დვალი მიუვლენიათ

   @   ქართული რაგბის 1959-2009 წლების ისტორიის სერიალურ თხრობაში ამ, ერთი წერილით ვინაცვლებთ აწ უკვე შორეულ, 1936-40 და 1947 წლებში, რაღაი მოძიებულ იქნა მასალები, რომლებიც აქამდეც ცნობილ, მაგრამ ოდნავ სათუოდ მიჩნეულ ვერსიებს ამყარებენ.  

წლეულს უწყვეტად რაგბობის ნახევარ საუკუნოვან იუბილეს ვზეიმობთ, მაგრამ როგორც სულ პირველ ნაკვეთში გვეწერა, XX საუკუნის პირველ ნახევარში იყო რამდენიმე მცდელობა ოვალურ-ბურთა თამაშის რესპუბლიკაში დანერგვისა. მათგან სამი წვრილადაა აღწერილი გაბრიელ ბარჯაძის წიგნში "რეგბი, რეგბი!" რომელიც 1988 წელს გამოიცა (გვ. 13-16)

შესავალში ხსენებულ მასალებს საჯარო ბიბლიოთეკაში ახლახანს მიაგნო ინჟინერმა და სპორტის სტატისტიკოსმა ალექსანდრე "მიტო" ქურდობაძემ. 1919 წელს ვაკის პარკის მიდამოში, ხოლო 1929 წელს ფოთში რაგბობა ჯერჯერობით იქეთ იყოს და ყოველკვირეულ გაზეთ "ფიზკულტურელში" (რედაქტორი ვ.დევაძე) ნაპოვნია დასტური იმისა, რომ ბარჯაძის ნაშრომში მოტანილი გიგა დვალის ვერსია სარწმუნოა.

 მაგრამ რად დუმდა?

წიგნში წერია, რომ მოხუცებული დვალი 1987 წლის მარტში მივიდა კლუბ "შევარდენის" გახსნაზე და გაიხსენა, რომ 1937 წელს, ლ.ბერიას სახელობის თბილისის ფიზკულტურის ტექნიკუმში სწავლისას, დირექტორმა თედო სხირტლაძემ მოსკოვს მიავლინა "რეგბის სასწავლო შეკრებაზე" (უჩებნო-ტრენიროვოჩნი სბორ პო რეგბი).

მემუარის თანახმად, შინ დაბრუნებულ გიგას მოუწყვია სემინარი, რომელზეც რაგბთან უზიარებია ბორის კვინიხიძე, ლევან ღუდუშაური, ლევან გიორგაძე; 1940 წელს კი, ახლანდელი ვაკის პარკის ადგილას, ჯერ კიდევ მეფის დროიდან მოქმედ სპორტულ მოედნებზე, გაუმართავს თბილისის პირველობა, რომელიც მის გუნდს, "დინამოს" მოუგია.

დვალის უეცარ გამოჩენას ქართული რაგბის იმჟამინდელი და ყოფილი მესაჭენი და მეისტორიენიც ეჭვით შეხვდნენ, რადგან ეს კაცი ბარემ მეოთხედი საუკუნე სცნობიათ და მისგან მანამდე, მეტადრე კი "რეგბისტთა" მოამაგე კვინიხიძის სიცოცხლეში, არასოდეს გაეგონათ, რომ ოვალურ ბურთთან ყოფილა წილნაყარი.

 ელიზაროვის დასკვნა

დვალმა წარმოადგინა ორი ფოტო, რომლებიც იმხანად არა, მაგრამ XXI საუკუნეში გამოცემულ, დათო თაქთაქიშვილისა და ცეზარ დარჩიას ნაშრომებში კი დაიბეჭდა. საჯაროში მიკვლეული ცნობებიდან ირკვევა, რომ ერთზე მართლაც 1937 წლის მოსკოვის შეკრებაა ასახული, ხოლო მეორეზე გამწკრივებული, თავ-ხოტორა გუნდი თუ რამდენადაა 1940 წლის თბილისის (!) დინამო, ძნელი სათქმელია.

