კენგურუს ჯოი გამოაკლდა

  25/10/2005  რაგბილიგის სამ ერში, წელს მეორედ რომ ტარდება და მოსახელე სპონსორად კვლავ ჟილეტი ჰყავს, დასრულდა ზღვისრეთული სტადია. ამ შაბათს შეჯიბრება ბრიტანეთში გაგრძელდება და ნოემბრის ბოლო შაბათს იქვე ფინალით დაგვირგვინდება.

13-კაცა თამაშში ყველაფრის ჩემპიონმა ავსტრალიამ სტარტზე სიდნეიში 28:38 რომ წააგო ზელანდიასთან, ამისმა ახალმა გურუმ, ბრაიან მაკლენანმა ბრძანა, ჩვენთვის ახალი ხანა იწყებაო. და მართლაც, კივებმა მაგრად ილიგავეს საპასუხო რკენაშიც, რომელიც წვიმიან ოკლენდში გაიმართა. მათ სულ ცოტა დააკლდათ, 1953 წლის აქეთ პირველად რომ ეძლიათ კენგურუ ზედიზედ მეორედ.

თამაშამდე ოზებმა ერთი ამბავი ატეხეს, მასპინძლებმა მოედანი დაავიწროვეს, ლელოები კი დაამოკლეს, რათა თამაში ვერ გავშალოთ და შეგორებებითაც ვერ ვიხეიროთო. გაჩაღდა ბრძოლა და სტუმრებს იქეთ მოუხდათ საკუთარი კარიდან არეკნით ორჯერ დაწყება, რადგან კივებმა ლელოში ბურთიანად შეათრიეს მეტოქე.

ზელანდიამ შესვენებამდე სამი ლელო გაიტანა. მათგან ყველაზე ეშხიანი იყო პირველი, რომელზეც მოტუ ტუნმა კიკოფიდან მოედანში გაურტყა ბურთი ოზებს, ნაიჯელ ვანგანამ კი გარღვევა მოაწყო და სთეისი ჯოუნზმა კალათბურთის პასით ჯეიქ ვებსთერი ახეირა.

მეორე ტაიმის დასაწყისში კენგურუებმა ოფლოუდები (კონტაქტში პასაობა) გააჩაღეს და სამი ლელო ციმციმ გაიტანეს. სათამაშო 12 წუთი რომ რჩებოდა, მანამდე პასიურად მობურთავე ენტონი მინიჩელომ ბრტყელი პასი მიიღო ბენ კენედისგან და გაქუსლა. სამ წუთში მანვე კიდევ გაიტანა ლელო, მაგრამ ვიდეო-რეფერმა შენიშნა, რომ კივებმა დამიწებისას ბურთს ხელი ქვემოდან ამოუდეს.

სულ ბოლოს მასპინძლებმა კარის წინ დანიშნული ჯარიმა უცებ გაათამაშეს და სხვაობა ორამდე შეამცირეს, მაგრამ მეტისთვის დრო ვეღარ ეყოთ. ამიერიდან ხუთი მატჩი ბრიტანეთში გაიმართება.

ავსტრალია მათში მოისაკლისებს ლეგენდარულ ენდრიუ 'ჯოი' ჯონსს (სურათზე მარჯვნივ), ვისაც ნაოპერაციევი მარჯვენა მუხლი ისევ გაუმიზეზდა, ზელანდიას კი ვერ ეყოლება ინგლისის სუპერ- ლიგის წლევანდელი ჩემპიონის, ბრედფორდ ბულზის გარემარბი ლეზლი ვაინიკოლო, ვინც კლუბმა იმად არ გაათარხნა, რომ სასწრაფოდ საოპერაციოა.

ვიდრე ბრიტანეთის ლომები სამი ერისთვის ემზადებიან, ამ გუნდს მიღმა დარჩენილი მოთამაშეებით შედგენილმა ინგლისმა ლიდსში მიიღო საფრანგეთი, ვისთანაც 24 წელია, არ წაუგია და მეორე ტაიმშიღა იძალა, თორემ პირველი ტაიმის შემდეგ მამლაყინწები 12:6 იგებდნენ. ფრანგებს შემდეგი თამაში უკვე ერთა თასზე, თბილისში აქვთ. ჩვენი 13 ქართველი ფავორიტს კვირას, 30 ოქტომბერს, საღამოს შვიდ საათზე ვაკეში, ლოკომოტივზე უხვდება.

