განთიადი მესამეს შეწვდა

   @   ჩვენი რაგბის ისტორიის სერიალური თხრობა იმით შევწყვიტეთ, რომ პირველ ქართულ გუნდში, სპი-ში 1962 წლის ბოლოს თაობათა ცვლა დაიწყო. ახლებმა ქალაქის საშემოდგომო პირველობა წკიპზე მოიგეს, ძველებმა კი პატრონად სპარტაკი მონახეს და დეკემბერში "მალაძიოჟ გრუზიის" თასზე იპირველეს.

მაშინვე შეიქმნა რაგბის ახალი კერა - თსუ (დღევანდელი უნივერსიტეტი). ორშაბათს, 1962 წლის 10 სექტემბერს, თბილისის რაგბის სექციის თავკაცმა გივი მრელაშვილმა მესამე კორპუსის აუდიტორიაში შეკრიბა სტუდენტები და მწურთნელად წარუდგინა ისნის მოთამაშე კაკო ქუსიკაშვილი, ვინც სახუნტში ლიმიტით ჩარიცხულიყო.

"ლელოში" უნივერსიტეტი პირველად ნახსენებია 1963 წლის აპრილში, სტუდქალაქში გამართული "საკონტროლო შეხვედრის" გამო, რომელიც გუნდს გამოცდილ სასოფლოსთან (სსი) 6:32 წაუგია. იმავე თვეში ადლერში (კრასნოდარის მხარე) გამართულ სემინარს ერთბაშად შვიდი თბილისელი დასწრებია, მაშინ როცა წინა წლებში მრელაშვილის მიერ მოსკოვიდან გამოგზავნილი მიწვევები უპასუხოდ რჩებოდა.

მაყურებელი მოუმრავლდებაო

გაზაფხულზე ქალაქის პირველობა კვლავ პოლიტექნიკურმა (სპი) მოიგო, ზაფხულში კი (სავარაუდოდ ივნისში), მინვოდში (ჩრდილო კავკასია), ბურევესტნიკის (სტუდენტთა სპორტ-საზოგადოება) პირველობაზე გაემგზავრნენ სპი (მწურთნელი ოთარ დოღონაძე) და სსი (ჟაკ ასპეკიანი). ჩვენებმა ამ შეჯიბრში თავი ვერაფრით გამოიჩინეს, შემდეგი, საეტაპო ვოიაჟი კი აგვისტოში მოეწყო.

მანამდე, ივლისში გაცხადდა, რომ "(მეორე მსოფლიო) ომის შემდგომი" (კარგა ხანს დრო ამგვარად ითვლებოდა საბჭოთა რაგბში) პირველი საკავშირო შეჯიბრება სექტემბერში ჩატარდებოდა თბილისში, რაც მრელაშვილის ფხიანობას მოწმობს. მაშინვე ახალ სპორტზე წერას შეუდგა ო.ივდოშვილი (ოთარ გელაშვილი) და ივარაუდა, "როცა გულშემატკივრები რაგბის არსს სხვა თამაშთა მსგავსად ჩაწვდებიან, მასაც მოუმრავლდება მაყურებელიო".

პირველი ნაკრები

შეჯიბრებაში პროფკავშირულ სპორტ-საზოგადოებათა უკეთესო გუნდები უნდა გამოსულიყვნენ. მრელაშვილმა მოტვინა, რომ თბილისი ვერ მოიგებდა ვერც ბურევესტნიკის და ვერც სპარტაკის პირველობას, რის გამოც ახალი ზე-კლუბი, ხოლო რეალურად საქართველოს ნაკრები, შეაფარებინა "განთიადს", ვისი თავკაციც ივანე ბოჭორიძე იყო.

მსგავსი ოინი გამოიყენეს ლატვიამ და უკრაინამ და თბილისში მოავლინეს რიგის "დაუგავა" და ოდესის "ავანგარდი" (დღევანდელი კრედო 63). ბურევესტნიკის წიაღში საავიაციო ინსტიტუტმა (მაი) აჯობა უმაღლეს ტექ-სასწავლებელს (მევეტეუ) და სპარტაკისა და ტრუდის რჩეულნიც მოსკოვის გუნდები გახდნენ.

