წავლენ თუ არა?

  22/09/2005  საქართველო მოზარდ ლიგელთა მსოფლიო პირველობას გამოაკლდა. 8-გუნდა შეჯიბრი პარასკევს მოსკოვში იწყება, მაგრამ "ლიგური რაგბის ეროვნულმა ფედერაციამ" (სლრეფ) ოთხშაბათ ღამით სრულიად რაგბილიგის სამყაროს ოფიციალურად ამცნო, რომ რაღაი ევროპულმა რლეფ-მა სლრეფ-ს მეთვალყურის სტატუსი ჩამოართვა და მის ნაცვლად იგი ალტერნატიულ "13-კაცა რაგბის ფედერაციას" (ს13კრფ) უბოძა, ამად სლრეფ-ი რლეფ-ის ეგიდით გამართულ შეჯიბრებებში აღარ იმონაწილევებს და "ლუჟნიკში" აღარც მოზარდებს მიავლენს.

რაგბილიგა, იგივე 13-კაცა რაგბი, მოკლედ კი ლიგა, საქართველოში სლრეფ-ის მიერ ერთი წლის წინ დაინერგა. წელს, სლრეფ-ის პოლიტიკით უკმაყოფილო მოთამაშეებმა დააარსეს სანაცვლო კავშირი, ს13კრფ-ი და აღიარებისთვის რლეფ-ს მიმართეს. ამანაც სექტემბრის დამდეგს სლრეფ-ის ნაცვლად ს13კრფ-ი ცნო საქართველოს ერთადერთ წარმომადგენლად და ახალ ორგანიზაციას ყველა ლიგური საქმე დაუყოვნებლივ გადააბარა.

16-წლამდელ მოზარდთა ნაკრების შედგენა და "ლუჟნიკში" მისი გაგზავნა სლრეფ-ის ზეობის ხანაში გადაწყდა. საქმეს სლრეფ-ის მიერ ხელდასხმული ირაკლი კეკელიძე შეეჭიდა. რლეფ-ის განჩინების შემდეგ ს13კრფ-მა გუნდის გადაბარება აღარ დაიჟინა, რადგან სლრეფ-მა წინააღმდეგობა გაუწია. ს13კრფ-მა ასეც განსაჯა, დრო ცოტაა და საქმეს ისევ წამომწყებმა დაადგას თავიო, ოღონდ კი ყველანაირი მხარდაჭერა აღუთქვა კოლეგებს და ეს რლეფ-საც ამცნო.

გუნდი ვაკეში თვე-ნახევარს ემზადა. ბიჭებმა სამჯერ ს13კრფ-ის კაცთა ნაკრებთან, "13 ქართველთანაც" ივარჯიშეს. "პუმამ" გუნდს სამოსკოვოდ ფორმის ორი კომპლექტი (თეთრი და ლურჯი) გაუმზადა. რაზმის 20 წევრიდან შვიდს ვიზების მიცემა გაუჯანჯლეს სათანადო სამსახურებმა. ამის გადამკიდე ბავშვები პირველი თამაშის დილასღა უნდა გაფრენილიყვნენ და ნამგზავრნი, ხელოვნურ გაზონზე პირდაპირ მასპინძლებს შებმოდნენ.

სლრეფ-მა ერთი ხანობა ორგანიზატორებს თხოვნაც დაუპირა, ეგებ პირველი თამაში გადაგვიდოთო, მაგრამ მაქედან, ეტყობა, არა გამოვიდა რა. ხუთშაბათის მონაცემებით, გუნდი პარასკევს, გამთენიისას აეროპორტში მაინც აპირებს შეკრებას. მობურთალებსა და მათ მშობლებს სურთ, რომ ბიჭები თუნდაც კონკურს-გარეშე, რაგინდარა სტატუსით დააშვებინონ შეჯიბრებაზე, რათა მოზარდებს ამდენი გარჯა და გადახრუკულ ქალაქში გატარებული ზაფხული წყალში არ ჩაეყაროთ.

ხუთი თბილისური კლუბიდან

  იგივე უნდა უნდოდეს 13-კაცა თამაშთან წილნაყარ ნებისმიერ პირს. მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზატორებსა და სხვა მონაწილეებსაც ხელს არ უნდა აძლევდეთ კიდევ ერთი გუნდის გამოკლება, რადგან აგვისტოს ბოლოს მოსკოვს უკვე უგანა უელსმა და მის ნაცვლად დასში რუსეთის მეორე ნაკრები ჩაწერეს. ჰოდა, სულ ბოლო მონაცემებით, პულები ასე გამოიყურება:

(ა) რუსეთი, პაპუასეთი, შოტლანდია, "საქართველო"
(ბ) ავსტრალია, საფრანგეთი, იტალია, რუსეთი 2.

ფორმულა გაწონასწორებულია. რვავე მონაწილე ხუთ-ხუთ მატჩს მართავს. განრიგი უმოწყალოა. ლიგა ისედაც რაგბზე დამღლელი თამაშია, აქ კი მოზარდებს ბურთაობა დღე-გამოშვებით უწევთ. გრანდს, ავსტრალიას მოსკოვში "არა-ლიგური შტატების" ნაკრები წარადგენს. ტურნირში არ მონაწილეობენ ინგლისი და ახალი ზელანდია. წესითა და რიგით, მაგარი უნდა იყოს პაპუასეთი, რაღაი ამ ეგზოტიკურ ქვეყანაში ლიგა პირველი სპორტია.

ჩვენი გუნდი ხუთი თბილისური კლუბის ნაკრებია. ექვსნი "ლოკომოტივიდან" (ყოფილი "ყოჩები") არიან, ოთხნი "ლელოდან" და "ლურჯი ხარებიდან", სამნი კი "ხულიგანადან" და "აკადემიიდან". თავად მწვრთნელებიც "აკადემიაში" იღვწიან.

ჩვენი მოზარდი ლიგელები

1 (ფულბეკი): გოდერძი ჯოგლიძე (ლელო), გიორგი სვანიძე (აკად); 2"5 (გარემარბი): სანდრო ინაშვილი (ლოკო), სოლომონ მჟავანაძე (ლოკო); 3"4 (შუამარბი): კოტე ჯიმუხაძე (ლუ"ხა), დავით ფურცელაძე (ლელო), ბექა წიკლაური (ლუ"ხა); 6 (პივოტი): გიორგი ლომინაძე (ლელო), გიგი გაბუნია (ლოკო); 7 (ჰავბეკი): სანდრო ხაზარაძე (აკად)

8"9"10 (პირველი ხაზი): დავით ბარბაქაძე (ლოკო), გიორგი ჯაშიტაშვილი (ხული), ნოდარ გოგლიძე (აკად), ვასილ კაკოვინი (ლუ"ხა); 11"12"13 (მარბიელი): ბექა ნიკოლაიშვილი (ლოკო), თენგიზ მარგველაშვილი (ლოკო), ლადო გუნიავა (ლუ"ხა), გივი ტაბატაძე (ლელო), ოთარ მეტრეველი (ხული), დავით ხოსიტაშვილი (ხული)

უფროსი მწვრთნელი: ირაკლი კეკელიძე (აკად); მწვრთნელი: ირაკლი სულთანიშვილი (აკად)

"ლოკომოტივი" უბერავს

  ჩვენმა მოზარდებმა რუსეთთან რკენას გინდაც ვერ ჩაუსწრონ, რლეფ-ის მიერ ჯერაც გამოუქვეყნებელი განრიგით, კაცთა "13 ქართველი" "ერთა თასზე" რუსეთს "ლუჟნიკებში" 23 ოქტომბერს მაინც ელიგავება. მასპინძელი "დათვების" ბირთვს ჩემპიონი და თასის მფლობელი, "ლოკომოტივი" შეადგენს. რკინიგზის კლუბი ძლევამოსილ სვლას თავიდან 10-გუნდა ჩემპიონატის მეორე, 6-გუნდა, ოღონდაც ორ-წრიან ეტაპზეც აგრძელებს და აქამდე გამართული 14-ვე მატჩი მოუგია საშუალო ანგარიშით 81:4.

