ჩემპიონობა სიურპრიზად

   ქართული რაგბის ისტორიის სერიალურ თხრობას ვასრულებთ 2009 წლის გაზაფხულით, როდესაც "ბორჯღალოსნებმა" ნეიტრალურ მოედანზე, უკრაინაში, მეთერთმეტედაც ძლიეს რუსეთი და როგორც მერეღა გაირკვა, მესამედ მოიპოვეს "ერთა თასი"

მსოფლიო ირბ და ევროპის ფირა აერ შარშანვე მორიგდნენ, რომ ხარჯის შესამცირებლად, "ერთა თასის" წყვილი სეზონის (2009 2010) ჯამში ორი უკეთესი გუნდი 2011 წელს, ზელანდიაში გასამართ მსოფლიო თასზე პირდაპირ გავა, მესამე ადგილოსანი კი ბოლო, მე-20 საგზურის ზონათა-შორის რეპეშაჟში ჩაებმება.

2008 წელსვე, ივნისში, კუნძულ კორფუზე (საბერძნეთი) რომ მოეწყო ფირა-ს მე-80 ყრილობა, ჩვენმა დელეგატებმა, კავშირის პრეზიდენტმა გია ნიჟარაძემ და ვიცე-პრეზიდენტმა კოკა ლაზიშვილმა არავის არაფერი დაუთმეს და ხუთივე თამაში ელიტარული "ექვსი ერის" შაბათებზე დაანიშნინეს, რათა უცხოეთის კლუბებს ბიჭები ვეღარ დაეკავებინათ.

მერე ირბ-მაც გამოიღო ხელი და ფრანგი თავკაცის, ბერნარ ლაპასეს მოწადინებით, ახალი წლიდან აამოქმედა მეცხრე კანონის ახალივე რედაქცია, რომლის თანახმადაც, სეზონურ სანაკრებო სარკმლებში მოხვედრა-მოუხვედრელობის მიუხედავად, მსოფლიო თასის შესარჩევებზე მოთამაშეთა გათარხნება სავალდებულო გახდა.

სამი სვლაგეზი

ამით თიმ ლეინის ზეობაში პირველად, "ბორჯღალოსნებმა" ყველა მატჩზე შეკრიბეს ოპტიმალური რაზმი. საფრანგეთში კაც-მრავალი ლეგიონი გვყავდა. "ოლიმპის" ანგარიშით, ჩვენებურები ტოპ 14-ის შვიდ, 16-კლუბა პრო დ2-ის ცხრა და 48-გუნდა ფედ 1-ის 11 კლუბში მუშაობდნენ. ლიგებად 42 ქართველი ასე ნაწილდებოდა - 8, 12 და 22, მაგრამ საქმეს ართულებდა ის, რომ მათი ლამის ნახევარი - 20 კაცი (4, 6 და 10) ბურჯი იყო; არადა, 15-კაცა გუნდში მაგ ამპლუის ოდენ ორი კაცია და 22-კაცა სამატჩო რაზმში, მესამეც.

გვიჭირდა უკანა ხაზში. ლეგიონერთაგან, დიდი დევიდ ქემფიზის კლასიფიკაციით, 34 "პიანინოს მზიდავი" (ფორვარდი) იყო და მხოლოდ რვა "პიანინოზე დამკვრელი" (ბეკი. ამათში ერთი, ჯერაც ოდენ 28 წლის თედო ზიბზიბაძე, არა-რაგბულ მიზეზთა გამო, სამ-ნახევარი წელი ჩამოცილებული იყო ნაკრებს და 33 ტესტი რომ არ გაცდენოდა, კეპებით უკვე პირველი იქნებოდა. სტარტამდე ვუწყოდით მსოფლიოს პულებში ჩვენი სავარაუდო მეტოქენიც, რაღაი ფინალის 12 ცნობილი და რვა ჯერაც უცნობი მონაწილე ოთხ პულად 2008 წლის 1 დეკემბერს, ლონდონში, თაუერის ხიდთან გამართულ წილისყრაზე განაწილდა.

გაირკვა, რომ თუ "ბორჯღალოსნები" 20 რჩეულში მესამედაც მოხვდებიან, მასპინძელს, ზელანდიის "ოლ ბლექსსა" და ჩემპიონს, აფრიკის "ბოკეს" აცდებიან. გაგანია "ერთა თასზე, 12 მარტს, კივებმა თამაშთა განრიგიც გამოაქვეყნეს. ამით დაგვესახა სვლაგეზის სამი ვარიანტი, რომელთაგან ორი სამ-ქალაქაა და ერთიც ოთხ-ადგილიანი, უსიამო კი ის გაცხადდა, რომ ჩვენებრ არა-ბობოლა ქვეყნების ზოგი თამაში ზელანდიურად დღისით დაიწყება, მაგ დროს კი კავკასიაში ღამის ოთხი - დილის შვიდი საათი იქნება.

ბავარიელთა ლაშქრობა

პირველ წრეში ორი მატჩი შინ გვიწევდა და სამი გარეთ. ავსტრალიელმა თიმმა იხმო თედო, დააბრუნა 36 წლის გია ლაბაძე და შტაბიც მთლად გაიუცხოურა - მაწრთობსა და დაცვის გადიას, შემოდგომაზე მოყვანილ ჯონი ნგაუამოს კონსულტანტად დაუმატა თვისტომი დამიენ ქამინსი, ვისაც მორკინალთა განსწავლა დაავალა.

