მრელაშვილმა გადაიბარა

   @ ქართული რაგბის ისტორიის სერიალური თხრობა იმით შევწყვიტეთ, რომ 1959 წლის ოქტომბერში, რეპატრიანტ ჟაკ ასპეკიანის თაოსნობით, პოლიტექნიკურის სტუდენტები იპოდრომზე შეიკრიბნენ და ვარჯიში გამართეს, მალე კი ჩვენმა მარსელელმა განმანათლებელმა ფეხსაცმლის ფაბრიკა "ისანშიც" დააარსა გუნდი

ჟაკს ჩვენი აწ უკვე ვეტერანები ქალაქურ ყაიდაზე, ჟაკოდ მოიხსენიებენ. გურუს საფრანგეთიდან გამოყოლილი, ერთადერთი ბურთი რომ ჰქონდა, სპისა და ისანს დღე-გამოშვებით ავარჯიშებდა, 1960 წლიდან კი, ხან ინსტიტუტისა და ხანაც ქარხნის სტადიონზე (ახლანდელი შევარდენი), უქმეებზე სპარინგების გამართვა დაიწყო.

სტუდენტები მუშებზე ჯეელები რომ იყვნენ და ცხოვრების უფრო ჯანსაღ წესსაც მისდევდნენ, გადმოცემის თანახმად, სულ იგებდნენ. ამ, არა-ფორმალურ თამაშებს თავად ჟაკო სჯიდა, რაკი წესები სხვამ არავინ იცოდა. ასე გაილია რეგულარული რაგბობის პირველი წელი, რაც დაამშვენა კვირას, 1960 წლის 13 ნოემბერს, ბურევესტნიკზე (მერე და მერე ლოკომოტივზე) შეღწევამ (გინდაც შეპარვამ).

მოვლენა არ გამორჩენია "ლელოს" და ორი დღის თავზე, პირველ გვერდზე, ლოგოს ქვეშ გააშუქა მიხეილ "პრაფესორა" ზარგარიანის წყვილი ფოტოთი და განმარტებით, რომ ეს ლელობურთი კი არაა, არამედ ჩვენში ახლად დანერგილი (კულტივირებული) რეგბია და რომ სპი და რუსთავი (?!) "ორმხრივ საწურთნელ ვარჯიშს" შედგომიან.

შეჯიბრზე არ გაუშვეს

ქართულ სპორტულ პრესაში რაგბის ეს პირველი ხსენება კარგა ხანს მივიწყებული იყო და საუკუნეთა შესაყარზეღა გამოამზეურა ცეზარ დარჩიამ. მისივე მოწადინებით პირველი ვარჯიშისა და 1975 წლის ჩათვლით, ლამის ყველა სარაგბო მოვლენის მონაწილემ, ნოდარ ყიფიანმა გაიხსენა ანგარიში - 35:5 სპის სასარგებლოდ.

ამასობაში ჟაკომ იმდენი იხერხა, რომ სასოფლოშიც დააფუძნა გუნდი და 1961 წლის გაზაფხულზე სამი კოლექტივი ერთ წრედ გააჯიბრა. სპიმ (ქალაქურად გეპეი) იოლად ძლია ისანი და სსი (ქალაქურადვე ესხაი, ხოლო აგდებულად გლეხ-უნტი).

ასპეკიანმა და ყიფიანმა სოლოლაკშიც მიაკითხეს სპორტ-კავშირს (შემდგომში სპორტ-კომიტეტი, ბოლოს დეპარტამენტი), რათა მინსკში დანიშნულ სტუდენტურ შეჯიბრზე წაყვანათ ნაკრები, მაგრამ უარი მიიღეს და ლენინის (თავისუფლების) მოედანზე რომ ჩავიდნენ, რადიომ გამოაცხადა, გაგარინი კოსმოსში გაფრინდაო, რაც იმას ნიშნავს, რომ უშედეგო ვიზიტი 1961 წლის 12 აპრილს შემდგარა.

ჟაკოზე მეტი ფხა

მალე, ზაფხულის არდადეგებზე, მშობლიურ თბილისში ჩამოვიდა მოსკოველი სტუდენტი გივი მრელაშვილი, ვისაც საბჭოთა ენციკლოპედია სამამულო რაგბის ერთ-ერთ ამღორძინებლად მიიჩნევს, და შინ თამაშის არსებობა შეიტყო. 24 წლის ყმაწვილი შემოდგომაზე მთლად გადმოსახლდა აქეთ, შემოიკრიბა ახლობლები, ჟაკოზე მეტი ფხა გამოიჩინა და მალევე, 1961 წლის დეკემბერში, თბილისის რაგბის სექციის შექმნით ოფიციოზს აცნობინა ახალი თამაში.