ლოკომოტივი - კოსმოსი (კრასნოზნამიონსკი) 77:7 (შინ), სტრელა (ყაზანი) 78:0 (შ), მედვედი (ნარო ფომინსკი) 56:11 (გარეთ), ენერგია (ყაზანი) გადაიდო (შ), სპარტაკი (მოსკოვი) 70:6 (გ) / კოსმოსი (გ) 72:4

კიბე (14 თამაში): ლოკომოტივი 42 ქულა (1121:47), მედვედი (სხვებზე ორი თამაშით მეტი) 40, სტრელა 36, ენერგია 30, კოსმოსი და სპარტაკი 22

 

"მამლაყინწები" სალიგაოდ ჩამოვლენ

  28/09/2005  გადაწყდა! ევროპულმა რლეფ-მა საქართველო ლიგის (13-კაცა რაგბი) წლევანდელ "ერთა თასზე" დაუშვა. "ცამეტ ქართველს" 23 ოქტომბერს ლუჟნიკებში რუსეთთან ელის ბურთაობა, 30 ოქტომბერს კი ეროვნულზე საფრანგეთი გვეწვევა. ამის კვალად საქართველოში ურუგვაი და ჩილე ჩამოვლენ "კოპაზე" რაგბის სათამაშოდ. ჰოდა, ჩვენს ფანობას ზედიზედ სამ უიკენდზე ელის ოვალურ-ბურთა სეირი.

ლიგის პირველი ვარჯიში სპორტის აკადემიის ხრიოკზე "უნივერსიტეტმა" ზუსტად ერთი წლის წინ გამართა და ფოტოც გადაიღო. ნაახალწლევს ენთუზიასტი სამოელის, რიჩარდ ალეს ხელმძღვანელობით რაგბის ოთხი კლუბის წევრები რეგულარულ წვრთნას შეუდგნენ. მათგან შედგა "ცამეტი ქართველი", რომელმაც ილიკო სუხიშვილ-უმცროსის "ფერხული" დაამუღამა და ინგლისელი ვინი ვების თავკაცობით "ერთა თასის" ორივე შესარჩევი მოიგო: აპრილში, სტუმრად, ჰოლანდიასთან 34:14 და ივლისში, შინ, სერბეთთან 44:12.

"ერთა თასი" წელს მეიმდენედ ტარდება, რამდენი წლისაცაა რლეფ-ი. ლიგა ჯერ კიდევ 1895 წელს განუდგა დედა-რაგბს, მაგრამ XXI საუკუნეშიღა დაასკვნა, რომ რაგბის დარად, მთელს მსოფლიოში გავრცელებაზე სერიოზულად უნდა ეფიქრა. ამის შემდეგ ინგლისმა და საფრანგეთმა 2003 წლის იანვარში დააარსეს რლეფ-ი და იმავე შემოდგომაზე პირველად გაათამაშეს "ერთა თასი". ასე რომ, წლევანდელი შეჯიბრება ოდენ მესამეა.

დღესდღეობით რლეფ-ის თავკაცი ინგლისელი რიჩარდ ლუისია. მისი მოადგილეა ფრანგი ნიკოლა ლარა, მთავარი მოხელე და განვითარების მენეჯერი კი შოტლანდიელი კევინ რადია. სქოთია "ერთა თასის" დირექტორი გრემ თომპსონიც. ესა და რადი ჯერ 40 წლისანიც არ არიან და ახალგაზრდული შემართებით უძღვებიან საქმეს. ეროვნულზე, სერბეთთან მატჩის მხილველმა თომპსონმა უმალ შენიშნა, რომ საქართველოში ლიგას მუშტარი ჰყავს და ბრძანა, რლეფ-ი ყველაფერს იღონებს, რათა ქვეყანაში ჩვენმა სპორტმა ფეხი მოიკიდოსო.

"ერთა თასზე" ექვსი ქვეყანა ლიგაობს. აქამდე გამართული ორივე გათამაშება ინგლისმა რომ მოიგო, განზე გადგა და ის ვაკანსია გააჩინა, რომელიც პირველივე ცდით დაიკავა საქართველომ. წინა სეზონთა დარად, პული ახლაც ორია. ერთში სამი კელტური ქვეყანაა, მეორეში კი ის სამი, ერთმანეთს ბოროდინოს ბრძოლის გმირი, სარდალი პეტრე ბაგრატიონი რომ აკავშირებს. პულებში შეჯიბრება ერთ წრედ იმართება, მერე კი ჯილები შეიბმებიან ფინალში, რომელიც პირველად მოეწყობა საფრანგეთში.

"ერთა თასის" მიახლოებითი განრიგი ფრანგული და კელტური წყაროებიდან სამი კვირის წინაც იყო ცნობილი, სამშაბათ საღამოს კი საბოლოო ვერსია ოფიციალურად გამოაქვეყნა რლეფ-ის საითმა. გამოცხადებას თან ახლავს უფალ თომპსონის კომენტარი, ესაო და შეჯიბრება ფიცხელი და ეშხიანი გამოვა, ევროპაში ლიგის გავრცელებას ფრიად შეეწევა, დასში საქართველოს ჩართვა კი სხვა ქვეყნებისთვისაც ზრდის სტიმული იქნებაო.

ლიგის ერთა თასი 2005

პულები
პირველი: ირლანდია, უელსი, შოტლანდია
მეორე: რუსეთი, საფრანგეთი,
საქართველო

რაუნდები (ადგილობრივი დროით)

პირველი
შაბ 15/10 საფრანგეთი - რუსეთი (არლი 17.30)
კვი 16/10 უელსი - შოტლანდია (ბრიჯენდი 15.00)

მეორე
კვი 23/10 რუსეთი - საქართველო (მოსკოვი 15.00)
შოტლანდია - ირლანდია (გლაზგო 14.30)

მესამე
შაბ 29/10 ირლანდია - უელსი (დუბლინი 15.00)

კვი 30/10 საქართველო - საფრანგეთი (თბილისი 19.00)

მეოთხე
შაბ 5/11
ფინალი (კარკასონი 19.00)


სახელი ჩივილით აღიდგინეს

  ჩვენი მეტოქეებიდან საფრანგეთი აშკარად ძლიერია რუსეთზე. "მამლაყინწებმა" ერთი წლის წინ ლუჟნიკებში ჩააკითხეს "დათვებს" და ისინი 58:10 ძლიეს. მათვე ინგლისთან შინ 4:42 წააგეს, მაგრამ მაგრად დაუდგნენ სამხრეთელ ბობოლებს: კარკასონში ზელანდიასთან მხოლოდ 20:24 დამარცხდნენ, ლიგის მარად ჩემპიონ ავსტრალიას კი ტულუზში კარგა ხანს უგებდნენ და ბოლოშიღა გატყდნენ 30:52.

ფრანგული ლიგა 1934 წელს შეიქმნა, რუსული კი 1990 წელს. ფრანგი მორაგბეები თავის დროზე ბრიტებმა გარიცხეს "ხუთი ერიდან", აქაო და ქვეყნის ჩემპიონატს რომ მართავთ, ნაღდად პროფესიონალები იქნებითო. ამის შემდეგ რაგბის ელიტამ 13-კაცა თამაშს მოკიდა ხელი, სხვებმა კი კონტინენტზე დაიწყეს მოკავშირეთა და მეტოქეთა ძიება და შექმნეს ფირა (ახლანდელი აერ-ი).

რუსეთში ლიგა საბჭოთა ხანის დასასრულს, პროფ-სპორტის დაშვების შემდეგღა გაჩნდა და თავიდანვე მიიზიდა სეპარატისტები, დნესტრისპირეთი (ტირასპოლი) და თათრეთი (ყაზანი). მალე რაგბს თავი მიანებეს და ლიგაზე გადაერთვნენ მოსკოვის კლუბები, "ლოკომოტივი" და "სპარტაკი", რამაც 15-კაცა რაგბსა და 13-კაცა ლიგას შორის ისეთი შუღლი ჩამოაგდო, რომ ზავის დადება აქამდე ვერ მოხერხდა.