პირველმა მეტოქემ, ელიტაში ამოსულმა გერმანიამ ეროვნული რაგბის სულიერ ცენტრში, საუნივერსიტეტო ქალაქ ჰაიდელბერგში მიგვიღო, მაგრამ ბავარიის ქართველობა სალაშქროდ კარგა ხანია ემზადებოდა და ბიჭებს, ლამის იყო, თავი შინ აგრძნობინა. თიმმა 15-ეულში ათი ფრანგი, ორ-ორი რუმინელი და ნაციმბირალი, და ერთიც ქუთაისელი შეიყვანა, ლელოს გაზრდილები კი ახალ ამპლუაში გამოსცადა - მამუკა გორგოძე შერკინების შემკვრელად, მერაბ კვირიკაშვილი კი 15 ნომერზე.

გერმანიამ ეთნიკურად ჭრელი ბუნდეს-ნაკრები გამოგვიყვანა, მაგრამ ვერ მონახა ტელე-არხი (თუნდაც რეგიონული, რეპორტაჟს რომ მოაწყობდა. მასპინძლებმა ავდარში თავი დადეს და სქოთი რეფიც გვარიანად შეეშველათ: პირველი ლელო დაგვიდეს და ერთი-ორჯერაც სახიფათოდ შემოგვიტიეს, მაგრამ რომ მოატანა ბოლო მეოთხედმა და იმათი მოყვარულები დაიქანცნენ, ჩვენმა პროფესიონალებმა მანამდე შეტანილ სამს სამიც მოაყოლეს. დასაბამიდან მე-300 ლელო დავით კაჭარავას ანგარიშზეა, უსიამო კი ის მოხდა, რომ ბურჯი დავით ზირაქაშვილი დაგვემტვრა და ტურნირის ბოლომდე გამოგვაკლდა.

მეოხი "ნატახტარი"

წინა სეზონი კონკურენტებმაც საექსპერიმენტოდ გამოიყენეს და შესარჩევი ციკლისთვის მოძლიერდნენ. პორტუგალიას კარგ გუნებაზე დავუხვდით, რადგან გლობალური გაჭირვების მიუხედავად, რაგბს მაინც გამოუჩნდა მეოხი - ლუდსახარში "ნატახტარი, ვინც სამ წელში 270 ათასი დოლარი აღუთქვა კავშირს და სანაცვლოდ ლოგოთი დაამშვენებინა ნაკრების კვართის გულის პირი. სამმა ოზმაც ბარემ ათი დღე ავარჯიშა ბიჭები, მაგრამ თამაშში ბურთი იმდენად არა- ეფექტურად მოვიხმარეთ, რომ შინ, წამატებულ დროშიღა გამოვრჩით ფრეს მეტოქესთან, ვისაც რეიტინგში ცხრა ადგილით ვუსწრებდით.

ლობუშს დავუდედლეთ შერკინება, მაგრამ ახალი მოძღვრის ხელში ფორვარდებს დაავიწყდათ ანბანური ჭეშმარიტება, რომ ბურთი გაქანებულებს უნდა აეღოთ და არა დამდგრებს. გვაწყინა წესთა ცვლამაც: რაც ირბ-მა ბურთიანის წაქცევით მოლის შეჩერება დაუშვა, ხელიდან მძლავრი იარაღი გამოგვეცალა, სანაცვლო კი უცხოელებმა ვერაფერი გვასწავლეს. ვერც ბეკებმა იბურთავეს ავსტრალიურად, რაღაი ბიჭებს აკლდათ სიმარდე, ტექნიკა, ალღო და სწორი გეზი, და სტრატეგიაშიც ჩავიჭერით - როცა ანგარიში თანაბარი იყო ან ცოტათი ვაგებდით, დასარტყამი ჯარიმები კარში არ დავკარით.

საწყის მეოთხედში ლუზიტანებმა წითელ ზოლშიღა გაგვიჩერეს აქვსენტ გიორგაძე, გორგოძე და ილია ზედგინიძე, გიორგი შკინინმა, გია ლაბაძემ და გიორგი ჩხაიძემ კი ლელოში შეტანილი ოვალი ჭიდილში ვეღარ დაამიწეს. ვერ გაგვიმართლა გორგოძის 8 ნომრად დაყენებამაც: მამუკა მარტო-კაცურად ეძალებოდა, გუნდელები კი უცქერდნენ. ტაიმთა ბოლოსკენ პორტუგალიას ლელოს გატანის თითო შანსი მიეცა და ორივე გამოიყენა: ჯერ კებრალმა კარის პირდაპირ შეუშვა დევიდ მეტეუში, ვინც ორი მბოჭავი გაგვიცურა, მერე კი სილვამ გრძელი პასი ჩაუჭრა აბუსერიძეს და 50 მეტრი ირბინა.

ბენდიაშვილი მრჩევლად

მესამე მეოთხედში ირაკლი მაჩხანელმა გადაიკიდა და ბურთი კაჭარავას მიუვიდა; კვირიკაშვილმა კიდიდან გარდასახა და იოლი ჯარიმაც რომ შეაგდო, პირველად დავწინაურდით, მაგრამ მალევე, ისევ ფრეზე, ლეალმა 25 მეტრიდან ააცილა და სინბინის კვალად, კებრალმა კარს 45 მეტრიდან ვერ უწია. კვირიკაშვილმა ორჯერ მოხსნა აბრაგანი, ლეალმა კი 30 მეტრიდანაც დაახაია ჯარიმა. მესამედაც რომ ჩამოვრჩით, დრო თითქმის ამოწურულიყო, მაგრამ ლობუშს შერკინება წამოვუშალეთ და მივეძალეთ, გორგოძე და ჩხაიძე ლელოს თითქმის მიწვდნენ და ზედგინიძემ ზედახორაში შეიტანა.

