ზე 15, ოღონდ როგორი?

   თვე-ნახევარი გავიდა შვიდკაცის მსოფლიო თასის შემდეგ. მაშინ დუბაიში შეიკრიბნენ სამხრეთელი მახვშები, ზე-რაგბის მომავალზე იბჭეს და 2011 წლიდან ზე 15-ის დაწესებაზე მორიგდნენ, მაგრამ რაც დრო გადის, სამ პარტნიორს შორის მით მეტი უთანხმოება ჩნდება. არადა, 30 ივნისს სამხრეთულმა ალიანსმა მარჩენალს, "ნიუზ კორპს" ახალი ტელე-პროდუქტის მონახაზი უნდა წარუდგინოს.

სამხრეთულ ალიანსს სანზარი ჰქვია. მისი წევრები სამხრეთი აფრიკა, ახალი ზელანდია და ავსტრალია არიან. სანზარი 1995 წლის მსოფლიო თასზე, რაგბში გარეშეთა ჩარევის აღსაკვეთად შეიქმნა და ირბ-ის წიაღს შეუნარჩუნა სამი ბუმბერაზი, სანაცვლოდ კი ირბ-მა 15-კაცა, დასაბამიდან სამოყვარულო რაგბი ღია (პროფესიულ) სპორტად გამოაცხადა.

სანზარი ტელე-მეუფის, რუპერტ მერდოქის დასტურით დაფუძნდა და მის "ნიუზ კორპს" შეეკრა. პირველი, 10-წლიანი კონტრაქტით სამეულმა 555 მილიონი მიიღო, მეორით, 5-წლიანით კი 323 მილიონი დაიბევა. სწორედ ამ ფულით გაიმართა ათი ზე 12 და ორ-წრიანი "სამი ერი", გაისად კი მეხუთე ზე 14 და მეოთხე (მსოფლიო თასის წლის გარდა) სამ-წრიანი "სამი ერი" მოყომარდება.

გარიგების თანახმად, სანზარი ვალდებულია, კონტრაქტის გასაახლებლად ჯერ "ნიუზ კორპს" მიმართოს და თუ ამან უარი უთხრა, მერეღა ეძიოს სხვა პატრონი. რაღაი მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისია და მიზეზთა გამო, ვეღარც ზეპური რაგბია იმ დონის სეირი, 15, ათი ან ხუთი წლის წინ რომ იყო, სანზარს გვარიანი ფხის გამოჩენა მოუწევს, რათა სასურველი გარიგება გაჩარხოს.

შინაური წრეც

ზეპური რაგბი სანახაობაა, შოუს კი მუდმივი განახლება ჭირდება. სანზარის იდეოლოგმა, ავსტრალიელმა ჯონ ონილმა დუბაის თათბირის შემდეგ ბრძანა, ცხარე კამათის შემდეგ შევთანხმდით, რომ ზე 14-ს ყავლი გაუვიდა და ზე 15-ად გაფართოების დროაო, მაგრამ როგორც მალე გაირკვა, აფრიკას ზელანდია - ავსტრალიისგან განსხვავებულად წარმოუდგენია განახლებული ფორმატი.

დღესდღეობით ზე 14-ში ხუთ-ხუთი გუნდი ჰყავთ აფრიკასა და ზელანდიას, ოთხი კი ავსტრალიას. ყველანი შუა თებერვლიდან შუა მაისამდე მართავენ ერთ სრულ წრეს, ოთხი უკეთესი კი გადის კლასიკურ პლეი-ოფში, რითაც მთელი შეჯიბრი 16 კვირაში ეტევა.

კივურ - ოზური პროექტით, დასს რომ დაემატება ერთი გუნდი, 15 მონაწილე სამ გეოგრაფიულ კონფერენციად დაიყოფა. ერთ წრედ ამათ გაჯიბრებას 15 კვირა დაჭირდება, მერე კი კონფერენციებში ცალ-ცალკე მოეწყობა მეორე, შინაური წრე, ანუ დარბები, რასაც კიდევ ხუთი კვირა მოუნდება.

ბოლოს იქნება 6-გუნდა, "ავსტრალიური პლეი-ოფი", ანუ ტურნირი 23 კვირამდე (ონილის გამოთვლით, ოდენ 22-მდე!) დაგრძელდება; და რაღაი თებერვალი სამხრეთში მთლად საბურთაო დრო ვერაა (ცხელა და თანაც ლიანგს თვალი კრიკეტისკენ გაურბის) ზე 15 დაიწყება შუა მარტში და შუა აგვისტომდე გასტანს.

მელბურნი საუკეთესოა

ონილის ფრთის გეგმით, სამხრეთის ტესტები, რომელზეც "ექვსი ერი" გამოხშირულ გუნდებს აგზავნის, ახლანდელივით ივნისში მოეწყობა, ოღონდაც შუა კვირაში, სადაგ დღეებში; ზე 15-ს კი მოყვება "სამი ერი", რომელშიც შეიძლება (!) არგენტინაც ჩართონ. ბოლოს, ნოემბერში, სამხრეთი ტრადიციულად ჩავა ევროპაში, დეკემბერ - თებერვალში კი ბიჭებს არდადეგები ექნებათ.

ონილი ჭკვიანი კაცია. დასამატებელი, მე-15 გუნდის სადაურობა სანზარმა უნდა გადაწყვიტოს, მაგრამ ახლავე ცხადია, რომ ლოჯისტიკურ მოსაზრებათა გამო, აფრიკა და ზელანდია ავსტრალიის კონფერენციაში ვერ მიავლენენ კოლექტივს, ოზეთს კი გუნდის დასაბინავებლად მოეძევება რამდენიმე ადგილი, რომელთაგან საუკეთესოა "სპორტული დედაქალაქი", 4-მილიონიანი მელბურნი.