ზელანდია 26:28 ავსტრალია

კივი: (1-13) ვები, ვებსთერი, ფატუირა, ჰაპე, ვატუვეი; ვანგანა, სთეისი ჯოუნზი / რაუჰიჰი, ტონი, ვიკი კაპ; ქიდველი, სოლომონა, ანდერსონი; (მ) ფაიუმუ, ასოტაზი, პალეასინა, პულეტუა - 5ლ: ვებსთერი ორი (1 4), ვანგანა, ტონი, ფაიუმუ; 3გ: ჯოუნზი

კენგურუ: მინიჩელო, კინგი, გესნიე, კუპერი, ტეიტი; ლოქიარი კაპ, ენდრიუ ჯონსი / სივონისევა, ბუდერუსი, პრაისი; ოდონელი, ფითსგიბონსი, კენედი; (მ) ბარეტი, რაილზი, ომილი, ვოთერჰაუსი - 6ლ: ლოქიარი ორი (1 4), კუპერი ორი (2 5), გესნიე, მინიჩელო; 2გ: ფითსგიბონსი

მსაჯი გენსონი (ინგლისი). ოკლენდი, ერიკსონ სტედიუმი (28 500) - 0:4(12) 4:4(14) 8:4(27) 10:4(31) 10:8(35) 16:8(39) / 16:12(44) 16:18(47) 16:24(49) 20:24(64) 20:28(68) 26:28(77)

განრიგი (შაბ): 29/10 ბრიტანეთი - ზელანდია (ლონდონი 21.15 საქ), 5/11 ბრიტანეთი - ავსტრალია (ვიგანი 22.15); 12/11 ბრიტანეთი - ზელანდია (ჰადერსფილდი 22.15), 19/11 ბრიტანეთი - ავსტრალია (ჰალი 22.15); 26/11 დიდი ფინალი (ლიდსი 22.15)
 

ინგლისი 22:12 საფრანგეთი

ინგლისი - 4ლ: სორმენი, რობინსონი, ჯოუნზ-ბიუქენენი, ქრებთრი; 3გ: სორმენი

საფრანგეთი: გიგე, ზიტერი, ერმე, კუტიურიე, შარლი; ფრეისინუ, რინალდი / გისე, ბერტეზენი, ფელუზი; რაგუენი, ფაკირი, მუნი; (მ) გრეზეკი, კარასკო, ფერიოლი, მოლი - 2ლ: ბერტეზენი, ზიტერი; 2გ: ფრეისინუ

 

მამლაყინწები ძალუმად ყივიან

  27/10/2005  კვირას ვაკეში, ლოკომოტივზე დიდი რაგბია. ჩვენთვის ახალი თამაშობის, ლიგის მიმდევარი ცამეტი ქართველი ერთა თასზე მასპინძლობს საფრანგეთის მამლაყინწებს, ვინც ბოლოდროინდელ შედეგთა გათვალისწინებით მსოფლიოში უდაოდ მეოთხე გუნდია და თბილისში სტუმრობიდან კვირის თავზე შინ ნაღდად შემართავს ჯილდოს.

თამაში შეღამებულზე, 19 საათზე დაიწყება. ბურთაობის წინ მაყურებებელი მცირედ შოუს დაიგემოვნებს. ცამეტი ქართველი მეტოქეს ფერხულით მიესალმება. ბილეთი ორი ლარი ღირს, რაგბილიგის პირდაპირ ტელე-რეპორტაჟს კი მზე აწყობს.

ფრანგებმა არა-კელტური პულის სტარტზე რუსეთი შინ 80:0 ძლიეს, მერე კი დათვებმა ლუჟნიკში 48:14 მოგვიგეს. მარცხს ჩვენი მორაგბე ბიჭებისთვის გული არ გაუტეხავს, რადგან მათგან ყველაზე გამოცდილებმა ცხოვრებაში ოდენ მესამედ ითამაშეს 13-კაცა, რაიც ძირში, რა თქმა უნდა, რაგბია, მაგრამ 15-კაცასგან კი მაინც გვარიანად განსხვავდება. ჰოდა, ლიგაზე აღზრდილმა რუსთა თაობამ ჩვენების გამოუცდელობა მაქსიმალურად გამოიყენა.

