლ-ში ერთადერთი მატჩი ეთამაშა. "ჯოიმ" უმალ დაატყო ხელი გუნდს, ხუთივე ლელო შეამზადა და სამი რთული გარდასახვაც შეაგდო.

"ბლუზმა" თამაში მესამე მეოთხედში გატანილი სამი ლელოთი გარდატეხა. თავად ჯონსმა პირველ ლელოზე გადაკიდებული ძელს გაარტყა და ენტონი მინიჩელო (სურათზე მარცხნივ) ახეირა, ბოლოზე კი შექცეული პასით კაპიტანი დანი ბუდერუსი (სურათზე მარჯვნივ, ფარით) დაგეზა და სერიის ანგარიში გათანაბრდა 1-1.

გადამწყვეტ, მესამე მატჩში, მასპინძელმა "მორუნზმა" თავიდან მაგრად უტია, მაგრამ "ბლუზმა" 29 ბოჭვას გაუძლო, მერე კი მინიჩელომ დარენ ლოქიარის ყუმბარა 80 მეტრზე გამოაქცუნა. "მორუნზი" წახდა, ჯადოქარმა "ჯოიმ" კი ისევ ხლართა ხვანჯები: ჯერ იყო და ბრეს ანასტას შეყოვნებული პასი გაუხერხა, მერე კი ბოლო ბოჭვაზე მარკ განიეს დიაგონალზე შეუცურა.

ყოფილმა მენაგვემ, მეტ კინგმა სამი ლელო გაიტანა და შეიქნა ოდენ მეცხრე ლიგელი, ვინც ჰეთ-თრიკი "ორიჯინში" გაახერხა, "ბლუზმა" კი შეჯიბრის ისტორიაში ოდენ მეორედ მოიგო სერია, რომელსაც აგებდა. რაც შეეხება "ჯოის", რაგბის ოზი ექსპერტები მოთქვამენ, ეს რა მიჰქარა კავშირმა, სიდნეის "ვორათაზში" გადმოსვლაზე მოწადინებულ გენიოსს ორჯერ (!) რომ უთხრა უარი და კარიერის ბოლომდე ლიგაში დატოვაო.

  *  სთეით ოვ ორიჯინი

  პირველი
 
ქლდ 24 (3ლ: ვილიამსი, ქროქერი, ბოუენი; 5გ: სმითი; 2ა: ლოქიარი, სერსტონი) -
 
ასუ 20 (4ლ: რუნი, განიე, ფითსგიბონსი, ბუდერუსი; 2გ: ფითსგიბონსი)
  მსაჯი სიმპკინსი; 25/05, ბრისბენი, სანკორპი
(52 484) -
  2:0(7) 4:0(19) 10:0(21) 12:0(33) 13:0(40) / 19:0(49) 19:4(53) 19:8(62) 19:14(69) 19:20(71) 20:20(78) // 24:20(84)

 
მეორე
 
ასუ 32 (5ლ: მინიჩელო 2, მენზისი, კუპერი, ბუდერუსი; 6გ: ფითსგიბონსი 3, ჯონსი 3) -
 
ქლდ 22 (4ლ: სორნი, სლეიტერი, ბოუენი, სივონისევა; 3გ: სმითი)
  მსაჯი კლარკი; 15/06, სიდნეი, ტელსტრა
(82 389) -
  6:0(14) 8:0(16) 8:6(23) 8:12(33) / 14:12(44) 20:12(48) 26:12(59) 26:16(69) 32:16(76) 32:22(80)

  მესამე
 
ქლდ 10 (2ლ: სერსტონი, ბოუენი; გ: სმითი) -
 
ასუ 32 (6ლ: ანასტა, განიე, კინგი 3, ტაჰუ; 4გ: ფითსგიბონსი, ჯონსი 3)
  მსაჯი სიმპკინსი; 6/07, ბრისბენი, სანკორპი
(52 496) -
  0:2(9) 0:8(22) 0:14(27) 0:18(32) / 0:24(48) 0:28(53) 0:32(64) 6:32(74) 10:32(77)

 

აბა, რაგბი ლიგურად!

ბოჭვა სასტიკი, ბურთაობა გაშლილი

  20/07/2005  კვირას, ეროვნულზე, საღამოს ცხრის ნახევრიდან, ჩვენი ფანობა აქამდე დამუღამებულიდან ძაან განსხვავებულ რაგბს იხილავს: ლიგის პიონერები, თიკუნად "13 ქართველი" რომ აურჩევიათ, სულ ხელდახელ იბურთავებენ, ოვალს აუტში თითქმის არ დაარტყამენ, სტუმარ სერბებს აიტაცებენ და მიწაზე მწარედ დაანარცხებენ, მოედნის მთელ განს გამოიყენებენ და გაუთავებელი ზედახორებითა და ბურთისთვის ჯაჯგურით გულს არ გაუწვრილებენ მაყურებელს.

დიახ, (რაგბი) ლიგა, ანუ 13-კაცა თამაში, ჩვენთვის ნაცნობ 15-კაცა სპორტს ნაკლებადა ჰგავს, მაგრამ იგიც რაგბია და თან თავისებურად ეშხიანი. ლიგა რაგბს არც ტრადიციით ჩამოუვარდება და თუ საქართველოში წლევანდლამდე არ დაინერგა, მაგის მიზეზი ისტორიაშია საძიებელი და არა 13-კაცურ ესთეტიკაში ან მორალში. მეტიც, ლიგის ქართველ მიმდევრებსა და მათ ქომაგებს, რომლებიც თავადვე მორაგბეები არიან, მიაჩნიათ, რომ ლიგა რაგბზე უფრო სასეირო, ნაღდი თამაშია და ქართულ ხასიათს მეტად შეეფერება.

