ლიგური ჰაკა ლონდონში

  31/10/2005 რაგბილიგის სანაკრებო სეზონის თვალი, ჟილეტის სამი ერი ზღვისრეთიდან ბრიტანეთში გადაბარგდა. იქაური ლომები ჯერ ზელანდიის კივებმა მოიკითხეს და ლონდონის საფეხბურთო კლუბის, ქვინზ პარკ რეინჯერზის მყუდრო სტადიონზე ამაღელვებლად ძლიეს. ახლა სიტყვა ავსტრალიაზეა, ვინც 13-კაცა თამაშში ყველაფრის ჩემპიონია. თუ ამ შაბათს კენგურუებიც გაასაღებენ ლომებს, მაშინ თვის ბოლოს, ფინალში ნაღდად ზღვისრეთელები შეიბმებიან.

ინგლისის სუპერ-ლიგის წლევანდელი ჩემპიონის, ბრედფორდ ბულზის უელსელი პივოტი, რაგბის ბოლო მსოფლიო თასზე ნაბურთალი იესტინ ჰარისი ლომებს ოთხ-დღიან შეკრებაზე ესპანეთში ვერ გაყვა, რადგან მისი გელფრენდი დღე-დღეზე იმშობიარებს.

შეგირდის ასეთი საქციელის პასუხად კლუბისა და ნაკრების გურუმ, ბრაიან ნოუბლმა 6 ნომრად არა-სპეციალისტი, ლიდს რაიონზის 13 ნომერი კევინ სინფილდი დააყენა. ამან ამოცანას თავი გაართვა, მაგრამ გუნდი მოულოდნელად დააღალატა ვიგან ვორიორზის გარემარბმა ბრაიან ქერნმა, ვინც კივებს თავიდანვე აჩუქა ორი ლელო.

ლომები პირველი მეოთხედის ბოლოსღა გამოცოცხლდნენ. უელსელმა ჰუკერმა ქიარონ ქანინგემმა გარღვევა მოაწყო, სინფილდი ხაზზე გააჩერეს, გათამაშებული ჯარიმიდან კი ქანინგემი მულღაზანზრელმა მთაკაცმა, დევიდ სოლომონამ აოტნა. და მაინც, ბურთაობაში საათი რომ გაილია, ორი-სამი კვირის უთამაშებელი ბრიტები მხოლოდ ოთხ ქულას აგებდნენ და ბრედფორდელ მარბიელ პოლ ჯონსონსაც უკვე ჰეთ-თრიკი გაეხერხებინა.

გარდატეხა 67-ე წუთზე მოხდა: ლომები ბოლო შეტევაზე მიზანთან ახლოს იყვნენ, მაგრამ ლიდსელ რობ ბაროუს მაშინ გაუვარდა ბურთი, ქანინგემი ლელოს გასატანად მზად რომ იყო. ამის შემდეგ ზელანდიამ ორჯერ დაალელოვა წამხდარი მასპინძლები და ნამატჩევს მეორედაც შეასრულა ჰაკა (სურათზე).

მას ტრადიციულად გაუძღვა 32 წლის კაპიტანი რუბენ ვიკი, ვინც 1994 წლის აქეთ 47-ე კეპი მოიხვეჭა და ნამსახურობის მსოფლიო რეკორდი მოუხსნა ერთბაშად სამ დიადს: თანამემამულე გერი ფრიმენს და ბრიტებს, გერი სკოფილდსა და მიკ სალივანს.

ბრიტანეთი 26:42 ზელანდია

ლომები: (1-13) ველენსი, ქერნი, გლისონი, სინიორი, პრაისი; სინფილდი, დიკონი / ფილდენი, ქანინგემი, პიქოქი კაპ; გილმორი, ჯონსონი, ელისი; (მ) ბაროუ, მორლი, ვოქერი, ფოზარდი - 4ლ: ჯონსონი სამი (1 3 4), სინიორი; 5გ: დიკონი, სინფილდი 4

კივი: ვები, ვებსთერი, ფატუირა, ტუპი, ვატუვეი; ვანგანა, სთეისი ჯოუნზი / რაუჰიჰი, ტონი, ვიკი კაპ; ქიდველი, სოლომონა, გატენბილი; (მ) ანდერსონი, ასოტაზი, პრიჩარდი, ლაუიტიტი - 7ლ: ვები ორი (1 4), ვატუვეი, ვებსთერი, ტუპი ორი (5 7), რაუჰიჰი; 7გ: ჯოუნზი

მსაჯი ბლექი (ზელანდია). ლონდონი, ლოფტუს როუდი (15 568) - 2:0(2) 2:6(4) 2:12(6) 2:18(23) 8:18(28) 8:24(39) / 14:24(45) 20:24(48) 20:30(53) 26:30(60) 26:36(72) 26:42(75)

კიბე: ზელანდია 4 ქულა (2-1, 106:82); ავსტრალია 2 (1-1, 56:64); ბრიტანეთი 0 (0-1, 26:42)

განრიგი (22.15 საქ): 5/11 (ვიგანი) ბრიტანეთი - ავსტრალია, 12/11 (ჰადერსფილდი) ბრიტანეთი - ზელანდია, 19/11 (ჰალი) ბრიტანეთი - ავსტრალია; 26/11 (ლიდსი) დიდი ფინალი

 

ფრანგებს ორივე ეწვევა

  8/11/2005 უქმეებზე 13-კაცა რაგბში, ანუ რაგბილიგაში ფაქტობრივად გამოვლინდნენ ჟილეტის სამი ერის ფინალისტები, ევროპის ერთა თასი კი საფრანგეთმა შემართა.

