მეტოქეობის დასაბამი

   @   ჩვენი რაგბის ისტორიის სერიალური თხრობა დავასრულეთ 1965 წლის შემოდგომაზე, ლიტვაში გამართული "პროფკავშირთა მეორე პირველობით", სადაც პლეი-ოფს მიღმა დარჩნენ გამოცდილი "განთიადი" და ახალბედა "ლოკომოტივი". ჰოდა, სეზონის ბოლოს რომ მოხდა კადრების გადანაწილება, სათავე დაედო "დინამო" - "ლოკომოტივის" მეტოქეობას, რამაც 70-იანი წლების ბოლომდე გასტანა და ქართული რაგბის მთავარ მამოძრავებელ ძალად იქცა.

"ლელოს" ანონსით, შაბათს, 1965 წლის 18 დეკემბერს, დინამოს (ძველ, თაღიან) სტადიონზე, ამხანაგურად უნდა შებმულიყვნენ დინამო და ლოკომოტივი, მაგრამ თამაში აღარ გამართულა. სამაგიეროდ, შემდეგ წელს გუნდები ხუთჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ბოლოსწინა რკენის გარდა, ყველა მოიგო დინამომ, რომელიც იმხანად უფრო დაღვინებული გუნდი ხომ იყო და იმ ეპოქაში საყოველთაოდ დადგენილი იერარქიით, პატრონიც მოცილეზე გავლენიანი ჰყავდა.

თუ 1964 წელს ჩვენები რუსებს საერთოდ არ შეხვედრიან, ხოლო 1965 წელს, პირიქით, "ლელოში" არცერთი შინაური შეჯიბრი ნახსენები არაა, 1966 წელს დინამოს სათადარიგო მოედანზე მარტის დამდეგსვე გაჩაღდა "ქალაქის პირველობა" და ორ თვეს გასტანა. მონაწილეობდა ექვსი გუნდი: ორ-ორი დინამო და ლოკომოტივი (ამის დუბლებს ელმავალი ერქვა), უნივერსიტეტი და სასოფლო. ჰოდა, გადამწყვეტ მატჩებში, 12 და 30 აპრილს, დინამომ 3:0 (წვიმაში) და 25:0 იმარჯვა.

ამას მაის-ივნისში მოყვა დიდი სტუმრიანობა: ზედიზედ ჩამოვიდნენ ემვეტეუ (უმაღლესი ტექ-სასწავლებელი), მოსკოვის დინამო და ერევანი. "ლელოში" თამაშთა ანონსები კია, მაგრამ ამხანაგურთა შედეგები კანტი-კუნტადაა გამოქვეყნებული. და მაინც, გვიანდელი სტატიებიდან ჩანს, რომ დინამოსა და ლოკომოტივს ყველა სპარინგი მოუგიათ, ისტორიულ ჭრილში მთავარი მოვლენა კი ის მომხდარა, რომ "ბურევესტნიკის" ნაქონი ვაკის სტადიონი 28 მაისს გამგებლობაში "ლოკომოტივს" (ამიერკავკასიის რკინიგზა) გადასცემია.

"უნივერსიტეტის" აბრით

ივლისში ორი მოწინავე გუნდი ქუთაისში ჩავიდა და ხალხს დაურიგა ქეთევან კვინიხიძის მიერ რუსულიდან ნათარგმნი "წესების წიგნი", ხოლო საჩვენებელი თამაში დინამომ 37:14 მოიგო. აგვისტოში, 1963 წლის მსგავსად, კვლავ შედგა საქართველოს ნაკრები, ოღონდაც "განთიადის" კი არა, "უნივერსიტეტის" აბრით, "სტუდენტთა V საკავშირო თამაშებში" იასპარეზა და საბჭოეთში პირველმა გამოიყენა სიახლე - ორი მარაო! (დახვეწილი ბლოკი)