რაღაი ნათესავ თამაშთა მტრობაზე ჩამოვარდა სიტყვა, ფრანგული ლიგის თავგადასავლის უთქმელობა არ ეგების. მეორე მსოფლიო ომის დროს, საფრანგეთის სამხრეთი ნახევრის მარიონეტმა ხელისუფლებამ, მორაგბე მარშლის, პეტენის მეთაურობით 13-კაცა მთლად აკრძალა, მისი მიმდევარი კლუბები კი დახურა და ქონებაც ჩამოართვა. ომის შემდეგ ლიგა აღდგა, მაგრამ რაგბს კონკურენცია ვეღარ გაუწია, ხოლო სახელი, "13-კაცა რაგბი" 1980-იან წლებშიღა, სასამართლოში ჩივილით დაიბრუნა.

ბოლო ათწლეულში ფრანგულმა 13-კაცამ უმძიმესი კრიზისი გადაიტანა. ლიგას დაეხურა ერთადერთი ჟურნალი და ვებ-საითიც. ამას მოყვა უსისხლო რევოლუცია. ხანშიშესული ჟან-პოლ ფერის ნაცვლად მესიე ლარა გაპრეზიდენტდა. ლიგა დაბრუნდა ტელე-ეკრანზე, ელიტა კი 12 კლუბამდე გაიზარდა. ბობოლა "ლე კატალანი" გაისად ინგლისის 12-გუნდა "სუპერ ლიგაში" იასპარეზებს. ნაკრებმაც უმატა თამაშს, თორემ შარშანწინ შოტლანდიასთან შინ 6:8 წააგო.

"მამლაყინწების" ახალი გურუა ჟილ დიუმა. ნაკრების ლიდერები ჰავბეკი ჟიულიენ რინალდი, პივოტი მაგზიმ გრეზეკი, ჰუკერი დავიდ ბერტეზენი, ფორვარდები, ჟერომ გისე და ჯამელ ფაკირი არიან. მის გარდა გუნდში კიდევ ორი არაბია (ოლივიე ელიმა და აბდელ ფელუზი), მთლად სენსაცია კი ისაა, რომ "ერთა თასის" წინასწარ განაცხადში "სან გოდანში" მოლიგავე ყოფილი "ოლ ბლექი", კრეგ ინესიც წერია.

რუსეთს "ერთა თასზე" აქამდე ოთხი მატჩი გაუმართავს და ყველა წაუგია. "დათვები" შარშანწინ უელსში 4:74 დამარცხდნენ, ინგლისში კი 0:102. შარშან ფრანგთა კვალად ლუჟნიკები ინგლისმაც მოიხილა და 98:4 გაიმარჯვა. მას აქეთ რუსული ლიგა მიატოვეს მამამ და მარჩენალმა, სამორინეთა პატრონმა თათარმა მილიონერმა ახმეთ ქამალდინოვმა და ზელანდიელმა მწვრთნელმა, რობერტ ბეილიმ.

რაგბში გადასვლა გამოაცხადა "დინამომ". ამით "ლოკომოტივს" ბოლო სერიოზული მეტოქეც გამოეცალა ხელიდან და წელს საზარელი ანგარიშებით სრავს ყველას. მიუხედავად ამისა, რუსეთის ევროპულ ნაწილში 10-გუნდა ჩემპიონატი მაინც იმართება, მაგრამ არათუ მას, ლუჟნიკებში ამჟამად მიმდინარე მოზარდთა მსოფლიო პირველობასაც არარა რუსული, გინდ ახალი ამბებისა და გინდაც ზოგადად სპორტული საითი არ აშუქებს, აღარაფერი რომ არა ვთქვათ ტელევიზიაზე.

საფრანგეთი (ზელანდიასთან 2004): გიგე, კუტიურიე, სადაუი, ერმე, სირვანი; გრეზეკი, რინალდი
კაპ / ფელუზი, ბერტეზენი, ფერიოლი; ელიმა, ფაკირი, მუნი

რუსეთი (უელსთან 2003): ო.სოკოლოვი, შამსუტდინოვი, გავრილინი, ვ.ოვჩინიკოვი, დობრინინი; ნეჩაევი, ნიკოლსკი / პ.სოკოლოვი, რ.ოვჩინიკოვი, ლისენკოვი; ილიასოვი, კულემინი, ბოჟუკოვი

 

80-ქულიანი რბევა წვიმაში

  17/10/2005  უქმეებზე რაგბილიგის "ერთა თასი" გაჩაღდა. ჩვენი "13 ქართველის" მეტოქეებმა, საფრანგეთმა და რუსეთმა წვიმაში იბურთავეს. ამასობაში "ძაან სხვანაირი რაგბის" კავკასიელი პიონერები ლაგოდეხს ჩავიდნენ სავარჯიშოდ, რათა 23 ოქტომბერს ლუჟნიკში და 30 ოქტომბერს ვაკეში ძალუმად ილიგაონ.

რუსეთი, ანუ ძერჟავის ევროპული ნაწილის ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი მოსკოვის "ლოკომოტივი", გალებს სამხრეთში ეახლა, 14 უპასუხო ლელო გაუშვა და მშრალად, 80 ქულით მოისრა.

მასპინძელთაგან მაგრად ითამაშა "პიას" ჰავბეკმა მაგზიმ გრეზეკმა. ფრანგებს ინგლისის სუპერ-ლიგაში ნამუშევარი ჯონ მონი მოძღვრავდა. "მამლაყინწებმა" ანგარიში მე-3 წუთზე გახსნეს: ჟერომ ერმემ გრეზეკის აბრაგანი დაიჭირა. უმალ იგივე ფანდი იქეთა ფრთაზეც გამეორდა. შუა პირველ ტაიმში რუსებმა შეტევა ცადეს, მაგრამ ფრანგთა დაცვა ვერ გაარღვიეს.

24-ე წუთზე ლორან კარასკომ შებოჭილმა ორჯერ მოახერხა პასი ერთ შეტევაში და გრეგორი მუნი გაათარხნა. პირველი ტაიმი 34:0 დასრულდა. მეორეს დასაწყისშივე გრეზეკმა გარისკა, მეხუთე ბოჭვის შემდეგ ხელდახელ გააგრძელებინა თავისიანებს ბურთაობა და ჟიულიენ რინალდი ახეირა. ბოლო ათ წუთში რუსები დაიღალნენ და ფრანგმა ბეკებმა მთლად აიშვეს.

შეჯიბრების ორგანიზატორის, ევროპული რლეფ-ის პატაკის მიხედვით, "დათვებში" თავი გამოიჩინეს ფორვარდმა ალეკსანდრ ლისენკოვმა და ბეკმა არტიომ გრიგორიანმა. რუსებს ჯანი თურმე არ აკლიათ, მაგრამ, "სტრუქტურასა და ტექნიკაში" მოიკოჭლებენ, ანუ რბილად რომ ვთქვათ, ლიგურად რაგბობის აზრზე ვერ არიან. არადა, მათი ახლანდელი თაობა ბარემ ათი წელია, 13-კაცას თამაშობს.

