ვიამაყოთ ტიტულებითა და სლემით

   რაგბში სიახლე ძნელად იკიდებს ფეხს. შეჯიბრთა ნათლობის მხრივაც რიცხვებსა და ერებს იქეთ ვერ მიდის მახვშთა გონება. ამიტომ გვქონდა, გვაქვს და გვექნება "სამი, ოთხი, ხუთი, ექვსი ერი" და მინიმუმ სამი "ერთა თასი", რომელთაგან უძველესი, ევროპისა, ამ არა და იქეთა შაბათს იწყება და წინა ციკლთაგან განსხვავებით, პირდაპირაა 2011 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი.

 მეათე სეზონის წინ

ზუსტად ორი წლის წინ, სეზონის ამავე სტადიაზე,  "ერთა თასის" ავ-კარგი მიმოვიხილეთ

არსებითად ვწერდით იმას, რომ ზეპური, თავის წიაღში გამოკეტილი "ექვსი ერის" ლიანგისგან განსხვავებით, ჩვენს ფანობას თანდათან ყირჭდება სულ ერთი და იმავე მეტოქეთა ხილვა, მით უფრო კავკასიურ ზამთარში, რომელიც გლობალური დათბობის მიუხედავად, სტადიონზე მისასვლელად მთლად ისე კომფორტული ვერაა, როგორც რომ ბრიტანულ-გალურ-აპენინური.

მსუბუქად შემოგვეთათხნენ ფირა აერ-ელი ორგანიზატორებიც. იმხანად შეჯიბრს შვიდი წელი ჰქონდა მოლეული, დამდეგი სეზონი კი საიუბილეო, მეათეა. მიუხედავად ამისა, საშველი ვერ დაადგა ევრო-პული ტურნირის ევრო-სპორტით ტელე-ტრანსლირებას. აქამდე არსადა ჩანს მოსახელე სპონსორიც - მაგალითად, როგორიცაა "ექვსი ერის" მეოხი "შოტლანდიის სამეფო ბანკი", განრიგში კი, იმის გამო, რომ შუა ევროპაშიც ყინავს, ტურები დაშლილი და არეულია.

ძირს არქაული ნიხრი!

ეს უამრავ უხერხულობას ქმნის. მათგან ერთია ევროპელ შეფთა მიერ საცხრილო ქულათა არქაული ნიხრის (3-2-1) აკვიატება. პროფესიულ ხანაში შეჯიბრთა უმეტესობა სამხრეთულ პრემიალურ სისტემაზე (4-2-0 და ორნაირი ბონუსი) გადავიდა, ხოლო სადაც ტრადიციას ერთგულობენ, იქ ლოგიკური და პრაგმატული - კლასიკური, ბრიტანული (2-1-0) მოდელი მოქმედებს.

ამისგან განსხვავებით, ფირა აერ-ის ნიხრი მხოლოდ მაშინაა გამოსადეგი, როცა ტურები სრულია და გუნდებს თამაშთა ტოლი რაოდენობა აქვთ გამართული, თორემ "ერთა თასისეულ" დომხალში, ოფიციალური ცხრილით, ხშირად წინ ისაა, ვისაც მეტი წაგება აქვს, მდევარი კი თავს იმით ინუგეშებს, რომ თავადაც დამარცხდება და წაგებისთვის სარგო ერთი ქულით ლიდერს გაუსწრებს.

აი ამიტომაა, რომ სრულიად ქართული მედია "ერთა თასში" მოგებებს ანგარიშობს და არა ფირა-ულ ქულებს, მაგრამ ეყურებათ განათლებულ უცხოელებს? ან კიდევ, ოფიციოზი, ყველა სხვა "N ერისგან" განსხვავებით, ორ წელში ერთხელღა რომ აჯამებს შედეგებს და ჩემპიონს ფარად ქცეულ თასს გადასცემს, მაგით ოთხი ტიტულის ნაცვლად მხოლოდ ორი გვაქვს და შარშანდელ სლემსაც არავინ გვითვლის.

<<< >>>