ამას ჩხუბი და საქმის გარჩევა მოყვა, მეკო კი სამი წუთი ელოდა თავის ჯერს და კიდიდან გარდასახვით მაინც იხსნა ქულა. მატჩმა კავშირიც დაარწმუნა, რომ გუნდს აკლდა ქართველი მოძღვრის ხელი და უცხო სამეულს მიაშველა გამგეობის წევრი, ნაკრებთა კურატორი, 61 წლის ლოკომოტიველი თემურ ბენდიაშვილი, ვისაც მწურთნელობის 33-წლიანი სტაჟი ჰქონდა. საესპანეთოდ 15-ეულში ოთხი კაცი შეიცვალა, ბიჭები კი შეთამაშდნენ და ნაცად ყაიდაზე, თავიანთი კლასისა და ავტორიტეტის შესაბამისად რომ ერკინენ ლეონესს, გასვლაზე რვაჯერ დაალელოვეს.

იბერიელები პირველსავე შეტევაში დაწინაურდნენ, მაგრამ უმალ კაჭარავამ გაჭრა ხაზი, ხოლო მაჩხანელს მბოჭავმა არ დაამიწებინა. პირველ ლელომდე "კაჭი" კიდევ ორჯერ გაგვიჩერეს წითელ ზოლში, ზედიზედ სამ 5-მეტრა შერკინებაში კი ორი, სხვადასხვა ფლანკერი ადრე რომ წამოდგა და გორგოძეს დაუხვდა, რეფმა საჯარიმო ლელო ჩაგვითვალა. იქვე კაჭარავამ გადმოკიდებულიდან დაგეზა მამუკა, ვინც მესამედ შეასრულა ჰეთ-თრიკი და ბორჯღალოსანთა მოწინავე მელელოვეც გახდა, ესპანეთმა კი 52-ე წუთზე წელში გატეხილი და კისრებ-დაგრეხილი შერკინების პირველი ხაზი მთლიანად შეცვალა.

მეკოს სოლოები

ბოლო მეოთხედში, როცა წრთობა გახდა გადამწყვეტი ფაქტორი, ქართველი პროფესიონალები მეტად გალაღდნენ და ახლებმა, ირაკლი ჩხიკვაძემ, ირაკლი ნატრიაშვილმა და სანდრო თოდუამ ხელდახელ ბურთაობით ორი კოხტა ლელო გაიტანეს, რუმინეთი კი "არკულზე" 0:25 ჩამორჩა რუსეთს და "დათვებთან" ზედიზედ მეოთხედაც რომ წააგო, ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი შესარჩევში ერთპიროვნულად დაწინაურდა. ბორჯღალოსნებიც გამსვლელ, მეორე ადგილზე მოეწყვნენ, "ერთა თასის" რაუნდებს შორის კი სამმა დუბაიშიც წაიშვიდკაცა.

24-გუნდა მსოფლიო თასმა საგანგებოდ მისთვის აგებულ "ზი სევენსზე" სამ დღეს (ხუთშაბათი - შაბათი) გასტანა და "გლობალით" თავიდან ბოლომდე გადმოიცა. თუ წინა ორ გათამაშებაში შუა, სინის რვეულში დავაფინიშეთ, ამჯერად პულში სამივე მეტოქესთან წავაგეთ, ფიალაზე ჩავქვეითდით, იქაც მარცხი ვიგემეთ, ასპარეზობა დილის 11 საათზე დავასრულეთ და სამ გუნდთან (იაპონია არაბეთი იტალია) 21-ე ადგილი გავიყავით, ანუ ოთხი წლის წინდელთან შედარებით, ათით საფეხურით დაბლა დავეშვით.

რიგიანად ვიჩაუქეთ მხოლოდ სტარტზე, ფიჯთან, ვინც თავიდან სიმარდითა და ღონით დაგვჯაბნა და ორი ლელოთი გაგვისწრო, მერე კი, 14-წუთა მატჩის ბოლო ათში, ოვალი სულ ჩვენ გვქონდა და დიდი რაგბის სქემებით, ერთობ მწყობრად, მწვავედ ვუტევდით.

ჩვენგან ორივე ლელო სოლოთი გაიტანა მეკომ, ვინც კლუბმა ისევ დაგვიშანტაჟა და დუბაიში გაშვების სანაცვლოდ, საესპანეთოდ დაგვიკავა, შეჯიბრი კი სენსაციურად დასრულდა: მეოთხედფინალში პანტა-პუნტით რომ გავარდა ოთხივე ფავორიტი (ზელანდია ინგლისი აფრიკა ფიჯი) ჩემპიონი გახდა უელსი, ვისაც ათ სეზონში მსოფლიო სერიის 80 ეტაპიდან ერთიც ვერ მოეგო და ვის ხუთ წევრსაც ცხრა თვით ადრე, ვაკეში, ევროპულ ეტაპზე ეპირველა.

