ოლიმპიური უმოქმედობა

   @   ჩვენი რაგბის ისტორიის სერიალური თხრობა დავასრულეთ 1963 წლის სექტემბრის ბოლოს, თბილისში გამართული "პროფკავშირთა პირველი პირველობით", რომელზეც "განთიადის" სახელით მოასპარეზე საქართველოს პირველმა ნაკრებმა ექვს გუნდში მესამე, საპრიზო ადგილი დაიკავა.

"ლელოს", რომელიც კვირაში ხუთჯერ გამოიცემოდა, წლის ბოლომდე რაგბზე მეტი აღარაფერი დაუწერია, 1964 წლის იანვარში კი გოგი გუდაძემ გაზეთში შეაჯამა "დებიუტის წელი", საიდანაც ირკვევა, რომ ოქტომბერში სპი (პოლიტექნიკური) სწვევია ერევანს (სომხეთი), "ნაყოფიერი სეზონი" კი დაუგვირგვინებია ოთარ ნოზაძის ძალისხმევით დაწესებულ "მალაძიოჟ გრუზიის" პრიზს.

მასზე პოლიტექნიკოსებს ძველი მეტოქე, სასოფლო (სსი) 11:6 უძლევიათ, ნაღდი, არა-ნაკრები განთიადი 28:0, ხოლო უნივერსიტეტი (თსუ) 39:0. ავტორი დასასრულ აღნიშნავს, თამაში მარტო თბილისშია გავრცელებული და ვაგლახ, რომ გამარჯვებულებს სიგელები და დიპლომები არ ურიგდებათო, რაც ხუთწლედების, ვალდებულებების, პატაკებისა და მარშების ეპოქაში იმას ნიშნავდა, რომ რაგბი, მასში ჩაბმულთა და ამათი ახლობლების გარდა, არავის ადარდებდა.

სპი დინამოში

ამეების გამო ჩვენში შეჯიბრი 1964 წლის ნოემბრამდე აღარ გამართულა. როგორც "საქალაქო სექციის" თავკაცი გივი მრელაშვილი იხსენებს, იმ წელს სრულიად საბჭოეთშიც ჩაკვდა რაგბი. ყველაფრის თავი და თავი ტოკიოს ოლიმპიადისათვის მზადება და მასში მონაწილეობა იყო, რის გამოც არა-ოლიმპიური სახეობისთვის თანხები მას მერეღა გამოიყო, რაც ყველაფერი წარმატებით დასრულდა და ნიკიტა ხრუშჩოვიც მოასრიალეს ბრეჟნეველებმა.

უთამაშებელი მორაგბენი (იმხანად "რეგბისტები") უქმად მაინც არ მსხდარან. "ლელომ" თებერვალსა და ივლისში, თითო, ვრცელ-წარწერიანი ფოტოს გამოქვეყნებით შეახსენა საზოგადოებას, რომ ოვალურ-ბურთა თამაშს სული მაინც უდგას. შემოდგომაზე მრელაშვილი მოწაფეთა მშობლების, მიკა კვინიხიძის მამისა და რეზო გუდიაშვილის დედის, შუამავლობით ეღირსა აუდიენციას ბორის პაიჭაძესთან და "დინამოში" ააყვანინა სპი.

მაშინვე ფრანგული პასპორტი დაიბრუნა ჟაკ ასპეკიანმა და სამშობლოში მიბრუნდა, სასოფლოს გუნდმა კი ლელობურთში მოსინჯა ძალა და მხოლოდ ფინალი წააგო 10:13 მასპინძელთან, რესპუბლიკის უცვლელ ჩემპიონ ჩოხატაურთან. ზაფხულში განთიადი გემით ოდესას გაემგზავრა მეგობრულ ტურნეზე და არაერთ სპორტულსა და საყოფაცხოვრებო ფათერაკს გადაეყარა, სეზონის პირველი "ფინალი" კი კვირას, 1964 წლის 29 ნოემბერს მოეწყო სტუდქალაქში.

პირველად, ისანზე

გათამაშდა ქალაქის სპორტკავშირის თასი. დინამომ 29:6 ძლია უნივერსიტეტი. დეკემბერში გაჩაღდა "კონსტიტუციის თასი" (მალაძიოჟ გრუზიისა?), რომელშიც ხუთი გუნდი ჩაება: დინამო, განთიადი, უნივერსიტეტი, ლოკომოტივი და ისანი, ანუ თამაშის უძველეს კერებს, პოლიტექნიკურსა და სასოფლოს რაგბის გუნდები ოფიციალურად აღარ ჰყავდათ.

