მარიუპოლიდან რიზემდე

   შარშანდელი ომის გადამკიდე, "ერთა თასზე" რუსეთს ვითომც-ნეიტრალურ მარიუპოლში რომ უნდა ვეწვიოთ, ეგებ ჯობდეს, რომ საგაისო საშინაო რკენა მართლა-ნეიტრალური საფრანგეთის ნაცვლად აქვე, მეზობლად, ლაზეთში, ქალაქ რიზეში გავმართოთ.

ბორჯღალოსნები უკრაინაში შაბათს იმავე 24-ეულით მიფრინავენ, რომლითაც რუმინეთთან შესახვედრად ემზადნენ. ერთი ეგაა მხოლოდ, რომ სათუოა დაშავებული თედო ზიბზიბაძის თამაში, სანაცვლოდ კი მოკეთდნენ ირაკლი გიორგაძე და ილია ზედგინიძე.

რუსთა 25-კაცა რაზმი, რომელშიც 14 მოთამაშე ჩემპიონ ვევეადანაა, პარასკევიდან თურქეთში ვარჯიშობს და დონეცკის ოლქის სანაპირო ქალაქისკენ ამ პარასკევს გაუტევს. "დათვებს" ნიკოლაი ნერუში წურთნით, მრჩეველი კია ინგლისელი სთივ დაიამონდი, ვინც უწინ პრემიერშიპის ლონდონურ კლუბს, "სარასენსს" მოძღვრავდა.

რუსებთან და ჩვენთან ზედიზედ წაგებას გადაყვა რუმინეთის ზელანდიელი შეფი ელის მიჩენი, ვინც მეორე წელია, ეგრეც ვერ დააყენა გუნდი. მის მაგივრად "სტეჟარს" მიხედავს საბჭო, რომელშიც დანიელ მიტრეას ხელქვეით იმუშავებენ ალეკსანდრუ აკიმი, მარინ მოცი, კრისტიან ხილდანი და კივი სთივ მაკდაუელი.

აზოვ სტალი და მაშიც!

მარიუპოლი აზოვის ზღვის პირასაა გაშენებული და უკრაინაში მოსახლეობით მეათეა. მის ადგილას XVI საუკუნიდან კაზაკთა ციხე იდგა, 1778 წელს კი ყირიმიდან ლტოლვილი ბერძნები დასახლდნენ მიტროპოლიტ ეგნატეს ლოცვა-კურთხევით. "პონტოელები" დღემდე ანგარიშ-გასაწევი "ეროვნული უმცირესობა" რომ არიან (4%) ქალაქში საბერძნეთისა და კვიპროსის საკონსულოები "ფუნქციონირებენ".

რაგინდ უცნაურადაც უნდა გვეჩვენოს, მარიუპოლის მოსახლეობაში უკრაინელები 4 პროცენტით ჭარბობენ რუსებს, მაგრამ მათგან მშობლიურ "სურჟიკზე" მხოლოდ მეხუთედი საუბრობს. ქალაქის მართლმადიდებლური ტაძრებიდანაც 11 მოსკოვის საპატრიარქოს ექვემდებარება და მხოლოდ სამი კიევისას, და რუსოფილ იანუკოვიჩსაც 15-ჯერ მეტი მომხრე ჰყავს, ვიდრე იუშჩენკოს.

მარიუპოლი უმსხვილესი სამრეწველო ცენტრია. მანდ მოქმედებს რკინა-ფოლადის სარეწები, "ილიჩოვი" და "აზოვ სტალი", მანქანათმშენებლობის გიგანტი "აზოვ მაში" და პორტი. ქალაქს 1948-89 წლებში გამოჩენილი შვილის, პარტიული მოღვაწის, ანდრეი ჟდანოვის სახელი ერქვა, მაგრამ დროება რომ იცვალა, ბალტიის ჯალათის ძეგლი მთავარი მოედნიდანაც აიღეს.

მაშინვე სერგოს (ორჯონიკიძის!) ქუჩას აზოვსტალის ამშენებლისა და პირველი დირექტორის, იაკობ გუგელის სახელი დაანათლეს, მაგრამ ცალკე ლენინისა და ცალკეც ილიჩის (!) გამზირებს კი ვერაფრით შეელივნენ. რაც შეეჯება სპორტს, მარიუპოლი განთქმულია წყალბურთითა და კალათბურთით, ფეხბურთის კლუბი კი უკრაინის, დონით მეორე ლიგაში თამაშობს.

ჩვენებურები მოვიმადლიეროთ

რა ხეირს დაგვაყრის 2010 წელს რუსეთის საფრანგეთში მიღება? რამდენი ფრანგი ფანი მივა უცხოთა თამაშზე რომელიმე პატარა ქალაქში? თანაც წინა რაუნდში, ერთი კვირით ადრე, ბუქარესტში გავდივართ და ამდენად, იქედან ბათუმამდე უფრო ახლოა, ვიდრე ვთქვათ, ბეზიემდე ან აჟანამდე.