ლიგა, რაგბისგან განსხვავებით, მარტოკაცთა ბრძოლაა. ბურთიანი ეულად უმკლავდება რამდენიმე მბოჭავს და თუ შნო აქვს, გინდ ღონითა და გინდაც ფინტებით, მარტომ უნდა გაარღვიოს დაცვის მწყობრი. რაკი ბურთისთვის ჯგუფური ცილობა წესითაა აკრძალული, ოვალი ზედახორაში არ იმარხება და მაყურებლისთვის მუდამ ხილულია. მოიერიშენი მოედნის მთელ სიგანეზე არიან გაშლილი და თანამედროვე რაგბიდან ჩვენთვის ცნობილი, ხაზად გამწკრივებული დაცვის გასაბითურებლად მეტი ხერხისა და საზრიანობის გამოჩენა უწევთ.

ლიგა ჯერაც რაგბზე ჩქარი, ძალისმიერი და ხისტი, თან ერთი უწყვეტი და არაქათ-გამცლელი ომია. ლიგის გუნდში რაგბისაზე ორი კაცით ნაკლები რომაა, მოედანზე მეტი სიხალვათეა. ბოჭვის შემდეგ თამაში უმალ, ბურთის გამოგორებით რომ ახლდება, ტემპი არ ეცემა და შეცვლის წესიც ისეთია, რომ სიმულაციით დროის გაყვანა შეუძლებელია. თან სტანდარტული სიტუაციები რომ მინიმუმამდეა დაყვანილი, პაუზა თითქმის არაა და მაყურებელი ბილეთში გადახდილ ფულს სრულად ინაზღაურებს.

ლიგა მაგარი შოუა, რაშიც ეროვნულზე მისული ფანობა თავად დარწმუნდება. პუბლიკას ბურთაობის გაჩაღებამდე ნახევარ-საათიანი სიურპრიზი ელის, ჰიმნებს კი მოყვება ქართული საბრძოლო ცეკვა, "ფერხული", რომელთან შედარებითაც ზელანდიური "ჰაკა" ერთი მოკრძალებული რიტუალია. თავად ლიგის თამაშიც ფეხბურთსა და კალათბურთზე აღზრდილი ფანისთვის უფრო იოლი გასაგებია, რადგან რაგბისგან განსხვავებით, წესი ნაკლები აქვს. სამაგიეროდ, ლიგა სათამაშოდაა უფრო ძნელი და მობურთალის ნიჭს უკეთ წარმოაჩენს.

დიახ, ლიგა მხოლოდ ბურთაობაა, რაგბში კი ბურთაობამდე ჯერ ოვალი უნდა მოიპოვო, რაზეც დიდძალი ენერგია იხარჯება და გუნდის ბევრი წევრიც საქმდება, მაგრამ რამდენად სიამოვნებს ამის ცქერა მაყურებელს, ეგ კიდევ საკითხავია. ძველ, სამოყვარულო რაგბში ბურთისთვის ბრძოლა აშკარად მეტი იყო, ვიდრე თავად ბურთაობა, მაგრამ რაც ათი წლის წინ 15-კაცა თამაში გაპროფესიულდა, ბალანსი ბურთაობის სასარგებლოდ შეიცვალა და თავად რაგბიც პროფესიულობის 110-წლოვანი ტრადიციის მქონე ლიგას დაემგვანა.

ლიგაში ბურთისთვის ბრძოლა რომ არაა, ანუ შემტევ გუნდს ბოჭვის შემდეგ ოვალის ფლობა გარანტირებული აქვს, ზედიზედ იერიშის რაოდენობა წესით იზღუდება, თორემ ბურთი მთელი თამაშის განმავლობაში ერთ გუნდს ექნებოდა. ლიგაში მოიერიშე ზედიზედ მაქსიმუმ ექვსჯერ უტევს და თუ ამ წყებაში ქულა ვერ მოიპოვა, ბურთს მეტოქე გადაიბარებს, რათა თავად სცადოს ექვსი იერიში. ამით ლიგა უფრო სამართლიანი თამაში გამოდის (ექვსი შანსი მე, ექვსი შენ!), რაგბში კი ღონიერმა გუნდმა შეიძლება მთლად უბურთოდ დატოვოს მეტოქე და მას შეტევა არ აღირსოს.

ლიგაში დაცვა ბოჭვის ადგილიდან სამჯერ უფრო შორს მწკრივდება, ვიდრე თანამედროვე ზეპურ რაგბში. ამის გამო ლიგაში ხელდახელ შესატევად მეტი გასაქანია. სამაგიეროდ, რაგბში იერიშის ოდენობა შეუზღუდავია და ფაზა ფაზას ებმის მანამ, სანამ ლელო არ გავა, მსაჯი ჯარიმას არ დანიშნავს, შემტევი თავად არ შეცდება და ან მეტოქის მღლეტელი ბოჭვაზე ბურთს არ ააცლის მოიერიშე გუნდს (თერნოვერი). მოკლედ, შეტევის მეთოდი და მობურთალის ტექნიკა მეტწილად მსგავსია, მაგრამ წესთა სხვადასხვაობის გამო, 13-კაცა ლიგა სხვა სპორტია და 15-კაცა რაგბი კიდევ სულ სხვა.

