მოლი ჩვენი არსობისა

   საცდელ წესთა გამო ვითარება გაირკვა: კვირის დასაწყისში, ლონდონში გამართულ ბობოლათა კონფერენციაზე მომზადდა რეკომენდაციები, რომლებსაც შუა მაისში ნაღდად გაითვალისწინებს ირბ-ის აღმასკომი და მოლის წაქცევას ისევ აკრძალავს, რითაც ტრადიციონალისტები შვებით ხომ ამოისუნთქებენ და საქართველოს, იტალიას, არგენტინას, ინგლისს წართმეული თულფიც დაუბრუნდებათ.

  საცდელი წესების შესახებ 

კონფერენციაზე რაგბეთის ათი ბობოლა ქვეყნის 59 დელეგატი შეიყარა. ამათ პიტივცემული ირბ "მეწილეებად" მოიხსენიებს, რაც გვაფიქრებინებს, რომ დუბლინის კანტორა რაგბს ჯერაც განიხილავს საოჯახო ბიზნესად, რომლის მართვაშიც სიტყვა მხოლოდ სახლიკაცებს ეთქმით. არადა, ქართველ სპეციალისტებზე რომ არაფერი ვთქვათ, პორტუგალი ტომეჟ მორეიშისა და ფიჯელი პიო ტიკოისუვას შეფასებათა მოსმენა ნაღდად წაადგებოდა საქმეს.

ირბ-ის ფრანგი თავკაცის, ბერნარ ლაპასეს თანახმად, ლონდონში აზრთა ცხოველი გაზიარება გამართულა. მოწილენი შეთანხმებულან იმაზე, რომ საშურია მთელი მსოფლიოსთვის ერთიანი წესების აღდგენა და რაგბობის სტილთა მრავალ-ფეროვნების შენარჩუნებაც. ჰოდა, 13 საცდელი წესიდან მოუწონებიათ ათი. ახლა მათ 27 აპრილამდე საბოლოო სახითა და დასაბუთებით ჩამოაყალიბებს ირბ-ის "რაგბის კომიტეტი" და აღმასკომს 13 მაისს წარუდგენს დასამტკიცებლად.

ოთხ წლიანი ჯახირი

საცდელი მუხლი სრულ-უფლებიან წესად იქცევა, თუ აღმასკომზე ხმათა ორ მესამედს მიიღებს. ამით დასრულდება წესებზე ჯახირის ოთხ წლიანი პროცესი, რომელიც მამებმა თავის დროზე იმად წამოიწყეს, რომ რაგბი სათამაშოდ, სამსაჯოდა და საცქერლად უფრო იოლი და მიმზიდველი გაეხადათ, მაგრამ მერე და მერე დარწმუნდნენ, რომ ზოგი იდეა 15-კაცა თამაშს დაუკარგავდა უნიკალურ იერს და მას 13-კაცა განაყოფის, რაგბი-ლიგის ასლად აქცევდა.

რაგბის ისთებლიშმენთის ახლანდელი გაგებით, ოდესღაც "ძე ცდომილად" შერაცხული ლიგა თავის თავად ურიგო თამაში როდია და მისგან მარგ იდეათა გადმოღება ცოდვა აღარაა. ასე შემოვიდა ლიგიდან რაგბში ხაზური დაცვა, ხროვული ბოჭვა, ცენტრული შეტევა ორი ფრთით, ზურგში შეცურება, ფრთაზე გადაკიდება, ჯარიმის კიდეზე გადატანა, სისხლზე შეცვლა და ტელი-რეფიც, ბოლო სიახლე კია შერკინებაში დაცვის ხაზის ბოლო ფეხიდან ხუთ მეტრზე დაწევა.

არსით უვარგისი

ამით მოტანილ სიკეთეს ყველა აღიარებს: პირველი ფაზიდან შეტევა გაიოლდა, დაცვას კი ახალ მეთოდთა მოგონება დაჭირდა. გაამართლა კიდიდან ბურთის უცებ შემოგდებისას უკან მიწოდების დაშვებამაც, რაღაი ამით კონტრ-შეტევის შანსი გაიზარდა. მოსაწონია ისიც, რომ სარის შეხება აუტში გასვლად აღარ ითვლება და ამით კუთხეში ეშხიანი, აკრობატული ლელოები იდება, სხვაფრივ კი ირბ-ული ექსპერიმენტი ჩაფლავდა.

დავიწყოთ ყველაზე ნაკლები უბედურებით. ეგაა "გარედან შიგნით პასის" წესი, რომლის თანახმადაც თუ ბურთს შენს 22-ში ნებისმიერი ხერხით შეიტან და აუტში პირდაპირ (მიწაზე დაუცემლად) დაარტყამ, მოედანს ვეღარ მოიგებ. ამით პროცენტულად იმატა "ბურთის თამაშში ყოფნის" დრომ, მაგრამ ეგ მატება არსით უვარგისია, რადგან იმართება "საჰაერო პინგ პონგი" - მეტოქენი ერთმანეთს მოედანში ურტყამენ მანამ, სანამ რომელიმე შეცდება ან ინამუსებს.

