ჩაცუცქულან (მარცხნიდან): უცნობი,
ანზორ საღირაშვილი, კობა ოსიაშვილი, გივი ჯავახიშვილი, მერაბ რუაძე, დემურ მეზურნიშვილი, რეზო ზუკაკიშვილი

დგანან: უცნობი, უცნობი, ვახტანგ ბედიაშვილი,
ბიჭიკო დათუაშვილი, ორესტ დიმიტრიადი,
გია კოპალეიშვილი, ალექსანდრე რუსანოვი,
როლანდ ჭოტაშვილი, რამაზ დათუნაშვილი, უცნობი, ჟაკ ასპეკიანი

როგორ დაიწყო ჟაკმა

   ქართული რაგბის მიღწევები უდაოა. არადა, ოვალურ-ბურთა თამაშს ჩვენში გაისადღა უსრულდება დანერგვიდან 50 წელი და ეროვნული ნაკრები, "ბორჯღალოსნებიც" 20 წლისა მაშინვე მოიყრება.

ჩვენი საკრალური რიცხვი ცხრაა, რაც მაგდენ-თვალა მზეში, თავიან დევსა და გმირ ძმებში აისახა. სიმბოლურია და ქართული რაგბის მატიანეშიც სანიშანსვეტო ამბები მეტწილად ცხრით დასრულებულ წლებში, ანუ ახალი ეპოქის დადგომის წინ ხდებოდა.

დღესდღეობით დადგენილი ფაქტია, რომ ხუთშაბათს, 1959 წლის 15 ოქტომბერს რომ შევუდექით ქართველობა რაგბობას, მას აქეთ აღარ დაგვიგდია ეს ვაჟკაცური საქმე და იმოტოლა ნიჭიც გამოვიჩინეთ, რომ მსოფლიოს მოწინავე 15-ეულში დავიმკვიდრეთ ადგილი.

ნახევარ საუკუნოვან იუბილეს აღნიშვნა საკადრისი უნდა. ეს ბევრნაირად შეიძლება გაკეთდეს, საზეიმო ღონისძიებათა ნუსხის ერთი, ყველაზე უფანტაზიო მუხლი კი ის შეიძლება იყოს, რომ ბობოლათა დარად, ჩვენც ვეთამაშოთ მსოფლიოს, ევროპის ან სულაც სამეზობლოს (ერთა თასის) ნაკრებს.

ლელოსეული გენი

წიგნ-ნაკითხ ხალხს მოეხსენება, რომ არსებობს ისტორია და წინა-ისტორია, ანუ გადმოცემანი. ამ კატეგორიაში ქართული ლელო-ბურთი ჩაითვლება. იგი არსით რომ რაგბია, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. ასე რომ, საერთაშორისო ასპარეზზე გამარჯვებათა პირველ-მიზეზი ქართველთა ლელოსეული გენია.

ლელო ქრისტიანობის მიერ შეწყნარებული წარმართული თამაშია. დასავლეთ საქართველოში მღვდელი ყოველ აღდგომას აკურთხებდა წითელ ბურთს და მრევლს ათამაშებდა. ჰოდა, რომ ვერ გააკვირვებდა 1909 წლის მიდამოში ბრიტი მეზღვაური მეგრელსა და გურულს რაგბით, შეასწავლა ოდენ კოლხთათვის უცხო ხილი, ფეხბურთი.

შემდეგ სანიშანსვეტო, 1919 წელს საქართველო დამოუკიდებელი, დემოკრატიული რესპუბლიკა იყო. მაგ ხანაში დღევანდელ ვაკის პარკში ოფიცრობა და შევარდენელები ტანვარჯიშსა და ფეხბურთს მისდევდნენ და როგორც თემურ ბენდიაშვილი ყვება, 60 წლის შემდეგ მასთან მისულა პროფესორი დავროშაშვილი და მორაგბედ გასცნობია.

დავროშაშვილის ვერსია

დავროშაშვილი 1979 წელს მოხუცი, ემიგრანტი ქიმიკოსი ბრძანებულა. მისი თქმით, ვაკეში რაგბს თამაშობდა სამი გუნდი, რომელთაგან ორი ერთმანეთს ძმობდა, მესამე კი მათთან უბრად იყო. მომავალი მეცნიერი გასაბჭოების შემდეგ საფრანგეთს გადახვეწილა და რაგბი იქაც გაუგრძელებია, მოძმეთა გამო კი აღარაფერი გაუგია.

დავროშაშვილი ლოკომოტივის მოთამაშე-მწურთნელ ბენდიაშვილს შეპირებია, სტადიონზე კიდევ მოგაკითხავ და ნათქვამის დასტურად ფოტოსაც მოგიტანო, მაგრამ აღარ გამოჩენილა. დამოუკიდებლობის ხანის მასალები საბჭოეთში დახურულ ფონდებში ინახებოდა. ჰოდა, თუ ახლა მაინც გაიხსნა არქივები, ეგებ დაადგინოს პაატა ნაცვლიშვილმა, საქართველო ანტვერპენის ოლიმპიადაში აპირებდა მონაწილეობას თუ არა.