ცხოვრება და მით უფრო სპორტი, შეჯიბრია. მრელაშვილი ასპეკიანზე ახალგაზრდა და ნასწავლი ხომ იყო და თბილისელობის გამო, გადამთიელზე მეტგანაც მიესვლებოდა. ჰოდა, იმხანად ოდენ 4-გვერდა "ლელოში" დაბეჭდა ვრცელი სტატია, რომელშიც უცხო ხილი გააცნო საზოგადოებას და იმედიც გამოთქვა, "საქართველოს გუნდები" (ხაზგასმა ჩვენია!) წარმატებით გავლენ საკავშირო ასპარეზზეო.

მოსკოვში რაგბ-ნასწავლი მრელაშვილი მწურთნელად სასოფლოში დადგა, ხოლო ასპეკიანი დარჩა პოლიტექნიკურსა და ისანში, სადაც გუნდი ერობრივად ერთობ ჭრელი იყო და თანაც შეეძლო ესარგებლა მეზობელი საავიაციო ქარხნის თვითმფრინავით. მაშინვე თბილისში დამზადდა მრგვალ-კამერიანი რაგბის ბურთები, ლეიბის პირის მასალით შეიკერა ზოლიანი კვართები, თერძმა ჟაკომ კი გივი გამოაწყო მოკლე-სახელოიან პიჯაკში, რადგან ქსოვილი ვერ ეყო.

წელიწადში ოთხი სტატია

სექციამ 1962 წლის აპრილში, სპის სტადიონზე (ენერგეტიკოსთა კორპუსის ეზოში) გამართა ქალაქის პირველი ოფიციალური პირველობა, მრელაშვილმა კი "ლელოში" წლის ბოლომდე გამოაქვეყნა კიდევ ოთხი სტატია, რითაც მომხდარი დოკუმენტურად ასახა და ისტორიკოსებს საქმე გაგვიადვილა. შემდეგი პირველობა მოეწყო შემოდგომაზე და კვლავ სპის გამარჯვებით დასრულდა, ამ მოვლენებს შორის კი რამდენიმე სანიშანსვეტო ამბავი მოხდა.

ფაქტობრივად მრელაშვილის ნაცნობობით, ფორმალურად კი "საქალაქო სპორტ-კავშირის მოწვევით", თბილისში ჩამოვიდა "მოსკოვის პირველობის პრიზიორი", ტრუდი, ვისაც სპის სტადიონზე ორჯერ შეება ქალაქის ნაკრები. ჩვენი გუნდი ჩემპიონ პოლიტექნიკოსთა ბაზაზე დაკომპლექტდა, მსაჯად კი დადგა რუსული რაგბის ზე-ოღრაში ანატოლი საროკინი, ვინც თბილისელებს თამაშის შემდეგღა აუხსნა, თუ რისთვის აჯარიმებდა.

დღევანდელი გადასახედიდან, "ქართველთა პირველი საერთაშორისო თამაში" კვირას, 1962 წლის 29 აპრილს გაიმართა. "ლელო" ყვება, გაწაფული მოსკოველები ხელდახელ თამაშობდნენ და ბურთი ფრთიდან ფრთაზე სწრაფად გადაჰქონდათ, მაგრამ გამოუცდელი თბილისელებიც თავს მედგრად იცავდნენ, "ხელით იჭერდნენ ბურთიან მოწინააღმდეგეს და შლიდნენ მათ კომბინაციებსო" (ხელით დაჭერას სხვა თამაშებზე გაზრდილი მკითხველი ალბათ მკრეხელობად აღიქვამდა!)

პირველი ლელო, ყიფიანისა

ტრუდმა მე-20 წუთზე დაგვალელოვა, მალე კი ჯარიმა ან არეკნიც შეგვიგდო (იმხანად, გარდასახვის გარდა, ბურთის ნებისმიერი სხვა ხერხით გატანა სამ ქულად ფასობდა). მეორე ტაიმის დასაწყისში ანგარიში 0:9 გახდა, მერე კი ინიციატივას ქართველები დაეუფლნენ. პირველი ლელო გუნდის თავმა, ყიფიანმა შეიტანა, 70-ე წუთზე კი ანგარიში სულაც გათანაბრდა 9:9.

