აღიარა, დავაშავეო

   ელიტარული "ექვსი ერის" დაწყებამდე ორი კვირით ადრე ინგლისს დოპინგ-ტესტის ჩაფლავების გამო გამოაკლდა ბურჯი მეთ სთივენსი; საფრანგეთმა ერთადერთი სპეციალისტი 10 ნომერი, ლიონელ ბოგზისი შეიგულა; ირლანდიას დაუბრუნდა მოკეთებული შუამარბი გორდონ დარსი, უელსმა კი დაიწუნა ჰავბეკი დვეინ პილი.

სთივენსი ძირით სამხრეთ აფრიკელია, თამაშობს ბასში, ნაკრებში 2004 წლიდან 32 კეპი მოუხვეჭია და ბოლო მსოფლიო თასზე შვიდივე შეხვედრაშიც უჭიდავია, მაგრამ შარშან, დეკემბერში, "ჰაინეკენის" თასზე, გლაზგოში თამაშის შემდეგ რომ აუღეს სისხლი, ახლახანს მასში კანონით აკრძალული ნივთიერება აღმოუჩინეს და მყის განუსაზღვრელი ვადით მისცეს დისკვალიფიკაცია.

სთივენსმა აღიარა, დამნაშავე ვარო. ზეპურ სპორტში დოპინგად ითვლება როგორც ჯანისა და ამტანობის გამაძლიერებელი წამალი, ისე თრობის მომგვრელი ყოფითი ნარკოტიკი. მეთი ამეებს რომ გაშინაურებია, აცრემლებულმა თავად თქვა ტელე-ინტერვიუში, ავტორიტეტებმა კი ბრძანეს, კარგია, რომ ბიჭი დროზე ჩავარდა და იმკურნალებს, თორემ მერე გვიან იქნებოდა და დაიღუპებოდაო.

რაკი სთივენსი პირველად გამტყუნდა, სასჯელად სპორტიდან ორი წლით განკვეთა ერგება, მაგრამ თუ კადნიერება ეყოფა და იჩივლებს, მედიის ცნობით, შეიძლება გაფრთხილება ან ერთ-წლიანი დისკვალიფიკაცია აკმარონ. ერთი კია, ქრონიკული ლოთისგან განსხვავებით, ნარკომანს რაგბში რომ არაფერი ესაქმება, ინგლისის ნაკრების მნემ, მარტინ ჯონსონმა მეთი უკვე ამოშალა "ექვსი ერის" რაზმიდან.

ერთი 10 და ისიც 15

სთივენსს 35 წლის ჯულიან ვაითი (ლესთერი) შეცვლის, ამისი გუნდელი "ცოფიანი ძაღლი", 30 წლის ლუის მუდი კი ზედიზედ მეორედ გამოტოვებს შეჯიბრს, რადგან შარშან, სტარტზე, უელსთან აქილევსი გაუწყდა, ამჯერად კი ვარჯიშზე კოჭი მოიტეხა. ისე, ინგლისს მთლად სავიშვიშოდაც არა აქვს საქმე, რადგან გურუ ჯონსონს აუმატებია ჰავბეკი ბენ ფოდენი (ნორსჰემპტონი), გარემარბი მარკ კუეტო (სეილი) და გამოცდილი შუამარბი მაიკ თინდოლი (გლოსთერი).

საფრანგეთის რაზმში საგულისხმო ისაა, რომ მარკ ლივრმონმა აფრიკის შარქსიდან შინ, ტულუზში დაბრუნებული 26 წლის ფრედერიკ მიშალაკი (50 კეპი) არ აიყვანა, პარიზელი ბოგზისის დუბლიორად კი ტულუზის 9 ნომერი, ჟან-ბაპტისტ ელისალდი ჩაწერა. კლუბში ლიონელი მეტწილად 15 ნომრად თამაშობს, რადგან "ათი" არგენტინელი ხუან- მარტინ ერნანდესია. ერთი სიტყვით, "ლე ბლე" მაგრად რისკავს.

ლივრმონმა ნაკრებში დააბრუნა ტულუზის ავანტურისტი 15 ნომერი კლემონ პუატრანო და მოკეთებული გარემარბი ორელიან რუჟრი (კლერმონი). ჩემპიონი უელსის ზელანდიელმა შეფმა, ვორენ გეთლენდმა დაასკვნა, რომ 9 ნომრად გარეს კუპერი (გლოსთერი) და მაიკ ფილიპსი (ოსფრიზი) ჯობნიან 63-კეპოსან პილს, ვინც სეილში ჰლანეჰლიდან გადავიდა, ირლანდიის მოძღვარი დეკლან ქიდნი კი იმით ხარობს, რომ შარშან, სტარტზე, იტალიასთან მკლავ-მოტეხილი, 28 წლის დარსი მორჩა.

>>>     ევროპის "ექვსი ერი"
საქართველოს დროით

შაბ  7/02     ინგლისი - იტალია   19.00
     ირლანდია - საფრანგეთი 21.00
კვი  8/02     შოტლანდია - უელსი   19.00

შაბ 14/02  

  საფრანგეთი - შოტლანდია

19.00

     უელსი - ინგლისი   21.30
კვი 15/02     იტალია - ირლანდია   18.30

პარ 27/02  

  საფრანგეთი - უელსი  

24.00

შაბ 28/02     შოტლანდია - იტალია   19.00
     ირლანდია - ინგლისი   21.30

შაბ 14/03  

  იტალია - უელსი  

19.00

     შოტლანდია - ირლანდია 21.00
კვი 15/03     ინგლისი - საფრანგეთი   19.00

შაბ 21/03  

  იტალია - საფრანგეთი  

17.15

     ინგლისი - შოტლანდია   19.30
     უელსი - ირლანდია   21.30

<<< >>>