ფრანგები რუსებზე კლასით ერთი თავით მაღლა დგანან. ისინი რომ ძაან ბევრით მოგვიგებენ, ეგ საკამათო არაა, მაგრამ ჩვენების ჯიგარი და ნიჭი რომ ვუწყით, მოედანზე არ შერცხვებიან, უნარს სრულად გამოავლნენ, 80-წუთა მარგ გაკვეთილს შეითვისებენ და უკეთესი ლიგელები გახდებიან. მაყურებელიც თვალდათვალ პირველად იხილავს ნაღდ, კლასიან რაგბილიგას და თვალსაწიერს გაიფართოებს.

ახლა ეგეც ვიკითხოთ, ვინ არიან ჩვენი საკვირაო სტუმრები, საიდან მოდიან და სად მიდიან. მოდიან 1933 წლიდან, უახლოეს მიზნად კი ელიტარულ, ჟილეტის სამ ერში მეოთხე მონაწილედ ჩაბმა და 2008 წელს, ავსტრალიაში დანიშნულ მსოფლიო თასზე რიგიანად გამოსვლა დაუსახავთ, რისთვისაც ოზი გურუ, 58 წლის ჯონ მონი დანიშნავთ მამლაყინწების (ლე შანტიკლერ) გადიად.

დაარსების დღიდან ფრანგულმა ლიგამ ბევრი ჭირი გამოიარა. ჯერ იყო და ინგლისური, მუშური თამაში მეორე მსოფლიო ომის დროს მთლად აკრძალა ფაშისტურმა ხელისუფლებამ, გათავისუფლების შემდეგ კი, კიდევ ბარემ ექვსი ათეული წელი (1993 წლამდე), ფრანგულ ლიგას პირვანდელი სახელი ჩამორთმეული ჰქონდა და იგი სასამართლოში ჩივილითღა დაიბრუნა. ასე რომ, დღესდღეობით 13-კაცას ფრანგულად
რიუგბი ა ტრეზ (13-კაცა რაგბი) ეწოდება და არა უწინდებურად არაფრის მთქმელი ჟო ა ტრეზ (13-კაცა თამაში).

13-კაცა რაგბი საფრანგეთში თავის დროზე იმად გაჩნდა, რომ ფარისეველმა ბრიტებმა გალებს პროფესიონალობა დააბრალეს და ხუთი ერიდან განკვეთეს. მაშინ იხერხეს ჟურნალისტებმა, ვიკტორ ბრეიერმა და მორის ბლენმა, საახალწლოდ ავსტრალია და ინგლისი დაპატიჟეს პარიზში სალიგაოდ და 20 ათასი მოსეირეც მიიზიდეს.

აკრძალული თამაში

  ჩქარი, გაშლილი, სულ ხელდახელ თამაში ისე მოეწონათ ფრანგ მორაგბეებს, რომ იმ ხანის საუკეთესო მობურთალის, ჟან გალიას თამადობით 13-კაცაზე გადაერთვნენ და ბრიტანული კანონით, რაგბში სამუდამო დისკვალიფიკაცია მიიღეს. ფრანგული ლიგა შოუდან სამი თვის თავზე, 1934 წლის 6 აპრილს გაფორმდა. შემდეგ სეზონში პირველი შეჯიბრებებიც გაიმართა: ჩემპიონი ვილნევი გახდა, თასი კი ლიონმა აწია.

1935 წელსვე საფრანგეთმა, რომელშიც მაგზ რუზიე (სურათზე მარცხნივ) ბრწყინავდა, პირველად ძლია უელსი 18:11, ინგლისს კი ფრეს გამორჩა 15:15. 1939 წელს მამლაყინწებმა რაგბილიგის მომგონებს სტუმრად 12:9 მოუგეს, მაგრამ დაიწყო ომი, ქვეყნის ჩრდილოეთი გერმანიას დანებდა, სამხრეთში კი მოღალატე პეტენის მთავრობა მოკალათდა კურორტ ვიშში და რაგბის ლობის წაქეზებით, მეამბოხე თამაშობა 1941 წლის 19 დეკემბერს, ნომერ 5285 დადგენილებით (სურათზე შუაში) აკრძალა.

