ჩემპიონები გავმხდარვართ!

   ევროპული რაგბის გამგებელმა, ფირა აერ-მა "ერთა თასი" პოსტ-ფაქტუმ მოგვანიჭა, რის გამოც შეიძლება საგაისო, მეორე წრის განთესვა და თამაშთა რიგიც შეცვალოს.

"ერთა თასი" XX საუკუნეშიც, საბჭოთა ხანაში, ხან თითო და ხანაც ორ-წლიანი ციკლით თამაშდებოდა. 2000 წლიდან იტალია საბოლოოდ რომ დაგვეთხოვა და ელიტარულ "ექვს ერში" აბრძანდა, ფირა აერ-მა ჩვენი შეჯიბრი "უმცროს ექვს ერად" ჩაიფიქრა და საწყისი სამი სეზონი ყოველ-წლიურად ავლენდა ჩემპიონს, მაგრამ მერე სხვა ჭკუაზე დადგა და თუმც პორტუგალიამ 2003 წელს ხუთივე მეტოქე ძლია, ტიტული გაისად, ორი წრის ჯამითღა უბოძა.

მას აქეთ ამ ყაიდაზე კიდევ ორი ციკლი გასრულდა, რაზეც "ოლიმპმა", ბორჯღალოსანთა წინსვლის წარმოსაჩინებლად, წლიური, არა-ოფიციალური ფალავნობა ისევე შემოიღო, როგორც "თაიმსი" ნეტარ "ხუთ ერს" ნახევარ საუკუნეზე მეტ ხანს უდგენდა ცხრილს. ევროპული ოფიციოზი მისსავე საითის ფორუმზე მუდმივად განახლებად ამ სტატისტიკაზე კარგა ხანს თვალს ხუჭავდა, მაგრამ შარშან "ერთა თასის" თვისობრივად ახალ დონეზე აყვანა რომ ჩაიფიქრა, თავადვე დაასკვნა, რომ "ექვსი ერის" მოდელი ოპტიმალურია.

არ ოხუნჯობენ

"ერთა თასმა" ფინიშს ისე უწია, რომ მონაწილეებს არც უგუმანიათ, თუ ტიტული წელსვე თამაშდებოდა, რის გამოც ჩემპიონის სარგო ფარი კვირას, მარიუპოლში არავის დაულანდავს, მაგრამ დაღამდა ორშაბათი და ფირა აერ-ის საითზე დაიწერა, საქართველო ჩემპიონიაო. ამას ფორუმზე საქმის გარჩევა მოყვა და სხვა დროს ცენზორის როლის ხალისით მკისრებელი ადმინი ისე დაიბნა, რომ შემდეგ ორშაბათსღა, დილით გაამხილა, "ერთა თასი" თითო-წლიან ციკლს რომ უბრუნდებოდა, ეგ შარშან (!) დეკემბერში გადაწყდაო.

ვითარების გასარკვევად ჩვენი კავშირი მაინც დაეკითხა ფირა აერ-ის ოფისს და პრეზიდენტ ბაკეს მიერ ხელმოწერილი დასტურიც მიიღო, მაგრამ რაღაც ჭირად, საბუთი მაინცდამაინც 1 აპრილითაა დათარიღებული. ამან ევროპელ მახვშთა მუშაობის უნიკალური სტილის ვერ-მცოდნე მკითხველს შეიძლება აფიქრებინოს, ხომ არ ოხუნჯობენ ეგ დალოცვილებაო, მათთვის კი, ვინც ათი წელია უხსნის მაგ ოღრაშებს, რომ თამაშის ოქმი ლაივში თუ არა, იმავე საღამოს კი მაინც ჭირდება მედიას, ყველაფერი ნათელია.

ოდენ არითმეტიკით

დიახ, მოსალოცად გვაქვს საქმე: ფირა აერ-ის სათვალავით ტიტულთა სიმრავლით გავუტოლდით რუმინეთს, ჩვენებური, უფრო ლოგიკური ფორმულით კი, სტეჟარს კიდევაც გავუსწარით, რადგან ათ სეზონში ხუთჯერ (!) საუკეთესო შედეგი გვქონდა. ამასვე მოწმობს ათი სეზონის ჯამური ცხრილიც, რომელიც ორგანიზატორთა ხუშტურებზე არაა დამოკიდებული, რაღაი მოედანზე დაფიქსირებულ შედეგებსა და ელემენტარულ არითმეტიკას ეფუძნება.

ვიდრე სიმართლეს ვადგენდით და თანაც ვქილიკობდით, დალხენილმა "ექვსმა ერმა" თავისი საგაისო, საათობრივი განრიგი გამოაქვეყნა. მასში, წლევანდელთან შედარებით, მონაცვლებულია პირველ-მეორე და მეოთხე-მეხუთე რაუნდები, მესამეში კი კვლავაც ზის იმავე გუნდების (უელსი - საფრანგეთი) პარასკევი ღამის (!) რაგბი.