შეჯიბრი სევეროდონეცკში (ლუგანსკი, უკრაინა) გაიმართა. პულში ჩვენებმა 14:0 ძლიეს სავეტერინარო აკადემია, 6:9 წააგეს ემვეტეუსთან და 9:6 (ანგარიში დასაზუსტებელია) დაამარცხეს ლენინგრადი. "უნივერსიტეტმა" ნახევარფინალი დინამოელი ირაკლი კიზირიას ჯარიმით 3:0 მოუგო საავიაციო ინსტიტუტს (მაი), ფინალი კი, მინსკში (ბელორუსია), კვლავ წააგო ემვეტეუსთან 8:13.

ამასობაში საკავშირო ფედერაციის ორგ-ბიურომ, რომელიც გივი მრელაშვილის თანახმად, ჯერ კიდევ 1960 წელს შეიქმნა, მაგრამ უამრავი წინააღმდეგობის გადამკიდე, 1967 წლის მარტშიღა დაადგა საქმეს თავი, ანუ ოფიციალურად დააფუძნა ფედერაცია - მფრინავი გამომცდელის, ვლაძიმირ ილიუშინის მარიფათით მიაღწია იმას, რომ წლიურ კალენდარს შუა სეზონში ჩაემატა "საკავშირო პირველობა".

ვინც მეტით დაანგრევდა

"ლელომ" ანონსი, "ჩემპიონატის დაბადება", 25 სექტემბერს დაბეჭდა. სტატიაში ლოკომოტივის მოთამაშე-მწურთნელი გოგი ტონია მიმოიხილავს საბჭოეთში რაგბის გავრცელების არეალს, მოსკოვურ კლუბთა საერთაშორისო წარმატებებს (პოლონელთა, ჩეხთა, იუგოსლავთა ჯობნა), გასამართი შეჯიბრების სტრუქტურას და ჩვენი, მეოთხე შესარჩევი ქვეჯგუფის (ზონის) მონაწილეთა ავ-კარგს.

მინი-ტურნირი სამტრედიაში მოეწყო. არ ჩამოვიდა კუიბიშევის (დღევანდელი სამარა) "ტრუდი". ლოკომოტივი ტონიას გოლით კარგა ხანს უგებდა დინამოს, მაგრამ ბოლოსკენ კიზირიამ გააფრევა თამაში, რის გამოც ფინალის ერთადერთი (!) საგზური იმას ერგებოდა, ვინც მაჩანჩალა ერევანს მეტით დაანგრევდა.

კიზირიამ სომხებთან 32 მოკრიფა და დინამომ 50 ქულით გაიმარჯვა, მაგრამ ფავორიტს ორი დღის თავზე გადაუჯოკრა ლოკომოტივმა, ვინც უწყოდა, თუ რამდენით ჭირდებოდა გამარჯვება. დათო დავითაიამ 50 მოინაგრა და რკინიგზის გუნდმა 58 ქულით მოიგო თამაში, რომელშიც ტონიას ფეხი მოტყდა და 19 წლის ზურაბ ხარშილაძემ შეცვალა.

ქართული ინიციატივა

გაუთვალისწინებელი რამ მოხდა მოსკოვის ზონაშიც - დინამომ 6:3 ძლია "დედაქალაქის, ბურევესტნიკისა და პროფკავშირთა ჩემპიონი" ემვეტეუ. დანარჩენ ორ ზონაში სპარტაკებმა გაიმარჯვეს: ბალტიაში ლენინგრადმა (სანკტ პეტერბურგი), უკრაინაში კი კიევმა. ჰოდა, პირველი ჩემპიონატის ფინალში თბილისის ლოკომოტივი უნდა შებმოდა სამი დიდრონი სლავური ქალაქის თითო მობობოლო გუნდს.