ჟილეტის ბურთაობა ჩრდილოეთ ინგლისში გაიმართა, ევროპული რლეფ-ისა სამხრეთ საფრანგეთში, მაგრამ ორივეს ავდარში შეხვდა. ბრიტებმა ორივეგან ბოლომდე იბრძოლეს, მაგრამ დამარცხდნენ: ლომებს ყველაფრის ჩემპიონმა ავსტრალიამ ტრადიციულად მოუგო, უელსი კი მოძლიერებულმა საფრანგეთმა 1981 წლის აქეთ პირველად ძლია და ოდენ მესამედ გათამაშებული თასი შემართა.

ლომებმა თავიდანვე ოფსაიდიდან დაიცვეს თავი და კრეგ ფითსგიბონსმა ჯარიმა შეაგდო. მერე კენგურუებმა ააწყვეს ოფლოუდებით თამაში. ბრიტთა უელსელი ჰუკერი ქიარან ქანინგემი ზედიზედ უტევდა რაქის გვერდით და ღრმად ესობოდა ოზთა დაცვაში. იწურებოდა პირველი მეოთხედი, ლომების ყოჩს გრძელი პასი რომ ჩაუჭრა მეტ კუპერმა და კარამდე მთელი მოედანი გადაირბინა.

მეორე ტაიმის დასაწყისში მიქარა ოზმა ჯეისონ რაილზმა, ლომებმა შერკინებიდან მარცხნივ გაუტიეს და ქანინგემის ბრტყელი პასით ადრიან მორლი ხაზს იქით დავარდა. ოზები გონს მოეგნენ და ორჯერ ლელომდე ცოტა დააკლდათ: ჯერ მარკ გესნიეს, მერე კი ლუკ ოდონელს ზედ მიზანთან გაუვარდათ სველი ბურთი.

სხვაობა ჯერაც ორი ქულა იყო, ბოლომდე ექვსი წუთით ადრე ფითსგიბონსმა კარის პირდაპირ, 20 მეტრში დანიშნული ჯარიმა რომ დაახაია. ლომებს ამან შვება ვერ მოუტანა, რადგან ჯერ დარენ ლოქიარმა დაგეზა ენტონი მინიჩელო, მერე კი კუპერმა მეორედაც დააგვირგვინა ხელდახელ ნაბურთალი.

ფრანგთა კაპიტანმა ჟიულიან რინალდმა დასაწყისშივე კუთხეში შეგზავნა ფრედერიკ ზიტერი. პირველი მეოთხედი მამლაყინწებმა 16 ქულით მოიგეს, რაც იმანაც განაპირობა, რომ სტუმართა ბურჯი გარეს დინი კისერში წაეტანა მეტოქეს და სინბინში წაბრძანდა. მეორე ტაიმში ურჩხულებმა ჩამორჩენა ათამდე შეამცირეს, მაგრამ იქვე მათ სუპერ-ლიგელ კაპიტანს, ლი ბრაიერსსაც ათი წუთით მოუხდა უქმობა და ბურჯმა ჟერომ გისემ კელტთა დაცვა გაარღვია.

ჟილეტის ბოლო ორ რაუნდში უქულო ბრიტანეთი ზელანდიასა და ავსტრალიას ეთამაშება. ვინც უქმობს, ის საფრანგეთში ჩავა. ასე რომ, მამლაყინწები 12 ნოემბერს პერპინიანში კენგურუებს მიიღებენ, 18 ნოემბერს ტულუზში კი, კივებს.

ბრიტანეთი 6:20 ავსტრალია

ლომები: (1-13) ველენსი, ქერნი, გლისონი, სინიორი, პრაისი; ჰარისი, დიკონი / ფილდენი, ქანინგემი, მორლი; ჯონსონი, პიქოქი კაპ, სინფილდი; (მ) ჰაიემი, სექერეი, გილმორი, ვოქერი - ლ: მორლი; გ: სინფილდი

კენგურუები: მინიჩელო, კინგი, გესნიე, კუპერი, ტეიტი; ლოქიარი კაპ, პრინსი / პრაისი, ბუდერუსი, სივონისევა; ოდონელი, ფითსგიბონსი, კენედი; (მ) ბარეტი, რაილზი, ომილი, მეისონი - 3ლ: კუპერი ორი (1 3), მინიჩელო; 4გ: ფითსგიბონსი

მსაჯი მანდერი (ავსტრალია). ვიგანი, ჯეიჯეიბი (25 004) - 0:2(4) 0:8(19) / 6:8(49) 6:14(76) 6:20(78)

კიბე: ზელანდია 4 ქულა (2-1, 106:82); ავსტრალია 4 (2-1, 76:70); ბრიტანეთი 0 (0-2, 32:62)

განრიგი (22.15 საქ): 12/11 (ჰადერსფილდი) ბრიტანეთი - ზელანდია, 19/11 (ჰალი) ბრიტანეთი - ავსტრალია; 26/11 (ლიდსი) დიდი ფინალი
 