გაზეთის მიხედვით, ტრუდმა "დამშვიდებით გადმოიტანა ბურთი ჩვენს ნახევარზე" და 75-ე წუთზე "შეძლო გადამწყვეტი ბურთის მიწაზე დაშვება" (ლელო დაგვიდო), ყიფიანის ვერსიით კი საროკინმა 10 მეტრის წესის დაუცველობისთვის ჯარიმა ზედიზედ წაწია წინ და იმათ ბოლოს კარშიც დაკრეს. ჰოდა, საბოლოო ანგარიში ორივე შემთხვევაში მაინც 12:9 გამოდის მეტოქის სასარგებლოდ.

ნამატჩევს "სუძია" საროკინსა და ტრუდის მწურთნელს, მერე და მერე არანაკლებ ოდიოზურ მსაჯს, ანდრეი დანილოვს ძაან უქიათ ჩვენები. ყიფიანისვე ნაამბობით, რე-მატჩი იქვე გამართულა ოთხშაბათს, 2 მაისს და რაკი ჩვენები წინა დღით აღნიშნული "მშრომელთა საერთაშორისო დღის" გამო ნასმურევნი ბრძანდებოდნენ, ცოტათი (0 ან 3) ბევრზე (დაახლოებით 33) წაუგიათ.

შეაცურა და დაახტა

ამ ამბის შესახებ გაზეთი დუმს. სამაგიეროდ, რაგბის თემში ბევრს გაუგია, რომ მაესტრო ოდისეი დიმიტრიადმა "რეგბისტ" ვაჟიშვილს მოედნის კიდიდან შეუკურთხა, გრცხვენოდეთ, ვისთან აგებთო! და კიდევ, ამხანაგ საროკინს ყიფიანისთვის გაგანია თამაშში აუხსნია, რომ ჯარიმა კარში ხელიდან კი არა, მიწიდან ირტყმება, რაღაი ჟაკოს, თუმც ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ნაღდი კია, რომ ავსტრალიური ფეხბურთის სტილში ეწურთნა შეგირდები.

სასოფლოში რაგბს წყალობდა ფიზაღზრდის კათერის გამგე, თედო სხირტლაძე, მაგრამ გუნდი "რესპუბლიკის გარეთ" პირველ ტურნეზე მაინც თავისი ხარჯით გაემგზავრა. მოსკოვში ბიჭებს სპარტაკმა უმასპინძლა და ოჯახებში ჩამოარიგა. თამაში პარასკევს, 1962 წლის 6 ივლისს გაიმართა. მეტოქემ სამი ჯარიმა შეგვიგდო და 9:6 მოგვიგო, საუკეთესო ლელო კი ალეკო მანჯგალაძემ გაიტანა ბურთის ფეხით შეცურებითა და ზედ დახტომით.

მოსკოვს მოყვა რიგა (იმხანად საბჭოთა ლატვია) და ახოვან, მარდ ვეფთან წვიმაში ბურთაობა. სულ ბოლომდე წინ ერთი ქულით ვიყავით, მაგრამ აქ ჩვენი ანონიმი 15 ნომერი (დაინდო ბიჭი დამწერმა!) შეცდა და იმათ 16:12 მოგვიგეს. სამაგიეროდ, აქეთა გზაზე 8:5 დაგვიმარცხებია იგივე მოსკოვის სპარტაკი.

ბურთს ხროვად მიყვებოდნენ

მრელაშვილის თანახმად, 1962 წლის ოქტომბერშივე მინსკში (ბელორუსია) ჩატარებულა სტუდენტთა ტურნირი, რომლის ფინალშიც სასოფლო დაგვიმარცხა მერე და მერე უძლეველმა ემვეტეუმ (ბაუმანის სახელობის მოსკოვის უმაღლესმა ტექნიკურმა სასწავლებელმა). თამაშს 18 ათასი (!?) კაცი დასწრებია, ტელე-რეპორტაჟის ერთ-ერთი წამყვანი კი ჩვენი დენის გირკელიძე ყოფილა.

"ლელოს" ამ შეჯიბრზეც არაფერი დაუწერია, ქალაქის საშემოდგომო პირველობა კი გააშუქა. მრელაშვილმა სტატიაში აღნიშნა, რომ რაგბი "პროგრესის გზაზეა", "თამაშში გამოისახა სქემა" და რომ "ბურთზე ხროვად გაყოლა, რაც ჩვენი სენი იყო, აღარ გვხვდება". აქამდე არსებულ სამ გუნდსაც დაემატა ორი - პედაგოგიური და სამედიცინო, ხოლო შეჯიბრი დაამშვენა გეპეი - ესხაის თამაშმა.