ჩვენი რაგბის მაშინდელი თავკაცი, გივი მრელაშვილი იხსენებს, რომ უსახსრობის გამო ჩემპიონატი ჩაშლის პირას იდგა. 1963 წლის დარად, ინიციატივა ისევ საქართველოდან წამოვიდა და სრულიად საბჭოთა რაგბი უეცარი ჩიხიდან გამოიყვანა: თბილისის სპორტ- კომიტეტმა (გულო რცხილაძე) ტურნირის მთელი ხარჯის კისრება ივალდებულა, თუ დასს დაემატებოდა დინამო (ბორის პაიჭაძე).

წინადადება მოსკოვს ჭკუაში დაუჯდა, ოღონდაც დინამოს ამატებას მის ბედშივე მყოფი ემვეტეუს (ანატოლი საროკინი) შეწყალებაც დაურთო პირობად. მოკლედ, გარიგება მოხდა და 4-გუნდა ფინალი 6-გუნდად იქცა. მერე და მერე სწორედ რომ ამატებულებმა დაიკავეს პირველი ორი ადგილი, რაზეც ილიუშინმა იანვარის ჟურნალ "სპარწივნიე იგრიში" დაწერა, ხომ ხედავთ, პირვანდელი ფორმულა რამდენად უვარგისი ყოფილაო!

ქარაგმული მინიშნება

ექვსი კლუბის შეჯიბრი ცხრა დღედ, ანუ დღე-გამოშვებით დაიგეგმა. 15 მატჩიდან ათი ლოკომოტივზე ჩატარდა, ორ-ორი რუსთავსა და ისანში, და ერთიც, გახსნისა, დინამოზე. მონაწილეებს მიესალმა თვით პაიჭაძე, თბილისის ორი გუნდის რკენა კი იმსაჯა ლიტველმა ალფონსას გრუმბინასმა და იმდენად აამტუტა საქმე, რომ ოთარ გელაშვილი ქარაგმულად მიგვანიშნებს რეცენზიაში, "ვერაფერს ვიტყვით, სწორად განსაზღვრავდა თუ არა იგი საჯარიმოებსო".

დინამო ჯარიმით დააწინაურა კიზირიამ. პირველ ტაიმშივე ორი ლელო გაიტანა ლოკომოტიველმა თენგიზ რუხაძემ. მერე კიზირიამ დაკრა ჯარიმა და არეკნი. მეორე ტაიმში ლოკომოტივი დავითაიას ლელოთი ბოლოჯერ დაწინაურდა 11:9, მაგრამ მიკა კვინიხიძემ ორი ჯარიმაც შეაგდო. მათგან ერთი, რკინიგზელთა მტკიცებით, კარში არც გასულა, რასაც თბილისელივე კიდის მსაჯის ცემა მოყვა.

"რკინიგზელებმა მატჩი გააპროტესტეს" (ლელოსეული ეპილოგი). მეორე რაუნდში ლოკომოტივმა ძლია ლენინგრადი, მაგრამ ამან შედეგი გაუსაჩივრა (ლელოში არ წერია, რა საბაბით). მესამეში, კიევთან, ლოკომოტივი ფრეს დააჯერა მოსკოველმა ანდრეი დანილოვმა - ბოლო წუთებზე შერკინებით შეტანილი ორი ლელო აღარ ჩაუთვალა და თამაშიც ნაადრევად დაასრულა, რაზეც ასევე დაიწერა პროტესტი.

დინამო ვერ დაჩაგრეს

მეოთხე რაუნდში, ლამის უცვლელი 15-ეულით მორაგბე ლოკომოტივმა პირველი ტაიმი 9:5 მოუგო მოსკოვის დინამოს, მაგრამ მერე ჩვენებს კაცი გაუგდო (ლელო აქაც დუმს, თუ ვინ) ლენინგრადელმა რომან ივანიუხინმა და თამაშის ბოლოს ორი ქულით დავმარცხდით. ამასობაში "ესტეკამ" განიხილა რკინიგზელთა სამი მატჩის გამო დაწერილი საჩივარი: ჩვენებს ორივე არზაზე უარი ეთქვათ, ლენინგრადთან მატჩი კი უქმე დღეს გადათამაშდა.