შეჯიბრს "ლელოში" რეგულარულად აშუქებდა დ.ჩუბინიშვილი, ვინც იმხანად უნივერსიტეტში თამაშობდა. კვირას, 13 დეკემბერს, ისანზე (ახლანდელი შევარდენი) პირველად რომ შეიბნენ შემდგომში დაუძინებელი მტრები, დინამო და ლოკომოტივი, პირველმა 16:0 გაიმარჯვა, მაგრამ წაგებულმაც "საკმაოდ გააზრებულად ითამაშა".

გაგანია ტურნირში, პიარის ყველა წეს-კანონის დაცვით, გაზეთში დაიბეჭდა ოფიციოზი, "რეგბის შემდგომი აღმავლობისთვის". მის თანახმად დინამოს ოსტატთა კლუბში გამართულა საქალაქო აქტივის გაფართოებული კრება, რომელიც მიძღვნია სპორტის ახალი სახეობის, რეგბის განვითარების პერსპექტივებს.

გავლენიანი ხალხი

სიტყვით გამოსულან სპორტის დამსახურებული ოსტატები, ბორის პაიჭაძე და გულო რცხილაძე, "რესპუბლიკის სპორტ-კავშირის ფედერაციის ბიუროს (რამდენი დონეა!) თავმჯდომარე შოთა ახვლედიანი, განთიადის შეფი ივანე ბოჭორიძე და უმსჯელიათ "ამ საინტერესო და ვაჟკაცური სახეობის" (თამამი შეფასებაა!) მომავალზე.

კრებამ მოისმინა და დაადგინა, რომ "ამ სახეობის შემდგომი განვითარებისა და ფართოდ დანერგვის უნარიანი ხელმძღვანელობისთვის" შექმნილიყო საქალაქო ფედერაცია. ჰოდა, სექციის დაარსებიდან სამი წლის თავზე, 27 წლის მრელაშვილმა რაგბის დასაწინაურებლად პრეზიდიუმში აარჩევინა სახელოვანი და გავლენიანი ხალხი:

"ფეხბურთის კარუზო" პაიჭაძე (თავმჯდომარე), "მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში" ნონა გაფრინდაშვილი (მოადგილე), ენვერ ქელბაქიანი (პასუხისმგებელი მდივანი), ბორის კვინიხიძე (სპორტ-კავშირის ძველი თავკაცი), ლევან აკოფოვი (საკოლმეურნეო ბაზრების სამმართველოს უფროსი), ესთეტი ჯიმშერ მუჯირი და სხვანი, სულ 11 პიროვნება.

ლახტის წრეში

ვაგლახ, რომ ბიჭებმა დაფასება ვერ შეიშნეს და ეს საპატიო ხალხი მალევე ჩააყენეს ძაან უხერხულ მდგომარეობაში. კვირას, 1964 წლის 27 დეკემბერს, ავლაბარში, სკაზე, ზემოთ ხსენებული "კონსტიტუციის თასის" გადამწყვეტი მატჩი იყო. დინამოს მაქამდელი სამი მეტოქე ჯამში 97:3 ეძლია, განთიადს კი 84:35, მაგრამ "საფინალო სასტვენი 20 წუთით ადრე" გაისმა და თამაში ჩაიშალა.

მსაჯი უნივერსიტეტელი სანდრო მელითაური იყო. ჩუბინიშვილის რეცენზია აღარ გამოქვეყნებულა. მის ნაცვლად რუბრიკით "ლახტის წრეში" დაიბეჭდა ორი აღშფოთებული მაყურებლის წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ 0:3 (ერთი ჯარიმით) ჩამორჩენილი განთიადი უშვერ- სიტყვაობდა და "დაძაბულობამ კულმინაციურ წერტილს რომ მიაღწია", მსაჯმა სათვალე მოიხსნა და გადააგდო (ამას ბებრები ყვებიან).

უსტარს რედაქციამ გაუკეთა მინაწერი, ესაო და გუნდმა "სამარცხვინო, ყოვლად დაუშვებელი საქციელი ჩაიდინა - საბჭოთა სპორცმენისთვის შეუფერებული ლანძღვა-გინებით დაატკბო გარემო", რის გამოც განთიადის საქციელი საქალაქო ფედერაციის "სპეციალური მსჯელობის საგანი" უნდა გახდეს და "უგვანონი შესაფერისად დაისაჯონო".

მთავარზე შეუშვეს

ინციდენტი ნაახალწლევს გაირჩა და "ლახტი მოხვდა მიზანს". ეტყობა დადგინდა, რომ "ფინალის" ჩაშლაში მეტ-ნაკლებად ორივე მხარეს მიუძღოდა ბრალი, რის გამოც ორ განთიადელს მიეცა ორი წლით პირობითი (!) დისკვალიფიკაცია და გუნდების კაპიტნებსაც გამოეცხადათ საყვედური (დინამოსას სასტიკიც კი!)