უარესი ის იყო, რომ მაშინვე ლიგის კლუბებს ქონება ჩამოართვეს და ომის შემდეგაც აღარ დაუბრუნეს. ამას ჩვენს დროშიღა, 1999 წელს სასამართლო პროცესი მოყვა. მაშინვე დაიწერა ფრანგული რაგბილიგის უბედობის ამსახველი წიგნი "აკრძალული თამაში", რომელიც წლეულს მეორედ, ახალი მასალებით შევსებული გამოიცა.

და მაინც, ფრანგული ლიგა აღორძინდა და მალე ოქროს ხანაც დაუდგა. 1951 წლის ივნის-ივლისში მამლაყინწებმა, რომელთა ფულბეკიც პიუიგ-ობერი იყო, პივოტი კი ბენოსი, ავსტრალიაში ორივე ტესტი მოიგეს (26:15, 35:14) და გემით შინ რომ მიბრუნდნენ, მარსელის ნავსადგურში ეროვნულ გმირებს 100 ათასი ფანი გაეგება.

ფრანგულ ლიგას იმხანად გათავისუფლების მოძრაობის ავტორიტეტი, პოლ ბარიერი თავკაცობდა. მისი ინიციატივით 1954 წლიდან (რაგბზე 33 წლით ადრე!) მსოფლიო თასის გამართვა დაწესდა.

პირველ გათამაშებას საფრანგეთმა უმასპინძლა. ფინალზე პარიზში 30 ათასი მოსეირე მივიდა. თამაში ბიბისით მთელ დასავლეთ ევროპაში გადაიცა. ბრიტანეთმა საფრანგეთი 16:12 ძლია. მამლაყინწები მერე კიდევ ერთხელ, 1970 წელს გავიდნენ მსოფლიო თასის ფინალში, მაგრამ სიდნეიში 2:20 დამარცხდნენ ავსტრალიასთან.

მერე და მერე ფრანგული 13-კაცა თანდათან დაკნინდა. ნაკრებმა ბოლო ხელშესახებ წარმატებას 1978 წელს მიაღწია, როცა კარკასონსა და ტულუზში ავსტრალია 13:10 და 11:10 ძლია. მას აქეთ კენგურუს ზედიზედ ორი ტესტი აღარ წაუგია.

1981 წელს ფრანგთა საშინაო ფინალი ჩხუბის გამო ჩაიშალა. 1987 წელს ნაკრები ტურნეებად გაწელილ მსოფლიო თასს მეორე წრეში გამოაკლდა, 2000 წელს კი პულში შინ 20:23 წააგო პაპუასეთთან და მეოთხედფინალშიც ზელანდიასთან 6:54 განადგურდა. მანამდე, 1994 წელს, მამლაყინწები კენგურუსთან 0:74 მოისრნენ, რამაც ისე დაზაფრა მხცოვანი პრეზიდენტი ჟან-პოლ ფერი, რომ თავის ზეობაში ოზებთან მეტად აღარ ათამაშა ნაკრები.

ამასობაში რაგბიც გაპროფესიულდა და ლიგა შინ ლამის სულ წალეკა: დაიხურებოდა ხოლმე 13-კაცას კლუბი და მალე მის ადგილას რაგბისა გაიხსნებოდა, ლეგალურად გაფულიანებული 15-კაცას ბობოლები კი ღონიერსა და მარდ ლიგელ ჯეელებს იბირებდნენ.

შეტევა შენც შეგიძლიაო

  ბოლო ხანს ფრანგულმა 13-კაცამ უმძიმესი ფინანსური კრიზისიც გადაიტანა. ლიგას დაეხურა ერთადერთი ჟურნალი და ვებ-საითი. ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. ჰოდა, რევოლუცია შარშან, ზაფხულში მოხდა. ფერის ნაცვლად მარიფათიანი ნიკოლა ლარა გაპრეზიდენტდა. ამან საქმე უმალ ააწყო: ნაკრები მოაძლიერა, პრო-რაგბული მედია შეირიგა, საითი აამუშავა, თამაში ტელე-ეკრანზე დააბრუნა, ელიტა 12 კლუბამდე გააფართოვა, ბოლოს კი ფედერაციის ლოგოც გამოცვალა.

