ფრანგი მასწავლებლები

   @   ჩვენი რაგბის ისტორიის სერიალური თხრობა შევწყვიტეთ 1966 წლის ნოემბრით, როცა თბილისში სახელდახელოდ გამართულ "პირველ" საკავშირო პირველობაზე დინამომ უიღბლობით გაუშვა ხელიდან ჩემპიონობა და მეორე ადგილს დაჯერდა, ხოლო ლოკომოტივი ერთიანად დაიჩაგრა და ბოლო, მეექვსე ადგილზე დარჩა.

ნაშეჯიბრალს საბჭოთა ხანის ერთადერთ ქართულ სპორტულ გაზეთს, "ლელოს" რაგბზე წლის ბოლომდე აღარაფერი დაუწერია, დავით თაქთაქიშვილს წიგნის, "ქართული რაგბის სათავეებთან" მეორე ტომში კი მოტანილია "რეგბის რესპუბლიკური ფედერაციის" დამფუძნებელი პლენუმის ოქმი. სხდომა შაბათს, 1966 წლის 3 დეკემბერს გამართულა და პრეზიდენტად ბორის პაიჭაძის არჩევის გარდა, საკავშირო ფედერაციის ანალოგიურ ყრილობაზე დელეგატებად მიუვლენია გივი მრელაშვილი და გია ჩეჩელაშვილი.

"საიუზში" ჯერ კიდევ 1960 წელს შექმნილმა ორგ-ბიურომ, ხელისუფლების მხრიდან წინააღმდეგობის გამო, 1967 წლის მარტშიღა დაადგა საქმეს თავი. ფედერაცია ოფიციალურად შეიქმნა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ყოველ წელს უნდა გამართულიყო საკავშირო პირველობა, და ერთიან სპორტულ კლასიფიკაციაში ჩართვის წყალობით, "რეგბისტებსაც" უნდა მინიჭებოდათ თანრიგები (რაზრიად) და წოდებები (ზვანიე) - ჯერ კანდიდატისა, მერე კი ოსტატისა!

ვერ წარმოედგინა

1967 წლის პირველი ღირს-შესანიშნავი მოვლენა საბჭოეთში ფრანგთა ჩამოსვლა იყო. მრელაშვილი იხსენებს, რომ იმხანად ევროპული დემოკრატიის აკვანში მორიგი, სტუდენტური რევოლუცია მომწიფებულიყო და ამდენად, გალები სიმპათიურად იყვნენ განწყობილი სოც-ბანაკისა და საყოველთაო მშვიდობის დედაბოძის მიმართ. "სამამლეთმა" რაგბის ჯერაც ვერ-მცოდნე ქვეყანაში მოავლინა ფიზკულტურის მასწავლებელთა ნაკრები, ოღონდაც მისმა რამდენიმე წევრმა მერე და მერე ნაღდ "ლე ბლეშიც" ითამაშა.

ვიზიტი რომ დაიგეგმა, საბჭოთა რაგბში გაწეული ამაგის გათვალისწინებით, ორ-ორი თამაში ერგოთ მოსკოვსა და თბილისს. რუსებმა ერთ მატჩში ემვეტეუ და მაი შეაამხანაგეს ბურევესტნიკად, მეორეში კი სპარტაკს ზენიტის (ფილი) ბიჭები დაუმატეს. ამისგან განსხვავებით, ჩვენთან კულუარული ომი გაჩაღდა: რაკი ფრანგები პროფკავშირის ხაზით მოდიოდნენ, ლოკომოტივმა დაიჩემა მასპინძლობა, რასაც არ დაეთანხმა ქვეყნის მეორე გუნდი დინამო.

სამართალი რესპუბლიკის სპორტ-კავშირის თავკაცს, გიორგი სიხარულიძეს გაუჩენია, ოღონდაც უშიშროების შეფის, ალექსი ინაურის მითითებით. ამისი ვაჟი, გია დინამოს ნაცვლად ლოკომოტივის მოთამაშე რომ იქნებოდა, ვერ წარმოედგინა ამხანაგ სიხარულიძეს. ჰოდა, ფრანგებთან გაჯიბრება ინაურის გუნდს ბრმად რომ დაავალა, პირს კატა ეცა, რადგან ხელში ლოკომოტივი შერჩა, დინამოს მეოხმა პაიჭაძემ კი რკინიგზელები რესპუბლიკის უმთავრეს ასპარეზზე აღარ შეუშვა და პირველი თამაში გურჯაანში (!) შედგა.

