ლიგამ ქართული ნიჭი გამოაჩინა

  24/07/2005  ჩვენი სპორტული ოჯახის უმრწემესი წევრი, რაგბილიგა საზოგადოებას გამარჯვებით გაეცნო. "13 ქართველის" წევრებმა კვირა ღამით, "ეროვნულზე" ჯერარნახული შოუ დადგეს და საშინელ პაპანაქებაში ძაან გულიანადაც იბურთავეს.
 
საქართველო 44
სერბეთი 12

ლიგის საშინაო პრეზენტაციაზე ყველაფერი იყო: ლამაზად დახაზული და საქართველოს მორიგი საყოველთაო ჩაბნელების დღეს მაინც გაჩახჩახებული ასპარეზი, მედოლეთა ულტრა-თანამედროვე ბენდი და ნაცნობი მუსიკის სულ სხვა რიტმი, ცეცხლოვანი წვიმა, დროშისფრად შემოსილი გუნდი, ფერხული, ტელევიზიის პირდაპირი ეთერი, რაგინდარა ასაკის რამდენიმე ათასი ფანი, მათთვის ჯერაც უცხო, გაშლილი თამაში, წესების გამო მცირედი გაუგებრობანი, რვა ლელო, ექვსი გოლი და რა თქმა უნდა, უსიტყვო გამარჯვება, რომლითაც 13-კაცა თამაშის მესვეურებს გარჯა სრულად დაუფასდათ.

"ცამეტმა ქართველმა" სერბეთს საწყის 50 წუთში ცხრა ლელო მიართვა, მაგრამ რეფერიმ მხოლოდ შვიდი ჩაგვითვალა. თამაშზე ჩამობრძანებულმა ევროპული ფედერაციის (რლეფ) მთავარმა მოხელემ, რაგინდარა რაგბის მოყვარულმა და მსოფლიოს ბევრ კუთხეში ნამუშევარმა სქოთმა, კევინ რადმა ადრევე შენიშნა, ქართველები დაბადებით მობურთალები ხართ და ლიგის მსოფლიო ამქარი თქვენში უდიდეს პოტენციალს ხედავსო. ჰოდა, 13-კაცა თამაშის ჩვენმა პიონერებმა, ერთდროულად რომ არიან მოთამაშეები და ფრიად ფხიანი მენეჯერებიც, სტუმრის შეფასების სისწორეში დაგვარწმუნეს.

სერბეთს ჯანი და ზომა-წონა არ აკლდა, მაგრამ არ ჰქონდა კლასი. ქართველებს ბურთი უფრო ძალუმად მოგვქონდა, მეტოქეს ფინტებითა და სიმარდით უფრო იოლად ვაბითურებდით, მათზე ბევრად გახსნილი გვქონდა გონება და პასიც უკეთ გამოგვდიოდა. ჰოდა, ლიგაში, რაიც ზედმეტობებ-და-შავ-სამუშაო-მოკლებული რაგბია, ჩვენი უნარი უკეთ წარმოჩნდა. ერთი ეგ იყო მხოლოდ, რომ უფრო ახალგაზრდული მოუცლელობისა და ცოტაც ქართული არხეინობის გამო, ჩვენს ნაკრებს ახალი თამაშის წესები მთლად კარგად წაკითხული ვერ აქვს და ამიტომ მეტისმეტად ხშირად ჯარიმდებოდა.

ინგლისელ რეფერის ჯაფა დაადგა. ზეპურ ლიგაში მსაჯი თითქმის არ ჩანს და გუნდები ლამის უმისოდ ბურთაობენ, აქ კი უფალ კარს სულ თამაშგარეების დაფიქსირება და გამოგორებაზე შებოჭილის შეფერხების აღნუსხვა უწევდა. რაკი ქართველებიცა და სერბებიც აღზრდით მორაგბეები არიან, ჯახისა და პასის საჭირო ბალანსს ჯერ ვერა გრძნობენ, რის გამოც ბურთი მეტისმეტად ხშირად უვარდებოდათ. ამის გამო ლიგისთვის ძაან ბევრი, ბარემ 20 შერკინება დაინიშნა და "13 ქართველის" ინგლისელი გურუს, ვინი ვების ახირებითაც, ჩვენები მეტოქეს აწვებოდნენ, რაც, რბილად რომ ვთქვათ, არა-ლიგურია.

მე-5 წუთზე სერბეთს კარში დასარტყამი ჯარიმა ერგო, მაგრამ ვუკანოვიჩმა უსუსურად დაკრა. შინ მეათე-ხარისხოვან სპორტად ყოფნის გამო დაკომპლექსებული სტუმრები თავიდანვე ძაან დაზაფრა თბილისურმა გარემომ. ბევრად უფრო მაღალ დონეზე რაგბ-ნათამაშევი ჩვენებიც მიდგნენ არიფ მეტოქეს და გააპამპულავეს. პირველი ლელო გილაურმა შერკინებიდან, ხაზით პირველივე შეტევით გაიტანა. უმალ კიკოფი მაისურაძემ წამოიღო და უბოჭვო იერიში "ქართული რაგბილიგის" მთავარმა მოხელემ, ანდღულაძემ სოლოთი დაასრულა.

მერე იყო გასვიანის ძალისმიერი ლელო, რომლის გატანასაც საზოგადოება მას შემდეგ მიხვდა, რაც კობახიძე გარდასახვისთვის გაემზადა. შინაური რაგბისა არ იყოს, ლიგის მაყურებელიც მოხიბლა ასათიანმა, ვინც მატჩის წინ მთელი კვირა და თამაშის დღესაც გუნდის საქმეებზე დაქროდა, მოედანზე კი ფეხით დარტყმული ბურთის წამოღებითა და შეტევის დროს ხაზში ჩართვით სისხლი გაუშრო სერბებს. ჰოდა, პატივცემულ "მეხანიკასა" და გუგავას გათამაშებული ისევ გილაურმა დააგვირგვინა.

ახალგაზრდული მენეჯმენტი

  მერე დადგა მარცხენა ფრთაზე ჟამუტაშვილის ნავარდის ჯერი. პირველად მისი მოსროლილი (მეოთხე შეტევაში) სამხარაძემ მიწიდან აიღო, მეორედ კი, მე-40 წუთზე, "ხულიგანას" ბეკმა ხელის კვრით რამდენიმე მბოჭავი დაიფრინა, მაგრამ როგორც კიდის მსაჯმა გამოჩხრიკა და რეფერის ამცნო, დამიწებისას ბურთი წინ გაუვარდა. შემდეგსავე წყებაზე ასათიანმა ისევ გააჯეჯილა გილაური, მაგრამ მსაჯებმა ახლა წინ პასი შენიშნეს და ხალხი შეაეჭვეს, ლიგის მსაჯები გადაცმული იტალიელები ხომ არ არიანო.

მეორე ტაიმი კობერიძეებმა საგვარეულო ლელოთი გახსნეს: გიორგიმ ბევრი მოაღორა და ალავერდს ზვიადთან გადავიდა. მალე მესამე შეტევაზე გუგავა დარჩა მეტოქის ფულბეკის პირისპირ. მერე ჩვენები მოდუნდნენ და სერბეთს ლიგის თამაშის საშუალება მისცეს. ნორჩმა სლავმა გოლიათმა, პოპშოგოროვიჩმა შერკინებიდან დაგვალელოვა, ინგლისის მეორე პროფ-დივიზიონში განსწავლულმა პეშიჩმა კი ლიგისთვის ქრესტომათიული, რისკიანი ექვს-იერიშა წყება კარში გატანილით დააგვირგვინა.

ქართველები ბოლოჯერაც გაბრაზდნენ. ასათიანმა ისევ გამოაქცუნა გადაკიდებული, სატრავმო პაუზის შემდეგ კი მხეიძემ იოლად დაალელოვა სტუმრები. ბოლოს კობახიძემ არეკნი სცადა, ხოსიტაშვილმა სერბები მათ ლელოში გამოამწყვდია, კარიდან დარტყმული კი ისევ ასათიანმა იხელთა და რომ შებოჭეს, თამაში დასრულდა და ბურთიც "13 ქართველის" პირველმა ნომერმა შემართა.