შარშან ნაკრებს განვითარების მენეჯერად ჩასული ოზი, მაიკ ელდოუზი მოძღვრავდა. ამან შეგირდებს თანამედროვე ლიგაზე თვალი აუხილა: ჰუკერ ბერტეზენს ეგეც აუხსნა, გამოგორებული ბურთით შეტევა შენც შეგიძლია, რადგან დაცვა ათი მეტრით იქითა დგასო!

დარიგება ბიჭებს ძაან მოუხდათ. მამლაყინწებს შარშანწინ შოტლანდიასთან 6:8 წაეგოთ, მაგრამ შარშანვე მაგრად დაუდგნენ ბობოლებს: კარკასონში ზელანდიასთან ოდენ 20:24 წააგეს, ავსტრალიას კი ტულუზში უგებდნენ და ბოლოშიღა გატყდნენ 30:52.

სამხრეთელ გრანდებს საფრანგეთი წელსაც უმასპინძლებს. მას აქეთ, რაც მამლაყინწები ერთა თასის ფინალს 5 ნოემბერს, კარკასონში მოუყომარებენ კელტური პულის (ირლანდია, უელსი, შოტლანდია) ჯილას, 12 ნოემბერს ავსტრალიას პერპინიანში მიიღებენ, 18 ნოემბერს კი ტულუზში ზელანდიას დაუხვდებიან.

სამივე ტესტი ცოცხლად გადაიცემა სპორ პლიუთი, ამაზე უფრო მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ გაისად, თებერვლიდან, პერპინიანის ლე კატალანი ინგლისის 12-გუნდა სუპერ-ლიგაში იბურთავებს და ჰავბეკად უბობოლესი ზელანდიელი, სთეისი ჯოუნზი ეყოლება.

  საფრანგეთის მამლაყინწები:

 
(ბეკები) 1 რენო გიგე (კატალანი), 2 ოლივიე შარლი (ვილნევი), 3 ადამ ინესი (სან გოდანი), 4 დამიან კუტიურიე (ჰალ ქეი-არი ინგ), 5 ჟერომ ერმე (ვილნევი); 6 ლორან ფრეისინუ კაპ (კატალანი), 7 მაგზიმ გრეზეკი (პია) /
 
(ფორვარდები) 8 დავიდ ფერიოლი (ლიმუ), 9 სედრიკ გეი (ტულუზი), 10 ჟერომ გისე (ვიგანი ინგ); 11 ლორან კარასკო (ვილნევი), 12 გრეგორი მუნი (კატალანი), 13 კრისტოფ მოლი (კარკასონი);
 
(მარქაფა) 14 ჟიულიან რინალდი (კატალანი) / 15 ჟამალ ფაკირი (კატალანი), 16 დავიდ დელპუ (ტულუზი), 17 სებასტიან რაგუენი (ტულუზი) -
 
(და კიდევ) ფრედერიკ ზიტერი (ბაროუ ინგ) / დავიდ ბერტეზენი (კატალანი), აბდელ ფელუზი (კატალანი), ჟერომ ვენსანი (ტულუზი)

 
ბოლო საკლუბო სეზონი: 1. კატალანი, 2. ტულუზი, 3. ლიმუ, 4. პია, 5. ვილნევი, 6. კარკასონი, 7. სან გოდანი, 8. ვილფრანშ კაორი, 9. ლეზინიანი, 10. ლიონ ვილერბანი; ნოემბერში ელიტას ემატებიან კარპანტრა და მარსელი

 

რაგბილიგა კვირას, ვაკეში
 
მამლაყინწები ღირსეულ წინააღმდეგობას ელიან

  28/10/2005  ვისაც ნაღდზე უნაღდესი, ზეპური რაგბილიგის ხილვა თვალდათვალ სწადია, კვირას, საღამოს შვიდი საათისთვის ვაკეში, ლოკომოტივზე უნდა მიბრძანდეს და ორი ლარი გაიღოს. იმ დროს იქ ერთა თასის პროგრამით ჩვენი ცამეტი ქართველი ებურთავება საფრანგეთის მამლაყინწებს, რომელთაც 13-კაცა თამაში სიყრმიდანვე აქვთ შეთვისებული და ჯილდოს შემართვის უპირველესი ფავორიტებიც არიან.

