სლემოსანი უელსი ფავორიტია

   მოგვიახლოვდა ზეპური რაგბის დღესასწაული - უძველესი, მაგრამ მარად ახალგაზრდა, ევროპული "ექვსი ერი", რომელსაც დასი ყველა მსგავს, მოზღუდულ შეჯიბრზე მრავალ-რიცხოვანი და ჭრელი ჰყავს; რომლის განრიგიც შვიდ კვირაში ეტევა და რომლის თავიდან ბოლომდე ხილვაც შინ, მოხერხებულ დროს, ცოცხლად შეგვიძლია ციფრულ "გლობალზე".

  წლეულს *  2008 *  2007 *  2006 *  2005 *  2004 *  2003 * **

თავიდან, 1883 წლიდან იყო ბრიტანული "ოთხი ერი", თუმც სახელი სხვა, "საერთაშორისო პირველობა" ერქვა. 1910 წელს, საფრანგეთის შემატებით, შეიკრიბა "ხუთი ერი", მაგრამ ბრიტებმა 1932 წელს, პროფესიონალიზმის დაბრალებით, მოკვეთეს გალები. მსოფლიო ომების გამო შეჯიბრი არ გამართულა 1915-19 და 1940-46 წლებში, 2000 წელს კი მარაქაში იტალიაც გაერია და მივიღეთ "ექვსი ერი".

მანამდე, 1993 წელს, დაიწერა დებულება და დაწესდა ჩემპიონის სარგო თასი, რითაც თანა-ჩემპიონობა (პირველ ადგილში შეზიარება) გამოირიცხა. 2003 წელს განრიგი შემჭიდროვდა და ტელე-ბატონთა კარნახით, რაუნდის ბოლო მატჩი შაბათის ნაცვლად კვირას დაინიშნა, 2004 წელს კი მოიგონეს ზე-შაბათი, ანუ დასკვნითი რაუნდის თამაშთა ზედიზედ გამართვა.

2006 წელს სინად განივთდა "სამი გვირგვინი", ანუ ბრიტის მიერ სამივე მეზობლის ძლევა. 2003 წლიდან შეჯიბრის მოსახელე სპონსორია "არ ბი ეს" (როიალ ბენქ ოვ სქოთლენდ), შოტლანდიის სამეფო ბანკი. XXI საუკუნეშივე ტრადიციად დადგინდა ტურნირის პრეზენტაციის გამართვა. მასზე ექვსივე კაპიტანი იკრიბება და მედიასთან გასაუბრების გარდა, ფოტოსაც იღებს.

"ლომების" შესარჩევი

ეს ღონისძიება ერთი კვირის წინ, ლონდონში, ჰერლინგემის კლუბში მოეწყო. ჩემპიონ უელსს წარადგენდა რაიან ჯოუნზი, ინგლისს სთივ ბორსვიქი, საფრანგეთს ლიონელ ნალე, ირლანდიას ბრაიან ოდრისკოლი, შოტლანდიას მაიკ ბლერი, იტალიას სერჯო პარისე. მანდვე ითქვა, რომ ბანკმა მესამე ვადითაც, ოთხი წლით (2010-13) გააგრძელა სასპონსორო კონტრაქტი იმის მიუხედავად, რომ მსოფლიო კრიზისის გადამკიდე, 28 მილიარდი (!?) გირვანქა იზარალა.

წლეულს საგულისხმო სიახლეები ისაა, რომ იმოქმედებს სანაკრებო რაგბში შემოდგომაზეღა შემოღებული 13-ვე "საცდელი" წესი; რომ "ექვსი ერი" ივნისში დაგეგმილი, სრულიად ბრიტანეთის "ლომების" სამხრეთ აფრიკული ტურნეს შესარჩევი იქნება; და რომ მატჩი პირველად გაიმართება პარასკევ ღამით, ანუ ტრადიციათა საუფლოშიც შეიჭრება ფრანგული ტოპ 14-ის სათუო ფასეულობანი.