ბოლოს იყო ტაში, თასით დაჯილდოება, კიდევ ერთი ფერხული და თანამედროვე ცეკვაც. რაც მთავარია, საზოგადოება ნაამები დაიშალა, რადგან საქართველომ კიდევ ერთ სპორტში გაიმარჯვა და ურწმუნო თომებსაც დაუმტკიცა, თუ ახალგაზრდულ შემართებასა და საზრიანობას რარიგ ჩინებული საქმეების კეთება ხელეწიფება.

საქართველო: (ბეკები) 1 გიორგი ასათიანი; 2 ზვიად კობერიძე, 3 სანდრო გილაური, 4 გიორგი კობერიძე, 5 დავით ჟამუტაშვილი; 6 კახა ალანია კაპ, 7 ბიძინა სამხარაძე / (ფორვარდები) 8 დავით გასვიანი, 9 ნონო ანდღულაძე, 10 ზვიად მაისურაძე; 11 ნიკა მხეიძე, 12 ლექსო გუგავა, 13 კახა კობახიძე; (მარქაფა) 14 ოთარ ელოშვილი, 15 გიორგი ხოსიტაშვილი, 16 ფრიდონ უდესიანი, 17 ედიშერ ჯამრულიძე - 8ლ: გილაური ორი (1 4), ანდღულაძე, გასვიანი, სამხარაძე, ზ.კობერიძე, გუგავა, მხეიძე; 6გ: კობახიძე

სერბეთი: (ბ) 1 ვლადიმირ რადულოვიჩი; 2 მატე გრანიჩი, 3 დალიბორ ვუკანოვიჩი, 4 მარკო ჟებელიანი, 5 მარკო მლადენოვიჩი; 6 ივან შუშნიარა, 7 იოვან ვუიოშევიჩი / (ფ) 8 რადოსლავ ნოვაკოვიჩი კაპ, 9 ზორან პეშიჩი, 10 ჯორჯე კოსტიჩი; 11 დარკო ნერანჯიჩი, 12 ნემანია პოპშოგოროვიჩი, 13 სონი რადოვანოვიჩი; (მ) 14 მილოშ კოვაჩი, 15 მილან ჯორჯევიჩი, 16 ნემანია ჯორჯევიჩი, 17 მარკო იანკოვიჩი - 2ლ: პოპშოგოროვიჩი, პეშიჩი; 2გ: ვუკანოვიჩი

რეფერი პოლ კარი; კიდეებზე: ლაიამ ტოდი და დეივ ტიდმენი (ინგლისი). თბილისი, ეროვნული (7 ათასი) - 6:0(9) 10:0(11) 16:0(21) 22:0(26) 26:0(34) / 32:0(46) 38:0(50) 38:6(64) 38:12(71) 44:12(77)
 

საქართველო "ერთა თასში" ჩაებმება

ამ ქვეყანაში რაგბილიგას მუშტარი ჰყავსო,
შეუნიშნავთ აღტაცებულ ბრიტებს

  26/07/2005  მოიგო "ცამეტმა ქართველმა" კვირას ზედიზედ მეორე შესარჩევი მატჩიც, საერთაშორისო რაგბილიგის სამი ახალბედას ერთწრიან შეჯიბრში დამაჯერებლად იპირველა და იმის უფლება მოიპოვა, რომ შემოდგომაზე "ერთა თასის" მესამე გათამაშებაში აქამდე უცვლელი ჩემპიონი, ინგლისი შეცვალოს. ჩვენს საკითხს რაგბილიგის ევროპული ფედერაცია (რლეფ) მალე განიხილავს და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ საქართველოს ტურნირში ნაღდად ჩააბამს.

რლეფ-ი 2003 წლის დამდეგსღა დაარსდა სრულიად ევროპაში 13-კაცა თამაშის გასავრცელებლად და ორ-წელიწად-ნახევარში ბევრის გაკეთება მოასწრო. ორგანიზაციას უკვე 16 წევრი ჰყავს. ეგენი არიან: ინგლისი, საფრანგეთი და რუსეთი (დამფუძნებლები); უელსი, ირლანდია, შოტლანდია, ჰოლანდია, გერმანია, ესტონეთი (!), სერბეთი, მაროკო, იტალია, მალტა, საბერძნეთი (!), ლიბანი და საქართველო. რლეფ-ის მორიგი სამიზნეები რუმინეთი, ესპანეთი და პორტუგალია გამხდარან და როცა 13-კაცა თამაშს ამ ქვეყნებშიც გამოუჩნდებიან პიონერები, "ერთა თასი", რაგბის დარად, რამდენიმე ლიგად გათამაშდება.

სერბეთთან მატჩზე დასასწრებად თბილისში რლეფ-ის განვითარების მენეჯერი (იგივე მთავარი მოხელე) კევინ რადი და "ერთა თასის" დირექტორი, გრემ თომპსონი ჩამობრძანდნენ და შინ აღტაცებულნი მიბრუნდნენ. როგორც ჩვილია რლეფ-ი, თანამშრომლებიც ეგეთივე ახალგაზრდები ჰყავს. 13-კაცას ბრიტ მისიონერებს ალღო, მარიფათი და ენერგია არ აკლიათ და საქმეს ჩინებულად უძღვებიან, მაგრამ რაც მათ აქ, ბოგანოდ ცნობილ ქვეყანაში, მათივე კბილა აქტივისტებმა, მეტწილად თავად მოთამაშეებმა, დაახვედრეს, ეგ მთელი ევროპის მასშტაბით ჭეშმარიტად უმაგალითო იყო.

თავად განსაჯეთ: თამაში სადმე, სოფლად, მყუდრო, ორი-ათასიან მოედანზე კი არ ჩატარდა, არამედ ქვეყნის უპირველეს, გრანდიოზულ ასპარეზზე. სხვაგან, ჰოლანდია-გერმანიებში გინდ რაგბზე და გინდაც ლიგაზე თუ 300 კაცი მიდის, აგარაკზე და ზღვაზე გაკრეფილ თბილისში, ხვატიან კვირა საღამოს, მაინც 7-8 ათასი მოსეირე მოგროვდა. თუ ევროპაში ახალ სპორტებს მედია არ წყალობს, საქართველოში გამართული პირველივე (!) თამაში საზოგადოებრივმა ტელევიზიამ თავიდან ბოლომდე, ცოცხლად (!) გადასცა, მაგრამ ვაგლახ, რომ ქვეყანა იმ დღეს ჩაბნელდა და არათუ რეგიონებში, თვით თბილისშიც კი ტელე-ეკრანების უმეტესობა ჩამქრალი იყო.

რაგბილიგის წარდგენა სასწაული შოუ გამოვიდა. ახლებური სადოლო მუსიკით შეზარხოშებული უშუქო სტადიონი უეცრად განათდა, მონაწილენი ხასხასა, დალიანდაგებულ მოედანზე გაცვივდნენ, სახურავიდან ცეცხლის წვიმა წამოვიდა, ორივე გუნდმა ჰიმნი თავად იმღერა, კოხტად შემოსილმა "ცამეტმა ქართველმა" მეტოქეზე "ფერხულით" გაიწია, სერბებმა გამოწვევა მიიღეს და გაჩაღდა გაშლილი ბურთაობა, რომელშიც ჩვენების უპირატესი ნიჭი, საბურთაო კულტურა და სარაგბო განსწავლულობა წარმოჩნდა. მერე, ნამატჩევს, ყოფილა ტრადიციული ლხინიც, რომელზეც, როგორც სრულიად რაგბს ოდითგან მოსდევს, "ყაზბეგი" ულევად ჩამოისხა და ძმურად შეისვა.

ამეების მერე რა გასაკვირია, თუ რლეფ-ის საითმა დაწერა, ბატონები რადი და თომპსონი, ვისი ჯერიც არს, იმას ურჩევენ, საქართველო წელსვე ჩავაბათ "ერთა თასშიო". ერთი ეგაა მხოლოდ, რომ რლეფ-ი მომავალი ორი მატჩისთვის ფინანსურ გარანტიებს ითხოვს, რამაც "ქართული რაგბილიგა", წესითა და რიგით, ვერ უნდა შეაფერხოს, რაღაი მის ჯეელ აქტივს ისეთი გამავლობა აქვს და იმდენი მოკეთეც ჰყავს, რომ პირველსავე საშინაო მატჩს 13-ზე მეტი სპონსორი (ერთი გენერალურიც კი!) გამოუჩნდა და მათი უმეტესობა ალბათ მომავალშიც მხარში დაუდგება "ცამეტ ქართველს".