ბანკეტი უცხოელთათვის

კახეთში პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა. კლასიანმა სტუმრებმა შესვენების შემდეგღა გაიჯეჯილეს. ფრანგები დაალელოვა თენგიზ რუხაძემ, გოლები კი გელა მიქაბერიძემ შეაგდო. ჩვენებმა ხუთი შეცვლა განახორციელეს. მარაქაში სამი დინამოელიც გაერია, ბანკეტი კი, საბჭოური წესით, მხოლოდ უცხოელთათვის მოეწყო, რათა ჩვენს ახალგაზრდებს არ გადმოდებოათ ბურჟუაზიული იდეოლოგია.

სტუმრებმა მაგრად მოულხინეს და ორი დღის თავზე, ვაკეში, მას მერეღა გარდატეხეს თამაში, რაც ბრძოლაში ელიტა ჩააბეს. საგაზეთო ინტერვიუში სტუმართა გურუ, რობერ პულენი გელას გარდა აქებს სერგო ხაჭაპურიძეს და აძაგებს მსაჯ ჩეჩელაშვილს, მიკერძოებით გაისარჯა და თამაში არ გვაცალაო; ოთხი ლელოს გამტანი კაპიტანი, პიერ ბესონი კი წარმატებას გვისურვებს სპარტაკიადაში (საბჭოთა რესპუბლიკათა ოლიმპიადა), რომელშიც რაგბი არასოდეს შეუტანიათ.

ზაფხულში ორი ქართული გუნდი ეწვია კიევს. ივლისში ნაღდმა (არა შარშანდელივით დინამო-ლოკომოტივურმა) სტუდენტურმა ნაკრებმა 10-გუნდა "ბურევესტნიკის ცეესზე" მესამე ადგილის მატჩი 16:14 მოუგო ადგილობრივ პოლიტეხნიკს და "ოსტატობის კანდიდატის" ნორმატივი შეასრულა, აგვისტოში კი დინამომ თან გაიყოლა რეჟისორი ირაკლი ასათიანი და ოპერატორი გია ჭუბაბრია, რომლებმაც იქ სადიპლომო ნამუშევარი, დოკუმენტური ფილმი "ეს რეგბია" გადაიღეს.

ხარკოვული წარმატება

შავ-თეთრი სურათის ქარგა ეგაა, რომ 0:3 დამარცხებული დინამო გულიანად ივარჯიშებს და რევანშს აიღებს - 28:3 გაიმარჯვებს. ჩვენებმა ამ ანგარიშით მართლაც ძლიეს ადგილობრივი დინამო, რომელიც წინა წელს უკრაინის ოდენ მეოთხე გუნდი იყო, და "ლელოში" მაგასაც წერს მწურთნელი მრელაშვილი, საკავშირო პირველობისთვის ვემზადებითო.

ვაგლახ, რომ ეგ შეჯიბრება აღარ გამართულა. თუმც შეიქმნა საკავშირო ფედერაცია, არა-ოლიმპიური რაგბისთვის მაინც ვერ გამოიძებნა სახსარი "ხალხთა სპარტაკიადის" წელს, ოქტომბრის რევოლუციის 50 წლისთავზე! სამაგიეროდ, ოქტომბრის ბოლოს ხარკოვმა უმასპინძლა 8-გუნდა პროფკავშირულ პირველობას, რომელში თამაშის უფლებაც დინამოებს (მოსკოვი თბილისი კიევი) არა ჰქონდათ.

ორი წლით ადრე, ლიტვაში, ანალოგიურ შეჯიბრში ორივე ჩვენი გუნდი - განთიადიცა და ლოკომოტივიც პულში ჩარჩა. ამჯერად რკინიგზელებმა წარმატებით იასპარეზეს. მათ დინამოდან ადრევე მიიღეს პირველი თაობის ლიდერები, ზაურ მგელაძე და ხაჭაპურიძე, გუნდის გასაძლიერებლად კი გოგი ტონიამ მოქიშპე კლუბიდან ირაკლი კიზირია, გენო ღადუა და ამირან ლობჟანიძეც აიმატა.

არსითაც რესპუბლიკური

ლოკომოტივმა ხარკოვში წინა ორი წლის (1965 1966) ჩემპიონის, უმაღლესი ტექ-სასწავლებლის (ემვეტეუ) კვალად მეორე ადგილი დაიკავა და ასევე შეასრულა "ოსტატობის კანდიდატის" ნორმატივი, დინამო კი, მრელაშვილის პირადი მიწერ-მოწერით, პოლონელებს დაუმოყვრდა: ნოემბერში ვარშავაში ეწვია, დეკემბერში აქეთ უმასპინძლა და ოთხივე თამაში მოუგო, საერთაშორისო შეხვედრებს შორის კი რესპუბლიკის პირველ ჩემპიონატშიც გაიმარჯვა.

