სპორტი, ავტორის კბილა

[20/07_2007]  რომ ამოვწურეთ ჩვენი სათაყვანო "სტენლის თასის" თემა, მზერა გაგვექცა კალათბურთისკენ, რომელიც ჰოკეისგან ძაან დავალებულია. დიახ, ჩვენ რომ 1940-იანი წლების ბოლოს, ნჰლ-ში, სტუმრად თამაშის დღეებში დარბაზთა მოცდენის პრობლემა არა გვქონოდა, არ შეიქმნებოდა პატივცემული ნბა, ვინც დღესდღეობით გვისწრებს ტელე-რეიტინგით, მაგრამ არა ტემპით, ჯახითა და ვაჟკაცობით.

ნბა იქეთ იყოს და ჩვენ უფრო აქაური კალათბურთი გვიზიდავს, უფრო სწორად კი, გვიზიდავდა, რაღაი რაც ლიოხა ოპოშნიანი აღარ თამაშობს სპორტის სასახლეში, იქეთ აღარც გაგვიხედავს. ისე, გაზეთებს მაინც ვკითხულობთ და ტელევიზორიდანაც ვიგებთ, რომ კალათბურთი ჩვენში აღმავლობის გზა ადგას, რისი დასტურიცაა ჯეელთა შეჭრა ევროპის უკეთეს დუჟინში და ბრწყინვალე წიგნის გამოცემა.

ეგ წიგნი ქალაქელმა კაცმა, გარუნ აკოფოვმა დაგვიწერა და თუმნად შევიძინეთ ნოემბრის დამდეგს. მას აქეთ დღე არ გავა, თვალსაწიერი მისი კითხვით რომ არ გავიფართოვოთ და გარდასული დიდების გამოც არ ვივიშვიშოთ. ნაშრომი კაპიტალურია, 340-გვერდაა და ცარცის ქაღალდზე დაბეჭდილი, ფოტოთა 40-გვერდა ჩანართიც ძაან უხდება, ყდად კი, თუ არ გვეშლება, პიკო ნიჟარაძის ნამუშევარი ამკობს - აი, ოთარ ქორქია კალათში ცალი ხელით რომ ტყორცნის.

ზადი არც გვიძებნია

ნიშანდობლივია, რომ ჩვენი გარუნი აქაური კალათბურთის კბილაა. ძაან გვიხარია ისიც, რომ ცალ-პოლუსა ქართულ სპორტში სხვა სახეობებზეც იწერება და გამოიცემა წიგნები, მით უფრო, თუ ეს სხვა სახეობები იმ ერთს, თითქმის მიცვალებულს, მაგრამ ხუთ-ჯვრიანი ხელისუფლების მიერ მაინც გაფეტიშებულს, მიღწევებითა და პერსპექტივით ძაან ჯობნიან, და ამდენად, არა-ზომბირებულ საზოგადოებას ისინი ეგებ მეტადაც კი უყვარდეს.

თქმულა, კარგ მთქმელს კარგი გამგონი უნდაო. ასევე, კარგ დამწერს შეეფერება კარგი მკითხველი, ვინც ვეება წიგნში ზადის ძებნას კი არ დაიწყებს, არამედ გარჯას დააფასებს, მარგ რამეს შეიტყობს და საგულისხმო დასკვნებსაც გააკეთებს. აქაური, კომუნისტების დროიდან გამოყოლილი ადათით გაზეთი იკითხება უკუღმა, ბოლოდან თავისკენ, თორემ წიგნს, ოდინდელი, შუშანიკის მარტვილობის ხანაში დადგენილი წესით, თავიდან უნდა ჩაუჯდე.

დახელოვნებული ესროდა

ჰოდა, ჩვენც უფალ აკოფოვის წიგნს თავიდან მივყევით და ლირიული შესავლის გამოტოვების შემდეგ, რომლის ლაიტმოტივიც ისაა, რომ ჩვენი კალათბურთის დიდებამ კარგა ხანია კავკასიონს გადააბიჯა, პირდაპირ შიშიან, 1930-იან წლებს დავეცით და დავასკვენით, რომ მაშინ მოგება სამი ქულა ღირდა, ფრე ორი და წაგება ერთი.

მეტიც, ყოველი ჩაგდების შემდეგ თამაში ცენტრში, სადაოთი ახლდებოდა; ჯარიმას არა დაზარალებული, არამედ ტყორცნაში საგანგებოდ დახელოვნებული კაცი ესროდა, მოთამაშის შეცვლა კი მხოლოდ დაშავების დროს შეიძლებოდა. ერთი სიტყვით, მოლოტოვ - რიბენტროპის პაქტამდე კალათბურთი განვითარების იმ სტადიაში ყოფილა, რომელშიც აქამდეა რაგბის "ერთა თასი" და ის ოზური ფეხბურთი, ბოლო ხანს რეგულარულად რომ გვიჩვენებს ევროსპორტი.