მერე ისე გაილია ხუთი თვე, რომ "ლელოში" ბრიტულ-ფრანგული "ხუთი ერის" (!) ანგარიშებისა და რაგბის საქები, ანატოლი საროკინის საგანმანათლებლო წიგნის რჩეული ადგილების თარგმნით დაწერილი სტატიების გარდა არაფერი დაბეჭდილა, რაც გვაფიქრებინებს, რომ წინა წლის ფინანსურ-საშეჯიბრო კრიზისი გაგრძელდა.

სეზონი ნაღდად გაიხსნა ოთხშაბათს, 1965 წლის 23 ივნისს, დინამოს სტადიონის მთავარ მოედანზე, სადაც "რეგბისტებს" მათივე პატრონის, პაიჭაძის გარდა სხვა ვერავინ შეუშვებდა. ამხანაგური შეხვედრა გამართეს "რესპუბლიკის უძლიერესმა გუნდებმა", დინამომ და განთიადმა. ანონსირებული მატჩის შედეგი გაზეთს აღარ დაუწერია, მაგრამ ფოტოები კი მრავლად შემორჩა რაგბის თემში.

რევანში მაისთან

ორი წლის წინდელის დარად, უნდა გამართულიყო "პროფკავშირთა პირველობა". კვლავ პირდაპირ, შეურჩევლად შეგვეძლო "განთიადის" გაყვანა; "დინამოს", ძალოვან სტრუქტურასთან წილნაყარობის გამო, შეჯიბრში მონაწილეობა არ ერგებოდა; სამაგიეროდ, უკვე წამოჩიტულიყო გოგი ყუფარაძის მიერ დაარსებული "ლოკომოტივი", ვისაც პირველი თაობის 10 ნომერი, გოგი ტონია წურთნიდა.

ლოკომოტივის "ცეესი" აგვისტოში, ხერსონში (უკრაინა) მოეწყო. თბილისმა 25:3 ძლია დნეპროპეტროვსკი, 3:0 მოსკოვი, 8:6 კაუნასი (ირაკლი კიზირიამ ბოლო წუთზე ლელო გაიტანა და გარდასახა), 6:6 დაუზავდა კიევს (გადაიცა რესპუბლიკური ტელევიზიით), 19:0 დაამარცხა ოდესა, პირველი ადგილი დაიჭირა და ფინალის საგზური მიიღო. კიზირიას გარდა თავი გამოიჩინეს ძველებმა, რაჟდენ ენუქიძემ, ორესტ დიმიტრიადმა, ტარიელ ნებიერიძემ და ახლებმა, ბათუ კევლიშვილმა და შიო ვასაძემ.

დინამო უსაქმოდ რომ არ დარჩენილიყო, თბილისის ნაკრები აგვისტოში ტურნეზე მოსკოვს ჩავიდა. თამაშთა თამაში ჩვენებს პროფკავშირების ორი წლის წინდელ ჩემპიონთან, საავიაციო ინსტიტუტთან (მაი) ჰქონდათ. თბილისმა 12:9 აიღო რევანში. არეკნი შეაგდო კიზირიამ, ლელო გაიტანა რომეო ღვინიაშვილმა, მეორე ტაიმში კი სამ-სამი ქულა (რა ხერხით, არ წერია) მიკა კვინიხიძემ და სერგო ხაჭაპურიძემ მოინაგრეს.

პულებში ჩარჩნენ

მრელაშვილი ლელოში წერს, მაი საკუთარ ხვეულებში (რულონი; იმ დროს გავრცელებული მბრუნავი მოლი) ჩაიხლართაო. ჯერაც არ-არსებული "საკავშირო ფედერაციის" თავკაც საროკინს უქია კიზირია, ჩვენებს კი 14:3 უძლევიათ სავეტერინარო აკადემიაც და 20:14 ხიმკიც (მოსკოვის ოლქის ქალაქი). მერე თბილისი წვევია ლატვიასაც და ლიეპაიაში 19:6 (ანგარიში დასაზუსტებელია) დაუმარცხებია რიგის ვეფი, მაგრამ ის კი აღარ წერია გაზეთში, თუ რით დასრულდა რიგაში, დაუგავასთან რაგბობა.

პროფკავშირთა მეორე პირველობა შუა სექტემბერში, ლიტვაში მოეწყო. ვილნიუსის პულში თამაშობდნენ ლოკომოტივი (საზოგადოების ნაკრები), ჟალგირისი (ლიტვა), დაუგავა (ლატვია) და ტრუდი (რუსეთი), შიაულიაში კი განთიადი (საქართველო), ემვეტეუ (მოსკოვი), სპარტაკი (ლენინგრადი) და სპარტაკი (ფსკოვი; ეგებ მოსკოვი?).