უფალმა თომპსონმა საითს სიტყვა-სიტყვით ასე უთხრა: "ბურთაობის დონე საუცხოო იყო და მატჩიც ჩინებული სპექტაკლი გამოვიდა. ევროპის ფედერაცია ყველაფერს გააკეთებს, რათა საქართველოში 13-კაცა თამაში იზარდოს და აყვავდეს, რაღაი სრულიად აშკარაა, რომ ქვეყანაში რაგბილიგას მუშტარი ჰყავს." დასასრულ, "ერთა თასის" დირექტორმა ეგეც შენიშნა, რომ ამქარში ახალი წევრების გამოჩენა და თვით შესარჩევი ტურნირის გამართვაც იმის დასტურია, რომ რაგბილიგა კონტინენტზე თანდათან იკიდებს ფეხს.

რაგბილიგის "ერთა თასი"

შესარჩევები: 29/04 ჰოლანდია - საქართველო 14:34, 18/06 სერბეთი - ჰოლანდია 10:26, 24/07 საქართველო - სერბეთი 44:12

კიბე: საქართველო 4 ქულა (78:26), ჰოლანდია 2 (40:44), სერბეთი 0 (22:70)

პულები: (ა) ირლანდია, შოტლანდია, უელსი; (ბ) საფრანგეთი, რუსეთი, საქართველო
 

სამკვიდრო ყველასთვის საკმარია

  სტადიონზე შეკრებილთა უმეტესობა, რა თქმა უნდა, რაგბთან რამენაირად წილნაყარი იყო და თვისტომთა ქომაგობის გარდა, სურდა საკუთარი თვალით ეხილა უცხო ხილი, რომლის გამოც აქამდე ბევრი სმენოდა კარგიცა და ავიც. ლიგა ძაან ექოთ მის პიონერებსა და ახალი შანსის მაძიებელ ჯეელობას, ხოლო ეძაგებინათ რაგბის თემის მუჯაჰედ წევრებს, ვითაც XXI საუკუნეში XIX საუკუნელ პომ ფარისეველ არისტოკრატებზე მეტად შეტკივათ გული რაგბის პირველქმნილი უბიწოების შენარჩუნებაზე და შერკინებაში მიწოლით კისრების ტეხვა და აუტში ბურთის უპრაგონოდ გდება ღვთიურ საქმედ მიაჩნიათ.

შეუცვალა თუ არა ერთს და მეორეს ცხადში ნანახმა აზრი, მალე გამოჩნდება. სამაგიეროდ, ახლავე ისაა ცხადი, რომ რაგბის კავშირი აქამდელივით გულხელდაკრეფილი ვეღარ იჯდება და მარკეტინგის გააქტიურება მოუწევს, რაღაი რაგბის ლიგამ თვალნათლივ დაამტკიცა, რომ კავშირის მარადი წუწუნი, ჩვენში სპორტში ჩასადები ფული არაა და ვერარა საქმეს ხეირიანად ვერ გააკეთებო, გვარიანად უსაფუძვლოა. თუ ასე გაგრძელდა, ანუ ლიგამ ფერადი შოუები დგა, კავშირმა კი გასვლითი ჩიბლუხები მართა, ფანობა და მოთამაშეები თანდათან ლიგის მხარეზე გადავლენ, მაგრამ არა გვგონია, "ბორჯღალოსნებს" ზურგი შეაქციონ და ამით რაგბი დაკნინდეს.

ჯანსაღი მეტოქეობა რაგინდარა სფეროში წინსვლის საწინდარია. გარემოს სიჭრელეც სასარგებლოა. ლიგის შემოსვლით საქართველოში მეტი თამაში გაიმართება, ბიჭებიც უცხოეთში უფრო ხშირად იმოგზაურებენ და ეგებ სალიგაოდ იქვე მოეწყონ. ლიგური წრთობაც (ჯანი, ამტანობა, პასი, ბოჭვა) ძაან გამოადგებათ ჩვენს მორაგბეებს, რადგან ბობოლა ქვეყნებში 13-კაცამ ბოლო ათ წელში ერთობ გაამდიდრა და მთლად გარდაქმნა რაგბი, რომელიც საუკუნის განმავლობაში სამოყვარულო იყო და კუს ნაბიჯით ვითარდებოდა. და კიდევ, რაგბი და ლიგა თუ ერთიან ფრონტს შექმნიან, ერთად იმუშაკებენ ასპარეზთა მოსაწყობად და სახსრების მოსაზიდად, ამით ჩვენში ოვალური ბურთის ბედს ძაღლი ვეღარ დაყეფს.

გასათვალისწინებელია საგარეო ფაქტორიც. რაგბის ირბ-ი ძველებურად თვალთმაქცობს და მხოლოდ ათი (!) სახლიკაცის ინტერესს იცავს, თემის დანარჩენი ასი (!) წევრი კი ოთხ წელიწადში ერთხელ, მსოფლიო თასის დროსღა ახსენდება, რათა შეჯიბრს გლობალური იერი შეუნარჩუნოს და ამით თავად დიდძალი ფული მოიხვეჭოს. ჰოდა, ცოდვა გამხელილი ჯობს და უნდა ითქვას, რომ "ბორჯღალოსნებმა" წინსვლის მარაგი ფაქტობრივად ამოწურეს, რადგან გინდაც ყოველ მომდევნო მსოფლიო თასზე ფინალურ სტადიაზე გავიდნენ, სანამ საერთაშორისო რაგბში ანტი-კელტური რევოლუცია არ მოხდება, დანარჩენი სამყარო ახლანდელივით დამცირებული იქნება.

ლიგაში საქმე სხვაგვარადაა. იქ საუკუნეთა შესაყარზე, პოლიტიკანობის გამო მოშლილი სანაკრებო ასპარეზი ხელახლა ყალიბდება და ამდენად, ჩვენსავით ახალბედას, რაგბთან შედარებით, უკეთესი სასტარტო პოზიცია უჭირავს. შემდეგი, XIII მსოფლიო თასი 2008 წელს ავსტრალიაშია, იქ ლიგის დანერგვის საუკუნოვან იუბილეს ეძღვნება და პირველად შეჯიბრის ისტორიაში, ათი (!) მონაწილის უმეტესობა (მთლად ბობოლების, ანუ ავსტრალიის, ზელანდიისა და ინგლისის გარდა) შესარჩევ ტურნირებში გამოვლინდება.

ერთი სიტყვით, ლიგაში ყამირია გასატეხი და სამკვიდრო ჯერაც ყველასთვის საკმარია, მაშინ როცა რაგბის სუფრას ვინც 50 წლის წინ მიუჯდა, ის იქედან ცოცხალი თავით აღარა დგება და არც ცოტათი ჩაჩოჩებას აპირებს, რათა ლუკმაში სხვა არ შეეზიაროს. ამას, საქართველოს გარდა, უეჭველია, სხვაგანაც შენიშნავდნენ. ამიტომაა, რომ საუკუნის მანძილზე ოთხ ქვეყანაში გამოკეტილი 13-კაცა თამაში ბოლო ხანს მსოფლიოში გაცამეტკეცებული ტემპით ვრცელდება და თუ ასე გააგრძელა, გაპროფესიულებულ რაგბს რეგულარული სანაკრებო ტურნირების უქონლობით გამოწვეულ ჩამორჩენას მალევე გაუბათილებს.
 

ლიგას მოზარდებიც ეზიარებიან

  11/08/2005  "ქართული რაგბილიგა" აღარა ხუმრობს. კაცებმა წლევანდელ "ერთა თასზე" ასპარეზობის უფლება ხომ მოიპოვეს და ახლა მოზარდები ემზადებიან მსოფლიო პირველობისთვის. ამასობაში, შემოდგომაზე "13 ქართველის" მეტოქეებმა, საფრანგეთმა და რუსეთმა საშინაო ფინალები გამართეს, ინგლისში კი უძველესი ლიგური თასის მოცილეები გამოვლინდნენ.

