ჩაკირული ფორმულით

   შაბათს ტულონის (საფრანგეთი) მიდამოში დასრულებულ ჭაბუკ მორაგბეთა ევროპის პირველობაზე საქართველომ იტალია დაამარცხა და მეშვიდე ადგილზე გავიდა, რუმინეთში კი დინამო - ფარულის დარბი მერვე წუთზე რომ ჩაიშალა, კონსტანცელი ბორჯღალოსნები გაილახნენ.

ინგლისთან და რუსეთთან წაგების შემდეგ ჩვენმა ჭაბუკებმა ძლიეს იტალია და საგაისოდ პირველ ჯგუფში დარჩნენ. ყველასთვის მოულოდნელად, მეხუთე ადგილი დაიკავა ბელგიამ, მეოთხეზე კი დააფინიშა რუმინეთმა. ჰოდა, ფირა აერ-ის ჩაკირული ფორმულის გადამკიდე, 2010 წელსაც თავიდან ინგლისს შევხვდებით და მერე კვლავ რუსეთს, რუმინეთი კი ბელგიის ჯობნით ისევ შევა ოთხეულში.

ჩვენი ჯეელური ნაკრებებიდან უცხოეთში გასვლა შემდეგს 21 წლამდელს უწევს მაისში და სტარტზე მაინცდამაინც მასპინძელ ესპანეთს ხვდება. განათლებულ ევროპაში აღდგომა რომაა და უფროს-უმცროსი გადაბმულად სვამს, ფირა აერ-ის საითზე ოქმები დაგვიანებით ქვეყნდება.

ამის გამო ახლაღა დავადგინეთ, რომ ნახევარფინალში ვიხეირეთ სინბინით, რუსეთი კიდევ ორჯერ დავალელოვეთ და 17:3 დავწინაურდით, მაგრამ მერე მოგვიხდა 10 ნომრის გამოცვლა, 15 უპასუხო ქულა გავუშვით და ჩვენდათავად ორი ბიჭი ყვითლით გაგვიგდეს.

32 წლის პეტრაკე

"ერთა თასზე" სამივე კონკურენტთან წაგების შემდეგ რუმინულ რაგბში ხელისუფლება შეიცვალა. გადადგა პრეზიდენტი ჯორჯე სტრატონი, 8 აპრილს გამართული არჩევნები კი მოიგო 32 წლის სტეჟარმა ალინ პეტრაკემ, ვინც ბრძანა, 2011 წლის მსოფლიო თასზე გასვლა კი ძნელია, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლებთ; მოვიყვანთ გაწაფულ ფრანგ მწურთნელს და ყოფილი კაპიტანი სორინ სოკოლიც შევიპირე, ნაკრებს დავუბრუნდებიო.

შესარჩევთა პირველი წრის შემდეგ რუმინეთი ორ-ნახევარი მოგებით ჩამორჩება საქართველოს, ორით რუსეთს და ერთ-ნახევრით პორტუგალიას. სტეჟარმა გაისად ხუთივე მეტოქე რომც ძლიოს, მესამე ადგილზე თუღა გავა და ჩაებმება რეპეშაჟში, სადაც წლის ბოლომდე ევროპის, აფრიკისა და ამერიკის სამ გუნდთან სულ ხუთი მატჩის გამართვა მოუწევს, რათა ზელანდიის ბოლო, მე-20 საგზურს დაეუფლოს.

რუმინული რაგბის კრიზისი აშკარაა. ვლახები, ეტყობა, ძნელად ჰგუობენ პოზიციების დაკარგვას, წამოჩიტულ მეტოქეთაგან კი სხვებზე მეტად გულზე ვერ ეხატებათ საქართველო, ვინც ჭაბუკთა ტურნირებში მეტწილად ჯობნის, ხოლო კაცებში უკვე უსწრებს რეიტინგით, "ერთა თასის" ჯამური სტატისტიკებით; სამი წელია, "ანთიმოზ ივერიელის თასსაც" აღარ ანებებს კარპატელებს და ირბ-ის მიერ ბუქარესტში გამართულ ორ ტურნირშიც გაუსწრო მასპინძელს.

რუპეცი პე ჯორჯიენ!     ^C^V     http://www.youtube.com/watch?v=DDiAjGEbjKY 

ლეგიონერობა პროფესიულ სპორტში ჩვეულებრივი მოვლენაა. კლუბური მეტოქეობა და შუღლიც სანაკრებო დონეზე გრძელდება. თბილისში, საქართველო - რუმინეთის მატჩში რომ შეიბნენ დინამოელი ტაშკა და ფარულელი ირაკლი ნატრიაშვილი, ჩვენებურ თვითმხილველთა თანახმად, სტუმრები რუსთაველ კვაჭს დაექადნენ, ანგარიშს რუმინეთში გაგისწორებთო.