ოზები მიხვდნენ

რუმინეთის მიღებაზე კავშირმა, გაითვალისწინა რა მოვლენის მნიშვნელობა და ლიანგის სიდუხჭირე, ქველი ჟესტი გააკეთა: 2 და 5-ლარა ბილეთების გაყიდვის მაგივრად, მატჩი მუქთ სეირად გამოაცხადა, მაგრამ რაღაც ჭირად თამაშამდე საათით ადრე მაგრად გაწვიმდა, რამაც ლიანგის ნაწილი შინ დატოვა. დაგვაკლდნენ ზედგინიძე და ირაკლი გიორგაძე, იმათ კი ფრანგულ კლუბს დაუთმეს პეტრე მიტუ, ვისაც ჩვენს წინააღმდეგ ბალანსი 5-0 ჰქონდა.

როგორც ბოლო ხანს დაგვჩემდა, შინ რაგბობისას მეტოქეს თავიდანვე ჩამოვრჩით, მაგრამ ბოლოს ყველაფერი მაინც კეთილად დასრულდა: რუმინეთს "ანთიმოზ ივერიელის თასზე" ცალი ხელი შევავლებინეთ, მერე კი დინჯად გამოვუყვანეთ წირვა და კარპატეთში კუდ-ამოძუებული მივაბრუნეთ. მატჩმა გვიჩვენა, რომ ავსტრალიელები მიმხვდარიყვნენ, თუ როგორ ებურთავებინათ გუნდი, მაგრამ მარქაფა უფრო ადრე რომ ჩაებათ ბრძოლაში, მეტითაც მოვიგებდით.

საწყის რვა წუთში 20 ქულა გამოცხვა: იმათ დერეფანში აგვიგორეს მოლი და ჯარიმა შეგვიგდეს; აბრაგანის პასუხად ფრთაზე გაგვიგორეს და ორი ჩვენიანი რომ შეცდა, ბარბულიჩანუ ბურთს ლელოს უკანა ხაზამდე დაახტა, კალაფეტეანუს დარტყმული გარდასახვა კი ძელს მოხვდა და გავიდა. კიკოფი აიღო ჩხაიძემ; შეუტია ირაკლი აბუსერიძემ, მოკლე ფრთაზე ლაშა მალაღურაძემ და კაჭარავამ გააქანეს მაჩხანელი, კვირიკაშვილმა კი კიდიდან შეაგდო.

კენწეროში მოვექეცით

შემდეგსავე ეპიზოდში დავჯარიმდით და ექვსით ჩამოვრჩით, მაგრამ თამაში 30-ე წუთის მიდამოში გარდავტეხეთ. მოლს მოვაყოლეთ ძალური სოლოები და წითელ ზოლს ვუწიეთ; მეტოქეს წამოვუშალეთ 5-მეტრა შერკინება და კარის წინ დავიმსახურეთ ჯარიმა. მორიგ მოლში მუშტი-კრივი რომ ატყდა, მსაჯებმა თათბირის შედეგად კვაჭები დაითხოვეს, ზედ შესვენების წინ კი სტანკამ მოკლე ფრთაზე სცადა გადაკიდება, მაგრამ მალაღურაძემ დაუფარა და ბურთი გაატანა მაჩხანელს, ვინც ორი მბოჭავი მოიშორა (15:13)

მეორე ტაიმში სხვაობა გავზარდეთ. მესამე ლელოზე იმათი დერეფნის მოგების შემდეგ გავმართეთ გრძელი მოლი და ათ მეტრზე ვათრიეთ, ნატრიაშვილის მიძალებიდან კი ზიბზიბაძემ მოკლეზე მიუშვა მახო ურჯუკაშვილი, ვინც ორი გააბითურა. მალაღურაძემ კიკერობა გადაიბარა და ლელო კიდიდან გარდასახა. 77-ე წუთზე ანგარიში 28:16 გახდა, წამატებულ დროში კი სტეჟარმა თუმც სამჯერ, უკბილოდ გაათამაშა ჯარიმა, მაინც დაგვალელოვა. მოგებით ზედიზედ მესამედ ავწიეთ "ანთიმოზი" და ერთა თასის ცხრილსაც კენწეროში მოვექეცით, ხოლო რუმინეთი მეოთხე ადგილამდე დაეშვა.

შარშანდელი ომის გამო ფირა-მ იფრთხილა და რუსეთთან გასამართი შემდეგი ორი რკენა ნეიტრალურ მოედნებზე დანიშნა. მეტოქემ შინაურ ასპარეზად აირჩია აზოვის ზღვის პირა პორტი და სამრეწველო ცენტრი მარიუპოლი (ყოფილი ჟდანოვი, სადაც მშობლიურ "სურჟიკზე" ხახოლთა მხოლოდ მეხუთედი საუბრობს, ჩვენი კავშირი კი თავიდან თუმც საფრანგეთში ფიქრობდა საპასუხო მატჩის გამართვას, მერე და მერე, ფანობის აზრის გათვალისწინებით, ლაზეთის ვარიანტს მიემხრო და 2010 წლისთვის თრაბზონი შეიგულა.

შიში გვაჭამეს

ბორჯღალოსნებმა წმინდა სამების ტაძარში ილოცეს და უკრაინას ქომაგთა ჯარიანად მატჩის წინა დღეს, ჩარტერით გაფრინდნენ. რუსები თურქეთში მოემზადნენ მონინოელი ნიკოლაი ნერუშისა და ინგლისელი სთივ დაიამონდის ზედამხედველობით. გვაფიქრებდა ის, რომ ფრანგი დიდიე მენე თავს ამ მატჩით ანებებდა მსაჯობას, ტელე-ვაჭრობაში კი სამი მხარე რომ მონაწილეობდა, ლაივი "პირველ არხზე" (ვოვა ნიკოლაიშვილი) პარასკევს საღამოსღა გაიჩარხა.

