მწვანე შუქნიშანი!

   @   ჩვენი რაგბის ისტორიის სერიალური თხრობა დავასრულეთ 1967 წლით, როცა შეიქმნა საკავშირო ფედერაცია და ოვალურ-ბურთა თამაში სხვა სპორტებს გაუტოლდა იმით, რომ რეგულარულად უნდა გამართულიყო ჩემპიონატი და თანრიგ-წოდებებიც დარიგებულიყო.

საქართველოს მეორე პირველობა პირველის დასრულებიდან ხუთი თვის თავზე, 1968 წლის მაისში, ერთ-კვირიან ტურნირად, დინამოს სათადარიგო მოედანზე მოეწყო და უნდა გამოევლინა ის ერთადერთი (!) გუნდი, რომელიც მორიგი "პირველი" საკავშირო ჩემპიონატის ზონალურ ტურნირში ჩაებმებოდა.

"ლელოში" შეჯიბრს სისტემატურად აშუქებდა თენგიზ გაჩეჩილაძე და მწურთნელთა გულის-ტკივილსაც დაუფარავად წერდა. უნივერსიტეტი ჩიოდა, დარბაზში არ გვიშვებენო; ქუთაისი წუხდა, ქალაქში სულ 18 რეგბისტი ვართო; ლოკომოტივის აზრით, რეალურად არაფერს აკეთებდა ფედერაცია, ამისი თავმჯდომარის მოადგილეს, გივი მრელაშვილს კი ადარდებდა ფიზკულტურის ინსტიტუტის კვლავაც თამაშგარეთ ყოფნა და ლელობურთის რაიონებისადმი ქრონიკული უყურადღებობა.

მრელაშვილი, როგორც ახლა იხსენებს, თანდათან ნებით თმობდა სადავეებს და 1972 წლამდე აქტიურად აღარც ჩარეულა მართვაში. რეგბისტთა პატრონობას დააღწია თავი ბორის პაიჭაძემაც, ვისაც ბორის კვინიხიძის ხათრით, სპორტის ალამდარ "დინამოში" გუნდი მთელ საბჭოეთში პირველს მიეღო და მასზე უკვე ოთხი წელი ეზრუნა. ჰოდა, გაზეთის მიხედვით, ფედერაციის შეფად (ჩვენი თვლით, მეორედ) პლენუმზე აერჩიათ ტრესტის მმართველი ტიტე ჭანჭალეიშვილი.

ფრე და დამატებითი

შაბლონური კალენდრის გადამკიდე, ტურნირის მთავარი თამაში მეორე დღეს მოეწყო და ფრედ დასრულდა: დინამოდან ლელო გაიტანა რომეო ღვინიაშვილმა, ვინც წლის მეორე ნახევარში ლოკომოტივში გადავიდა, ანგარიში კი შორიდან, ჯარიმით გაათანაბრა მიკა კვინიხიძემ, ვინც თავიდანვე დინამოელი იყო, მაგრამ 1968-69 წლებში რკინიგზის გუნდში რაგბობდა.

ლიდერებმა ქულები ტოლად რომ დააგროვეს, საჭირო გახდა დამატებითი მატჩის დანიშვნა. ლოკომოტივის ვერსიით, გუნდს თამაშის თარიღი ორი დღით ადრეღა აცნობეს, რის გამოც სამშაბათს, 21 მაისს, "დინამოზე" აღარ გამოცხადდა.

წინა წელს ფრანგთა სტუმრობისა არ იყოს, რკინიგზელებს მეოხად ისევ მოევლინათ უშიშროების შეფი ალექსი ინაური, ვისი ვაჟი გიაც ლოკომოტივში თამაშობდა, მსაჯის მოსკოვიდან მოვლინება კი იქ ასპირანტად გადასულმა ყოფილმა გურუმ, არქიტექტორმა გოგი ტონიამ უზრუნველყო.

ტაბლოს რომ შეხედა

რე-მატჩი ხუთშაბათს, 6 ივნისს, "ლოკომოტივზე" მოეწყო. ოთარ გელაშვილი "ლელოში" წერს, სპორტ-კავშირის პრეზიდიუმმა სათანადოდ დასაჯა პირვანდელი "ორთაბრძოლის ჩამშლელებიო" (ეტყობა, დინამოს ლობი). კვინიხიძეს ორი ჯარიმა გაუცუდდა, ირაკლი კიზირიამ კი მეორე ცდით გახსნა ანგარიში. მერე მიკას დარტყმული ძელს მოხვდა, დინამოდან წინა წელს გადმოსულმა ზაურ მგელაძემ კი, მეტოქის შეფასებით აშკარა თამაშგარედან, გაიტანა ლელო.