ქართველებმა 13-კაცას თამაში ნაახალწლევსღა დავიწყეთ, მაგრამ დედა-რაგბში იმდენად გაწაფულები ვართ და ბურთაობის იმოტოლა ნიჭიც მოგვდევს, რომ "ერთა თასის" შესარჩევებში სულ თამაშ-თამაშ დავამარცხეთ ჰოლანდია (სტუმრად 34:14) და სერბეთი (შინ 44:12) და შემოდგომაზე საფრანგეთთან და რუსეთთან გაჯიბრების უფლება მოვიპოვეთ.

ევროპულ რლეფ-ს "ერთა თასის" განრიგი ოფიციალურად ჯერ არ გამოუქვეყნებია, მაგრამ "ოლიმპისთვის" სარწმუნო წყაროებიდან ცნობილი შეიქნა, რომ ფრანგებს კანში 16 ოქტომბერს ვეწვევით, რუსეთს კი 23 ოქტომბერს თბილისში ვუმასპინძლებთ. მერე რუსეთი მიიღებს საფრანგეთს, პულში საუკეთესო კი ნოემბრის პირველ უიკენდზე ფინალში შეეჯიბრება კელტური სამეულის (ირლანდია, შოტლანდია და უელსი) ჯილას და ამით "ერთა თასის" მესამე მფლობელი გამოვლინდება.

"13 ქართველის" კვართი უკვე 25 მორაგბეს ცმია. კიდევ ერთ ამდენს უვარჯიშია საქართველოში მოღვაწე სამოელი გურუს, რიჩი ალესა და გასტროლიორი ვინი ვების მეთვალყურეობით, "ეროვნულზე" კი ლამის მთელი აქაური რაგბის თემი შეიკრიბა უცხო ხილის დასაჭაშნიკებლად. მოზარდ მორაგბეთაგან ვინც კი იმ დროს ზღვაზე ან აგარაკზე არ წაელალათ უფროსებს, ტრიბუნაზე იჯდა და კბილები უკაწკაწებდა, ემანდ ამ ვაჟკაცური თამაშის წითელ-ჯვრიანი კვართი სად მოვიხელთო, რომ ტოლ-სწორებში მოვიწონო თავიო.

ძაან მალე ლიგით დაინტერესებული წვრილფეხობიდან ბარემ ოცი "13 ქართველის" კვართს კი არ შეიძენს, არამედ თავისი უნარის წყალობით მოიპოვებს და საერთაშორისო ასპარეზზეც დაიცავს ქვეყნის ღირსებას. "ქართული რაგბილიგა" ჯერაც სულ ყრმაა, მაგრამ არარა სიძნელეს არ უფრთხის, შანსს ხელიდან არ უშვებს და მომრავლებულ მოკეთეთა შემწეობით ყველა წამოწყებას თავს ადგამს. ბოლო მათგანია მოზარდთა მოსკოვში (რუსეთი) მივლინება.

იქ, 22 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე, "ლუჟნიკებში" 16-წლამდელ ლიგელთა მსოფლიო პირველობაა. მონაწილე რვაა. საქართველოს გარდა ხელოვნურ გაზონზე იბურთავებენ რუსეთი, იტალია, უელსი, შოტლანდია, პაპუასეთი, საფრანგეთი და თვით ავსტრალია, ვისაც 13-კაცა თამაშში მთელ დუნიაზე ბადალი არა ჰყავს. ტურნირს "ფიზკულტურისა და სპორტის ფედერალური სააგენტო" აფინანსებს, მხარს კი უჭერს თვით მერი ლუჟკოვი, ვის ოფისსაც უბრძანებია, ჩემპიონატი საერთაშორიო ოლიმპიურ მოძრაობაში (საიდან სადაო?) მოსკოვის ავტორიტეტს განამტკიცებსო.

ჩვენში ჭაბუკთა და მოზარდთა რაგბი კარგადაა განვითარებული. ოვალური ბურთის თბილისელ მიმდევართა ბოლოდროინდელი გადასახლების ადგილზე, ვარკეთილის მეურნეობაში წვრილფეხობის თამაშებზე ხალხი ბლომად დაიარება და ამტკიცებს, ჯეელობა დიდებზე უფრო გულიანად ბურთაობს და მის ცქერას არაფერი ჯობსო. ეს მოსაზრება რომ უსაფუძვლო არაა, "89/90-იანთა ლიგის" ცხრილიც ვრწმუნდებით. მასში ლიდერ ქუთაისს თბილისის ოთხი გუნდი კვალში უდგას და დედაქალაქის კიდევ ორ გუნდსაც არა უშავს რა. ერთი სიტყვით, ალღოიანი სელექტორი ამ კონტინგენტიდან 13-კაცას რიგიან ნაკრებს შეადგენს.

რუსებს უქამალდინოვოდ უჭირთ

  და რასა იქმიან ამ დროს ჩვენი მეტოქენი? თუ მოკლედ მოვჭრით, საფრანგეთი აღმავლობის გზას ადგას, რუსეთში კი არეულობაა. პირველგან ერთი წლის წინ არჩეულმა პრეზიდენტმა, ნიკოლია ლარამ საქმე ააწყო, ნაკრები მოაძლიერა, მედია მიიმხრო და ბოლოს ფედერაციის ლოგოც კი გამოცვალა, მეორეგან კი 13-კაცა თემი ლამის უსახსროდ დარჩა, რაკი კაზინოთა მფლობელმა, ახმეთ ქამალდინოვმა მიატოვა, და ლიგის აქტივი აღარც მედიასთან მუშაობს.

საფრანგეთში ბოლო ხანს კლუბები გამსხვილდა. წელს ელიტაში ათი თამაშობდა. ორი წრის შემდეგ მოწინავე და მეორე ოთხეულებმა კიდევ ორი წრე ითამაშეს, მერე კი ექვსი უკეთესის პლეი-ოფი გაჩაღდა. ფინალამდე "კატალან XIII"-მა 25 მატჩი გამართა და ერთის, ფრედ დასრულების გარდა, ყველა მოიგო. საჩემპიონო თამაში ნეიტრალურ მოედანზე, ნარბონში მოეწყო და ტელევიზიით ცოცხლად გადაიცა, რაც ლიგის ახალი უფროსობის დიდი მიღწევაა. "კატალანმა" 11-ჯერ დაალელოვა "ტულუზი" და 66:16 (36:6) გაიმარჯვა.

ფინალის საუკეთესო მოთამაშედ ჩემპიონთა მარბიელი ფორვარდი, არაბი ჟამალ ფაქირი ცნეს. "კატალანმა" მაისში, "ლიმუს" ძლევით (31:12) თასიც აიღო და კლუბის ისტორიაში პირველი დუბლი გაახერხა. გაისად "ელიტს" ორი კლუბი ემატება. შეჯიბრი ნოემბერში დაიწყება და ივლისამდე გასტანს. რაც შეეხება "კატალანს", მისი პირველი, ავსტრალიურ-ფრანგული შემადგენლობა "პერპინიანის" სახელით ინგლისის "სუპერ ლიგაში" გამოვა, "ელიტში" კი კლუბს მარქაფა წარადგენს.

  საფრანგეთის "ელიტი" (24 რაუნდი): კატალანი 77, ტულუზი 55, ლიმუ 49, პია 48 / ვილნევი 56, კარკასონი 51, სანტ გოდანი 40, ვილფრანშ კაორი 31 // ლეზინიანი 23, ლიონ ვილერბანი 20; გაისად ემატებიან კარპანტრა და მარსელი

რუსეთში თათარი ქამალდინოვი იმად გაიბუტა, რომ მისი ფავორიტი, ნაკრების ზელანდიელი მწვრთნელი ბობ ბეილი ქვეყნის ბოლო წლების ჩემპიონმა, "ლოკომოტივმა" მოინელა და ქვეყნიდან გააძევა. რკინიგზის შეძლებულ კლუბს ჩვენთვის საბჭოთა ხანიდან ნაცნობი ხალხი, "ჟენია ისაევიჩ" კლებანოვი და იგორ ოვჩინიკოვი თავკაცობენ. "ლოკომოტივის" მარადი კონკურენტები ყაზანის "სტრელა" და მოსკოვისვე "მაგი" იყვნენ. ეს ბოლოს "დინამოს" სახელით გამოდიოდა, მაგრამ წელს რაგბში გადავიდა, ოღონდ ჯერ მხოლოდ შვიდკაცაში მონაწილეობს.