საფრანგეთი 38:16 უელსი

მამლაყინწები: (1-13) გიგე, ზიტერი, სადავი, ერმე, შარლი; ფრეისინუ, რინალდი კაპ / ფერიოლი, ბერტეზენი, გისე; მუნი, ფაკირი, მოლი; (მ) კარასკო, გრეზეკი, ფელუზი, რაგუენი - 7ლ: ზიტერი ორი, რინალდი, სადავი, გისე ორი, შარლი; 5გ: ფრეისინუ

ურჩხულები: გიბსონი, პაუელი, ა.ჯეიმზი, ჰიუზი, ჯონსონი; ბრაიერსი კაპ სბ 60, ლენონი / მილსი, ვოთსონი, დინი სბ 16; ბლექვუდი, ჯ.ჯეიმზი, ჯოზეფი; (მ) მორგანი, ვუდორდი, სმითი, პრაისი - 3ლ: ჰიუზი ორი, ბრაიერსი; 2გ: ბრაიერსი

მსაჯი ბლექი (ზელანდია). კარკასონი, ალბერ დომეკი (3 ათასი); საუკეთესონი: რინალდი და ვოთსონი - 4:0(2) 10:0(16) 16:0(20) 16:6(29) 20:6(33) 26:6(39) / 26:10(41) 26:16(47) 32:16(66) 38:16(77)

 

სამხრეთელ სტუმართა ფინალი

  23/11/2005 რაგბილიგის (13-კაცა რაგბი) ელიტარული შეჯიბრების, ჟილეტის სამი ერის ფინალში, რომელიც ბრიტანეთში გაიმართება, ავსტრალია და ახალი ზელანდია შეიბმებიან. სტუმრებმა ჟილეტიდან თავისუფალ უიკენდებზე ერთა თასის მფლობელ საფრანგეთსაც ჩააკითხეს და ძლიეს, წლის საუკეთესო ლიგელის სარგო ოქროს ბუცი კი ოზ ენტონი მინიჩელოს გადაეცა.

ჟილეტის მასპინძელმა ბრიტანეთმა პირველ წრეში ორივე სტუმართან წააგო, მაგრამ მერე თავი მოიქაჩლა და კივები დააყუმბარა. ლომებს გამარჯვება ძვირად დაუჯდათ, რაკი ორი ლიდერი დაემტვრათ: მიმღებ პოლ დიკონს ნაიჯელ ვანგანამ ცხვირ-პირი გაუნგრია და ერთ-მატჩა დისკვალიფიკაციაც მიიღო, ამომტან პოლ ველენსს კი მუხლი ეტკინა.

ფინალში შარშანდელვით რომ შეხვედროდა ავსტრალიას, საამისოდ ბრიტანეთს ყველაფრის ჩემპიონი კენგურუები ბოლო მატჩში მინიმუმ სამი ქულით უნდა ეძლია. თუ ბრიტები ცხრითაც გაიმარჯვებდნენ, ავსტრალია ფინალს მიღმა დარჩებოდა. ასე, რა თქმა უნდა, არ მოხდა: ზედ შესვენების წინ მინიჩელოს რეიდი მარკ ომილმა დაასრულა ლელოთი, მეორე ტაიმში კი მარკ გესნიემ დააგვირგვინა ფულბეკის წამოწყებული კონტრ-იერიში.

ფრანგები სამხრეთ ნახევარ-სფეროელებს თავიანთ სარაგბო სამხრეთში დაუხვდნენ. ვაკეში ნამყოფმა გალებმა ოზებს ვერაფერი დააკლეს, კივებს კი ბოლო ათ წუთამდე უგებდნენ, მაგრამ მერე სამი ლელო გაუშვეს. ამასობაში ჟილეტის ფინალის ბინაზე, ლიდსში რაგბილიგის ბომონდი შეიყარა. ორშაბათს გაიხსნა საერთაშორისო ფედერაციის (რლიფ) სხდომა და უმალ პარასკევამდე შეწყდა. სამაგიეროდ, წლის რჩეულთა ვინაობა გამოცხადდა.

მინიჩელო შეიქნა მეათე ოზი, ვისაც ჟილეტისვე ოქროს ბუცი ერგო. სიდნეი რუსთერზის პირველმა ნომერმა ბრედფორდ ბულზის (ბრიტანეთი) ბურჯს, სტიუარტ ფილდენს და კივებს, ბურჯ რუბენ ვიკსა და ჰავბეკ სთეისი ჯოუნზს აჯობა. ფილდენი მაინც ცნეს საუკეთესო ფორვარდად, მინიჩელო კი ბეკად. საუკეთესო ახალბედად ზელანდიელი მანუ ვატუვეი შერაცხეს, მწვრთნელად კენგურუთა გურუ ვეინ ბენეტი, მსაჯად ასევე ოზი ტიმ მანდერი, ფრანგი ჯამალ ფაკირი კი განვითარებადი ქვეყნების საუკეთესო ლიგელად აღიარეს.