გაგანია მეორე ტაიმში ლოკომოტივს გამოაკლდა 9 ნომერი გელა მიქაბერიძე, ვისაც მეტოქემ სასტვენის შემდეგ დაარტყა. დინამო კაპიტან კიზირიას ჯარიმით კიდევ დაწინაურდა, მაგრამ 68-ე წუთზე მურად გეგეშიძემ მოკლე ფრთაზე გაიტანა ლელო და მიქაბერიძე გონს რომ მოეგო, ტაბლოზე 8:6 დაინახა და გაიხარა.

ასე, მერვე შეყრაზეღა ძლია პირველად ლოკომოტივმა დინამო და დიდი ასპარეზისკენ "მწვანე შუქნიშანი" აენთო, მაგრამ გაზეთმა შეჯამებაში ეგეც დაწერა, "ჩვენი აზრით, ორივე კოლექტივი ღირსია საკავშირო ჩემპიონატში მონაწილეობისა, ორივეს შეუძლია საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლაო".

ულოგიკო კვოტებით

ამ მინიშნებაში თუ რა იგულისხმებოდა, აგვისტოს დამდეგს გამჟღავნდა, მანამდე კი ორივე გუნდმა მოიგო ცეესი (ცენტრალური საბჭოს პირველობა) ისე, რომ მოსკოველ თანა-კლუბელებს 3:3 დაუზავდა და მათ უკეთესი სხვაობითღა აჯობა. ლოკომოტივს ხარკოვში სესიებით (გამოცდები) დაკავებული ხუთი სტუდენტი დააკლდა, მოსკოველებთან დინამოს რკენაში კი ახალბედა ნუკრი აბაშიძემ სამი მეტოქე გააბითურა, მაგრამ მერე გუნდელს ფეხი დაუცდა.

საკავშირო ჩემპიონატისთვის შერჩევა ოთხ ზონად დაიგეგმა. რვეულში კვოტები ასე განაწილდა: ორ-ორი მოსკოვსა და სამხრეთს, ხოლო თითო ბალტიას (ლიტვა ლატვია), ლენინგრადს, უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას (რსფსრ მინუს მოსკოვი და ლენინგრადი). ერთი კია, 4-გუნდა სამხრეთში, ყოველგვარი ლოგიკის საპირისპიროდ, ძლიერ საქართველოს მხოლოდ ჩემპიონი (ლოკომოტივი) წარადგენდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მეორე ფინალისტი აპრიორი ძაბუნი იქნებოდა.

ჩვენი ზონა ბაქოში დაინიშნა, მაგრამ გუნდები ვერ გამოიყვანეს ვერც მასპინძელმა აზერბაიჯანმა, ვისმა დინამომაც თბილისში წინა წელს 0:88 წააგო, და ვერც შორებელმა ყაზახეთმა. ამით დარჩა ორი გუნდი, ანუ ტურნირი ერთ მატჩამდე შეიკვეცა. ჰოდა, ლოკომოტივმა 24:3 გაასაღა ერევნის დინამო და დებულების თანახმად, შემდეგ სტადიაზე გაიყოლა.

აბიბოვიჩი მაგრად დადგა

თბილისში მყოფმა დინამომ დროულად შეიტყო, რომ ბაქოში დასი ვერ გროვდებოდა და შეჯიბრში ჩაბმის იმედი გაუჩნდა. გუნდმა ორი წლით ადრე (1966) ამავე ხერხით ირაგბა მაშინაც "პირველი" ჩემპიონატის ფინალში და ჩამორჩა მხოლოდ მოსკოვის ემვეტეუს, რომელიც ასევე პირვანდელი დებულების შეცვლის შემდეგ დაუშვეს ორგანიზატორებმა.

დინამომ ბაქოში ჯერ წარმომადგენელი მიავლინა, მერე კი ადგილზე გუნდიც ჩავიდა. ტურნირის ვადები რომ მოიკვეცა, ლოკომოტივმა და ერევანმა პირვანდელი კალენდრით დადგენილზე ადრე ითამაშეს. საგზურ-დაბევებული სომხები ბაქოდან უმალ გაემგზავრნენ (დინამოს ეჭვად აქვს, რომ უბრალოდ დაიმალნენ), ლოკომოტივმა კი მარად მეტოქესთან მესამედ თამაში კატეგორიულად იუარა.

რკინიგზელთა მხარეს იყო კანონი. მათ ასევე ახსოვდათ ორი წლის წინდელი თავგადასავალი: მაშინ ყინჩი და მზარდი გუნდი ჩემპიონობას უმიზნებდა, მაგრამ თემიდამ ურცხვად დაძირა მეექვსე ადგილზე. ლოკომოტივს ორი ბრძოლის შედეგად უკვე ჩამოეცილებინა კონკურენტი დინამო და მასთან კიდევ შეყრა არანაირად არ აწყობდა. ამად რკინიგზელთა დელეგაციის ხელმძღვანელი ავთანდილ "აბიბოვიჩ" გიორგობიანი მაგრად დადგა და საზოგადოების ინტერესი დაიცვა.