ჭარბი მეტოქის პირისპირ

კონფერენციამ ეს სიახლე მოწონებულ ათეულში მაინც შეიტანა იმის იმედად, რომ მწურთნელები მალე რამე ჭკვიანურს მოიფიქრებენ, "ბურთიანის წაქცევით მოლის ჩაქცევა" კი ხელაღებით დაიწუნა. ამ ილეთის გამოცდის მოტივი ის იყო, რომ კარგად მომართული მოლის გაძალიანება ჩაუქცევლად ჭირდა, დაცვისთვის ხელ-ფეხის გახსნას კი მოყვა ის, რომ "მგორავი მოლი" ლამის გადაშენდა, რაღაი მის გამოყენებას აზრი დაეკარგა.

ამით რაგბს მოაკლდა ოდითგან არსებული, ბურთაობათა კლასში უნიკალური ფანდი. თამაშის გადაწყობა მოუწიათ მოლზე გადაგებულ გუნდებს, მათ შორის, ჩვენს ბორჯღალოსნებსაც. გახშირდა სოლოდ და წყვილ-წყვილად მიძალება და აქედან გამომდინარე, უშნო ზედახორები, და რაც მთავარია, შემტევი მოლში რომ ვეღარ იზიდავდა დაცვას, მთელს ფრონტზე ჭარბი მეტოქის პირისპირ რჩებოდა. ერთი სიტყვით, ბალანსი დაცვის სასარგებლოდ დაირღვა.

თეფზე ვერ თანხმდებიან

საქებია ჩვენი რაგბის კავშირი, რომ შარშან, შემოდგომაზე, ირბ-ის დირექტივას წაუყრუა და ეს, სათუო ღირებულების სიახლე არ აამოქმედა იმ მოტივით, რომ ფორმულირება მთლად გასაგები ვერ იყო. სამაგიეროდ, ვიდრე ჩვენთვის თავიდანვე ცხად დასკვნამდე მივიდოდნენ, უცხოელებმა გემოზე ფლანგეს რესურსი - გააანალიზეს 15 ქვეყანაში გამართული 800 მატჩი, რომელშიც 3 ათასი კაცი მონაწილეობდა!

კი გაირჩა ამოტოლა მასალა, მაგრამ სამხრეთი და ჩრდილოეთი მთავარზე მაინც ვერ შეთანხმდნენ. ეგაა ბოჭვაზე დასანიშნი სასჯელის რაობა. ევროპა, ანუ "ექვსი ერი" ჯარიმას ემხრობა ისე, რომ ირბ-ის "წესთა რეფორმის ჯგუფის" იდეა მოედანზე საერთოდ არ გაუსინჯავს, სამხრეთის "სამი ერი" კი, შინაურ პირველობათა გარდა, აგერ უკვე მეორე ზე 14-ს მართავს "უმეტესი დარღვევისთვის თეფით" და ხარობს გაჩქარებული ბურთაობით.

ემანდ არ გაიხლიჩოსო

რაგბის ამ გეზით განვითარება ევროპას ხელს რომ არ აძლევს, არავისთვის საიდუმლო არაა და რაღაი "ექვს ერს" ირბ-ში "სამ ერზე" მეტი ხმა აქვს, თეფს მსოფლიო მასშტაბით არ აჭაჭანებს. ამას რომ ელოდა, სამხრეთი შარშანვე დაექადნა ჩრდილოეთს, ჩვენს წესებს არ დავთმობთ, თქვენ კი ისე ნუ წაიყვანთ საქმეს, რომ საუკუნის წინ, ლიგის გამოყოფის დარად, რაგბი ისევ გაიხლიჩოსო.

ირბ-საც რა დარჩენია და დიპლომატობს: თეფს "ხელახლა შესასწავლად" უბრუნებს მის მომხრეებს, რაც აზრს მოკლებული სულაც არაა, რადგან ზე 14-ში დამცველს რომ აღარა აქვს ჯარიმის შიში, ბოჭვაზე თამამად მარხავს ბურთს, მსაჯი კი მხოლოდ მისთვის შესაცნობ მომენტში გადაწყვეტს, რომ დარღვევა ცინიკური (!) იყო, და თეფის ნაცვლად ჯარიმის დანიშვნას იწყებს.

კალათბურთული შეცვლები

ირბ ტრაბახობს, რომ თუ უწინ ახალ წესებს გამოუცდელად, პირდაპირ კაბინეტში იღებდა, ამჯერად მოედანზე ასჯერ გაზომა და ჯერაც არ გაუჭრია. კრიტიკოსები მახვშებს იმას უკიჟინებენ, რომ 69 მოწილეში ერთიც არაა მოქმედი მორაგბე.

გაუგებარია ზოგი უარის არგუმენტაციაც. ასე მაგალითად, საცდელი სიახლით "იმათ მოწოდებაზე დერეფანში, თუ გინდა, მეტოქეზე მეტ კაცს გაამწკრივებ", ექსპერტებს კი დაუდგენიათ, რომ ამით დამცველი გუნდი ფრონტის შუაწელს (?) ხერგავს.

სხვაფრივ, კონფერენციაზე ერთი-ორი ახალი, აქამდე უთქმელი ნოვაციაც მოიწონეს. ინგლისის წინადადებით, შესვენება 10 წუთიდან თხუმეტამდე გაიზრდება, სამოყვარულო დონეზე კი შეცვლა კალათბურთული, შეუზღუდავი გახდება. ფრანგებმა "სიმულაციის გზით შერკინებაში მიწოლის აკრძალვის" წამალი შესთავაზეს შეკრებილებს (მაგის მოთავე გუნდმა ერთი კაცი მოიკლოსო) რის პასუხადაც შეკრებილებმა "საკითხის შემდგომი შესწავლა" მოიფიქრეს.

<<< >>>