წესად მიიღეს ათი

   13 მაისს დუბლინში შეკრებილმა ირბ-ის აღმასკომმა ერთხმად დაამტკიცა ის ათი სიახლე, რომლებიც "წესების რეფორმის ჯგუფმა" შეიმუშავა, მერე მთელ მსოფლიოში ცხრა თვის განმავლობაში გამოიცადა და ბოლოს ირბ-ისვე "რაგბის კომიტეტმა" მოიწონა.

 საცდელი წესების შესახებ   +   მოლი ჩვენი არსობისა

მთელი რაგბეთისთვის სავალდებულო წესთა დადგენა 1886 წელს შექმნილი ირბ-ის უძველესი ფუნქციაა. ბოლო ხუთწლედამდე სიახლეთა მიღება კაბინეტში, ფაქტობრივად გაუსინჯავად ხდებოდა, ბოლოს წინა, 2003 წლის მსოფლიო თასის აქეთ კი საბჭომ საქმე სამეცნიერო ლიანდაგზე გადაიყვანა და ექსპერიმენტს დიდძალი თანხა დაახარჯა.

შედეგად მივიღეთ იდეათა ვრცელი პაკეტი, რომლის გამოცდაც ნოვატორმა სამხრეთმა ნახევარსფერომ ჩრდილოეთზე ადრე, ხალისით დაიწყო და თამაშის გადაწყობით მარად კონკურენტს მეტად გაუსწრო. უმალ ამოქმედდნენ კონსერვატორი ბრიტები და სამხრეთელთა მიერ ატაცებული "თეფი" (უმეტეს დარღვევაზე დასანიშნი თავისუფალი) ხელაღებით, გამოუცდელად დაიწუნეს.

ამით რაგბეთი ორად გაიყო და რაკი ირბ-ში ჩრდილოეთს მეტი გავლენა აქვს, "ზომიერმა აწმყომ" აჯობა "თამამ მერმისს". სამხრეთი მეორე ზე 14-ს ასრულებს თეფით და შარშანდელი "სამი ერიც" მისი გამოყენებით ჩაატარა, ამიერიდან კი საკუთარი ამბიციები უნდა მოთოკოს და დინჯად მავალ დანარჩენ სამყაროს ძალად აუწყოს ფეხი.

მეცნიერთა გარდა

ბოლო თვე-ნახევარში ირბ-ის ფრანგმა შეფმა ბერნარ ლაპასემ ყველა თავ-ყრილობაზე ბრძანა, რაგბეთი (თეფით) გახლეჩილი თამაშის გამთლიანებას ითხოვსო. აღმასკომის გადაწყვეტილებით, მიმდინარე ტურნირები საცდელ წესთა იმ სხვადასხვა კრებულებით ჩამთავრდება, რომლებითაც დაიწყო, ხოლო თუ შეჯიბრი 23 მაისს ან მერე უნდა გაჩაღდეს, მასში წესად მიღებული ათი სიახლეღა იმოქმედებს.

სამხრეთული თეფი არ ყოფილა მთელ მსოფლიოში გამოსაცდელად შარშან შერჩეულ ცამეტ სიახლეში, რის გამოც ვეღარც ამ ათში მოხვდა. როგორც მოსალოდნელი იყო, სრულ-უფლებიანი წესის სტატუსი მიენიჭა შერკინებაში თამაშგარეს ხაზის ხუთი მეტრით უკან დაწევას, კიდიდან სწრაფად შემოგდებისას ბურთის უკან მიწოდების დაშვებას და 22-ის გარედან შიგნით ნაპასევი ბურთის აუტში პირდაპირ დარტყმის შეზღუდვას.

გაფართოვდა თანა-მსაჯის უფლება-მოსილების სფერო და აღარც კუთხის ალმის შეხებაა აუტი, დაწუნებული სიახლე კი სულ ორია: ამიერიდან მეტოქემ ისევ უნდა ითვალოს, რათა დერეფანში ბურთის მომწოდებელ გუნდზე მეტი მოთამაშე უნებურად არ გაამწკრივოს, და რაც მთავარია, ბურთიანის წაქცევით მოლის ჩაქცევაც ძველებურად ჯარიმაა. არადა, ამ ბოლო წესის შეცვლა რომ ვერ ივარგებდა, ირბ-ელ მეცნიერთა გარდა, ალბათ ყველასთვის თავიდანვე ცხადი იყო.

 წესები 2006

 13 სიახლე 2008

>>    წესად მიღებული ათი სიახლე

(1)    წესი 6, გვ 22 27 30

თანა-მსაჯი (ყოფილი "კიდის მსაჯი") რეფს ანიშნებს ნებისმიერ დარღვევას

(2)    წესი 19.1, გვ 85-86

თუ ბურთს შენს 22-ში ნებისმიერი ხერხით შეიტან და აუტში პირდაპირ (მიწაზე დაუცემლად) დაარტყამ, მოედანს ვეღარ მოიგებ

(3)    წესი 19.2, გვ 87-88

კიდიდან სწრაფად შემოგდებისას შეგიძლია ბურთი მიაწოდო უკანაც (და არა მხოლოდ მართობულად)

(4-5)    წესი 19.7, გვ 91

მიმღები (9 ნომერი) და ამგდების მეტოქე (5-მეტრა ზოლში) დერეფნიდან ორ მეტრზე უნდა დადგნენ

(6-7)    წესი 19.9, გვ 94

დერეფანში ნებადართულია ახტომამდე ხელის ჩავლება და მხტომელის აწევა (მსაჯები ამეებზე ისედაც თვალს ხუჭავდდნენ)

(8-9)    წესი 20.12, გვ 117

შერკინებაში ჩაუბმელთათვის და მწყობრს მოშორებული 9 ნომრისთვის თამაშგარეს ხაზი ბოლო ფეხიდან ხუთი მეტრით უკან გადის

(10)    წესი 22.12, გვ 131

კუთხის ალმის შეხება აუტი აღარაა, მაგრამ სარის ძირში დამიწება მაინც "ლელოს კიდეზე გადასვლაა"

<<< >>>