მეორეში გარდატეხეს

ზოგი ვერსიით, ზონის მთავარი მსაჯი, მოსკოველი დანილოვი თანახმა იყო გამოკლებულთა ნაცვლად დინამოს ჩართვაზე, მაგრამ ამისთვის აუცილებელი იყო ლოკომოტივის კეთილი ნება - რკინიგზელებს თანა-ქალაქელებთან უნდა ეთამაშათ, შატალოზე წასულ ერევანს კი წაგება მიესჯებოდა და რვეულში თბილისის ორი გუნდი გავიდოდა. დინამოს ეჭვადაც ჰქონია, ლოკომოტივს ზონაში პირველობა ძაანაც არ აძლევს ხელს, რადგან ძლიერ ჯგუფში ხვდებაო, მაგრამ თბილისელთა ბაქოური მატჩი არ შედგა და დინამო წლის ბოლომდე უქმად დარჩა.

სექტემბრის პირველ ნახევარში ლოკომოტივმა დღეგამოშვებით სამ-სამი მატჩი გამართა მოსკოვსა და ვორონეჟში. პირველგან, სტარტზე, კაუნასთან პირველი ტაიმი 0:3 წავაგეთ, მაგრამ მეორეში ლელოები დადეს ღვინიაშვილმა, ზურაბ ხარშილაძემ და დათო დავითაიამ. მეორე, გადამწყვეტ მატჩში უფროსობამ 15-ეულში დააბრუნა ფრთა თენგიზ რუხაძე და ამანაც დაალელოვა ვევეა, ვისაც შემდეგი წლიდან ემვეტეუ შეუერთდა და მძლეთამძლე გუნდი გახდა.

სავორონეჟო კვარტეტი ორივე 4-გუნდა ჯგუფში ვადამდე გაირკვა და ბოლო რაუნდი ფორმალობად იქცა, რადგან ფინალი ნულიდან იწყებოდა. ლოკომოტივი ემვეტეუს გულის-გარეთ ეთამაშა და ბევრით წააგო, მაგრამ ვეღარც ვორონეჟში განეწყო საომრად. ჰოდა, მოსკოვის დინამოსთან, რომელიც მაშინაც უღიმღამო გუნდი იყო და ორ წელში ელიტიდან სულ გავარდა, ცენტრის გაღმიდან გაუშვა სამი ჯარიმა და ნულზე დამარცხდა.

მესამეზე, მაგრამ უმედლებოდ

ფინალის მეორე მატჩში ლენინგრადელმა ფელიკს შმაკოვმა 45 მეტრიდან შეგვიგდო არეკნი და პირველი ტაიმი ისევ 0:3 წავაგეთ, მაგრამ მეორეში ვიძალეთ: სერგო ხაჭაპურიძემ დაკრა ჯარიმა, რუხაძის გარღვევისა და რისკიანი პასის შედეგად კი ლელო გია ჯაფარიძემ გაიტანა. რუხაძემ ბოლო მატჩში ემვეტეუც დაალელოვა და ერთი ხანობა 8:3 ვიგებდით, მაგრამ მერე ხაჭაპურიძემ აბრაგანს თავი დაუხვედრა და აგვერია თამაში.

ხუთი ქულით ჩამორჩენილნი მაინც ბოლომდე ვუტევდით. ერთხელ დავითაიამ ვერ დადო ლელო; სხვა მომენტში გადაცემა დავაგვიანეთ და ხანაც "წინ პასი" მოგვიგონა მსაჯმა ვალია გრიგარიანცმა, ვისი ძმა სანიაც ემვეტეუში 10 ნომერზე იდგა. მოკლედ, საბოლოოდ ლოკომოტივმა დაიკავა საპრიზო, მესამე ადგილი და ბიჭები ოსტატობის კანდიდატები გახდნენ, მაგრამ მედლები არცერთ გუნდს არ რგებია - მათი დამზადება უბრალოდ ვერ მოესწრო!

>>>    საქართველოს II პირველობა

დინამოს სათადარიგო

4/05   დინამო   42:3   თსუ
  ლოკომოტ   28:6   სპი
(პროტ)   განთიადი   16:14   ქუთაისი

5/05  

თსუ  

28:3  

განთიადი

  სპი   32:6   ქუთაისი
  დინამო   3:3   ლოკომოტ

6/05  

ლოკომოტ  

48:8  

ქუთაისი

  სპი   8:8   თსუ
  დინამო   49:3   განთიადი

8/05  

ლოკომოტ  

14:0  

განთიადი

  დინამო   62:8   სპი
  თსუ   11:6   ქუთაისი

9/05  

ლოკომოტ  

35:34  

თსუ

  დინამო   27:0   ქუთაისი
  სპი   80:16   განთიადი

?/05  

ქუთაისი  

11:11  

განთიადი

6/06  

ლოკომოტ  

8:6  

დინამო

2ლ: მგელაძე გეგეშიძე; გ: კვინიხიძე - 2ს: კიზირია
რეფ გერმან ფორმინი (მოსკოვი)