სათასო ბირთვი

საყოველთაო აზრით, შარშანდელი სლემოსანი (ყველა მატჩის მომგები) ჩემპიონი, უელსი წელსაც ფავორიტია.

ტაფიები ნოემბერში მაგრად დაუდგნენ აფრიკასა და ზელანდიას, ავსტრალიას კი მოუგეს და როგორც ფრანგთა გურუს, მარკ ლივრმონს დაუთვლია, ექვსი თვით უსწრებენ კონკურენტებს, რაღაი ბოლო მსოფლიო თასზე ნამყოფი ბირთვი შეუნარჩუნებიათ.

უელსს ზელანდიელი ვორენ გეთლენდი წურთნის. მისი თქმით, შემდეგ, 2011 წლის მსოფლიო თასამდე გუნდს ზრდისთვის 25 პროცენტა მარაგი აქვს, სამხრეთელ ბობოლებთან გაჯიბრებამ კი გამოაჩინა, რომ შნოიანად მობურთავე "ურჩხულებს" ჯერაც აკლიათ წრთობა.

ლივრმონი თავის გუნდზე ამბობს, "ექვსი ერი" მსოფლიო თასისთვის მზადების მორიგ ეტაპად მესახება; არა, წაგებას არცერთ მატჩში არ ვგეგმავ, მაგრამ შარშან 57 მორაგბე რომ გამოვცადე, ამ ჯგუფის 30-35 კაცამდე დაწურვა მწადია და თამაშებს ამისთვის გამოვიყენებო.

მარცხებმა ასწავლეს

ინგლისი შემოდგომაზე სამივე სამხრეთელმა მოსრა, მაგრამ კაპიტანი ბორსვიქი ამტკიცებს, უკეთ შეგვეძლო გამოსვლა; ბიჭების ნაწილი გამოუცდელია, უმეტესობამ კი ვერ მოასწრო ახალი მწურთნელის, მარტინ ჯონსონის იდეათა შეთვისება; ასე რომ, მწარე მარცხებმა ბევრი რამ გვასწავლესო.

ამ საუკუნეში ირლანდიას ლამის ყოველ წელს უქადდნენ პირველობას, მაგრამ "სამყურათა" მონაგარი სამი "სამი გვირგვინია" და მეტი ვერაფერი. ფანობა წარმატებას მიეჩვია და ახლაც მადაზეა, მაგრამ გუნდის ახალი შეფი, დეკლან ქიდნი თავს ისაწყლებს, რესურსი მცირე გვაქვს - კელტური ლიგის სამი გუნდიდან ვადგენ ნაკრებს, მაშინ როცა ინგლისს 12 პროფ-კლუბი ჰყავსო.

დაცვით ჯებირზე

ირლანდია არათუ "ექვსი ერის" ჩემპიონი ვერ გამხდარა, არამედ "ხუთ ერზეც" ბოლოჯერ 24 წლის წინ უპირველია! ამ მხრივ მეზობელზე უკეთესი შედეგი აქვს უპრეტენზიო შოტლანდიას, ვისაც XX საუკუნის ბოლო ათწლეულში ორჯერ დაუჭერია პირველი ადგილი, ბოლო დროს კი იმითაც კმაყოფილია, თუ იტალიას მოუგო და ბოლო ადგილს აცდა.

"აძური" აფრიკელი ნიკ მალითის ხელქვეით იზარდა. მოძღვარს დიდი გეგმები აქვს, შეგირდთა მთავარ ნაკლად კი დაცვაში სიდედლე მიაჩნია. ნიკს დანარჩენი რაგბეთის დარად შეუნიშნავს, რომ მარტო ბურთის ფლობა ვერაფერს გარგებს, და რომ იგებს ის, ვის დაცვით ჯებირზეც მეტოქის შეტევა დაიმსხვრევა.

დასასრულ, ტიპიური "კუშები" ჩემპიონობაზე:

3.0 უელსი
4.0 საფრანგეთი ირლანდია
4.75 ინგლისი
15.0 შოტლანდია
67.0 იტალია

<<< >>>