ამინდის ბიურო შეცდა: თოვლ-ჭყაპისა და ქარის ნაცვლად რაგბი მზიან დარში ჩატარდა. ბიჭებმა ჩინებულად წარმართული საათის შემდეგ, ოზ სარდალთა უმოქმედობის გადამკიდე, დასკვნით მეოთხედში შიში გვაჭამეს, მაგრამ ბოლო შეტევით მეხუთედაც დაალელოვეს ძველი მეტოქე და მე-13 შეყრაზე მეთეთრმეტედ ძლიეს, 2011 წლის მსოფლიო თასის შესარჩევის პირველი წრე პირველ ადგილზე დაასრულეს და ათ სეზონში მეხუთედ (!) მოიგეს სიმბოლური "უმცროსი ექვსი ერი"

თამაში ბარაქიანი გამოვიდა. "დათვები" უწინდელზე მეტად გაწაფულიყვნენ, მაგრამ ისევ ვერაფერი მოუხერხეს ჩვენს დაცვას, შერკინებას და ტაიმთა შესაყარზე ბევრით ჩამოგვრჩნენ. პირველ ლელოზე რიტმისა და გეზის ცვლით წავიბურთავეთ; მეორეზე მეტოქის შეცდომით ვიხეირეთ; მესამე თამამ გამოქცუნებას მოყვა; მეოთხე მოთმინებას, გარჯასა და კავკასიურ ღონიერებას, მეხუთე კი, კრიტიკულ ვითარებაში, გონის სისხარტესა და ცოტათი, იღბალსაც.

ნიჭის გაელვება

მაგრად ითამაშეს კვირიკაშვილმა, მალაღურაძემ, ჩხაიძემ და ლაბაძემ. პირველ ლელოზე მეტოქის იქეთ ჩათრევის კვალად მეკო აქეთ ჩაერთო ხაზში, გორგოძემ კი წითელ ზოლს უწია და აუგდო მალაღურაძეს, ვინც მიზანს ორ კაცთან ჭიდილში ეწია. მეორეზე ლაშამ მარჯვნივ გაარტყა მიწას, ჩხაიძემ კი იმათ დერეფანში იხელთა ბურთი და დაჭერილმაც გაატანა ლაბაძეს. მესამეზე რუსეთმა ლელოდან მოედანში რომ მოიგერია, კვირიკაშვილმა ბურთი გამოაქცუნა, ტრიშინს გაუსხლტა და ურჯუკაშვილი კარზე დაგეზა (19:6)

48-ე წუთზე, ურჯუკაშვილის, ზედგინიძის, გორგოძის სოლოთა შემდეგ, მალაღურაძემ არეკნი ძელს მოარტყა, ამსხლტარი ბურთი კი კარის წინ, ზედახორაში ჩაიმარხა. 5-მეტრა შერკინებიდან ნელნელა, სოლოებით მივეძალეთ და დათო ხინჩაგიშვილმა ალამთან შეიტანა ლელო (24:6, მაგრამ საათის თავზე გაგვისინბინეს მალაღურაძე; ფეხ-მტკივან გორგოძეს ოთხ მეტოქესთან ჭიდილში თერნოვერი შეემთხვა და გვოზდოვსკი გაგვიძვრა; მაჩხანელი კი ამაოდ ეცადა ჩაჭრას და სხვაობა სამამდე დავიდა (24:21)

გაჭირვებაში ქართულმა ნიჭმა ძალუმად იფეთქა. კიკოფი ჩხაიძემ რუსებს ცხვირწინ ააცალა და ოვალი ლაბაძეს მისცა, ამან კი მაჩხანელს გაატანა. ძნელად რომ მოვიგეთ, გამარჯვება უფრო გვეტკბილა, რუმინეთმა კი, ვინც ჩვენთან წაგების შემდეგ ნაკრები 5-კაცა კომიტეტს ჩააბარა, შინ, ბოლო მეოთხედში, პორტუგალიასთან 12-ქულიანი ფორა გაფლანგა, გადაცილებულზე ლელო გაუშვა, წააგო და ზელანდიაში წასვლის შანსი თითქმის დაკარგა.

რაღა დარჩენოდათ

ნა-მარიუპოლ-ევს შედეგთა დაჯამებით დადგინდა, რომ "ერთა თასის" კრებსით, 10-წლიან ცხრილში რუმინეთისთვის გაგვისწრია, მალე კი ეგეც გაირკვა, რომ 2009 წლის ჩემპიონები გავმხდარვართ! დიახ, ფირა აერ-მა ჯილდო პოსტ-ფაქტუმ მოგვანიჭა, მისი საითის ფორუმის ადმინმა კი ერთ კვირაში დაადგინა, რომ თითო-წლიან ციკლზე დაბრუნება შარშანვე, დეკემბერში გადაწყვეტილა.

პრეზიდენტმა ბაკემ 1 აპრილით (!) დათარიღებულ უსტარში მოგვილოცა პირველობა, "თბილისის ფორუმზე" კი დაასკვნეს, პარიზის კანტორას ხის ფარი ჩვენი ჩრდილო მეზობლისთვის გადაენახა, რათა 2 მაისს, ჰანოვერში მიერთმია, მაგრამ მარიუპოლში ეს დიადი გეგმა რომ ჩავუშალეთ, სხვა რაღა დარჩენოდა და სიურპრიზად მოგვანიჭა ჩემპიონობაო. და მართლაც, ფირა-ს რომ არაფერი შემოუთვლია და ჩვენც ვერაფერი ვიგუმანეთ, ჯილდო ვაკის ოფისიდან უკრაინაში არ წაგვიღია და იქ ვეღარც პირველობის ნიშნად შევმართეთ.