1968   ქ   მ-წ*ფ   გატ:გაშ

ლოკომოტივი  

9  

4-0*1  

128:051

დინამო   9   4-0*1   183:017

სპი  

5  

2-2*1  

134:120

თსუ   5   2-2*1   091:083

ქუთაისი  

1  

0-4*1  

031:129

განთიადი   1   0-4*1   033:182

>>>    ლოკომოტივის ცეესი

(22-25)/07 ხარკოვი

1#თბილისი - 2#მოსკოვი 3:3, 3#ხარკოვი 36:3, 4#კაუნასი 11:0

>>>    დინამოს ცეესი

25-28/07 თბილისი (სკა, დინამო)

1#თბილისი - 2#მოსკოვი 3:3, 3#კიევი 28:9, 4#ერევანი 20:0

დინამო: 15 სერგო კეშელავა; 14-11 თამაზ შარაშენიძე, ილია იოვაძე, ვიტალი ზამიჩკინ-თოფურია, ნუკრი აბაშიძე, ევგენი ისაევ-შვონდერი; 10 შევაზ კოდუა; 9 ირაკლი კიზირია კაპ, გოჩა აბაშიძე / 1 (ჰუქ) ვოვა აკოფოვი; 2-3 გელა ჩიკვაიძე, რეზო გუდიაშვილი; 4-5 რეზო კეთილაძე, ზურაბ რეხვიაშვილი, გივი ხვედელიძე, სიმონ გოგლიძე; 6-8 მურად თოფურიძე, გენო ღადუა, ნუგზარ ენდელაძე, ნუგზარ ბუგიანიშვილი (მწ) ოთარ დოღონაძე

>>>    I  საკავშირო ჩემპიონატი

სამხრეთის ზონა

(6-9)/08 ბაქო (აზერბაიჯანი)

ლოკომოტივი 24:3 დინამო (ერევ)

მოსკოვის ჯგუფი

3/09   ლოკომოტ   11:6   კაუნასი
  ემვეტეუ   24:9   ვევეა

5/09  

ლოკომოტ  

9:6  

ვევეა

  ემვეტეუ   18:0   კაუნასი

7/09  

ლოკომოტ  

9:26  

ემვეტეუ

  ვევეა   22:5   კაუნასი

1#ემვეტეუ მოსკოვი (6 ქულა), 2#ლოკომოტივი (4) /
3#ვევეა რსფსრ (2), 4# პოლიტეხნიკას კაუნასი (0)

ლენინგრადის ჯგუფი

1#ელემი ლენინგრადი (5 ქულა) - მოსკოვი 6:6, კიევი 12:6, ერევანი 18:0 / 2#დინამო მოსკოვი (5) - კიევი 3:0, ერევანი 23:12 / 3#დინამო კიევი (2) - 4#დინამო ერევანი (0) 15:9

ვორონეჟის ფინალი

11/09   ლოკომოტ   0:9   მოსკოვი
  ემვეტეუ   11:6   ელემი

13/09  

ლოკომოტ  

8:3  

ელემი

  ემვეტეუ   11:3   მოსკოვი

15/09  

მოსკოვი  

6:3  

ელემი

  ლოკომოტ   8:13   ემვეტეუ

1968  

ქ  

მ-წ  

გატ:გაშ

ემვეტეუ (მოსკ)   6   3-0   35:17
დინამო (მოსკ)   4   2-1   18:14
ლოკომოტივი (თბ) 2   1-2   16:25
ელემი (ლენინგ)   0   0-3   12:25

ლოკომოტივი: 15 სერგო ხაჭაპურიძე, ვალტერ კაპანაძე; 14-11 თენგიზ რუხაძე, გია ჯაფარიძე, მურად გეგეშიძე, გელა მიქაბერიძე, რომეო ღვინიაშვილი, გია ინაური; 10 მიკა კვინიხიძე; 9 ზურაბ ხარშილაძე (მიქაბერიძე) / 1 (ჰუქ) მიშა ბენიაშვილი; 2-3 ვახო ფეტვიაშვილი, თამაზ "ნოშრევან" კირტავა, თამაზ გოგორიშვილი; 4-5 ლორდი "გივი" ფაჯიშვილი, დათო დავითაია * სოსო ჩომახიძე; 6-8 ვალენტ რაფავა, ზაურ მგელაძე კაპ, ნოდარ ყიფიანი, ვალერი კორნევი, თემურ რუხაძე * ზურაბ უზუნიანი; (მწ) ყიფიანი

<<< >>>