კარგი კიკერი აქაც ფასობს

  ამსიგრძე შესავლის შემდეგ, ეროვნულზე მისულმა ქომაგმა უცხო ხილს რომ გემო უკეთ გაუგოს, ლიგის მარტივ წესებს ოდნავაც უნდა ჩაუღრმავდეს. დავიწყოთ მსგავსებით. რაკი ლიგასა და რაგბს ძირი ერთი აქვთ, ორივეგან თამაშის მიზანი ლელოსა და გოლის გატანაა; მატჩი ორჯერ 40 წუთს გრძელდება; აკრძალულია უბურთო მეტოქის შეფერხება და შებოჭვა, ხელით წინ პასი და სტანდარტულ სიტუაციაში მეტოქეთა გამყოფ ზოლში ყოფნა.

ერთნაირია ბურთი და კარიც, მაგრამ ლიგის მოედანი დალიანდაგებულია, რაც მსაჯს ბოჭვაზე 10 მეტრის გადაზომვაში ეხმარება. ლელო მხოლოდ 4 ქულა ღირს, გოლი (გარდასახვა და ჯარიმა) 2 ქულა, ფილდ გოლი (არეკნი) კი 1. სამატჩო რაზმი ოდენ 17-კაცაა (რაგბში 22-კაცა). მასში 13 დამწყები და 4 სათადარიგოა. ნებადართულია 12 შეცვლა, რის გამოც დაღლილს სულის მოთქმა და თამაშში დაბრუნება შეუძლია.

რაგბმა მოთამაშეთა პირვანდელი ნუმერაცია 50 წლის წინ უარყო, ლიგა კი ტრადიციას ერთგულობს. 1-7 ახლაც ბეკები არიან, ხოლო 8-13 ფორვარდები. ჩვენს დროში, უნივერსალიზაციის გამო, ნომრები ცოტათი პირობითია, მაგრამ ამპლუაში მაინც გაირჩევა ფულბეკი (1 ნომერი, ბურთის ზურგიდან ამომტანი), ოთხი ბეკი (2-5, ანუ ხაზი), ერთი პივოტი (6 ნომერი, ვინც ბურთს ფეხს ურტყამს), გამოგორებული ბურთის ორი მიმღები (7, ჰავბეკი და 9, ჰუკერი), ორი წონიანი (8 და 10 ნომრები) და სამიც უფრო მოძრავი ფორვარდი (11, 12 და 13).

შერკინება ინიშნება წინ თამაშსა და აუტზე. შერკინებაში არ აწვებიან. ბურთი შემგდები გუნდისაა. ამით კისერი არავის ტყდება, არც მოედანი ვერანდება და ვერც უკეთური მსაჯი მოგდებს შარს. ჯარიმები იშვიათობაა. მატჩის ბედს წყვეტს ლელოები და არა სათუო ჯარიმებიდან გატანილი გოლები. გაგანია თამაშში ბურთს აუტში არავინ ურტყამს, რადგან ბოჭვის შემდეგ ოვალი შემტევს უნარჩუნდება, მანძილის მოსაგებად კი ბურთი მოედანს უსიკვდილოდ უნდა გაარტყა (რაგბის "22" ლიგაში არ იციან!)

ხელდახელ ბურთაობა ჩქარი, ძაან გაწაფული და გაშლილია, ბოჭვა კი კოლექტიური, ზე-ხისტი და მეტწილად ბეჭებზე მეტოქის დამდები. ექვს ბოჭვას შემტევ გუნდს რეფერი უთვლის და ყველას გასაგონად უძახის. ყოველის შემდეგ დამცველი გუნდი ათი მეტრით უკან, რეფერიმდე იხევს. შებოჭილი წამოდგება, ბურთს მიწიდან აიღებს, მერე ძირს დადებს და ფეხისგულით უკან გაუგორებს თანაგუნდელ მიმღებს. ამ დროს გამგორებელს წინ ორი მეტოქე (ყარაული) უდგას, მაგრამ ამათ ბურთზე თამაში ეკრძალებათ.

ხუთი ბოჭვის შემდეგ შემტევი გუნდი არჩევანის წინაშე დგება: ან ლელოს იმედად ხელდახელ თამაში უნდა გაგრძელოს და ანაც ბურთს ფეხი დაარტყას, თორემ თუ მეექვსედაც შებოჭეს, ბურთს მეტოქე იქვე გადაიბარებს. თუ ფრეა ანდა დრო იწურება, კარში არეკნს ურტყამენ. თუ ლელოს ეშურებიან, მაშინ ფრთაზე ან კართან აწევენ აბრაგანს, და ანაც თანაგუნდელს ფეხით ბურთს ლელოსკენ დაუგორებენ, ხოლო თუ თამაში უბრალოდ მეტოქის ზურგშია გადასატანი, რათა ამან თავისი ექვსი შეტევა წამგებიანი პოზიციიდან დაიწყოს, ურტყამენ კუთხეში და თან დამჭერს თავს ესხმიან.

მეტოქეს აუტში თუ გადადენი, მოედნის კიდიდან 20 მეტრზე შერკინება გერგება, რაც რიგ-გარეშე ექვს შეტევას უდრის. იგივე მოხდება, თუ შენი 40-მეტრა, წითელი ხაზიდან დარტყმული ბურთი მოედანში დაეცემა და აუტში იმათი 20-მეტრა ხაზის მიღმა გავა. თუ ბურთიან დამცველს ლელოდან არ გამოუშვებ, მისი გუნდი საკუთარი კარიდან არეკნით განაახლებს თამაშს და თუ ძაან შორს ვერ დაარტყა, ექვს შეტევას მეტოქის ნახევრიდან გააჩაღებ. ერთი სიტყვით, თუმც ლიგა მეტწილად ხელით თამაშია, მასში ბრძენი და ჩუბინი კიკერი რაგბზე ნაკლებად როდი ფასობს.