"ლოკომოტივი" რომ არა, ათ-მილიონიანი მოსკოვი პროფესიული რაგბის გარეშე დარჩებოდა. საქმე ისაა, რომ რუსეთში ბარაქიანი 15-კაცა მხოლოდ კრასნოიარსკში, პენზაში და მფრინავთა დაბა მონინოშიღა შემორჩა. ამ ადგილებში ლიგამ ფეხი ვერ მოიკიდა, სანაცვლოდ კი თათარსტანსა და დედაქალაქში გაპარპაშდა და აგერ, "ლუჟნიკებში" უდევს ბინა. და კიდევ, ევროპელ ლიგელებს აზიაში და უკან ფრენა რომ არ უწევთ, ჩემპიონატში ათი მონაწილე ჰყავთ.

მაგრამ ვაი ასეთ ჩემპიონატს! "დინამოს" წასვლის შემდეგ "ლოკომოტივი" ყველას უმოწყალოდა სრავს. წლევანდელი პირველობის პირველ სტადიაზე (მაისი - ივლისი) რკინიგზელებმა ცხრავე მატჩი მოიგეს ჯამური ანგარიშით 878:23, თასზე კი მხოლოდ "სტრელა" გაუძალიანდათ და ისიც ფინალში. მატჩი "ლუჟნიკებში" იყო, მაგრამ მისი შედეგი ექვსი დღის (!) შემდეგღა გამოაქვეყნა გამარჯვებული კლუბის საითმა, რომელიც რუსულ რაგბილიგაზე უმწირესი და უმშრალესი ინფორმაციის მიღების ერთადერთ წყაროდ დარჩენილა.

  ჩემპიონატში: ლოკომოტივი - არსენალი (სერპუხოვი) 106:4 (შინ), მარი ელი (იოშკარ ოლა) 132:0 (გარეთ), სტრელა (ყაზანი) 34:0 (შ), მედვედი (ნარო ფომინსკი) 52:0 (გ), ენერგია (ყაზანი) 84:5 (შ), კოსმოსი (კრასნოზნამიონსკი) 124:2 (გ), კრისტალი (დონის როსტოვი) 116:4 (შ), სპარტაკი (მოსკოვი) 90:8 (გ), ლესტეხი (სანკტ პეტერბურგი) 140:0 (შ)

 
თასზე: ლოკომოტივი - სპარტაკი 116:5 (შ), ენერგია 74:6 (გ), სტრელა 30:22 (ლუჟნიკებში)

ძალას ინგლისში ცდიან

  ის, რომ "პერპინიანი" გაისად "სუპერ ლიგაში" ეწერება, შემთხვევითი სულაც არაა, რადგან 13-კაცა ფრიად საზღვრებ-გახსნილი სპორტია. აი, წელსაც, ჯერ კიდევ 1896 წელს დაწესებულ "ჩელენჯ ქაფზე" (გარდამავალი თასი) იბურთავეს რუსეთისა და საფრანგეთის კლუბებმა, და რლეფ-იც გვპირდება, რომ თუ "ქართული რაგბილიგა" საქმეს სერიოზულად მოეკიდა, ძაან მალე ჩვენს გუნდსაც შეეძლება ინგლისში ძალის გამოცდა.

რუსები თასზე მარტში, მესამე რაუნდიდან ჩაებნენ. "სტრელამ" "კიფლი კუგარზთან" 14:62 წააგო, "ლოკომოტივი" კი "სვინტონ ლაიონზთან" 10:70 დამარცხდა. ანგარიშების მიუხედავად, ლიგის სამშობლოში სტუმრობა რუსთათვის ჩინებული სკოლა იყო, მათი მძლეველები კი მეორე, 10-გუნდა პროფესიულ დივიზიონში ასპარეზობენ (სუპერ ლიგაში 12 კლუბია, პირველში 10).

ფრანგებმა მაისში თასზე სამი გუნდი მეხუთე რაუნდში ჩააბეს. "კატალანი" 16:10 ძლია ლეგენდარულმა "ვიგან ვორიორზმა", ვისაც წელს კრიზისი დაუდგა და "სუპერ ლიგაში", 23 რაუნდის შემდეგ, ჯერაც მხოლოდ მეშვიდეა და ოთხი ქულა აშორებს პლეი-ოფში გამყვან ადგილს. "პიამ" 0:70 წააგო "ლიდს რაიონზთან", ვინც შარშანდელი ჩემპიონია და წელსაც ლიდერია, "ტულუზმა" კი 32:18 ძლია პირველ დივიზიონში მეხუთე მყოფი "დონკასტერ დრეგონზი".

"ტულუზი" ამასაც არ დაჯერდა და ივნისში, "ბი ბი სით" გადაცემული მეოთხედფინალი 40:24 მოუგო "სუპერ ლიგაში" ბოლოსწინა ადგილზე მყოფ "ვიდნეს ვაიკინგზს", მაგრამ ნახევარფინალში ჯანი და ოსტატობა ვეღარ ეყო და ივლისის ბოლო უიკენდზე, საშინაო ფინალამდე ერთი კვირით ადრე, ნეიტრალურ მოედანზე, ჰადერსფილდში, 18:56 დამარცხდა "ლიდსთან", ვინც ფინალში "სუპერ ლიგაში" მესამე ადგილზე მოკალათებულ "ჰალს" ეთამაშება.

"ჰალმა" ნახევარფინალში იქვე, ჰადერსფილდში, 34:8 გაასაღა თასის შარშანდელი მფლობელი "სენტ ჰელენს სეინთსი", ვინც "სუპერ ლიგაში" მეორეა. თასის ფინალი 27 აგვისტოს, კარდიფში, "მილენიუმზე" გაიმართება, რადგან რაგბილიგის სეზონის მთავარი მატჩის ტრადიციული ასპარეზი, ლონდონის "უემბლი" შენდება.
 

 

"ფერხულის" დამწყები ფინალს დაესწრო

  30/08/2005  ორშაბათს 13-კაცა რაგბი, იგივე რაგბილიგა ანუ ლიგა, 110 წლისა მოიყარა. მანამდე, შაბათს, გადაჭედილ "მილენიუმზე" ფრიადი დრამა დატრიალდა უძველესი "გარდამავალი თასის" ფინალში და ფავორიტი ერთი ქულით დამარცხდა. გამოქვეყნდა განრიგი მოზარდთა მსოფლიო თასისა, რომელშიც საქართველოც მონაწილეობს. გაირკვა, რომ საფრანგეთი "ერთა თასის" ყველა მატჩს შინ გამართავს და ისიც გაცხადდა, რომ მსოფლიოს საუკეთესო ლიგელის, ოზი ენდრიუ ჯონსის სამსახური დროებით დაიბევა ინგლისურმა კლუბმა.

"რაგბილიგა", იმხანად კი "ჩრდილოეთის რაგბის კავშირი", 1895 წლის 29 აგვისტოს, ქალაქ ჰადერსფილდის "ჯორჯ ჰოტელში" დააარსეს ლანკაშირისა და იორკშირის მუშურმა კლუბებმა, რომელთაც ლონდონელი არისტოკრატიის ფარისევლობა ვეღარ იგუეს და პირდაპირ განაცხადეს, თამაშის გამო გაცდენილ სამუშაოში ფულადი კომპენსაცია გვერგება და ფულის ღიად აღებას ვაპირებთო. მეამბოხენი "რაგბის კავშირმა" უმალ განკვეთა, რაც დროთა განმავლობაში სხვაგვარი, 13-კაცა რაგბის შექმნით დასრულდა.