ცამეტი ქართველი თბილისში ემზადება. ბიჭები თან რაგბის ჩემპიონატში მონაწილეობენ, მოედნების დაკავებულობის გამო კი ლიგას ღამის ცხრა საათზეღა ვარჯიშობენ ოლიმპის აკადემიის ხელოვნურ-ბალახა მოედანზე.

ჩვენებს ლუჟნიკში, რუსეთთან ლიგაობისას დაემტვრნენ ბეკი ლექსო გუგავა და ფორვარდი ზვიად მაისურაძე. ამეების გამო ჰოლანდიასთან ნალიგარი ორი კაცი დააბრუნა რამზში ინგლისელმა გურუმ, ვინი ვებმა და ვეტერანმა მობურთალმა, კახა კობახიძემაც მართებულად დაასკვნა, რომ მისი გამოცდილება ჯეელებს ძაან გამოადგებათ.

ფრანგები პარასკევს, გათენებისას ჩამოფრინდნენ და ვერის პარკთან, ვარაზში დაბინავდნენ. თამაშამდე ისინი ორჯერ ივარჯიშებენ ვაკეში. მამლაყინწების აქტივი, მენეჯერი ჟილ დიუმა, ოზი გურუ ჯონ მონი და კაპიტანი ჟიულიან რინალდი მედიას სპორტის დეპარტამენტში წარუდგა.

შეხვედრაზე დამხვდურნი ჭარბობდნენ წვეულებს. სტუმრებმა ტრადიციულად გვიქეს მასპინძლობა, შენიშნეს, რომ მათი მიზანთა მიზანი ჩემპიონობაა და იმედი გამოთქვეს, რომ ცამეტი ქართველი მამლაყინწებს ღირსეულ წინააღმდეგობას გაუწევს. პასუხად ჩვენი ლიგელების ახალმა თავკაცმა, გია გორგასლიძემ თქვა, რომ ფრანგები რაგინდარა რაგბის გრანდთა სიაში ირიცხებიან და რომ კვირას იშვიათ სანახაობას იხილავს ქართველი ფანობა.

ფრანგებს შემადგენლობა არ დაუმალავთ და ეგეცა თქვეს, ჩვენი ვარჯიშები ღია იქნება, მობრძანდით და ახლოდან დაგვაკვირდითო. უფალ მონს საქართველოში არ ჩამოუყვანია ძირითადი ფულბეკი (1 ნომერი, ბურთის ამომტანი) რენო გიგე, ძირითადი პივოტი (6 ნომერი, მგეზავი და გადამკიდებელი) ლორან ფრეისინუ, უნიჭიერესი არაბი მარბიელი (მეორე ხაზის ფორვარდი) ჟამალ ფაკირი და ძირითადი ბურჯები, დავიდ ფერიოლი და ჟერომ გისე.

სხვაფრივ, ყველა სხვა მწყობრშია. ასე რომ, ცამეტი ქართველი 80-წუთა გაკვეთილს შეირგებს და 13-კაცა თამაშს დაამუღამებს.

  საფრანგეთის მამლაყინწები

 
1 ადამ ინესი, 2 ოლივიე შარლი, 3 ჟერომ ერმე, 4 ტერი სადავი, 5 ფრედერიკ ზიტერი; 6 მაგზიმ გრეზეკი, 7 ჟულიან რინალდი კაპ /
  8 აბდელ ფელუზი, 9 დავიდ ბერტეზენი, 10 სებასტიან რაგუენი; 11 ლორან კარასკო, 12 ორელიან კოლონი, 13 კრისტოფ მოლი -
 
(მარქ) 14 გრეგორი მუნი, 15 სედრიკ გეი, 16 ჟან-კრისტოფ ბორლენი, 17 ტომა ბოსკი / 18 მატიო მეიანი
 