რუსეთის მიღება ლაზეთში რომაა უპრიანი, ეგ აზრი ქუთაისელმა მწურთნელმა, მრავალი ბორჯღალოსნის აღმზრდელმა დიმიტრი ფულარიამ მოგვაწოდა. მის თანახმად, სიახლოვისა და უვიზო რეჟიმის წყალობით, საქართველოდან რიზეში ბლომად წავალთ ქომაგები და არც თურქეთის მოქალაქე ჩვენებურები დააკლდებიან არნახულ სეირს.

რაგბი თურქეთში ფეხს ახლაღა იდგამს, ანუ დიდი მატჩის იქ გამართვა მადლია და ლოგიკით, ულოგიკო და მცონარა ფირა აერ-ის ინტერესშიც უნდა იყოს. გარდა ამისა, ქართული რაგბის ახალი სპონსორის, ლუდ "ნატახტარის" პატრონიც თურქია.

ლაზეთში აქამდე ახსოვთ შოთა და აჩი, ხოლო თუ პროექტის მენეჯერია საძებარი, ეგეცა გვყავს - "დევების" აქტივისტი დავით თავაძე, ვისაც უნივერსიტეტი თურქეთში დაუმთავრებია და თურქულსავე ფირმაში მუშაობს. მოკლედ, სურვილი იყოს და ჩაითა და კივით აყვავებულ მყუდრო, 80-ათასა რიზეში, 10-ათასიან "ათათურქზე" საგაისოდ მაგარი შოუ დაიდგმება.

>>>    ერთა თასი. მეხუთე რაუნდი

საქართველო - რუსეთი

<<    ბორჯღალოსნები (კეპი^ქულა)

ბეკები: 15 მერაბ კვირიკაშვილი 32^120, ოთარ ბარკალაია 37^49; 14/11 მალხაზ ურჯუკაშვილი 57^279, ირაკლი მაჩხანელი 32^65, სანდრო თოდუა 9; 13/12 დავით კაჭარავა 25^35, თედო ზიბზიბაძე 41^55, ირაკლი გიორგაძე 34^16; 10 ლაშა მალაღურაძე 14^62; 9 ირაკლი აბუსერიძე კაპ! 58^25, ბიძინა სამხარაძე 40^5

ფორვარდები: 1/2/3 დავით ხინჩაგიშვილი 22^5, ირაკლი ნატრიაშვილი 16^5, გოდერძი შველიძე 50^35, ანტონ ფეიქრიშვილი 3, დუდუ ქუბრიაშვილი 8; 4/5 ილია ზედგინიძე 52^75, ლევან დათუნაშვილი 26^10, რატი ურუშაძე 35^25, კახა უჩავა 14^2; 6/7/8 გიორგი ჩხაიძე 33^20, გია ლაბაძე 51^50, მამუკა გორგოძე 33^90, დიმიტრი ბასილაია 10^5

<<    მიძვეძი (დათვები)

ბეკ: 15 კლიუჩნიკოვი; 14/11 კუზინი გვაზდოვსკი არწემიევი; 13/12 ბაბაევი ტრიშინი გერასიმოვი; 10 კუშნარიოვი; 9 მატორინი შაკიროვი იანიუშკინი

ფორ: 1/3 ხროკინი ტრავკინი ბოტვინიკოვი პრიშჩეპენკო; 2 კორშუნოვი მარჩენკო; 4/5 ვოიტოვი კულიომინი ოსტრიკოვი; 6/7/8 გრესევი მატვევი ფათახოვი გარბუზოვი მედკოვი

<<    მსაჯები

რეფ მენე; კიდ: მარშა / კარდონა (სფრ)

კვი 22/03 მარიუპოლი (უკრაინა) ილიჩოვეცი 16.00 საქ

12/15 თ  

ქ  

მ-წ*ფ  

გატ:გაშ

საქართველო  

7  

3-0*1  

141:  59

რუსეთი  

6  

3-0  

  88:  48

პორტუგალია  

5  

2-1*1  

102:  63

რუმინეთი  

4  

2-2  

  83:  66

ესპანეთი  

2  

1-4  

  77:151

გერმანია  

0  

0-4  

  22:126

ორი მოწინავე პირდაპირ გადის 2011 წლის მსოფლიო თასზე,
მესამე კი სამ მეტოქესთან მაქსიმუმ 5-მატჩა პლეი-ოფში ებმება

>>>    ბორჯღალოსანთა მონაგარი
21 წელში (1989-2009)

110 თამაში (40 შინ, 51 გარეთ, 19 ნეიტრალურზე)
66 მოგება - 39 წაგება * 5 ფრე
ქულა 2548:2092 (+456) ლელო 313-229 (+84)

სულ 194 ბორჯღალოსანი:
78 ბეკი, 109 ფორვარდი და 7 უნივერსალი;
ბეკებმა გაიტანეს 148, ხოლო ფორვარდებმა 165 ლელო

რუსეთთან: 12თ (7შ 4გ 1ნ) 10-1*1 / 258:167, ლ 24-9

<<< >>>