ბრიტანეთი 38:12 ზელანდია

ლომები: (1-13) ველენსი, ქერნი, გლისონი, სინიორი, პრაისი; ჰარისი, დიკონი / ფილდენი, ქანინგემი, მორლი; პიქოქი კაპ, ჯონსონი, ელისი; (მ) ჰაიემი, ვოქერი, სექერეი, ჰორნი - 6ლ: ფილდენი, დიკონი, ქერნი ორი, ვოქერი, სინიორი; 7გ: დიკონი 2, ჰარისი 5

კივები: ვები, ვებსთერი, ჰაპე სბ 39, ტუპი, ვატუვეი; ვანგანა, ჯოუნზი / რაუჰიჰი, ტონი, ვიკი კაპ; ქიდველი, სოლომონა, გატენბილი; (მ) ფაიუმუ, ასოტაზი, ანდერსონი, ლაუიტიტი - 3ლ: ვებსთერი ორი (1 3), ლაუიტიტი

მსაჯი მანდერი (ავსტრალია). ჰადერსფილდი, გელფარმი (19 232) - 6:0(5) 12:0(14) 18:0(26) 24:0(33) 26:0(39) / 32:0(43) 32:4(48) 38:4(53) 38:8(71) 38:12(77)


ბრიტანეთი 14:26 ავსტრალია

ლომები: პრაისი, ქერნი, გლისონი, სინიორი, რეინორი; ჰარისი, ჰორნი / ფილდენი, ქანინგემი, მორლი; პიქოქი კაპ, ჯონსონი, ელისი; (მ) ჰაიემი, ვოქერი, სექერეი, სინფილდი - 2ლ: ქერნი, ჰორნი; 3გ: ჰარისი

კენგურუები: მინიჩელო, კინგი, გესნიე, კუპერი, ტეიტი; ბარეტი  სბ 28  '  წბ 70 , გაუერი / სივონისევა, ბუდერუსი კაპ, რაილზი; ოდონელი, ფითსგიბონსი, კენედი; (მ) ვინგი, მეისონი, ომილი, ვოთერჰაუსი - 4ლ: კუპერი, ომილი, ტეიტი, გესნიე; 5გ: ფითსგიბონსი

მსაჯი გენსონი (ინგლისი). ჰალი, ქეისი (25 150) - 2:0(12) 2:2(16) 2:8(20) 4:8(28) 8:8(30) 8:14(40) / 8:16(43) 8:22(49) 8:26(60) 14:26(73)

ჟილეტის კიბე

ავსტრალია 6 ქულა (3-1, 102:84); ზელანდია 4 (2-2, 118:120); ბრიტანეთი 2 (1-3, 84:100)

ფინალი: 26/11 ავსტრალია - ზელანდია (ლიდსი 22.15 საქ)


საფრანგეთი 12:44 ავსტრალია

მამლაყინწები: გიგე, ზიტერი, მოლი, ერმე, შარლი; ფრეისინუ, რინალდი კაპ / გისე, ბერტეზენი, ფერიოლი; რაგუენი, ფაკირი, მუნი; (მ) გრეზეკი, ფელუზი, კოლონი, ბორლენი - 2ლ: ფრეისინუ, გრეზეკი; 2გ: ფრეისინუ

კენგურუები: მინიჩელო, ტეიტი, გესნიე, კუპერი, გროთი; პრინსი, გაუერი კაპ / რაილზი, ვინგი, ომილი; კრიფი, მეისონი, ვოთერჰაუსი; (მ) პრაისი, სივონისევა, რაიანი, კინგი - 8ლ: მინიჩელო ორი (1 3), მეისონი, ვოთერჰაუსი ორი (4 8), პრინსი, გაუერი, კუპერი; 6გ: პრინსი

მსაჯი კლეინი (ინგლისი). პერპინიანი, ემე ჟირალი (7 913) - 0:4(3) 0:10(9) 6:10(11) 6:16(22) 6:22(31) / 6:28(48) 12:28(58) 12:34(60) 12:38(67) 12:44(75)


საფრანგეთი 22:38 ზელანდია

მამლაყინწები: ინესი, შარლი, ერმე, სადავი, ზიტერი; ფრეისინუ, რინალდი კაპ / ფერიოლი, ბერტეზენი, გისე; კარასკო, რაგუენი, მოლი; (მ) კოლონი, ფაკირი, ფელუზი, გრეზეკი - 4ლ: რაგუენი ორი (1 4), ფერიოლი, შარლი; 3გ: ფრეისინუ 2, გრეზეკი

კივები: ვები, ვებსთერი, ჰაპე, ტუპი, ფატუირა; სოლომონა, ჯოუნზი / პალეასინა, ფაიუმუ, ვიკი კაპ; პრიჩარდი, ლაუიტიტი, ჰარისონი; (მ) ტონი, პულეტუა, ქიდველი, ანდერსონი - 7ლ: პალეასინა, ქიდველი, ჰაპე, ლაუიტიტი, ანდერსონი, ჯოუნზი, ვები; 5გ: ტონი, ჯოუნზი 4

მსაჯი კირკპატრიკი (ინგლისი). ტულუზი, ერნესტ ვალონი (12 500) - 6:0(3) 6:6(8) 12:6(18) 12:12(26) 12:16(35) / 16:16(52) 16:20(56) 22:20(61) 22:26(72) 22:32(74) 22:38(77)

 

ზელანდია ლიგაშიც პირველია!

  29/11/2005 სენსაციურად დასრულდა რაგბილიგის სეზონი. ახალი ზელანდია რაგბში პარპაშს აღარ დაჯერდა და მეზობელ ავსტრალიას 13-კაცა თამაშის მეუფის წოდებაც ჩამოართვა. კივებმა კენგურუები ელიტარული, ჟილეტის სამი ერის ფინალში ლიდსში მოსრეს. იქვე საბოლოოდ გადაწყდა, რომ 2006 წლის ჟილეტსა და 2008 წლის მსოფლიო თასსაც ავსტრალია უმასპინძლებს, და ეროვნული ნაკრების შემადგენლობის მარეგულირებელი ახალი კანონიც დამტკიცდა.