დასასრულ, დასკვნად ეგეც შევნიშნოთ, რომ ლიგა სხვა არაფერია, თუ არა 110 წლის მანძილზე გაშალაშინებული პირველქმნილი რაგბი. ლიგა თავიდან მხოლოდ მუშათა თამაში რომ იყო, მის მიმიდვრებს თავის რჩენაზე უნდა ეფიქრათ, ანუ აქცენტი მაყურებლის მიზიდვაზე გაეკეთებინათ. თვალსასეირო შოუს მისაღებად 13-კაცელები წესებს თამამად ცვლიდნენ. შედეგად მათ ძაან ლოგიკური კოდექსი და სადა ბურთაობა მიიღეს, ბედოვლათი, არისტოკრატული რაგბი კი საუკუნის (!) დაგვიანებითღა დაადგა ამავე გზას და კაცმა არ იცის, სად მივა: 15-კაცა ლიგად იქცევა თუ ამჟამინდელ იერს შეინარჩუნებს.

 

ლიგასთან ორგზის ნაზიარებნი

  21/07/2005 კვირას, საღამოს ცხრის ნახევარზე, ჩვენი რაგბილიგის ნაკრებ "13 ქართველს" ეროვნულზე, "ერთა თასის" შესარჩევ მატჩში ებურთავება სერბეთი, ვისაც 13-კაცა თამაშში საქართველოზე მეტი ტრადიცია ხომ აქვს და სრულიად რაგბის საერთაშორისო თემშიც იმითაა უნიკალური, რომ ლიგას ორჯერ, 48 წლის შუალედით ზიარებია.

სერბეთი ლიგის არაოფიციალურ რეიტინგში 21-ე ადგილზეა, რაგბის ოფიციალურში კი 57-ე პოზიციაზე სუფევს. ფედერაციული იუგოსლავიის ნანგრევებზე აღმოცენებულ ქვეყანაში დღესდღეობით ექვსი ლიგური კლუბია. ისინი 13-კაცა ბურთაობას ზაფხულში მისდევენ, სხვა დროს კი რაგბს თამაშობენ.

ამგვარ გაორებას, მსოფლიო ირბ-ისა და ევროპული აერ-ის მიერ წაქეზებული რაგბის კავშირი მთლად კარგი თვალით არ უყურებს, მაგრამ რაღაი სერბეთში ორივე თამაში ალალად სამოყვარულოა, რაგინდარა შეზღუდვის დაწესება ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა იქნებოდა. ამიტომ რაგბის მამები ჰგუობენ კონკურენტს, რომელმაც წელს იმდენი იხერხა, რომ ხელისუფლება დაარწმუნა, რაგბილიგაც მარგი თამაშიაო და თუმც დაფინანსებას ვერ გამორჩა, სპორტის სამინისტროს თავი ბოლოსდაბოლოს მაინც აღიარებინა.

დაუფინანსებლად სერბულ ლიგას უჭირს. მაისში იუგოსლავებს აღმოსავლეთ ევროპის ტურნირის მასპინძლობა სურდათ, მაგრამ საქმეს თავი ვერ დაადგეს. ჩაიშალა ივნისში ჩაფიქრებული ფრანგული ტურნეც. სერბეთმა ვერც ქვინზლენდში (ავსტრალია), სტუდენტთა მსოფლიო თასზე მიავლინა გუნდი. სამაგიეროდ, ეროვნული ნაკრები, საქართველოსა და ჰოლანდიასთან ერთად, მონაწილეობს გაცდენილებზე აშკარად უფრო პრიორიტეტულ შეჯიბრში, რომლის გამარჯვებულიც "ერთა თასზე" წლეულს, შემოდგომაზევე შეცვლის გამოკლებულ ინგლისს.

სერბულ ლიგას ორი ვებსაითი აქვს: შინიდან მართული ოფიციალური და ავსტრალიელ მოკეთეთა მიერ შექმნილი სამოყვარულო. ოზეთში, მეზობელ ზელანდიაში და თვით ბრიტანეთშიც ხალხმრავალი იუგოსლავური დიასპორაა. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ სერბეთის ლიგა უცხოეთში ეძებს 13-კაცა თამაშში გაწაფულ ვაჟკაცებს, ფულსა და სათამაშო აღჭურვილობასაც ემიგრანტთა ჩამომავლებს სთხოვს, უცხო გუნდების მისაზიდად კი ხაზს იმას უსვამს, რომ ბელგრადში ჭამა-სმა იაფია, გოგოებიც ძაან ეშხიანები არიან და რომ სტუმარი ჯერ გემოზე ილიგავებს, მერე კი მოილხენს.

სოციალისტური დილემა

  გენერალ ტიტოსეულ იუგოსლავიაში ლიგა ჯერ კიდევ 1953 წელს დაინერგა და ბარემ ათი წელი იარსება. ერთხელაც იყო და ქვეყნის ნაკრები მოძმე, ასევე სოციალისტურ რუმინეთში ჩავიდა სათამაშოდ. იუგოსლავებს ჰგონებიათ, მასპინძლებსაც ჩვენებრ 13 კაცი ჰყავთ გუნდში და ბოჭვის შემდეგ ბურთს ფეხით უკან უგორებენ თავისიანებსო, მაგრამ გაოცდნენ: აღმოსავლელი ლათინები სულ სხვანაირად რაგბობდნენ და მოთამაშეც 15 ჰყავდათ.

