ორივე ყაიდაზე

  12/05/2006  ამ უქმეებზე პირველადაა, რომ ოვალური ბურთით მოთამაშე უკეთესი ჩვენებურები ერთბაშად ორ ყაიდაზე ატარებენ სანაკრებო მატჩს: შაბათს, ბელგრადში, შარშანღა შექმნილი "ცამეტი ქართველი" რაგბილიგაში გაეჯიბრება სერბეთის "თეთრ არწივებს", კვირას, ოსაკაში კი უკვე გვარიანი ტრადიციის მქონე "ბორჯღალოსნები" იაპონიის "მოყვავილე ალუბლებს" გაუმარათვენ რაგბის ტესტს.

რაგბილიგას, ანუ ძაან სხვანაირ, 13-კაცა რაგბს ჩვენში ის მობურთალები მისდევენ, ვისაც უცხო ხილის დაგემოვნება უყვარს ან მიზეზთა გამო ბორჯღალოსნებში ვერ ხვდება. აი ახლაც, მატჩის წინა მისალმებას, ილიკო სუხიშვილისეულ ფერხულს პირველად შეასრულებენ ოთხი ქუთაისელი და ლელოს, რაინდებისა და ხარების თითო მოთამაშე, რომელთაგან სამმა ნოემბერში ჩილეს წინააღმდეგ რაგბი ითამაშა, ორი კი ბორჯღალოსნებს ოდესაში, უკრაინასთან სარკენადაც კი ახლდა.

სერბეთთან ლიგაობა 2008 წლის მსოფლიო თასის "წინასწარი შესარჩევია". 13-კაცელთა საერთაშორისო ფედერაციის, რლიფ-ის ერთი კვირის წინდელი გადაწყვეტილებით, 10-გუნდა ფინალი მარტში კი არა, ავსტრალიური სეზონის ბოლოს, ოქტომბერ-ნოემბერში გაიმართება. ინგლისისა და საფრანგეთის გარდა, ევროპას ათეულში კიდევ ორი ადგილი გამოეყო, მაგრამ რაგბის მაგვარი, რეგიონთა- შორისი რეპეშაჟის გავლით მესამე გუნდიც შეიძლება ეწიოს მიზანს.

ევროპულ შესარჩევში ორი სამ-გუნდა პულია. შეჯიბრი ორ წრედ, 2006 და 2007 წლების შემოდგომაზე გაიმართება და "რაგბილიგის ერთა თასი" ერქმევა. ერთ პულში მოკალათებულან უელსი (ევროპული რეიტინგით მესამე) და შოტლანდია (6), მეორეში ლიბანი (4) და ირლანდია (5), ბოლო ორი ვაკანსიის შესავსებად კი უკვე გაჩაღდა ოთხ-გუნდა "წინასწარი შესარჩევი".

სერბეთი (10) - საქართველოს (8) ბუღრაობა ამ ტურნირის მეორე მატჩია. პირველში, აპრილის ბოლო უიკენდზე, რუსეთმა (7) ჰუკში 40:14 ძლია ჰოლანდია (9). სერბეთის მოხილვის შემდეგ "ცამეტი ქართველი" 26 მაისს ვაკეში ჰოლანდიას მიიღებს, 24 ივნისს კი რუსეთს ლუჟნიკის ხელოვნურ ბალახზე ეახლება და ალბათ სწორედ ეგ მატჩი გადაწყვეტს, თუ პულებში მესამე გუნდად ვინ ვის დაუჯდება.

საქართველომ შარშან, პირველსავე სეზონში ოთხი თამაში გამართა: ჰუკში 34:14 ძლია ჰოლანდია, ეროვნულზე 44:12 დაანგრია სერბეთი, ლუჟნიკში რუსეთთან 14:48 დამარცხდა, ბოლოს კი ვაკეში, წვიმასა და სიცივეში, პროჟექტორთა შუქზე 0:60 წააგო ერთა თასის მომავალ გამარჯვებულ საფრანგეთთან.

შარშან წელი ისე გაილია, რომ ორ ქართულ გუნდს ერთმანეთში არ ულიგავია. ჩვენს რაგბის თემს წელსაც იმდენად ცხოველი საგარეო პროგრამა აქვს, რომ 13-კაცაში პირველი საშინაო პირველობის გამართვას საშველი ვერ დაადგა. სამაგიეროდ, სერბეთმა ოქტომბერში ჩაატარა შეჯიბრი და ჩემპიონი კვლავ "დორჩოლ სპაიდერზი" (ობობები) გახდა.

აპრილში სერბეთის რაგბილიგამ ლოგო გამოიცვალა და ნაკრებს სახელად "თეთრი არწივები" (ბელი ორლოვი) დაანათლა. მერე ქვეყანას ეწვია ინგლისის სამოყვარულო ნაკრები, "ლაიონჰართსი" (ლომგულები). სტუმრებმა ბელგრადში, რადნიჩკზე 46:6 ძლიეს ახალგაზრდული ნაკრები, წინა შაბათს კი ნოვი სადში 50:4 გააბურთავეს კაცი არწივები.

თუ ჩვენი მასწავლებელი კვლავაც ევროპული რლეფ-ის მიერ მოჩენილი ინგლისელი ვინი ვებია, სერბეთს ძველებურადვე უელსელი, ჯონ რიზმანი ავარჯიშებს. გურუმ საქართველოსთან სალიგაოდ 29 კაცი შეაჩრია.

მათგან ოთხნი - დალიბორ ვუკანოვიჩი, ზორან პეშიჩი, სონი რადოვანოვიჩი და დენი შუშნიჩი ინგლისის ნახევრად-პროფესიულ მესამე ლიგაში თამაშობენ, ლიუკ სიმეუნოვიჩი სუპერ-ლიგის მომდევნო, პირველი პროფესიული ლიგის კლუბის, "ჰალიფაქსის" წევრია, ოშელიტო რადიჩი საფრანგეთის კანში მოღვაწეობს, სიდნეელი დევიდ მილანოვიჩი კი საკუთარი ხარჯით ჩასულა წინაპართა სამშობლოში.
 

ცამეტი ქართველი

[
* რაგბილიგის ახალბედა]

ბეკები: 1 გიორგი ასათიანი (ლოკომოტივი), 2 ზვიად კობერიძე (ყოჩები), 3* მანუჩარ ნამჩევაძე (აია ქუთაისი), 4 სანდრო გილაური (ლოკ), 5 ლექსო გუგავა (ლოკ); 6* მერაბ კვირიკაშვილი (ლელო), 7* გიორგი სორდია (აია) /

ფორვარდები: 8 გიორგი ხოსიტაშვილი (ხულიგანა), 9* თორნიკე აშვეთია (აია), 10 ბექა ყურაშვილი (ლოკ); 11 ნიკა მხეიძე (ლოკ), 12* შალვა სუთიაშვილი (ლოკ), 13 კახა კობახიძე კაპ (რაინდები)

მარქაფა: 14 ფრიდონ უდესიანი (ლოკ), 15 ვახტანგ ახვლედიანი (ხულიგანა) / 16* გიორგი ნემსაძე (აია), 17* როინ ჩიკვაიძე (ხარები რუსთავი)

პრეზიდენტი გია გორგასლიძე; მწვრთნელი კახა ალანია; ექიმი თემურ თურმანიძე; კონსულტანტი ვინი ვები ინგ