ავსტრალიაში 15-კაცა რაგბი პოპულარობით ოდენ მეოთხე ბურთაობაა 18-კაცა რულზის, 13-კაცა ლიგის და 11-კაცა სოკერის შემდეგ. რაგბის ყველა კონკურენტს ნახევარ-წლიანი, უწყვეტი საშინაო პირველობა აქვს, რაგბი კი ამას ისტორიულად მოკლებულია. ჰოდა, 22-კვირიანი ზე 15-ის დაწესებით სწორდება ეგ ხარვეზი და იქმნება პროდუქტის ის ნამეტიც, რომლის წყალობითაც რაუნდის თითო-ოროლა თამაში, საკაბელოს გარდა, უფასო არხებითაც გადაიცემა.

ონილი ამტკიცებს, ავსტრალიაში მოგვეპოვება რესურსი, რათა მეხუთე გუნდიც ძლიერი გამოვიყვანოთო. შეფის გეგმით, ოზთა ერთი ნაწილი ევროპიდან დაბრუნდება განახლებულ ტურნირში, სხვები სიდნეი - ბრისბენის კლუბებიდან და 13-კაცადან მოვლენ, და კარიც გაეღებათ უცხოელებს, მეტადრე კი კუნძულელებს (ფიჯი ტონგა სამოა)

საზანგეთის გასარევად

აფრიკას ავსტრალიისგან ძაან განსხვავებული გეგმა აქვს. იაპები არად დაგიდებენ პარტნიორთა თანასწორობის პრინციპს, ანუ სამივეს რომ ხუთ-ხუთი გუნდი ჰყავდეს, და მე-15 მონაწილე სათავისოდ მოუნიშნავთ. აკი ბრიტანეთის "ლომების" წლევანდელი ტურნეს დროს, წარდგენაც კი დაუთქვამთ პორტ-ელიზაბეთის გუნდისა, რომელსაც "საზერნ კინგზ" (სამხრეთის მეფენი) ერქმება.

პორტ-ელიზაბეთი ზანგური რაგბის ადგილის დედაა. ხუთი წლის წინ, როცა დასის პირველი გაფართოება ხდებოდა, აქაური "სპეარზი" (შუბები) ტენდერში ბოლო ადგილზე გავიდა, ზე 14-ში კი "ჩიტაზი" ჩაება. ამან რესპუბლიკის ზანგური ხელისუფლება გაახელა და რაგბში ჩასარევად დამატებითი სტიმული გაუჩინა. ჰოდა, ისევ რომ გამოჩნდა მარაქაში საზანგეთის გარევის შანსი, კავშირი წილ-ნაკლულ ავსტრალიას ჯიბრში ჩაუდგა.

მეორე საკითხია ვადები. თუ კივებსა და ოზებს ტურნირის გვიან დაწყება უნდათ, აფრიკა კალენდრის დაგრძელებაზე ყაბულსაა, ოღონდაც სტარტი იანვარში სურს, რათა ზე 15-მა ივლისში დასაწყები "ქარრის თასი" არ გადაფაროს. იაპთა მტკიცებით, ეს შეჯიბრია მათი რაგბის მაცოცხლებელი, რაზეც ონილი პასუხობს, "ნიუზ კორპი" ამოტოლა ფულს ზე რაგბში გვიხდის, "ქარრი" პაკეტის უბრალო დანამატია, ხოლო თუ ახალი გუნდის დამატება გსურთ, თქვენს კონფერენციაში სამი ზეგნელიდან უსუსტესის (წლეულს ეგ ჩიტაზია) ნაცვლად ჩასვითო.

გასვლას გამორიცხავენ

ზელანდია მეზობელ ავსტრალიას ემხრობა, რადგან ვარსკვლავები მდიდარ ევროპაში გაურბის, მაგრამ მაინც კომპრომისის მომხრეა. აფრიკული რაგბის შეფი, ენდი მერინოსი ბრძანებს, ჩვენს საზიანოდ საკუთარ ნება-სურვილს თავს ვეღარავინ მოგვახვევს და სანზარის ფარგალში სასიცოცხლო ინტერესებს ბოლომდე დავიცავთო, ზელანდიური რაგბის მოხელე, სთივ თიუ კი მუშაობს სათადარიგო ვარიანტზე:

მის თანახმად ავსტრალია, ზელანდია, კუნძულები და იაპონია შექმნიან ზე 12-ს, მისი ოთხი გამარჯვებული კი სეზონის ფინიშზეღა გაეჯიბრება აფრიკის ოთხ ჯილას. იაპები ამ ფორმატზეც უარს არიან და საზიარო კალენდარს ითხოვენ, ოღონდაც ტურნირი დროულად რომ მორჩეს, მაგისთვის თურმე ყველა ყველას აღარ უნდა ეთამაშოს.

ეს, თავის მხრივ, მიუღებელია კივებისა და ოზებისთვის, ხოლო მედიის ფანტაზიას საზღვარი რომ არა აქვს, პერიოდულად ჩნდება ჭორი, აფრიკა სანზარიდან სულ გავა და არგენტინას, შტატებს, ირლანდიასა და შოტლანდიას დაუმოყვრდებაო. ბურებიცა და ზანგებიც ამის შესაძლებლობას ერთხმად გამორიცხავენ, ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, რომ წლის ბოლოს დაველოდოთ და ვნახოთ, თუ სამომავლოდ რა ფორმატს აირჩევს ზე-რაგბი.

<<< >>>