ავსტრალია 0:24 ზელანდია

ავსტრალიას წლევანდლამდე ტესტ-სერია ბოლოჯერ 1978 წელს წაეგო (საფრანგეთში), კივებთან სიდნეიში წინა ჯერზე 1959 წელს დამარცხებულიყო და სამეზობლო სერიაც უკანასკნელად 1953 წელს დაეთმო. ნულზე კენგურუზი ბოლოჯერ 20 წლის წინ, ოკლენდში დამარცხებულიყო იმავე ზელანდიასთან (0:18), მაგრამ რაც რაგბილიგა დამოუკიდებლად არსებობს, ლიდსში შეყრამდე კი 104-ჯერ შეხვედროდა კივიზს: მოეგო 76, წაეგო ოდენ 26, ორჯერ ფრეს დაჯერებოდა და ბურთებით 2277:1350 ჯობნიდა კონკურენტს.

სხვა პროფ-სპორტების დარად (მხოლოდ რაგბია გამონაკლისი), ზელანდია რაგბილიგაშიც ავსტრალიის დანამატია. 15-გუნდა ოზურ ნრლ-ში ერთი კინკილა კლუბი კივეთისაა, მაგრამ ზელანდიელები სხვა გუნდებშიც საკმაოდ არიან და ოზებს ტოლს არაფერში უდებენ. ერთი კია, საქმეზე საქმეზე, ანუ სამ ერში მონაწილეობაზე რომ მიდგა, თავნება ნრლ-მა კივიზს სუპერ-ვარსკვლავები, სონი-ბილ ვილიამსი და ბენჯი მარშალი დაუკავა, ინგლისის სუპერ-ლიგამ არც ლეზლი ვაინიკოლო გაათარხნა.

კივებმა მაინც იჩემპიონეს. მათ პირველი რკენები მოუგეს ავსტრალიასა და ბრიტანეთს, მაგრამ მეორეები წააგეს. ოზებმა პომებს ორივეში რომ აგემეს მარცხი, მასპინძლები გავარდნენ, რის შემდეგაც ლიდსური ფინალი ზღვისგაღმელთა შოუდ იქცა. რაღაც ჭირად, გადამწყვეტი მატჩის წინ ჩრდილო ინგლისში საზარლად აცივდა. ჰოდა, რაგბილიგაზე გადარეული იორკშირელი ფანობის ნაწილი შინ დარჩა და 40-ათასა ელანდ როუდი პირამდე ვეღარ შეივსო.

.ყინვას უჩვევმა ავსტრალიამ სასწრაფოდ შეუკვეთა დათბუნებული ქურთუკები და თათმანები. კივებმა გასამარჯვებლად თავი გადადეს. ვეტერანი ბურჯი და კაპიტანი, ნაკრებში 50-ედ მოთამაშე რუბენ ვიკი ფიჯურ მათრობელა სასმელს, კავას მიეძალა, ჰავბეკმა სთეისი ჯოუნზმა კი, ვინც წელს ყოველი მატჩის შემდეგ აცხადებდა, ქვეყნის სახელით ბოლოჯერ ვირაგბეო, ბრიტანეთიდან ზელანდიამდე და პირუკუ ფრენაც არ დაიზარა, რათა შინ მესამე შვილის გაჩენას დასწრებოდა და წლის მთავარი მატჩისთვისაც ჩაესწრო.

ჯოუნზმა გადასარევად იბურთავა, კენგურუზმა კი მწარედ მოისაკლისა მისი კოლეგა ენდრიუ ჯონსი და პივოტი დარენ ლოქიარი. ესენი წრიული ეტაპის მატჩებში დაშავდნენ. მათ გარეშე ავსტრალია უყოჩო ფარას ჰგავდა. დაუჯერებელია და ყველაფრის ჩემპიონი გუნდი ფინალში იმდენად წახდა, რომ ბურთი ხელიდან 20-ჯერ (!) გაუვარდა. ჰოდა, ინგლისელმა მაყურებელმა, ვინც თავიდანვე ბეჩავი ზელანდიის მხარეს იყო, ბოლოს დაცინვაც კი დაუწყო ბობოლა ოზებს.

პირველ ტაიმში ზელანდიამ სამი ლელო გაიტანა. პირველზე ჯოუნზმა აბრაგანი აწია, ჯეიკ ვებსთერი მეტ კინგს აუხტა, ბურთი არ ააღებინა და ოვალი პოლ ფატუირამ იხელთა. მეორეზე კივებმა ბურთი ფრთამდე ჩაათამაშეს და ბრენტ ტეიტს მანუ ვატუვეი გაუძვრა. მესამეზე ბენ კენედს ბურთი თავის ნახევარზე გაუვარდა, შერკინებიდან კი სთეისმა ისევ აბრაგანი აწია, ვატუვეი ახტა და ჰაერში ააცალა ოვალი ტეიტს.

