ძალა ვეღარ ეყოთ

   კაცმა ბორჯღალოსნებმა გამარჯვებებით ისე გაგვანებივრეს, რომ ჯეელებისგანაც სულ ჩემპიონობას ვითხოვთ და ზოგჯერ გვავიწყდება, რომ არც მეტოქენი თვლემენ.

ამ შაბათს, მადრიდის უნივერსიტეტში დასრულებულ ევროპის ახალგაზრდულ (21 წლამდე) პირველობაზე, გადამწყვეტი მატჩი წავაგეთ რუმინეთთან, ვინც შარშან, სოპოტშიც მოგვიგო 19 წლამდელთა ევრო ალაფის ფინალი და ახლახანს, კენიაში გამართულ 8-გუნდა მსოფლიო ალაფაზე პირველობით, 2010 წლის 20 წლამდელთა მსოფლიო პირველობაზე გავიდა.

მადრიდში რომ არ ასპარეზობდნენ "ექვსი ერის" წევრი ბობოლები, ფავორიტებად "ერთა თასის" ქვეყნები იქცნენ. ჩვენმა ბიჭებმა ტრადიციულად ძლიეს რუსეთი და ამ ამოცანის ფრიადზე შესრულებას ალბათ იმდენი ჯანი შეალიეს, რომ ფინალის მეორე ტაიმში, რუმინეთთან საომრად, ძალა ვეღარ ეყოთ. არადა, პირველი ნახევარი 17:0 მოვიგეთ და ჩემპიონი რომ მაინც სტეჟარი გახდა, ევროპელი მოშურნენი ბევრგან წამოგვაძახებენ, ეს რა შეგემთხვათო.

ჩვენს დროში ოპერატიული ინფორმაციის მთავარი წყარო ინტერნეთია. "სიტყვიერი ცოცხალი" მადრიდის ტურნირიდანაც გადმოიცემოდა, მაგრამ თხრობა მომხდარს ძაან ჩამორჩებოდა დროში და მეტწილად არაფრის მთქმელი იყო. ამას დაერთო ესპანელი ვებ-ოსტატის დაუდევრობა, რის გამოც ოქმს კუდი მოკვეცილი აქვს შუა ფრაზაზე და ამდენად, ბევრი არსებითი დეტალი ვერ დგინდება.

და მაინც, ვიცით, რომ მსაჯობდა გაუგებარი წარმომავლობის სალემ ათალა; რომ პირველი ლელო მოლით შევიტანეთ, მეორეზე კი გოდერძი ჯოგლიძემ ფეხით თავზე გადაუგდო ბურთი იმათ ფრთას და დაუმიწა. მანვე შეაგდო ორ-ორი გარდასახვა და ჯარიმა, მაგრამ პირველი ტაიმის ბოლოს და მეორეშიც თითო კაცი რომ გაგვისინბინეს, მეტოქის მარცხენა გარემარბმა, ჯორჯელ კაცუნამ (კატუნამ? ინტერნეთულ რუმინულში ც/ტ და შ/ს გარჩევა პრობლემაა) ზედიზედ სამჯერ დაგვალელოვა, ბოლოს კი სტეჟარმა ჩვენს მიძალებას გაუძლო.

>>>    საქართველო 20:27 რუმინეთი

2ლ 2გ 2ჯ / 2 სბ - 4ლ 2გ ჯ

7:0(6) 10:0(10) 17:0(18) სბ(34ს) / 17:5(45) 20:5(50) სბ(?ს) 20:10/12 20:17(60) 20:20 27:20(70)

<<    სხვა ფინალები

3/4 პორტუგალია 23:13 რუსეთი
5/6 ესპანეთი 20:12 გერმანია
7/8 უკრაინა 40:0 შვედეთი

<<    ახალგაზრდა ბორჯღალოსნები

ბეკები: 15 გოდერძი ჯოგლიძე (ლელო); 14/11 ალექსანდრე ტუჩაშვილი (ლოკომოტივი) გიორგი კალმახელიძე (ყოჩები) რატი ხუციშვილი (უნივერსიტეტი) სანდრო ინაშვილი (ყოჩ); 13/12 გიგა კორკელია (ლელო) რატი ნუცუბიძე (უნი) დავით გრძელიშვილი (ყოჩ) გიორგი ლომინაძე (ლელო); 10 ლაშა ხმალაძე (ლელო) გიგი გაბუნია (ყოჩ); 9 გიორგი როხვაძე (აია) შალვა მახარაშვილი (ყოჩ)

ფორვარდები: 1/2/3 ირაკლი მირცხულავა (ლელო) შალვა მამუკაშვილი (ყოჩ) ვასილ კაკოვინი (უნი) ლადო გუნიავა (უნი) გიორგი ჯაშიტაშვილი (ხულიგანა) გიორგი ტორაძე (საფრანგეთი); 4/5 ლექსო იორდანიშვილი (ლელო) ილია სურგულაძე (უნი) ბექა ნიკოლაიშვილი (ყოჩ); 6/7/8 დავით ჩიჩუა (ყოჩ) არჩილ კობაური (საფრანგეთი) ვიქტორ კოლელიშვილი (ლელო) ჯაბა კიკვიძე (ინგლისი)

მწურთნელები: ნიკო ჭავჭავაძე, სპირიდონ ლიპარტელიანი (ყოჩ); მენეჯერი ოთარ იაშვილი; დელეგაციის ხელმძღვანელი გია გორგასლიძე

<<< >>>