ჩრდილოელებმა თავიანთი "გარდამავალი თასი" (ჩელენჯ ქაფ, სურათზე ზემოთ და მარცხნივ) დამოუკიდებლად არსებობის პირველსავე სეზონში, 1896 წელს გაათამაშეს. მას აქეთ ეს შეჯიბრი ლიგური სეზონის თვალია და ინგლისში მნიშვნელობით ფეხბურთის "ეფ-ეი ქაფს" უტოლდება. ამის უტყუარი დასტური ისაა, რომ 13-კაცას ფინალი 1929 წლიდან ლონდონის "უემბლიზე" სისტემატურად იმართებოდა, ახლა კი, ქვეყნის უპირველესი სტადიონის მშენებლობის გამო, ლიგელთა მთავარ თამაშს უელსური რაგბის ტაძარი, "მილენიუმი" მასპინძლობს.

ფინალი უწინ აპრილისა და მაისის შესაყარზე ეწყობოდა, მაგრამ რაც ლიგა ბრიტანეთში ზაფხულის სპორტი გახდა, მამებმა იაზრეს და მატჩი აგვისტოს ბოლოსთვის, სამდღიან უქმეზე გადაიტანეს. ჩანაფიქრმა გაამართლა: ლიგის ფანობა ოჯახებიანად მიაწყდა კარდიფს, "მილენიუმი" პირამდე აავსო და სულის შემძვრელი სეირიც იხილა. იგი იმით დასრულდა, რომ ზღვისპირა ჰალის "ფუთბოლ ქლაბმა" (სახელმა არ შეგაცდინოთ: ფუთბოლი რაგინდარა ბურთაობას ნიშნავს!) 23-წლიანი ნავსი გატეხა და ძლია ბობოლა მეზობელი, "სუპერ ლიგის" შარშანდელი ჩემპიონი, ლიდსის "რაინოზი" (მარტორქები).

წლევანდელი "სუპერ ლიგის" 6-გუნდა პლეი-ოფამდე სამი რაუნდია გასამართი. "ლიდსი" მეორეა და 12 ქულით უსწრებს მეხუთეზე მყოფ "ჰალს", ვისაც ფინალის თამაში ბრმა-ნაწლავ-ამოკვეთილი ფულბეკის, შონ ბრისქოუს გარეშე მოუხდა. "ჰალმა" გვარიანად დაჩაგრა "ლიდსი". ამან ბოლოსღა გამოიღო ხელი და კინაღამ თასიც შემართა, მაგრამ სამართალმა მაინც ჭამა პური: "ჰალმა" ლელო გაიტანა, გარდასახა და რაკი საათის თავზე არეკნიც წინდახედულად გაეტანა, მისი წყალობით გაიმარჯვა.

  ჰალი 25:24 ლიდსი

 
ჰალი (" ექს-ნრლ-ელი): (1-13) თოუნი"; ბლექლოქი", იომენი, ვაითინგი, რეინორი; ჰორნი, ბრაფი / დოსი, სვეინი" კაპ, ქერველი; მაკმენემი, ქირნი", ქუქი - 4ლ: თოუნი, რეინორი, ვაითინგი, ქუქი; 4გ, ა: ბრაფი

 
ლიდსი: მეიზერსი; ქოლდერვუდი, ვოქერი, სინიორი, მბაი"; სინფილდი კაპ, ბაროუ / ბეილი, დისკინი, ვორდი; ლაუიტიტი", მაკენა, ელისი - 4ლ: საჯარიმო, ქოლდერვუდი, ვორდი, მბაი; 4გ: სინფილდი

  მსაჯი გენსონი (სენთ ჰელენსი). კარდიფი, მილენიუმი (
74 213) - 0:6(13) 6:6(21) / 12:6(47) 12:12(51) 18:12(55) 19:12(59) 19:18(66) 19:24(69) 25:24(78)

"ჯოი" ინგლისში გადადის

  "ჰალმა" 109-წლიან ისტორიაში თასი მესამედ მოიგო და ოთხი ბუმბერაზის (ვიგანი, ბრედფორდი, სენთ-ჰელენსი, ლიდსი) ჰეგემონია დაარღვია. 1988 წლიდან მოყოლებული, ამათ გარდა თასი მხოლოდ "შეფილდს" შეემართა 1998 წელს და ახლანდელი "ჰალისა" არ იყოს, იმ გუნდსაც ჯონ ქიარი წვრთნიდა. რაც შეეხება "ლიდსს", მან XXI საუკუნეში მესამედ წააგო გადამწყვეტი მატჩი, რაც იმითაც აიხსნება, რომ ბრიტანეთის "ლომების" ხოტორა შუამარბი, ქის სინიორი კოჭ-მტკივანი თამაშობდა.

ფინალში რვა ლელო გავიდა. "ჰალმა" ავსტრალიურ ნრლ-ში ნათამაშევი ხუთი კაცი (მათ შორის ფინალში საუკეთესო, კივი ჰუკერი რიჩარდ სვეინი) აბურთავა, "ლიდსმა" კი ორი. მიუხედავად ამისა, პირველად მოხდა, რომ ლიგაზე შეშლილ ოზეთში პომთა მთავარი თამაში ტელევიზიით არ გადაცემულა. ეტყობა, იქაური "ფოქსი" მთლად გადაერთო ნრლ-ზე, რომელსაც წელს უმაგალითოდ თანაბარი დასი ჰყავს. ჰოდა, 8-გუნდა პლეი-ოფამდე ერთი რაუნდით ადრე სამი კლუბი პირველ ადგილს იყოფს, ბოლო საგზურზე სამს აქვს პრეტენზია, შარშანდელი ჩემპიონი "ბულდოგზი" კი უკვე შელევია ტიტულს.

15-გუნდა კიბეზე ბოლო ინდუსტრიული ნიუკასლის "ნაითსია" (რაინდები). ამისი გენიოსი ჰავბეკი, 31 წლის ენდრიუ ჯონსი (სურათზე ზემოთ და მარჯვნივ) "სუპერ ლიგის" ფინიშზე და პლეი-ოფში სათამაშოდ გადაიბირა "ვორინგტონმა", რაღაი სიბერეში "ჯოის" გარემოს გამოცვლა სწადია და შარშან ორჯერ კინაღამ რაგბშიც, ზე 12-ის მონაწილე სიდნეის "ვორათაზში" გადავიდა.

ეს ეპოქალური გარიგება ოზურ რაგბში ფეხგადგმულმა ინტრიგანობამ ჩაშალა და ენდრიუ 2008 წლამდე დარჩა მშობლიურ "ნიუკალსში", "ვორინგტონის" შემადგენლობაში კი სავარაუდოდ 11 სექტემბერსვე ელიგავება "ლიდსს".

  ინგლისის სლ (25 რაუნდის შემდეგ / სულ 28): სენთ-ჰელენს სეინთსი 43 ქულა; ლიდს რაიონზი 42; ბრედფორდ ბულზი 31; ვორინგტონ ვულვზი, ჰალ ფკ 30; ლონდონ ბრონკოუზი 24 / ვიგან ვორიორზი, ჰადერსფილდ ჯაიანთსი 24; სოლფორდ რედსი, ვეიკფილდ-ტრინიტი ვაილდკეტსი 18; ვიდნეს ვაიკინგზი 11; ლი სენჩურიონზი 5; (დიდი ფინალი) 15/10

  ავსტრალიის ნრლ (25რ/26): პარამატა ილზი, სენთ-ჯორჯ ილავარა დრეგონზი, ბრისბენ ბრონკოუზი 34 ქულა; ვესთს თაიგერზი 32; მელბურნ სტორმი, ნორს-ქვინზლენდ ქავბოიზი 30; კრონალა შარქსი 28; მენლი სი-იგლზი 26 / პენრით პანთერსი, სიდნი-სითი რუსთერზი 24; ბულდოგზი 23; ნიუ-ზილენდ ვორიორზი ზელ, კანბერა რეიდერზი 22; საუს-სიდნი რებითოზი 21; ნიუკასლ ნაითსი 20; (დიდი ფინალი) 2/10 სიდნეი