მენეჯერი ჟილ დიუმა; მწვრთნელი ჯონ მონი; თანაშემწეები: დანიელ დივე და სკოტ ბარკერი

 

რაგბილიგის ფრანგული გაკვეთილი

ცამეტი ქართველი თანდათან ოსტატდება

  30/10/2005   რაგბილიგის ეროვნულმა ნაკრებმა, ცამეტმა ქართველმა ექვსთვიან ისტორიაში მეოთხე მატჩი გამართა მსოფლიოს მეოთხე გუნდთან, საფრანგეთის მამლაყინწებთან და ათი უპასუხო ლელო გაუშვა, მაგრამ ჩვენი ბიჭების საძაგებლად ენა არავის მოუბრუნდება.

არა-ლეგიონერმა ჯეელეებმა, რომელთაც ერთადერთ ასპარეზად რაგბის შინაური პირველობა აქვთ და თამაშისთვის გასამრჯელოს არ იღებენ, მონათესავე, მაგრამ მაინც ფრიად განსხვავებულ ბურთაობაში მოსინჯეს ძალა, თავი არ დაზოგეს, გვარიანი ფხაც გამოიჩინეს და ფრიად მარგი გაკვეთილი მიიღეს ლიგაზე ჭიპ-მოჭრილი გალებისგან.

ფრანგები რომ გაიმარჯვებდნენ და ერთა თასის საშინაო ფინალში გავიდოდნენ, ეგ არავის ეეჭვებოდა. როგორც ალალ სპორცმენებს ჩვევიათ, მამლაყინწებმა არ დაგვზოგეს და გემოზე ილიგავეს, მაგრამ ჩვენებმაც ბარაქიანად ითამაშეს დაცვაში და დაგვანახეს, რომ ნაქები სტუმრებიც ჩვეულებრივი მოკვდავები არიან. ერთი კია, გალებს ჰყავდათ დაბა პიელი დირიჟორი მაგზიმ გრეზეკი, ვინც თამაში გადასარევად ხომ წარმართა და სამი ლელოთი და ათი გოლით 32 ქულა პირადად მოინაგრა.

რომ ციოდა, გადაუღებლად ცრიდა, ღამე იყო, მზე პირდაპირ გადაცემდა მატჩს და სტადიონიც რომ ქალაქის განაპირასაა, ამეებად თამაშს მაყურებელი მოაკლდა. ვინც ვაკეში გალუმპული მაინც მივიდა, იგი თვალდათვალ დაამუღამებდა ლიგას, რაიც ფრიად დინამიური და გაშლილი რაგბია. ჩვენებმა თავიდან ძაან ყოჩაღად დაიწყეს და პირველსავე წყებაში, მე-4 წუთზე ვეტერანმა კახა კობახიძემ კარის წინიდან არეკნი ცადა, მაგრამ ოდნავ ააცილა და ანგარიში 1:0 ვერ გახადა.

მალე გრეზეკმა ხელთ იგდო თამაშის სადავეები, მაგრამ ფრანგებს მეორე ლელოს გატანა გაუჯანჯლდათ. ჩვენებიც ახლოს იყვნენ მიზანთან, მაგრამ ბიძინა სამხარაძე ზედ კარის ხაზზე ალაგმეს სტუმრებმა. მეორე ტაიმში თავი იჩინა ქართველთა ნაკლებმა წრთობამ, ფრანგები კი გალაღდნენ და კიდევ ექვსჯერ დაგვაშამათეს. 73-ე წუთზე იმათ ლელოს მივაწყდით, მაგრამ ექვსი ცდა შემოგველია და მსაჯმა ბურთის გადაბარების ნიშნად მუშტი რომ შემართა და დაუსტვინა, რაგბზე გაზრდილმა მაყურებელმა შეცდომით იფიქრა, გვეშველა, ნულს ავცდითო.