<<<     2009

>>>     ევროპის "ერთა თასი" 2009-10

<<    პირველი წრე

7/02 გერმანია 5:38 საქართველო

ლ: ბრირლი სბ კაშტენი - 6ლ: ჩხიკვაძე ზირაქაშვილი მაჩხანელი გორგოძე (4 5) კაჭარავა; 4გ: კვირიკაშვილი 3, ბარკალაია

რეფ ნოქსი (შტლ) ჰაიდელბერგი, გრიუნე-ბაუმი (3 ათასი) წვიმა

ჯერ ჩვენი! 0:5(14) 5:5(20) სბ(28გ) 10:5(31) /
17:5(56) 24:5(62) 31:5(72) 38:5(80+)

საქ: კვირიკაშვილი მაჩხანელი დ.კაჭარავა ი.გიორგაძე (ზიბზიბაძე 63) ჩხიკვაძე <10-9> მალაღურაძე (ბარკალაია 70) აბუსერიძე კაპ (სამხარაძე 70) / შველიძე ნატრიაშვილი (ა.გიორგაძე 46) ზირაქაშვილი (ხინჩაგიშვილი 33) ზედგინიძე უჩავა; ჩხაიძე (ლაბაძე 68) ურუშაძე (ბასილაია 56) გორგოძე

  ესპანეთი 10:19 რუმინეთი

 

პორტუგალია

14:18

რუსეთი

14/02 საქართველო 20:20 პორტუგალია

2ლ: კაჭარავა ზედგინიძე; 2გ 2ჯ: კვირიკაშვილი - 2ლ: დვ.მეტეუში სილვა; 2გ 2ჯ: ლეალი სბ პელია ლეალი

რეფ ბერდოზი (სფრ) მე4 გია ჯავახიშვილი * ეროვნული (12 ათასი)

0:3(29) 3:3(35სბ) 3:10(40) სბ(40+5პ) ნახ(40+8) /
10:10(46) 13:10(57) 13:13(60) სბ(65ს) 13:20(79) 18:20(80+3) 20:20(80+6)

საქ: კვირიკაშვილი შკინინი დ.კაჭარავა ზიბზიბაძე (ი.გიორგაძე 53) მაჩხანელი <10-9> მალაღურაძე აბუსერიძე კაპ / ხინჩაგიშვილი ა.გიორგაძე (ნატრიაშვილი 64) შველიძე (ქუბრიაშვილი 53 * სბ 65) ზედგინიძე უჩავა (ურუშაძე 72) ჩხაიძე ლაბაძე გორგოძე ^ მრქ) ბარკალაია სამხარაძე / ბასილაია

მწ) თიმ ლეინი (სტრატეგია, ბეკები; ჯონი ნგაუამო (დაცვა, წრთობა; დამიენ ქამინსი (სტატიკა, ფორვარდები; მნჯ) ვასილ აბაშიძე; ექმ) პავლე კასრაძე, ბესო აბრამიშვილი

 

გერმანია

0:22

რუმინეთი

21/02

პორტუგალია

44:6

გერმანია

28/02 ესპანეთი 11:55 საქართველო

ლ 2ჯ: პალუმბო - 8ლ: საჯ (გორგოძე) გორგოძე (2 3) აბუსერიძე მალაღურაძე ჩხიკვაძე ნატრიაშვილი კაჭარავა; 6გ ჯ: მალაღურაძე

რეფ მასიელო (სფრ) მადრიდი, უნივერსიტეტი (4 ათასი)

ჯერ ჩვენი! 0:3(2) 7:3(15) 14:3(21) 17:3(25) 17:6(39) სბ(40ს) ნახ(40+2) /
24:6(45) 31:6(51) 38:6(61) 38:11(63) 45:11(70) 50:11(77) 55:11(79)

საქ: ბარკალაია ჩხიკვაძე (თოდუა 37-ნახ) დ.კაჭარავა ი.გიორგაძე (ზიბზიბაძე 56) მაჩხანელი <10-9> მალაღურაძე სბ 40-44, აბუსერიძე კაპ (სამხარაძე 56) / ხინჩაგიშვილი ა.გიორგაძე (ნატრიაშვილი 60) შველიძე (ქუბრიაშვილი 53) ზედგინიძე (თოდუა 71) დათუნაშვილი; ლაბაძე ჩხაიძე (ურუშაძე 52) გორგოძე (ბასილაია 62)

 

რუმინეთი

19:28

რუსეთი

14/03 საქართველო 28:23 რუმინეთი

3ლ: მაჩხანელი (1 2) ურჯუკაშვილი; 2გ: კვირიკაშვილი მალაღურაძე; 3ჯ: კვირიკაშვილი, მალაღურაძე (2 3) - 2ლ: ბარბულიჩანუ; 2გ 3ჯ: კალაფეტეანუ სბ ტაშკა

რეფ მაკმენემი (შტლ) მე4 მიხეილ ჩაჩუა * ეროვნული (20 ათასი)

0:3(2) 0:10(5) 7:10(7) 7:13(8) 10:13(31) სბ-სბ(38) 15:13(40+5) /
22:13(50) 25:13(60) 25:16(63) 28:16(77) 28:23(80+4)