იუგოსლავები დილემის წინაშე დადგნენ: ან რაგბზე უნდა გადასულიყვნენ და ანაც იზოლაციაში დარჩენილიყვნენ, რადგან სოც-ბანაკში მათ გარდა 13-კაცას სხვა არავინ თამაშობდა. არჩევანი რაგბის სასარგებლოდ გაკეთდა და ლიგა ჩაკვდა, მაგრამ ისტორიას მაინც შემორჩა, რომ თავის დროზე სპორტის ასოციაციის მდივანმა, დრაგან მარშიცევიჩმა ორი ფრანგული გუნდი მიიწვია და საჩვენებელი თამაშები გაამართვინა; რომ 1954 წლის აპრილში პირველად შეიბნენ "პარტიზანი" და "რადნიჩკი"; და რომ 1961 წელს, ბანია-ლუკაში, რაიც უკვე საზღვარგარეთ, ბოსნიაშია, იუგოსლავია საფრანგეთის სამოყვარულო ნაკრებს ელიგავა და მხოლოდ 0:13 წააგო.

რაგბილიგა ახალ სერბეთში მილოშევიჩის დამხობის შემდეგ, 2001 წლის ნოემბერში აღორძინდა. კრუშევაცში ერთ დღეს მოეწყო "რაგბი 13-ის ფედერაციის" დამფუძნებელი ყრილობა და თასის ფინალი. ოთხმა კლუბმა პრეზიდენტად რაგბის კავშირის ყოფილი თავკაცი, სლავიშა მილენკოვიჩი აირჩია, მოედანზე კი ბელგრადის "დორჩოლმა" 24:10 ძლია მასპინძელი ქალაქის "ბელი ორაო".

2002 წლიდან ზაფხულობით ქვეყნის ჩემპიონატი იმართება. ორივე საითზე სამი სეზონის სრული შედეგები წერია, მაგრამ "დორჩოლი" ოთხგზის ჩემპიონადაა გამოცხადებული! პირველ სეზონში ოთხმა გუნდმა ორი წრე ითამაშა და "დორჩოლმა" ექვსივე მატჩი მოიგო, ნოემბერში კი თანაქალაქელი "მორავა" თასის ფინალში 46:16 ძლია. 2003 წელს მონაწილე ექვსი იყო. ერთი წრის შემდეგ ოთხმა უკეთესმა პლეი-ოფი გამართა. დიდ ფინალში "დორჩოლმა" "ნოვი სადი" 25:4 ძლია, ნოემბერში კი მასვე თასის ფინალში 52:16 მოუგო.

შარშან მონაწილე ოთხიღა დარჩა. სტარტზე ნოვი სადის "ვოივოდინამ" აქამდე უძლეველი "დორჩოლი" 26:22 დაამარცხა, მაგრამ ჩემპიონმა მერე ოთხჯერ (!) ძლია მეტოქე, მათ შორის, დიდ ფინალშიც 48:6. ნოემბერში თასი, ეტყობა, აღარ გათამაშებულა და მიზეზთა გამო, წელსაც პირველობა ჯერ არ დაწყებულა. სამაგიეროდ, სეზონი გაიხსნა მესამე "სთეით ოვ ორიჯინით" (სადაც ვშობილვარ, გავზრდილვარ!), რომელშიც "ბელგრადელმა მეომრებმა" (ქალაქელებმა) 40:38 აჯობეს "სერბ ბარბაროსებს" (პროვინციელებს).

ამ თამაშის შემდეგ იუგოსლავთა ბრიტმა მოძღვარმა, ჯონ რისმანმა სამი მოწინავე კლუბიდან ნაკრებში 25 რჩეული იხმო. 18 ივნისს სერბეთი 3-ათასიან "რადნიჩკიზე", ოღონდაც 300 ფანის ამარა, ჰოლანდიას დაუხვდა და 10:26 დამარცხდა. არადა, ბელგრადში "ორანიეს" აკლდა ექვსი ლიდერი იმ გუნდიდან, რომელმაც ჩვენებურ წითელ პარასკევს, შინ, დაბა ჰუკში, საქართველოსთან 14:34 წააგო.

ობობები, მტრედები და ყოჩებიც

  ლიგის ევროპული ფედერაციის (რლეფ) პროპაგანდა აღნიშნავს, რომ სერბთა გურუ ბრიტანული რაგბილიგის დიადის, გას რისმანის ვაჟია. სერბებმა წელს ორი მოთამაშე, 21 წლის ჰუკერ-ჰავბეკი (გამოგორებული ბურთის მიმღები) ზორან პეშიჩი და ჯერაც თინეიჯერი ბეკი, დალიბორ ვუკანოვიჩი ინგლისის მეორე, პროფესიული დივიზიონის კლუბში, "ლონდონ სქოლარზში" (ლონდონელი სწავლულები) სტაჟირებაზე მიავლინეს და ნაღდად თბილისშიც ჩამოგვიყვანენ.

სერბ ლიგელებს ამხანაგური მატჩები არ აკლიათ. წელს, გაგანია ზამთარში, ქვეყანა მოიხილა ბეირუთის (ლიბანი) ამერიკული უნივერსიტეტის გუნდმა და თოვლზე ორჯერ დამარცხდა: "დორჩოლთან" 0:10, "ვოივოდინასთან" 8:22. მაისში იგივე "ვოივოდინა" 15-ჯერ დაალელოვა და 80:6 მოსრა ინგლისის "შოუ-კროს შარქსმა" (ზვიგენები), ვინც წელს სამოყვარულო კონფერენციის პირველი ლიგა მოიგო და პრემიერშიპში აღზევდა.

