ჟენევური ოქმი ნაპოვნია!

შეიძლება მავანი არ დაგვეთანხმოს, მაგრამ ქართველ მობურთალთა უდიდესი გამარჯვება იგია, კალათბურთელებმა 46 წლის წინ, ჟენევაში, რეალის ძლევით რომ მოიპოვეს. მაშინ "დინამომ" შინ ევროპის ჩემპიონთა თასი ჩამოიტანა, მაგრამ დრო ისე უკუღმართი იყო, რომ აორთქლდა ოქმი, და არც ფოტო და კინო მასალა მოგვეპოვებოდა სულ ბოლო ხანებამდე.

კალათბურთის თემს ის ეპოქალური გამარჯვება არ დავიწყნია, ახსოვს. XXI საუკუნეში აღინიშნა ჟენევის მატჩის 40 და 45 წლის თავები, ჩვენმა კოლეგამ, ვაჟა დანელიამ კი წლობით ნაგროვი და მის მიერვე მოძიებული ახალი მასალები 120-გვერდა წიგნად ჩამოქნა და "ევროპულ ოდისეად" გამოსცა.

ბოლო იუბილეზე მწერალმა დათო ტურაშვილმა ესპანეთის არქივში მიკვლეული ფოტო გამოამზეურა. გავისარჯეთ ჩვენც, ოლიმპელები. ჯერ კიდევ 2003 წელს, საღადაო სახელიან, მაგრამ ფრიად სერიოზულ რუბრიკაში << ორღაშის ტრიბუნა >> დავსახეთ სამოქმედო გეგმა, მაგრამ იგი ყურად არავინ იღო. ჰოდა, შარშან, დეკემბერში, საქმეს ისევ ჩვენ შევეჭიდეთ და აგერ, პირველი შედეგიც მოვიმკეთ.

>>    დედანი [pdf]
>>    ქართულად [pdf]

თქვენს წინაშეა ჟენევის მატჩის ოქმის ქსერო-ასლი და მისი გადმოქართულებული, გათანამედროვებული და ჩასწორებული ვარიანტი. "ოლიმპის" მიმართვის პასუხად, "ფიბა ევროპის" კომუნიკაციათა მუშაკმა, საკის კონტოსმა მიაგნო 1962 წლის საქაღალდეს, მისი ბოლო, 23-ე ოქმი დაასკან(ერ)ა და გვიმეილა.

ნომრები არ ემთხვეოდა

"ოლიმპში" პიდიეფ-ფაილი რამდენიმე ცალად ამოვბეჭდეთ და გულდაგულ ანალიზს შევუდექით. პირველ ყოვლისა, თვალი გაგვექცა დოკუმენტის მარცხენა ნახევრისკენ, სადაც მოთამაშეები და მათ მიერ მოგროვილი ქულები იწერება, მაგრამ იმედი გაგვიცრუვდა:

იმ ხანის "დინამოს" შემადგენლობა ზეპირად ვიცით, მაგრამ ნომრები არ ემთხვეოდა იმათ, რაც ფოტოებზე გვინახავს. სიისთვის თვალის გადავლებამ ვითარებას ნათელი მოჰფინა: ჩვენებს სამდივნოსთვის გადაუციათ რუსულ ანბანზე გაწყობილი, ოღონდაც გადალათინურებული ნუსხა და ფიბასაც თავი აღარ შეუწუხებია მისი გადამოწმებით.

ჩამონათვალში თითქმის ყველა ქართული გვარი დამახინჯებულია (კორკეი ლეგარა მენაშველე სხეველი). სულ დინამოში 12 მოთამაშე წერია, ხოლო რეალში 11. ჩვენგან ზედმეტია ანტონ კაზანჯიანი, ვინც შვეიცარიაში არ წაუყვანიათ. ესპანელებს პირველ გრაფაში ლიცენზიის ნომრებიც უწერიათ და მთელი ეს ბლოკი ნამატჩევს, საბეჭდი მანქანით დამატებული ჩანს სხვაფრივ სულ ხელით შევსებულ ოქმზე.