შეჯიბრი რესპუბლიკური მარტო სახელად კი არა, არსითაც იყო, რადგან მასში, თბილისის გუნდების გარდა, პირველად მონაწილეობდა ქუთაისი. ახალბედამ განთიადს (დიმიტროვის ქარხანა) მოუგო და ბოლო ადგილს აცდა, გაზეთმა კი მაინც უსაყვედურა (ეგებ გუნდისვე წაქეზებით, პატრონის დასანამუსებლად), ხეირიანი სპორტული სამოსი რად არა გაქვსო.

ანგარიშებიდან ჩანს, რომ აღდგენილი სპი (პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ახლანდელი ყოჩები) რიგიანი გუნდი იყო. "ლელოს" 15 შედეგიდან ოთხი აკლია, მაგრამ სინი საბოლოო ცხრილიდან ცალსახად გამოიყვანება, ტურნირის შეჯამებაში კი ხაზ-გასმულია, რომ "შარშანდელი დუელისგან" განსხვავებით, როცა "ათეულ ათასობით მაყურებლის თვალწინ მეტოქენი ერთმანეთს არ ზოგავდნენ", მატჩი წარიმართა "კორექტულად", ვიხილეთ "ნამდვილი რეგბი" და ბიჭებმა ნამატჩევს ერთმანეთი გადაკოცნეს.

ტელევიზიის პრიზზე

"საქართველოს პირველი ჩემპიონის სახელი და რესპუბლიკის სპორტ-კავშირის პრიზი, ბროლის ვაზა თბილისის დინამომ მოიპოვა, დაამარცხა რა მეორე ღირსეული მაძიებელი, თბილისის ლოკომოტივი". პირველი ტაიმის შუაში ლელო დერეფნიდან 5-მეტრა ზოლში შეტევით გაიტანა ვოვა აკოფოვმა, 57-ე წუთზე კი რომეო ღვინიაშვილმა ისახელა თავი.

კიზირიამ ხუთ მატჩში 44 ქულა მოკრიფა და საუკეთესო ბომბარდირი გახდა, მიმოხილვა კი იმის განცხადებით მთავრდება, რომ "ვიდრე სპეციალური (!) მოედნები გვექნება, რეგბისტებს ფეხბურთის მინდვრები უნდა დავუთმოთ".

პოლონეთში დინამოს კარლო სარქისოვი ჩაუძღვა. ჩვენებმა სამივე მატჩი მოიგეს ქვეყანაში, სადაც რაგბი 11 წლის წინღა შესულიყო. გადმოცემის თანახმად, ჩემპიონ სკრასთან ღვინიაშვილმა და თამაზ შარაშენიძემ ორჯერ გააკეთეს საფირმო ჯვარი და თითო ლელო გაიტანეს. იგივე გამეორდა ვიცე-ჩემპიონ ოჟეფთან, წვიმასა და ლაფში. ვარშავის ნაკრებთან გუნდს რვავე ქულა კიზირიამ შესძინა, სერგო კეშელავამ და მურად თოფურიძემ კი (ზამთრის სუსხში) ვისლის შენაკადის გადაცურვაც მოინდომეს.

სკრას საპასუხო ვიზიტზე "რევანში არ შედგა". მეორე ტაიმში სტუმრები ორჯერ დაწინაურდნენ თითო ქულით, მაგრამ კიზირიამ ბოლოს მაინც დაკრა გამარჯვების ჯარიმა. მრელაშვილმა იმდენიც იხერხა, რომ მარაქაში თბილისელი სტუდენტები და ერევნის "დინამო" გარია და "ტელევიზიის პრიზი" გამოაცხო. ჰოდა, პოლონელებმა ჩვენს ბურევესტნიკს რომ მოუგეს, მეორე ადგილი დაიკავეს.

>>>    ფრანგთა ტურნე საბჭოეთში

ხუთ   22/06   გურჯაანი   26:08
შაბ   24/06   ლოკომოტივი   19:12
ორ   26/06   ბურევესტნიკი   19:00
ოთხ   28/06   სპარტაკი   28:11

>>>    ბურევესტნიკის პირველობა

ივლისის ბოლო. კიევი

მესამე ადგილი: უნივერსიტეტი (თსუ)

გუძა აფაქიძე, კუკური ბახტაძე, ნუგზარ ბუგიანიშვილი, ირაკლი გელოვანი, დათო დავითაია, შიო ვასაძე, დათო თაქთაქიშვილი, გურამ თოდუა, მიშა თუშიშვილი, როლანდ კაპანაძე, დათო მუსერიძე, ცოტნე ნაკაშიძე, გოგი ნიკოლაძე, ზურაბ რეხვიაშვილი, კუკური სამხარაძე, ენვერ ფირცხალაიშვილი, გარი ჩაპლიგინი, გივი ხვედელიძე, რეზო ხოფერია, გოგი ხუციშვილი, ირაკლი ჯალალიშვილი (მწ) კაკო ქუსიკაშვილი