2003 წლის თებერვალში სულ მთლად ახალბედა ნაკრებმა საფრანგეთში იმოგზაურა და ოთხი სპარინგი გამართა. სერბეთი ტრიპოლში (ლიბანი) გამართულ ბოლო ორ "ხმელთა-შუა ზღვის თასზეც" მონაწილეობდა და თამაშს ძაან მოუმატა. თავად განსაჯეთ: თუ 2003 წლის ოქტომბერში იუგოსლავები საფრანგეთმა 120:0 გაათახსირა, ლიბანმა 102:0 და მაროკომ 58:4, ერთი წლის თავზე იმავე გუნდებთან გამართული მატჩების ანგარიშები 64:4, 18:4 და 20:20 იყო!

სერბეთის კაპიტანი "დორჩოლის" 27 წლის ბურჯი, რადოსლავ ნოვაკოვიჩია. ოფიციალური საითი ძაან აქებს ამავე კლუბის ახოვან ფორვარდს, 19 წლის ნემანია პოპშოგოროვიჩს. რაც შეეხება პირველობას, სამოყვარულო საითის ცნობით, წელს ამქარს ორი კლუბი შეემატა და მგზავრობის ხარჯის შესამცირებლად, 6-გუნდა დასი საწყის სტადიაზე ორ პულად დაიყო.

სამხრეთისაში ილიგავებენ ბელგრადის კლუბები: "დორჩოლ სპაიდერზი" (ობობები), "მორავა ილზი" (გველთევზები) და "რაკოვიცა ვორიორზი" (მეომრები, იგივე "ბორაცი"), ჩრდილოეთისაში კი "ნოვი-სად პიჯინზი" (მტრედები), ამავე ქალაქის "ვოივოდინა რემზი" (ყოჩები) და დაბა პანჩევოს კლუბი. ჰოლანდიასთან სათამაშოდ შეკრებილ 25-ეულში 14 კაცი "დორჩოლიდან" იყო, ექვსი "მორავადან" და ხუთი "ვოივოდინადან", კლუბების ინგლისური სახელები კი სინამდვილეში ავსტრალიურია, რადგან თანამედროვე რაგბილიგას მოდას სწორედ რომ ოზეთი უწესებს.

 

13 ქართველი ბრძოლას იწყებს

  22/07/2005  კვირას, ეროვნულზე, საღამოს ცხრის ნახევარზე, ათასობით ქართველი იმისთვის მივა, რომ ახალ საქმეს შეჭიდებულ "13 ქართველს" დაუჭიროს მხარი და ბურთაობის აქამდე უცნობი სახეობა, რაგბილიგა დაამუღამოს. ჩვენი ბიჭები, უკლებლივ ყველანი, მოქმედი მორაგბეები არიან და როგორც მათი წარმომავლობის ხალხსა ჩვევია, მოედანზე თავს არ დაზოგავენ, რათა სერბეთზე გამარჯვებით "ერთა თასზე" ასპარეზობის უფლება მოიპოვონ.

ლიგა ძაან სხვაგვარი, უფრო ჩქარი, ხისტი და სულ ხელდახელ სათამაშო რაგბია. იმაზე თავიდანვე შევთანხმდეთ, რომ კარგი და ცუდი სპორტები არ არსებობენ, და ერის გაჯანსაღებასა და სულიერად გამხნევებას ყველა მისებურად ემსახურება. ყოველ მათგანსაც თავისი განუმეორებელი ეშხი აქვს. მთავარია, თამაშს კეთილი თვალით შეხედო და არა ამრეზით, მის სიღრმეში წვდომას ეცადო და მაშინ, ახალ სამყაროში შესული, სპორტის ამ სახეობის ღირსებებს უკეთ გაარჩევ.

რაგბი დიდებული თამაშია, მაგრამ არც ლიგაა რითმე ჯაბანი. განგებამ ინება, რომ ეს სპორტები 110 წლის წინ გაიყარნენ. მას აქეთ სამყარო შეიცვალა და შემწყნარებელი გახდა. რაგბი და ლიგაც დაახლოვდნენ. ისიც შემთხვევითი როდია, რომ ლიგას ჩვენში მორაგბეებმა მოკიდეს ხელი. ამით საქართველოში ოვალური ბურთით მოთამაშეთა თვალსაწიერი გაფართოვდა და ბიჭებს თავის გამოჩენის მეტი შანსიც გაუჩნდათ, რაღაი თუ ერთს რაგბის ნიჭი აქვს, სხვამ შეიძლება ლიგაში უფრო ივარგოს და ეს ყველაფერი ჩვენმა ფანობამ ჭიდაობათა მაგალითზე მშვენივრად უწყის.

ლიგა მაგარი სეირია. ეროვნულზე მისული ხალხი ჯერ შოუს შეირგებს, მერე კი ბურთაობას. ლიგელები საზოგადოებას სიურპრიზს უმზადებენ. ეგაა ქართული სპორტის ისტორიაში პირველი საბრძოლო რიტუალი, რომელსაც ძირი ეროვნულ ქორეოგრაფიაში უდევს და ისევე თანამედროვეა, როგორც "სუხიშვილების" ყველა სხვა ქმნილება. ასე რომ, ჯერ დოლის ბრაგუნზე და მერე მსაჯის სასტვენის შემდეგ, ხმა შევაწიოთ "13 ქართველს", ჩვენი სპორტული ოჯახის უმრწემეს წევრს!

ფერხული
 
ცამეტი ქართველი მებრძოლი დღეს
გიწვევთ ბრძოლაში, ბრძოლაში გიწვევთ!
ჩვენ ვდგავართ ერთად და ვამბობთ ერთს:
გულები ბრძოლის წყურვილით გვიცემს!
მხარი მხარს მივცეთ და ხელი ხელს,
მხარი მხარს მივცეთ და ხელი ხელს:
ჩვენ ბრძოლას ვიწყებთ!