ჯერ სპი იგებდა 8:3, მერე სსი 9:8, მაგრამ 78-ე წუთზე ტარიელ ნებიერიძემ გაიტანა ლელო, რომელიც ეტყობა თავადვე გარდასახა და სპიმ 13:9 გაიმარჯვა. პოლიტექნიკურმა, ვისაც აწ უკვე მრელაშვილის თანა-მოსანგრე, ოთარ დოღონაძე წურთნიდა, ისანიც გაჭირვებით, 12:9 ძლია, ამისი შეფი ასპეკიანი კი ნაღდად იმითღა იქნებოდა დაკავებული, რომ დაებრუნებინა ფრანგული პასპორტი და საბჭოეთიდან სამშვიდობოს გაეღწია.

რა ერქვათ ისნელებს?

საშემოდგომო პირველობის შეჯამებაში ქებით პირველადაა მოხსენიებული პოლიტექნიკოსი ირაკლი კიზირია, ვინც რაგბი 1976 წლის ჩათვლით ითამაშა. იცვლებოდა თაობა. უფროსებმა, ნოდარ ყიფიანმა, ჯემალ ბერაძემ და მათმა ტოლებმა, ახალი პატრონი, სპარტაკი მონახეს და 1962 წელსვე მოიგეს გაზეთ "მალადიოჟ გრუზიის" თასი, რომელიც კონსტიტუციის დღის (5 დეკემბერი) მიდამოში გამართულა, მაგრამ "ლელო" ამაზეც დუმს.

დასასრულ, თხრობის სისრულისთვის შევნიშნოთ, რომ 1960-62 წლების გუნდების სიები და ფოტოები გამოქვეყნებულია ჟურნალ "რაგბის" (დირექტორი თამაზ მგელაძე) 2001 წლის ნომრებში, მაგრამ ვაგლახ, რომ ისნელთა მეტი წილის არათუ სახელები, ინიციალებიც კი მივიწყებულია.

>>>    პირველი გუნდები

სპი (გეპეი): 15 ჟაკ ასპეკიანი; 14-11 გივი ჯავახიშვილი, ტარიელ ნებიერიძე, ჯემალ ბერაძე, რამაზ გოგლიძე, თამაზ ცხაკაია; 10 გოგი ტონია, 9 გია ჩეჩელაშვილი / 1-3 თემურ მეზურნიშვილი, ზაურ მგელაძე, სიმონ ბილისაშვილი, დიტო ოსეფაიშვილი; 4-5 ორესტ დიმიტრიადი, რეზო მესხი; 6-8 ალბერტ კრიხელი, პავლე საფაროვი, ნოდარ ყიფიანი + რეზო ზუკაკიშვილი, ალექსანდრე რუსანოვი, ბიჭიკო სულიაშვლი, გივი მაზიაშვილი, ირაკლი კიზირია

ისანი: ასლან ბედოშვილი, სერგეი "კუმა" ლეშეშინი, მიხეილ გუნდიევი, ზაურ ტასოევი, კაკო ქუსიკაშვილი, შურა გოგლიძე + კონდახჩიანი, მეშკოვი, ლაზინსკი, აბაკუმოვი, ვახტანგოვი, სისოწინი, გალუსტოვი, რინებერგი, შუმკინი, ფილიპოვი, ვართანოვი, მოროზოვი, ბეკბულატოვი, კუხალეიშვილი, დავიდიანი, მირცინი, გნატენკო, რუდერმანი (ქარხნის სპორტ-კლუბის თავკაცი)

სსი (ესხაი): გოგი კალატოზიშვილი, სერგო ხაჭაპურიძე, ვალერი კორნევი, მურად თოფურიძე, რაჟდენ ენუქიძე, გენო ფირანიშვილი, ალეკო მანჯგალაძე, როლანდ კაპანაძე, შურა კიკვაძე, გოგი ყუფარაძე, გივი ფაჯიშვილი, კარლო კომლაძე, სიმონ გოგლიძე, გია წურწუმია, ალეკო ოჩიგავა, ოთარ ელოშვილი, ვიტალი სისაური, ნოდარ ქაჯაია, ამირან ლობჟანიძე, ზაურ ასლანიკაშვილი, იური უჯმაჯურიძე, ოთარ ხუჭუა, ამირან კვიტაშვილი, გივი მრელაშვილი

<<< >>>