ინტერნაციონალიდან ეროვნულამდე

ომამდე და ომის დროსაც თბილისის გუნდები ინტერნაციონალური იყო (ოგანეზოვი კარპოვი ელენსკი კრავცოვი ძეკონსკი სარქისოვი ფილიპოვი ზახლიანი გუპალოვი ქელბალიხანოვი), ომის შემდეგ კი, ჰოპლა და ასი პროცენტით გაქართულდა (ქორქია ჯორჯიკია ნიჟარაძე თორთლაძე გოძიაშვილი კეკელიძე ქორქაშვილი ინწკირველი კილაძე მესხი). ასე გაგრძელდა ბარემ 30 წელი, საბჭოთა ხანის დაისზე კი დინამო მოწვეულებით აივსო (მილოვიდოვი ბოროდაჩოვი კაპუსწინი კორნიშინი წიუბინი კოლიჩევი კროპაჩოვი მარჩენკო ოპოშნიანი რიჟოვი)

ზედ ომის წინ ბესარიონოვიჩმა ძალად გააწითლა და შემოიერთა ბალტიის-პირეთი. მაგ ახალ-დაპრყობილთა და დიდი ილიჩის ენის არ-მცოდნეთა საბჭოელებთან გაცნობა 1941 წლის მარტში, ლენინგრადში, რვა ქალაქის მატჩზე შედგა. ჰოდა, ტარტუმ (ესტონეთი) პირველი ადგილი დაიჭირა, რიგამ (ლატვია) მესამე, კაუნასმა (ლიტვა) მეექვსე, თბილისმა (ოთხ-ოთხი გჲურჯი და გჲაური) კი მეორე!

ზოგჯერ აწვიმდათ

ეგ ქალაქთა მატჩი, ეტყობა, ძაან მუღამიანი რამე იყო და გაზაფხულზე ტარდებოდა, მაშინ როცა საკლუბო ჩემპიონატი შემოდგომაზე იმართებოდა. ორივე შეჯიბრი ერთ ადგილას, ტურნირად ეწყობოდა. ტურები და ორი წრე, ჩვენი დაკვირვებით, 1957 წელს შემოსულა მოდაში, პირველი ნაღდი მიმოსვლა და ოთხი წრე კი - 1968 წელს, როცა ჩვენი დინამო ბოლოჯერ გახდა ჩემპიონი და თანაც ოლიმპიელები, ესე იგი, ნახევარი ცეესკა, უქმობდა და ვარჯიშობდა.

ომის დროს, რაჟამს გერმანიას უკან დახევა დავაწყებინეთ, ზურგში განახლდა სპორტული ცხოვრება და ორ ჩემპიონატს თბილისმა უმასპინძლა. ჩვენებს მაშინვე პირველებს გამოუყენებიათ ელექტრო საათი და "ჯალიაშვილის ლითონის კონსტრუქცია", რომელიც გარეთ იდგა, მაგრამ ფარი და კალათი კი მოედანში ჰქონდა გადაკიდებული. იმავე ხანებში კალათბურთი კულტურისა და დასვენების პარკებში, ღია ცის ქვეშ იმართებოდა და მოთამაშეებს ზოგჯერ თავზეც აწვიმდათ.

7-ნახევარი წუთი

მივადექით სურათებს. თვალში გვეცა ოთარ ქორქიას თეთრი კედები და თასი, რომელზე შემოსმული კალათბურთელიც აშკარად ხელბურთელის პოზაშია. სხვა ფოტო ბალტიაში, ფიჭვნარის ფონზეა გადაღებული და ერთშაბად რვა (!) მოთამაშე ბურთს ისე ადევნებია, როგორც რომ ოზურ ფეხბურთში; სტადიონებზე კი ბევრგანა ჩანს დევიზები, დიდება დიდ სტალინსო და მისთანები.

ჩვენი გადასახედიდან ძაან საინტერესოა ძველი თამაშის აღწერა. კარგა ხანს ბურთს კალათში ისროდნენ ქვევიდან, ორი ხელით, რასაც ქალაქურად გარშოკი ერქვა, და არც შეტევის, უფრო სწორად კი, ბურთის ფლობის დრო იყო შეზღუდული. ჰოდა, 1951 წელს, დინამომ შვიდ-ნახევარი (!) წუთი ატარა ბურთი, მთელი მეორე ტაიმი თამაშიდან სულ ერთხელ ესროლა, სამი ჯარიმა ჩააგდო და მომავალი ჩემპიონი ჟალგირისი 15:13 ძლია.