ლექსი რატი ამაღლობელის
ქორეოგრაფია ილიკო სუხიშვილ-უმცროსისა
 

ფრანგები ახლავე გველიან

  ჩვენს ლიგელებს მეოხი მრავლადა ჰყავთ. ერთმა მათგანმა, მარჯანიშვილის თეატრის გადაღმად გახსნილმა "ელიტარული ჩაის სახლმა" პარასკევს უმასპინძლა "ქართული რაგბილიგის" აქტივისა და მედიის საამო, შინაურ მასლაათს, რომელიც ჩვენში 13-კაცა თამაშის დამნერგავმა, პაატა ცინცაძემ იმის შენიშვნით გახსნა, რომ ასეთი ურთიერთობა შარშანს აქეთ ტრადიციად იქცა და კვლავ გაგრძელდება.

მოპასუხე ოთხი იყო, შემკითხველი და გადამღები კი ბარემ ოცი. იმაში, რომ საქართველო სერბეთს ძლევს, ეჭვი არავის შეპარვია, მაგრამ
ბატონმა პაატამ (სურათზე მარცხნიდან მეორე) მაინც გააფრთხილა შეკრებილი საზოგადოება, ისე არ დაგვემართოს, 1950 წელს ბრაზილიას ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონი რომ ეგონა თავი და "მარაკანაზე" ურუგვაისთან წააგოო. უმალ ლიგის თაოსანი "13 ქართველის" სამომავლო გეგმებსაც გადაწვდა და მედიას ფრიად გასახარი რამ ამცნო: თუმც "ერთა თასის" შესარჩევი შეჯიბრი ჯერ არ დამთავრებულა, ფრანგულ ლიგას თურმე უკვე დაუნიშნავს ჩვენებთან თამაში.

მატჩს 15 ან 16 ოქტომბერს, სამხრეთის ქალაქი კანი უმასპინძლებს. თარიღი ადგილობრივ საფეხბურთო კლუბთან და მერიასთან შეთანხმებით დაზუსტდება, რათა კუბერტენის სახელობის, 17-ათასა სტადიონი ლიგის საღამოს დაკავებული არ იყოს. ფრანგებს "ერთა თასის" აქეთა, არა-კელტური პულის მეორე თამაშის გამართვაც შინ სურთ, მაგრამ ყაბულს იქნებიან თუ არა ამაზე რუსები, ეგ კიდევ საკითხავია. სხვაფრივ, როგორც გინდა გადაწყდეს დავა, რუსეთს მაინც მოუწევს საქართველოში ჩამოსვლა 22-23 ოქტომბერს, რადგან "ერთა თასზე" ეგრეა, რომ სამ-გუნდა პულში ერთ მეტოქეს შინ ხვდები და მეორეს გარეთ.

"ერთა თასის" ფინალში პულების გამარჯვებულები გადიან. საჩემპიონო თამაში ნოემბერში გაიმართება უელსში ან საფრანგეთში. ბატონ პაატას მუდმივი კონტაქტი აქვს ევროპული ფედერაციის (რლეფ) უფროსობასთან და "13 ქართველის" ინტერესებს პრინციპულად დაიცავს. ეს მით უფრო საშურია, რომ ევროპელი ლიგელები მორაგბეებზე უფრო თავქარიანები ჩანან. დიახ, სერბეთი თურმე ჯერ კიდევ 18-19 ივნისს უნდა გვწვეოდა, მაგრამ მაგ დროს საფრანგეთში დააპირა წასვლა და ვოიაჟი ჩაეშალა, მანამდე კი ჰოლანდია ინგლისს მიბრძანდებოდა.

ჩვენი მეტოქეები ერთმანეთს ბოლოსდაბოლოს თბილისის მატჩისთვის გადადებულ დღეს ეთამაშნენ, სერბთა საქართველოში ჩამოსვლა კი რლეფ-მა ივლისისთვის გადადო. ამჯერად ევროპელი მოხელეები და მსაჯები ერთად მოფრინავენ და ბატონი პაატა შაბათს მათ გაჯორვას აპირებს, რათა მსგავსი რამ აღარ გამეორდეს. ევროპელთა უპირობისვე გამო, "ქართულმა რაგბილიგამ" თავი ვერ მოაბა ოთხი გუნდის საშინაო შეჯიბრის მოწყობას, რაც რაგბიდან ნაცნობი ფენომენია, რაღაი ნაკრები იქაც პრიორიტეტია.

ბატონი პაატა საფრანგეთში რომ ცხოვრობს და მოღვაწეობს, სერბეთთან თამაშის ორგანიზაციული წვრილმანების მოგვარება მეტწილად თავად ლიგის მოთამაშეთა და მათი ახლობლების მხრებზე გადავიდა. "13 ქართველის" წევრმა და ლიგის განვითარების მენეჯერმა,
ნოდარ ანდღულაძემ (სურათზე მარჯვნიდან მეორე) მედიას სერბეთთან თამაშის სპონსორები ჩამოუთვალა. ეგენი არიან "პრო კრედიტ ბანკი" (გენერალურია!), "ჟოკეი კლუბი", "დი-ეიჩ-ელი", "ოსთრიან ეარლაინზი", "ელიტარული ჩაის სახლი", რადიო "უცნობი", "ბორჯომი", "ყაზბეგი", "სელბი", სოსისი "ვაკე", "ოუ-ეს დიზაინი" და "თი-ბი-სი თი-ვი სტუდიო", რომელმაც გადაიღო კლიპი, ამ კვირაში "პირველ არხსა" და "იმედზე" რომ ტრიალებს.