მაგ დროს "ფიზკულტურელი" აღარ გამოიცემოდა - მოახლოებული ომის გამო 1939 წლის თებერვლის ბოლოს დაიხურა. სამაგიეროდ, 1936 წლის ორ ნომერში (15/12 18/12) ვრცელი, გვერდის სამი მეხუთედის ტოლა, რაგბის გასაცნობი სტატიაა დაბეჭდილი, 1937 წელს კი სამჯერ (15/04 16/05 22/05) წერია მოსკოვის შეკრებაზე.

დიდი, რუსული სტატიის ავტორია ელიზაროვი, ვინც ტფილისელი ჩანს, გაზეთის სხვა ნომრებში (მძლეოსნობის) მწურთნელად მოიხსენიება და ასკვნის, რეგბი საქართველოს ფიზკულტურელებზე ზედგამოჭრილიაო; მოკლე ცნობებში კი შეკრების წამყვანებად დასახელებული არიან სპანდარიანი, ჟან ნო, პოლიაკი და რაც მთავარია, სტუდენტი დვალის მივლინების ბრძანებაც წერია.

 მიფუჩეჩებული ბოლო

ბარჯაძის წიგნში, 1947 წელს, თბილისში, დინამოზე გამართულ "სამი ქალაქის მატჩზე" მისი მონაწილე, შემდგომში ხელბურთის ცნობილი მწურთნელი, გიორგი შარაშიძე ყვება, რომ ფიზკულტურის ტექნიკუმში გუნდი სახელდახელოდ ჩამოყალიბდა, ბარემ თვე-ნახევარი ივარჯიშა და "შეჯიბრში თავი ბევრი ვერაფრით გამოიჩინა".

შარაშიძემ 40 წლის წინდელი თავგადასვლის გახსენებისას ცხრა მობურთალი და ორიც უფროსი ჩამოთვალა. აქამდე მოატანა გუნდისა და თამაშის თითო ფოტომაც. "ლელო" ჯერაც რომ არ გამოიცემოდა, ქურდობაძემ შეისწავლა "კომუნისტი", "ახკომი" და "ზარია ვასტოკა". კომუნისტი რაგბზე დუმს; ახკომში (13/09) ოდენ შეჯიბრის მოკლე ანონსია სათაურით "საინტერესო სპორტული სანახაობა", ხოლო რუსულ გაზეთში აფიშაცა (14/09 16/09) და მიმოხილვაცაა (19/09).

აქედან ირკვევა, რომ წაგვიგია სამივე მატჩი, მათ შორის ბაქოსთან. სამ-ნაკვეთიანი სტატია ხელმოუწერელია და საქინფორმის მასალას ჰგავს. მოთამაშეთაგან ნახსენებია მხოლოდ მოსკოვის "ბურევესტნიკის" წევრი კურინკოვი, ვინც მოსკოვისვე "დინამოს" გადამწყვეტი ლელო დაუდო, ბოლო რაუნდი კი სულაც მიფუჩეჩებულია - ანგარიშებიც კი აღარ წერია, რაც გვაფიქრებინებს, რომ ან საზარლად დავმარცხდით და ანაც ავტორი თამაშებს არ დასწრებია.

>>>    1947

სამი ქალაქის მატჩი
თბილისი, ლ.პ.ბერიას სახ. "დინამოს" სტადიონი

  ორ 15/09   ბაქო   0:33   ბურევ
   თბილისი 0:28   დინამო

  სამ 16/09  

ბურევ  

3:0  

დინამო

   თბილისი 3:11   ბაქო

ოთხ 17/09  

ბაქო  

0:x  

დინამო

   თბილისი 0:x   ბურევ

 ქალაქთა 1947  

მ-წ  

გატ:გაშ

 ბურევესტნიკი (მ)  

3-0  

(36:0)

 დინამო (მოსკოვი)  

2-1  

(28:3)

 ნეფტიანიკი (ბაქო)  

1-2  

(11:36)

 ფიზკ.ტექნიკ (თბ)  

0-3  

(3:39)

თბილისი: გიორგი შარაშიძე, გივი კარტოზია, კონსტანტინ დაროვსკი, ერნესტ მაროტი, შოთა ვარსემაშვილი, მიხეილ ზუბკოვი, რემ პოლიტოვი, ავთო მაღრაძე, ავთო დოდაშვილი ... * მწ ვლადიმირ ციგანკოვი (მოსკოვი) * მნჯ ბორის თავართქილაძე

<<< >>>