ინტერესი გაღვივდება

  კივებმა დაცვაშიც ჯიგრით ითამაშეს. პირველი ლელოს შემდეგ მეტ კინგი ფრთაზე გაჭენდა, მაგრამ ერთბაშად ხუთმა (!) ზელანდიელმა გადადენა კიდეზე. მეორეს წინ ჯეისონ რაილზი ზედ კარის ხაზზე დასცეს კივებმა, გამოგორების შემდეგ კი დევიდ ქიდველმა მოპარა ბურთი ოზებს და 60 მეტრი ირბინა. ტეიტმა იგი შებოჭა, მაგრამ წამოდგომა აღარ დაანება და ამას დაშხოშიანი, გუნდური მუშტი-კრივი მოყვა.

ანგარიში 12:0 რომ იყო, კლინტონ ტუპმა ვატუვეი ჯვარზე მიუშვა, მაგრამ ამას ბურთი გაუვარდა. ტაიმის ბოლომდე ინგლისელმა რეფმა შებოჭილის შეფერხებისთვის ორჯერ დააჯარიმა კენგურუები და ჯოუნზმა კიდევ ოთხი ქულა მოინაგრა. მეორე ტაიმის დასაწყისში გასრიალებული ტრენტ ბარეტი ლელოს ვერ მიწვდა. მერე კივებმა გემოზე წაიბურთავეს და ბრენტ ვებს (სურათზე) სალელოე პასი ისევ ჯოუნზმა მიართვა. საათის თავზე კიკერმა მესამე ჯარიმაც შეაგდო, მერე კი არეკნი სცადა, მაგრამ ააცილა.

შუა კვირაში მსოფლიოს საუკეთესო ლიგელის სარგო ოქროს ბუცით დაჯილდოებულმა ენტონი მინიჩელომ პირველად 76-ე წუთზეღა გამოაქცუნა ბურთი, მაგრამ კენედს ოვალი წინ გაუვარდა. მანამდე ვებსთერმა მეხუთე ლელოც გაიტანა, მაგრამ მსაჯმა ფატუირას წინ პასი გამოუჩხრიკა. ბოლო ორი წუთი ზელანდიის მთელმა დელეგაციამ კიდესთან გაატარა და სირენა რომ გაისმა, მოედანს შეესია.

მედიამ ერთხმად შენიშნა, ზელანდიის გამარჯვება სრულიად რაგბილიგას არგებს, რადგან ოზთა მრავალ-წლიანი ზეობით მსოფლიოში თამაშისადმი ინტერესი მინელდაო. კივთა ახალმა გურუმ, ბრაიან მაკლენანმა აღიარა, ასეთი ხეირი ჩვენს რაგბილიგას აქამდე არასოდეს დაყრიაო, კენგურუთა ბებერმა მოძღვარმა, ლეგენდარულმა ვეინ ბენეთმა კი თავი ინუგეშა, იმოტოლა ერი ვართ, რომ მარცხს იოლად გადავიტანთ; ოდესმე აუცილებლად უნდა წაგვეგო და სამწუხაროდ, ეს დღეს მოხდაო.

კენგურუ: (1-13) მინიჩელო, კინგი, გესნიე, კუპერი, ტეიტი; ბარეტი, გაუერი / სივონისევა, ბუდერუსი კაპ, რაილზი; ოდონელი, ფითსგიბონსი, კენედი; (მ) ვინგი, მეისონი, ომილი, პრაისი

კივი: ვები, ვებსთერი, ფატუირა, ტუპი, ვატუვეი; ვანგანა, სთეისი ჯოუნზი / რაუჰიჰი, ტონი, ვიკი კაპ; ქიდველი, ანდერსონი, ჰაპე; (მ) ფაიუმუ, ასოტაზი, სოლომონა, ლაუიტიტი - 4ლ: ფატუირა, ვატუვეი ორი, ვები; 4გ: ჯოუნზი

მსაჯი გენსონი (ინგლისი) - 0:4(3) 0:8(19) 0:12(26) 0:14(35) 0:16(38) / 0:22(52) 0:24(59)

26/11 ლიდსი, ელანდ როუდი
(26 534)


ჟილეტის სამი ერი

15/10 ავსტრალია - ზელანდია 28:38 (სიდნეი 28 255)
21/10 ზელანდია - ავსტრალია 26:28 (ოკლენდი 28 500)
29/10 ბრიტანეთი - ზელანდია 26:42 (ლონდონი 15 568)
5/11 ბრიტანეთი - ავსტრალია 6:20 (ვიგანი 25 004)
12/11 ბრიტანეთი - ზელანდია 38:12 (ჰადერსფილდი 19 232)
19/11 ბრიტანეთი - ავსტრალია 14:26 (ჰალი 25 150)

წრიული ეტაპის კიბე

ავსტრალია 6 ქულა (3-1, 102:84)
ზელანდია 4 (2-2, 118:120)
ბრიტანეთი 2 (1-3, 84:100)
 

ვაკანსია მხოლოდ ხუთია

  გაისად სამი ერი მესამედ მოეწყობა. წელს ბრიტანეთში მატჩებზე დასწრებამ იკლო. ლიდსში შეკრებილმა საერთაშორისო ფედერაციამ (რლიფ) ამად დაასკვნა, ტურნირის ეკვატორს ქვემოთ გადატანის დროაო. ავსტრალია მეტოქეებს ბრისბენში, ნიუკასლსა და თაუნსვილში დაუხვდება, ზელანდია ოკლენდსა და ველინგტონში მიიღებს ბრიტანეთს, ფინალი კი სიდნეიში, ოლიმპიურთან შედარებით მომცრო, ოდენ 42-ათასა ოზი სტედიუმზე გაიმართება.