საფრანგეთი 80:0 რუსეთი

მამლაყინწები: (1-13) გიგე ლ, შარლი ლ, კუტიურიე ლ, ინესი ლ, ერმე ლ; ფრეისინუ 8გ, გრეზეკი 2ლ 4გ / გისე, გეი, ფერიოლი 2ლ; კარასკო, მუნი ლ, მოლი ლ; (მ) რინალდი ლ, ფაკირი, რაგუენი ლ, ზიტერი ლ -
14ლ, 12გ

დათვები: სოკოლოვი, შამსუტდინოვი, დობრინინი, გრიგორიანი, ბასკაკოვი; ნეჩაევი, გავრილინი / გვოზდევი, ოვჩინიკოვი, დუმალკინი; ლისენკოვი, ირაკლი "ურაგან" ჩხიკვაძე, ბოჟუკოვი; (მ) კუზოვკოვი, კოროლიოვი, ჩულკოვი, ზაგოსკინი

მსაჯი კინგი (ინგლისი). არლი (1 102 დამსწრე)
 

კელტურ პულში

   უელსმა შოტლანდია ბრიჯენდში მიიღო და თუმც ხუთივე გარდასახვა გააფუჭა, მაინც მოიგო. თამაშზე ოქმში მითითებულზე ბარემ ორჯერ მეტი ფანი მივიდა, რაღაი ხალხი ზედ დაწყებისას მიაწყდა სტადიონს და სეირზე უბილეთოდ შევიდა.

მეტოქეებს 17-კაცა სამატჩო რაზმებში ინგლისის 12-გუნდა სუპერ-ლიგის სამ-სამი მოთამაშე ჰყავდათ: უელსს შუმარბი ადამ ჰიუზი, პივოტი ლი ბრაიერსი და ბურჯი დევიდ მილსი, შოტლანდიას კი ჰავბეკი დანი ბრაფი და მარბიელები, ალეკს შოტაკი და მაიკ ვეინრაითი.

მასპინძელთა კაპიტანმა ბრაიერსმა ორი ლელო შეამზადა და ერთი თავად დადო, გადამწყვეტი კი ჰიუზმა 90-მეტრა გარბენით მაშინ გაიტანა, შოტლანდია ოთხით (8:12) რომ ჩამორჩებოდა და უტევდა.

უელსი 22:14 შოტლანდია

უელ - 5ლ: პაუელი 2, ჰიუზი, ჯეიმზი, ბრაიერსი; გ: ლენონი
შტლ -
2ლ: ბრაფი; 3გ: მორტონი
მსაჯი ალბერი (საფრანგეთი). ბრიჯენდი (1 176) - 4:0 8:0 8:6 / 8:8 12:8 16:8 16:14 18:14 22:14

ფრანგებს ვაკეში ველიგავებით

   საქართველო ლიგურ მარაქაში წელსღა გაერია და "ერთა თასის" ერთადერთი ახალბედაა. ჩვენებმა ეს უფლება ჰოლანდიის (34:14) და სერბეთის (44:12) ძლევით მოიპოვეს. მათ დასში ორგზის ჩემპიონი ინგლისი შეცვალეს.

"ცამეტ ქართველს", რომელიც ერთიანად ჩვეულებრივი, 15-კაცა რაგბის ეროვნულ პირველობაზე მოასპარეზე მობურთალებისგან შედგება, შეძლებისდაგვარდ რეგულარულად ავარჯიშებს გაეროს აქაურ მისიაში მოღვაწე სამოელი რიჩარდ ალე, "ერთა თასის" თამაშებზე კი ბიჭებს რლეფ-ის ემისარი, ინგლისელი ვინი ვებიც აკითხავს.

რუსეთისა და ზოგი სხვა ქვეყნისგან განსხვავებით, საქართველოში რაგბის კავშირი და რაგბის ლიგა ერთმანეთს კი არ მტრობენ, არამედ ძმობენ. კავშირმა 13-კაცას გამო ეროვნული პირველობის მერვე რაუნდი გადადო და ალბათ მეცხრესაც ზედ მიაყოლებს, რადგან ლიგის ნაკრებში რაგნბის უმაღლესი ლიგის თითქმის ყველა გუნდს მიუვლენია ლიდერები, უმათოდ თამაში კი არარა კლუბს არა სურს.

რუსეთში ლიგა ერთი უჩინარი სპორტია. ამიტომ ლუჟნიკში გამართული მატჩის შედეგს თუ დროულად შეიტყობს ქართული მედია, ეგ დიდ წარმატებად უნდა ჩაეთვალოს. რაც შეეხება თბილისში ფრანგთა ჩამოსვლას, ოქტომბრის ბოლო კვირას "ეროვნული" შინაური ფეხბურთით რომაა დაკავებული, ამის გამო 13-კაცა ვაკეში, "ლოკომოტივზე" გაიმართება და რადგან რაგბილიგა თან შოუა (დოლი, ფოიერვერკი, ფერხული), თავად ბურთაობა შებინდების შემდეგღა, 19 საათზე გაჩაღდება და წინასწარი მონაცემებით, "მზით" ცოცხლად გადაიცემა.

განრიგი (მასპინძლის დროით)

მეორე რაუნდი
კვი 23/10 რუსეთი - საქართველო (მოსკოვი 15.00),
შოტლანდია - ირლანდია (გლაზგო 14.30)

მესამე რაუნდი
შაბ 29/10 ირლანდია - უელსი (დუბლინი 15.00)
კვი 30/10 საქართველო - საფრანგეთი (თბილისი 19.00)

ფინალი: შაბ 5/11 (კარკასონი სფრ 19.00)
 

კაპიტანი "ხულიგანადანაა"

   ლიგელი ბიჭები რაგინდარა ყაიდაზე მობურთალთა მიერ ბოლო ხანს შეთვალიერებულ ლაგოდეხში ემზადებიან. შეკრება შაბათს დაიწყო და ხუთშაბათს დასრულდება. "13 ქართველი" მოსკოვში პარასკევს მიფრინავს. სამშაბათს რაგბილიგელთა ახალი თავკაცი, ძველი მორაგბე გია გორგასლიძე უფალ ვებს გუნდს მიგვრის.

რაზმში სიახლე ისაა, რომ ვეტერანი კახები, კაპიტანი ალანია და ვიცე-კაპიტანი კობახიძე, ამიერიდან ჯეელებს დაახელოვნებენ და თავად აღარ იბურთავებენ. ნაკრების ახალი კაპიტანი, გუნდის მოთამაშე-მენეჯერის, გიორგი ასათიანის თქმით, "ხულიგანას" მარბიელი ვახტანგ ახვლედიანია. სულ შეკრებაზე ორი სრული შემადგენლობაა ჩასული.

ნაკრებში ბიჭები ხუთ კლუბს მიუვლენია. ტრადიციულად ჭარბობენ ლოკომოტიველები, რაღაი ხელდახელ ბურთაობაში მათ ძნელად რომ ვინმე შეეჯიბროს. ვარჯიში, ასათიანის მტკიცებით, არაქათ- გამცლელია, მაგრამ რაგბილიგის რიტმიც, ჩვეულებრივი რაგბისგან განსხვავებით, ასე უშეღავათოა. ჰოდა, ბიჭები თავს არ ზოგავენ, რათა ახალ ასპარეზზე სრულიად ქართული რაგბი ღირსეულად წარმოაჩინონ.

13 ქართველი

ლოკომოტივი/რაინდები (15 კაცი): (ბეკები) გიორგი ასათიანი, ლექსო გუგავა, ზვიად კობერიძე, სანდრო გილაური, რეზო გიგაური, ბიძინა სამხარაძე, ირაკლი ღვინჯილია; (ფორვარდები) დავით გასვიანი, ნონო ანდღულაძე, ზვიად მაისურაძე, ბესიკ ქარაბაკი, გრიგოლ ნიშნიანიძე, ნიკა მხეიძე, გიორგი ტრაპაიძე, ბექა ყურაშვილი

ხულიგანა (5): (ბ) დავით ჟამუტაშვილი, გიორგი შკინინი; (ფ) ბექა შეყლაშვილი, გიორგი ხოსიტაშვილი, ვახტანგ ახვლედიანი

ლელო (3): გიორგი მჭედლიშვილი, ედიშერ ჯამრულიძე, ბექა სარდანაშვილი

ყოჩები (2): მამუკა ცხადაძე, თორნიკე ძაგნიძე

უნივერსიტეტი (1): ირაკლი ქორიძე
 

უჩვენოდ მაინც ჩატარდა

   ქართველ ლიგელებს ლუჟნიკის ხელოვნურ ბალახზე ერთი თვის წინათაც უნდა ეთამაშათ, მაგრამ ვოიაჟი ჩაიშალა, რაღაი სწორედ მაგ დროს ჩვენს 13-კაცაში ხელისუფლება შეიცვალა: რაგბილიგის ეროვნულ ფედერაციას (სრლეფ), ვინც ახალი თამაშის დანერგვას ხელი შარშან მოკიდა, ევროპულმა რლეფ-მა პატივი აყარა და მის ნაცვლად "13 ქართველის" აქტივის მიერ შექმნილი "13-კაცა რაგბის ფედერაცია" (ს13კრფ) აღიარა.