რუმინეთი ოთხეულშია

რაკი კლუბებიდან ბიჭები კვლავ დასახსნელი გვეყოლება, 2010 წელსაც ნაღდად ისევ ელიტარულ ვიქენდებზე ვითამაშებთ, მაგრამ სადაა იმის გარანტია, რომ თასის გადაცემის დარად, ქოშის უკუ-მყრელი მახვშები განთესვასაც ყოველ წელს თავიდან არ მოაწყობენ? ასე რომ, ქვემოთ მოტანილი განრიგი შეიძლება შეგვეცვალოს, მეტოქეებს სხვა რიგით (გერმანია ესპანეთი რუმინეთი პორტუგალია რუსეთი) შევხვდეთ და სვლაგეზიც გასაახლებელი გაგვიხდეს.

    ტულონის (საფრანგეთი) მიდამოში კვირას დაწყებულ ჭაბუკთა ევროპის პირველობაზე ინგლისმა 57 ქულით დაგვანგრია, რის გამოც ოთხშაბათს, გეგმის მიხედვით, რუსეთს ვერაგბებით და თუ მოვუგებთ, ელიტაში დავრჩებით. სხვაფრივ, მესამე თამაში რუმინეთთან ვერასგზით ვეღარ გვექნება, რადგან სტეჟარმა იტალია გააგორა და ზემო ოთხეულში შევიდა.

>>>    ოფიციალური "ერთა თასის" ჩემპიონები

რუმინეთი   3   (2000 2002 2005/6)
საქართველო   3   (2001 2007/8 2009)
პორტუგალია   1   (2003/4)

>>>   არა-ოფიციალური "უმცროსი 6 ერის" ჯილები (^ სლემი)

საქართველო   5   (2001^ 2005 2007 2008^ 2009)
რუმინეთი   4   (2000 2002^ 2004 2006)
პორტუგალია   1   (2003^)

>>>   ათი სეზონის (2000-2009) ჯამი

ქვეყანა  

ქ%  

  

  

მ-წ*ფ  

ჩმ  

6ე  

სლ

საქართველო   77   10   50   37-10*3 3   5   2
რუმინეთი   74   10   50   37-13   3   4   1
მაროკო   60   1   5     3- 2   -   -   -
რუსეთი   58   9   43   24-17*2 -   -   -
პორტუგალია   54   10   50   26-22*2 1   1   1
ესპანეთი   26   8   40   10-29*1 -   -   -
ჩეხეთი   21   6   29     6-23   -   -   -
ჰოლანდია   7   3   15     1-14   -   -   -
გერმანია   0   1   4     0-4   -   -   -
უკრაინა   0   2   10     0-10   -   -   -

>>>    2010  წლის "ექვსი ერი" (საქართველოს დროით)

ჩვენი სავარაუდო განრიგითურთ

შაბ   6/02   ირლანდია - იტალია   18.30
   ინგლისი - უელსი   21.00
კვი   7/02   შოტლანდია - საფრანგეთი   19.00
   საქართველო - გერმანია     

შაბ 13/02  

უელსი - შოტლანდია  

18.00

   საფრანგეთი - ირლანდია   20.30
კვი 14/02   იტალია - ინგლისი   18.30
   პორტუგალია - საქართველო  

პარ 26/02  

უელსი - საფრანგეთი  

24.00

შაბ 27/02   იტალია - შოტლანდია   17.30
   ინგლისი - ირლანდია   20.00
   საქართველო - ესპანეთი    

შაბ 13/03  

ირლანდია - უელსი  

18.30

   შოტლანდია - ინგლისი   21.00
კვი 14/03   საფრანგეთი - იტალია   18.30
   რუმინეთი - საქართველო    

შაბ 20/03  

უელსი - იტალია  

18.30

   ირლანდია - შოტლანდია   21.00
   საფრანგეთი - ინგლისი   23.45
   საქართველო - რუსეთი (ნეიტრ)

>>>   ევროპის 18 წლამდელთა პირველობა

<<    მეოთხედფინალი (კვი 5/04)

საფრანგეთი (1) 59:5   ბელგია (8)
იტალია (4)   13:27   რუმინეთი (5)
ირლანდია (2)   32:5   რუსეთი (7)
ინგლისი (3)   60:3   საქართველო (6)

<<    ნახევარფინალი (ოთხ 8/04 17.30 საქ)

5-8   იტალია - ბელგია
   საქართველო - რუსეთი

1-4  

საფრანგეთი - რუმინეთი

   ირლანდია - ინგლისი

<<< >>>