კოლორიტული მივლინებები

ვიდრე ბურთაობა ამ რიტმში წარმოებდა, არა გვიჭირდა რა. მერე შემოიღეს სამი და 30 წამი, რიგის სკამ კი მონახა მეტყევე იანის კრუმინში, ვინც ტანად 218 სანტიმეტრი იყო. მისი წყალობით ლატვია მთელ საბჭოეთში და სრულიად ევროპაშიც დაწინაურდა. ამავე ხანებში თბილისს ორჯერ (1958 1961) ეწვივნენ ამერიკელები და სტადიონზე დაგებულ ფიცარნაგზე ისრიალეს, მაგრამ წიგნში იმის კვალიც არაა, რომ აქ ვითომც ჩამოსულა "ჰარლემ გლობთროთერზი" და ბნელში უთამაშია ისე, რომ მხოლოდ ფოსფორ-წასმული ბურთი და მტევნები ჩანდა.

ამერიკა აქ იმის წყალობით გვესტუმრა, რომ ნიკიტა ხრუშჩოვმა რეჟიმის ლიბერალიზაცია წამოიწყო. პირველი საერთაშორისო მატჩები ჩვენებმა სტალინის გარდაცვალების თანავე, 1954 წელს გამართეს. რაღაი დინამო "კომპეტენტურ ორგანოებად" ცნობილი ძალოვანი უწყების გუნდი იყო, ბიჭებს მივლინებებში მეტწილად კაგებეს ერთგულ კოლორიტულ ქვეყნებში (ეგვიპტე სირია ავღანეთი ალჟირი ტუნისი ერაყი იორდანია სომალი მადაგასკარი ეთიოპია) აგზავნიდნენ.

სპარტაკიადებზე ფლავდებოდნენ

მეტად გაუმართლათ გეპეის გოგოებს. ამათ ორჯერ (1961 1967) იმოგზაურეს საფრანგეთში და ალბათ ნაწილობრივ მაინც, გაყოლილ მზირთა მიერ ნებადართულ ფარგალში, დაიგემოვნეს ის ცხოვრება, რომელსაც კინოებში ხედავდნენ და ალბათ შენატროდნენ კიდეც, თუკი, რა თქმა უნდა, იდეური კომკავშირლები არ იყვნენ. სხვაფრივ, ძველი ფოტოები რომ შავ-თეთრია, ვერ ირკვევა, თუ რა ფერი ფორმა ემოსა გრუზიას, ამერიკელებს კი ისე შნოიანად აცვიათ, რომ ჩოგბურთელები გეგონება.

ხრუშჩოვისა და ლეონიდ ბრეჟნევის დროში იმართებოდა საბჭოთა რესპუბლიკების, მოსკოვისა და ლენინგრადის ოლიმპიადა, რომელსაც სპარტაკიადა ერქვა. სულ მოესწრო რვა შეჯიბრი. რბილად რომ ვთქვათ, მასზე "საქართველოს სსრ" ქრონიკულად ფლავდებოდა, რასაც დაკავებული ადგილებიც მოწმობს: 9 - 2 - 7 - 7 - 4 - 3 - 7 - 8

ფიბა-ს არქივშია საძებნი

წინასწარ ეტაპზე იქმნებოდა 6-გუნდა პულები (საბჭოურ ენაზე, ქვე-ჯგუფები) და ჩემპიონობისთვის ბრძოლას ორ-ორი უკეთესი აგრძელებდა. ჩვენებმა პირველ ოთხ ცდაზე ერთადერთხელ, 1959 წელს გააღწიეს ფინალურ ექვსეულში და მაშინაც იმად, რომ საარაკო თამაში, სამი კაცის ამარა, მესამე ოვერ-ტაიმში მოუგეს ლატვიას, სხვაფრივ კი, ევროპის თასის აღების შემდეგაც, პულში რჩებოდნენ.

ევროპის თასი ჩვენმა დინამომ 1962 წელს, ჟენევაში, მადრიდის რეალის ჯობნით შემართა, მაგრამ ვაგლახ, რომ ოქმი (ვინ რამდენი ჩააგდო) და თამაშის ფოტოები აქამდე ვერავინ გამოამზეურა. წლეულს კალათბურთის თემმა იმ დიადი გამარჯვების მორიგი იუბილე აღნიშნა და მალე ვაჟა დანელიას წიგნიც გამოვა, მაგრამ დოკუმენტები ჯერაც არავის უძებნია ფიბას არქივში. ჰოდა, 2012 წლამდე, ანუ ნახევარ- საუკუნოვან იუბილემდე, საქმეს თავი ახლებმა უნდა დაადგან.