მოსკოვს 16 წლის მოზარდები უნდა წასულიყვნენ. ტურნირის ხათრით მათ ცხელი ზაფხული ქალაქში გაატარეს და მაგრადაც ივარჯიშეს, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა, სტატუს- ჩამორთმეულმა სრლეფ-მა, ვინც ნაკრებს ვერ შეელია, ბიჭები შეჯიბრზე აღარ წაიყვანა. სრლეფ-მა მსოფლიოს ლიგურ თემს მონაწილეობაზე უარი ტურნირის დაწყებამდე ორი დღით ადრე შეუთვალა, ბავშვებსა და მათ მშობლებს კი ბოლომდე ჯეროდათ, რომ გუნდი მაინც გაფრინდებოდა და ტურნირში შუიდან ჩაებმებოდა.

ასე, რა თქმა უნდა, არ მოხდა. შეჯიბრი უჩვენოდ ჩატარდა. რაგბილიგის მოსკოველი ფანობა მოხიბლეს პაპუასებმა და ავსტრალიელებმა. ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში ხუთი ოზი, ოთხი რუსი, სამი ფრანგი, ორ-ორი პაპუასი და იტალიელი და ერთიც სქოთი მოხვდა. რაც შეეხება ტურნირის გაშუქებას, შემადგენლობები და ოქმები ბოლომდე საიდუმლოდ დარჩა, აქამდე ფოტოებიც არსად გამოქვეყნებულა, ჩემპიონის ვინაობა კი ფინალის დასრულებიდან ორი დღის (!) შემდეგღა ამცნო მსოფლიოს ვინ, ვინ და ისევ მხოლოდ რლეფ-ის საითმა.

მოზარდთა მსოფლიო ჩემპიონატი

"ა" პული. რუსეთი - პაპუასეთი 26:0, ბარბაროსები (საქართველოს ნაცვლად) 30:4, შოტლანდია 44:4; პაპუასეთი - ბარბაროსები 44:8, შოტლანდია 64:0; ბარბაროსები - შოტლანდია 20:14

"ბ" პული. ავსტრალია - საფრანგეთი 56:6, იტალია 26:4, რუსეთი II (უელსის ნაცვლად) 58:0; საფრანგეთი - იტალია 20:16, რუსეთი II 42:10; იტალია - რუსეთი II 20:4

ნახევარფინალი. (1-4) ავსტრალია - პაპუასეთი 52:22, საფრანგეთი - რუსეთი 23:10 / (5-8) იტალია - შოტლანდია 36:0, რუსეთი II - ბარბაროსები 24:4

ფინალი. (1-2) ავსტრალია - საფრანგეთი 62:6, (3-4) პაპუასეთი - რუსეთი 28:6, (5-6) იტალია - რუსეთი II 30:14, (7-8) შოტლანდია - ბარბაროსები 38:14

 

12-ლელოიანი თრილერი

  19/10/2005  ჩვენი "13 ქართველი" ამ უქმეებზე ევროპის "ერთა თასში" პირველად რომ ჩაებმება, აი, სწორედ მაგ თამაშში, ოფიციალურად "რაგბილიგაში", მოკლედ კი "ლიგაში", ორი დიდი შეჯიბრი ახლახანს დასრულდა და უმალ მესამე, საერთაშორისო სეზონის თვალი დაიწყო.

ბოლო ათი წელია, ლიგის დედაბოძებში, ავსტრალიასა და ბრიტანეთში ზეპური შეჯიბრებები პარალელურად, სამხრეთულად შემოდგომა-გაზაფხულზე, ხოლო ჩრდილოურად გაზაფხულ-შემოდგომაზე იმართება. წრიულ სტადიათა შემდეგ ორივეგან სხვადასხვა სისტემით ეწყობა პლეი-ოფები, რომლებიც დიდი ფინალებით სრულდება, მერე კი სანაკრებო თამაშების ჯერი დგება.

ავსტრალიის ეროვნულ ნრლ-ში 15 კლუბია. ფეხბურთისა და კალათბურთის დარად, ერთი მათგანი მეზობელი ახალი ზელანდიისაა. ნრლ-ში საოცრად თანაბარი დასია შეკრებილი. აგერ უკვე მეშვიდე სეზონია, ჩემპიონი ის გუნდი ხდება, ვისაც ამ პერიოდში მანამდე ვერ ეპირველა და პლეი-ოფშიც ისეთი დრამა ტრიალებს ხოლმე, რომ ვერარა გულთმისანი გამარჯვებულს ვერ გამოიცნობს.

წელს თასი შემართა სიდნეის "ვესთს თაიგერზმა", ვინც წრიული სტადია მეოთხე ადგილზე დაასრულა და ვისი ჩემპიონობის შანსებიც ივნისში 150/1 იყო. ეს გუნდი ორი პირველყოფილი, 1908 წლიდან მოქმედი კლუბის, ბალმეინისა და დასავლეთი უბნების შერწყმით შეიქმნა ნრლ-ის ჩამოყალიბებისას. ასე რომ, უბნები წინა ჯერზე ჩემპიონი 1952 წელს ყოფილა, ბალმეინი კი 1969 წელს.

"თაიგერზმა" ფინალში ძლია "ქავბოიზი", ვინც მიყრუებული ჩრდ.ქვინზლენდის მთავარ ქალაქს, თაუნსვილს წარმოადგენს და ფინალში საერთოდ პირველად გავიდა. წრიული სტადიის ორივე მოწინავე დიდ ფინალამდე ერთი კვირით ადრე, წინასწარ ფინალებში გავარდა; შარშანდელმა ჯილამ, "ბულდოგზმა" ფინიშზე ხუთივე თამაში წააგო და მე-12 ადგილზე ჩარჩა, კარგა ხანს მოლიდერე "ბრონკოუზი" კი ზედიზედ შვიდჯერ დამარცხდა და პლეი-ოფს მეორე წრეში გამოეთიშა.


ავსტრალიის ნრლ (26 რაუნდი): პარამატა ილზი 36 ქულა (პლუს 248), სენთ ჯორჯ ილავარა დრეგონზი 36 (პლუს 145), ბრისბენ ბრონკოუზი 34, ვესთს თაიგერზი 32 (პლუს 32) / ნორს ქვინზლენდ ქავბოიზი 32 (პლუს 76), მელბურნ სტორმი 30, კრონალა შარქსი 28 (მინუს 14), მენლი სი იგლზი 28 (მინუს 78) - სიდნი სითი რუსთერზი 26 (პლუს 1), პენრით პანთერსი 26 (ნული), ნიუ ზილენდ ვორიორზი ზელ 24, ბულდოგზი 23 (მინუს 198), საუს სიდნი რებითოზი 23 (მინუს 218), კანბერა რეიდერზი 22, ნიუკასლ ნაითსი 20

პლეი-ოფი (" გავარდა). 9/09 ვესთს თაიგერზი (4) - ნორს ქვინზლენდი (5) 50:6; 10/09 ბრისბენი (3) - მელბურნი (6) 18:24, სენთ ჯორჯ ილავარა (2) - კრონალა"(7) 28:22; 11/09 პარამატა (1) - მენლი"(8) 46:22