რეფმა შარი მოგვდო

განთიადი შეჯიბრისთვის გულდაგულ მოემზადა: ივლისში ისნის სტადიონზე (ახლანდელი შევარდენი) ძირითადი გუნდით 20:6 ძლია სტუმარი, მოსკოვის ვეტერინარული აკადემია (ემვეა), სათადარიგოთი კი 6:9 წააგო. ამას მოყვა ტურნე ბალტიაში, სადაც ჩვენებმა რიგის ტურნირში მეორე ადგილი დაიკავეს მოსკოველი მსაჯის, ანატოლი საროკინის გადამკიდე, პანევეჟისში (ლიტვა) ორჯერ დაამარცხეს ჟალგირისი, ლენინგრადში კი 20:6 აჯობეს სპარტაკს.

იმდროინდელ "ლელოში" არ წერია, მაგრამ მოვლენის მონაწილენი ყვებიან, რომ განთიადი ბოლო წუთამდე უგებდა მასპინძელ ვეფს, როცა რეფმა შარი მოსდო გოგი ტონიას, ბურთის განზე გაგორებით დრო გაგყავსო, და მასპინძლებს კარის წინ უბოძა ჯარიმა.

შეკრიბა და მიაყარა

ამით რიგამ თამაში ერთი ან ორი ქულით მოიგო, ბიჭებმა კი ისე იწყინეს დაჩაგვრა, რომ მავანმა ჯილდოდ ჩამორიგებული ლენინის პორტრეტიანი სამკერდე ნიშნები შეკრიბა და ორგანიზატორებს მიაყარა, რის გამოც მრელაშვილს უშიშროების კლანჭებიდან ჩვეული საზრიანობით მოუხდა შეგირდის გამოხსნა.

ექვსი გუნდის შეჯიბრი სექტემბრის ბოლოს, ათ დღეში გაიმართა. ორ-დღიანი პაუზა მხოლოდ მესამე რაუნდის (იმხანად "ტური") შემდეგ დაიგეგმა. რაგბი მაშინვე, წინდაწინ დათქმული პირობით, ბურევესტნიკიდან (ახლანდელი ლოკომოტივი) გაისტუმრეს სკაზე (ავლაბრის აღარ- არსებული სტადიონი) და აღარც "ლელოს" ფოტოგრაფი მისულა თამაშებზე.

უგვარო მეტოქეები

განთიადი დაბინავდა საბურთალოში, სასტუმრო "აფხაზეთში", მაგრამ რაღაც ჭირად იქვე შეასახლეს გასტროლებზე ჩამოსული, რუს დედაკაც მოცეკვავეთა ბარემ 100-სულიანი ანსამბლი, რამაც ჯერაც 26 წლის მოთამაშე-მწურთნელ მრელაშვილს, რეჟიმის დაცვის თვალსაზრისით, დამატებითი პრობლემები შეუქმნა.

"ლელოში" ხუთივე რაუნდი ოპერატიულად გაარჩია ი.ასათიანმა, ვინც იყო პირველი, თამაშის რაგბულად ანალიზი რომ სცადა, და გამოუცდელობისა და ტერმინოლოგიის არქონის კვალობაზე, საქმეს რიგიანად გაართვა თავი. ერთი კია, ახალ ხილს პატივი რომ აკლდა, რეცენზიებს არ ახლავს ოქმები, და რაგბეთის ზოგ კუთხეში დღემდე შემორჩენილი ტრადიციით, მეტოქენი გვარებით არ მოიხსენიებიან.

დაღლა დაგვეტყო

სტარტზე, რიგასთან, ტონიამ გაჭრა ხაზი და გაიტანა ლელო (ბურთი დააყოვნა საჯარიმო მოედანზე), ირაკლი კიზირიამ კი გარდასახა 5:0 (ლელო 1972 წლამდე სამ ქულად ფასობდა). იმათ შეგვიგდეს ჯარიმა, რასაც ტონიამ არეკნით უპასუხა 8:3.

რიგელთა მორიგ ჯარიმას მოყვა შეცდომა, ნოდარ ყიფიანის ლელო და კიზირიას გარდასახვა, ტაიმის ბოლოს კი მეტოქის არეკნი ძელს მოხვდა და მაინც გავიდა 13:9. მეორე ტაიმში თურმე დაგვეტყო დაღლა და გამოუცდელობაც (იგივე მეტოქეზეც ითქმის). მონაგარს სამი ქულაღა შევმატეთ, იმათ კი ლელო დაგვიდეს და გარდასახეს. ჰოდა, მოვიგეთ ორით 16:14.