ბატონმა ნოდარმა, შინაურულად კი "ნონომ", ყველას დიდი მადლობა გადაუხადა, ხოლო პაატამ
ზესტაფონის "ფეროს" სიკეთეც გაიხსენა. მერე "13 ქართველის" კაპიტანმა, კახა ალანიამ (სურათზე სულ მარჯვნივ) წაიკითხა იმ 20 მობურთალის სია, ვისგანაც სერბეთთან მოთამაშე 17-ეული უნდა დასახელდეს. ითქვა, რომ გიორგი ტრაპაიძე (რაინდები) ბოლო ვარჯიშზე დაშავდა, ვახტანგ ახვლედიანი (ხულიგანა) კი რაგბის შვიდკაცის ევროპული ფინალიდან დამტვრეული დაბრუნდა. ასე რომ, დარჩა 18 კანდიდატი, რომლებიც ინგლისელმა მწვრთნელმა ვინი ვებმა (სურათზე სულ მარცხნივ) "ოლიმპის" საფეხბურთო აკადემიაში გამართული ორ-დღიანი სპარინგების შედეგად შეარჩია.

ვინაა ზედმეტი, მე-18?

  [იხილე რაზმი] წითელ პარასკევს, სტუმრად ჰოლანდიის მჯობნი 17-ეულიდან სერბეთს მაქსიმუმ ათი კაციღა შეხვდება. 1 ნომერი ირაკლი მაჩხანელი სარაგბოდ საფრანგეთში გადავიდა, ლუკა ხაჩირაშვილმა (რაინდები) ოპერაცია გაიკეთა, ახვლედიანისა და ტრაპაიძის გარდა კი დაშავებულები არიან თემურ ქობელაშვილი (ლელო), ბესიკ ქარაბაკი (რაინდები) და გრიგოლ ნიშნიანიძე (უნივერსიტეტი).

ცვლა რიგიანია: "ბორჯღალოსანი" ბეკები, ზვიად კობერიძე და ლექსო გუგავა მაგარი მოშვიდკაცეები არიან, ზვიად მაისურაძე და "ფრანგი" ოთარ ელოშვილი ბურთს ძალუმად გააქცუნებენ, რაგბის 9 ნომერმა ბიძინა სამხარაძემ კი უკვე ფურორი მოახდინა ვარჯიშებზე და რაკი 13-კაცა თამაშში 12, კალათბურთივით თავისუფალი შეცვლაა ნებადართული, კაპიტან ალანიას ვარაუდით, "რიჟა" ეროვნულზე შეკრებილ საზოგადოებას ლიგაობითაც მოხიბლავს.

გურუ ვები ნაღდი ჩრდილო ინგლისელია და "რაგბის" ნაცვლად "რუგბს" წარმოთქვამს. კაპიტანმა ალანიამ მწვრთნელი ძაან აქო, ბატონმა პაატამ კი თქვა, რომ რლეფ-ის მიერ მატჩებზე გამოგზავნილი მწვრთნელი კარგია, მაგრამ მუდმივი ჯობს და ამ საკითხსაც ევროპელი მამების წინაშე დასვამს. რაც შეეხება "13 ქართველის" სულ პირველსა და უალალეს მოძღვარს, გაეროს აქაურ მისიაში დაცვის შეფად მომუშავე სამოელს, რიჩი ალეს, მას სამსახურის გამო სულ ცხელ, კონფლიქტურ ზონებში უწევს მივლინებაში ყოფნა და თუმც ჩვენი ბიჭების განსწავლა გულით სწადია, ვერ იცლის კაცი და ეგრეა საქმე.

უფალმა ვებმა პრეს-კონფერენციაზე სიტყვა რამდენჯერმე აიღო და სულ ერთი და იგივე ილაპარაკა, ესაო და ქართველებს ნიჭი და ხალისი არ გაკლიათ და რაგბის თამაშიც იცით, მაგრამ ლიგის ტექნიკა სხვაა და 13-კაცას ჯანი და გამძლეობაც მეტი ჭირდება; ჰოდა, ჩემი მიზანი ეგაა, რომ ჰოლანდიისა და სერბეთის ჯობნის შემდეგ ისე მოგაძლიეროთ, რომ კელტებს, ფრანგებსა და რუსებსაც გაუმკლავდეთო. რამდენიმე ჩაძიების მიუხედავად, მწვრთნელმა მედიას საბოლოო შემადგენლობა მაინც არ გაუმხილა, რადგან, მისი აზრით, ბიჭებმა გაზეთიდან არ უნდა შეიტყონ, თუ ვინაა ერთი ზედმეტი, ანუ მე-18.

სერბეთი (მორ მორავა ილზი ანუ გველთევზები, დორ დორჩოლ სპაიდერზი ანუ ობობები, ვოი ვოივოდინა რემზი ანუ ყოჩები)

ვლადიმირ რადულოვიჩი
მორ, მარკო მლადენოვიჩი მორ, დალიბორ ვუკანოვიჩი დორ, მარკო ჟებელიანი ვოი, მილოშ კოვაჩი მორ, იოვან ვუიოშევიჩი დორ, მატე გრანიჩი დორ, რადოსლავ ნოვაკოვიჩი დორ, ზორან პეშიჩი მორ, ჯორჯე კოსტიჩი დორ, ნემანია პოპშოგოროვიჩი დორ, დარკო ნერანჯიჩი დორ, მილან ჯორჯევიჩი დორ, მარკო იანკოვიჩი დორ (კაპ), სონი რადოვანოვიჩი დორ, ნემანია ჯორჯევიჩი დორ, ივან შუშნიარა დორ

რეფერი პოლ კარი; კიდეებზე: ლაიამ ტოდი და დეივ ტიდმენი (სამივე ინგლისი)