ვლახებმა სიტყვა შეასრულეს. შინაური პირველობის ლიდერთა მატჩში, რომელიც ტრადიციულად უზმოზე, დილით დაიწყო, დინამომ წინდაწინ დათქმულ ნიშანზე ატეხა უგონჯესი ჩხუბი და მაგრად გალახა მეტოქე, რომლისაც მხოლოდ ნაწილი კრივობდა. ჩვენგან ბლომად მოხვდათ ნატრიაშვილს, კახა უჩავას და გიორგი ხოსიტაშვილს, ბიძინა სამხარაძემ კი წიხლი იქეთ ჩაარტყა მავან დინამოელს.

მსაჯმა ბოგდან მილიცამ წყნარად უყურა მთელ ამ უმსგავსობას, მერე კი ორი დინამოელი გააძევა. ფარულმა თამაშის გაგრძელება აღარ ისურვა. ინციდენტის ვიდეო შაბათ საღამოსვე აიტვირთა "იუთუბზე" და ფორუმებზე კეჭნაობა გაჩაღდა. რუმინული საითის, "პრო სპორტის" თანახმად, ცხრა დაშავებული ჰოსპიტალში მოხვდა, დინამოს გურუ დანიელ ნიაგა კი შეგირდებს უყვიროდა, "რუპეცი პე ჯორჯიენ", ანუ გახიეთ ქართველებიო.

ფედერაცია საქმეს ორშაბათს, ჩვენებურად 12 საათზე გაარჩევს.

>>>     ევროპის 18 წლამდელთა პირველობა

<<    "" ჯგუფი

1-2 საფრანგეთი 20:19 ინგლისი
3-4 ირლანდია 51:10 რუმინეთი
5-6 ბელგია 18:7 რუსეთი
7-8 საქართველო 18:3 იტალია

გაისად:
    საფრანგეთი - გერმანია, რუმინეთი - ბელგია /
    ინგლისი - საქართველო, ირლანდია - რუსეთი

<<    საქართველო 17:18 რუსეთი

საქ: კობახიძე გაბროშვილი მარგიანი ლოსაბერიძე (ხიპაშვილი 58) მჭედლიშვილი (10-9) კვარაცხელია (ოდიშარია 34) ღამბაშიძე (მისრიაშვილი 56) / ჟვანია ჯაჯაია (მატკავა 62) ჩილაჩავა (შენგელია 36) ბიწაძე რ.ჟღენტი სბ 35 (მიქაუტაძე 46 * სბ 70) ჭყოიძე ტყეშელიაძე თხელიძე - 3ლ: ღამბაშიძე მჭედლიშვილი ჩილაჩავა; გ: კობახიძე

რუს - 2ლ: 15 ბერზინი; გ 2ჯ: 10 იამშჩიკოვი სბ იამშჩიკოვი

რეფ ჰიმერი (გერ) 8/04 სან რაფაელი (მოღრუბლული)

0:3(9) 7:3(18) სბ(23რ) 12:3(25) 17:3(31) სბ(35ს) 17:8(35+2) /
17:15(57) 17:18(66) სბ(70ს)

<<    "" ჯგუფი

  9-10 გერმანია 11:3 პორტუგალია
11-12 ესპანეთი 43:10 პოლონეთი
13-14 ჰოლანდია 54:3 უკრაინა
15-16 ლიტვა 66:0 შვეიცარია

<<    "" ჯგუფი

17-18 ჩეხეთი 27:21 შვედეთი
19-20 უნგრეთი 15:0 ბულგარეთი
21-22 დანია 33:24 სერბეთი
23-24 ლატვია 12:8 ავსტრია

<<    "" ჯგუფი

25-26 ლუქსემბურგი 24:19 ხორვატია
27-28 სომხეთი 25:10 ისრაელი
29-30 მოლდოვა 45:14 ბოსნია

>>>     ევროპის 21 წლამდელთა პირველობა

3-9/05 მადრიდი (ესპანეთი) უბობოლებოდ!

რუმინეთი - შვედეთი, რუსეთი - უკრაინა /
ესპანეთი - საქართველო, პორტუგალია - გერმანია

<<< >>>