საქ: კვირიკაშვილი ურჯუკაშვილი დ.კაჭარავა ზიბზიბაძე (თოდუა 71) მაჩხანელი (ბარკალაია 75) <10-9> მალაღურაძე აბუსერიძე კაპ (სამხარაძე 74) / ხინჩაგიშვილი (ფეიქრიშვილი 78) ნატრიაშვილი სბ 38-44, შველიძე (ქუბრიაშვილი 66) დათუნაშვილი (უჩავა 74) ურუშაძე; ლაბაძე ჩხაიძე (ქუბრიაშვილი 40+3-44) გორგოძე (ბასილაია 78)

15/03

პორტუგალია

24:19

ესპანეთი

21/03

რუმინეთი

21:22

პორტუგალია

22/03 რუსეთი 21:29 საქართველო

2ლ: გვოზდოვსკი; გ 3ჯ: კუშნარიოვი - 5ლ: მალაღურაძე ლაბაძე ურჯუკაშვილი ხინჩაგიშვილი მაჩხანელი; 2გ: კვირიკაშვილი

რეფ მენე (სფრ) მარიუპოლი (უკრაინა, ილიჩოვეცი

ჯერ ჩვენი! 0:3(8) 5:3(13) 12:3(20) 12:6(25) 19:6(38) /
24:6(51) სბ(63ს) 24:13(66) 24:16(76) 24:21(80) 29:21(80+2)

საქ: კვირიკაშვილი ურჯუკაშვილი დ.კაჭარავა ი.გიორგაძე მაჩხანელი <10-9> მალაღურაძე სბ 63, აბუსერიძე კაპ / ხინჩაგიშვილი ნატრიაშვილი შველიძე (ქუბრიაშვილი 71) ზედგინიძე დათუნაშვილი (ურუშაძე 71) ლაბაძე ჩხაიძე გორგოძე ^ მრქ) ბარკალაია თოდუა სამხარაძე / ფეიქრიშვილი ბასილაია

2/05 გერმანია 0:53 რუსეთი

ერთა თასი

მ-წ*

გატ:გაშ

საქართველო 9 4-0+1 170:80
რუსეთი 8 4-1 162:77
პორტუგალია 7 3-1*1 124:84

რუმინეთი

4

2-3

104:88

ესპანეთი 2 1-4 77:151
გერმანია 0 0-5 22:179

>>>     ირბ-ის რეიტინგი

23/03) 1 ახალი ზელანდია 9268, 2 სამხრეთი აფრიკა 8945, 3 ავსტრალია 8586, 4 ირლანდია 8327, 5 არგენტინა 8156, 6 ინგლისი 8096, 7 უელსი 8059, 8 საფრანგეთი 7994, 9 ფიჯი 7524, 10 შოტლანდია 7523, 11 სამოა 7257, 12 იტალია 7123, 13 საქართველო 7039, 14 ტონგა 7005, 15 კანადა 6912, 16 იაპონია 6805, 17 რუსეთი 6618, 18 რუმინეთი 6426, 19 შტატები 6355, 20 ურუგვაი 6278, 21 პორტუგალია 6216, 22 კორეა 5902, 23 ესპანეთი 5901, 24 ჩილე 5684, 25 ნამიბია 5682, 26 გერმანია 5574

<<    მეორე წრე (2010)

საქართველო -

შაბ   6/02 გერმანია შინ
შაბ 13/02 პორტუგალია გარეთ
შაბ 27/02 ესპანეთი შინ
შაბ 13/03 რუმინეთი გარეთ
შაბ 20/03 რუსეთი ნეიტრალ

>>>     ოფიციალური "ერთა თასის" ჩემპიონები

რუმინეთი   3   2000  2002  2005-6
საქართველო   3   2001  2007-8  2009
პორტუგალია   1   2003-4

>>>     არა-ოფიციალური "უმცროსი 6 ერის" ჯილები (^ სლემი)

საქართველო   5   2001^  2005  2007  2008^  2009
რუმინეთი   4   2000  2002^  2004  2006
პორტუგალია   1   2003^

>>>     ათი სეზონის (2000-2009) ჯამი

ქვეყანა

ქ%

მ-წ*

ჩპ

6ე

სლ

საქართველო 77 10 50 37-10*3 3 5 2
რუმინეთი 74 10 50 37-13 3 4 1
მაროკო 60 1 5   3-2 - - -
რუსეთი 59 9 44 25-17*2 - - -
პორტუგალია 54 10 50 26-22*2 1 1 1
ესპანეთი 26 8 40 10-29*1 - - -
ჩეხეთი 21 6 29   6-23 - - -
ჰოლანდია 7 3 15   1-14 - - -
გერმანია 0 1 5   0-5 - - -
უკრაინა 0 2 10   0-10 - - -

ს სეზონი, ჩპ ჩემპიონობა, 6ე "უმცროსი 6 ერი", სლ სლემი

>>>     ანთიმოზ ივერიელის თასი

წელი

თარიღი

ასპარეზი

მოგებული

შედეგი

2002   6/04 ეროვნული რუმინეთი 31:23
2003 30/03 ეროვნული რუმინეთი 19:6
2004 27/03 იაში რუმინეთი 25:18
2005 12/03 ეროვნული საქართველო 20:13
2006 25/02 გენჩა რუმინეთი 35:10
2007   3/02 გენჩა საქართველო 20:17
2008   9/02 ვაკე საქართველო 22:7
2009 14/03 ეროვნული საქართველო 28:23