17/09 მელბურნი
"(6) - ნორს ქვინზლენდი (5) 16:24 (ოზი); 18/09 ვესთს თაიგერზი (4) - ბრისბენი"(3) 34:6

24/09 სენთ ჯორჯ ილავარა
"(2) - ვესთს თაიგერზი (4) 12:20 (ოზი, 41 260); 25/09 პარამატა"(1) - ნორს ქვინზლენდი (5) 0:29 (ტელსტრა, 44 327)

დიდი ფინალი (2/10, ტელსტრა, 82 453)

ვესთს თაიგერზი 30 (12) (5ლ: გიბსი, რიჩარდსი, ლაფრანკი, ფითსჰენრი, პეიტენი; 5გ: ჰოჯსონი) - ნორს ქვინზლენდი 16 (6) (3ლ: ბოუენი, ნორტონი, სინგი; 2გ: ჰენეი)

ნრლ-ის ბოლო შვიდი ჩემპიონი: 1999 მელბურნი, 2000 ბრისბენი, 2001 ნიუკასლი, 2002 რუსთერზი, 2003 პენრითი, 2004 ბულდოგზი, 2005 თაიგერზი


მოპარპაშე ოთხეული

   ინგლისში საქმე სულ სხვაგვარადაა. რაც იქ თამაშში დიდძალი ტელე-ფული ჩაიდო და 12-გუნდა სუპერ-ლიგა (სლ) შეიქმნა, ორივე ჯილდოს, ლიგის ჩემპიონის თასსა და ჯერ კიდევ 1896 დაწესებულ გარდამავალ თასს, ოთხი კლუბი (ვიგანი, ბრედფორდი, სენთ ჰელენსი და ლიდსი) იღებს. წელს ამათი ჰეგემონია დაარღვია ჰალმა და ლიდსს თასის ფინალი კარდიფში, "მილენიუმზე" ერთი ქულით მოუგო, მაგრამ პლეი-ოფში ბრედფორდს გადაეყარა და 0:71 განადგურდა.

მესამე-ადგილოსანმა ბრედფორდმა ბოლოს კიდეც იჩემპიონა, როცა მანჩესტერის "ოლდ ტრაფორდზე" შარშანდელი მარცხისთვის სამაგიერო გადაუხადა ლიდსს. ფინალი ლიგისთვის უჩვეულოდ ლელო-მწირი გამოვიდა. გამარჯვებული "ბულზი" მალღაზანზრელმა ლეზლი ვაინიკოლომ 52-ე წუთზე საბოლოოდ დააწინაურა, თამაშის მიწურულს კი რაგბის ბოლო მსოფლიო თასზე უელსის 12 ნომრად ნათამაშევმა იესთინ ჰარისმა ერთ-ქულიანი არეკნიც დაკრა.


ინგლისის სლ (28 რაუნდი): სენთ ჰელენს სეინთსი 47 ქულა, ლიდს რაიონზი 44 / ბრედფორდ ბულზი 37, ვორინგტონ ვულვზი 36, ჰალ ფკ 32, ლონდონ ბრონკოუზი 28 (პლუს 82) - ვიგან ვორიორზი 28 (მინუს 20), ჰადერსფილდ ჯაიანთსი 24, სოლფორდ რედსი 22, ვეიკფილდ ტრინიტი ვაილდკეტსი 20 / (გავარდნენ) ვიდნეს ვაიკინგზი 13, ლი სენჩურიონზი 5

პლეი-ოფი (" გავარდა). 23/09 ბრედფორდი (3) - ლონდონი"(6) 44:22, 24/09 ვორინგტონი"(4) - ჰალი (5) 6:40

30/09 სენთ ჰელენსი (1) - ლიდსი (2) 16:19, 1/10 ბრედფორდი (3) - ჰალი
"(4) 71:0

7/10 სენთ ჰელენსი
"(1) - ბრედფორდი (3) 18:23

დიდი ფინალი (15/10, ოლდ ტრაფორდი, 65 536)

ბრედფორდი 15 (8) (2ლ: პრაისი, ვაინიკოლო; 3გ: დიკონი; ა: ჰარისი) - ლიდსი 6 (6) (ლ: მაკგვაიერი; გ: სინფილდი)
 


რაგბი ძაან მოსაწყენიაო

   შარშანს აქეთ სანაკრებო ლიგის თვალი "ჟილეტის სამი" ერია. ამ 7-მატჩა ტურნირში სამი ბობოლა მონაწილეობს. ვიდრე ბრიტანეთს ჩავლენ, ავსტრალია და ზელანდია ჯერ თითოჯერ ეწვევიან ერთმანეთს. კივებს ყველაფრის ჩემპიონი ოზები სიდნეიში 1959 წლის შემდეგ რომ ვერ ეძლიათ, "ტელსტრაზე" ნრლ-ის დიდ ფინალთან შედარებით სამჯერ ნაკლები მოსეირე მივიდა და ძაანაც ინანა, რადგან ზელანდიამ 12-ლელოიანი თრილერი მოიგო.

სტუმრებს ძაან არგოთ 29 წლის ჰავბეკმა სთეისი ჯოუნზმა, ვინც ნაკრებში ორი წლის შემდეგ ოდენ ოზებთან სალიგაოდ დაბრუნდა, გაისად კი ითამაშებს ფრანგულ "ლე კატალანში", რომელიც ბრიტანულ "სუპერ ლიგაში" ჩაირიცხა. "კენგურუს" მის პირისპირ ეყენა 31 წლის გენიოსი ენდრიუ ჯონსი, ვინც სექტემბერი "სუპერ ლიგაში" გაატარა და ვორინგტონში სამატჩო ჰონორარად 10 ათას გირვანქას იღებდა.

ნრლ-ის ჩემპიონ "თაიგერზში" 20 წლის კივი ჰავბეკი ბენჯი მარშალიც თამაშობდა, მაგრამ თავნება კლუბმა ჯეელი ვარსკვლავი ბეჭის საოპერაციოდ გაამწესა და "ჟილეტს" ძალად გამოაკლო. ლეგენდარული ჯონსისა არ იყოს, მარშალიც (15-კაცა) რაგბმა ამოიღო მიზანში, მაგრამ ბენჯმა ბრძანა, ეგ სპორტი ძაან მოსაწყენად მეჩვენება და ბედნიერი ვარ, რომ "ოლ ბლექსის" ნაცვლად ლიგაში ვთამაშობო.

"კივმა" "კენგურუს" ჰაკა ჩაუტარა, ეკვეთა და 18 ქულით დაწინაურდა. მერე ოზებმაც აიშვეს და ხუთი ლელოთი თავად მიითვალეს უპასუხო 22 ქულა, მაგრამ კარში ცუდად ურტყეს. ბოლო მეოთხედში ისევ ზელანდიამ იყოჩაღა. თამაში რომ დასრულდა, შუამარბ კლინტონ ტუპს სამი ლელო მოუგროვდა, მაგრამ კი დაშავდა და პარასკევს, ოკლენდში ვეღარ დაუხვდება მოშუღარ ოზებს.