რაგბის მეტისმეტმა ცოდნამ ცოტა მობურთალებსაც აწყინათ. ასე მაგალითად, ბეკები ვერაფრით ვერ მოშორდნენ კიდეს, პირველსავე შეტევაზე აუტში გადადიოდნენ და გუნდს შემდეგ ხუთ ცდას უკარგავდნენ. ხანდახან პივოტს აერეოდა სათვალავი და ბურთს ფეხს წყების ამოწურვამდე დაკრავდა. ფრანგებმა აგრესიულად ბოჭვაშიც გვაჯობეს, ჩვენს ბურთიანს ბევრჯერ დაახევინეს უკან, ოვალიც ხელიდან გააგდებინეს და რიგ-გარეშე წყება დაიმსახურეს.

ამ პრობლემებს მაშინღა მოევლება, როცა საქართველოს 13-კაცა რაგბის ფედერაცია საშინაო შეჯიბრებას დააწესებს, თორემ უდაო პარადოქსია, რომ გყავს ევროპის ერთა თასზე მოლიგავე ნაკრები, ხოლო ორ ქართულ გუნდს ჯერაც არ უთამაშია ერთმანეთში. არადა, მარტო დედაქალაქში არსებული რესურსით წლეულსვე, რაგბის მაგთიკომის პირველობის დასრულების შემდეგ, დეკემბერში შეიძლება ჩატარდეს რაგბილიგის ოთხ-გუნდა ტურნირი.

დასასრულ, ცამეტი ქართველის უცხოური შეფასებაც. ვაკეში ჩამოსულმა ერთა თასის დირექტორმა, შოტლანდიელმა გრემ თომპსონმა ევროპული რლეფ-ის საითს მოახსენა, ჩვენი თავდაპირველი მიზანი მიღწეულია, რადგან ახალი ქვეყანა ჩავაბით რაგბილიგის მარაქაში; მასალა ჩინებულია და ცამეტი ქართველიც კვირიდან კვირამდე ოსტატდებაო.

საქართველო  0:60  საფრანგეთი

ცამეტი ქართველი: 1 გიორგი ასათიანი, 2 ზვიად კობერიძე, 3 ნონო ანდღულაძე, 4 სანდრო გილაური, 5 დავით ჟამუტაშვილი; 6 რეზო გიგაური, 7 ირაკლი ღვინჯილია / 8 ბექა ყურაშვილი, 9 ბიძინა სამხარაძე, 10 გიორგი ტრაპაიძე; 11 ნიკა მხეიძე, 12 ვახტანგ ახვლედიანი კაპ, 13 კახა კობახიძე; (მ) 14 ფრიდონ უდესიანი, 15 დავით გასვიანი, 16 გიორგი მჭედლიშვილი, 17 მამუკა ცხადაძე

მამლაყინწები: 1 ადამ ინესი, 2 ფრედერიკ ზიტერი, 3 ტერი სადავი, 4 ჟერომ ერმე, 5 ოლივიე შარლი; 6 მაგზიმ გრეზეკი, 7 ჟულიან რინალდი კაპ / 8 სებასტიან რაგუენი, 9 დავიდ ბერტეზენი, 10 ადელ ფელუზი; 11 ლორან კარასკო, 12 ორელიან კოლონი, 13 კრისტოფ მოლი; (მ) 14 გრეგორი მუნი, 15 ტომა ბოსკი, 16 სედრიკ გეი, 17 ჟან კრისტოფ ბორლენი - 10ლ: გრეზეკი სამი (1 2 9), სადავი ორი (3 8), ზიტერი ორი (4 10), შარლი ორი (5 7), მუნი; 10გ: გრეზეკი

რეფერი ბენ თეილერი; კიდეებზე: დევიდ გრიფითსი და გერი თაუი; კომისარი ჯერი ქერშოუ (ყველა ინგლისი)

მიშა მესხის სტადიონი
(1 500 მაყურებელი) - 0:6(7) 12(23) 18(28) 0:24(39) / 30(46) 36(53) 42(58) 48(70) 54(74) 0:60(76)


რაგბილიგის ერთა თასი 2005

პირველი პული. უელსი - შოტლანდია 22:14, შოტლანდია - ირლანდია 6:12, ირლანდია - უელსი 8:31

მეორე პული. საფრანგეთი - რუსეთი 80:0, რუსეთი - საქართველო 48:14, საქართველო - საფრანგეთი 0:60

ფინალი (5/11 კარკასონი): საფრანგეთი - უელსი