>>>     2011 წლის მსოფლიო თასი

9/09-23/10    ზელანდია (ოქლენდი ველინგთონი ქრაისთჩერჩი ოლბანი ჰემილთონი ნიუ-პლიმუთი როტორუა დანიდინი ფონგარეი ნელსონი პამერსთონი ნეიპირი ინვერქარგილი)

   ზელანდია საფრანგეთი ტონგა - კანადა აზია$1
   არგენტინა ინგლისი შოტლანდია - ევროპა$1 რეპეშაჟი$1
   ავსტრალია ირლანდია იტალია - ევროპა$2 ამერიკა$2
   სმხ.აფრიკა უელსი ფიჯი - ტონგა აფრიკა$1

<<    ევროპა$1-ის სვლაგეზი

ოთხ 14/09 შოტლანდია დანიდინი
კვი 18/09 ინგლისი ქრაისთჩერჩი
ოთხ 28/09 რეპეშაჟელი პამერსთონი
კვი   2/10 არგენტინა პამერსთონი

<<    ევროპა$2-ის სვლაგეზი

ხუთ 15/09 ამერიკა$2 ნიუ პლიმუთი
სამ 20/09 იტალია ნელსონი
კვი 25/09 ირლანდია როტორუა
შაბ   1/10 ავსტრალია ქრაისთჩერჩი

<<    რეპეშაჟელის (ევროპა$3) სვლაგეზი

შაბ 10/09 შოტლანდია ინვერქარგილი
შაბ 17/09 არგენტინა ინვერქარგილი
შაბ 24/09 ინგლისი დანიდინი
ოთხ 28/09 ევროპა$1 პამერსთონი

<<    პლეი ოფი

შაბ   8/10 გ1 - დ2 ველინგთონი
    ბ1 - ა2 ქრაისთჩერჩი

კვი

  9/10

დ1 - გ1

ველინგთონი

    ა1 - ბ2 ქრაისთჩერჩი

შაბ

15/10

8/10 მოგ

ოქლენდი

კვი 16/10 9/10 მოგ ოქლენდი

პარ

21/10

ბრინჯაო

ოქლენდი

კვი

23/10

ოქრო

ოქლენდი

>>>     შვიდკაცის V მსოფლიო თასი

5-7/03    დუბაი (არაბეთი) 24 გუნდი

საქართველო - პულ) ფიჯი 10:26 / საფრანგეთი 0:33, შტატები 5:33 * ფიალა) ზიმბაბვე 10:28 ^ გავიყავით 21-ე ადგილი

თასი) უელსი 19:12 არგენტინა
სინი (IX) შოტლანდია 21:17 ავსტრალია
ფიალა (XVII) ზიმბაბვე 17:14 ირლანდია

საქართველო: ვიქტორ კოლელიშვილი, სანდრო თოდუა$ლ, გიორგი ჩხაიძე, ბიძინა სამხარაძე, მერაბ კვირიკაშვილი$2ლგ, ლაშა ხმალაძე, გიორგი შკინინი$2ლ კაპ, დავით ჩიტიძე, გიორგი კაჭარავა, ლექსო გუგავა, სანდრო ნიჟარაძე, ჯაბა ბრეგვაძე ^ მწ) კახა ალანია; მნჯ) გიორგი ასათიანი, ნონო ანდღულაძე

>>>     ფრანგული ლეგიონის ნაღები (ახალ წელს)

ტოპ 14: დავით ზირაქაშვილი (კლერმონი, დავით ხინჩაგიშვილი (ბრივი, გოდერძი შველიძე (მონტობანი, მამუკა გორგოძე (მონპელიე, ირაკლი გიორგაძე (დაკსი, აქვსენტ გიორგაძე (კასტრი; დუდუ ქუბრიაშვილი, გია ლაბაძე (ტულონი)

პრო დ2: გიორგი ჩხაიძე (მეტრო რასინგი; ლევან დათუნაშვილი, გიორგი ჟღენტი, მახო ურჯუკაშვილი (ორიაკი; ირაკლი მაჩხანელი, ანტონ ფეიქრიშვილი (აჟენი; დავით აშვეთია (უაიონაზი; გიორგი კუთარაშვილი (ნარბონი; მამუკა მაგრაქველიძე (ტარბი; გრეგ იაშვილი (ბორდო; ავთო კოპალიანი (კოლომიე; ლაშა მალაღურაძე (ბეზიე)

ფედერალ 1: დავით დადუნაშვილი, მერაბ კვირიკაშვილი, შალვა სუთიაშვილი (მასი; დავით ბოლღაშვილი, სოსო ნიკოლაენკო (ლილი; ალეკო მარგველაშვილი, ზურაბ მჭედლიშვილი, გია ნემსაძე (დომონი; ირაკლი აბუსერიძე (ორლეანი; სანდრო ესაკია, ოთარ ელოშვილი (სან ნაზერი; დაჩი ყუფარაძე (მონლიუსონი; ილია ზედგინიძე (ეგზი; იგორ ბარბაქაძე, ირაკლი გუნდიშვილი, თედო ზიბზიბაძე, ირაკლი ნინიძე (პერიგო; ნიკა მაღალდაძე, შოთა მელიქიძე (კაორი; დავით გასვიანი (ლებიუგი; დიმიტრი ბასილაია, ირაკლი ჭყონია (მორლაზი)

<<< >>>