ლელოში დეტალები არ წერია, გადმოცემის თანახმად კი რე-მატჩი სათადარიგო მოედანზე შედგა. ლოკომოტივმა 13 კაციღა შეკრიბა და ბევრით წააგო, ბოლო რაუნდში კი აღარც ეთამაშა უძლეველ ემვეტეუს, ვისაც ფაქტობრივად დაბევებული ჰქონდა პირველობა. სიტყვაზე უარის მიზეზი პროზაული იყო - მომრავლებული ტრავმები და ზედიზედ მესამე დღეს რაგბობის შეუძლებლობა, რეალურად კი ოფიციოზისგან მოძულებულმა გუნდმა პროტესტი გამოუცხადა მის თავს გადახდენილ უსამართლობას.

დინამო ვერავინ დაჩაგრა. ჩვენებს ცოტა მეტი იღბალი და ფხა რომ ჰქონოდათ, ეგებ ჩემპიონებიც გამხდარიყვნენ. გადამწყვეტი გამოდგა მეორე რაუნდში, რუსთავში გამართული მატჩი. გვაკლდა სიცხიანი კიზირია, ემვეტეუს კი ზაურ მგელაძის უმცროსი ძმა, 20 წლის თამაზი. დენის გირკელიძე თამაშის გარჩევაში წერს, რომ დინამოელთა ხაზი ბრტყლად (!) იდგა. რუსებს ვერეოდით შერკინებაში, მაგრამ მაქედან ვერაფერი ვიხეირეთ.

გუბეებიან ლოკომოტივზე

პირველი ტაიმი 0:0 მორჩა. მეორეში მოლები და აბრაგანები ვცადეთ, მაგრამ პასი ჩაგვიჭრა მიშა ტაპოლინმა და "თბილისელთა ოთხეული საპატიო ყარაულივით შეყვა მოსკოველს ჩათვლის მოედანზე". დარჩენილ დროში გავაფუჭეთ ბევრი ჯარიმა და ორი ქულით წავაგეთ. აქედან ორი დღის თავზე რუსთავშივე ვძლიეთ მოსკოვის დინამო, მაგრამ თამაშები სადაგ დღეს სამ სტადიონზე ერთდროულად რომ დაიწყო, გაზეთმა მხოლოდ ერთი, ლოკომოტივისა გაარჩია.

ბოლოსწინა რაუნდში დინამომ ისანზე (ახლანდელი შევარდენი) სერგო ხაჭაპურიძისა და კიზირიას თითო ჯარიმით ნულზე მოსვა ლენინგრადი, უმცროსმა მგელაძემ კი კიევი დააწიოკა და ლელომ მისი სოლოს სურათიც დაბეჭდა. პირვანდელი განრიგით, ტურნირი დინამოზე, საღამოს უნდა დახურულიყო, მაგრამ რომ გაწვიმდა, მთელი საკვირაო პროგრამა გუბეებიან ლოკომოტივზე გადაიტანეს.

ლენინგრადს მესამე ადგილზე გასვლა შეეძლო, მაგრამ დაღლილმა ვერ მოუგო მოსკოვის დინამოს. რაკი თბილისის დინამოს უკვე ეძლია მოსკოვი, კიევთან წაგებითაც გადიოდა მეორე ადგილზე. ამის გამო მრელაშვილმა ისევ დაასვენა უქეიფოდ მყოფი კიზირია, ლიდერობა კი იტვირთა ხაჭაპურიძემ და გუნდს 9 ქულა მოუტანა.

დასასრულ, პრიზიორები დაჯიდოვდნენ სიგელებითა და დიპლომებით და დეკემბერში "საქართველოს რეგბის ფედერაციაც" შეიქმნა, მაგრამ ამაზე პეკინის ოლიმპიადის შემდეგ იყოს.