შაიბუ-შაიბუ ოლ სთარი

თასის აღება ზენიტი იყო, შემდეგ კი დაიწყო დაღმასვლა. 1947-69 წლებში საბჭოთა ასპარეზზე ავიღეთ ოთხი ოქრო, ოთხი თასი, სამი ზამთრის ტიტული და კიდევ ჩემპიონატის შვიდი მედალი, მას აქეთ კი, ორად-ორი ბრინჯაო (1975 სპარტაკიადა, 1977 ჩემპიონატი). თანდათან დაიწრიტა ჩვენი რესურსიც: 1940 წელს შეჯიბრზე ოთხი გუნდი გაგვყავდა, 1948 წლიდან ორიღა, 1982 წლიდან კი ერთი, კინკილა, ესე იგი დინამო.

დინამო 1970 წლიდან რომ დადედლდა, მალევე შეიერთა ბურევესტნიკი, თავისი დუბლები კი გაფანტა. ათწლეულის ბოლოს ამანაც აღარ იკმარა და გაჩაღდა რუსების ჩამოყვანა, მაგრამ მაგით რა ხეირი? მოსეს "შაიბუ-შაიბუ ოლ სთარმა" სამივეჯერ (1984 1987 1988) წააგო ბრინჯაოს სერია და კალათბურთზე გადაგებული ცეკას იმედები ვერ გაამართლა.

რამ ჩაგვაგდო ორმოში

ბოლოს კი იყო ალალი კატასტროფა. ჩამოსულები საბჭოეთის დაშლისას შემოგვეფანტნენ და ჩვენი, უწვერული ჯეელების მეტი აღარავინ დაგვრჩა. ჰოდა, ნეტარი გომელსკის გეგმით, 24-გუნდა, "სავეცკაია ნბა" რომ შეიქმნა, თუ არ გვეშლება, ნერიუნგრის (ბამი) გუნდსაც ვეღარ ვუგებდით, მაგრამ ამაზე წიგნში არაფერი წერია, რადგან ეგ სამარცხვინო სეზონი უბრალოდ გამოტოვებულია.

ჩვენი აზრით, ნაშრომის კანონიკური ნაწილი მანდ მთავრდება, მერე კი იწყება აპოკრიფული, დამოუკიდებლობის ხანის თავები, რომლებსაც აშკარად აკლია ძველი ელფერი. არა, არაფერს ვერჩით ვითასა და კაქტუსს, არც ბასკოს, დინამოსა და აზოტს, მაგრამ იმის უთქმელობა კი არ ეგების, რომ 1998 წლის დამდეგს ნაკრების მწურთნელის შეცვლამ ჩაგვაგდო იმ ორმოში, საიდანაც აქამდე ვერ ამოვსულვართ. არადა, თუ ლიპარტელიანის ხელქვეით 2, 4 და 3 ქულით დავმარცხდით, მერე უმალ 36 და 47 ქულით მოგვსრეს!

ჯამური დეფიციტი

ბოლოსკენ ისევ საკავშირო ამბებს დავუბრუნდეთ, რაღაი ნაშრომი მთავარი გმირის, დინამოს სტატისტიკით ბოლოვდება. ბატონ გარუნის თვლით, გუნდმა 1937-90 წლებში 1009 თამაში გამართა, მოიგო 560, წააგო 442 და 7-ჯერაც ფრეს დაჯერდა. რაღაი თბილისელები ცოტათი ვიგებდით და ბევრით ვაგებდით, მაგად ჯამური დეფიციტი 356 ქულა გამოგვდის იმის და მიუხედავად, რომ გამარჯვება მარცხზე 118-ით მეტი მოგვგროვებია.

მრავლის მთქმელია ცალკეულ კლუბებთან რკენის ბალანსიც. ცეესკა 79-20 გვიგებს, ჟალგირისი 62-37, ლენინგრადის სპარტაკი 52-32, კიევის სტროიწელი 43-40, რიგის სკა 20-18. სამაგიეროდ, ვჯობივართ მოსკოვის დინამოს 52-44, რიგის ვეფს 36-19, კალევს 42-28 და მინსკს 28-21, ვილნიუსის სტატიბას კი ბარი-ბარში გავყრივართ 17-17.

სხვა სპორტებშიც გვჭირდება

აი, რამდენი რამ ამოვიკითხეთ წიგნში და შეძლების და გვარად დავახარისხეთ. როგორც ძველები იტყოდნენ, ბატონმა გარუნმა საქმე გააკეთა, ხოლო თუ სხვას შნო მეტი აქვს და ძალაც ერჩის, იგივე უკეთ შეიძლოს. სხვაფრივ, რეკლამას ნაღდად არ ვეწევით, მაგრამ თუკი ამ რეცენზიამ აგიყოლიათ, შეგიძლიათ მიბრძანდეთ მაღაზიებში და იყიდოთ წიგნი, რომელიც გულიანად ჩაჯდომას ნაღდად იმსახურებს და რომლის მსგავსიც სხვა სპორტებშიც ძაან გვჭირდება.

                                ზაქრო ფირსოვი, ვალიკო სტარშინოვი

:::