მოზარდები "ლუჟნიკებში" ილიგავებენ

  ევროპული რლეფ-ის მიწვევით "გარდამავალი თასის" ფინალს "ქართული რაგბილიგის" განვითარების მენეჯერი, ეროვნული ნაკრების, "13 ქართველის" ჰუკერი და "ფერხულის" დამწყები ნონო ანდღულაძე საპატიო სტუმრის რანგში დაესწრო. საქართველო შემოდგომაზე 6-გუნდა "ერთა თასში" ჩაებმება. ამ შეჯიბრების განრიგი რლეფ-ს ჯერაც არ გამოუქვეყნებია, მაგრამ "საფრანგეთის 13-კაცას" ოფიციალური საითიდან ირკვევა, რომ "მამლაყინწებს" მაგრად უჩალიჩიათ და ყველა (!) მატჩს შინ მართავენ:

"ერთა თასის" პულში საფრანგეთი 16 ოქტომბერს კანში საქართველოს მასპინძლობს, 30 ოქტომბერს როანში რუსეთს, 5 ნოემბერს კი ფინალს კარკასონში მართავს კელტური პულის (ირლანდია, შოტლანდია, უელსი) ჩემპიონთან. ამავე პერიოდში "მამლაყინწები" ბრიტანეთში დანიშნული "ჟილეტის" სამივე მონაწილესაც ეტესტებიან: 22 ოქტომბერს ისინი ლიდსში ინგლისს ჩააკითხავენ, 11 ნოემბერს ყველაფრის ჩემპიონ ავსტრალიას პერპინიანში იღებენ, 18 ნოემბერს კი ტულუზში ზელანდია ჩადის.

კაცებამდე საერთაშორისო ასპარეზზე მოსინჯავენ ძალას ქართველი მოზარდები. 16-წლამდელ მორაგბეთა ნაკრები 23 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე ილიგავებს მოსკოვის (რუსეთი) "ლუჟნიკებში", სადაც ქალაქის მერის, იური ლუჟკოვის ხელდასხმით, მსოფლიო პირველობა იმართება. მონაწილე რვაა. დასი ორ პულადაა დაყოფილი. მერე ეწყობა ჯვარედინი პლეი-ოფი. თამაშები დღე-გამოშვებითაა (!) და ყოველ გუნდს ხუთი მატჩი უწევს.

პულში საქართველო პარასკევს, 23 სექტემბერს, ორ საათზე ეთამაშება რუსეთს; კვირას, 25 სექტემბერს, ოთხის ნახევარზე, ჩვენი მეტოქეა პაპუასეთი; სამშაბათს, 27 სექტემბერს, ოთხის ნახევარზევე ველიგავებით შოტლანდიას. მეორე პულში ორგანიზატორებს ავსტრალია, საფრანგეთი, იტალია და უელსი გაუმწესებიათ. ნახევარფინალები ხუთშაბათს, 29 სექტემბერსაა, ფინალები კი შაბათს, 1 ოქტომბერს. ბიჭები მორაგბეთა ძველი თაობისთვის ნაცნობ ხიმკიში, ბულბულების ჭალაში იცხოვრებენ.

გუნდში 20 მობურთალი და ხუთიც თანმხლებია. ჩვენებს რაგბის კავშირის შეჯიბრებათა დირექტორი ლევან მგელაძე და აკადემიელი ირაკლი კეკელიძე ავარჯიშებენ. გუნდმა "ლოკომოტივის" სტადიონის მთავრობის ლოჟის ავტო-სადგომზე და მიმდებარე ტყის ბილიკებზე უკვე გაიარა წრთობის სამ-კვირიანი კურსი და ბურთით ვარჯიშს სათადარიგო მოედანზე შეუდგა. მწვრთნელები ლიგაში თუმც შედარებით ახალბედები არიან, მაგრამ ალღო კი არ აკლიათ და სახელმძღვანლოდ შარშანდელი "ჟილეტის" ფინალის (ავსტრალია - ბრიტანეთი) კასეტა და "ქართული რაგბილიგის" ბროშურები ძაან ადგებათ.

ჩვენში მოზარდთა რაგბი კარგადაა განვითარებული. 89/90-იანთა "ლიგაში" ცხრა გუნდია. მათგან ლიგის ნაკრებში ბარემ ათ-ათი ბიჭი მიუვლენიათ "ლოკომოტივს" (V ადგილი პირველი წრის შემდეგ) და "აკადემიას" (VII), რვა "ლელოს" (IV) და ხუთ-ხუთი "ლურჯ ხარებსა" (II) და "ხულიგანას" (VI). სამწუხაროდ, არსად ჩანან ერთპიროვნული ლიდერი "ქუთაისი" და "არმაზი" (III). რაც შეეხებათ მეტოქეებს, კელტები და იტალია XXI საუკუნეშიღა ჩაუსხდნენ 13-კაცას, პაპუასეთში ლიგა ყველაზე პოპულარული (!) სპორტია, ბუმბერაზ ავსტრალიას კი მოსკოვში "არა-ლიგური შტატების" ნაკრები წარადგენს.

 

რაგბილიგის მართვა მოთამაშეებმა ჩაიბარეს

რლეფ-მა სლრეფ-ის ნაცვლად ს13კრფ-ი ცნო

  09/09/2005  ქართულ რაგბილიგაში ხელისუფლება შეიცვალა. ჩვენში 13-კაცა თამაშის შემოსვლიდან წლის თავზე ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა საკუთარი ფედერაცია შექმნეს და ევროპის რლეფ-მაც იგი ცნო საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ერთადერთ წარმომადგენლად, ხოლო აქამდე არსებულ ორგანიზაციას უფლებამოსილება შეუწყვიტა. ასე რომ, კაცთა "13 ქართველსა" და 16-წლამდელ მოზარდთა ნაკრებსაც ახალი უფროსობა გადაიბარებს.

საქართველოში 13-კაცა რაგბი მთაწმინდასა და ვერაზე აღზრდილმა კაცმა, განათლებით აღმოსავლეთმცოდნემ, აწ კი საფრანგეთში მოღვაწე "ცოცხალი წარმოდგენის" მენეჯერმა, პაატა ცინცაძემ დანერგა. მან თბილისელ მეგობართა შემწეობით 2004 წლის 1 ივნისს რეგისტრაციაში გაატარა "საქართველოს ლიგური რაგბის ეროვნული ფედერაცია" (სლრეფ) და ეს გაერთიანება რლეფ-მა 1 ოქტომბერს მეთვალყურე წევრად მიიღო.

რლეფ-ის მიერ სლრეფ-ის აღიარებამდე ბატონი პაატა შუამავალთა მეშვეობით დაუკავშირდა იმ მორაგბეებს, რომლებიც ახალი ხილის დაგემოვნებაზე ყაბულს იყვნენ. ლიგას პირველი "უნივერსიტეტი" ეზიარა, ზედ ახალი წლის წინ კი გაეროს აქაურ მისიაში მოღვაწე სამოელის, რიჩარდ ალეს ხელმძღვანელობით ბარემ სამოცმა მობურთალმა დაიწყო რეგულარულად ვარჯიში, რის შემდეგაც შედგა 26-კაცა "პირველები". მისი ბირთვი შეადგინეს "ლოკომოტივის" (ლიგურად "რაინდები") წევრებმა, "უნივერსიტეტის" გარდა კი მარაქაში "ხულიგანა" და "ლელოც" გაერივნენ.

პარალელურად მიმდინარეობდა საორგანიზაციო სამუშაოები. ვექილმა სანდრო ბარამიძემ წესდება მოამზადა. დაიხატა სლრეფ-ის ლოგო, გაიხსნა არა-ოფიციალური საითი, ინგლისურიდან ითარგმნა თამაშის წესები და ორ პრომო-ბუკლეტთან ერთად გამოიცა. ზეპური ლიგა ერთხელ "ტელე იმედმაც" აჩვენა, მაგრამ რლეფ-ის მიერ გრანტის მოუცემლობისა და აქაურ სპონსორთა ვერ-მოზიდვის გამო "პირველებს" ფრანგული კემპ-ტურნე რომ ჩაეშალათ, მოთამაშეები ლიგის პიონერზე აიჯაგრნენ, მით უფრო, თუ იმავე ხანებში რაგბის სამმა ნაკრებმა მსოფლიოს სამი კუთხე მოიხილა.