ორგზის მფლობელი

მეორე თამაში კვირას, დღისით მოეწყო. სპარტაკი მოსკოვის თასის ორგზის მფლობელი ყოფილა და თვით "ევროპის უძლიერესი კოლექტივი" (?), ვარშავის აზს დაუმარცხებია! პირველ ტაიმში პირქარში მოგვიხდა რაგბობა. ჩვენებს სულ ხელდახელ, სხარტად უთამაშიათ და კიზირიას რამდენიმე მოსკოველთან "ძნელ ბრძოლაში" შეუტანია ლელო 3:0.

სპარტაკი ყველა (!) ჯარიმას თურმე კარში ურტყამდა და შუა ტაიმში გაათანაბრა ანგარიში, მაგრამ საათის თავზე კიზირიამ ახლოდან შეაგდო ჯარიმა და 6:3 მოვიგეთ, ხოლო ლიდერთა გარდა კარგად ურაგბიათ რეზო მესხსა და სერგო ხაჭაპურიძეს.

კრასტინშის გადამკიდე

ორი რაუნდის შემდეგ განთიადსა და ბურევესტნიკს ქულათა მაქსიმუმი ჰქონდათ. ჩვენ გამოგვაკლდა 10 ნომერი ტონია, ვინც მზარდი არქიტექტორი იყო და კუბას გაემგზავრა საერთაშორისო კონგრესზე. ანგარიში ხაჭაპურიძემ გახსნა "ძელებს შუა ბურთის გატარებით", მაგრამ "თანდათან მოგვეშალა აწყობილი მექანიზმი".

ამას დაერთო რიგელი მსაჯის, სიგუორდ კრასტინშის "არასწორი გადაწყვეტილებანი". 46-ე წუთზე ჩვენებს ბურთი საკუთარ ლელოში დაუდიათ, ანუ ლელო დაუცავთ, რეფს კი იმათ გატანილად მიუჩნევია. მერე, მრელაშვილის თანახმად, ხაჭაპურიძის მიერ შორიდან დარტყმული არეკნი ძელს მოხვედრია, თავად გივი კი კრასტინშს 58-ე წუთზე გაუძევებია და ჩვენები 14 კაცის ამარა დარჩენილან.

მარაოს სისტემა

მრელაშვილი ჟენია საცკოვთან მოსკოვში სწავლის დროიდან შეამხანაგებული რომ იყო, ძმურად უთავაზა, კრასტინშმა კი, ვინც განთიადის მოთამაშე-მწურთნელს წინა საღამოს სწვეოდა, თავი ზედმეტად გამოიდო. ამით ბრძოლა დასრულდა და მაიმ კიდევ რვა ქულა (ორჯერ სამს პლუს ორი) მოკრიფა 3:11, უკმაყოფილო მაყურებლები კი ნამატჩევს მოედანს შეესივნენ, რაც მაშინ სიახლე იქნებოდა.

მარცხმა ბიჭები გატეხა. ტრუდთან "არ იგრძნობოდა გამარჯვების სურვილი" და ნაკლებად ვიყენებდით "მარაოს სისტემას", ანუ ბეკებით არ ვუტევდით. მეორე ტაიმის დასაწყისში, 3:6-ზე, თურმე ათი (!) წუთი ვუტრიალეთ მეტოქის ლელოს და რამდენიმე დერეფანიც გავფლანგეთ. მრელაშვილს მოულოდნელადაც მიუწოდებია ბურთი ზაურ მგელაძისთვის, მაგრამ ამას ვერ დაუდია, კიზირიას კი ოთხჯერ "ტექნიკურად სწორად, მაგრამ სუსტად" დაურტყამს ჯარიმა.

ავანგარდი გავაბურთავეთ

იმ ხანად ბურთი გაბეყილი და ფარფატა იყო და სადგამზე შესმის მაგივრად მოედანზე ქუსლით ამოთხრილ კრატერში უნდა ჩაგესვა. რეცენზიაში გაკრიტიკებულია ჩვენი ორი ყოჩი, ექვსივე ქულა კი მრელაშვილს მოუნაგრებია. ბოლო რაუნდში მაჩანჩალა ოდესას ვხვდებოდით და მეორე ადგილზე გასვლის შანსი გვრჩებოდა, მაგრამ ჩვენი თამაშის წინ ტრუდმა მოუგო ბურევესტნიკს, ვისაც ჩემპიონობა დაბევებული ჰქონდა.