2008 წელს, ავსტრალიაშივე, XIII მსოფლიო თასზე ათი გუნდი იასპარეზებს. წინა, 2000 წლის გათამაშებაში 16 ქვეყანა მონაწილეობდა. ამაზე ხუთი წლით ადრე, 13-კაცა თამაშის საუკუნოვანი იუბილესადმი მიძღვნილ ტურნირში, დასი 10-გუნდა იყო. რაგბილიგის ბომონდი აქამდე სიამით იხსნებს იმ დაძაბულ შეჯიბრს, 2000 წლის ავანტიურით დაკისრებული ვალი კი შარშანღა გაისტუმრა. ჰოდა, რლიფ-ის ავსტრალიელი შეფი, კოლინ ლავი ბრძანებს, ოდენ 10 ქვეყნის შეჯიბრი ყველანაირად გამართლებულიაო.

ახლავე ცნობილია მომავალი მსოფლიო თასის ხუთი მონაწილე: ავსტრალია, ახალი ზელანდია, ინგლისი, საფრანგეთი და პაპუასეთი. კიდევ ხუთი გამოვლინდება შესარჩევებში, რომლის სტრუქუტრაც გაისად, მარტში გამოქვეყნდება. ამაზე იგივე ლავი ამბობს, ფინალისკენ განვითარებადი გუნდების გზა ისე უნდა დაიგეგმოს, რომ ავსტრალიას მხოლოდ ღირსეულებმა მიაღწიონ და იქ დიდ ტრადიციათა მქონე ქვეყნებს შეეტოქონო.

ბოლო ხანს მსოფლიოში რაგბილიგის გავრცელება ევროპულმა რლეფ-მა იკისრა. ეს ორგანო შეჯიბრებებს სამ-გუნდა პულებად, ერთ წრედ მართავს. ევროპაში შერჩევის მონაწილეებად მოიაზრებიან:

უელსი, ირლანდია და შოტლანდია; რუსეთი, საქართველო და სერბეთი; ჰოლანდია, გერმანია და ესტონეთი (!); ლიბანი, მალტა და იტალია.

აფრიკაში მაროკო, კენია და სამხრეთი აფრიკა; ზღვისრეთში ფიჯი, სამოა და ტონგა; აზიაში იაპონია და სინგაპური; ხოლო ამერიკაში აშშ, კანადა, ვესტ-ინდოეთი და არგენტინა.

ერთი კია, ვაკანსიები თუ როგორ გაუნაწილდებათ რეგიონებს და ფავორიტებიც როგორ გაიბნევიან პულებად, დღეს მაგ საკითხებზე მხოლოდ მარჩიელობა შეიძლება.

სამაგიეროდ, ახლავე დამტკიცდა კანონი, რომელიც მავანს სიაფანდი ნაკრების შედგენის შანსს უმცირებს. ახალი წესით, სათასო რაზმში მინიმუმ ექვსი (მაინც ცოტაა!) კაცი ადგილობრივი უნდა იყოს: ან ერთი წელი უნდა ჰქონდეს ნათამაშევი შინაურ პირველობაზე და ანაც ბოლო წელიწად-ნახევარში ჭაბუკთა ნაკრებში ელიგაოს. თორემ წინა, 2000 წლის მსოფლიო თასზე ლიბანის გუნდში უკლებლივ ყველა ავსტრალიელი არაბი იყო!

 

რლეფ-ის დიდი იმედი

  8/12/2005 რაგბილიგის მრავალწლიანი საერთაშორისო კალენდარი თანდათან ისახება. შემდეგი, XIII მსოფლიო თასი 2008 წელს, ავსტრალიაში რომ გაიმართება, ეგ ნოემბრის ბოლოს, ჟილეტის სამი ერის ფინალის წინ გადაწყდა, მას აქეთ კი ბრიტული ლიგის მამამ, რიჩარდ ლუისმა 2013 წლამდეც გაამხილა გეგმა. ამასობაში ევროპული რლეფ-იც გამოეხმაურა მსოფლიო თასის დანიშვნას და ცამეტი ქართველისთვის საგულისხმო ცნობა გაავრცელა.

ჟილეტის ფინალში ზელანდიამ ავსტრალია 24:0 მოსრა. ამან ლიგაზე მწერალთა ამქარზე სათანადო შთაბეჭდილება მაინც ვერ მოახდინა. ჟურნალისტებმა 2005 წლის მსოფლიო ნაკრებში რვა კენგურუ, სამი ლომი და ოდენ ორი კივი დაასახელეს. უფრო ნამუსიანად გაისარჯა ბიბისი, ვინც დამწყებ 13-ეულში ხუთ-ხუთი ზელანდიელი და ავსტრალიელი და სამი ბრიტი დააყენა.

გაისად სამ ერს ავსტრალია და ზელანდია უმასპინძლებენ. ფინალი სიდნეიში გაიმართება. უფალ ლუისის ცნობით, 2007 წელს ინგლისს ზელანდია ტურნეზე ეწვევა, 2008 წლის მსოფლიო თასი კი მარტში გაიმართება, რის გამოც ოზური ნრლ და ევროპული სლ (სუპერ ლიგა) ექვსი კვირის დაგვიანებით დაიწყება.