ათი წლის შემდეგ, 1929 წელს, ნეპის (ეკონომიკის წვრილმანი ლიბერალიზაცია) დაისზე, რაგბის თამაში ბრიტთა წაბაძვით მაინც, ბარემ ოცი წლის დაგვიანებით დაუწყიათ ფოთში. მარაქაში გარეულა თვით ყმაწვილი ბორის პაიჭაძე და მერე, ზეობაშიც ისე კეთილად ყოფილა განწყობილი რაგბის თემის მიმართ, რომ ამის აქტივს დინამოს სტადიონის დირექტორი ფედერაციის პრეზიდენტადაც აურჩევია.

უცხონი, თავ-გადახოტრილნი

კიდევ ათი წლის შემდეგ, 1939 წელს, გუნდი ჰყოლია დინამოს. ძველმა სპორცმენმა, გიგა დვალმა მაგ ამბებიდან 50 წლის შემდეგ კოლექტიური პორტრეტიც წარუდგინა გაბრიელ ბარჯაძეს. ფოტოდან შემოგვცქერიან უცხო ჯილაგის, მეტწილად თავ-გადახოტრილი ჯეელები, რომლებიც აქ უთუოდ "ენკავედეს" ხაზით იქნებოდნენ დისლოცირებული.

დვალის თანახმად, თბილისის გუნდს იმხანად გამართულ სამ საკავშირო პირველობაში არ უასპარეზია უსახსრობის გამო. მეორე მხრივ, ფიზკულტურელის ტოლებს სურათის წარმოდგენამდე თურმე არაფერი სმენოდათ რაგბთან მისი წილნაყარობის შესახებ, რაც გავრცელებული ფენომენია (გავიხსენოთ თუნდაც ვალოდია ჯინჭარაძე).

ფოტოები და მონაწილეთა მონათხრობი შემოგვრჩა 1949 წლისაც, როცა კოსმოპოლიტიზმთან ბრძოლის საბაბით სტალინის რეჟიმმა რაგბი აკრძალა. მანამდე ჩვენში კიდევ შეიქმნა გუნდი, ოღონდაც ზემოდან მითითებით. ფიზკულტურის ტექნიკუმის მოწაფეებმა, რომლებშიც შემდგომში დიდი მოჭიდავე გივი კარტოზია და ხელბურთის გურუ გიორგი შარაშიძე ერივნენ, მარცხი იწვნიეს "ქალაქთა შეჯიბრში".

მიხეილ ცხვედაძის ნებართვით

ათი წლის შემდეგ ტექნიკუმის გუნდის არსებობის ნივთ- მტკიცება, საბჭოეთშივე შეკერილი ყვითელი ბურთი ჯერაც შემორჩენილი ყოფილა: სპორტ-კომიტეტის საწყობის გამგის ვაჟი ჩამოწერილი ინვენტარით ვერის აბანოსთან რომ ლაღობდა, გადააწყდა ნოდარ ყიფიანს, ვინც მისგან ციმციმ და ძვირად შეიძინა ნივთი.

ასე მივადექით 1959 წელს. ყიფიანი მძლეოსანი, ათჭიდელი იყო, ტახტაროვთან ვარჯიშობდა და პოლიტექნიკურში (გეპეი, ქართულად სპი, ახლანდელი სტუ) სწავლობდა. მას "კამსამოლსკაია პრავდაში" ადრევე წაეკითხა ვრცელი სტატია რეგბის (როგორც მაშინ ეძახდნენ სრულიად საბჭოეთში) შესახებ და სიახლით დაინტერესებულიყო.

გეპეიში განცხადებაც გაეკრათ, მსურველებს რაგბის წრისთვის ვაგროვებთო. ინსტიტუტში ფიზაღზრდის კათედრას განაგებდა ამაგდარი კალათბურთელი მიხეილ ცხვედაძე, ვინც დათანხმებოდა ქალაქში თერძად (მკერავი) ცნობილ სომეხ ფრანგს, ჟაკ ასპეკიანს (იწერება ჰასპეკიან), რათა ამას უცხო თამაშის დანერგვა ეცადა.

სხვა საქმესაც დაეძებდა

ჟაკი ძირით მარსელიდან იყო და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, "სოციალისტური სამოთხის" დასაჭაშნიკებლად, ჩასულიყო საბჭოთა სომხეთში, მაგრამ იქ რომ არ მოწონებოდა, ნათესავებთან თბილისში გადმოსულიყო. რეპატრიანტს ჯეელობაში ლიონში რომ ეთამაშა რაგბი, საბჭოეთში ბურთიც წამოეღო, მაგრამ იგი მარგად თბილისშიღა გამოიყენა.