>>>    "პირველი" საკავშირო პირველობა

შესარჩევი (სამტრედია)

27/09   ლოკომოტივი   03:03   დინამო
29/09   დინამო   56:06   ერევანი
01/10   ლოკომოტივი   61:03   ერევანი

პარ  

28/10

ლოკ   სპარტაკი (კ)   08:00   სპარტაკი (ლ)
ლოკ   ემვეტეუ   14:03   დინამო (მ)
დინ   დინამო (თბ)   15:11   ლოკომოტივი

კვი  

30/10

რუს   დინამო (თბ)   03:05   ემვეტეუ
ლოკ   დინამო (მ)   16:08   სპარტაკი (კ)
ლოკ   ლოკომოტივი   13:11   სპარტაკი (ლ)

სამ  

01/11

რუს   დინამო (თბ)   09:03   დინამო (მ)
ისნ   ემვეტეუ   18:06   სპარტაკი (ლ)
ლოკ   ლოკომოტივი   09:09   სპარტაკი (კ)

ხუთ  

03/11

ისნ   დინამო (თბ)   06:00   სპარტაკი (ლ)
ლოკ   ემვეტეუ   34:08   სპარტაკი (კ)
ლოკ   ლოკომოტივი   12:14   დინამო (მ)

პარ  

04/11

ლოკ   ლოკომოტივი   08:20   სპარტაკი (ლ)

შაბ  

05/11

ლოკ   დინამო (მ)   03:00   სპარტაკი (ლ)
ლოკ   დინამო (თბ)   12:06   სპარტაკი (კ)

თბილისი 1966  

  

მ-წ*  

გატ:გაშ

ემვეტეუ (მოსკ)   10   5-0   71:20
დინამო (თბილისი)   8   4-1   45:25
დინამო (მოსკოვი)   6   3-2   39:43
სპარტაკი (კიევი)   3   1-3*1   39:71
სპარტაკი (ლენინგ)   2   1-4   26:43
ლოკომოტივი (თბ)   1   0-4*1   40:58

ქულა: 27 სანია გრიგარიანცი (ემვეტეუ), 24 იური ბირულია (კიევი), 18 ირაკლი კიზირია (დინამო)

^ 1963 წლის პროფკავშირთა პირველობის მონაწილე

დინამო: 15 სერგო კეშელავა; 14-11 სერგო ხაჭაპურიძე^, რომეო ღვინიაშვილი, თამაზ შარაშენიძე, მიკა კვინიხიძე^, გოჩა აბაშიძე, ალეკო მაისურაძე; 10 ირაკლი კიზირია^; 9 შევაზ კოდუა / 1 (ჰუქ) ვოვა აკოფოვი; 2-3 მურად თოფურიძე^, ზაურ მგელაძე^, რეზო გუდიაშვილი; 4-5 ბიძინა პეტრიაშვილი, გივი ხვედელიძე, რეზო კეთილაძე; 6-8 გენადი ღადუა, ამირან ლობჟანიძე^, ნუგზარ ენდელაძე, დიტო ოსეფაიშვილი; (მწ) გივი მრელაშვილი^

ლოკომოტივი: 15 ვალიკო სვანიძე (ვალტერ კაპანაძე); 14-11 თენგიზ რუხაძე, გია ჯაფარიძე, ბაია ოქრუაშვილი^, მურად გეგეშიძე, თ.ლეჟავა, ზურაბ ხარშილაძე; 10 დათო ჩუბინიშვილი; 9 გელა მიქაბერიძე^ / 1 (ჰუქ) მიშა ბენიაშვილი^; 2-3 ვახო ფეტვიაშვილი, თამაზ კირტავა; 4-5 დათო დავითაია, გივი ფაჯიშვილი; 6-8 ვალენტ რაფავა, შოთა ბენიაშვილი, ნოდარ ყიფიანი^; (მწ) გოგი ტონია^

<<< >>>