ავანგარდი განთიადმა გემოზე გააბურთავა. მე-9 წუთზე საკუთარ ნახევარზე წამოწყებული პასაობა სამი მბოჭავის გაბითურებით დაასრულა ხაჭაპურიძემ. მეორე ლელო გოგი კალატოზიშვილმა გაიტანა, მესამე მიკა კვინიხიძემ, მეოთხე კი, 35-ე წუთზე, გელა მიქაბერიძის პასით, ასლან ბედოშვილმა და პირველი ნახევარი 16:0 (4ლ 2გ) დასრულდა.

ჯიმი ვერელი

მეორე ტაიმში სხვაობა გაიზარდა 27:6. განთიადსა და სპარტაკს ქულები ტოლად მოუგროვდათ, მაგრამ მესამე ადგილი ჩვენ გვერგო პირისპირ მოგების წყალობით. "ლელო" შეჯამებაში წერს, რომ ჩემპიონს გადაეცა "პროფკავშირთა სპორტ-საზოგადოების საკავშირო საბჭოს გარდამავალი თასი", ტრუდსა და განთიადს ვიმპელები (სამკუთხა საკონწიალოები), სამივე პრიზიორ გუნდს კი სიგელები.

აქედან მოყოლებული, "ლელოს" რაგბზე წლის ბოლომდე აღარაფერი დაუწერია. სამაგიეროდ, ნოემბრის "დროშაში" (იმ ხანის "ბომონდი") "რეგბის საქალაქო სექციის თავმჯდომარემ", გივი მრელაშვილმა გამოაქვეყნა კაპიტალური სტატია "ფეხბურთის მრისხანე მეტოქე", რომელსაც ახლავს ოთხი შავ-თეთრი და ერთიც ფერადი ფოტო თარხან არჩვაძისა.

იქვე აღნიშნულია, რომ ყველაზე ტექნიკური და კორექტული (წესიერი) გუნდის პრიზი გადაეცა სპარტაკს, გადმოცემის თანახმად კი ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ ცნეს განთიადის (მანამდე გეპეის, ესხაის, სპარტაკის) კაპიტანი, 24 წლის "ჯიმი ვერელი" - შუა ბეკი (აქამდეც ცოცხალ ჟარგონზე "ტროშკა") ჯემალ ბერაძე.

>>>     პროფკავშირთა პირველი პირველობა

პარ 20/09 ვაკე
ტრუდი 69:0 ავანგარდი
ბურევესტნიკი 19:14 სპარტაკი
განთიადი 16:14 დაუგავა

კვი 22/09 ვაკე
ბურევესტნიკი 47:0 ავანგარდი
ტრუდი 3:3 დაუგავა
განთიადი 6:3 სპარტაკი

სამ 24/09 ვაკე
სპარტაკი 6:0 ტრუდი
დაუგავა 24:6 ავანგარდი
განთიადი 3:11 ბურევესტნიკი

პარ 27/09 ავლაბარი
ბურევესტნიკი 30:6 დაუგავა
სპარტაკი 50:8 ავანგარდი
განთიადი 6:20 ტრუდი

კვი 29/09 ავლაბარი
სპარტაკი 12:6 დაუგავა
ტრუდი 6:3 ბურევესტნიკი
განთიადი 27:6 ავანგარდი

თბილისი 1963  

ქ  

მ-წ*ფ  

გატ:გაშ

ბურევესტნიკი (მ)   8   4-1   110:029
ტრუდი (მ)   7   3-1*1   098:018
განთიადი (თბ)   6   3-2   058:054
სპარტაკი (მ)   6   3-2   085:039
დაუგავა (რიგა)   3   1-3*1   053:067
ავანგარდი (ოდ)   0   0-5   020:217

<<<    განთიადი

ჩამკეტი (15) სერგო ხაჭაპურიძე, გიორგი კალატოზიშვილი; ხაზი (14-11) ასლან ბედოშვილი, ჯემალ ბერაძე კაპ, გივი მრელაშვილი, ტარიელ ნებიერიძე, ზაურ ტასოევი; (10) გოგი ტონია, ირაკლი კიზირია; (9) მიშა ბენიაშვილი

პირველი ნომერი (1, ჰუქერი) გელა მიქაბერიძე; ბურჯები (2-3) ზაურ მგელაძე, ბაია ოქრუაშვილი, ოლეგ კობახიძე; მეორე ხაზი (4-5) რეზო მესხი, ორესტ დიმიტრიადი; მესამე ხაზი (6-8) მიკა კვინიხიძე, ამირან ლობჟანიძე, მურად თოფურიძე, ნოდარ ყიფიანი 

<<< >>>