>>>    პროფკავშირთა III პირველობა

23-29/10 ხარკოვი (უკრაინა)

მეორე ადგილი: ლოკომოტივი -

ჟალგირისი (ლიტვა)   24:13
ზენიტი (მოსკოვი)   03:00

სპარტაკი (მოსკოვი)  

06:06

ავანგარდი (უკრაინა)   27:03
ბურუვესტნიკი (მოსკ)   03:15

ლოკომოტივი: 15 სერგო ხაჭაპურიძე; 14-11 თენგიზ რუხაძე, გია ჯაფარიძე, ზურაბ ხარშილაძე, ირაკლი კიზირია, ამირან ლობჟანიძე (მურად გეგეშიძე, გია ინაური, ვალტერ კაპანაძე); 10 გოგი ტონია, 9 გელა მიქაბერიძე / 1 (ჰუქ) მიშა ბენიაშვილი, 2-3 ვალიკო სვანიძე, ვახო ფეტვიაშვილი; 4-5 დათო დავითაია, ლორდი ფაჯიშვილი, გივი ღოღობერიძე; 6-8 გენო ღადუა, ზაურ მგელაძე, ნოდარ ყიფიანი (ვალენტ რაფავა, თემურ რუხაძე) * (მწ) ტონია

>>>    დინამო - პოლონეთი

სკრა 11:3, ოჟეფი 6:3, ვარშავა 8:3 (პოლ) - 11:9 (საქ)

ბურევესტნიკი (სტუდენტები) - სკრა 3:12

დინამო: 15 სერგო კეშელავა; 14-11 რომეო ღვინიაშვილი, თამაზ შარაშენიძე, გოჩა აბაშიძე, ილია იოვაძე; 10 შევაზ კოდუა, 9 ირაკლი კიზირია / 1 (ჰუქ) ვოვა აკოფოვი; 2-3 ელგუჯა ღუდუშაური, მურად თოფურიძე; 4-5 რეზო კეთილაძე, ზურაბ რეხვიაშვილი; 6-8 გენო ღადუა, მიკა კვინიხიძე, ამირან ლობჟანიძე

სტუდენტები (პოზიციები დასაზუსტებელია) 15 თენგიზ გეგეჭკორი; 14-11 ენვერ ფირცხალაიშვილი, კუკური ბახტაძე, გელა მიქაბერიძე, ნუგზარ ბუგიანიშვილი; 10-9 ბეგი გვალია, გოგი ნიკოლაძე / 1 (ჰუქ) გოგი ჭიჭინაძე; 2-3 მიშა თუშიშვილი, ჯუმბერ ცუხიშვილი; 4-5 გელა ტატიშვილი, ბათუ კევლიშვილი; 6-8 სოსო ბერძენიშვილი, ზურაბ ქელბაქიანი, გარი ჩაპლიგინი

>>>    საქართველოს I პირველობა

დინამოს სათადარიგო და სკა

21/11   დინამო   62:0   განთიადი
  ლოკომ   14:9   სპი
  თსუ     9:8   ქუთაისი

22/11  

დინამო  

33:0  

ქუთაისი

  ლოკომ   73:0   განთიადი
  სპი   22:9   თსუ

23/11  

სპი  

24:3  

განთიადი

  ლოკომ   28:6   ქუთაისი
  დინამო   52:0   თსუ

24/11  

ქუთაისი  

  6:0  

განთიადი

  ლოკომ   37:6   თსუ
  დინამო   14:0   სპი

25/11  

სპი  

25:6  

ქუთაისი

  თსუ   24:17   განთიადი
  დინამო   6:0   ლოკომ

1967  

ქ  

მ-წ  

გატ:გაშ

დინამო   10   5-0   167:000
ლოკომოტივი 8   4-1   152:027
სპი   6   3-2   080:046

თსუ  

4  

2-3  

048:136

ქუთაისი   2   1-4   026:095
განთიადი   0   0-5   020:189

ქუთაისის ტყავ-ფეხსაცმლის კომბინატი (ჟურნალ "რაგბის" მიხედვით, 2001 წელი)

თემურ არჩაია, პეტია ბრეგაძე, მურად გურეშიძე, ჯუმბერ დემეტრაშვილი, მირიან ზიბზიბაძე, თ.თვალიაშვილი, მამედ კიკვაძე, ომარ მიქელთაძე, რამაზ სვანიძე, ომარ სინატაშვილი, ჯონი სირბილაძე, პაატა ფხაკაძე, შალვა ქურციკიძე, ვახტანგ შვანგირაძე, ომარ წერეთელი, ნოდარ ჭეიშვილი, ღუღუნი ხონელიძე

<<< >>>