ხრუშჩოვი იმხანად დასავლეთს ეკეკლუცებოდა და საბჭოთა წყობის ჰუმანურობას უმტკიცებდა. ჩვენში რაგბის დაბადებამდე ორი წლით ადრე მოსკოვში რომ მოეწყო "ახალგაზრდობის საერთაშორისო ფესტივალი", სტუმრებმა ოლიმპიურ მოძრაობაში უკვე ჩაბმულ მასპინძლებს შეახსენეს სამი მივიწყებული სპორტი: მშვილდოსნობა, ბადმინტონი და რაგბი.

ძველ ველოსიპედისტ ჟაკს ცოლად ქართველი ბალერინა შეერთო და მკერაობის გარდა, ალბათ სხვა საქმესაც დაეძებდა. მარიფათიანი სომეხი უთუოდ შეიტყობდა რაგბზე დადებული ყადაღის ახსნას. ჰოდა, როგორც XXI საუკუნეში ბევრჯერ შენიშნა მემუარებში, ბარემ ორი წელი სდია სპორტის ხელმძღვანელ მუშაკებს და ბოლოს ცხვედაძე დაიყოლია.

სპორტული ტიპები მოაწყდნენ

ჟაკის მიმდევართა პირველი ნაბიჯების დადგენა-გამოქვეყნებაში ფრიადი წვლილი მიუძღვის ცეზარ დარჩიას, ვინც ყიფიანს მოძღვრად მიიჩნევს. სწორედ ბატონმა ნოდარმა გადაიღო პირველ ვარჯიშზე მისულთა ისტორიული ფოტოც და ამდენად, მასში თავად ვერ მოხვდა.

გეპეელთა ამ პირველი შეკრების ზუსტი თარიღი და ადგილიც გამორჩეული მეხსიერების პატრონმა ყიფიანმა შემოგვინახა. ვარჯიში გამართულა იმხანად ჯერაც ახალი, საბურთალოს იპოდრომის ხრიოკზე, ახლანდელი ეკლესიისა და ყოფილი ბაზრობის მიდამოში, სადაგ (არა-უქმე) დღეს, რაც კალენდარულადაც დასტურდება.

ნოდარ ყიფიანის თანახმად, ვარჯიში სისტემატურად, კვირაში სამჯერ ეწყობოდა. თანდათან შეიცვალა კონტინგენტიც - რაგბს სხვა სახეობებში გამოცდილი, სპორტული ტიპები მოაწყდნენ. ჟაკს მზირის ალღო ჰქონდა და დროდადრო ახერხებდა მოწაფეებიანად ნაღდ, სპორტულ მოედნებზე შეპარვას, რადგან იქედან მოყოლებული სულ ბოლო დრომდე, რაგბს არა წყალობდნენ ძლიერნი ამა ქვეყნისანი.

სადაა ის ბურთი?

ზამთარში სესიების, არდადეგებისა და თოვლის (თბილისში უწინ ბარაქიანად დადებდა ხოლმე) გამო ვარჯიში წყდებოდა და გაზაფხულზეღა ახლდებოდა. ვისაც რა გააჩნდა, იმით იმოსებოდა. დაახლოებით იმავე ხანებში (ვინც უწყის, ეგებ ცოტა ადრეც) ჟაკმა ნავთლუღში, ფეხსაცმლის ფაბრიკა "ისანშიც" დააარსა გუნდი და მას იმ დღეებში ამეცადინებდა, როცა ბურთი დაკავებული არ იყო.

დღეს სადაა ის ოვალი რელიკვია ან თუნდაც მისი ნაშთი, ძნელი სათქმელია, თუმც საუკუნეთა შესაყარზე მისი სამუზეუმოდ მოძიების იმედი ჯერაც ცოცხლობდა. თავად ასპეკიანი მესამე, სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის (მაშინ ვაკეში მდებარეობდა, მეცხრე საავადმყოფოს ადგილას) გუნდის შექმნისა და 1961 წელს, გივი მრელაშვილის მიერ ქალაქის სპორტ-კომიტეტში "რეგბის სექციის" გაფორმების შემდეგ თანდათან ჩრდილში მოექცა და 1964 წელს საფრანგეთში მიბრუნდა.

ქართული რაგბის მესაძირკვლეთა ვინაობის დადგენაზე იმუშავეს ცეზარ დარჩიამ, გაბრიელ ბარჯაძემ, დავით თაქთაქიშვილმა და სხვა ვეტერანებმა, მაგრამ პირველი ვარჯიშის ოთხი მონაწილე დღემდე უცნობია. სხვაფრივ, კვლევის შედეგი ყველაზე სრულადაა ასახული 2006 წელს გამოცემულ, ელგუჯა ბერიშვილის "სპორტის ენციკლოპედიაში" (სტატიის ავტორი მამუკა ჩიხლაძე, მკვლევარი იაგო სავანელი)

<<< >>>