"ჟილეტის" სამი ერი

ავსტრალია 28:38 ზელანდია

კენგურუ: (1-13) მინიჩელო, ტაჰუ, ტეიტი, გესნიე, კინგი; ლოქიარი კაპ, ენდრიუ ჯონსი / სივონისევა, ბუდერუსი, პრაისი; ოდონელი, ფითსგიბონსი, კენედი; (მ) რაილზი, რაიანი, ვოთერჰაუსი, გაუერი - 6ლ: ტეიტი ორი (1 4), ჯონსი, გესნიე ორი (3 6), კინგი; 2გ: ფითსგიბონსი, ჯონსი

კივი: ვები, ვებსტერი, ფატუირა, ტუპი, ვატუვეი; ვანგანა, სთეისი ჯოუნზი / რაუჰიჰი, ჰოჰაია, ვიკი კაპ; კიდველი, პრიჩარდი, ანდერსონი; (მ) ფაიუმუ, ასოტაზი, ქეილესი, სოლომონა - 6ლ: ტუპი სამი (1 2 6), ვები, ქეილესი, ვანგანა; 7გ: ჯოუნზი

მსაჯი გენსონი (ინგლისი). 15/10 სიდნეი, ტელსტრა (28 255) - 0:6(8) 0:12(11) 0:18(18) 4:18(31) 10:18(34) 14:18(37) 18:18(39) / 22:18(48) 22:24(59) 22:30(68) 22:32(70) 28:32(74) 28:38(76)

განრიგი: პარ 21/10 ზელანდია - ავსტრალია (ოკლენდი 12.00 საქ); შაბ 29/10 ბრიტანეთი - ზელანდია (ლონდონი 21.15), 5/11 ბრიტანეთი - ავსტრალია (ვიგანი 22.15); 12/11 ბრიტანეთი - ზელანდია (ჰადერსფილდი 22.15), 19/11 ბრიტანეთი - ავსტრალია (ჰალი 22.15); 26/11 დიდი ფინალი (ლიდსი 22.15)

 

ცამეტი ქართველი არაფერს დათმობს

  21/10/2005  კვირას, ჩვენებურად 15 საათზე, რაგბილიგის ეროვნული ნაკრები, ცამეტი ქართველი მოსკოვში, ლუჟნიკის ხელოვნურ ბალახზე ერთა თასის მატჩში მასპინძელ დათვებს ებურთავება. ჩვენები რუსეთს პარასკევს, დღისით გაფრინდნენ, მანამდე კი ლაგოდეხის ტურბაზასა და ოლიმპის აკადემიაში ემზადნენ თამაშისთვის, რომლითაც 15 წლის წინ, ნეტარი საბჭოეთის დაქუცმაცების გამო მოშლილი რკინიგზული დარბი სხვა ფორმით აღორძინდება.

თბილისისა და მოსკოვის ლოკომოტივები 1974-90 წლებში რაგბის საკავშირო პირველობასა და თასზე 43-ჯერ შეიბნენ: ჩვენ მოვიგეთ 17 რკენა, იმათ 21, 5-ჯერ კი ფრე იყო. მას აქეთ რუსი რკინიგზელები ერთიანად 13-კაცა თამაშზე გადაერთვნენ და ბოლო ოთხ წელიწადში ლიგურ-თასური დუბლი გაახერხეს, თბილისის გუნდმა კი XXI საუკუნეში საშინაო ასპარეზზე უკვე შვიდი ჯილდო მოიგო და ახალ ხილს, რაგბილიგასაც სხვა აქაურ კლუბებზე უკეთ აუღო ალღო.

ამეების მერე რა გასაკვირია, თუ დღესდღეობით იმათი დათვები და ჩვენი ცამეტი ქართველი მეტწილად რკინიგზელებითაა დაკომპლექტებული. რუსებს ჯერაც ძველი ლოკომოტიველები, ევგენი კლებანოვი და იგორ ოვჩინიკოვი მოძღვრავენ, ჩვენმა ლიგელებმა კი მოსკოვში საპატიო სტუმრად იახლეს გამზრდელი თემურ ბენდიაშვილი, ვისაც 13-კაცაზე დასწრების გარდა ზე 12-ის ფინალისტის, სიდნეის ვორათაზის დუბლების სპარინგის თვალდათვალ ხილვაც უზის უზურში.

რუსები ერთი კვირის წინ საფრანგეთში 0:80 მოისრნენ. ამოტოლა სხვაობა იმით აიხსნება, რომ ჯერ ერთი, მამლაყინწები კლასითა და წრთობით ერთი თავით მაღლა დგანან მეტოქეზე და მეორეც, ლოკომოტივი შინ ყველა მატჩს მღერა მღერით, საშუალოდ 81:4 რომ იგებს, ბრძოლას გადაჩვეულია. სწორედ ესაა ერთი იმ არსებით ფაქტორთაგანი, რომელიც ჩვენ სასიკეთოდაა, თორემ რაგბილიგური გამოცდილება რუსებს ჩვენზე მეტი აქვთ.

ისინი ლიგას ბარემ 15 წელია მისდევენ. მათი ახლანდელი თაობა 13-კაცაზეა გაზრდილი, მაშინ როცა ჩვენებმა უცხო თამაშს ხელი იანვარშიღა მოკიდეს და მას აქეთ სულ ორჯერ ელიგავნენ უცხოელებს. მეტიც, ორი ქართული გუნდი ჯერ არ შეხვედრია ერთმანეთს.

მიუხედავად ამისა, ცამეტი ქართველი ლუჟნიკში არაფრის დათმობას არ აპირებს და თუ გაიმარჯვა, ეს კავკასიური ნიჭიერებისა და ჯიგრის ზეიმი ხომ იქნება და იმასაც დაამტკიცებს, რომ დღესდღეობით 15-კაცა რაგბი და 13-კაცა ლიგა არსით ერთი და იგივე თამაშია და რომ დედა-რაგბის ორი განშტოება ოდენ წესებით განსხვავება ოდნავ, არა-არსებით ასპექტში.

ამ თეორიას მსოფლიოში მომხრე მრავლადა ჰყავს. პროფესიულ ხანაში რაგბის განვითარება ლიგური გზით წარიმართა. საიერიშო იდეები და დაცვითი წყობა ორივე თამაშში მსგავსია და პასისა და ბოჭვის ტექნიკაც ერთნაირია. ამიტომ ქართულ რაგბის თემში ბევრი ვარაუდობს, რომ რაღაი რუსებზე აშკარად უკეთესი მობურთალები ვართ და ბრძოლის უნარითაც ძველ მეტოქეს ძაან ვჯობნით, ლუჟნიკში ხელი არ უნდა მოგვეცაროს.

ცამეტი ქართველი მაგარი გუნდია. იგი ფაქტობრივად შინ მოთამაშე, საფრანგეთში წაუსვლელ მორაგბეთა ნაკრებია. ბიჭები ლიგას კვირაში ხუთჯერ, დილაობით ამუღამებენ, ხუთ დღეში ერთხელ კი რაგბის პირველობაზე, თავ-თავიანთი კლუბების სახელით ბურთაობენ. რაგბისა და ლიგის ასეთ შეთავსებას ძნელად რომ სხვაგანაც მოეძებნოს ანალოგი, მაგრამ ქართველებს მართლა იშვიათი ფხა მოგვდევს და მისი წყალობით შეუძლებელსაც ვახერხებთ ხოლმე.

ჩვენი მოდელი - ლიგით ვიწვართოთ, რაგბით ვილაღოთ - მალე ვინძლო რაგბის ირბ-ის მიერ უღვთოდ მივიწყებულ სხვა განვითარებად ქვეყნებშიც გადაიღონ. ასე რომ მოხდეს, ამისთვის ცამეტმა ქართველმა რუს დათვებს უნდა მოუგოს. სხვა რომ არა იყოს რა, ჩვენს ლიგელებს გამარჯვებას ბორჯღალოსანთა სასახელო მონაგარიც ავალდებულებს: ისინი მუჟიკებს ხომ 7-1 (ერთიც ფრე) ჯობნიან. ასე რომ, რაგბის ტრადიციის გაგრძელება ლიგაშიც გვმართებს.