საწყის ორ რაუნდში ლოკომოტივმა 6:11 წააგო ტრუდთან და 17:9 ძლია დაუგავა; განთიადი 9:12 დამარცხდა მომავალ ჩემპიონ ემვეტეუსთან, მაგრამ 9:6 ძლია ლენინგრადი. ამ ცნობის გამოქვეყნების შემდეგ "ლელო" 12 დღით დადუმდა, მერე კი დაწერა, რომ "სამწუხაროდ, ბოლო შეხვედრებში ჩვენებმა ხელიდან გაუშვეს შესაძლებლობები", ესე იგი, თავ-თავიანთ პულებში ჩარჩნენ.

>>>    მეორე თაობა (1962-65)

გვარები ანბანზე, ჟურნალ "რაგბის" მიხედვით (2001 მაისი - ივნისი)

პრინციპი: ყველა მორაგბე მოხსენიებულია თითოჯერ, პირველ გუნდში

პირველი თაობა აქა

პოლიტექნიკური - დინამო: გოჩა აბაშიძე, ვოვა აკოფოვი, ლევან გარდაფხაძე, შოთა გვაზავა, გოგი გუდაძე, რეზო გუდიაშვილი, ოთარ დოღონაძე (მწ), ნუგზარ ენდელაძე, ილია იოვაძე, ნოდარ კაჭარავა, სერგო კეშელავა, მიხეილ კვინიხიძე, ირაკლი კიზირია, შევაზ კოდუა, ალეკო მაისურაძე, თამაზ მგელაძე, ბიძინა პეტრიაშვილი, ზაზა ჟორდანია, ცეზარ სამხარაძე, გენადი ღადუა, რომეო ღვინიაშვილი, თამაზ შარაშენიძე, ვაჟა შუკაკიძე, გელა ჩიკვაიძე

უნივერსიტეტი: კახა ალადაშვილი, გუძა აფაქიძე, გია ბურჯანაძე, დათო დავითაია, დათო თაქთაქიშვილი, გურამ თოდუა, რაჟდენ კორძაია, თემურ ლომინაძე, სანდრო მელითაური (მწ), რობერტ ნავერიანი, ცოტნე ნაკაშიძე, თენგიზ რუხაძე, თემურ და ნოდარ რჩეულიშვილები, ომარ ტაბუცაძე, გივი ტიტვინიძე, რუდიკო ტომასიანი, ენვერ ფირცხალაიშვილი, დათო ჩუბინიშვილი, ავთო ძამაშვილი, არდალიონ წურწუმია, ირაკლი ჯალალიშვილი

სპარტაკი - განთიადი - ლოკომოტივი: შალვა აგლაძე, ზურაბ არაქელოვი, გივი აფხაიძე, ლ.ბათიაშვილი, მიშა და შოთა ბენიაშვილები, ს.ბერძენიშვილი, თამაზ ბოლქვაძე, დიმიტრი გელაძე, ცეზარ დარჩია, შიო ვასაძე, ზურაბ ვერულეიშვილი, ჯონი ზუკაკიშვილი, ვახტანგ კაკაბაძე, ბათუ კევლიშვილი, რეზო კეთილაძე, ოლეგ კობახიძე, ნიკო ლაღიძე, გელა მიქაბერიძე, თემურ ნებიერიძე, მ.ომიაძე, ბაია ოქრუაშვილი, ვალენტ რაფავა, აკაკი სოხაძე, ვახო ფეტვიაშვილი, ოთარ ფირცხალაიშვილი, გოგი ყუფარაძე (მწ) ვალერი შამათავა, ვალიკო შიუკაშვილი, გია ჯაფარიძე, გიგლა ჯაყელი

>>>    ნაკრები მოსკოვი - რიგის ტურნეზე (1965)

(აქაც ანბანზე) აკოფოვი გუდიაშვილი იოვაძე კაჭარავა კეშელავა კვინიხიძე კიზირია კოდუა პეტრიაშვილი რაფავა ღვინიაშვილი შარაშენიძე ჩიკვაიძე

(პირველ თაობელები) მურად თოფურიძე, ვალერი კორნევი, ამირან ლობჟანიძე, ზაურ მგელაძე, დიტო ოსეფაიშვილი, ნოდარ ქაჯაია, ნოდარ ყიფიანი, სერგო ხაჭაპურიძე; (მწ) მრელაშვილი დოღონაძე

<<< >>>