2009 წელს ჟილეტში საფრანგეთს ჩააბამენ და ოთხი ერი ბრიტანეთში ილიგავებს, 2010 წელს ლომები (ინგლისელებს პლუს თითო-ოროლა კელტი) ავსტრალიას მოიხილავენ, 2012 ან 2013 წელს კი მსოფლიო თასს ბრიტანეთი უმასპინძლებს. რაც შეეხება რაგბილიგის უძველეს შეჯიბრებას, 1896 წელს დაწესებულ, საკლუბო გარდამავალ თასს (ჩელენჯ ქაფ), გაისად მისი ფინალი ლონდონს დაუბრუნდება და განახლებულ უემბლზე 26 აგვისტოს მოეწყობა.

XIII მსოფლიო თასი 10 გუნდიანია. მედიას ეჭვი არ ეპარება, რომ ხუთი ქვეყანა: ავსტრალია, ახალი ზელანდია, ინგლისი, საფრანგეთი და პაპუასეთი ფინალში პირდაპირ, უკონკურსოდ მოხვდება. ასე რომ, შესარჩევებში ხუთი საგზურიღა გათამაშდება. რლეფ-ის განვითარების მენეჯერის, შოტლანდიელი კევინ რადის მტკიცებით, ევროპას ამ ვაკანსიებიდან მინიმუმ ორი ერგება და ფინალისტები 2006 და 2007 წლების ერთა თასებზე შეირჩევიან.

რადი ფხიანი კაცია. მისი წყალობით წელს ოთხი ევროპული ქვეყანა გაერია ლიგურ მარაქაში. ერთი მათგანი საქართველოა. ჩვენმა მორაგბეებმა 13-კაცაში იმოტოლა ნიჭი გამოიჩინეს, რომ ერთა თასის შესარჩევი მოიგეს და ძირითად შეჯიბრში ჩაებნენ. ამის 6-გუნდა დასს ჩემპიონ საფრანგეთს თუ გამოვაკლებთ, კონკურენტებად კელტური სამეული (უელსი, ირლანდია, შოტლანდია) და რუსეთი გვრჩებიან, მაგრამ არც სხვათა დავიწყება ეგების.

ეს სხვები სერბეთი, ჰოლანდია, გერმანია, იტალია, მალტა, ლიბანი და მაროკო არიან. კევინ რადის თქმით, რლეფ-ი ყველა კანდიდატთან ინდივიდუალურად მუშაობს და ვიდრე შესარჩევთა სტრუქტურას ჩამოქნიდეს და განსახილველად წარმოადგენდეს, ჯერ თითოეულ ქვეყანას დაეკითხება, თუ რამდენად სერიოზულია მისი ამბიცია, და მის ლიგას ფინანსურ გარანტიასაც მოთხოვს.

რადის ოფისს 2006 წლის აპრილ-ივნისისთვის უკვე დაუგეგმავს წინასწარი შესარჩევი. მასში სავარაუდოდ ის ქვეყნები ჩაებმებიან, რომლებიც ერთა თასში არ მონაწილეობენ. მერე ეს ერთა თასიც ნაღდად გაფართოვდება და მსოფლიო თასის ორი საგზური მისი ორი სეზონის (2006'2007) ჯამით გათამაშდება.

რლეფ-ის პრეს-რელიზის თანახმად, ერთა თასი კვლავ ოქტომბერ- ნოემბერში მოეწყობა. ეს ცამეტ ქართველს პრობლემას შეუქმნის, რადგან ამავე თვეებში მორაგბე ბორჯღალოსნებს 2007 წლის მსოფლიო თასის შესარჩევებ ელით. ასე რომ, 15-კაცა და 13-კაცა თამაშებს წლევანდელზე უფრო მკვეთრად გამიჯნვა და კადრების განაწილებაც მოუწევთ.

შესარჩევებზე რლეფ-ი დიდ იმედს ამყარებს. უფალ რადის თქმით, მათი ჩატარებით რაგბილიგას მთელ ევროპა შენიშნავს. განვითარების მენეჯერი თავის მზარდ სამწყსოს სისხლ-სავსე საშეჯიბრო პროგრამას პირდება. კალენდარს მონაწილენი 2006 წლის 10-12 თებერვალს, ლონდონის სხდომაზე შეათანხმებენ. იქვე რლეფ-ი პირველად გამართავს სემინარს.

მსოფლიოს ნაკრები (რაგბი ლიგ ველდი; მიუთითებლად ავს): 1 მინიჩელო, 2 ტეიტი, 3 გესნიე, 4 კუპერი, 5 ვაინიკოლო ზელ; 6 ლოქიარი, 7 ენდრიუ ჯონსი / 8 ფილდენი ბრი, 9 ქანინგემი ბრი, 10 ვიკი ზელ; 11 პიკოკი ბრი, 12 ფითსგიბონსი, 13 კენედი

სამი ერის ნაკრები (ბიბისი): 1 მინიჩელო ავს, 2 ქერნი ბრი, 3 გესნიე ავს, 4 ტუპი ზელ, 5 ვატუვეი ზელ; 6 ვანგანა ზელ, 7 სთეისი ჯოუნზი ზელ / 8 ფილდენი ბრი, 9 ქანინგემი ბრი, 10 ვიკი ზელ; 11 ოდონელი ავს, 12 ფითსგიბონსი ავს, 13 კენედი ავს - (მ) მორლი ბრი, ჰაიემი ბრი, ვინგი ავს, ასოტაზი ზელ