რუსი დათვები

მოსკოვის ლოკომოტივი (16): სერგეი დობრინინი, იგორ გავრილინი, ირაკლი ჩხიკვაძე, რომან ოვჩინიკოვი, ევგენი ბოჟუკოვი, ანდრეი დუმალკინი, ოლეგ ლოგუნოვი, ანდრეი კოლტიხოვი, არტიომ გრიგორიანი, იან გვოზდევი, ვალენტინ ბასკაკოვი, ვიკტორ ნეჩაევი, ნიკოლაი ზაგოსკინი, რუსლან იზმაილოვი, რობერტ ილიასოვი, ანდრეი ჟუკოვი

ყაზანის სტრელა (7): ოლეგ სოკოლოვი, ნ.გაინულინი, რინატ შამსუტდინოვი, ადელ საფიულინი, აიდარ ახმეტშინი, ანდრეი კუზოვკოვი, ალეკსანდრ ჩულკოვი

ნარო-ფომინსკის მედვედი (4): ალეკსანდრ ლისენკოვი, ედუარდ ოსოსკოვი, ვლადიმირ ვლასიუკი, ოლეგ სმირნოვი

 

რუსეთმა ლიგის ცოდნით გვაჯობა

  23/10/2005 მარცხიანი გამოდგა ცამეტი ქართველის უმაღლესი რანგის ევროპული დებიუტი: რაგბზე გაზრდილი და აქამდე ერთიანად მასში ჩაბმული ჩვენი ბიჭები, რომელთაგან ყველაზე გამოცდილებიც ცხოვრებაში ოდენ მესამედ თამაშობდნენ მონათესავე 13-კაცას, მოსკოვში, ლუჟნიკის ხელოვნურ ბალახზე ვერაფერს გახდნენ რუს დათვებთან, რომელთაც აგერ უკვე 15 წელია ხელობად რაგბზე უფრო ძალისმიერი, ჩქარი და პირდაპირი ბურთაობა აურჩევიათ.

მატჩი ტელევიზიით არ გადაცემულა. ოლიმპი თამაშის შემდეგ ესაუბრა ცამეტი ქართველის პირველ კაპიტანს, აწ კი ინგლისელი გურუს, ვინი ვების ერთ-ერთ თანაშემწეს, კახა ალანიას და გაეცნო თვითმხილველის მიერ შედგენილ ანგარიშსაც, რომელიც ერთა თასის მომწყობის, ევროპული რლეფ-ის მედია-ატაშემ, ინგლისელმა ფილ კაპლანმა ლიგაზე მწერალთა ამქრის წევრებს ციმციმ დაუგზავნა.

ორივე წყარო შენიშნავს, რომ მატჩის ბედი საწყის 25 წუთში გადაწყდა. ცამეტმა ქართველმა მწარედ მოისაკლისა ბებერი კახები, ალანია და კობახიძე, ვინც ასევე მიანება თამაშს თავი და უფალ ვების ასისტენტია. უცხო გარემოში მოხვედრილმა ჯეელებმა ვერ გაუძლეს დათვების შემოტევას და თავიდანვე ბევრით ჩამორჩნენ. მერე და მერე თამაში გათანაბრდა და ქართველებმაც გემოზე წაილიგავეს, მაგრამ რაღა დროს? ბრძოლა უკვე წაგებული იყო!

კაპლანის ინფორმაციით, ლუჟნიკში წვიმდა. დათვებს ჭკვიანურად ათამაშებდა ვერცხლისწყალივით ჰუკერი, რომან ოვჩინიკოვი. იგი ჩვენს დაცვაზე ვეება მარბიელებს გეზავდა. ალანიას თქმით, ქართველები მაგრად დაუდგნენ მომხვდურს და საწყისი 50 ბოჭვიდან ერთიც არ ჩაუფლავებიათ, მაგრამ თავად რომ უწევდათ ბურთის ფლობის ჯერი, ძირეული ტექნიკური ილეთების შესრულებისას სცოდავდნენ.

მოსკოვის ლოკომოტივში დავაჟკაცებულმა ქუთაისელმა ირაკლი ჩხიკვაძემ მეხუთე ლელო რომ გაგვიტანა, 0:26 ჩამოვრჩით. ზედ შესვენების წინ დავით ჟამუტაშვილმა ივარგა. მის გარდა, ალანიას შეფასებით, სასწაულად ილიგავეს ზვიად მაისურაძემ, ბიძინა სამხარაძემ, ბექა ყურაშვილმა და რეზო გიგაურმა, მაგრამ რუსთა აშკარად მეტი სალიგაო გამოცდილებისა და გაწაფულობის გაბათილება ამჯერად შეუძლებელი აღმოჩნდა.

ცამეტ ქართველს თამაშის წარმართვის პრობლემაც გაუჩნდა. ალანიას ნაცვლად 6 ნომრად (რაგბის ათის ანალოგი) გიორგი შკინინს უნდა ელიგავა, მაგრამ ხულიგანას ლიდერმა რუსეთის ვიზა ვერ მიიღო. მის ნაცვლად დადგა ლექსო გუგავა, ვისაც პირველ ტაიმშივე ყვრიმალი გაუტყდა და ბრძოლას გამოეთიშა. პივოტობა გადაიბარა ფრიდონ უდესიანმა, ბოლოს კი ამ საკვანძო პოზიციაზე თვით ჰუკერს, ნონო ანდღულაძესაც მოუხდა გარჯა.

ვეება, XXI საუკუნეში ლამის უფუნქციოდ დარჩენილ სტადიონზე თამაშს ათასამდე მოსეირემ თუ უყურა. მოვიდნენ მოსკოვში მოღვაწე ჩვენებურები. საპატიო სტუმართა ლოჟაში ქართველ 13-კაცელთა ახალი თავკაცი, თავადვე ძველი მორაგბე გია გორგასლიძე იჯდა. მისი დაკვირვებით, რუსებს ლიგა უკვე შესისხლხორცებული აქვთ, ჩვენებს კი, თუმც ბურთაობა ძაან ეხერხებათ, 13-კაცას მუღამი აქამდე ვერ დაუჭერიათ.

ცამეტ ქართველს ერთა თასის პულის მეორე და ბოლო რკენა კვირას, 30 ოქტომბერს, საღამოს შვიდ საათზე, ვაკეში, ლოკომოტივზე, საფრანგეთთანა აქვს. მამლაყინწებმა დათვები 80:0 მოსრეს და ჩვენც ალბათ ამავე რანგის ანგარიშით მოგვიგებენ, მაგრამ მათი ვიზიტი მაინც ფრიად მარგი იქნება, რადგან სრულიად ქართული რაგბის თემი, მეტადრე კი 13-კაცა თამაშის მიმდევრები თვალდათვალ ნახავენ, თუ რა დონის სეირია ნაღდი, ზეპური ლიგა.

რუსეთი 48:14 საქართველო

საქართველო: (1-13) ასათიანი, ზ.კობერიძე, გიგაური, გილაური, ჟამუტაშვილი; გუგავა, სამხარაძე / გ.მჭედლიშვილი, ანდღულაძე, გასვიანი; ტრაპაიძე, მხეიძე, ახვლედიანი კაპ; (მ) ფ.უდესიანი, ცხადაძე, ყურაშვილი, ზ.მაისურაძე - 3ლ: ჟამუტაშვილი ორი (1  3), მაისურაძე; გ: უდესიანი

რუსეთი: ლოგუნოვი, კოროლიოვი, დობრინინი, სმირნოვი, ბასკაკოვი; ნეჩაევი, კუზოვკოვი / გვოზდევი, ოვჩინიკოვი, დუმალკინი; ლისენკოვი, ჩხიკვაძე, ბოჟუკოვი კაპ; (მ) გრიგორიანი, ჩულკოვი, ზაგოსკინი, (მავანი) - 9ლ: კუზოვკოვი, ოვჩინიკოვი ორი (2 8), დობრინინი, ნეჩაევი, ჩხიკვაძე, კოროლიოვი, გრიგორიანი, ბოჟუკოვი; 6გ: კუზოვკოვი, ლოგუნოვი 5

მსაჯი ალბერი (საფრანგეთი). საუკეთესონი: ოვჩინიკოვი და ჟამუტაშვილი

ანგარიში
(ჯერ ჩვენი) 0:4 0:10 0:16 0:22 0:26 0:32 4:32 / 4:36 10:36 14:36 14:42 14:48

ერთა თასის კელტური პული. შოტლანდია - ირლანდია 6:12
ჟილეტის
სამი ერი. ზელანდია - ავსტრალია 26:28