მონაწილენი დაგვეხმარნენ

ანონიმ ჟენეველ მდივანს (გვარი ვერ ამოვიკითხეთ) კალიგრაფია კარგი ჰქონია. ოქმში გადახაზვით გადაშლილი და ზედ-გადასმით გადასწორებული არაფერია. თავიდან ბოლომდე მივყევით ანგარიშის დინამიკას და ვერც მანდ ვიპოვეთ შეცდომა, მაგრამ გამორიცხული არაა, რომ შემვსებს ნომრები არად ჩაეგდო და მისთვის უცნობი საბჭოელი კავკასიელები ხანდახან მაინც არეოდა ერთმანეთში.

ოქმის გადმოქართულებისას ხელახლა დავთვალეთ ქულები. მდივანს დაჯამვისას, სიჩქარეში, ხუთი მოთამაშის მონაგარი თითო-ოროლა წერტით შეშლია. დინამოელთა ნომრების დაზუსტებაში დაგვეხმარნენ კაპიტანი გურამ მინაშვილი და გუნდის უმრწემესი (ყველაზე ახალგაზრდა) წევრი ამირან სხიერელი, რომელთაც ტელეფონით შევეხმიანეთ.

პირველ რიგში, შეგვაეჭვა ჩვენი 14 ნომრის თორმეტმა (12) ქულამ. გამორიცხვის მეთოდით უცნობი აღმოჩნდა ლამის ძალად ამატებული ცენტრი ალექსანდრე პეტროვი. აქამდე ზეპირად მოღწეული ტრადიციით, რუსი სპორცმენის წვლილი ჩვენს გამარჯვებაში იოტის ოდენი იყო, მაგრამ ბატონი ამირანის მოგონებებთან რომ შევაჯერეთ ოქმის მონაცემები, ყველაფერი დაემთხვა.

კაგებეშნიკურ თვალთვალში

დედანი ოდნავ ძველ-მოდურია: ფოლები უბრალოდ გადათვლილია (წუთის მიუთითებლად) და ორ ქულასაც არ უწერია, თამაშიდანაა მოპოვებული თუ წყვილი ჯარიმის ჩაგდებით. სამაგიეროდ, აღრიცხულია ტაიმ-აუტები და ისიც თვალში გეცემათ, რომ ბატონ გურამს, იმ კაგებეშნიკურ თვალთვალში, ხელი მაინც ქართულად მოუწერია.

ოქმის ანალიზით ცხადია, რომ ოთარ ქორქიას ცხრა მოთამაშის დატვირთვით უძლევია ფაქტობრივად 6-კაცა რეალი. ხუთი ფოლის გამო მოედანი სამ-სამ მეტოქეს დაუტოვებია. ჩვენგან ყველაზე შედეგიანი ყოფილა ვალერი ალთაბაევი, სულ კი ხუთი ქართველის მონაგარი გამოისახა ორნიშნა რიცხვით, რაც იშვიათი გუნდურობის დასტურია.

ფიბას წესიერებაში ეჭვი, აბა, რად შევიტანოთ და კიდევ ვიმეორებთ, რომ ოქმი ოფიციალურია. მისი გარჩევა ასოკირკიტა მკითხველს საამო განცდას მოჰგვრის, ჩვენდათავად კი შევნიშნავთ, რომ რეალი მეორე ტაიმის მე-13 წუთზეღა გაგვიტეხია, როცა ზედიზედ აგვიღია 7 ქულა და თერთმეტით დავწინაურებულვართ.

მივლინებაა საჭირო

აქამდე დაკარგულ მონაცემთა გამოქვეყნება ჟენევის გამარჯვების შემოქმედებს უეჭველად გაახსენებს მივიწყებულ დეტალებს. მომავალი თაობებიც ალბათ უკეთ გაიაზრებენ მომხდარის მნიშვნელობას. ეგებ ეშველოს ქართულ კალათბურთსაც, ვისი ამჟამინდელი მდგომარეობაც ტრადიციას ვერ შეეფარდება.

ძიება კი უნდა გაგრძელდეს. საშური საქმეა იმავე კამპანიის ყველა სხვა თამაშის (მეტადრე, ცეესკასთან გარეთ და შინ მოგებების) საბუთთა გამომზეურებაც. საამისოდ მიუნხენში, ფიბას არქივში და ჟენევაში, მატჩის გამართვის ადგილას მკვლევართა მივლინებაა საჭირო, რათა მოინახოს თამაშის ფოტოები, რეცენზიები და ეგებ, ქრონიკის რგოლიც, რომელიც ნამდვილად არსებობს - ნოდარ ქორქიას პოლონეთში უნახავს!

:::