ყველაფერზე მორიგდნენ

   სამხრეთული "სანზარ" ალიანსი არ დაშლილა! წინაში გამოინახა და ამ კვირაში გაჟღერდა კომპრომისი, რომლის თანახმადაც 2011 წლიდან გაიმართება უფრო გრძელი და მუღამიანი ზე 15, სანაკრებო "სამი ერი" კი ყოველთვის აფრიკაში დაიწყება და ზღვისრეთში, ზელანდია - ავსტრალიის საცილო "ბლედისლოუს თასის" წყვილი რკენით დაგვირგვინდება.

 16-04 ^ ზე 15, ოღონდ როგორი?

სანზარი 1995 წლის მსოფლიო თასის დროს დაფუძნდა და ირბ-ს სამოყვარულო რაგბის გაპროფესიულება აიძულა. რუპერტ მერდოქის "ნიუზ კორპთან" პირველი გარიგებით ათი წელი (1996-2005) იმართა ზე 12 და კლასიკური "სამი ერი", მეორე კონტრაქტი (2006-10) კი, რომელიც ზე 14-სა და 3-წრიან "სამ ერს" მოიცავს, გაისად იწურება, რის გამოც ალიანსმა ტელე-მარჩენალს ივნისის ბოლომდე უნდა წარუდგინოს ახალი პროექტი.

მის გამო სანზარის სამივე წევრი თავიდანვე თანახმა იყო, რომ დასს ერთი გუნდი დამატებოდა და პლეი-ოფიც 6-გუნდა გამხდარიყო, მაგრამ დავა გაჩაღდა ახალი, მე-15 მონაწილის სადაურობაზე და სეზონის ვადებზე. აფრიკას შეჯიბრის ადრე დაწყება სურდა, რათა ნაკრების წევრებს შინაური "ქარრის თასის" ბოლოსთვის მაინც მიესწროთ, ხოლო ამქარში მისაღებად ზანგური რაგბის ადგილის დედის, პორტ ელიზაბეთის "საზერნ კინგზი" ესახებოდა.

ავსტრალიას მე-15 ვაკანსია თავისად მიაჩნდა, რაღაი ალიანსის შექმნიდან წილ-ნაკლული იყო და თანასწორობას ესწრაფვოდა, ხოლო ტურნირის დაწყება გვიან აწყობდა, რადგან ფანის გონების ბურთაობაზე გადასართველად ჯერ ტაფელაობა, ანუ კრიკეტი უნდა დასრულდეს, ზე-სეზონის გაწელვით კი შინაური პირველობის ვერ-მქონე ოზური რაგბი კრიჭაში ჩაუდგებოდა კონკურენტებს, 18-კაცა რულზს, 13-კაცა ლიგასა და 11-კაცა სოკერს (ევრო ფეხბურთი)

სამივედან მინიმუმ თითო

ზელანდია მოდავეთა მორიგებას ცდილობდა, მაგრამ აფრიკა რომ გაჯიუტდა, კივებმა და ოზებმა დასახეს სანაცვლო, სამეზობლო ზე 10-ის გეგმა და მარაქაში ვითომ იაპონიასაც დაუპირეს გარევა. ამაზე აფრიკამ ნაცადი ჭორი ააგორა, სანზარიდან სულ გავალ და ევროპაში შევუამხანაგდები კელტებსო, მაგრამ ახლა გაირკვა, რომ მხარეები ერთურთს თვალს უბრმავებდნენ, და როცა გაიაზრეს ალიანსის დაშლით მოსალოდნელი ზიანი, დუბლინში, ირბ-ის სხდომის დროს გამართულ თათბირზე, საერთო ენა სამერმისოდაც გამონახეს.

ზე 15-ის დასი, ჩრდილო ამერიკული მოდელით, სამ, 5-გუნდა, ეროვნულ კონფერენციად დაიყოფა. წრიული სტადია 18 კვირას გასტანს. მასზე ყოველი გუნდი 16 მატჩს (რვას შინ და რვას გარეთ) გამართავს. გუნდი ორ-ორჯერ ერაგბება ოთხივე თვისტომს, ანუ თანა-კონფერენციელს, უცხო კონფერენციათა ხუთ-ხუთი წევრიდან კი ეთამაშება მხოლოდ ოთხ-ოთხს, რითაც კიდევ რვა თამაში გამოუვა.

ცხრილი ერთიანი, 15-გუნდა იქნება, ოღონდ მასში სამ მოწინავე ადგილს კონფერენციათა ლიდერები დაიკავებენ, რაც იმის გარანტიაა, რომ პლეი-ოფში სამივე ქვეყნიდან გავა მინიმუმ თითო გუნდი და თანაც შინ ითამაშებს. 3-კვირიანი პლეი-ოფის საწყის რაუნდში იუქმებს ორი მოწინავე, მომდევნო ოთხი კი შეწყვილდება (3-6, 4-5) და ნახევარფინალში გასვლისთვის იბრძოლებს.

როგორ გაუძლებენ?

ზე 15 პირველად 2011, მსოფლიოს თასის წელს რომ უნდა გაიმართოს, მაგიტომ ადრე, შუა თებერვალში დაიწყება და შეუსვენებლივ გასტანს ივლისის დამდეგამდე, რასაც უმალ მოყვება მოკვეცილი, ორ-წრიანი "სამი ერი". შემდეგ, 2012 წელს, ტურნირი თებერვლის ბოლოს გაჩაღდება; 24 კვირად გაიწელება, რადგან 13 რაუნდის შემდეგ, ივნისის ტესტებში ევროპელთა სამასპინძლოდ, სამი კვირით უნდა შეწყდეს; და აგვისტოს დამდეგს დასრულდება.

მე-15 გუნდის ადგილ-სამყოფელი ტენდერით გამოვლინდება და გამარჯვებულს სანზარის საბჭო გამოაცხადებს, მაგრამ რაღაი რჩეულმა აპრიორი ავსტრალიის კონფერენციაში უნდა ირაგბოს, ამად 4-მილიონიანი მელბურნის წარმატების შანსი ბევრად ჭარბობს პორტ ელიზაბეთისას. ოზებს ახსოვთ, რომ ამქარში პერთის მიღებით მათი სხვა გუნდები დასუსტდნენ. ჰოდა, გადაბირება რომ აღკვეთონ, კადრებს თურმე მიიზიდავენ მულღაზანზრიდან, 13-კაციდან და ევროპაში წასულ თავისიანებსაც დაიბრუნებენ.

ზე 15-ის მუღამი ისიცაა, რომ ფანთა საყვარელი დარბები იმატებს. ტურნირის რეფორმაც სხვებზე მეტად ოზებს აწყობთ, რადგან სანაკრებო მასალა ხომ მოემატებათ და სარფის წილიც ოთხი პროცენტით ეზრდებათ 33-მდე. რაც შეეხება სანაკრებო ფანჯარას, გაგანია ივნისში შეჯიბრის სამი კვირით შეწყვეტა ცოტა უადგილოდ ჩანს, "სამ ერს" კი ნოემბერში, ევროპაში ტურნეზე ჩასვლა რომ უნდა მოყვეს, ვარსკვლავებს სეზონში 30 მატჩზე მეტი მოუგროვდებათ და გაუგებარია, როგორ აიტანენ ამოტოლა დატვირთვას.

<<< >>>