ოთხი მსურველი

   პარასკევს ამოიწურა რაგბის საერთაშორისო საბჭოში (ირბ) განაცხადის წარდგენის ვადა და გაირკვა, რომ 2015 და 2019 წლების მსოფლიო თასთა მასპინძლობა ოთხ ქვეყანას - ინგლისს, იტალიას, იაპონიასა და სამხრეთ აფრიკას სურს.

ირბ უძველესი, 1886 წელს დაფუძნებული ორგანოა, მაგრამ სრული საუკუნე რომ კონსერვატორობდა, მსოფლიო თასს 1987 წლიდანღა მართავს. "ვებ ელის ტროფი" მეექვსედ 2007 წელს, საფრანგეთში გათამაშდა, შემდეგი მასპინძელი კი, 2011 წლისა, ახალი ზელანდიაა.

ირბ სხვა ფედერაციებზე უცნაური და მსუნაგი რომაა, ორ (!) თასზე ერთბაშად გამოაცხადა ტენდერი და ბედ თავიდან 100 და 120 მილიონი გირვანქა მოითხოვა, მაგრამ მერე, ფინანსური კრიზისის გათვალისწინებით, თანხა 80 და 96 მილიონამდე დაიყვანა.

მავანთ, კერძოდ კი ავსტრალიას, საწინდარი ებევრა და რაღაი ათი (!) წლით ადრე გარისკვაც უაზრობად მოეჩვენა, განაცხადი აღარ შეიტანა, ირლანდიამ და შოტლანდიამ კი ერთიანი, ბრიტანული თასის სიკეთეში ვერ დაარწმუნეს ინგლისი და უელსი და განზე გადგნენ.

სპორტული ათწლეული

ოთხი მსურველიდან სამს ორიდან ნებისმიერი გათამაშების მასპინძლობა სურს, ინგლისი კი მხოლოდ 2015 წელს უმიზნებს. მაქამდე სამი წლით ადრე ლონდონში ოლიმპიადა იმართება, 2018 წლისთვის კი ფეხბურთის სამშობლო თურმე ფიფასაც შესთავზებს სამსახურს და თუ ორივე ბურთაობის განხრით იმარჯვა, ფანობას ნაღდ "სპორტულ ათწლეულს" მოუწყობს.

2011 წლის თასი სამხრეთ ნახევარსფეროში რომ იმართება, მონაცველობის დაუწერელი პრინციპის გამო, 2015 წლისთვის ფავორიტები ჩრდილოელები არიან.

იაპონია, წინა ტენდერის მსგავსად, ახლაც აზიური თასის გამართვის იდეას აყენებს და თამაშებს სინგაპურსა და ჰონკონგს გაუზიარებს, რაგბზე გადარეული აფრიკა კი ფეხბურთის საგაისო მსოფლიო პირველობისთვის კეთილმოწყობილ სტადიონებს დაასაქმებს.

ირბ-ის დუბლინის ოფისში ოთხივე კანდიდატმა ოთხშაბათს გამართა 30-წუთა პრეზენტაცია, ორი რჩეული კი, მრავალ წახნაგოვანი ანალიზისა და შეფასების შემდეგ, 28 ივლისსღა გამოცხადდება.

<<< >>>