ბიჭებმა გურუ ალეს მეთაურობით ვარჯიში მაინც გააგრძელეს, ჰოლანდიური ვოიაჟის მოსაწყობი ფულის ნახევარი თავად მოიძიეს და ნააღდგომევს შინ გამარჯვებულები დაბრუნდნენ. მერე ჩამოწვა ლამის ორთვიანი პაუზა. რაგბის ჩემპიონატი ვერა და ვერ გახურდა, ლიგის აქაურმა აქტივმა კი ვერც სამაგიერო, 13-კაცას შეჯიბრების გამართვას დაადგა თავი.

ამასობაში დაინიშნა სერბეთთან თამაში და მისი ორგანიზების მთელმა სიმძიმემ ისევ მოთამაშეთა მხრებზე გადაიარა. ქართველი მაყურებლისთვის ლიგის გასაცნობი, დოლიანი, ცეცხლის წვიმიანი და ფერხულიანი შოუ ჩინებული გამოვიდა, რამაც მოთამაშეები დაარწმუნა, რომ საქმეს რაგბის სამყაროსთვის უცხო მენეჯერის გარეშეც გაართმევდნენ თავს.

ეს თბილისში ორგზის ჩამოსულმა რლეფ-ის უფროსობამაც შენიშნა. ბატონ პაატასაც ბევრჯერ ეთქვა, რაგბილიგის ფედერაცია მორაგბეთა ორგანიზაცია უნდა იყოსო. ბიჭებმა 13-კაცას პიონერის მოსაზრება გაიზიარეს, მაგრამ რაღაი მასთან საერთო ენა ვერ გამონახეს, ცალკე გაერთიანება დაიარსეს. საქართველოს კანონმდებლობით ეს დაშვებულია, ქვეყანაში სპორტის განკარგვისა და ერის მსოფლიოში წარმოჩინების უზენაესი პატივი კი ერთპიროვნულად იმ "კავშირს" ერგება, ვინც საერთაშორისო ფედერაციის მიერაა აღიარებული.

რაგბილიგაში ეს ორგანო რლეფ-ია, რაღაი მსოფლიო რლიფ-ი ქაღალდზე თუ არსებობს, ოდენ ზეპურ ქვეყნებს მეთვალყურეობს და ამათი სიმცირისა გამო, XXI საუკუნეში ვებ-საითის ქონის საჭიროებასაც ვერა გრძნობს. ჰოდა, რლეფ-ის ინგლისელმა თავკაცმა, რიჩარდ ლუისმა ორშაბათს შოტლანდიელ მთავარ მოხელეს, კევინ რადს წერილები დააგზავნინა ორივე ქართულ ორგანიზაციაში, საიდანაც ცალსახად ირკვევა, რომ ამიერიდან რლეფ-ი ცნობს "საქართველოს 13-კაცა რაგბის ფედერაციას" (ს13კრფ) და არა სლრეფ-ს.

ბინადარნი უკეთ უპატრონებენო

  წერილები ზომითა და კომპოზიციით ოდნავ კი განსხვავდება, მაგრამ ბატონი ლუისი ორივეგან შენიშნავს, რომ რაღაი ს13კრფ-ის აქტივი საქართველოს ბინადარია, ხოლო სლრეფ-ის პრეზიდენტი არა, ამად 13-კაცა თამაშის ქვეყანაში განვითარებისთვის უმჯობესი იქნება, თუ ბინადარნი გადაიბარებენ მართვის სადავეებს.

რლეფ-ის თავკაცი კიდევ ბრძანებს, გადაწყვეტილების გამოტანამდე ბევრი ვიფიქრეო და იმასაც შენიშნავს, რომ საქართველოში ნამყოფი უცხოელი ლიგელები ს13კრფ-ის საორგანიზაციო ნიჭით აღტაცებულნი არიან. აქედან გამომდინარე, რლეფ-ი იმედოვნებს, რომ გადაწყვეტილება დროულია და რომ ს13კრფ-ი მოზარდთა მსოფლიო პირველობაზე და კაცთა "ერთა თასზეც" ღირსეულად წარდგება.

უფალი ლუისი ბატონ პაატას არ უკარგავს სამშობლოში 13-კაცა თამაშის დანერგვისთვის გაწეულ ამაგს და მადლობას მოახსენებს, მაგრამ სლრეფ-ს იმასაც ახსენებს, რომ თითო ქვეყნიდან რლეფ-ი თითო გაერთიანებას ცნობს და ამად, რაგინდ სამწუხაროც უნდა იყოს, ევროპული ფედერაციის სხდომებს ამიერიდან მეთვალყურედ დაესწრება ს13კრფ-ი და არა სლრეფ-ი. და კიდევ, ლუისის თანახმად, რლეფ-ს აშფოთებს რაგბილიგის ქართულ თემში ჩამოვარდნილი უთანხმოება, რაიც ევროპული ფედერაციისთვის სლრეფ-ს ოფიციალურად უცნობებია.

ს13კრფ-მა პრეს-კონფერენცია პარასკევს, მარჯანიშვილის თეატრის გადაღმად არსებულ "ელიტარული (გინდაც ინგლისური) ჩაის სახლში" გამართა. ღონისძიებას ორი სპორტული გაზეთი და ორიც ტელე-არხი დაესწრო და 15 წუთში დასრულდა. მედიას წარუდგა ს13კრფ-ის 5-კაცა გამგეობა: "13 ქართველის" წევრები ნოდარ ანდღულაძე (მიმღები და ფერხულის დამწყები), გიორგი ასათიანი (ამომტანი და მენეჯერი), კახა ალანია (გადამკიდებელი და კაპიტანი), კახა კობახიძე (მარბიელი და ვიცე-კაპიტანი) და ვექილი სერგი ცანავა.

გამგეობა ს13კრფ-ს გარდამავალ პერიოდში გაუძღვება, მერე კი იქნება ყრილობა, რომელზეც პრეზიდენტად ძველ მორაგბეს, აწ კი ბიზნესმენს აირჩევენ. დღესდღეობით ს13კრფ-ის წევრია კაცთა ოთხი კლუბი: "ლოკომოტივი", "რაინდები", "ყოჩები" და "ხულიგანა". მოზარდთა გუნდებიდან ლიგაში "ჯიქები" და "ყოჩები" ჩაბმულან. ს13კრფ-ის გრძელვადიანი მიზანი ავსტრალიაში 2008 წელს დანიშნულ მსოფლიო თასზე მოხვედრაა, უახლოესი მატჩები კი "13 ქართველს" ამ შემოდგომაზევე ელის.

საქართველო "ერთა თასის" ახალბედაა. შეჯიბრებაში ექვსი ევროპული ქვეყანა მონაწილეობს. დასი ორ 3-გუნდა პულადაა დაყოფილი. ერთში სამი კელტური ქვეყანაა: ირლანდია, შოტლანდია და უელსი. მეორეში ჩვენი მეტოქეები საფრანგეთი და რუსეთი არიან. ბოლო, ოღონდაც რლეფ-ის მიერ ჯერაც გამოუქვეყნებელი მონაცემებით, რუსეთს 23 ოქტომბერს ვეწვევით, საფრანგეთს კი 30 ოქტომბერს ვუმასპინძლებთ. ამით თბილისში ოვალური ბურთის სამ-კვირიანი ფესტივალი იხსნება, რადგან მორაგბე "ბორჯღალოსნები" "ლათინთა თასზე" 5 ნოემბერს ურუგვაის იღებენ, 12 ნოემბერს კი ჩილეს.

"13 ქართველი" მზადებას უკვე შეუდგა. ბიჭებს გურუ ალე დელისის მეტროსთან, "ჯიქების" სტადიონზე არაქათს აცლის. სექტემბრის ბოლოს ჩამოვა ინგლისელი მოძღვარი ვინი ვებიც, ვინც ჩვენებს ჰოლანდიაში და სერბეთთან უთავკაცა. ს13კრფ-ის ჩანაფიქრით, ვებმა მოსკოვშიც, მსოფლიო პირველობაზე უნდა ჩააკითხოს მოზარდთა ნაკრებს, რომლებსაც აქამდე რაგბის კავშირის (სრკ) სპორტული ასპექტის წამყვანი, ლევან მგელაძე და "აკადემიის" მოზარდთა გუნდის მწვრთნელი, ირაკლი კეკელიძე წვრთნიდნენ.